წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) იანვარი 2014

ემსახურეთ იეჰოვას, ვიდრე დაგიდგებათ დამამწუხრებელი დღეები

ემსახურეთ იეჰოვას, ვიდრე დაგიდგებათ დამამწუხრებელი დღეები

„გახსოვდეს შენი დიდებული შემოქმედი“ (ეკლ. 12:1).

1, 2. ა) რა რჩევა მისცა სოლომონმა ახალგაზრდებს ღვთისგან შთაგონებით? ბ) რატომ არის საყურადღებო სოლომონის რჩევა შუახნისა და ასაკოვანი ქრისტიანებისთვისაც?

„გახსოვდეს შენი დიდებული შემოქმედი შენს სიჭაბუკეში, სანამ დაგიდგებოდეს დამამწუხრებელი დღეები“, — ეს არის ღვთის ნებით წარმოთქმული მეფე სოლომონის სიტყვები ახალგაზრდების მიმართ. რას გულისხმობდა სოლომონი „დამამწუხრებელ დღეებში“? მან პოეტური ენით აღწერა ის პრობლემები და სირთულეები, რაც ასაკს სდევს თან: ხელების კანკალი, დაუძლურებული ფეხები, თვალის ჩინის დაქვეითება, კბილების ცვენა, დაქვეითებული სმენა, თეთრი თმა და მოხრილი, მოკაკული სხეული. დიახ, თავშივე შეგვიძლია ვთქვათ ერთი რამ: ნურავინ დაელოდებით ამ მართლაც დამამწუხრებელ დღეებს, მანამდე შეუდექით იეჰოვას მსახურებას! (წაიკითხეთ ეკლესიასტეს 12:1—5).

2 ბევრ ქრისტიანს, რომელთაც უკვე გადააბიჯეს ნახევარ საუკუნეს, ჯერ ისევ ერჩის მუხლი და ჯერ ისევ მოსდევს ჯანი. შეიძლება თმაში ჭაღარა შეჰპარვიათ, მაგრამ სოლომონის სიტყვები მათთვის ჯერ ნაადრევია. შეუძლიათ ამ ქრისტიანებს გამოიყენონ ახალგაზრდებისთვის  ნათქვამი სოლომონის სიტყვები, „გახსოვდეს შენი დიდებული შემოქმედი“? რას შეიძლება ნიშნავდეს ეს მათთვის?

3. რას ნიშნავს, გვახსოვდეს ჩვენი დიდებული შემოქმედი?

3 მნიშვნელობა არა აქვს, რამდენი წელიც არ უნდა ემსახურებოდეთ ღმერთს, ხანდახან კარგია, თუ გაჩერდებით და დაფიქრდებით, რამდენად დიდებულია ჩვენი შემოქმედი. დიახ, სიცოცხლე მართლაც საოცარი საჩუქარია მისგან! არც ერთ ადამიანს არ შეუძლია, ჩასწვდეს იმ რთულ პროცესს, რასაც სიცოცხლის წარმოშობა და განვითარება ჰქვია. იეჰოვას საქმეები იმდენად მრავალფეროვანი და უკიდეგანოა, რომ აურაცხელი მიზეზი გვაქვს სიცოცხლით ტკბობისა. როცა იეჰოვას შექმნილ სამყაროზე ვფიქრობთ, ვიახლებთ მისი სიყვარულის, სიბრძნისა და ძლიერებისადმი მადლიერებისა და პატივისცემის გრძნობას (ფსალმ. 143:5). თუმცა სიტყვები, „გახსოვდეს შენი დიდებული შემოქმედი“, იმასაც ნიშნავს, რომ ვიფიქროთ ჩვენს პასუხისმგებლობებზე მის წინაშე. ამგვარი ფიქრი გვაძლევს უდიდეს სტიმულს, რომ სიცოცხლის ბოლომდე ვემსახუროთ ჩვენს გამჩენს და ამით გამოვხატოთ მადლიერება მისადმი (ეკლ. 12:13).

ბრწყინვალე შესაძლებლობები ასაკში

4. რა კითხვა უნდა დაუსვან გამოცდილმა ქრისტიანებმა საკუთარ თავს და რატომ?

4 გამოცდილმა ქრისტიანებმა შეიძლება თავიანთ თავს ასეთი კითხვა დაუსვან: რის გაკეთება შემიძლია ცხოვრებაში, სანამ ჯერ კიდევ მერჩის ძალა? თქვენ, როგორც გამოცდილ ქრისტიანებს, ბევრი რამ გაქვთ ისეთი, რაც არა აქვთ სხვებს. თქვენ გაქვთ დიდი ცოდნა, ცოდნა რომელიც იეჰოვასგან მიიღეთ და შეგიძლიათ გადასცეთ ეს ახალგაზრდებს. როგორც ღვთის მსახურს, ძალიან ბევრი სასიამოვნო შემთხვევა გექნებათ მოსაყოლი ცხოვრებაში; იცოდეთ, ეს შემთხვევები გააძლიერებს და გაამხნევებს მათ. მეფე დავითი ლოცულობდა და სთხოვდა ღმერთს: „ღმერთო, სიჭაბუკიდანვე მასწავლი . . . ნუ მიმატოვებ თვით სიბერემდე და გაჭაღარავებამდე, ღმერთო, სანამ არ ვუამბობ შენი მკლავის შესახებ მომავალ თაობას და შენი ძლიერების შესახებ ყველას, ვინც მოვა“ (ფსალმ. 71:17, 18).

5. როგორ შეუძლიათ ასაკოვან ქრისტიანებს, ასწავლონ სხვებს ის, რაც თავის დროზე თვითონ ისწავლეს?

5 ხანდაზმულო ქრისტიანებო, როგორ შეგიძლიათ წლების მანძილზე დაგროვილი სიბრძნე სხვებსაც გაუზიაროთ? ახალგაზრდებს სთხოვეთ, მოვიდნენ თქვენთან სახლში და ისაუბრეთ გამამხნევებელ თემებზე. წაიყვანეთ მსახურებაში და აჩვენეთ, რა დიდი სიხარულია იეჰოვას მსახურება. საუკუნეების წინათ ელიჰუმ ასეთი რამ თქვა: „დღეებმა თვითონ ილაპარაკონ და წელთა სიმრავლემ გააცხადოს-მეთქი სიბრძნე“ (იობ. 32:7). მოციქულმა პავლემაც სთხოვა გამოცდილ ქრისტიან ქალებს, სიტყვით და საქმით გაემხნევებინათ სხვები. მან დაწერა: „ხანში შესული ქალებიც . . . [იყვნენ] კარგის მასწავლებლები“ (ტიტ. 2:3).

იფიქრეთ, რა შეგიძლიათ გააკეთოთ სხვებისთვის

6. რატომ უნდა შეაფასონ გამოცდილმა ქრისტიანებმა თავიანთი შესაძლებლობები სათანადოდ?

6 გამოცდილ ქრისტიანებს დიდი პოტენციალი აქვთ. აბა წამით დაფიქრდით, რამდენად მეტი იცით ახლა, ვიდრე 30-40 წლის წინ იცოდით. მოდი ჩამოვთვალოთ: შეგიძლიათ ბიბლიური პრინციპების კარგად და დახელოვნებულად გამოყენება; შეგიძლიათ, ბიბლიური ჭეშმარიტება ადამიანის გულამდე მიიტანოთ; თუ უხუცესი ხართ, იცით, როგორ დაეხმაროთ დას ან ძმას, რომელმაც არასწორი ნაბიჯი გადადგა (გალ. 6:1). ისიც გეცოდინებათ, როგორ უხელმძღვანელოთ კრების საქმეებს, კონგრესებთან და სამეფო დარბაზების მშენებლობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საქმეს. გეცოდინებათ ისიც, როგორ დაელაპარაკოთ ექიმს, როცა საქმე სისხლის გადასხმაზე მიდგება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სულ ახლახან გაიგეთ ჭეშმარიტება, მეტად საჭირო და ძვირფასი ცხოვრებისეული გამოცდილება ხომ მაინც გაქვთ დაგროვილი? შეიძლება შვილების პატრონი ხართ; ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ უდიდეს პრაქტიკულ ცოდნას ფლობთ. დიახ, ჩვენი ასაკოვანი და-ძმები იეჰოვას ხალხისთვის გამხნევების უდიდეს წყაროს წარმოადგენენ; მათ ხუთიანზე იციან, როგორ ასწავლონ, უხელმძღვანელონ და გააძლიერონ დები და ძმები (წაიკითხეთ იობის 12:12).

7. როგორ შეუძლიათ ასწავლონ ასაკოვანმა ქრისტიანებმა ახალგაზრდებს?

 7 როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი პოტენციალი უფრო სრულად? შეგიძლიათ ასწავლოთ ახალგაზრდა ქრისტიანებს, როგორ დაიწყონ და როგორ ჩაატარონ ბიბლიის შესწავლები. დებო, შეგიძლიათ ახალგაზრდა დედებს მისცეთ ძვირფასი რჩევები და აუხსნათ, როგორ იზრუნონ თავიანთ პატარებზე ისე, რომ არ ჩამორჩნენ სულიერ საქმეებს? ძმებო, შეგიძლიათ ასწავლოთ ახალგაზრდა ძმებს, როგორ გადმოსცენ უფრო ცოცხლად თავიანთი თემები და როგორ გახდნენ უფრო კარგი მქადაგებლები? შეგიძლიათ საკუთარი მაგალითით აჩვენოთ ახალგაზრდებს, როგორ აკითხავთ სახლში ხანში შესულ და-ძმებს და როგორ ამხნევებთ სულიერად? ასე რომ, თუ ღონე უწინდელივით აღარ მოგდევთ, იმას არ ნიშნავს, რომ აღარ შეგიძლიათ სხვების დახმარება; სინამდვილეში თქვენ ამის საკმაოდ ბევრი შესაძლებლობა გაქვთ. ღვთის სიტყვა გვეუბნება: „ჭაბუკთა მშვენება მათი ძალაა, მოხუცებულთა სიდიადე კი — ჭაღარა“ (იგავ. 20:29).

მსახურება იქ, სადაც ამის უფრო მეტი საჭიროებაა

8. როგორ წარმართა პავლემ თავისი ცხოვრება მას შემდეგ, რაც ასაკში შევიდა?

8 მოციქული პავლე სრულად იყენებდა თავის პოტენციალს, მაშინაც კი, როცა უკვე ასაკში იყო შესული. მან წლები გაატარა საკმაოდ რთულ და დამღლელ მისიონერულ მსახურებაში; ამიტომ დაახლოებით ახ. წ. 61 წელს, როცა ის რომის ციხიდან გაათავისუფლეს, თავისუფლად შეეძლო, რომში დარჩენილიყო — იქ ეცხოვრა და ექადაგა (2 კორ. 11:23—27). რა თქმა უნდა, ამ უზარმაზარ ქალაქში მცხოვრები და-ძმები მის მხარდაჭერას აუცილებლად დააფასებდნენ. მაგრამ პავლე ხედავდა, რომ სხვა ქვეყნებში გაცილებით მეტი საჭიროება იყო. ტიმოთესთან და ტიტესთან ერთად განაგრძო მისიონერული მსახურება. ჩავიდა ეფესოში, გადავიდა კრეტაზე და სავარაუდოდ მაკედონიასაც ეწვია (1 ტიმ. 1:3; ტიტ. 1:5). დანამდვილებით არ ვიცით, ჩავიდა თუ არა ესპანეთში, მაგრამ მისი სიტყვებიდან ჩანს, რომ გეგმავდა (რომ. 15:24, 28).

9. სავარაუდოდ როდის გადავიდა პეტრე მსახურებისთვის იმ ტერიტორიაზე, სადაც დიდი საჭიროება იყო? (იხილეთ სურათი 22-ე გვერდზე)

9 პეტრე მოციქული სავარაუდოდ 50-ს იყო გადაცილებული, როცა ისეთ მხარეში გადავიდა საქადაგოდ, სადაც დიდი მოთხოვნილება იყო. საიდან ვხვდებით მის ასაკს? თუ ის დაახლოებით იესოს ასაკის ან ცოტათი უფროსი იყო, მაშინ გამოდის, რომ ახ. წ. 49 წლისთვის, როცა ის სხვა მოციქულებს შეხვდა იერუსალიმში, დაახლოებით 50 წლისა უნდა ყოფილიყო (საქ. 15:7). ამ შეხვედრიდან ცოტა ხანში, პეტრე ბაბილონში გადავიდა საცხოვრებლად. ეჭვი არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ მისი გადასვლის მიზეზი ამ მხარეში მცხოვრები უამრავი იუდეველისთვის ქადაგება იყო (გალ. 2:9). მან თავისი პირველი ღვთივშთაგონებული წერილი იქ დაწერა დაახლოებით ახ. წ. 62 წელს (1 პეტ. 5:13). უცხო მიწაზე ცხოვრება არ იქნებოდა ადვილი, მაგრამ პეტრემ, ასე ვთქვათ, არ დართო თავის ასაკს იმის ნება, რომ სიხარული დაეკარგვინებინა მისთვის იეჰოვას მსახურებაში.

10, 11. ასაკში შესვლის შემდეგ როგორ გადავიდა ზოგიერთი იმ ტერიტორიაზე, სადაც დიდი საჭიროება იყო?

10 რა ხდება დღეს? დღესაც ბევრი 50-ს გადაცილებული ქრისტიანი ეძებს ახალ-ახალ გზებს იეჰოვას მსახურებისთვის მას შემდეგ, რაც ეცვლებათ მდგომარეობა ცხოვრებაში. ზოგიერთი გადავიდა იქ, სადაც მეტი მოთხოვნილება იყო. მაგალითად, რობერტი ასეთ რამეს წერს: „მე და ჩემი ცოლი 50-ს ვიყავით გადაცილებულები, როცა მივხვდით, რა შესანიშნავი შესაძლებლობები გველოდა წინ. მშობლები უკვე აღარ გვყავდა ცოცხალი. ჩვენი შვილიც უკვე ცალკე ცხოვრობდა; მემკვიდრეობით პატარა თანხაც გვქონდა მიღებული. ერთხელ დავჯექი და დავითვალე, რომ თუ სახლს გავყიდდით, სახლისთვის აღებულ ბანკის ვალსაც გავისტუმრებდით და ფული საპენსიო ასაკამდეც გვეყოფოდა. გავიგეთ, რომ ბოლივიაში ჩვენს და-ძმებს ბევრი ბიბლიის შესწავლები ჰქონდათ და თანაც იქ ცხოვრება შედარებით იაფი იყო, ვიდრე ჩვენთან, ჩრდილოეთ ამერიკაში. ასე რომ, ავდექით და გადავედით ბოლივიაში. ახალ სახლთან შეგუება ცოტა გაგვიჭირდა; ყველაფერი განსხვავებული იყო. მაგრამ ჩვენი ძალისხმევა საოცრად დაფასდა“.

 11 რობერტი აგრძელებს: „მთელი ჩვენი ცხოვრება კრების საქმეების ირგვლივ ტრიალებს. ზოგი, ვისაც ბიბლიას ვასწავლიდით, უკვე მოინათლა. მახსოვს, ერთ გაჭირვებულ ოჯახს ვასწავლიდით ბიბლიას, რომელიც ქალაქიდან რამდენიმე კილომეტრში, სოფელში ცხოვრობდა. ოჯახის წევრები ყოველკვირა ჩამოდიოდნენ ქალაქში კრებაზე, მიუხედავად იმისა, რომ მგზავრობა არ იყო იოლი. სიხარულით ვფრინავდით, როცა ვხედავდით ამ ოჯახის სულიერ წინსვლებს; უფროსმა ბიჭმა პიონერული მსახურებაც კი დაიწყო“.

მქადაგებლების საჭიროება უცხოენოვან ტერიტორიაზე

12, 13. მოიყვანეთ აბზაცში მოცემული შემთხვევა.

12 უცხოენოვან კრებებსა და ჯგუფებში დიდი წვლილი შეაქვთ ასაკოვან დებსა და ძმებს. სხვათა შორის, უცხოენოვან ტერიტორიაზე ქადაგება ძალიან საინტერესო და სასიამოვნოა. ბრიტანელი ბრაიანი ამბობს: „65 წლის ასაკში, როცა პენსიაზე გავედი, რაღაცნაირად ცხოვრება მოსაწყენი გახდა ჩემთვისაც და ჩემი მეუღლისთვისაც. შვილები იმ დროს უკვე ცალკე ცხოვრობდნენ. ვქადაგებდით, მაგრამ ათასში ერთი თუ იწყებდა ბიბლიის შესწავლას. ერთხელ შევხვდი ერთ ახალგაზრდა ჩინელ მამაკაცს, რომელიც კვლევებს ატარებდა ადგილობრივ უნივერსიტეტში. ველაპარაკე და კრებაზე დავპატიჟე. შესწავლა დაიწყო. ორი-სამი კვირის შემდეგ კრებებზე თავის თანამშრომელთან ერთად დაიწყო სიარული. ეს თანამშრომელიც ჩინელი იყო. გავიდა კიდევ ორი კვირა და მესამე თანამშრომელიც მოიყვანა კრებაზე, ბოლოს — მეოთხეც.

13 აი, მეხუთე ჩინელმა მკვლევარმაც რომ მითხრა, ბიბლია შემასწავლეო, მაშინ კი დავფიქრდი. ვთქვი ჩემთვის: სამსახურიდან თუ წამოვედი და პენსიაზე გავედი, იმას ხომ არ ნიშნავს, რომ იეჰოვას მსახურებიდანაც პენსიაზე უნდა გავიდე-მეთქი. ავდექი და ცოლს ვკითხე, გინდა, ჩინური ვისწავლოთ-მეთქი? მეუღლე ორი წლით პატარაა ჩემზე. დავიწყეთ ჩინური გაკვეთილების ჩანაწერების მოსმენა. მე ახლა გიყვებით 10 წლის ამბავს. მას მერე ჩინურენოვან ტერიტორიაზე ვქადაგებთ. თითქოს ახალგაზრდობა დაგვიბრუნდაო, ისე ვართ. დღემდე 112 ჩინელს შევასწავლეთ ბიბლიური ჭეშმარიტება. უმეტესობა დადის კრებებზე. ერთ-ერთი მათგანი პიონერად მსახურობს ჩვენს კრებაში“.

დაფიქრდით, ხომ არ შეგიძლიათ მსახურების გაფართოება (იხილეთ მე-12 და მე-13 აბზაცები)

აკეთე, რაც შეგიძლია და გაიხარე!

14. რატომ უნდა იყვნენ ასაკოვანი ქრისტიანები ბედნიერები და როგორ ამხნევებს მათ პავლეს მაგალითი?

14 მართალია, ბევრ 50-55 წლის ქრისტიანს  აქვს შესაძლებლობა, ახალ-ახალი გზები გამონახოს ღვთის მსახურებაში, მაგრამ ყველას არ უწყობს ხელს სიტუაცია და პირობები. ზოგს სუსტი ჯანმრთელობა აქვს, ზოგი შვილებს უვლის, ზოგიც — ხანდაზმულ მშობლებს. ასეა თუ ისე, ერთი რამ იცოდეთ და ყოველთვის გახსოვდეთ: იეჰოვა პატივს სცემს თქვენს გაკეთებულ საქმეს, რამდენიც არ უნდა იყოს ის! ასე რომ, დაანებეთ თავი იმაზე ნერვიულობას, რის გაკეთებაც არ შეგიძლიათ, იფიქრეთ იმაზე, რის გაკეთებაც შეგიძლიათ და გაიხარეთ! გახსოვდეთ პავლე მოციქულის მაგალითი. წლების განმავლობაში ის შინაპატიმრობაში იყო და არ შეეძლო მისიონერული მსახურების გაგრძელება. მაგრამ ყველას, ვინც მიდიოდა მასთან, ელაპარაკებოდა წმინდა წერილებიდან და რწმენას უძლიერებდა (საქ. 28:16, 30, 31).

15. რატომ არიან ხნიერი ქრისტიანები უაღრესად ძვირფასები?

15 იეჰოვა არანაკლებ აფასებს იმას, რასაც ხნიერი და-ძმები აკეთებენ. მართალია, სოლომონმა თქვა, რომ „დამამწუხრებელი დღეები“ არ არის ცხოვრების საუკეთესო ეტაპი, მაგრამ ერთი რამ ფაქტია: იეჰოვასთვის უაღრესად ძვირფასნი არიან ხნიერი ქრისტიანები იმისთვის, რასაც ისინი აკეთებენ მის განსადიდებლად (ლუკ. 21:2—4). კრების წევრები უზომოდ აფასებენ იმ ერთგულ და-ძმებს, რომლებიც წლების განმავლობაში მათ გვერდით არიან ღვთის მსახურთა რიგებში.

16. სავარაუდოდ რის შესაძლებლობა არ მიეცა ხანში შესულ ანას, მაგრამ რას აკეთებდა ის ღვთის თაყვანსაცემად?

16 ბიბლიის ფურცლებიდან ვიგებთ, რომ ხანში შესული ქალი, სახელად ანა, ერთგულად ადიდებდა იეჰოვას სახელს, მიუხედავად თავისი ასაკისა. იესოს დაბადების პერიოდში ეს ქვრივი ქალი უკვე 84 წლისა იყო. ალბათ, იმდენ ხანს ვეღარ იცოცხლებდა, რომ იესოს მიმდევარი და წმინდა სულით ცხებული ქრისტიანი გამხდარიყო; ვერც სასიხარულო ცნობის ქადაგებით განცდილ სიამოვნებას მიიღებდა. მაგრამ ანას რაც შეეძლო, იმას აკეთებდა და ხარობდა ამით. ბიბლიაში წერია, რომ ის „ტაძარს არ შორდებოდა და დღედაღამ . . . ასრულებდა წმინდა მსახურებას“ (ლუკ. 2:36, 37). როცა მღვდელი ყოველ დილა-საღამოს საკმეველს აკმევდა ტაძარში, ანა ტაძრის ეზოში იდგა ხალხში და ჩუმად ლოცულობდა დაახლოებით ნახევარი საათი. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ როცა მან პატარა იესო დაინახა, მის შესახებ დაუწყო ლაპარაკი მათ, ვინც იერუსალიმის ხსნას ელოდა (ლუკ. 2:38).

17. როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ ხნიერ და სუსტი ჯანმრთელობის მქონე და-ძმებს, ჩაებან ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში?

17 ყურადღებიანები უნდა ვიყოთ ასაკოვანი და სუსტი ჯანმრთელობის მქონე ქრისტიანების მიმართ. ზოგიერთი ჩვენი და-ძმა ვერ ახერხებს ხშირად კრებაზე დასწრებას, მიუხედავად იმისა, რომ დიდი სურვილი აქვს. ზოგ ქვეყანაში კრებები ორგანიზებას უწევენ იმას, რომ ხანდაზმულმა და-ძმებმა ტელეფონით მოისმინონ კრების პროგრამა. მაგრამ ყველგან არ არის ამის შესაძლებლობა. თუმცა იმ ქრისტიანებს, რომლებიც კრების შეხვედრებს ვერ ესწრებიან, მაინც შეუძლიათ თავიანთი წვლილის შეტანა ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში. მაგალითად, მათი ლოცვები ქრისტიანული კრების წინსვლასა და წარმატებას შეუწყობს ხელს (წაიკითხეთ ფსალმუნის 92:13, 14).

18, 19. ა) რატომ შეიძლება გაუჭირდეთ ხანდაზმულ ქრისტიანებს იმის წარმოდგენა, თუ როგორ შეუძლიათ მათ სხვების გამხნევება? ბ) ვის შეუძლია გამოიყენოს შემდეგი რჩევა: „გახსოვდეს შენი დიდებული შემოქმედი“?

18 ხანდაზმულმა ქრისტიანებმა შეიძლება ვერც კი წარმოიდგინონ, თუ როგორ შეუძლიათ სხვების გამხნევება. მაგალითად, ანა წლების განმავლობაში ერთგულად მსახურობდა ტაძარში, მაგრამ ალბათ ვერასოდეს იფიქრებდა იმას, რომ მისი მაგალითი საუკუნეების შემდეგ სხვების გამხნევების წყაროდ იქცეოდა. მას ძალიან უყვარდა იეჰოვა და ამის შესახებ საღვთო წერილი გვატყობინებს. ძვირფასო ხანდაზმულებო, თქვენი ღვთისადმი სიყვარული თანაქრისტიანებს შეუმჩნეველი არ რჩებათ და მუდამ ახსოვთ! ამიტომ გასაკვირი არა არის, თუ რატომ წერია თქვენზე ბიბლიაში შემდეგი სიტყვები: „ჭაღარა სილამაზის გვირგვინია, როცა სიმართლის გზაზე იპოვება“ (იგავ. 16:31).

19 ცხადია, იეჰოვას მსახურებაში ყველას ყველაფრის კეთება არ შეგვიძლია. მაგრამ მოდი ყველამ, ვისაც ჯერ კიდევ მოგვდევს ჯანი და მუხლიც გვერჩის, გულსა და გონებაში ჩავიბეჭდოთ ეს ღვთიური სიტყვები: „გახსოვდეს შენი დიდებული შემოქმედი . . . სანამ დაგიდგებოდეს დამამწუხრებელი დღეები“ (ეკლ. 12:1).