წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) იანვარი 2014

როდის მოვა ღვთის სამეფო?

როდის მოვა ღვთის სამეფო?

„თქვენც, როცა დაინახავთ ყველაფერ ამას, იცოდეთ, რომ ის კარზეა მომდგარი“ (მათ. 24:33).

1, 2. ა) რა ახდენს გავლენას იმაზე, თუ როგორ აღვიქვამთ დანახულს? ბ) რაში შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებულნი ღვთის სამეფოსთან დაკავშირებით?

ალბათ შეგინიშნავთ, რომ ზოგჯერ ერთ კონკრეტულ მოვლენას თვითმხილველები განსხვავებული სახით აღწერენ. ასეა ზოგჯერ ზოგიერთი პაციენტის შემთხვევაშიც, როცა დიაგნოზის დასმის შემდეგ ზუსტად აღარ ახსოვს ექიმის მითითებები. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ადამიანი გამალებით ეძებს რაღაცას, მაგალითად, გასაღებს ან სათვალეს, არადა წინ უდევს ის. მეცნიერული თვალსაზრისით, ეს სიბრმავის ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს; ეს არის მდგომარეობა, როცა ადამიანი ვერ ამჩნევს რაღაცას ან ავიწყდება რაღაც იმის გამო, რომ სხვა რამეზეა მისი გონება გადართული. ასე ფუნქციონირებს ჩვენი ტვინი.

2 დღეს ბევრს აღენიშნება დაახლოებით მსგავსი სახის „სიბრმავე“, როცა საკითხი მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს ეხება. შესაძლოა, ისინი ეთანხმებიან იმ აზრს, რომ 1914 წლიდან მსოფლიო საგრძნობლად შეიცვალა, მაგრამ ვერ ხვდებიან ამ მოვლენების ნამდვილ მნიშვნელობას. მკვლევრებმა ვიცით, რომ 1914 წელს იესო ზეცაში გამეფდა და ამით ნაწილობრივ მოვიდა ღვთის სამეფო. მაგრამ ისიც ვიცით, რომ სიტყვები, „მოვიდეს შენი სამეფო და იყოს შენი ნება როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე“, ჯერ ბოლომდე არ შესრულებულა (მათ. 6:10). ცხადია, ეს სიტყვები ბოროტი ქვეყნიერების აღსასრულზე მიუთითებს. და როცა ეს მოხდება, მხოლოდ  მაშინ შესრულდება ღვთის ნება დედამიწაზე, როგორც ზეცაში სრულდება.

3. რას გვაძლევს ღვთის სიტყვის სწავლა?

3 ჩვენ რეგულარულად ვიკვლევთ ღვთის სიტყვას და ვხედავთ, რომ ეს წინასწარმეტყველება ზუსტად ჩვენს პერიოდში სრულდება. სამწუხაროდ, ამას ხალხი ვერ ამჩნევს. ისინი ზედმეტად არიან გართულნი ყოფითით და მხედველობიდან რჩებათ ის ფაქტი, რომ 1914 წლიდან იესო მმართველობს და რომ ის მალე აღასრულებს ღვთის სამართალს. თუმცა მოდი საკუთარ თავს ვკითხოთ: შეიძლება ათწლეულებია ვემსახურები ღმერთს, მაგრამ კვლავ მჯერა ის, რომ 1914 წელს იესო ზეცაში გამეფდა და დედამიწაზე მიმდინარე მოვლენები ამის დასტურია? შეიძლება ახლახან მოინათლეთ, მაგრამ დაფიქრდით, რაზეა თქვენი გონების თვალი ფოკუსირებული. განვიხილოთ სამი მნიშვნელოვანი მტკიცებულება, თუ რატომ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებულები, რომ ღვთის ცხებული მეფე მალე მიმართავს დამატებით ზომებს, რათა ღვთის ნება სრულად შესრულდეს დედამიწაზე.

არენაზე გამოდიან მხედრები

4, 5. ა) რას აკეთებს იესო 1914 წლიდან? (იხილეთ სურათი 27-ე გვერდზე) ბ) რას აკეთებს სამი მხედარი და როგორ სრულდება ეს წინასწარმეტყველება?

4 თეთრ ცხენზე ამხედრებულ მხედარს, იესო ქრისტეს, 1914 წელს ზეციური გვირგვინი მიეცა. ის უმალ „გამოვიდა“, რათა სრულად დაიპყროს სატანის ბოროტი სისტემა (წაიკითხეთ გამოცხადების 6:1, 2). წიგნ „გამოცხადების“ მე-6 თავში ჩაწერილი წინასწარმეტყველების თანახმად, ზეცაში ღვთის სამეფოს დამყარებას უნდა მოჰყოლოდა მსოფლიო მდგომარეობის უეცარი გაუარესება — ომები, შიმშილი, დაავადებები და სიკვდილის გამომწვევი სხვა მიზეზები. სწორედ ეს მოვლენებია წარმოდგენილი სამი მხედრით, რომლებიც იესოს მიჰყვებიან (გამოცხ. 6:3—8).

5 მიუხედავად იმისა, რომ ათასგვარი დაპირება არსებობდა საერთაშორისო თანამშრომლობასა და მშვიდობასთან დაკავშირებით, წინასწარმეტყველება ახდა და დედამიწიდან მშვიდობა წაღებულ იქნა. პირველი მსოფლიო ომი იყო საწყისი იმ სხვა ომებისა, რომელთაც მშვიდობა უნდა წაეღოთ დედამიწიდან; ამას მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები ცალსახად ადასტურებს. მიუხედავად იმისა, რომ 1914 წლიდან ეკონომიკისა და მეცნიერების სფეროში აშკარა პროგრესია, შიმშილი კვლავაც იწვევს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში დაპირისპირებებსა და კონფლიქტებს. გარდა ამისა, ვერავინ უარყოფს იმას, რომ ათასგვარ დაავადებას, სტიქიურ უბედურებებსა და სხვა „სასიკვდილო ჭირს“ მილიონობით ადამიანი ეწირება ყოველწლიურად. კაცობრიობის ისტორიაში არასდროს ყოფილა ამგვარი საშინელი მოვლენები ასე ხშირი, ასე მასშტაბური და ასე საზარელი. პირადად თქვენ ხვდებით ამ მოვლენების მნიშვნელობას?

მხედრების გამოსვლის შემდეგ მსოფლიოში მდგომარეობა უარესდება (იხილეთ მე-4 და მე-5 აბზაცები)

6. ვინ მიაქცია ყურადღება ბიბლიური წინასწარმეტყველების შესრულებას და რისკენ აღძრა ამან ისინი?

6 იმ დროს, როცა მსოფლიოს ყურადღება პირველი მსოფლიო ომისა და ესპანური გრიპისკენ იყო მიმართული, ცხებული ქრისტიანები 1914 წლისთვის „უცხოტომელთათვის დანიშნული დროების“ დასრულებას ელოდნენ (ლუკ. 21:24). მართალია, მათ ბოლომდე არ ესმოდათ, რა უნდა მომხდარიყო, მაგრამ ერთი რამ იცოდნენ, რომ 1914 წელი უაღრესად მნიშვნელოვანი წელი იქნებოდა ღვთის სამეფოსთვის. როგორც კი მიხვდენენ, რომ ბიბლიური წინასწარმეტყველება შესრულდა, თამამად დაიწყეს იმის გაცხადება, რომ ღვთიური მმართველობა უკვე დაწყებული იყო. მათ მცდელობას ინტენსიური დევნები მოჰყვა. ამგვარი ვითარება იყო ბევრ ქვეყანაში, რითაც ფაქტობრივად წინასწარმეტყველება შესრულდა. მომდევნო ათწლეულების განმავლობაში სამეფოს მტრები „სირთულეებს ქმნიდნენ დადგენილებით“. მიმართავდნენ ძალადობას, დაპატიმრებებს და თქვენ წარმოიდგინეთ, ისეთ საზარელ მეთოდებსაც კი, როგორიცაა ჩამოხრჩობა, დახვრეტა და თავის მოკვეთა (ფსალმ. 94:20; გამოცხ. 12:15).

7. რატომ ვერ ხვდება ბევრი მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ჭეშმარიტ მნიშვნელობას?

7 რატომ ვერ ხვდება ხალხთა უმრავლესობა  იმას, რომ ღვთის სამეფო უკვე დამყარებულია ზეცაში, მაშინ როცა ამის შესახებ უამრავი მტკიცებულება არსებობს? რატომ ვერ ხედავენ ბიბლიურ წინასწარმეტყველებებსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს შორის კავშირს, რის შესახებაც ღვთის ხალხი უკვე დიდი ხანია აუწყებს? ისე ხომ არ გამოდის, რომ ხედავენ მხოლოდ იმას, რის დანახვაც სურთ? (2 კორ. 5:7). იმდენად ხომ არ არიან გადართულნი თავიანთ ცხოვრებაზე, რომ „დაბრმავებულნი“ არიან და ვეღარ ამჩნევენ ღვთის საქმეებს? (მათ. 24:37—39). სატანის პროპაგანდას ხომ არ არიან აყოლილნი? (2 კორ. 4:4). რწმენა და სულიერი ხედვაა საჭირო იმის დასანახად, რაც სულიერ სამყაროში ხდება. უბედნიერესი ხალხი ვართ, რომ არა ვართ „ბრმები“ და ვხედავთ, თუ რა ხდება სინამდვილეში!

მსოფლიო ცუდიდან უარესისკენ მიექანება

8—10. ა) როგორ სრულდება 2 ტიმოთეს 3:1—5-ში ჩაწერილი სიტყვები? ბ) რატომ შეგვიძლია იმის თქმა, რომ მსოფლიო ცუდიდან უარესისკენ მიექანება?

8 არსებობს მეორე მტკიცებულებაც, რის საფუძველზეც ვასკვნით, რომ ღვთის სამეფო მალე აიღებს ხელში მართვის სადავეებს დედამიწაზე; ეს მტკიცებულება გახლავთ ის, რომ მსოფლიოში უფრო და უფრო მატულობს ბოროტება. თითქმის ერთი საუკუნეა, რაც 2 ტიმოთეს 3:1—5-ში ჩაწერილი სიტყვები ზედმიწევნით სრულდება. ყოველდღიურად იზრდება ამ წინასწარმეტყველების მასშტაბები, სიხშირე და სიმძაფრე. თქვენ ვერ ატყობთ, რომ დღითი დღე უფრო მძაფრად სრულდება ეს წინასწარმეტყველება? მოდი ამის დამადასტურებელი ზოგიერთი მაგალითი მოვიყვანოთ (წაიკითხეთ 2 ტიმოთეს 3:1, 13).

9 თვალი გადავავლოთ ისტორიას და ვნახოთ, რა ითვლებოდა გამაოგნებელ და თავზარდამცემ საქციელად 1940—1950-იან წლებში სამუშაოზე, გართობის, სპორტისა და მოდის სამყაროში და რა განსხვავებაა დღევანდელ დროსა და მაშინდელ დროს შორის. უკიდურესი ძალადობა და უზნეობა დღეს ჩვეულებრივი რამ არის! ხალხი ერთმანეთს ეჯიბრება, ვინ უფრო სასტიკი, გარყვნილი და დაუნდობელი იქნება. რა სატელევიზიო გადაცემებიც მიუღებელი და ამაზრზენი იყო 50-იან წლებში, დღეს სავსებით მისაღებია ის ოჯახებისთვის. ბევრი ხედავს, რომ ჰომოსექსუალებს უდიდესი გავლენა აქვთ გართობისა და მოდის სამყაროზე და რომ საჯაროდ უწევენ რეკლამას თავიანთი  ცხოვრების სტილს. მართლაც რა ბედნიერებაა, რომ ვიცით, რას ფიქრობს ღმერთი ამ ყოველივეზე! (წაიკითხეთ იუდას 14, 15).

10 მოდი იმაზეც დავფიქრდეთ, თუ როგორი ახალგაზრდები ითვლებოდნენ თავხედებად და ურჩებად 50-იან წლებში და როგორები არიან დღევანდელი ახალგაზრდები. იმ დროს მშობლები წუხდნენ, და სავსებით სამართლიანადაც, იმის გამო, რომ მათი შვილები სიგარეტს ეწეოდნენ, სვამდნენ ან გამომწვევად ცეკვავდნენ. დღეს უკვე აღარავის უკვირს ქვემოთ მოყვანილი თავზარდამცემი ამბები: 15 წლის მოსწავლე ცეცხლს უხსნის თანაკლასელებს, 2 კვდება, 13  შავდება. მთვრალი მოზარდების ჯგუფი წამებით კლავს 9 წლის გოგოს და სასტიკად სცემს მის მამას და ნათესავს. ერთ-ერთ საინფორმაციო გადაცემაში ნათქვამი იყო, რომ ერთ აზიურ ქვეყანაში ბოლო ათი წლის განმავლობაში ჩადენილ კრიმინალურ დანაშაულთა ნახევარი ახალგაზრდებმა ჩაიდინეს. ნუთუ შეუძლია ვინმეს იმის უარყოფა, რომ მდგომარეობა აშკარად გაუარესდა?!

11. რატომ ვერ ხვდება ბევრი, რომ მდგომარეობა უარესდება?

11 მოციქულმა პეტრემ ზუსტად იწინასწარმეტყველა: «უპირველეს ყოვლისა, თქვენ იცით, რომ ბოლო დღეებში მოვლენ დამცინავები მათთვის ჩვეული დაცინვით, თავიანთი სურვილებისამებრ მოიქცევიან და იტყვიან: „სად არის ის დაპირებული დრო, როცა ის მოსული უნდა ყოფილიყო? მას შემდეგ, რაც ჩვენმა მამა-პაპამ სიკვდილის ძილით დაიძინა, ყველაფერი ისევე რჩება, როგორც ქმნილებათა დასაწყისიდან იყო“» (2 პეტ. 3:3, 4). რით შეიძლება აიხსნას ხალხის ამგვარი უგულო დამოკიდებულება მსოფლიოში მიმდინარე საზარელი მოვლენების მიმართ? საზოგადოება იმდენად შეეჩვია ამ ყველაფერს, რომ თითქმის აღარავინ აქცევს ყურადღებას მათ. გაცილებით მტკივნეულად აღიქვამენ მეგობრის ან ახლობლის პიროვნებაში მომხდარ გარკვეულ ცვლილებებს და ნაკლებად ადარდებთ საზოგადოებაში ზნეობრივი ნორმების რღვევა. ამგვარი მორალური დეგრადაცია საკმაოდ სახიფათოა.

12, 13. ა) რატომ არ უნდა გაგვიტეხოს გული მსოფლიო მოვლენებმა? ბ) რის გაანალიზება დაგვეხმარება იმაში, რომ გავუძლოთ „ძნელად ასატან დროს“?

12 მოციქულმა პავლემ გაგვაფრთხილა, რომ ბოლო დღეებში ძნელად ასატანი დრო დადგებოდა (2 ტიმ. 3:1). თუმცა ამ ყოველივეს ატანა შეუძლებელი არ არის. ასე რომ, რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. იეჰოვას, მისი სულისა და კრების დახმარებით შეგვიძლია წარმატებით გავართვათ თავი ნებისმიერ გულის გამტეხ და საშიშ ვითარებას. ერთგულების შენარჩუნება შესაძლებელია! „ძალა, რომელიც ჩვეულებრივს აღემატება ღვთისგან არის და არა ჩვენგან“ (2 კორ. 4:7—10).

13 კარგი იქნება, თუ დავუკვირდებით, რომელი სიტყვით დაიწყო პავლემ ბოლო დღეებთან დაკავშირებული წინასწარმეტყველება. მან დაიწყო ასე: „იცოდეთ“. ამგვარი დასაწყისი იმის გარანტიას გვაძლევს, რომ ამ წინასწარმეტყველების სიტყვები აუცილებლად შესრულდება. ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ უღვთო საზოგადოება უფრო და უფრო ცუდად მოიქცევა, სანამ იეჰოვა არ ჩაერევა და არ გაანადგურებს მათ. ისტორიკოსები ადასტურებენ, რომ რომელიმე საზოგადოებისა თუ ერის განადგურებას ყოველთვის წინ უსწრებდა ამ საზოგადოებისა და ერის ზნეობრივი დაცემა. კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში მსოფლიო არასოდეს ყოფილა ასეთი გახრწნილი და ზნეობრივად დაცემული. ხალხები უარყოფენ ამ რეალობას, მაგრამ 1914 წლიდან განვითარებული მნიშვნელოვანი მოვლენები ჩვენთვის უდიდესი მტკიცებულებაა იმისა, რომ მალე ღვთის სამეფო გადამწყვეტ ზომებს მიიღებს.

ეს თაობა არ შეწყვეტს არსებობას

1416. რომელია მესამე მტკიცებულება იმისა, რომ ღვთის სამეფო მალე „მოვა“?

14 არსებობს მესამე მტკიცებულება იმისა, რომ ღვთის სამეფო მალე მოვა. ეს მტკიცებულება არის ღვთის ხალხის ისტორია. ზეცაში ღვთის სამეფოს დამყარების წინა პერიოდში ცხებული ქრისტიანებისგან შემდგარი ჯგუფი აქტიურად ემსახურებოდა ღმერთს დედამიწაზე. რა გააკეთეს მათ, როცა  1914 წელთან დაკავშირებული ზოგიერთი მათი მოლოდინი არ გამართლდა? უმეტესობამ შეინარჩუნა ერთგულება სხვადასხვა განსაცდელისა და დევნის მიუხედავად და დარჩა სწორ გზაზე. წლები გავიდა და მათმა უმრავლესობამ თავისი მიწიერი ცხოვრება ბოლომდე ერთგულად განვლო.

15 იესომ თავის წინასწარმეტყველებაში, რომელშიც დეტალურად ისაუბრა აღსასრულთან დაკავშირებულ მოვლენებზე, თქვა: „ეს თაობა არ შეწყვეტს არსებობას, სანამ ეს ყველაფერი არ მოხდება“ (წაიკითხეთ მათეს 24:33—35). ჩვენ გვესმის, რომ იესომ ამ „თაობაში“ იგულისხმა ცხებულ ქრისტიანთა ორი ჯგუფი. პირველ ჯგუფში შედიოდნენ 1914 წელს მცხოვრები ცხებულები, რომლებიც მიხვდნენ, რომ ქრისტე 1914 წელს გამეფდა. ისინი უბრალოდ ცოცხლები კი არ იყვნენ 1914 წლისთვის, არამედ ამ წელს ან მანამდე ღვთის სულით ცხებული ძეები გახდნენ (რომ. 8:14—17).

16 „თაობაში“ შემავალ ცხებულთა მეორე ჯგუფში შედიან ის ცხებული ქრისტიანები, რომლებიც პირველ ჯგუფში შემავალი ცხებული ქრისტიანების თანამედროვენი არიან. ისინი უბრალოდ ცოცხლები კი არ იყვნენ იმ დროს, როცა პირველი ჯგუფი მოღვაწეობდა დედამიწაზე, არამედ ისინი იმ დროს უკვე ცხებული ქრისტიანები იყვნენ. ასე რომ, „თაობაში“ დღეს მცხოვრები ყველა ცხებული ქრისტიანი არ შედის. ცხებულთა ამ მეორე ჯგუფში შემავალი ქრისტიანები ნელ-ნელა ხანში შედიან. თუმცა მათეს 24:34-ში ჩაწერილი იესოს სიტყვები ერთ რამეში გვარწმუნებს: ამ „თაობიდან“ ზოგიერთი „არ შეწყვეტს არსებობას“ ისე, რომ საკუთარი თვალით არ იხილოს დიდი გასაჭირის დასაწყისი. ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ ძალიან ცოტა დროა დარჩენილი იქამდე, სანამ ღვთის სამეფო მოსპობს ბოროტებას და დაამყარებს სამართლიან ახალ ქვეყნიერებას (2 პეტ. 3:13).

ქრისტე მალე სრულად დაიპყრობს

17. რა დასკვნამდე მივყავართ ზემოთ განხილულ სამ მტკიცებულებას?

17 რა დასკვნამდე მივყავართ ზემოთ განხილულ სამ მტკიცებულებას? იესომ გაგვაფრთხილა, რომ ჩვენ ვერ გავიგებდით აღსასრულის ზუსტ დღესა და საათს და ეს ასეც არის (მათ. 24:36; 25:13). მაგრამ ჩვენ შეგვიძლია „დროის“ განსაზღვრა, როგორც ეს პავლემ აღნიშნა და გვაქვს კიდეც განსაზღვრული (წაიკითხეთ რომაელების 13:11). ჩვენ ვცხოვრობთ „დროში“, რომელსაც ბიბლია ბოლო დღეებს უწოდებს. თუ მთლიან ყურადღებას გადავიტანთ ბიბლიურ წინასწარმეტყველებაზე და იმაზე, რას აკეთებენ იეჰოვა და იესო, აშკარად დავინახავთ იმ მტკიცებულებებს, რომ ვცხოვრობთ აღსასრულის წინა პერიოდში.

18. რა ელის მათ, ვინც არ აღიარებს ღვთის სამეფოს?

18 მათ, ვინც არ აღიარებენ იმ შიშისმომგვრელ ძალაუფლებას, რომელიც მიეცა იესო ქრისტეს, თეთრ ცხენზე ამხედრებულ მხედარს, ძალიან მალე მოუწევთ თავიანთი შეცდომის აღიარება. ისინი თავს ვერ დააღწევენ განადგურებას. იმ დროს ბევრი დაიწყებს სიმწრისგან ყვირილს: „ვინ გაუძლებს?“ (გამოცხ. 6:15—17). იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ გაუძლებს და ვინ გადაიტანს დიდ გასაჭირს, წიგნ „გამოცხადების“ მე-7 თავშია საუბარი. ცხებულები და მათი თანამსახურები, რომელთაც დედამიწაზე ცხოვრების იმედი აქვთ, აუცილებლად „გაუძლებენ“, რადგან მათ ღვთის მოწონება ექნებათ. შემდეგ „სხვა ცხვარში“ შემავალი უამრავი ხალხი გადაიტანს დიდ გასაჭირს (გამოცხ. 7:9, 13—15).

19. რას ელით მომავალში თქვენ, ვინც აღიარებთ, რომ ბოლო დღეები მალე დასრულდება?

19 თუ ყურადღებით მოვეკიდებით ამ წინასწარმეტყველებას, რომლებიც ამ მეტად მნიშვნელოვან დროში სრულდება, შედეგად არ ავყვებით სატანის ქვეყნიერების პროპაგანდას, არ „დავბრმავდებით“ სხვებივით და ნათლად დავინახავთ ამ მოვლენების მნიშვნელობას. ქრისტე მალე გამოუცხადებს სამართლიან ომს უღვთო ქვეყნიერებას და სრულად დაიპყრობს მას (გამოცხ. 19:11, 19—21). უბრალოდ წარმოიდგინეთ, რა ბედნიერები ვიქნებით იმ დროს! (გამოცხ. 20:1—3, 6; 21:3, 4).