წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) იანვარი 2014

მიიღეთ ბრძნული გადაწყვეტილებები ახალგაზრდობაში

მიიღეთ ბრძნული გადაწყვეტილებები ახალგაზრდობაში

„ვაჟებო და ქალწულებო . . . [ადიდეთ] იეჰოვას სახელი“ (ფსალმ. 148:12, 13).

1. რა შესანიშნავი შესაძლებლობა აქვს ბევრ ქრისტიანს?

ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან პერიოდში ვცხოვრობთ. ისტორიას არ ახსოვს ამდენი ჭეშმარიტი თაყვანისმცემელი დედამიწაზე. მათი რიცხვი მილიონებს ითვლის და ისინი ყველა ერიდან არიან გამოკრებილნი (გამოცხ. 7:9, 10). ამ ხალხს შორის ბევრი ახალგაზრდაა; ისინი ძალიან საინტერესო შემთხვევებს ხვდებიან, როცა სხვებს ამ სიცოცხლისმომცემ ბიბლიურ ჭეშმარიტებას გადასცემენ (გამოცხ. 22:17). ზოგი მათგანი სხვებს ბიბლიას ასწავლის და ასეთი სახით ეხმარება მათ, გაიხარონ უკეთესი ცხოვრებით. ბევრიც უცხოენოვან ტერიტორიაზე ქადაგებს გულმოდგინედ (ფსალმ. 110:3; ეს. 52:7). პირადად თქვენ როგორ შეგიძლიათ მეტი კმაყოფილება მიიღოთ იმ საქმეში მონაწილეობით, რასაც იეჰოვას ხალხი აკეთებს?

2. როგორ ადასტურებს ტიმოთეს მაგალითი იმას, რომ იეჰოვა ანდობს ახალგაზრდებს პასუხისმგებლობებს? (იხილეთ სურათი მე-17 გვერდზე)

2 შენ, როგორც ახალგაზრდას, შეგიძლია ისეთი არჩევანი გააკეთო დღეს, რომ ხვალ შენმა არჩევანმა ღვთის მსახურებაში შესანიშნავი შესაძლებლობები მოგცეს. მაგალითად, ტიმოთემ, რომელიც ლისტრაში ცხოვრობდა, აშკარაა, რომ ძალიან ჭკვიანური გადაწყვეტილებები მიიღო; ის 22-23 წლის ასაკში უკვე მისიონერად მსახურობდა (საქ. 16:1—3). იმ პერიოდში პავლე მოციქულს საკმაოდ აგრესიულად დაუპირისპირდნენ თესალონიკელები და მას იქაურობის დატოვება მოუწია. საინტერესო ის არის, რომ რამდენიმე თვეში მან ახალგაზრდა ტიმოთეს დაავალა, დაბრუნებულიყო ახალჩამოყალიბებულ თესალონიკეს კრებაში და  გაეძლიერებინა ძმები (საქ. 17:5—15; 1 თეს. 3:1, 2, 6). შეგიძლიათ ოდნავ მაინც წარმოიდგინოთ, რას იგრძნობდა ტიმოთე ამ დროს?

შენი ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევანი

3. რომელია ის ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომლის მიღებაც შეგიძლია ცხოვრებაში და როდის შეგიძლია ამის გაკეთება?

3 ახალგაზრდობა ის დროა, როცა ადამიანს შეუძლია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. ამ გადაწყვეტილებებს შორის არის ერთი, რომელიც ყველა სხვა გადაწყვეტილებას გადაწონის — ეს არის გადაწყვეტილება, ემსახურო იეჰოვას. შენი აზრით, როდის არის ამ გადაწყვეტილების მიღება ყველაზე დროული? იეჰოვა გვეუბნება: „გახსოვდეს შენი დიდებული შემოქმედი შენს სიჭაბუკეში“ (ეკლ. 12:1). არ დაგავიწყდეს: თუ გინდა, რომ გახსოვდეს იეჰოვა, სრულად უნდა დაიხარჯო მის მსახურებაში (კან. 10:12). ღვთისადმი მთელი სულითა და გულით მსახურება შენს ცხოვრებაში ყველაზე საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება და იცოდე, ეს მთელ შენს ცხოვრებაზე მოახდენს გავლენას (ფსალმ. 71:5).

4. სხვა რომელი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მოახდენს გავლენას იმაზე, თუ როგორ ემსახურები ღმერთს?

4 რა თქმა უნდა, არსებობს კიდევ სხვა გადაწყვეტილებებიც, რომლებიც გარკვეულ გავლენას იქონიებს შენს ცხოვრებაზე. მაგალითად, ქორწინება, ის, თუ ვის აირჩევ ცხოვრების თანამგზავრად ან ის, თუ სად იმუშავებ, რით ირჩენ თავს. ეს სერიოზული საკითხებია, მაგრამ ბრძნული იქნება შენი მხრიდან, თუ უპირველესად იეჰოვას მსახურებას გადაწყვეტ, ოღონდ მსახურებას მთელი გულითა და სულით (კან. 30:19, 20). დაიხსომე, ეს გადაწყვეტილებები ერთმანეთთან კავშირშია! ის, თუ რას გადაწყვეტ დაქორწინებასთან დაკავშირებით, ანდა კიდევ ის, თუ სად იმუშავებ, სერიოზულ გავლენას მოახდენს იმაზე, თუ როგორ ემსახურო ღმერთს (შეადარეთ ლუკას 14:16—20). მეორე მხრივ, შენი დაუცხრომელი სურვილი, ემსახურო ღმერთს, არანაკლებ გავლენას მოახდენს შენს გადაწყვეტილებებზე ქორწინებასა და სამსახურთან დაკავშირებით. ასე რომ, არჩევანი შენზეა, უნდა გადაწყვიტო, რას დაუთმობ შენს ცხოვრებაში პირველ ადგილს (ფილ. 1:10).

რაში გალევ ახალგაზრდულ წლებს?

5, 6. მოიყვანეთ მაგალითი, თუ როგორ შეიძლება სწორი არჩევანი აღმოჩნდეს კარგი შედეგების მომტანი. (ამავე ჟურნალში იხილეთ აგრეთვე სტატია „ჩემი ბავშვობის არჩევანი“)

5 თუ ღვთის მსახურებას აირჩევ, ჯერ უნდა გაიგო, რის გაკეთებას ითხოვს ღმერთი შენგან და შემდეგ გადაწყვიტო, როგორ ემსახურო მას. ერთი იაპონელი ძმა წერს: «მახსოვს ერთხელ, 14 წლისა ერთ უხუცესთან ვიყავი მსახურებაში. ამ ძმამ შემატყო, რომ მსახურება მაინცდამაინც არ მეხალისებოდა. მისი თბილი სიტყვები ახლაც კარგად მახსოვს: „იუიშირო, წადი სახლში, დაჯექი შენს მაგიდასთან და კარგად დაფიქრდი, რას აკეთებს იეჰოვა შენთვის“. მეც წავედი სახლში, დავჯექი და დავიწყე ფიქრი. ვფიქრობდი და ვლოცულობდი; გავიდა რამდენიმე დღე. ნელ-ნელა შეხედულება შემეცვალა და ვიგრძენი, რომ იეჰოვას მსახურება ჩემთვის ძალიან სასიამოვნო გახდა. სიამოვნებით ვკითხულობდი მისიონერების ისტორიებს და ვფიქრობდი, როგორ მემსახურა იეჰოვასთვის უფრო სრულად.

6 მივხვდი, რომ აუცილებელი იყო სწორი გადაწყვეტილებების მიღება, რათა ერთ მშვენიერ დღეს სხვა ქვეყანაში მსახურების შესაძლებლობა მომცემოდა. ინგლისურის კურსებზე შევედი. სკოლა რომ დავამთავრე, ნახევარ განაკვეთზე დავიწყე მუშაობა, ინგლისურში ვამზადებდი ბავშვებს; იმდენი დრო დავიტოვე, რომ პიონერად მემსახურა. ცოტა ხანში მონღოლურის სწავლა დავიწყე. ორ წელიწადში, 2007 წელს, 22 წლის ასაკში, მონღოლეთში წავედი. ვქადაგებდი იქაურ პიონერებთან ერთად. ქადაგების დროს ვხვდებოდი ბევრ ისეთ ადამიანს, რომელიც ჭეშმარიტებას ეძებდა; ამიტომ მონღოლეთში გადასვლა გადავწყვიტე. დავბრუნდი იაპონიაში და გეგმები შევადგინე. 2008 წლის აპრილიდან აქ ვარ, მონღოლეთში და პიონერად ვმსახურობ. აქ ცხოვრება არ არის ადვილი. მაგრამ ხალხს ძალიან აინტერესებს სასიხარულო ცნობა და მე მაქვს საშუალება, დავეხმარო მათ იეჰოვასთან დაახლოებაში. ჩემი აზრით, მე ცხოვრების საუკეთესო გზა მაქვს არჩეული».

7. რა გადაწყვეტილებები შეგვიძლია მივიღოთ და რა მაგალითი მოგვცა მოსემ ამ მხრივ?

7 თითოეულმა ჩვენგანმა პირადად უნდა აირჩიოს, როგორ წარმართოს თავისი ცხოვრება, როგორც იეჰოვას მოწმემ (იეს. 24:15). ჩვენ ნამდვილად ვერ გეტყვით, დაქორწინდე თუ არა, ან ვისზე დაქორწინდე, ანდა კიდევ სად იმუშაო.  აირჩევ ისეთ სამუშაოს, რომელიც მცირე მომზადებას ან მოკლე კურსებს მოითხოვს? ახალგაზრდებო, შეიძლება ზოგიერთი თქვენგანი რომელიმე ღარიბ სოფელში ცხოვრობს, შესაძლოა ზოგი — მდიდარ და აყვავებულ ქალაქში. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებო ახალგაზრდებო, თქვენ განსხვავდებით პიროვნული თვისებებით, ნიჭითა და უნარით, გამოცდილებითა და ინტერესებით; თქვენ აგრეთვე განსხვავდებით სულიერი მოწიფულობის თვალსაზრისითაც. თქვენ ისევე განსხვავდებით ერთმანეთისგან, როგორც ძველ ეგვიპტეში მცხოვრები ებრაელი ახალგაზრდები განსხვავდებოდნენ ახალგაზრდა მოსესგან. მოსეს უდიდესი პერსპექტივა ჰქონდა ცხოვრებაში; ის ხომ სამეფო კარზე ცხოვრობდა მაშინ, როცა სხვა ებრაელი ახალგაზრდები მონები იყვნენ (გამ. 1:13, 14; საქ. 7:21, 22). შენ მსგავსად, ისინიც ძალზე მნიშვნელოვან პერიოდში ცხოვრობდნენ (გამ. 19:4—6). თითოეულს შეეძლო თავად გადაეწყვიტა, რას მიუძღვნიდა თავის ცხოვრებას. იმ დროს მოსემ სწორი არჩევანი გააკეთა (წაიკითხეთ ებრაელების 11:24—27).

8. რა დაეხმარება იმ ახალგაზრდებს, რომლებიც მომავალზე ფიქრობენ?

8 ახალგაზრდებო, იეჰოვა თქვენ გვერდით დგას და გეხმარებათ, რომ სწორი გადაწყვეტილებები მიიღოთ ახალგაზრდობის წლებში. ის უხვად გაძლევთ რჩევებს იმ პრინციპების სახით, რომლებიც ძალზე დამხმარეა სხვადასხვა სიტუაციაში (ფსალმ. 32:8). ამასთანავე, თქვენს ღვთისმოშიშ მშობლებს და კრების უხუცესებსაც შეუძლიათ, დაგეხმარონ და აგიხსნან, თუ როგორ მისდიოთ ამ პრინციპებს (იგავ. 1:8, 9). მოდი შევეხოთ სამ ძირითად ბიბლიურ პრინციპს, რომლებიც სწორი და გონივრული არჩევნის გაკეთებაში დაგეხმარებათ; სწორად გაკეთებული არჩევანი კი მთელს თქვენს ცხოვრებაზე მოახდენს დადებით გავლენას.

სამი სახელმძღვანელო პრინციპი

9. ა) როგორ გვაფასებს იეჰოვა იმით, რომ მოგვცა არჩევნის თავისუფლება? ბ) რა შესაძლებლობებს გვაძლევს უპირველესად სამეფოს ძებნა?

9 „უპირველესად ეძებეთ სამეფო და მამის სიმართლე“ (წაიკითხეთ მათეს 6:19—21, 24—26, 31—34). იეჰოვა ჩვენ ძალიან დიდ პატივს გვცემს; ამის დასტურია ის, რომ არჩევნის თავისუფლებით დაგვაჯილდოვა. ის არ გვიდგენს ნორმებს, კონკრეტულად რამდენი უნდა ვიქადაგოთ. მაგრამ იესომ მოგვცა მეტად საჭირო პრინციპი. ეს პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ ღვთის მსახურებმა უპირველესად ღვთის სამეფო უნდა ეძებონ. თუ მიჰყვები ამ პრინციპს, უამრავი შესაძლებლობა მოგეცემა იმისა, რომ ღმერთს სიყვარული დაუმტკიცო; მოგეცემა აგრეთვე შესაძლებლობა, იზრუნო მოყვასზე და მადლიერება გამოხატო მარადიული სიცოცხლის უნიკალური იმედისთვის. ამიტომ, მოდი ერთ ასეთ შეკითხვაზე დაფიქრდი: თუ დაქორწინებაზე ან სამუშაოზე ფიქრობ, შენი არჩევანი ფიზიკურსა და მატერიალურზე ხომ არ გადაგატანინებს ყურადღებას? თუ პირიქით, შემართებას შეგძენს, რომ უფრო მეტად ეძებო ღვთის სამეფო და მამის სიმართლე?

10. ა) რატომ იყო იესო ბედნიერი? ბ) რა დაგეხმარება ბედნიერების მიღწევაში?

10 პოვე ბედნიერება სხვების დახმარებაში (წაიკითხეთ საქმეების 20:20, 21, 24, 35). იესომ გულთბილად მიგვითითა ამ მთავარ პრინციპზე. თავად ის უბედნიერესი პიროვნება იყო, რადგან ასრულებდა მამის ნებას და არა თავისას. ის ხარობდა, როცა ხედავდა, როგორ ისმენდნენ სასიხარულო ცნობას თვინიერი ადამიანები (ლუკ. 10:21; იოან. 4:34). ალბათ, შენთვისაც ნაცნობია ის გრძნობა, რაც სხვების დახმარებას სდევს თან. თუ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იესოს მიერ ნასწავლ პრინციპებზე დააფუძნებ, აუცილებლად იგრძნობ ბედნიერებას და იეჰოვასაც გააბედნიერებ (იგავ. 27:11).

11. რატომ დაკარგა ბარუქმა სიხარული და რა რჩევა მისცა მას იეჰოვამ?

11 იეჰოვას მსახურებას უდიდესი ბედნიერება ახლავს თან (იგავ. 16:20). როგორც ჩანს, ეს პრინციპი გამორჩა მხედველობიდან იერემიას მდივანს, ბარუქს. ერთი პერიოდი მან სიხარული დაკარგა იეჰოვას მსახურებაში. იეჰოვამ უთხრა მას: „შენ კი დიდ რამეს ეძებ შენთვის. ნუ ეძებ. უბედურებას დავატეხ ყოველ ხორციელს . . . შენ კი შენს სულს მოგცემ ნადავლად ყველგან, სადაც კი წახვალ“ (იერ. 45:3, 5). როგორ ფიქრობ, რა გახდიდა ბარუქს ბედნიერს, დიდი რამის ძებნა თუ გადარჩენა ღვთის ერთგულების სანაცვლოდ იერუსალიმის განადგურებისას? (იაკ. 1:12).

12. რომელმა არჩევანმა მოუტანა რამიროს ბედნიერება ცხოვრებაში?

12 რამირო გახლავთ ერთ-ერთი იმ ძმათაგანი, რომელთაც ცხოვრებაში ნამდვილი ბედნიერება პოვეს სხვების მომსახურებაში. ის ამბობს: „წარმოშობით ვარ ანდების მთებიდან. ვცხოვრობდი ერთ პატარა სოფელში. ჩვენს ოჯახს ძალიან უჭირდა. ერთხელ ჩემმა უფროსმა ძმამ მითხრა,  ოღონდ შენ უნივერსიტეტში ისწავლე და სწავლის ფულს მე გადაგიხდიო. ჩემს სიტუაციაში ეს იყო უდიდესი შანსი ცხოვრებაში. მაგრამ იმ დროს მე იეჰოვას მოწმე ვიყავი, თუმცა ახალი მონათლული და სხვა შემოთავაზებაც მქონდა: პიონერმა ძმამ საქადაგოდ თავისთან ერთად პატარა ქალაქში გადასვლა შემომთავაზა. მე ეს მეორე შემოთავაზება მივიღე, ჩავედი იმ ქალაქში ამ ძმასთან ერთად; თმის შეჭრა ვისწავლე და საპარიკმახერო გავხსენი, რომ თავის სარჩენი ფული მქონოდა. ბევრმა დაიწყო ბიბლიის შესწავლა, სიამოვნებით გვისმენდნენ და მადლობებს გვიხდიდნენ. ცოტა ხანში ახალი კრება ჩამოყალიბდა ჩემს მშობლიურ ენაზე და იქ დავიწყე სიარული. უკვე 10 წელია სრული დროით ვმსახურობ. ვერც ერთი პროფესია ვერ მომანიჭებდა ისეთ სიხარულს, როგორც ხალხის დახმარება. მე ხომ ხალხს მათ მშობლიურ ენაზე სასიხარულო ცნობას ვასწავლი?!“.

რამირო ბედნიერია, რომ ახალგაზრდობიდან ემსახურება იეჰოვას (იხილეთ მე-12 აბზაცი)

13. რატომ არის ახალგაზრდობა მშვენიერი პერიოდი იმისათვის, რომ სრულად ემსახურო ღმერთს?

13 გაიხარე იეჰოვას მსახურებით ახალგაზრდობაში (წაიკითხეთ ეკლესიასტეს 12:1). არ იქნება კარგი, თუ იფიქრებ, რომ ჯერ კარგ სამსახურს დაიწყებ და შემდეგ შეუდგები ღვთის მსახურებას. ახალგაზრდული წლები მშვენიერი დროა იმისთვის, რომ ბოლომდე დაიხარჯო იეჰოვას მსახურებაში. როგორც წესი, ახალგაზრდებს ოჯახში არა აქვთ ბევრი პასუხისმგებლობა, ჯანმრთელობაც ხელს უწყობთ და ახალგაზრდული ძალებიც მოსდევთ საიმისოდ, რომ რთულ დავალებებს შეეჭიდონ. შეკითხვა თქვენთან ახალგაზრდებო: რა გინდათ, რომ გააკეთოთ იეჰოვასთვის ახალგაზრდობის წლებში? პიონერობაზე ხომ არ ფიქრობთ? უცხოენოვან ტერიტორიაზე მსახურება ხომ არ გაქვთ მიზნად დასახული? ან შესაძლოა ხედავთ, რომ უფრო მეტის გაკეთება შეგიძლიათ თქვენსავე კრებაში. რა მიზანიც არ უნდა გქონდეთ ღვთის მსახურებაში, ფაქტი ერთია, ყველას გჭირდებათ საარსებო საშუალება, რომ თავი ირჩინოთ. დაფიქრდით: რამდენი დრო გჭირდებათ ამა თუ იმ საქმის შესასწავლად, რომელ სამუშაოს აირჩევთ?

 გამოიყენე ბიბლიური პრინციპები ბრძნული გადაწყვეტილებების მისაღებად

14. რაზე უნდა დაფიქრდეს ახალგაზრდა, როცა მომავალს გეგმავს?

14 ჩვენ განვიხილეთ სამი ბიბლიური პრინციპი, რომლებიც დაგეხმარება სამუშაოსთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. ცხადია, შენი სკოლის მასწავლებლებს გარკვეული წარმოდგენა აქვთ იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ სამსახურებზე უფრო მეტი მოთხოვნილებაა შენს ქვეყანაში. შესაძლოა არის თქვენს ქვეყანაში დასაქმების სააგენტოები, რომელთაც აქვთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ვაკანსიებია სხვადასხვა ფირმასა და დაწესებულებაში იმ ადგილას, სადაც შენ ცხოვრობ ან სადაც მსახურების გაგრძელებას აპირებ. ასეთი ინფორმაციები შესაძლოა სასარგებლო იყოს შენთვის, მაგრამ ნუ იჩქარებ, სიფრთხილეს თავი არ სტკივა. ხალხმა, რომელსაც არ უყვარს იეჰოვა, შეიძლება ქვეყნიერების სიყვარული ჩაგაწვეთოს გულში (1 იოან. 2:15—17). როცა უყურებ იმას, რასაც ქვეყნიერება გთავაზობს, შეიძლება გულმა ადვილად გაცდუნოს (წაიკითხეთ იგავების 14:15; იერ. 17:9).

15, 16. ვინ შეიძლება მოგცეს საუკეთესო რჩევები სამუშაოსთან დაკავშირებით?

15 ახლა, როცა იცი, რომელი სამუშაოა ხელმისაწვდომი, უკვე კარგი მრჩეველი გჭირდება (იგავ. 1:5). ვინ შეიძლება მოგცეს ბიბლიური რჩევები სამუშაოსთან დაკავშირებით? მოუსმინე იმ ხალხს, ვისაც უყვარს იეჰოვა, ვისაც უყვარხარ შენ, ვინც კარგად გიცნობს და კარგად იცის შენი სიტუაციაც. ისინი დაგეხმარებიან, გააანალიზო შენი მოტივები და დაფიქრდე, რისი ნიჭი და უნარი გაქვს. შესაძლოა მათმა სიტყვებმა სულ სხვა თვალით შეგახედოს საკუთარ მიზნებზე. აქვე უნდა ვთქვათ ის, რომ უდიდესი კურთხევაა, როცა ახალგაზრდას იეჰოვას მოყვარული მშობლები უდგანან მხარში. ამასთანავე, კრების უხუცესებიც, ეს სულიერად მოწიფული ადამიანებიც, კარგი მრჩევლები არიან ასეთ დროს. ნუ დაიზარებ, ესაუბრე ამ თემაზე პიონერებს, საოლქო და სარაიონო ზედამხედველებს. ჰკითხე, რატომ ემსახურებიან ღმერთს სრული დროით, რატომ დაისახეს ცხოვრებაში ეს მიზანი? როგორ დაიწყეს პიონერული მსახურება? როგორ აგვარებენ სამუშაოსთან დაკავშირებულ საკითხებს? რას გრძნობენ ახლა, რატომ არიან კმაყოფილები? (იგავ. 15:22).

16 იცი, ვინ მოგცემს გონივრულ რჩევას? ვინც მართლა კარგად გიცნობს. მაგალითისთვის: დავუშვათ იმის გამო, რომ სკოლაში რთულია სწავლა და ძალიან იღლები, მოგივიდა ასეთი აზრი, რომ გამოხვიდე სკოლიდან და პიონერული მსახურება დაიწყო. ადამიანი, რომელსაც უყვარხარ, ადვილად მიხვდება შენს მოტივებს და დაგეხმარება იმის გაანალიზებაში, რომ სკოლას შეუძლია გასწავლოს ერთი მეტად მნიშვნელოვანი რამ: იოლად არ ჩაიქნიო ხელი არაფერზე ცხოვრებაში. ეს თვისება ძალზე აუცილებელია იმისათვის, რომ იეჰოვას მთელი გულით ანთებულმა ემსახურო (ფსალმ. 141:5; იგავ. 6:6—10).

17. როგორი გადაწყვეტილებების მიღებას უნდა ვერიდოთ?

17 იეჰოვას ყველა მსახური შეხვდება სულიერ საფრთხეებს ცხოვრების გზაზე, რამაც შეიძლება ჩამოაშოროს ღმერთს (1 კორ. 15:33; კოლ. 2:8). ზოგიერთ სამუშაოზე ასეთი საფრთხეები მეტია, ზოგიერთზე — ნაკლები. იცნობ ისეთ ქრისტიანებს, რომელთაც არასწორად აირჩიეს სამუშაო და „რწმენა ხომალდივით დაემსხვრათ“? (1 ტიმ. 1:19). ნამდვილად ჭკვიანურად მოიქცევი, თუ მოერიდები ისეთ სამუშაოს, რომელიც ცუდად იმოქმედებს შენს ღმერთთან ურთიერთობაზე (იგავ. 22:3).

გიხაროდეს, რომ ახალგაზრდა ქრისტიანი ხარ

18, 19. რა უნდა გააკეთოს მან, ვისაც არა აქვს იეჰოვას მსახურების მაინცდამაინც დიდი სურვილი?

18 თუ გულში იეჰოვას მსახურების დაუცხრომელი სურვილი გაქვს, გიხაროდეს, რადგან შენს ასაკში ამას უამრავი შესაძლებლობა სდევს თან. ყოველთვის მიიღე ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც სიხარულს განგაცდევინებს იეჰოვას მსახურებაში ამ მეტად მნიშვნელოვან დროში (ფსალმ. 148:12, 13).

19 მაგრამ, თუ მეორე მხრიდან შევხედავთ ამ საკითხს, რა შეიძლება გააკეთო იმ შემთხვევაში, თუ ჯერ არა გაქვს იეჰოვას მსახურების მაინცდამაინც დიდი სურვილი? სტიმულს ნუ დაკარგავ, განუწყვეტლივ ეცადე, გაიძლიერო რწმენა! მოციქული პავლე საუბრობდა იმაზე, თუ რას აკეთებდა იმისათვის, რომ ღვთისგან კურთხეული გზით ევლო: „ვინც კი ჩვენ შორის მოწიფულია, ასე ვიაზროვნოთ, და თუ თქვენი აზროვნება სხვა კუთხით იხრება, ღმერთი დაგანახვებთ სწორ აზროვნებას. რაც არ უნდა იყოს, რასაც მივაღწიეთ, ისევე ვიაროთ“ (ფილ. 3:15, 16). ახალგაზრდებო, იფიქრეთ, როგორი მოსიყვარულეა ღმერთი და როგორი ბრძნულია მისი რჩევები. გახსოვდეთ, მასზე უკეთესად ვერავინ დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში!