წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) იანვარი 2014

სამეფოს მმართველობის 100 წელირას ნიშნავს ეს თქვენთვის?

სამეფოს მმართველობის 100 წელირას ნიშნავს ეს თქვენთვის?

„დიდი და საოცარია შენი საქმენი, იეჰოვა ღმერთო . . . მარადიულობის მეფეო“ (გამოცხ. 15:3).

1, 2. რას გააკეთებს ღვთის სამეფო და რა გვარწმუნებს იმაში, რომ აუცილებლად მოვა სამეფო?

იდგა ახ. წ. 31 წლის გაზაფხული. იესო და მისი მიმდევრები კაპერნაუმის მახლობლად მთაზე შეკრებილიყვნენ. იესო ასწავლიდა მათ, როგორ ელოცათ: „მოვიდეს შენი სამეფო“ (მათ. 6:10). დღეს ბევრს ეჭვი ეპარება იმაში, რომ ღვთის სამეფო მოვა ოდესმე. თუმცა ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ ჩვენს გულწრფელ ლოცვას აუცილებლად გაეცემა პასუხი.

2 სამეფოს მეოხებით იეჰოვა გააერთიანებს თავის ოჯახს ზეცაში და დედამიწაზე. ამ ღვთიური განზრახვის შესრულება გარდაუვალია (ეს. 55:10, 11). რეალურად, იეჰოვა უკვე მეფობს ჩვენს დღეებში! ბოლო 100 წლის განმავლობაში მომხდარი არაერთი გასაოცარი მოვლენაა ამის ნათელი დადასტურება. ღმერთი დიდებულ და არაჩვეულებრივ საქმეებს აკეთებს მილიონობით ერთგული ქვეშევრდომისთვის (ზაქ. 14:9; გამოცხ. 15:3). თუმცა იეჰოვას მეფობა და ღვთის სამეფოს მოსვლა ერთი და იგივე ცნება არ არის. მაშ, იბადება კითხვა: რა განსხვავებაა იეჰოვას მეფობასა და ღვთის სამეფოს მოსვლას შორის? რა გავლენას ახდენს ეს ორი მოვლენა ჩვენზე?

იეჰოვას გამეფებული მეფე მოქმედებას იწყებს

3. ა) სად და როდის გამეფდა იესო? ბ) როგორ დაამტკიცებთ იმას, რომ ღვთის სამეფო 1914 წელს დამყარდა? (იხილეთ სქოლიო)

3 მე-19 საუკუნის ბოლოდან ნელ-ნელა ნათელი ეფინებოდა დაახლოებით 2 500 წლის წინ წარმოთქმულ დანიელის წინასწარმეტყველებას: „იმ მეფეების დროს ზეციერი ღმერთი დაამყარებს სამეფოს, რომელიც არასოდეს დაიქცევა“ (დან. 2:44). ბიბლიის მკვლევრები  ათწლეულების განმავლობაში აცხადებდნენ, რომ 1914 წელი მნიშვნელოვანი წელი იქნებოდა. იმ დროს საზოგადოება ოპტიმიზმით იყო განმსჭვალული. ერთმა მწერალმა ასეთი რამ დაწერა: „1914 წელს მსოფლიო სავსე იყო იმედებითა და დაპირებებით“. თუმცა იმავე 1914  წლის ბოლოსთვის პირველმა მსოფლიო ომმა იფეთქა, რითაც შესრულდა ბიბლიური წინასწარმეტყველება. შიმშილმა, მიწისძვრებმა, ეპიდემიებმა და სხვა ბიბლიური წინასწარმეტყველებების შესრულებამ ცხადი გახადა, რომ ქრისტემ, ღვთის სამეფოს მეფემ, 1914 წელს დაიწყო ზეცაში მმართველობა. * იეჰოვამ თავისი ძე გაამეფა როგორც ცხებული მეფე, რითაც თავად იეჰოვა ახლებურად გამეფდა.

4. რა გააკეთა დაუყოვნებლივ ახალგამეფებულმა იესომ და შემდეგ ვისზე გადაიტანა ყურადღება?

4 პირველი, რაც ღვთის ახალგამეფებულმა მეფემ გააკეთა, ის იყო, რომ ომი გამოუცხადა მამის მთავარ მოწინააღმდეგეს, სატანას. იესომ და მისმა ანგელოზებმა ეშმაკი და მისი დემონები ზეციდან განდევნეს. ამას ზეცაში უდიდესი სიხარული მოჰყვა, ხოლო დედამიწაზე გაუგონარი და ჯერ არნახული ჭირი და ტანჯვა (წაიკითხეთ გამოცხადების 12:7—9, 12). შემდეგ მეფემ ყურადღება თავისი მიწიერი ქვეშევრდომების განწმენდაზე, სწავლებასა და ორგანიზებაზე გადაიტანა, რათა მათ შეესრულებინათ ღვთის ნება. მოდი, ქვემოთ ვიმსჯელოთ, თუ როგორ დადებითად გამოეხმაურნენ ისინი მეფის ხელმძღვანელობას და ვნახოთ, რა მხრივ არიან ეს ადამიანები ჩვენთვის სამაგალითონი.

ცხებული მეფე წმენდს ერთგულ ქვეშევრდომებს

5. რა განწმენდა მოხდა 1914 წლიდან მოყოლებული 1919 წლის დასაწყისამდე?

5 მას შემდეგ, რაც გამეფებულმა იესომ ზეცა სატანისა და მისი დემონებისგან გაათავისუფლა, იეჰოვამ მას დაავალა, შეემოწმებინა დედამიწაზე თავის მიმდევართა სულიერი მდგომარეობა და განეწმინდა ისინი. წინასწარმეტყველმა მალაქიამ ამ მოვლენას სულიერი განწმენდა უწოდა (მალ. 3:1—3). ისტორიამ აჩვენა, რომ განწმენდის პროცესი 1914 წელს დაიწყო და 1919 წლის დასაწყისამდე გასტანა. * აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თუ იეჰოვას დიდი ოჯახის წევრობა გვსურს, უნდა ვიყოთ სუფთები ანუ წმინდები (1 პეტ. 1:15, 16). ჩვენ ყოველთვის შორს უნდა გვეჭიროს თავი პოლიტიკისა და ცრუ რელიგიისგან.

6. როგორ ვიღებთ სულიერ საზრდოს და რატომ არის ეს საზრდო ჩვენთვის მნიშვნელოვანი?

6 იესომ თავისი მეფური ძალაუფლება გამოიყენა და დანიშნა ერთგული და გონიერი მონა. ამ მონას რეგულარულად უნდა მიეწოდებინა სულიერი საზრდო მათთვის, ვინც გაერთიანებულნი არიან „ერთ სამწყსოში“ და რომლებზეც იესო ზრუნავს (მათ. 24:45—47; იოან. 10:16). 1919 წლიდან მოყოლებული ცხებული ძმებისგან შემდგარი პატარა ჯგუფი ერთგულად ართმევს თავს ამ უდიდეს და უმნიშვნელოვანეს პასუხისმგებლობას და კვებავს „შინაურებს“. მათი მეშვეობით უხვად ვიღებთ სულიერ საზრდოს, რაც სულიერად გვზრდის. ამის წყალობით ჩვენ სულიერად, ზნეობრივად, გონებრივად და ფიზიკურად სუფთები ვრჩებით. გარდა ამისა, უდიდეს ცოდნასაც ვიღებთ და ვემზადებით საიმისოდ, რომ ჩავებათ დედამიწაზე ყველაზე მნიშვნელოვან საქმეში. სარგებლობთ სრულად იმ ყველაფრით, რითაც გონიერი მონა გვამარაგებს?

მეფე ქვეშევრდომებს ქადაგებას ასწავლის

7. რა მნიშვნელოვანი საქმე წამოიწყო იესომ დედამიწაზე ყოფნის დროს და როდემდე უნდა გაგრძელებულიყო ეს საქმე?

7 როდესაც იესომ დედამიწაზე მსახურება დაიწყო, თქვა: „სხვა ქალაქებსაც უნდა ვაუწყო სასიხარულო ცნობა ღვთის სამეფოს შესახებ, რადგან ამისთვის ვარ გამოგზავნილი“ (ლუკ. 4:43). სამწელიწად-ნახევრის განმავლობაში ამ საქმეს მის ცხოვრებაში უმთავრესი ადგილი ეჭირა. იესომ მითითება მისცა თავის მოწაფეებს: «იარეთ და იქადაგეთ: „მოახლოვდა  ზეციერი სამეფო“» (მათ. 10:7). მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ქრისტემ იწინასწარმეტყველა, რომ მისი მიმდევრები სასიხარულო ცნობას „დედამიწის კიდით კიდემდე“ გაავრცელებდნენ (საქ. 1:8). ის დაჰპირდა თავის მიმდევრებს, რომ ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქმის შესრულებისას ამ ქვეყნიერების აღსასრულამდე მათ გვერდით იქნებოდა (მათ. 28:19, 20).

8. როგორ აღძრა მეფემ თავისი მიწიერი ქვეშევრდომები მოქმედებისკენ?

8 ფრაზას, „მოახლოვდა ზეციერი სამეფო“, 1919 წლისთვის სხვა მნიშვნელობაც ჰქონდა (მათ. 24:14). იესო მეფე იყო ზეცაში და მას უკვე მიწიერი ქვეშევრდომების პატარა ჯგუფი განწმენდილი ჰყავდა. ეს ადამიანები მზადყოფნითა და სიხარულით გამოეხმაურნენ იესოს მითითებას, რომ მთელი დედამიწის ზურგზე ექადაგათ სასიხარულო ცნობა ღვთის დამყარებული სამეფოს შესახებ (საქ. 10:42). 1922 წლის სექტემბერში სიდარ პოინტში (ოჰაიო, აშშ) გამართულ საერთაშორისო კონგრესს დაესწრო სამეფოს დაახლოებით 20 000  მხარდამჭერი. უბრალოდ დაფიქრდით, რამხელა სიხარული დაეუფლებოდა მათ, როცა ძმა რუტერფორდმა წარმოთქვა მოხსენება სახელწოდებით „მოახლოვდა ზეციერი სამეფო“. მან მოხსენებაში ასეთი რამ თქვა: „მეფე მეფობს! თქვენა ხართ მისი ცნობის საჯაროდ განმცხადებლები. ამიტომ აუწყეთ, აუწყეთ, აუწყეთ მეფისა და მისი სამეფოს შესახებ!“. ამ მოწოდებას 2 000 დამსწრე გამოეხმაურა. მათ მონაწილეობა მიიღეს კარდაკარ ქადაგებაში სპეციალურად დადგენილ „მსახურების დღეს“. მათი სამქადაგებლო ტერიტორია კონგრესის ადგილიდან 72 კილომეტრში მდებარეობდა. ერთ-ერთმა აღფრთოვანებულმა დელეგატმა განცდილი სიხარული შემდეგი სიტყვებით გამოხატა: «მუდამ მემახსოვრება ეს მოწოდება და არასოდეს დამავიწყდება ის აღტყინება, რაც კონგრესზე შეკრებილებს ჰქონდათ“». ასე ფიქრობდნენ სხვებიც.

9, 10. ა) რა ღონისძიებები გატარდა სამეფოს მაუწყებლების მოსამზადებლად? ბ) პირადად თქვენ რაში გეხმარებათ ამგვარი მომზადება?

9 მსოფლიოს 58 ქვეყანაში 17 000-ზე მეტი სამეფოს მაუწყებელი 1922 წლისთვის აქტიურად ქადაგებდა. თუმცა მათ ამ საქმის შესასრულებლად მომზადება სჭირდებოდათ. პირველ საუკუნეში მეფედ ცხებულმა იესომ თავის მოწაფეებს კონკრეტული მითითებები მისცა იმასთან დაკავშირებით, თუ სად, როდის და რის შესახებ უნდა ექადაგათ (მათ. 10:5—7; ლუკ. 9:1—6; 10:1—11). დღესაც ქრისტე თვალყურს ადევნებს და ზრუნავს იმაზე, რომ სამეფოს მაუწყებლებს ეძლეოდეთ მითითებები და ჰქონდეთ ყველა აუცილებელი საშუალება, რათა წარმატებით იქადაგონ (2 ტიმ. 3:17). იესო ქრისტიანულ კრებას იყენებს იმისათვის, რომ თავისი ქვეშევრდომები ქადაგებისთვის მოამზადოს. ერთ-ერთი, რითაც იესო ამზადებს მათ, არის თეოკრატიული მსახურების სკოლა, რომელიც მთელ მსოფლიოში 111 000-ზე მეტ კრებაში ტარდება. ეს სკოლა ისე ამზადებს და ასწავლის 7 მილიონზე მეტ მქადაგებელს, რომ მათი ქადაგება ყველასთვის საინტერესო იყოს (წაიკითხეთ 1 კორინთელების 9:20—23).

10 თეოკრატიული მსახურების სკოლის  გარდა, ჩამოყალიბდა სხვა ბიბლიური სკოლებიც, რომლებიც ამზადებენ უხუცესებს, პიონერებს, დაუქორწინებელ ძმებს, ქრისტიან წყვილებს, ფილიალის კომიტეტის წევრებს და მათ მეუღლეებს, მიმომსვლელ ზედამხედველებსა და მათ მეუღლეებს და მისიონერებს. * სტუდენტებმა, რომლებმაც გაიარეს ბიბლიური სკოლა ქრისტიანი წყვილებისთვის, თავიანთი მადლიერება შემდეგი სიტყვებით გამოხატეს: „ამ სკოლაში მიღებულმა ცოდნამ იეჰოვა უფრო შეგვაყვარა და სხვების დასახმარებლად უფრო მეტად მოგვამზადა“.

11. როგორ ახერხებენ სამეფოს მაუწყებლები წინააღმდეგობების მიუხედავად ქადაგებას?

11 ჩვენმა მტერმა, სატანამ ძალიან კარგად იცის, თუ რამხელა ძალისხმევას ახმარენ ღვთის მსახურები ქადაგებისა და სწავლების საქმეს. პირდაპირი თუ შემოვლითი გზით ის თავს ესხმის სამეფოს ცნობას და მის მქადაგებლებს, ოღონდ როგორმე შეაჩეროს ეს საქმე. მაგრამ მტერი აშკარად წარუმატებელია! იეჰოვამ თავისი ძე დასვა „ყველა მთავრობაზე, ხელისუფლებაზე, ძალაზე, ბატონობაზე“ მაღლა (ეფეს. 1:20—22). იესო მეფურ ძალაუფლებას იყენებს საიმისოდ, რომ დაიცვას თავისი მოწაფეები და უხელმძღვანელოს მათ, რათა შესრულდეს თავისი მამის ნება. * სასიხარულო ცნობის ქადაგება დღესაც გრძელდება და მილიონობით ალალ-მართალი ადამიანი სწავლობს იეჰოვას გზებს. ჩვენთვის უდიდესი პატივია, რომ ამ გრანდიოზულ საქმეში შეგვაქვს ჩვენი პატარა წვლილი!

მეფე ორგანიზებას უწევს თავის ქვეშევრდომებს უფრო დიდი საქმის საკეთებლად

12. მოიხსენიეთ ზოგიერთი ორგანიზაციული ცვლილება, რომელიც სამეფოს დამყარების შემდეგ განხორციელდა.

12 მეფემ განწმინდა ღვთის მსახურები 1914 წელს სამეფოს დამყარების შემდეგ, რათა მათ უფრო ორგანიზებულად შეესრულებინათ თავიანთი მამის ნება (წაიკითხეთ ესაიას 60:17). 1919 წელს კრებებში დაინიშნენ სამსახურებრივი ხელმძღვანელები, რათა მათ ზედამხედველობა გაეწიათ სამქადაგებლო საქმისთვის. 1927 წელს ორგანიზება გაეწია კვირაობით კარდაკარ ქადაგებას. სამეფოს მხარდამჭერებს უფრო მეტის კეთების სტიმული მიეცათ, როცა 1931 წელს ბიბლიური სახელი „იეჰოვას მოწმეები“ ეწოდათ (ეს. 43:10—12). 1938 წელს კრებებში პასუხისმგებელი ძმების დემოკრატიული გზით არჩევა თეოკრატიულმა დანიშვნამ შეცვალა. 1972 წელს კრების ზედამხედველობა ერთი ძმის ნაცვლად უხუცესთა საბჭოს დაევალა. ყველა გამოცდილ ძმას მოუწოდეს, დაემწყემსათ მათთვის მიბარებული ღვთის სამწყსო (1 პეტ. 5:2). 1976 წლიდან მთელ მსოფლიოში სამქადაგებლო საქმეს ხელმძღვანელობს ექვსი კომიტეტისგან შემდგარი ხელმძღვანელი საბჭო. როგორც ვხედავთ, იეჰოვას დანიშნული მეფე ორგანიზებას უწევს თავის  ქვეშევრდომებს თეოკრატიულად ანუ ღვთის მმართველობის შესაფერისად.

13. პირადად თქვენზე რა გავლენას ახდენს სამეფოს 100-წლიანი მმართველობისას განხორციელებული მიღწევები?

13 მხოლოდ დაფიქრდით, რამდენი რამ გააკეთა ცხებულმა მეფემ თავისი 100-წლიანი მეფობის განმავლობაში! მან განწმინდა ხალხი იეჰოვას სახელისთვის; ხელმძღვანელობა გაუწია სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებას 239 ქვეყანასა და ტერიტორიაზე და იეჰოვას გზები ასწავლა მილიონობით ადამიანს. იესომ გააერთიანა 7 მილიონზე მეტი ერთგული ქვეშევრდომი; თითოეული მათგანი მზადყოფნით ასრულებს თავისი მამის ნებას (ფსალმ. 110:3). ჭეშმარიტად, მესიანური სამეფოს მეშვეობით განხორციელებული იეჰოვას საქმეები დიდებული და საოცარია. თუმცა უფრო აღმაფრთოვანებელი მოვლენები ჯერ კიდევ წინაა!

მესიანური სამეფოს კურთხევები

14. ა) რის გაკეთებას ვთხოვთ ღმერთს, როცა ვლოცულობთ, „მოვიდეს შენი სამეფო“? ბ) რომელია 2014 წლის მუხლი და რატომ არის ის დროული?

14 მართალია, იეჰოვამ თავისი ძე, იესო ქრისტე 1914 წელს გაამეფა როგორც ცხებული მეფე, მაგრამ ამით ბოლომდე არ გასცემია პასუხი ჩვენს ლოცვას: „მოვიდეს შენი სამეფო“ (მათ. 6:10). ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ იესოს თავის მტრებს შორის უნდა ებატონა (ფსალმ. 110:2). დღეს სატანის კონტროლს დაქვემდებარებული მთავრობები კვლავაც ეწინააღმდეგებიან ღვთის სამეფოს. როდესაც ღვთის სამეფოს მოსვლაზე ვლოცულობთ, ღმერთს ვთხოვთ, რომ ცხებულმა მეფემ და მისმა თანამმართველებმა ბოლო მოუღონ ადამიანურ მმართველობას და ღვთის სამეფოს მიწიერ მოწინააღმდეგეებს. ამ მოვლენით შესრულდება დანიელის 2:44-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება, რომ ღვთის სამეფო „დააქცევს და ბოლოს მოუღებს ყველა ამ სამეფოს“. ღვთის სამეფო აღგვის მიწის პირიდან თავის პოლიტიკურ მტრებს (გამოცხ. 6:1, 2; 13:1—18; 19:11—21). ეს დრო ძალიან მალე დადგება. ღვთის სამეფოს ზეცაში დამყარებიდან 100 წლის თავზე მართლაც რომ დროულია 2014 წლის მუხლი, რომელიც დაფუძნებულია მათეს 6:10-ზე: „მოვიდეს შენი სამეფო“ (მათ. 6:10).

2014 წლის მუხლი: „მოვიდეს შენი სამეფო“ (მათე 6:10)

15, 16. ა) რა აღმაფრთოვანებელი მოვლენები მოხდება ათასწლიანი მეფობის დროს? ბ) რას გააკეთებს ცხებული მეფე, იესო თავისი მეფობის დასასრულ და როგორ შესრულდება ამით იეჰოვას განზრახვა თავის ქმნილებებთან მიმართებაში?

15 ცხებული მეფე, მას შემდეგ, რაც ღვთის მტრებს გაანადგურებს, სატანასა და მის დემონებს 1000 წლით უფსკრულში ჩაყრის (გამოცხ. 20:1—3). ათასი წლის განმავლობაში ეშმაკი ვეღარ მოახდენს გავლენას ადამიანებზე და ღვთის სამეფო დაეხმარება მათ, ისარგებლონ იესოს გამოსასყიდით; ეს სამეფო წაშლის ადამის ცოდვის ყოველგვარ კვალს. მეფე მკვდრეთით აღადგენს მილიონობით ადამიანს, რომელთაც ახლა სამარხებში სძინავთ. ის შეიმუშავებს ფართომასშტაბიან საგანმანათლებლო პროგრამას, რომ ასწავლოს ხალხს იეჰოვას შესახებ (გამოცხ. 20:12, 13). მთელ დედამიწაზე ისეთი პირობები შეიქმნება, რომელიც ერთ დროს ედემის ბაღში იყო. ერთგული ადამიანები სრულყოფილებას მიაღწევენ.

16 ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის ბოლოს, ღვთის სამეფო თავის მიზანს მიაღწევს. ამის შემდეგ ქრისტე სამეფოს მამას გადასცემს (წაიკითხეთ 1 კორინთელების 15:24—28). იმ დროს მეტად აღარ იქნება საჭირო შუამავალი იეჰოვასა და მის მიწიერ შვილებს შორის. ღვთის ყველა შვილი, ზეცაში და დედამიწაზე, ზეციერი მამის დიდ ოჯახში გაერთიანდება.

17. რა გაქვთ გადაწყვეტილი?

17 სამეფოს 100-წლიანი მმართველობის განმავლობაში განხორციელებული გასაოცარი მოვლენები იმაში გვარწმუნებს, რომ იეჰოვა ყველაფერს აკონტროლებს და მისი განზრახვა დედამიწასთან დაკავშირებით აუცილებლად შესრულდება. მოდი, ყოველთვის დავრჩეთ ერთგულ ქვეშევრდომებად და ვაუწყოთ ამ სამეფოსა და მისი მეფის შესახებ! დღეს ვართ კიდეც ამ საქმით დაკავებულნი და ეჭვი არ გვეპარება, რომ ჩვენს გულწრფელ ლოცვას „მოვიდეს შენი სამეფო“, იეჰოვა მალე უპასუხებს!

^ აბზ. 3 იხილეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, გვერდები 88—92.

^ აბზ. 10 იხილეთ 2012 წლის 15 სექტემბრის „საგუშაგო კოშკში“ მოცემული სტატია „თეოკრატიული სკოლები — იეჰოვას სიყვარულის მტკიცება“, გვერდები 13—16.

^ აბზ. 11 იხილეთ 1998 წლის 1 დეკემბრის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 19—22, რომელშიც საუბარია სხვადასხვა ქვეყანაში მიღწეულ იურიდიულ გამარჯვებებზე.