წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) დეკემბერი 2013

იეჰოვა მფარველობდა მათ მთების ჩრდილში

იეჰოვა მფარველობდა მათ მთების ჩრდილში

გამთენიისას ქალმა კარი გააღო და კარის წინ ამანათი დახვდა. დაიხარა, აიღო, ირგვლივ მიმოიხედა, ქუჩაში არავინ ჩანდა. როგორც ჩანს, უცნობს ამანათი ღამით დაუტოვებია კართან. ჩაიხედა, უმალვე შინ შებრუნდა და კარი მაგრად ჩარაზა. რაში იყო საქმე? ამანათში აკრძალული ბიბლიური ლიტერატურა იდო! ქალმა „საჩუქარი“ გულში ჩაიკრა, ხმადაბლა ილოცა და იეჰოვას მადლობა შესწირა ძვირფასი სულიერი საზრდოსთვის.

ამგვარი სურათი იყო გერმანიაში 1930-იან წლებში. 1933 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც ნაცისტებმა აიღეს ხელში სადავეები, ქვეყნის უმეტეს ნაწილში აიკრძალა იეჰოვას მოწმეების საქმიანობა. რიჩარდ რუდოლფი, * რომელიც ამჟამად 100 წელსაა გადაცილებული, საინტერესო რამეს იხსენებს: „ეჭვი არ გვეპარებოდა იმაში, რომ ვერანაირი ადამიანური დადგენილება ვერ შეაჩერებდა იმ საქმეს, რასაც იეჰოვას სახელის გაცხადება ერქვა. ბიბლიური ლიტერატურა ძალიან აუცილებელი იყო შესწავლისა და მსახურებისთვის, მაგრამ აკრძალული იყო და შესაბამისად, პუბლიკაციებს ვერ ვიღებდით. საგონებელში ვიყავით ჩაცვენილნი; არ ვიცოდით, საქმე როგორ გაგვეგრძელებინა“. მაგრამ სულ მალე საქმემ სხვა მიმართულება შეიძინა. თავად რიჩარდს დაევალა ამ საკითხის მოგვარება, თანაც საკმაოდ უჩვეულო მეთოდით — ეს საქმე უნდა განხორციელებულიყო „მთების ჩრდილში“ (მსაჯ. 9:36).

კონტრაბანდისტების ნაკვალევზე

თუ აუყვებით მდინარე ელბას (ლაბა), მიადგებით კერკონოშეს ბუმბერაზ მთებს, რომლებიც ჩეხეთის რესპუბლიკასა და პოლონეთს ერთმანეთისგან ჰყოფს. მართალია, აქაურ მთათა სიმაღლე სულ რაღაც 1600 მეტრია, მაგრამ ევროპის შუაგულში წამოჭიმულ ამ მთიანეთს მაინც არქტიკულ კუნძულს უწოდებენ. ნახევარი წლის განმავლობაში მთების კალთები დაფარულია დაახლოებით 3 მეტრი სიმაღლის თოვლით. თუ რომელიმე თამამი მოგზაური არად ჩააგდებს აქაურ ცვალებად ამინდს, შეიძლება უცაბედად გაეხვეს ჯანღის საბურველში, რომელიც მოულოდნელად წამოადგება ხოლმე მთის მწვერვალებს.

ეს მთაგრეხილი საუკუნეების განმავლობაში ჰყოფდა ერთმანეთისგან პროვინციებს, სამეფოებსა და ქვეყნებს.  ამ რეგიონის გაკონტროლება მეტად საძნელო საქმე გახლდათ; ამიტომ მავანსა და მავანს ამ მთებზე გადმოჰქონდათ სხვადასხვა საქონელი ფარულად. 1930-იან წლებში, როცა გერმანია-ჩეხოსლოვაკიის საზღვარი ბუმბერაზ მთებზე გადიოდა, გულადმა მოწმეებმა სწორედ იმ ბილიკით დაიწყეს ბიბლიური ლიტერატურის გადატანა ქვეყნიდან ქვეყანაში, რომელზედაც ერთ დროს კონტრაბანდისტები დათარეშობდნენ. ეს იყო ყველაზე მოსახერხებელი გზა იმ პერიოდში. სწორედ ზემოხსენებული ახალგაზრდა რიჩარდი გახლდათ იმ უშიშარ მოწმეთაგან ერთ-ერთი.

გერმანიისკენ მიმავალი ლიტერატურით დატვირთული „ტურისტი და-ძმები“ ბუმბერაზ მთებზე

სახიფათო „ლაშქრობები“

„შაბათ-კვირაობით ახალგაზრდა ძმები შვიდკაციან ჯგუფებად მთებისკენ მივეშურებოდით ხოლმე. ვინმეს რომ დავენახეთ, მოლაშქრეები ვეგონებოდით, — განაგრძობს რიჩარდი. — გერმანიიდან მთებზე რომ გადავსულიყავით და ჩავსულიყავით ჩეხეთის საკურორტო ქალაქ შპინდლერუვ-მლინმში, რომელიც საზღვრიდან დაახლოებით 17 კილომეტრშია, 3 საათი გვჭირდებოდა. იმ დროს ბევრი გერმანელი ცხოვრობდა ამ რეგიონში. მახსოვს ერთ-ერთი ფერმერი, რომელიც ჩვენს ძმებთან თანამშრომლობდა. ტურისტების ცხენშებმული სამგზავრო ეტლით მას ლიტერატურა ახლომდებარე ქალაქიდან მოჰქონდა; იმ ქალაქში კი ლიტერატურა პრაღიდან მატარებლით ჩადიოდა. ეს ფერმერი ლიტერატურას თავის ფერმაში, სათივეში მალავდა და ელოდებოდა კურიერებს, რომელთაც ტვირთი გერმანიაში გადაჰქონდათ.

ჩავდიოდით ფერმაში და ლიტერატურას ზურგჩანთებში ვილაგებდით. თითოეულს დაახლოებით 50 კილოგრამის ტარება გვიწევდა“. კვალი რომ არავის აეღო, ეს უცნაური ტურისტები შებინდებისას გადიოდნენ და მზის ამოსვლამდე ჩადიოდნენ დანიშნულების ადგილას. მოგვიანებით ერნსტ ვიზნერმა, რომელიც იმ დროს გერმანიაში სარაიონო ზედამხედველად მსახურობდა, გაიხსენა: „ორი ძმა მიდიოდა წინ და თუ გზად ვინმე შეხვდებოდათ, დანარჩენებს ფარნებით ანიშნებდნენ. ნიშანზე ძმები, რომლებიც 100 მეტრით უკან მოყვებოდნენ, ბუჩქებში იმალებოდნენ მძიმე ბარგთან ერთად და ელოდებოდნენ, სანამ ის ორი ძმა არ დაბრუნდებოდა უკან და ახალ ნიშანს არ მისცემდა. ნიშნები ხშირად იცვლებოდა“. ასე რომ, საფრთხეს მხოლოდ ლურჯ უნიფორმებში გამოწყობილი გერმანელი პოლიციელები როდი წარმოადგენდნენ.

რიჩარდი აგრძელებს: „ერთ საღამოს გვიანობამდე შემოვრჩი სამუშაოზე. ძმებმა გამასწრეს და ჩეხეთის მხარეს  გვიან გადავედი. ბნელოდა, გზაზე ბურუსი იყო ჩამოწოლილი. წვიმდა, სიცივე ძვალსა და რბილში ატანდა. ჯუჯა ფიჭვებში დავიკარგე და რამდენიმე საათი გზას ვეღარ ვაგნებდი. გაგონილი მქონდა, რომ ამ გზაზე ბევრი ტურისტი იყო დაღუპული. მხოლოდ გამთენიისას შევხვდი ჩვენს ძმებს, რომლებიც უკანა გზაზე ბრუნდებოდნენ.

დაახლოებით სამი წლის განმავლობაში ყოჩაღი ძმებისგან შემდგარი ერთი პატარა ჯგუფი ყოველკვირა სერავდა ბუმბერაზ მთებს. ზამთარში მათ თავიანთი „განძი“ თხილამურებით გადაჰქონდათ. ხანდახან 20-კაციანი ჯგუფები ტურისტების კვალს მიჰყვებოდნენ და დღისით კვეთდნენ საზღვარს. ძმებს ამ უჩვეულო ლაშქრობების დროს დებიც ახლდნენ და ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს ჩვეულებრივი ტურისტები იყვნენ. დები წინ მიდიოდნენ და თუ რაიმე საეჭვოს შენიშნავდნენ, ქუდებს ჰაერში ჰყრიდნენ.

მგზავრობისთვის სახიფათო ბუმბერაზი მთების თოვლით დაფარული მწვერვალები

რა ხდებოდა მას შემდეგ, რაც „ღამის მოგზაურობიდან“ დაბრუნებული „აგენტები“ დანიშნულების ადგილზე ჩამოდიოდნენ? ყველაფერი ისე იყო ორგანიზებული, რომ ლიტერატურა დროზე განაწილებულიყო. პუბლიკაციები ისე იყო შეფუთული, რომ უცხო თვალს ეგონებოდა, ვიღაცას საპონი გადააქვსო. ფუთები ჰირშბერგის რკინიგზის სადგურში მიჰქონდათ, საიდანაც ის გერმანიის სხვადასხვა ნაწილში იგზავნებოდა. იქიდან და-ძმები ლიტერატურას თანამორწმუნეებს უნაწილებდნენ, ოღონდ მოქმედებდნენ ძალიან, ძალიან ფრთხილად. ერთ-ერთი შემთხვევა უკვე მოგახსენეთ სტატიის დასაწყისში. ძმებმა იცოდნენ, რომ კვალის აღების შემთხვევაში საქმე იოლად არ დასრულდებოდა. მართლაც, ერთ დღესაც საქმე იქ გასკდა, სადაც არ ელოდნენ.

1936 წელს სახელმწიფომ ბერლინთან ახლოს ლიტერატურის საწყობს მიაგნო. საწყობში სხვა ნივთებთან ერთად ნახეს ჰირშბერგიდან გამოგზავნილი სამი ამანათი, რომელზეც არ იყო მითითებული გამომგზავნელის ვინაობა. პოლიციამ კალიგრაფიით დაადგინა „კონტრაბანდისტული ჯგუფის“ ხელმძღვანელის სახელი-გვარი და დააკავა. არ გასულა დიდი ხანი და კიდევ ორი ეჭვმიტანილი იქნა დაკავებული, მათ შორის რიჩარდ რუდოლფი. რაკიღა ეს ძმები ციხის გისოსებს მიღმა აღმოჩნდნენ, ამ მეტად საძნელო საქმეს გარკვეული ხნით სხვა ძმები ჩაუდგნენ სათავეში.

ჩვენთვის მაგალითია

წლების განმავლობაში ძმებს ზურგჩანთებით გადაჰქონდათ ლიტერატურა ბუმბერაზ მთებზე და ასე ურიგებდნენ ამ ძვირფას სულიერ განძს და-ძმებს. თუმცა ეს არ იყო ერთადერთი „ტურისტული მარშრუტი“ იმ დროს. მაგალითად, ვიდრე 1939 წელს გერმანია ჩეხოსლოვაკიის ოკუპაციას მოახდენდა, ამგვარი მარშრუტები გერმანია-ჩეხოსლოვაკიის საზღვრის სხვა ნაწილებშიც ხორციელდებოდა. ანალოგიურ რისკზე მიდიოდნენ გერმანიის მეზობელ ქვეყნებში — საფრანგეთში, ნიდერლანდებსა და შვეიცარიაში — მცხოვრები ძმებიც, რომლებიც ცდილობდნენ, დევნილი ძმებისთვის სულიერი საზრდო მიეწოდებინათ.

დღეს სულ სხვა სიტუაციაა. ლიტერატურა უხვად გვაქვს, თანაც უამრავი სახით. ამიტომ, როცა ახალ პუბლიკაციას იღებთ, არა აქვს მნიშვნელობა დაბეჭდილი თუ ელექტრონული ფორმატით, დაფიქრდით, რამხელა ჯაფა დევს ამ ყველაფერში. შეიძლება დღეს თოვლიან მთებს ფეხით არავინ კვეთს შუაღამით მძიმე ზურგჩანთებაკიდებული, მაგრამ დარწმუნებულნი იყავით, რომ ამ საქმეში უამრავი და-ძმის მძიმე შრომაა ჩადებული, რომლებიც უანგაროდ გემსახურებიან.

^ აბზ. 3 მსახურობდა სილეზიაში, ჰირშბერგის კრებაში. ქალაქ ჰირშბერგს ახლა იელენია-გურა ჰქვია და სამხრეთ-დასავლეთ პოლონეთში მდებარეობს.