არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა)  |  დეკემბერი 2013

მეუღლის სიკვდილი ტრაგედიის პირისპირ

მეუღლის სიკვდილი ტრაგედიის პირისპირ

ბიბლიაში ნათლად და ცხადად არის ნათქვამი, რომ ქმარს უნდა „უყვარდეს თავისი ცოლი, როგორც საკუთარი თავი“, ხოლო „ცოლი კი დიდ პატივს უნდა სცემდეს ქმარს“. ორივე ისე უნდა ასრულებდეს მათზე დაკისრებულ პასუხისმგებლობებს, როგორც „ერთი ხორცი“ (ეფეს. 5:33; დაბ. 2:23, 24). დროის სვლასთან ერთად ცოლ-ქმრის ურთიერთდამოკიდებულება მტკიცდება და სიყვარული ღრმავდება. გადატანითი მნიშვნელობით, წყვილი შეიძლება შევადაროთ ფესვებს იმ ორი ხისას, რომელიც გვერდიგვერდ იზრდება. დიახ ასეა, ბედნიერ ქორწინებაში ცოლ-ქმარი ერთმანეთზე ემოციებით და გრძნობებით მიჯაჭვული ხდება.

მაგრამ, რა ხდება მაშინ, როცა ადამიანს საყვარელი მეუღლე ეცლება ხელიდან? ამ დროს წყდება უწყვეტი კავშირი. დაქვრივებული მეუღლე განიცდის გულისტკივილს, მარტოობას და შეიძლება ბრაზსა და დანაშაულის გრძნობასაც კი. დანიელას, * რომელიც 58 წელი ცხოვრობდა თავის საყვარელ მეუღლესთან ერთად, ცხოვრების განმავლობაში ბევრ ისეთ ადამიანთან ჰქონდა ურთიერთობა, რომლებსაც მეუღლეები დაღუპული ჰყავდათ. მაგრამ მას შემდეგ, რაც თავად დაეღუპა მეუღლე, მან ასეთი რამ თქვა: „მანამდე არ მესმოდა, თუ რა ტკივილს განიცდიდნენ ქვრივები. შეუძლებელია ამის გაგება, ვიდრე ამ ტრაგედიის წინაშე თავად არ აღმოჩნდები“.

ტკივილი, რომელსაც ბოლო არ უჩანს

ზოგი მეცნიერი აღნიშნავს, რომ ადამიანს ისეთ დარტყმას არაფერი აყენებს, როგორც საყვარელი მეუღლის სიკვდილი. ბევრი ქვრივი ეთანხმება ამ აზრს.  მაილს ქმარი დიდი ხნის წინ დაეღუპა. ისინი 25 წელი ცხოვრობდნენ ერთად. მაილი ამბობს: „დღემდე თავი ხეიბარი მგონია“. ამ სიტყვებით აღწერა მან თავისი ემოციური მდგომარეობა.

წლების წინ სუზანი ფიქრობდა, რომ ის ქვრივები, რომლებიც წლების განმავლობაში გლოვობდნენ თავიანთ მეუღლეებს, მეტისმეტად წუხდნენ. მაგრამ ახლა, როცა 20 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც სუზანს 38-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ მეუღლე გარდაეცვალა, ასეთ რამეს ამბობს: „დღე არ გავა ისე, რომ ჩემს მეუღლეზე არ ვიფიქრო“. მას ძალიან ენატრება თავისი ქმარი და ხშირად ჩამოსდის სახეზე მწუხარებისგან ცრემლები.

ბიბლიიდანაც ჩანს, თუ რაოდენ ხანგრძლივია ის ტანჯვა, რაც მეუღლის გარდაცვალებას სდევს თან. როდესაც აბრაამს სარა ხელიდან გამოეცალა, ის „შევიდა . . . სარას საგლოვად და დასატირებლად“ (დაბ. 23:1, 2). მიუხედავად იმისა, რომ აბრაამს მკვდრეთით აღდგომისა სჯეროდა, საყვარელი მეუღლის დაკარგვამ მას მაინც უდიდესი ტკივილი მიაყენა (ებრ. 11:17—19). იაკობსაც ძალიან დიდხანს ახსოვდა თავისი ძვირფასი მეორე ნახევარი, რახელი; ის თავის ვაჟებთან ძალიან დიდი სიყვარულითა და სითბოთი საუბრობდა მასზე (დაბ. 44:27; 48:7).

რას ვსწავლობთ ამ ბიბლიური მაგალითებიდან? იმას, რომ ქვრივები ამ მტანჯველი ტკივილით წლების განმავლობაში ცხოვრობენ. ცრემლები და მწუხარება მათ სისუსტედ არ უნდა ჩავუთვალოთ; უნდა შევიდეთ მათ მდგომარეობაში; მათ ხომ ძვირფასი ადამიანები დაკარგეს?! ქვრივებს შესაძლოა ჩვენი თანაგრძნობა და მხარდაჭერა დიდი ხნის განმავლობაში დასჭირდეთ.

ნუ იდარდებ ხვალინდელზე

ქვრივის ცხოვრება ძალიან განსხვავდება დაუქორწინებელი ადამიანის ცხოვრებისგან. ქორწინებაში ერთად გატარებული წლების შემდეგ ქმარმა, როგორც წესი, იცის, როგორ ანუგეშოს და გამოაცოცხლოს მეუღლე, რომელიც დანაღვლიანებული და გულგატეხილია. ქმრის სიკვდილთან ერთად ქრება ის სიყვარული და ნუგეში, რასაც ცოლი მანამდე მისგან გრძნობდა. ცოლიც წლების განმავლობაში სწავლობს, თუ როგორ მოჰგვაროს ქმარს სიმშვიდე და როგორ გააბედნიეროს ის. ცოლის მოფერებას, საამურ სიტყვებსა და ყურადღებას, ნამდვილად ვერაფერი შეუცვლის ქმარს. და როცა ცოლი კვდება, ქმარი სიცარიელეს გრძნობს. ამიტომ ზოგიერთი ქვრივი მომავალს შიშის თვალით უყურებს. საინტერესოა, რომელი ბიბლიური პრინციპი დაეხმარება მათ უსაფრთხოების გრძნობისა და სიმშვიდის მოპოვებაში?

იეჰოვა ყოველდღიურად დაგეხმარებათ ტკივილის ატანაში

„ნურასოდეს იქნება თქვენი საწუხარი ხვალინდელი დღე — ხვალინდელ დღეს თავისი საწუხარი ექნება; ყოველ დღეს საკმარისად აქვს თავისი გასაჭირი“ (მათ. 6:34). იესოს ეს სიტყვები ძირითადად ფიზიკურ საჭიროებებს ეხება, მაგრამ ეს პრინციპი ეხმარება ბევრს, გაუმკლავდეს საყვარელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეულ დარდსა და ვარამს. ჩარლზმა თავისი მეორე ნახევრის დაღუპვიდან რამდენიმე თვეში შემდეგი სიტყვები თქვა: „ტკივილამდე მენატრება მონიკა და ეს გრძნობა არ მინელდება; პირიქით, დროდადრო უფრო ცუდად ვგრძნობ თავს. თუმცა მესმის, რომ ეს ბუნებრივია; ისიც ვიცი, რომ გავა დრო და ტკივილი ნელ-ნელა შემიმსუბუქდება“.

დიახ, ჩარლზს მოუწია ამ ტკივილის ატანა. როგორ შეძლო მან ეს? ის ამბობს: „იეჰოვას დახმარებას ყოველდღიურად ვგრძნობდი ჩემს ცხოვრებაში“. ის დარდს არ გადაჰყოლია. მართალია, საწუხარი კვლავ საწუხრად რჩებოდა, მაგრამ ჩარლზი ნაღველს არ შთაუნთქავს. თუ თქვენც აღარა გყავთ გვერდით მეუღლე, მომავალს იმედის თვალით შეხედეთ, რადგან არ იცით, როგორ გაგამხნევებთ  და როგორ შეგმატებთ ძალებს ხვალინდელი დღე.

იეჰოვას განზრახვის თანახმად, სიკვდილს არ უნდა ეარსება. ის „ეშმაკის საქმეებში“ შედის (1 იოან. 3:8; რომ. 6:23). სატანა სიკვდილის შიშით უამრავ ადამიანს იმონებს და იმედს ართმევს (ებრ. 2:14, 15). მას უხარია, როცა ადამიანი სასოწარკვეთილია და ფიქრობს, რომ ნამდვილი ბედნიერებისა და კმაყოფილების მიღწევა შეუძლებელია, თუნდაც ახალ ქვეყნიერებაში. ის, რომ ვკარგავთ ცხოვრებაში უძვირფასეს ადამიანს და ამის გამო ვწუხვართ, ადამისა და სატანის „დამსახურებაა“ (რომ. 5:12). იეჰოვა ადამიანებს სრულად შეუხორცებს იმ ჭრილობას, რასაც სატანა „მკაცრი იარაღით“, სიკვდილით აყენებს მათ; ღმერთი ერთხელ და სამუდამოდ მოსპობს სიკვდილს. საბედნიეროდ, დღესვე ბევრი, მათ შორის შეიძლება თქვენც, უკვე გათავისუფლდა იმ შიშისგან, რასაც ეშმაკი უნერგავს ხალხს. მათ რიცხვში შედიან ქვრივებიც.

ცხადია, როცა ახალ ქვეყნიერებაში მკვდრები აღდგებიან, ბევრი რამ შეიცვლება ადამიანთა ურთიერთობებში. წარმოიდგინეთ, მკვდრეთით აღმდგარი მშობლები, ბებიები, ბაბუები და სხვა წინაპრები, რომლებიც თავიანთ შვილებთან და შვილთაშვილებთან ერთად დაადგებიან გასრულყოფილების გზას. ხანდაზმულობის კვალი ძირფესვიანად აღმოიფხვრება. ალბათ ახალი თაობები სულ სხვანაირად შეხედავენ თავიანთ წინაპრებს. როგორ ფიქრობთ, ამგვარი ცვლილებები არ გააუმჯობესებს ოჯახურ ცხოვრებას?!

მკვდრეთით აღდგენილებთან დაკავშირებით შეიძლება უამრავი კითხვა გვიჩნდება, მაგალითად, როგორ იქნება მათი საქმე, ვისაც ორი ან ორზე მეტი მეუღლე ჰყავდა. სადუკეველებმა ერთხელ იესოს კითხვით  მიმართეს; მათ აინტერესებდათ, რომლის ცოლი გახდებოდა ის ქალი, რომელსაც შვიდი ქმარი დაეღუპა (ლუკ. 20:27—33). საინტერესოა, როგორი ურთიერთობები ექნებათ ყოფილ მეუღლეებს მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ამ ქალთან? ამ კითხვაზე პასუხი ჩვენთვის უცნობია და არ ღირს საკუთარი ვარაუდების გამოთქმა ან ამგვარ საკითხებზე წუხილი. მოდი, მივენდოთ ღმერთს. ერთი რამ ცხადზე უცხადესია: იეჰოვა მომავალში ჩვენთვის საუკეთესოს გააკეთებს. უნდა გვჯეროდეს ამის და არ უნდა გვეშინოდეს მომავლის!

მკვდრეთით აღდგომა — ნუგეშის წყარო

ღვთის სიტყვაში ჩაწერილ ნათელ სწავლებებს შორის ერთ-ერთი მკვდრეთით აღდგომაა, რომელიც იმედს გვისახავს, რომ ჩვენი საყვარელი გარდაცვლილები გაცოცხლდებიან. ბიბლიაში გადმოცემული მკვდრეთით აღდგომის შემთხვევები გარანტიას გვაძლევს, რომ „ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის [იესოს] ხმას მოისმენენ და გამოვლენ“ (იოან. 5:28, 29). იმ დროს ადამიანები ძალიან გაიხარებენ, როცა შეხვდებიან სიკვდილის ბორკილებისგან დახსნილთ და ის ბედნიერება, რასაც თავად მკვდრეთით აღდგენილები იგრძნობენ, ხომ საერთოდ წარმოუდგენელია დღეს ჩვენთვის.

დადგება დრო, როცა გარდაცვლილებს სიცოცხლე დაუბრუნდებათ და დედამიწაზე ჯერ არნახული სიხარული დაისადგურებს. მილიარდები, რომელთაც ერთ დროს სიცოცხლე დაკარგეს, დააღწევენ თავს სამარეს და კვლავ ცოცხლების გვერდით იქნებიან (მარ. 5:39—42; გამოცხ. 20:13). ნუთუ გულზე მალამოსავით არ გვედება მკვდრეთით აღდგომის იმედი ყველას, ვისაც სიკვდილმა უსაყვარლესი ადამიანები გამოგვგლიჯა ხელიდან?!

ნუთუ ამ უშველებელი სასწაულის შემდეგ კიდევ ვინმეს ექნება წუხილის მიზეზი? არავითარ შემთხვევაში. ესაიას 25:8-ში ვკითხულობთ, რომ ღმერთი „სამუდამოდ შთანთქავს სიკვდილს“. ეს იმას ნიშნავს, რომ სიკვდილის კვალი სრულად წაიშლება, რადგან ესაიას წინასწარმეტყველება შემდეგი სიტყვებით გრძელდება: „ყველა სახიდან მოსწმენდს ცრემლს უზენაესი უფალი იეჰოვა“. თუ თქვენც განიცდით ტკივილს იმის გამო, რომ გვერდით აღარ გყავთ ცხოვრების თანამგზავრი, სულს დაგიამებთ აღდგომის იმედი.

არც ერთ ადამიანს არ შეუძლია, ბოლომდე ჩასწვდეს და გაიგოს, რას მოიმოქმედებს ღმერთი ახალ ქვეყნიერებაში. იეჰოვა ამბობს: „როგორც ზეცაა დედამიწაზე მაღალი, ჩემი გზებიც ასევე მაღალია თქვენს გზებზე და ჩემი აზრები — თქვენს აზრებზე“ (ეს. 55:9). მკვდრეთით აღდგომის იმედი, რაც იესომ აღგვითქვა, გვაძლევს  საშუალებას, აბრაამის მსგავსად ჩვენც მივენდოთ იეჰოვას. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ვაკეთოთ ის, რასაც ღმერთი ჩვენგან მოითხოვს, რათა მომავალში მკვდრეთით აღდგენილთა გვერდით ცხოვრების ღირსად ჩავითვალოთ (ლუკ. 20:35).

იმედის საფუძველი

მაშ ასე, გწამდეთ და გჯეროდეთ მომავლის! ადამიანური გადასახედიდან მომავალი ბნელი და უღიმღამოა. თუმცა იეჰოვა ულამაზეს და უმშვენიერეს მომავალს გვიმზადებს. არ ვიცით, როგორ დააკმაყოფილებს იეჰოვა ჩვენს ყველა მოთხოვნასა და სურვილს, მაგრამ ერთი რამ, რაც ვიცით, ის არის, რომ ის ამას აუცილებლად გააკეთებს; ამას წყალი არ გაუვა! პავლე მოციქულმა დაწერა: „ხილული იმედი კი იმედი აღარ არის, რადგან, როცა ხედავს კაცი რამეს, რაღა იმედზეა ლაპარაკი? მაგრამ, თუ იმის იმედი გვაქვს, რასაც ვერ ვხედავთ, მას მოთმინებით ველით“ (რომ. 8:24, 25). სწორედ მომავლის ეს ძლიერი იმედი დაგვათმენინებს დღეს ყოველივეს, რათა შევძლოთ დიდებული მომავლის დამკვიდრება, როცა იეჰოვა „შეგვისრულებს გულის წადილს“ და როცა ის დააკმაყოფილებს „ყოველი ცოცხალი არსების სურვილს“ (ფსალმ. 37:4; 145:16; ლუკ. 21:19).

მიენდეთ იეჰოვას და გჯეროდეთ, რომ ბედნიერი მომავალი გელით

როცა უფლის სიკვდილი ახლოვდებოდა, მისი მოწაფეები აფორიაქებულები და შეშფოთებულები იყვნენ. ამიტომ იესომ დაამშვიდა ისინი და უთხრა: „გული ნუ აგიფორიაქდებათ. ირწმუნეთ ღმერთი და მირწმუნეთ მე“. მან უთხრა მათ: „მე მოვალ თქვენთან, ობლად არ დაგტოვებთ“ (იოან. 14:1—4, 18, 27). იესოს ეს სიტყვები მის ცხებულ მიმდევრებს საუკუნეების განმავლობაში მისცემდა იმედის საფუძველს და მოთმინების ძალას. არც მათ არა აქვთ სასოწარკვეთილების მიზეზი, ვისაც ძალიან სურს, დედამიწაზე შეხვდნენ თავიანთ საყვარელ ადამიანებს მკვდრეთით აღდგომის შემდეგ. თუ ბიბლიური ენით ვიტყვით, იეჰოვა და მისი ძე, იესო თავიანთ ხალხს ობლად არ დატოვებენ. გჯეროდეთ და გწამდეთ, რომ ეს აუცილებლად მოხდება!

^ აბზ. 3 სახელები შეცვლილია.