წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) დეკემბერი 2013

„ეს აკეთეთ ჩემ გასახსენებლად“

„ეს აკეთეთ ჩემ გასახსენებლად“

«ღმერთს მადლობა გადაუხადა, დაამტვრია [პური] და თქვა: „ეს ჩემს სხეულს ნიშნავს, რომელიც თქვენთვისაა. ეს აკეთეთ ჩემ გასახსენებლად“» (1 კორ. 11:24).

1, 2. სავარაუდოდ, რას ფიქრობდნენ მოციქულები?

„ღრუბლები გადაიყარა და ნამგალა მთვარეც გამოჩნდა. წუხელ საღამოს გუშაგი იერუსალიმში აუცილებლად შენიშნავდა ღამის წყვდიადში ნამგალა მთვარის სილუეტს. სინედრიონმაც, როცა შეიტყო ეს ამბავი, მაცნეები აფრინა და ხალხს ცეცხლის დანთებით ახალი თვის, ნისანის დაწყება აუწყა. ამ ამბავმა ჩვენამდეც მოაღწია. მალე პასექი დადგება და ალბათ მანამდე იესო იერუსალიმში წასვლას გადაწყვეტს“.

2 შესაძლოა ასეთი აზრები უტრიალებდათ თავში პერეადან იერუსალიმისკენ მიმავალ მოციქულებს; ის ხომ უკანასკნელად ადიოდა იერუსალიმში?! (მათ. 19:1; 20:17, 29; მარ. 10:1, 32, 46). პასექამდე 13 დღეღა იყო დარჩენილი, რადგან ებრაული კალენდრით უკვე პირველი ნისანი იდგა.

3. რატომ ინტერესდებიან ქრისტიანები პასექის თარიღით?

3 უფლის გახსენების საღამო, რომლის თარიღიც ემთხვევა ძველი ებრაელების პასექის დღესასწაულის თარიღს, 2014 წლის 14 აპრილს მზის ჩასვლის შემდეგ აღინიშნება. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანისა და ბიბლიური ჭეშმარიტებით დაინტერესებული ყველა ადამიანისთვის. იმის მიზეზს, თუ რატომ არის ეს ასე, 1  კორინთელების 11:23—25-ში ვკითხულობთ: «იმ ღამეს, როცა უნდა გაეცათ, უფალმა იესომ აიღო პური, ღმერთს მადლობა გადაუხადა, დაამტვრია და თქვა: „ეს ჩემს სხეულს ნიშნავს, რომელიც თქვენთვისაა. ეს აკეთეთ ჩემ გასახსენებლად“. ვახშმის შემდეგ სასმისი რომ აიღო, მსგავსად მოიქცა».

4. ა) რა კითხვები შეიძლება წამოიჭრას გახსენების საღამოსთან დაკავშირებით? ბ) როგორ განისაზღვრება გახსენების საღამოს თარიღი ყოველწლიურად? (იხილეთ ჩარჩო  „გახსენების საღამო 2014 წელს“)

4 რა თქმა უნდა, თქვენც გექნებათ სურვილი, დაესწროთ იმ ერთადერთ ღირსსახსოვარ დღეს, რომლის ყოველწლიურად აღნიშვნაც დაავალა ქრისტემ თავის მიმდევრებს. თუმცა სანამ ამ ღირსშესანიშნავ დღეს დაესწრებით, ჰკითხეთ თქვენს თავს: როგორ შემიძლია მოვემზადო ამ საღამოსთვის? რა სიმბოლოები იქნება გამოყენებული ამ საღამოზე? როგორ წარიმართება საღამო? რა მნიშვნელობა აქვს ამ საღამოს და იქ წარმოდგენილ სიმბოლოებს პირადად ჩემთვის?

სიმბოლოები

5. რა დაავალა იესომ თავის მოციქულებს?

5 როცა იესომ თავის მოციქულებს საპასექო ვახშმისთვის ოთახის მომზადება დაავალა, მას არ უთქვამს, რომ სადღესასწაულოდ მოერთოთ და მოეკაზმათ ოთახი. პირიქით, მას სურდა, რომ ოთახი სადა და სუფთა ყოფილიყო, სადაც საკმარისი ადგილი იქნებოდა იმისთვის, რომ მოწაფეებთან ერთად აღენიშნა ეს დღე (წაიკითხეთ მარკოზის 14:12—16). მოწაფეები რა თქმა უნდა მოამზადებდნენ ყველაფერს, რაც ვახშმისთვის იყო საჭირო, მათ შორის უფუარ პურსა და წითელ ღვინოს. საპასექო ვახშმის შემდეგ იესომ ყურადღება ამ ორ სიმბოლოზე გაამახვილა.

6. ა) რა თქვა იესომ პურზე საპასექო ვახშმის შემდეგ? ა) როგორი პური გამოიყენება გახსენების საღამოსთვის?

6 მოციქულმა მათემ, რომელიც იმ საღამოს ქრისტეს გვერდით იყო, დაწერა: «იესომ აიღო პური, ილოცა, დაამტვრია, მოწაფეებს მისცა და თქვა: „აიღეთ, ჭამეთ“» (მათ. 26:26). ეს ის უფუარი პური იყო, რომელიც პასექის დღესასწაულისთვის იყო გამომცხვარი (გამ. 12:8; კან. 16:3). ამ პურს ხორბლის ფქვილისა და წყლისგან ამზადებდნენ. მას არ ჰქონდა საფუარი და მარილი. ის იყო ბრტყელი, გამომშრალი, ორცხობილასმაგვარი და ადვილად მტვრევადი. საინტერესოა, როგორ პურს იყენებენ დღეს გახსენების საღამოსთვის? სპეციალურად ამ დღისთვის კრების უხუცესები სთხოვენ ვინმეს, ხორბლის ფქვილისა და წყლისგან გამოაცხონ ამდაგვარი პური ოდნავ ზეთმოსხმულ ტაფაზე (თუ ხორბლის ფქვილის შოვნა შეუძლებელია, მაშინ პურის გამოცხობა შეიძლება ბრინჯის, ქერის, სიმინდის ან სხვა მარცვლეულის ფქვილისგან). იუდაური მაცას გამოყენებაც შეიძლება, ოღონდ ისეთის, რომელსაც არა აქვს ალაო, კვერცხი და ხახვი.

7. როგორი ღვინო გამოიყენა იესომ და როგორ ღვინოს ვიყენებთ ჩვენ გახსენების საღამოსთვის?

7 მათე აგრძელებს: «აიღო [იესომ] სასმისი, ღმერთს მადლობა გადაუხადა, მისცა მათ და უთხრა: „ყველამ შესვით“» (მათ. 26:27, 28). როცა იესო ამ სიტყვებს ამბობდა, მას წითელი ღვინო ეჭირა ხელში (ეს არ იყო ახალდაწურული ყურძნის წვენი, რადგან რთველი უკვე დიდი ხნის დასრულებული იყო). ღვინო არ ყოფილა პირველი საპასექო ვახშმის შემადგენელი ნაწილი, თუმცა იესომ დაუშვა, რომ ის იმ დროს საპასექო ვახშამზე ყოფილიყო. მან ის გამოიყენა კიდეც, როცა უფლის გახსენების საღამო აღნიშნა. ამგვარად, დღეს იესოს სიკვდილის გახსენების საღამოს აღნიშვნისას ღონისძიებაზე ღვინოც არის. ღვინოს არ უნდა ჰქონდეს რაიმე განსაკუთრებული  დანამატები, რადგან იესოს სისხლს, ასე ვთქვათ, არაფრის დამატება არ სჭირდება იმისათვის, რომ მან უფრო მეტი ფასი შეიძინოს, ის ისედაც ძვირფასია. გახსენების საღამოზე უნდა იყოს წითელი ღვინო, სახლში დამზადებული ან ისეთი სამარკო, როგორიცაა: კაბერნე, ოჯალეში და იზაბელა.

სიმბოლოების მნიშვნელობა

8. რატომ აქვს ქრისტიანებისთვის უდიდესი მნიშვნელობა იმას, თუ რისი სიმბოლოებია პური და ღვინო?

8 მოციქულმა პავლემ ნათლად და ცხადად მიანიშნა, რომ მოციქულების გარდა სხვა ქრისტიანებსაც უნდა აღენიშნათ უფლის გახსენების საღამო. მან კორინთელ თანაქრისტიანებს მისწერა: «უფლისგან მივიღე და თქვენც გადმოგეცით, რომ იმ ღამეს, როცა უნდა გაეცათ, უფალმა იესომ აიღო პური, ღმერთს მადლობა გადაუხადა, დაამტვრია და თქვა: „ეს ჩემს სხეულს ნიშნავს, რომელიც თქვენთვისაა. ეს აკეთეთ ჩემ გასახსენებლად“» (1 კორ. 11:23, 24). ამიტომ დღევანდელი ქრისტიანებიც აღნიშნავენ ამ განსაკუთრებულ საღამოს ყოველწლიურად, და მათთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რისი სიმბოლოებია პური და ღვინო.

9. რა არასწორი წარმოდგენა აქვს ზოგს იმ პურზე, რომელიც იესომ გამოიყენა?

9 ბევრი, ვინც ქრისტიანული სამყაროს მრევლს მიეკუთვნება, აცხადებს, რომ იესოს სიტყვები, „ეს ჩემს სხეულს ნიშნავს“, პირდაპირი გაგებით უნდა გავიგოთ. ამიტომ მათ სჯერათ, რომ პური სასწაულებრივად იესოს ხორცად გადაიქცა. თუმცა ეს არ შეესაბამება სიმართლეს. * იესო თავისი ერთგული მოციქულების წინაშე იყო, ამიტომ მოციქულებმა უფუარი პური მიირთვეს და არა მისი ხორცი. ცხადია, იესო ამ დროს, როგორც ბევრ სხვა შემთხვევაში, სიმბოლური ენით საუბრობდა (იოან. 2:19—21; 4:13, 14; 10:7; 15:1).

10. რისი სიმბოლოა პური, რომელიც უფლის გახსენების საღამოზე გამოიყენება?

10 პური, რომელიც მოციქულების წინ იდო სუფრაზე და რომელიც მოგვიანებით მიირთვეს,  იესოს სხეულს ნიშნავდა. მაგრამ, რომელ სხეულს? ადრე ღვთის მსახურები ფიქრობდნენ, რომ ვინაიდან იესომ პური დაამტვრია მაშინ, როცა მისი ძვლები არ გადამტვრეულა, ის „ქრისტეს სხეულს“ ანუ ცხებულთა კრებას ნიშნავდა (ეფეს. 4:12; რომ. 12:4, 5; 1 კორ. 10:16, 17; 12:27). თუმცა დროთა განმავლობაში, მსჯელობისა და წმინდა წერილების გამოკვლევის საფუძველზე ცხადი გახდა, რომ პური წარმოადგენს იესოს ადამიანურ სხეულს, რომელიც ღმერთმა მოუმზადა მას. ქრისტე „ხორცში იტანჯა“ და ბოლოს ძელზე გააკრეს. ამგვარად, უფლის გახსენების საღამოზე წარმოდგენილი პური სიმბოლოა იმ სხეულისა, რომლითაც იესომ „აიტანა ძელზე ჩვენი ცოდვები“ (1 პეტ. 2:21—24; 4:1; იოან. 19:33—36; ებრ. 10:5—7).

11, 12. ა) რა თქვა იესომ ღვინოსთან დაკავშირებით? ბ) რას ნიშნავს უფლის გახსენების საღამოზე წარმოდგენილი ღვინო?

11 პურის მნიშვნელობის ცოდნა ჩვენ იმის გაგებაში გვეხმარება, რაც იესომ ღვინოსთან დაკავშირებით თქვა. ბიბლიაში ვკითხულობთ: «ვახშმის შემდეგ სასმისი რომ აიღო, მსგავსად მოიქცა და თქვა: „ეს სასმისი ნიშნავს ახალ შეთანხმებას ჩემი სისხლის საფუძველზე“» (1 კორ. 11:25). ქრისტეს ნათქვამი ეს სიტყვები ბიბლიის არაერთ თარგმანში ისეა ნათარგმნი, როგორც „საქართველოს საპატრიარქოს გამოცემაში“: „ეს სასმისი არის ახალი აღთქმა ჩემს სისხლში“ (კურსივი ჩვენია). პირდაპირი გაგებით სასმისზეა საუბარი? არა, რადგან სიტყვა „სასმისი“ მიანიშნებს ღვინოზე, იმაზე, რაც ამ სასმისში ესხა. იესომ თქვა, რომ ღვინო ნიშნავდა ანუ წარმოადგენდა მის დაღვრილ სისხლს.

12 მარკოზის სახარებაში ვკითხულობთ იესოს სიტყვებს: «ეს ჩემს სისხლს ნიშნავს, „შეთანხმების სისხლს“, რომელიც მრავალთათვის უნდა დაიღვაროს» (მარ. 14:24). დიახ, იესოს სისხლი უნდა დაღვრილიყო მრავალთათვის ცოდვების მისატევებლად (მათ. 26:28). აქედან გამომდინარე, წითელი ღვინო იესოს სისხლის სიმბოლოა. სწორედ იესოს სისხლის ანუ მისი გამოსასყიდის მეშვეობით „გვეპატია შეცოდებები“ (წაიკითხეთ ეფესოელების 1:7).

მოციქულებმა მიიღეს ღვინო, რაც იესოს სისხლს ნიშნავდა (იხილეთ მე-11 და მე-12 აბზაცები)

როგორ აღინიშნება ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამო

13. როგორ აღინიშნება ყოველწლიურად უფლის გახსენების საღამო?

13 თუ ჯერ არ დასწრებიხართ არასდროს გახსენების საღამოს და წელს აპირებთ პირველად, ალბათ, გაინტერესებთ, როგორ ჩატარდება ის? შეხვედრა ჩატარდება სასიამოვნო და სუფთა გარემოში. შეხვედრის ადგილი შეიძლება ყვავილებით იყოს გაფორმებული, მაგრამ იქ არ იქნება საზეიმო დეკორაციები და წვეულებისთვის დამახასიათებელი ატმოსფერო. გამოცდილი უხუცესი გახსენების საღამოსთან დაკავშირებით ბიბლიაში ჩაწერილ მოვლენებს წარმოადგენს გასაგებად და ღირსეულად. მომხსენებელი აუდიტორიას დაეხმარება იმის გაგებაში, თუ რა გააკეთა ქრისტემ მათთვის, ისაუბრებს იმაზე, თუ როგორ გაათავისუფლა მისმა სიკვდილმა ისინი და როგორ მოუტანა მათ სიცოცხლე (წაიკითხეთ რომაელების 5:8—10). მომხსენებელი ისაუბრებს იმ ორი სახის იმედზე, რომელიც წმინდა წერილებშია ჩაწერილი ქრისტიანთათვის.

14. რა და რა სახის იმედზე იქნება საუბარი გახსენების საღამოზე წარმოთქმულ მოხსენებაში?

14 ქრისტეს მიმდევართა შედარებით პატარა ჯგუფს, მის მოციქულთა მსგავსად, ზეცაში ქრისტესთან ერთად მეფობის იმედი გააჩნია (ლუკ. 12:32; 22:19, 20; გამოცხ. 14:1). მაგრამ ქრისტიანთა უმეტესობას, ვინც ერთგულად ემსახურება ღმერთს, სხვა სახის იმედი აქვს. ისინი მოელიან, რომ დედამიწაზე აღდგენილ სამოთხეში მარადიულად იცხოვრებენ. ეს იქნება დრო, როცა ღვთის ნება შესრულდება დედამიწაზე, როგორც ზეცაში სრულდება. ეს ხომ ის არის, რის შესახებაც ქრისტიანები უკვე დიდი ხანია ვლოცულობთ?! (მათ. 6:10). წმინდა წერილები პირდაპირ საუბრობს იმ საუცხოო და გასაოცარი მოვლენების შესახებ, რისი მომსწრეც მთელი მარადიულობის განმავლობაში გახდება ღვთის ყველა ერთგული ადამიანი (ეს. 11:6—9; 35:5, 6; 65:21—23).

15, 16. როგორ გამოიყენება პური უფლის გახსენების საღამოზე?

15 მოხსენების დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე მომხსენებლი აუდიტორიას ეტყვის, რომ დადგა დრო, შეასრულონ ის მითითება, რის გაკეთებაც იესომ თავის მოციქულებს  დაავალა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გახსენების საღამოზე გამოყენებული იქნება ორი სიმბოლო, უფუარი პური და წითელი ღვინო. ეს სიმბოლოები განთავსებული იქნება მაგიდაზე, მომხსენებელთან ახლოს. მომხსენებელი ყურადღებას გაამახვილებს იმ ბიბლიურ მონაკვეთზე, საიდანაც ჩანს, თუ რა თქვა და რა გააკეთა იესომ, როცა გახსენების საღამო დააწესა. მაგალითად, მათეს სახარებაში ამის შესახებ ასეთ რამეს ვკითხულობთ: «იესომ აიღო პური, ილოცა, დაამტვრია, მოწაფეებს მისცა და თქვა: „აიღეთ, ჭამეთ. ეს ჩემს სხეულს ნიშნავს“» (მათ. 26:26). იესომ დაამტვრია უფუარი პური და გვერდით მსხდომ მოციქულებს გადააწოდა. 14 აპრილს გახსენების საღამოზე თქვენ შეამჩნევთ, რომ თეფშებზე დალაგებული იქნება დამტვრეული უფუარი პურის ნაჭრები.

16 გახსენების საღამოზე საკმარისი რაოდენობის თეფშები იქნება, რათა დროის გონივრულ ფარგლებში მოხდეს ყველა დამსწრისთვის სიმბოლოების გადაწოდება. ეს არ იქნება პომპეზური რიტუალი. ჯერ წარმოითქმება მოკლე ლოცვა და შემდეგ თეფშებს ჩამოატარებენ. დამსწრეთა შორის ცოტანი (შესაძლოა არავინ) მიირთმევენ ჩამოტარებულ პურს, როგორც ეს მოხდა 2013 წელს გახსენების საღამოს აღნიშვნისას მრავალ კრებაში.

17. იესოს მითითების თანახმად, როგორ გამოიყენება ღვინო უფლის გახსენების საღამოზე?

17 შემდეგ მომხსენებელი ყურადღებას გაამახვილებს მათეს მიერ თავისივე სახარებაში ჩაწერილ სიტყვებზე: «[იესომ] აიღო სასმისი, ღმერთს მადლობა გადაუხადა, მისცა მათ და უთხრა: „ყველამ შესვით, რადგან ეს ჩემს სისხლს ნიშნავს, „შეთანხმების სისხლს“, რომელიც მრავალთათვის უნდა დაიღვაროს ცოდვების მისატევებლად“» (მათ. 26:27, 28). ამ ნიმუშის თანახმად, წარმოთქმული იქნება კიდევ ერთი ლოცვა, რის შემდეგაც სასმისით წითელ ღვინოს ყველა დამსწრეს გადააწვდიან.

18. რატომ არის გახსენების საღამოზე დასწრება მნიშვნელოვანი მაშინაც კი, როცა ცოტანი იღებენ სიმბოლოებს ან საერთოდ არავინ იღებს?

18 დამსწრეთა უმრავლესობა არ იღებს სიმბოლოებს, რადგან იესოს მითითების თანახმად, სიმბოლოებს მხოლოდ ისინი იღებენ, ვინც იესოსთან ერთად იმეფებენ ზეციურ სამეფოში (წაიკითხეთ ლუკას 22:28—30; 2 ტიმ. 4:18). დარბაზში მსხდომთა უმრავლესობა მხოლოდ გადააწვდის ერთმანეთს უფუარ პურსა და ღვინოს. თუმცა უფლის გახსენების საღამოზე დასწრება მაინც მნიშვნელოვანია, რადგან ამგვარად ვაჩვენებთ, რომ ძალიან ძვირფასია იესოს გაღებული მსხვერპლი. ამ დროს საშუალება გვეძლევა, დავფიქრდეთ იმ კურთხევებზე, რომლის მოტანაც იესოს გამოსასყიდს შეუძლია. გახსენების საღამოზე დამსწრეთ აქვთ იმის პერსპექტივა, რომ იყვნენ იმ „უამრავ ხალხს“ შორის, რომლებიც დიდ გასაჭირს გადაიტანენ. ისინი იქნებიან ღვთის ის თაყვანისმცემლები, რომლებზეც ბიბლია ამბობს: „გაირეცხეს თავიანთი გრძელი სამოსელი და გაათეთრეს კრავის სისხლით“ (გამოცხ. 7:9, 14—17).

19. როგორ შეგიძლიათ მოემზადოთ უფლის გახსენების საღამოსთვის და როგორ შეიძლება ის სასარგებლო აღმოჩნდეს თქვენთვის?

19 მთელი დედამიწის ზურგზე იეჰოვას მოწმეები ემზადებიან ამ განსაკუთრებული დღისთვის. რამდენიმე კვირით ადრე გავავრცელებთ მოსაწვევებს, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაესწროს ამ საღამოს. ამას გარდა, გახსენების საღამომდე რამდენიმე დღის განმავლობაში წავიკითხავთ ბიბლიიდან იმ მონაკვეთებს, საიდანაც ჩანს, თუ რას აკეთებდა იესო და რა მოვლენები უძღოდა წინ ახ. წ. 33 წელს გამართულ ამ საღამოს. კარგი იქნება, თუ ისე დაგეგმავთ თქვენს საქმეებს, რომ აუცილებლად დაესწროთ ამ შეხვედრას. კარგს იზამთ, თუ უფლის გახსენების საღამოზე ცოტათი ადრე მიხვალთ; ამგვარად, სტუმრების დახვედრასაც შევძლებთ და პროგრამის გულისყურით მოსმენასაც. ძალიან სასარგებლო იქნება თითოეული დამსწრისთვის, მათ შორის სტუმრებისთვის, თუ ბიბლიებში თვალს მიადევნებენ წაკითხულ ბიბლიურ მუხლებს. რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი ამ საღამოზე დასწრება იმის მაჩვენებელი იქნება, რომ მთელი გულით ვაფასებთ იესოს გაღებულ მსხვერპლს და ვემორჩილებით შემდეგ მითითებას: „ეს აკეთეთ ჩემ გასახსენებლად“ (1 კორ. 11:24).

^ აბზ. 9 გერმანელი სწავლული ჰაინრიხ მაიერი ამბობს: „ხედავდნენ . . . რომ იესო მათ წინაშე იყო ჯერ კიდევ სრულიად უვნებელი (ცოცხალი) და ჯერ კიდევ არ იყო მისი სისხლი დაღვრილი. ამიტომ დამსწრეთაგან [მოციქულთაგან] ვერავინ დაუშვებდა იმ აზრს . . . რომ ისინი პირდაპირი გაგებით ჭამდნენ უფლის ხორცს და სვამდნენ მის სისხლს. [ასე რომ], იესომ მარტივი სიტყვებით გადმოსცა სათქმელი, ვინაიდან არ სურდა, რომ მოწაფეებს ნათქვამი არასწორად გაეგოთ“.