წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) ნოემბერი 2013

შვიდი მწყემსი და რვა მთავარი ვის წარმოადგენენ ისინი დღეს?

შვიდი მწყემსი და რვა მთავარი ვის წარმოადგენენ ისინი დღეს?

„მის წინააღმდეგ გამოვიყვანთ შვიდ მწყემსს, რვა მთავარს ადამიანთა მოდგმიდან“ (მიქ. 5:5).

1. რატომ იყო სირია-ისრაელის კავშირი განწირული?

იდგა ძველი წელთაღრიცხვით VIII საუკუნე. 762—759 წლებში ისრაელისა და სირიის მეფეებმა იუდას სამეფოს ომი გამოუცხადეს. მათი მიზანი იერუსალიმის აღება, მეფე ახაზის ტახტიდან ჩამოგდება და სხვა მეფის დასმა იყო, თანაც ეს მეფე შესაძლოა მეფე დავითის საგვარეულო ხაზიდან არ ყოფილიყო (ეს. 7:5, 6). რა თქმა უნდა, ისრაელის მეფეს კარგად უნდა სცოდნოდა იეჰოვას განზრახვა, რომ სამეფო ტახტზე მხოლოდ და მხოლოდ დავითის შთამომავალი უნდა მჯდარიყო და ისიც უნდა სცოდნოდა, რომ იეჰოვას განზრახვა არასოდეს ცუდდებოდა, ის ყოველთვის სრულდებოდა (იეს. 23:14; 2 სამ. 7:16).

2—4. როგორ შესრულდა ესაიას 7:14, 16-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება ა) ძვ. წ. VIII საუკუნეში და ბ) ახ. წ. I საუკუნეში?

2 თავიდან ისე ჩანდა, რომ სირია-ისრაელის ალიანსი წარმატებით დააგვირგვინებდა ჩანაფიქრს. მეფე ახაზმა მარტო ერთ ბრძოლაში 120 000 მამაცი მებრძოლი დაკარგა. ამავე დროს, სიცოცხლეს გამოასალმეს „უფლისწული მაასეიაც“ (2 მატ. 28:6, 7). თუმცა იეჰოვა ყველაფერს ხედავდა და აკვირდებოდა. მას კარგად ახსოვდა დავითისთვის მიცემული პირობა; და სწორედ ამიტომ წარგზავნა მან თავისი წინასწარმეტყველი ესაია ერთობ მანუგეშებელი ცნობით.

3 ესაიამ ასეთი წინასწარმეტყველება წარმოთქვა: „აი, დაორსულდება ქალწული, გააჩენს ვაჟს და დაარქმევს მას ემანუელს . . . სანამ ყმაწვილი არ ისწავლის, როგორ უკუაგდოს ბოროტი და როგორ აირჩიოს კეთილი, მიტოვებული იქნება იმ ორი მეფის [სირიისა და ისრაელის] მიწა, რომელთა გამოც თავზარდაცემული ხარ“ (ეს. 7:14, 16). ხშირად ამ წინასწარმეტყველების პირველ ნაწილს მესიის დაბადებას ვუკავშირებთ ხოლმე და ეს სწორიცაა (მათ. 1:23). თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ახ. წ. I საუკუნეში იუდას საფრთხეს აღარ უქმნიდა ეს „ორი მეფე“, გამოდის, რომ ეს წინასწარმეტყველება პირველად ესაიას დროს უნდა შესრულებულიყო.

 4 ესაიას საყურადღებო განაცხადის შემდეგ მალევე მისი ცოლი დაორსულდა და შვა ძე, რომელსაც სახელად მაჰერ-შალალ-ხაშ-ბაზი დაარქვეს. ერთ-ერთი შესაძლო ვარაუდის თანახმად, ეს ბავშვი იყო ის ემანუელი, რომელზეც ესაია საუბრობდა. * ბიბლიურ ეპოქაში ახალშობილისთვის შესაძლოა დაერქმიათ სახელი, რომელიც რაიმე განსაკუთრებულ მოვლენას უკავშირდებოდა, მაგრამ შემდეგ მშობლებსა და ნათესავებს ის სხვა სახელით მოეხსენიებინათ (2 სამ. 12:24, 25). არ არსებობს იმის არანაირი მტკიცებულება, რომ იესოსთვის ვინმეს ოდესმე ემანუელით მიემართოს (წაიკითხეთ ესაიას 7:14; 8:3, 4 ).

5. რა უგუნური გადაწყვეტილება მიიღო მეფე ახაზმა?

5 მაშინ, როცა ისრაელსა და სირიას იუდაზე ეჭირათ თვალი, ასურეთი მთელი იმ რეგიონის დაპყრობას იზრახავდა. ეს უკანასკნელი აღმავლობის გზაზე იდგა, როგორც მსოფლიო მპყრობელი. სანამ იუდას სამხრეთ სამეფოს დაესხმებოდა თავს, ასურეთი, ესაიას 8:3, 4-ის თანახმად, „დამასკოს სიმდიდრეს და ნადავლს სამარიიდან“ წაიღებდა. იმის მაგივრად, რომ ესაიას პირით ნათქვამ ღვთის სიტყვებს დანდობოდა, ურწმუნო ახაზმა ასურეთთან ღვთისთვის ყოვლად მიუღებელი შეთანხმება დადო, რამაც საბოლოოდ იუდა ამ მჩაგვრელი ერის მსხვერპლად აქცია (2 მეფ. 16:7—10). ნამდვილად დასანანია, რომ იმ დროს იუდას ახაზისნაირი მწყემსი ჰყავდა! ჩვენ რას ვსწავლობთ აქედან? ურიგო არ იქნებოდა, თუ სერიოზული გადაწყვეტილებების მიღებამდე საკუთარ თავს შევეკითხებოდით: იეჰოვაზე ვამყარებ იმედს თუ ადამიანზე? (იგავ. 3:5, 6).

ახალი მწყემსი სხვა გეზს ირჩევს

6. რა განსხვავება იყო ახაზისა და ხიზკიას მმართველობებს შორის?

6 ახაზი მოკვდა ძვ.  წ.  746 წელს და მის ძეს ხიზკიას გაღატაკებული და სულიერად დაჩაჩანაკებული იუდა ერგო მემკვიდრეობად. საინტერესოა, ახალგაზრდა მეფე ტახტზე ასვლისას საითკენ აიღებდა გეზს და პირველ ყოვლისა, რომელი საკითხის მოგვარებაზე იფიქრებდა? ქვეყნის ეკონომიკის აღმავლობას ხომ არ შეუდგებოდა? არა, ის ასე არ მოქცეულა! ახალი მეფე სულიერად მოაზროვნე ადამიანი გამოდგა. ის იყო თავისი ხალხის მართლაც რომ ღირსეული მწყემსი! პირველი, რაც მან გააკეთა, იყო ის, რომ განაახლა წმინდა თაყვანისმცემლობა და თავის ურჩ ერს იეჰოვასთან დაკარგული ურთიერთობა აღუდგინა. მან გადამწყვეტი ზომები მიიღო მას შემდეგ, რაც მიხვდა, თუ რას ელოდა ღმერთი მისგან. ოჰ, რა ბრწყინვალე მაგალითია! (2 მატ. 29:1—19).

7. რატომ იყო მნიშვნელოვანი, რომ ლევიანები დარწმუნებულნი ყოფილიყვნენ ახალი მეფის მხარდაჭერაში?

7 ლევიანებს სერიოზული როლი უნდა შეესრულებინათ წმინდა თაყვანისმცემლობის აღდგენაში. ამიტომ მეფე ხიზკია შეხვდა მათ და მხარდაჭერა გამოუცხადა. შეგიძლიათ, ერთი წუთით წარმოიდგინოთ ის ერთგული ლევიანები, რომელთაც სახეზე სიხარულის ცრემლი არ აშრებოდათ, როცა ისმენდნენ მეფის ამ სიტყვებს: „თქვენ ამოგარჩიათ იეჰოვამ, რომ მდგარიყავით მის წინაშე და გემსახურათ მისთვის“? (2 მატ. 29:11). დიახ, ლევიანებმა მართლაც აშკარა და თვალნათელი მითითება მიიღეს წმინდა თაყვანისმცემლობის ასაღორძინებლად.

8. ა) რა შემდგომი ნაბიჯები გადადგა ხიზკიამ ერის სულიერად განსამტკიცებლად? ბ) რა შედეგი მოჰყვა მეფის მცდელობას?

8 ხიზკიამ მოიწვია ყველა იუდეველი და ისრაელი პასექის დღესასწაულის აღსანიშნავად, რომელსაც მოჰყვა შვიდდღიანი უფუარობის დღესასწაული. ხალხი იმდენად გახარებული და ბედნიერი იყო, რომ დღესასწაული კიდევ შვიდ დღეს გაგრძელდა. ბიბლიაში წერია: „დიდი სიხარული სუფევდა იერუსალიმში, რადგან ისრაელის მეფის, სოლომონის, დავითის ვაჟის დროიდან მსგავსი რამ არ ყოფილა იერუსალიმში“ (2 მატ. 30:25, 26). ეს საოცარი სულიერი  ნადიმი ღვთის ხალხისთვის მართლაც რომ უდიდესი გამხნევება იქნებოდა! 2 მატიანეს 31:1 მოგვითხრობს: „ყოველივე ეს რომ დაამთავრეს იქ მყოფმა ისრაელებმა . . . დაამტვრიეს წმინდა სვეტები, აჩეხეს წმინდა ბოძები, მოსპეს მაღლობები და სამსხვერპლოები“. ხედავთ, რა რადიკალური ცვლილება მოხდა?! იუდა კვლავ დაუბრუნდა იეჰოვას! თუმცა რეალურად ეს სულიერი განწმენდა მათ მომავალი განსაცდელებისთვის ამზადებდა.

მეფე განსაცდელისთვის ემზადება

9. ა) როგორ ჩაუვარდა ისრაელს კოვზი ნაცარში? ბ) რა წარმატებას მიაღწია თავიდან სინახერიბმა იუდაში?

9 ესაიას სიტყვები გამართლდა. ასურელებმა დაიპყრეს ისრაელის ჩრდილოეთ სამეფო და მოსახლეობა გადაასახლეს; ამგვარად ისრაელს კოვზი ნაცარში ჩაუვარდა, მათ ვერ შეძლეს დავითის ტახტის ხელში ჩაგდება და სხვისი გამეფება. თუმცა საინტერესოა, რა ჰქონდა ასურეთს ჩაფიქრებული, რას გეგმავდა? საქმე იმაში იყო, რომ ასურეთს ამჟამად უკვე მიზანში იუდა ჰყავდა ამოღებული. „მეფე ხიზკიას მეფობის მეთოთხმეტე წელს ასურეთის მეფე სინახერიბი მიადგა იუდას გამაგრებულ ქალაქებს და დაიპყრო ისინი“. ცნობების თანახმად, სინახერიბმა მთლიანობაში იუდას 46 ქალაქი დაიპყრო. ასურელთა ძლევამოსილი ჯარი ერთი მეორის მიყოლებით იპყრობდა იუდას ქალაქებს. რას იგრძნობდით, იმ დროს თქვენც იერუსალიმში რომ გეცხოვრათ? (2 მეფ. 18:13).

10. როგორ იმოქმედებდა მიქას 5:5, 6 ხიზკიაზე?

10 რა თქმა უნდა, ხიზკია აცნობიერებდა მოსალოდნელ საფრთხეს, მაგრამ თავისი განდგომილი მამისგან, ახაზისგან განსხვავებით, საშველი წარმართ ერებში არ უძებნია, ის მთლიანად იეჰოვას მიენდო (2 მატ. 28:20, 21). მას ალბათ ეცოდინებოდა მიქას სიტყვები, რომელიც მისივე პერიოდში წინასწარმეტყველებდა. მიქას ასეთი რამ ჰქონდა ნათქვამი ასურეთზე: „როცა ასურელი მოვა . . . მის წინააღმდეგ გამოვიყვანთ შვიდ მწყემსს, რვა მთავარს ადამიანთა მოდგმიდან. მახვილით დამწყემსავენ ისინი ასურეთის მიწას“ (მიქ. 5:5, 6). ეს ღვთიური სიტყვები, რა თქმა უნდა, ძალზე გაამხნევებდა ხიზკიას; ის მიხვდებოდა, რომ ღმერთი ასურელთა წინააღმდეგ გამოიყვანდა ერთობ უჩვეულო ჯარს, რომელიც სძლევდა ამ ვერაგ მტერს.

11. ძირითადად, როდის უნდა შესრულებულიყო წინასწარმეტყველება შვიდ მწყემსსა და რვა მთავარზე?

11 წინასწარმეტყველება შვიდ მწყემსსა და  რვა მთავარზე ძირითადად უნდა შესრულებულიყო იესოს დაბადებიდან ძალიან დიდი ხნის შემდეგ. მიქას წინასწარმეტყველებაში იესოზე წერია: „შენგან გამომივა მმართველი ისრაელში; ძველი დროიდანაა მისი წარმოშობა“ (წაიკითხეთ მიქას 5:1, 2). ეს მოხდება მაშინ, როცა იეჰოვას მსახურებს შეავიწროებენ თანამედროვე „ასურელები“. საინტერესოა, რა ძალას გამოიყენებს იეჰოვა და რით დაუპირისპირდება ამ შიშის მომგვრელ მტერს თავისი ახალგამეფებული ძის მეშვეობით? ამას მომავალი გვიჩვენებს. მაგრამ სანამ ეს ახდება, მოდი ჯერ ვისაუბროთ იმაზე, თუ რა შეგვიძლია ვისწავლოთ ხიზკიასგან.

ხიზკია მოქმედებას იწყებს

12. რა ნაბიჯები გადადგეს ხიზკიამ და მასთან მყოფებმა ღვთის ხალხის დასაცავად?

12 იეჰოვა მუდამ მზად არის თავის მსახურთა დასახმარებლად მაშინ, როცა ისინი უსუსურნი არიან; მაგრამ ამავე დროს, ელის, რომ მისი მსახურნი გულხელდაკრეფილნი არ ისხდებიან და გააკეთებენ ყველაფერს, რის გაკეთებაც შეუძლიათ. ხიზკია დაეკითხა „მთავრებსა და ძლიერ ვაჟკაცებს“ და მათთან ერთად გადაწყვიტა, რომ „ქალაქგარეთ წყლის წყაროები გადაეკეტა . . . გამბედაობა მოიკრიბა [ხიზკიამ], ამოაშენა გალავნის დანგრეული კედლები, აღმართა მასზე კოშკები, გარეთ სხვა გალავანი ამოუშენა . . . და მრავალი შუბი და ფარი დაამზადა“ (2 მატ. 32:3—5). იეჰოვამ თავისი ხალხის დასაცავად და დასამწყემსად იმ დროს რამდენიმე გულადი ვაჟკაცი — ხიზკია, მისი მთავრები და სულიერად ძლიერი წინასწარმეტყველები გამოიყენა.

13. რომელი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ხიზკიამ გადადგა მოსალოდნელი შემოტევისთვის ხალხის მოსამზადებლად?

13 ის, რაც შემდეგ ხიზკიამ გააკეთა, იყო ათმაგად და ასმაგად მნიშვნელოვანი, ვიდრე წყაროების გადაკეტვა და კედლების გამაგრება. მან, როგორც კარგმა და მზრუნველმა მწყემსმა, შეკრიბა ხალხი და ასეთი სიტყვებით გაამხნევა: „ნუ შეგაშინებთ და ნუ შეგაძრწუნებთ ასურეთის მეფე . . . რადგან ჩვენთან უფრო ბევრნი არიან, ვიდრე მასთან! მასთან ხორციელი ძალაა, ჩვენთან კი იეჰოვაა, ჩვენი ღმერთი, რათა დაგვეხმაროს და ჩვენთვის იბრძოლოს“. მართლაც რა რწმენის განმამტკიცებელი შეხსენება იყო — იეჰოვა იბრძოლებდა თავისი ხალხისთვის! „გაამხნევა ხალხი იუდას მეფე ხიზკიას სიტყვებმა“. ყურადღება მიაქციეთ ერთ რამეს: ხიზკიას სიტყვებმა გავლენა იქონია ხალხზე და მათ გულთან ახლოს მიიტანეს მისი ნათქვამი. მეფე, მთავრები, ძლიერი ვაჟკაცები და წინასწარმეტყველები — მიქა და ესაია — ნამდვილად კარგი მწყემსები აღმოჩნდნენ; ზუსტად ისეთები, როგორიც იეჰოვას ჰქონდა ნაწინასწარმეტყველები (2 მატ. 32:7, 8; წაიკითხეთ მიქას 5:5, 6 ).

ხიზკიას სიტყვებმა ძალიან იმოქმედა ხალხზე (იხილეთ მე-12 და მე-13 აბზაცები)

14. როგორ მოიქცა რაბშაკე და რა რეაქცია ჰქონდა ხალხს?

14 ასურეთის მეფე იერუსალიმის სამხრეთ-დასავლეთით ლაქიშთან დაბანაკდა. მან სამი დესპანი გაგზავნა იუდას მეფესთან და დანებება მოსთხოვა. ერთ-ერთმა მათგანმა, წოდებით რაბშაკემ, სხვადასხვა გზით სცადა მათი გადაბირება. ის მათივე ენაზე, ებრაულად დაელაპარაკა ხალხს და მოუწოდა, ზურგი ექციათ მეფისთვის და დამორჩილებოდნენ ასურელებს; ცრუ დაპირებაც მისცა, რომ დაასახლებდა ისეთ ადგილას, სადაც უზრუნველად და მშვიდად იცხოვრებდნენ (წაიკითხეთ 2 მეფეების 18:31, 32). რაბშაკე აცხადებდა, რომ როგორც სხვა ერების ღმერთებმა ვერ დაიცვეს თავიანთი თაყვანისმცემლები ასურელთა ხელიდან, ასევე ვერ დაიხსნიდა იეჰოვაც იუდეველებს მათი კლანჭებიდან. ჭეშმარიტად საზრიანად მოიქცა ხალხი, პასუხი რომ არ გასცა ამ ცილისმწამებელს! ეს ის მეთოდია, რასაც იეჰოვას მოწმეები დღესაც ხშირად მიმართავენ (წაიკითხეთ 2 მეფეების 18:35, 36 ).

15. რა მოეთხოვებოდა იერუსალიმის მკვიდრთ და როგორ დაიხსნა იეჰოვამ მათი ქალაქი?

15 ცხადია, ხიზკია იქნებოდა შეძრწუნებული, მაგრამ მას უცხო ძალისთვის არ მიუმართავს დასახმარებლად; მან წინასწარმეტყველ ესაიას მოუხმო. ესაიამ მეფეს უთხრა: „ვერ შემოვა [სინახერიბი] ამ ქალაქში, ვერც ისარს გაისვრის აქ“ (2 მეფ. 19:32). ამ გადამწყვეტ მომენტში ერთადერთი, რაც  იერუსალიმის მკვიდრთ მოეთხოვებოდათ, ის იყო, რომ არ შემდრკალიყვნენ. იეჰოვა იბრძოლებდა მათთვის. და ეს მართლაც ასე მოხდა, იეჰოვამ იბრძოლა თავისი ერისთვის! „იმ ღამით წავიდა იეჰოვას ანგელოზი და ას ოთხმოცდახუთი ათასი კაცი დასცა ასურელთა ბანაკში“ (2 მეფ. 19:35). იუდა გადარჩა! და ეს არ მომხდარა იმის გამო, რომ ხიზკიამ წყაროები გადაკეტა და ქალაქის გალავანი ამოაშენა. ამაში უშუალოდ ღვთის ხელი ერია!

გაკვეთილი ჩვენთვის

16. ვინ არიან დღეს ა) „იერუსალიმის მკვიდრნი“, ბ) „ასურელები“, გ) „შვიდი მწყემსი და რვა მთავარი“?

16 წინასწარმეტყველება შვიდ მწყემსსა და რვა მთავარზე ძირითადად ჩვენს დღეებში სრულდება. როგორც ვნახეთ, ძველი იერუსალიმის მკვიდრთ თავს დაესხნენ ასურელები. მალე, იეჰოვას, ერთი შეხედვით, ადვილად ხელწამოსაკრავ ხალხს თანამედროვე „ასურეთი“ დაესხმება თავს, რომელსაც მათი მიწასთან გასწორება ექნება გულში განზრახული. ბიბლიაში პირდაპირ არის საუბარი ამ თავდასხმაზე; მასში სხვა თავდასხმებზეცაა საუბარი, მაგალითად, თავდასხმაზე, რომელსაც განახორციელებს „გოგი მაგოგის მიწიდან“, „ჩრდილოეთის მეფის“ თავდასხმასა და „დედამიწის მეფეების“ თავდასხმაზე (ეზეკ. 38:2, 10—13; დან. 11:40, 44, 45; გამოცხ. 17:14; 19:19). ერთი და იმავე თავდასხმაზეა აქ საუბარი თუ სხვადასხვაზე? ამის პასუხი ზუსტად არ ვიცით. შესაძლოა ბიბლიაში ერთი და იგივე თავდასხმა სხვადასხვა სახელით იყოს მოხსენიებული. იბადება აგრეთვე კითხვა, რა საიდუმლო იარაღს აღმართავს იეჰოვა მიქას წინსწარმეტყველების თანახმად, ამ დაუძინებელი მტრის — „ასურეთის“ — წინააღმდეგ? ეს იარაღი იქნება საკმაოდ უჩვეულო, კერძოდ, „შვიდი მწყემსი და რვა მთავარი“ (მიქ. 5:5). ამ უცნაურ ლაშქარში შემავალი „მწყემსები“ და „მთავრები“ არიან უხუცესები (1 პეტ. 5:2). დღესდღეობით აშკარად ჩანს, რომ იეჰოვა ზრუნავს თავის საყვარელ ფარაზე სულიერად მოწიფული მამაკაცების ხელით; აძლიერებს თავის ხალხს, რათა ისინი მედგრად დახვდნენ „ასურელთა“ მოსალოდნელ თავდასხმას. * მიქამ იწინასწარმეტყველა, რომ ეს მამაკაცები „მახვილით დამწყემსავენ ასურეთის მიწას“ (მიქ. 5:6). დიახ, ერთ-ერთი იარაღი, რასაც ეს მწყემსები ამ „ომში“ გამოიყენებენ, „სულის მახვილი“, ღვთის სიტყვა იქნება (2 კორ. 10:4; ეფეს. 6:17).

17. რის სწავლა შეუძლიათ უხუცესებს ამ თემიდან?

17 უხუცესები, რომლებიც ამ თემას კითხულობენ, ოთხ რამეს სწავლობენ: 1) მოსალოდნელი თავდასხმის სამზადისში, სანამ „ასურელები“ წამოვლენ ღვთის ხალხზე, ყველაზე აუცილებელი და მნიშვნელოვანი რწმენის გაძლიერებაა, როგორც საკუთარი თავის, ასევე და-ძმების. 2) როცა „ასურელები“ იერიშს მიიტანენ ღვთის ხალხზე, უხუცესებს წამითაც არ უნდა შეეპაროთ ეჭვი იმაში, რომ იეჰოვა იხსნის თავის ხალხს. 3) ის სიცოცხლის მომტანი მითითებები, რომელთაც იეჰოვას ორგანიზაციის მეშვეობით მივიღებთ, შესაძლოა ადამიანური შეხედულებით არალოგიკური და არაპრაქტიკული მოგვეჩვენოს. ამიტომ თითოეული ჩვენგანი მზად უნდა ვიყოთ, სრული მორჩილება გამოვუცხადოთ იეჰოვას და მივყვეთ ყველა მითითებას, რასაც მივიღებთ, მიუხედავად იმისა, გონივრული იქნება ეს თუ არა ადამიანური გადასახედიდან. 4) ნამდვილად დადგა იმის დრო, რომ მათ, ვინც იმედს განათლებაზე, სიმდიდრესა და სხვადასხვა ორგანიზაციაზე ამყარებენ, შეიცვალონ აზროვნება! ასე რომ, უხუცესებო, მზად იყავით, დაეხმაროთ ყველას, ვისაც უჭირს იეჰოვაზე მინდობა და რწმენაში სუსტადაა!

18. როგორ დაგვეხმარება ამ ყველაფერზე ფიქრი?

18 დადგება დრო, როცა ღვთის ხალხი, ერთი შეხედვით, უსუსური აღმოჩნდება ისევე, როგორც იერუსალიმის კედლებს შიგნით მყოფი იუდეველები. მოდი, იმ დროს ყველამ გავიხსენოთ მეფე ხიზკიას სიტყვები და რწმენა გავიძლიეროთ! დაბოლოს, ნუ დაგავიწყდებათ ერთი რამ: ჩვენს მტერთან „ხორციელი ძალაა, ჩვენთან კი იეჰოვაა, ჩვენი ღმერთი, რათა დაგვეხმაროს და ჩვენთვის იბრძოლოს!“ (2 მატ. 32:8).

^ აბზ. 4 ებრაული სიტყვა „ქალწული“, რომელიც ესაიას 7:14-ში გვხვდება, შესაძლოა გათხოვილ ქალსაც ნიშნავდეს. აქედან გამომდინარე, ეს სიტყვა შეიძლება შეეფერებოდეს როგორც ესაიას ცოლს, ისე იუდეველ ქალწულს, მარიამს.

^ აბზ. 16 რიცხვი შვიდი ბიბლიაში ხშირად სისრულის სიმბოლოა. რიცხვი რვა კი — ზოგჯერ სიუხვის სიმბოლო (შვიდზე ერთით მეტი).