წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) იანვარი 2014

ჩემი ბავშვობის არჩევანი

ჩემი ბავშვობის არჩევანი

ბავშვობაში

1985 წელს კამბოჯადან კოლუმბუსში (ოჰაიო, აშშ) ჩემს სკოლაში ბავშვები ჩამოვიდნენ სასწავლებლად. მაშინ მე ათი წლისა ვიყავი. ამ ბავშვებიდან ერთ-ერთი ბიჭი დამტვრეული ინგლისურით საუბრობდა. მაჩვენებდა სურათებს და მიყვებოდა წამების, მკვლელობისა და გაქცევის საშინელ ისტორიებს. ღამღამობით, როცა ამ ბავშვებზე ვფიქრობდი, ვტიროდი ხოლმე. ძალიან მინდოდა, მათთვის სამოთხისა და მკვდრეთით აღდგომის შესახებ მომეთხრო, მაგრამ სამწუხაროდ მათი ენა არ ვიცოდი და ვერაფერს ვაგებინებდი. მართალია, მაშინ პატარა ბიჭი ვიყავი, მაგრამ გადავწყვიტე, მესწავლა კამბოჯური, რომ მათთვის იეჰოვას შესახებ მომეყოლა. იმ დროს ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ბავშვობის არჩევანი მთლიანად შეცვლიდა ჩემს ცხოვრებას.

კამბოჯური ენის სწავლა ნამდვილად არ იყო იოლი. ორჯერ ხელიც კი ჩავიქნიე სწავლაზე, მაგრამ იეჰოვამ მშობლების დახმარებით გამამხნევა. გავიდა დრო; ჩემი სკოლის მასწავლებლებმა და თანაკლასელებმა ჩიჩინი დამიწყეს, რომ მეზრუნა კარიერის შექმნაზე. მაგრამ მე სრული დროით მსახურება მსურდა და გადავწყვიტე, კოლეჯში მესწავლა, რომ მომავალში ნახევარ განაკვეთზე მემუშავა, რათა დასახული მიზნისთვის მიმეღწია. გაკვეთილების შემდეგ პიონერებთან ერთად ვქადაგებდი ხოლმე. ამასთანავე, ინგლისურში ვამზადებდი მოსწავლეებს, რაც მოგვიანებით ძალიან გამომადგა.

16 წლისა ვიყავი, როცა გავიგე, რომ ლონგ-ბიჩში (კალიფორნია, აშშ) კამბოჯური ჯგუფი ყოფილა. წავედი და მოვინახულე ეს ჯგუფი; ჩავედი თუ არა კამბოჯური ენის სწავლას შევუდექი. როგორც კი სკოლა დავამთავრე, პიონერობა დავიწყე და ვქადაგებდი ჩემს სახლთან ახლოს მცხოვრებ კამბოჯელებთან. 18 წლისა უკვე კამბოჯაში გადასვლაზე ვფიქრობდი. მართალია, იმ დროს იქ ჯერ კიდევ არ იყო სტაბილური ვითარება, მაგრამ მოსვენებას არ მაძლევდა იმაზე ფიქრი, რომ იქ მცხოვრები ათი მილიონი ადამიანიდან მხოლოდ ცოტას ჰქონდა მოსმენილი სასიხარულო ცნობა. მაშინ იქ მხოლოდ ერთი კრება იყო, რომელშიც 13 მაუწყებელი მსახურობდა. პირველად კამბოჯაში 19 წლის ასაკში ჩავედი. ორი წლის შემდეგ გადავედი იქ საცხოვრებლად. ცოტა ხანში მუშაობა დავიწყე ნახევარ განაკვეთზე — ვთარგმნიდი და ვასწავლიდი ინგლისურ ენას. ასეთი სამსახურის წყალობით თავიც გამქონდა და ვქადაგებდი კიდეც. მოგვიანებით ცოლიც შევირთე; მასაც ჩემნაირი მიზნები ჰქონდა. დღეს ჩვენ ორივეს ძალიან გვსიამოვნებს, რომ უამრავ კამბოჯელს ვეხმარებით იეჰოვას გაცნობაში.

იეჰოვამ შემისრულა „გულის წადილი“ (ფსალმ. 37:4). მოწაფეების მომზადებას უდიდესი კმაყოფილება მოაქვს, რასაც ნამდვილად ვერ შეედრება ვერც ერთი პროფესია. 16 წელია უკვე, რაც კამბოჯაში ვმსახურობ; სასიხარულოა იმის დანახვა, რომ 20 მაუწყებლისგან შემდგარი პატარა კრება ისე გაიზარდა, რომ დღეს 12 კრება და 4 ჯგუფია ამ ქვეყანაში (მოგვითხრო ჯეისონ ბლეკველმა).