არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა)  |  დეკემბერი 2013

„ნაჩქარევად არ შეიძრას თქვენი გონება“

„ნაჩქარევად არ შეიძრას თქვენი გონება“

„ძმებო . . . გთხოვთ, ნაჩქარევად არ შეიძრას თქვენი გონება“ (2 თეს. 2:1, 2).

1, 2. რატომ არის სიცრუე ასე გავრცელებული დღეს და როგორ ვრცელდება ის? (იხილეთ სურათი მე-6 გვერდზე)

დღევანდელი ქვეყნიერება სიცრუისა და თაღლითობის მორევშია ჩაძირული. და ეს არც არის გასაკვირი, რადგან ბიბლია ნათლად და ცალსახად ამბობს, რომ სატანა ეშმაკი ჩამოყალიბებული მატყუარა და ქვეყნიერების მმართველია (1 ტიმ. 2:14; 1 იოან. 5:19). რაც უფრო ვუახლოვდებით ამ ბოროტი ქვეყნიერების აღსასრულს, სატანის რისხვა მით უფრო მატულობს, „რადგან იცის, რომ დრო ცოტაღა დარჩა“ (გამოცხ. 12:12). აქედან გამომდინარე, მის გავლენაში მოქცეული ადამიანები უფრო და უფრო მეტად ხდებიან ორპირები და ორგულები. ასეთი ადამიანები განსაკუთრებით ღვთის მსახურთა შეცდომაში შეყვანას ცდილობენ.

2 ზოგჯერ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით იეჰოვას მსახურებისა და მათი მრწამსის შესახებ მცდარი განცხადებები და აშკარა სიცრუე ვრცელდება. გაზეთების სათაურები, სატელევიზიო გადაცემები და ინტერნეტ ვებ-გვერდები ხშირად პროპაგანდას უწევენ იმას, რაც აშკარად არ შეესაბამება ჭეშმარიტებას. ამ ყოველივეს შედეგი კი ისაა, რომ ხალხი დაბნეულია და ადვილად იჯერებს ამგვარ სიცრუეს.

3. რა გვეხმარება, რომ არ მოვტყუვდეთ?

3 ღვთის სიტყვა, რომელიც „სასარგებლოა . . . გამოსასწორებლად“, გვეხმარება, რომ ჩვენი მტრის გამანადგურებელმა ტაქტიკამ არ შეგვიყვანოს შეცდომაში (2 ტიმ. 3:16). პავლე მოციქულის წერილებიდან ერთი საყურადღებო რამ იკვეთება, კერძოდ ის, რომ პირველ საუკუნეში ზოგი თესალონიკელი ქრისტიანი შეცდომაში იყო შესული და იჯერებდა სიცრუეს. მოციქული მოუწოდებდა მათ: „ნაჩქარევად არ შეიძრას თქვენი გონება“ (2 თეს. 2:1, 2). რას ვსწავლობთ პავლეს სიყვარულით მიცემული ამ შეგონებიდან?

დროული გაფრთხილებები

4. რა გაფრთხილება მიეცათ თესალონიკელ ქრისტიანებს „იეჰოვას დღის“ მოახლოებასთან დაკავშირებით და რა გაფრთხილებებს ვიღებთ ჩვენ?

4 თესალონიკელების მიმართ მიწერილ პირველ წერილში პავლემ ყურადღება გაამახვილა „იეჰოვას დღის“ მოახლოებაზე.  მას არ სურდა, რომ ძმები სიბნელეში ყოფილიყვნენ და მოუმზადებელნი შეხვედროდნენ ამ დღეს. მან თანაქრისტიანებს, როგორც „სინათლის ძეებს“ მოუწოდა, რომ ეღვიძათ და ეფხიზლათ (წაიკითხეთ 1 თესალონიკელების 5:1—6 ). დღეს ჩვენ დიდი ბაბილონის, ცრუ რელიგიის მსოფლიო მპყრობლის განადგურებას ველოდებით და ვიცით, რომ ეს მოვლენა იეჰოვას დიდი დღის დაწყების ნიშანი იქნება. საბედნიეროდ, დღეს უფრო უკეთ გვესმის, როგორ განხორციელდება იეჰოვას განზრახვა. აგრეთვე კრების შეხვედრების მეშვეობით გამუდმებით ვიღებთ დროულ გაფრთხილებებს, რომლებიც სიფხიზლის შენარჩუნებაში გვეხმარება. თუ ყურადღებით მოვეკიდებით ამ გაფრთხილებებს, ჩვენი გადაწყვეტილება, შევუსრულოთ ღმერთს „გააზრებული წმინდა მსახურება“, ურყევი იქნება (რომ. 12:1).

პავლეს წერილები ქრისტიანებს დროულ გაფრთხილებებს აძლევდა

(იხილეთ მე-4 და მე-5 აბზაცები)

5, 6. ა) რა მისწერა პავლე მოციქულმა თესალონიკელებს მეორე წერილში? ბ) რას მოიმოქმედებს ღმერთი მალე იესო ქრისტეს მეშვეობით და რა კითხვა უნდა დავუსვათ საკუთარ თავს?

5 პავლემ თესალონიკელებს პირველი წერილის შემდეგ მალევე მეორე წერილიც მისწერა. ამ წერილში მოციქულმა ისაუბრა იმ გასაჭირზე, რომელსაც უფალ იესოს ღვთიური განაჩენის აღსრულება მოუტანდა მათ, „ვინც არ იცნობს ღმერთს და ვინც არ ემორჩილება სასიხარულო ცნობას“ (2 თეს. 1:6—8). ამავე წერილის მე-2 თავიდან ვიგებთ, რომ ზოგი ქრისტიანი იმდენად შეშფოთებული იყო იეჰოვას დღის გამო, რომ ფიქრობდნენ, ის დღე უკვე დამდგარიაო (წაიკითხეთ 2 თესალონიკელების 2:1, 2). ადრინდელ ქრისტიანებს ბოლომდე არ ესმოდათ, როგორ განხორციელდებოდა იეჰოვას განზრახვა, როგორც ეს პავლემ დაადასტურა, როცა შემდეგი წინასწარმეტყველება დაწერა: „ნაწილობრივი ცოდნა გვაქვს და ნაწილობრივ ვწინასწარმეტყველებთ, მაგრამ როცა სრულყოფილი მოვა, ნაწილობრივი გაუქმდება“ (1 კორ. 13:9, 10). თუმცა პავლეს, მოციქულ პეტრესა და სხვა ცხებული ძმების ღვთივშთაგონებული გაფრთხილებები იმდროინდელ ქრისტიანებს უდავოდ შეუნარჩუნებდა რწმენას.

6 იეჰოვას დღესთან დაკავშირებული საკითხისთვის ნათელი რომ მოეფინა, პავლე მოციქულმა თესალონიკელებს ღვთის სულის ძალით აუხსნა, რომ ამ დღის დადგომამდე გამოჩნდებოდა „უკანონობის კაცი“ და ფეხს მოიკიდებდა დიდი განდგომილება. * შემდეგ იესო ქრისტე დანიშნული დროისთვის ბოლოს მოუღებს ყველას, ვინც შეცდომაში იქნება შეყვანილი. მოციქულმა ზუსტად დაასახელა, თუ  რა იქნებოდა მათი განადგურების მიზეზი; მან თქვა: „არ შეიყვარეს ჭეშმარიტება“ (2 თეს. 2:3, 8—10). კარგი იქნება, თუ საკუთარ თავს ვკითხავთ: რამდენად ძლიერ მიყვარს ჭეშმარიტება? მივყვები ფეხდაფეხ ახალ გაგებებს, რომლებიც ამ ჟურნალისა და სხვა ბიბლიაზე დაფუძნებული პუბლიკაციების ფურცლებზე იბეჭდება ღვთის ხალხისთვის მთელ მსოფლიოში?

გონივრულად შეარჩიეთ საზოგადოება

7, 8. ა) რა საფრთხეების წინაშე იდგნენ პირველი ქრისტიანები? ბ) რა სერიოზული საფრთხის წინაშე დგანან დღეს ჭეშმარიტი ქრისტიანები?

7 ღმერთმა იცოდა, რომ განდგომილების გარდა პირველ ქრისტიანებს სხვა საფრთხეც შეექმნებოდათ. პავლემ ტიმოთეს მისწერა, რომ „ფულის სიყვარული ყოველგვარი ბოროტების ფესვი“ იყო. მოციქულმა აღნიშნა, რომ „ზოგიერთები, რომლებმაც ასეთი სიყვარული განივითარეს, ჩამოშორდნენ რწმენას და მრავალი ტკივილი მიაყენეს თავიანთ თავს“ (1 ტიმ. 6:10). დიახ, „ხორცის საქმეები“ იქნებოდა ის საფრთხე, რასთანაც ქრისტიანებს ყოველთვის მოუწევდათ ბრძოლა (გალ. 5:19—21).

8 ალბათ, უკვე ხვდებით, რატომ გააფრთხილა პავლემ ასე სერიოზულად თესალონიკელი ქრისტიანები იმ დიდი საფრთხის შესახებ, რასაც ქმნიდნენ მამაკაცები, რომელთაც მან ცრუმოციქულები უწოდა. მათ შორის იყვნენ ისინი, რომლებიც უკუღმართად ლაპარაკობდნენ, რათა თან გაეყოლებინათ მოწაფეები (2 კორ. 11:4, 13; საქ. 20:30). იესომ შეაქო ეფესოს კრება იმის გამო, რომ ისინი „ვერ იტანდნენ ბოროტებს“. ეფესოელებს „გამოცდილი ჰყავდათ“ ცრუმოციქულები ანუ მატყუარები (გამოცხ. 2:2). საინტერესოა, რომ პავლემ თესალონიკელებს მეორე წერილში ასეთი გაფრთხილება ჩაუწერა: „მითითებებს გაძლევთ, ძმებო, უფალ იესო ქრისტეს სახელით, რომ ჩამოშორდეთ ყოველ ძმას, რომელიც წესრიგს არღვევს“. შემდეგ მან კონკრეტულად მოიხსენია ის ქრისტიანები, რომელთაც „მუშაობა არ უნდოდათ“ (2 თეს. 3:6, 10). თუ ამ ზარმაც ადამიანებს პავლემ წესრიგის დამრღვევები უწოდა, რამდენად შესაფერისი იქნებოდა ეს სიტყვები მათთან მიმართებაში, ვინც განდგომილების გზას ადგა. იმ დროს ცუდ საზოგადოებასთან ახლო ურთიერთობა სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდა ქრისტიანებისთვის, ამიტომ ისინი უნდა მორიდებოდნენ მას. ეს საფრთხე დღესაც არსებობს და ქრისტიანები დღესაც უნდა ერიდონ ცუდ საზოგადოებას (იგავ. 13:20).

9. რატომ უნდა ვიყოთ ფრთხილად, როცა ვინმე კრიტიკულად საუბრობს ან საკუთარ აზრს გვახვევს თავს?

9 ჩვენ დიდ გასაჭირთან და ქვეყნიერების აღსასრულთან ძალიან ახლოს ვართ; ამიტომ ზემოხსენებულ გაფრთხილებებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის! ნამდვილად არ გვსურს, მხედველობიდან გამოგვრჩეს იეჰოვას წყალობის მიზანი და გვერდზე დაგვრჩეს მარადიული სიცოცხლე, იქნება ეს ზეცაში თუ დედამიწაზე (2 კორ. 6:1). თუ ვინმე, ვინც ესწრება კრების შეხვედრებს, კრიტიკულად გვესაუბრება და ცდილობს, თავს მოგვახვიოს საკუთარი აზრი იმ საკითხებზე, რომლებსაც ბიბლია არ ხსნის, დიდი სიფრთხილეა საჭირო (2 თეს. 3:13—15).

„მიჰყევით . . . წესებს“

10. რომელი წესების დაცვა მოეთხოვებოდათ თესალონიკელ ქრისტიანებს?

10 პავლე მოუწოდებდა თესალონიკელ ქრისტიანებს, რომ მტკიცედ მდგარიყვნენ და მიჰყოლოდნენ იმ წესებს, რომლებიც ნასწავლი ჰქონდათ (წაიკითხეთ 2 თესალონიკელების 2:15 ). რა წესებზე საუბრობდა აქ პავლე? ეს წმინდა წერილებში ჩაწერილი წესები იყო და არა ცრურელიგიური წეს-ჩვეულებები, რომელსაც ისევე ღირებულად და მნიშვნელოვნად წარმოადგენდა ბევრი, როგორც ბიბლიურ წესებს. პავლე საუბრობდა იმ სწავლებებზე, რომლებიც მან და სხვებმა იესოსგან მიიღეს; აგრეთვე იმ სწავლებებზე, რომლებიც მას ღმერთმა დააწერინა და რომელთა დიდი ნაწილიც ღვთისგან შთაგონებული საღვთო წერილის ნაწილი გახდა. პავლემ შეაქო კორინთელი ძმები და უთხრა: „გაქებთ, რადგან ყველაფერში გახსოვართ და მტკიცედ იცავთ ყველაფერს, რაც გადმოგეცით“ (1 კორ. 11:2). ეს სწავლებები სანდო წყაროდან მოდიოდა და თამამად შეიძლებოდა მისი ნდობა.

11. როგორ შეიძლება მოტყუვდეს ადამიანი?

 11 წერილში, რომელიც პავლემ ებრაელებს მისწერა, საუბარია იმ ორ საშიშროებაზე, რასაც შეეძლო ქრისტიანის რწმენის დანგრევა და სიმტკიცის შერყევა (წაიკითხეთ ებრაელების 2:1; 3:12). მან გამოიყენა ფრაზები: „გზას არ ავცდეთ“ და „არ ჩამოშორდეთ“. ნავი შეიძლება ნაპირს ისე დაშორდეს, რომ თავიდან ძნელი იყოს ამის შემჩნევა. ამასობაში ნაპირი უფრო და უფრო შორს რჩება. თუმცა მეორე მხრივ, ნავი ადამიანმა შეიძლება თავად შეაცუროს წყალში. ეს შედარება კარგად აღწერს იმას, თუ ორივე შემთხვევაში როგორ შეიძლება ადამიანი გახდეს ტყუილის მსხვერპლი და შედეგად ჭეშმარიტებისადმი ნდობა გაუქრეს.

12. რამ შეიძლება დაგვინგრიოს სულიერობა?

12 ზოგიერთი თესალონიკელი ქრისტიანი ამგვარად მოტყუვდა და რწმენა დაემსხვრა. ეს საყურადღებოა ჩვენთვის, რადგან დღეს უამრავი საშუალება არსებობს, რასაც შეუძლია დრო წაგვართვას. მოდი, გულწრფელად დაფიქრდით, რამდენი საათი შეიძლება დააკარგვინოს ადამიანს სოციალური ქსელების მეშვეობით სხვებთან საუბრებმა, იმეილების კითხვამ, პასუხების დაგზავნამ და საყვარელი საქმეების კეთებამ. ადამიანს დრო აგრეთვე შეიძლება წაართვას იმან, რომ მუდმივად ეძებდეს და თვალყურს ადევნებდეს სპორტული სამყაროს სიახლეებს. ჩამოთვლილთაგან ნებისმიერ ფაქტორს შეუძლია მოაცდინოს ქრისტიანი და შეუსუსტოს გულმოდგინება. შედეგად, შესაძლოა საფრთხე დაემუქროს თაყვანისმცემლობის ისეთ მხარეებს, როგორიცაა: გულწრფელი ლოცვა, ღვთის სიტყვის შესწავლა, კრებებზე დასწრება და სასიხარულო ცნობის ქადაგება. რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმისათვის, რომ „ნაჩქარევად არ შეიძრას ჩვენი გონება“?

დაიცავით თავი, რომ არ „შეიძრას თქვენი გონება“

13. ა) წინასწარმეტყველების თანახმად, როგორი დამოკიდებულება აქვს დღეს მრავალს? ბ) როგორ შევინარჩუნოთ ძლიერი რწმენა?

13 მოდი ყოველთვის გვახსოვდეს ის, თუ რა პერიოდში გვიწევს ცხოვრება და არ დაგვავიწყდეს, რომ შეიძლება დიდი გავლენა მოახდინოს ჩვენზე იმ საზოგადოებამ, რომელიც უარყოფს ბოლო დღეების არსებობას. ამ პერიოდთან დაკავშირებით მოციქული პეტრე წერდა: «უპირველეს ყოვლისა, თქვენ იცით, რომ ბოლო დღეებში მოვლენ დამცინავები მათთვის ჩვეული დაცინვით, თავიანთი სურვილებისამებრ მოიქცევიან და იტყვიან: „სად არის ის დაპირებული დრო, როცა ის მოსული უნდა ყოფილიყო? მას შემდეგ, რაც ჩვენმა მამა-პაპამ სიკვდილის ძილით დაიძინა, ყველაფერი ისევე რჩება, როგორც ქმნილებათა დასაწყისიდან იყო“» (2 პეტ. 3:3, 4). ბიბლიის ყოველდღიური კითხვა და მისი რეგულარული შესწავლა დაგვეხმარება, ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ვცხოვრობთ ბოლო დღეებში. ნაწინასწარმეტყველები განდგომილება დიდი ხნის წინათ დაიწყო და დღესაც ფართოდაა გავრცელებული. „უკანონობის კაცი“ კვლავაც არსებობს და კვლავაც ღვთის მსახურთა მოწინააღმდეგეა. ამიტომ დღეს, როგორც არასდროს, ისე გვჭირდება სიფრთხილე, რადგან ქვეყნიერების აღსასრული დღითი დღე გვიახლოვდება (სოფ. 1:7).

14. როგორ დაგვიცავს ღვთის მსახურებაში მონაწილეობა?

14 გამოცდილებამ აჩვენა, რომ თუ გვსურს, „არ შეგვეძრას გონება“ და დავრჩეთ ფხიზელნი, საჭირო და მეტად აუცილებელია ქადაგების საქმეში აქტიური მონაწილეობა. სწორედ ამიტომ კრების თავმა, იესო ქრისტემ დაავალა თავის მიმდევრებს, მოწაფეებად მოემზადებინათ ხალხი ყველა ერიდან და ესწავლებინათ მათთვის ყველაფერ იმის დაცვა, რაც თავად მან ასწავლა. რეალურად, ეს რჩევა მოწაფეებს ბევრი რამისგან დაიცავდა (მათ. 28:19, 20). ამ დავალების შესრულებას ნამდვილად დიდი გულმოდგინება სჭირდება. პირველ საუკუნეში თესალონიკელი ქრისტიანები მართლაც სამაგალითოები იყვნენ ამ მხრივ; ისინი ქადაგებისა და სწავლების საქმეს ზერელედ და გულგრილად არ ეკიდებოდნენ. ეს კარგად ჩანს პავლეს სიტყვებიდან, რომელიც თესალონიკელებს მისწერა: „ანთებულ სულს ნუ ჩააქრობთ; წინასწარმეტყველებას ნუ შეიძულებთ“ (1 თეს. 5:19, 20). დიახ, საოცარი და ამაღელვებელია ის წინასწარმეტყველებები, რომელთაც ვსწავლობთ ღვთის სიტყვიდან და შემდეგ სხვებსაც გადავცემთ!

ქადაგება და წინასწარ კარგი მომზადება დაგვიცავს, ნაჩქარევად არ „შეიძრას ჩვენი გონება“ (იხილეთ მე-14 და მე-15 აბზაცები)

15. რა საკითხების განხილვა შეგვიძლია ოჯახური თაყვანისცემის დროს?

 15 რა თქმა უნდა, ყველას გვინდა, დავეხმაროთ საკუთარი ოჯახის წევრებს იმაში, რომ დახელოვნებული მსახურები იყვნენ. გამოცდილებამ აჩვენა, რომ ერთ-ერთი საშუალება ამის მისაღწევად ის არის, რომ ოჯახმა ოჯახური თაყვანისცემისას გარკვეული დრო დაუთმოს მსახურებაზე საუბარს. შესაძლოა თქვენთვის დამხმარე აღმოჩნდეს, თუ ოჯახის წევრებთან ერთად იმსჯელებთ იმაზე, როგორ ვესაუბროთ მათ, ვინც მსახურებაში ჭეშმარიტებისადმი ინტერესი გამოავლინა. რას ეტყოდით ამ ადამიანს განმეორებითი მონახულების დროს? რა თემებით შეიძლება დაინტერესდეს ის? როდის აჯობებს განმეორებითი მონახულების გაკეთება? ოჯახური თაყვანისცემის დროს ბევრი სხვა მასალასთან ერთად კრების შეხვედრების მასალასაც განიხილავს. შეგიძლიათ თქვენც დაგეგმოთ ასეთი ოჯახური თაყვანისცემა და შემდეგ აქტიურად ჩაებათ კრების შეხვედრების პროგრამაში? თუ მონაწილეობას მიიღებთ კრების პროგრამაში, განგიმტკიცდებათ რწმენა, რაც თავის მხრივ, დაგეხმარებათ იმაში, რომ არ „შეიძრას თქვენი გონება“ (ფსალმ. 35:18). ოჯახური თაყვანისცემა დაგვეხმარება, წინააღმდეგობა გავუწიოთ მათ, ვინც ბიბლიურ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარ აზრებს გვახვევს თავს ან ვინც ეჭვებს გვითესავს.

16. რა აღძრავს ცხებულ ქრისტიანებს, გააზრებულად იმსახურონ?

16 როდესაც ვფიქრობთ, როგორ აკურთხებდა იეჰოვა თავის ხალხს და როგორ ჰფენდა წლების განმავლობაში ნათელს ბიბლიურ წინასწარმეტყველებებს, გულები მადლიერებით გვევსება შესანიშნავი და ბრწყინვალე მომავლის მოლოდინში. ცხებულ ქრისტიანებს უდიდესი მომავალი ელით წინ — ისინი ქრისტესთან ერთად იმეფებენ. ეს აღძრავს მათ, რომ კვლავაც გააზრებულად ემსახურონ ღმერთს. ამიტომ შეგვიძლია თავისუფლად მივუსადაგოთ მათ ის სიტყვები, რომლებიც პავლე მოციქულმა თესალონიკელებს მისწერა: „ყოველთვის უნდა ვმადლობდეთ ღმერთს თქვენთვის ძმებო, იეჰოვასთვის საყვარელნო, რადგან ღმერთმა . . . ამოგირჩიათ . . . სულით განწმენდითა და ჭეშმარიტებისადმი თქვენი რწმენის საფუძველზე“ (2 თეს. 2:13).

17. როგორ გვამხნევებს 2 თესალონიკელების 3:1—5-ში ჩაწერილი სიტყვები?

17 მათ, ვისაც დედამიწაზე მარადიული ცხოვრების იმედი აქვს, სულითცხებულების მსგავსად, ყველანაირად უნდა ეცადონ, იცხოვრონ ისე, რომ „არ შეიძრას მათი გონება“. თუ თქვენც მათ შორის ხართ, გულთან ახლოს მიიტანეთ თესალონიკეში მცხოვრები ცხებული თანაქრისტიანებისთვის მიწერილი პავლე მოციქულის სიტყვები (წაიკითხეთ 2 თესალონიკელების 3:1—5). თითოეული ჩვენგანისთვის უაღრესად ძვირფასია ეს სიყვარულით გაჯერებული სიტყვები! დიახ, თესალონიკელების წერილებში ჩაწერილი რჩევები მართლაც სერიოზული გაფრთხილებებია იმასთან დაკავშირებით, რომ მოვერიდოთ უსაფუძვლო ვარაუდებსა და საეჭვო საუბრებს. ასე რომ, რაკიღა ქვეყნიერების აღსასრულის ჟამს ვცხოვრობთ, ვაცნობიერებთ, თუ რაოდენ ძვირფასია ეს რჩევები და გაფრთხილებები!

^ აბზ. 6 პავლე მოციქული აფრთხილებდა თანამორწმუნეებს, თუ რა უნდა მომხდარიყო ქრისტიანულ კრებაში. ამის შესახებ საქმეების 20:29, 30-ში ვკითხულობთ: „გამოჩნდებიან ისეთები, რომლებიც უკუღმართად ილაპარაკებენ, რათა თან გაიყოლონ მოწაფეები“. დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა სამღვდელო და საერო კლასები. ახ. წ. მე-3 საუკუნისთვის აშკარად გამოიკვეთა, „უკანონობის კაცი“, რომელსაც წარმოადგენდა ქრისტიანული სამღვდელოება (იხილეთ br 1, გვ. 28—32, [რუს.]).