წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) ნოემბერი 2013

ღვთის მსახურება მისთვის წამალია!

ღვთის მსახურება მისთვის წამალია!

კენიაში ორი პიონერი ძმა მსახურების დროს მასპინძელმა სახლში შეიპატიჟა. შინ შესული ძმები გაოცდნენ, როცა საწოლზე მწოლიარე კაცი შენიშნეს, რომელსაც არაბუნებრივად პატარა სხეული და მოკლე ხელები ჰქონდა. ძმებმა ამ კაცს ბიბლიიდან წაუკითხეს ღვთის დანაპირები „კოჭლი ირემივით იხტუნებს“; მას სახეზე ბედნიერმა ღიმილმა გადაურბინა (ეს. 35:6).

ძმებმა შეიტყვეს, რომ თურმე ონესმესი არასრული ოსტეოგენეზით დაბადებულა (ძვლების დაავადება). ჰქონდა ძალიან მყიფე ძვლები. ვინაიდან ეს დაავადება განუკურნებელია, ონესმესი შეგუებული იყო იმ აზრს, რომ დარჩენილი ცხოვრება ტკივილებში და ინვალიდის სავარძელზე მიჯაჭვულს უნდა გაელია.

ონესმესმა ბიბლიის შესწავლა დაიწყო. თუმცა დედა წინააღმდეგი იყო, რომ ის ქრისტიანულ შეხვედრებს დასწრებოდა. მას მიაჩნდა, რომ მის შვილს შეიძლებოდა ტრავმა მიეღო და ტკივილზე ტკივილი დამატებოდა. ამიტომ ძმები კრების შეხვედრების პროგრამას იწერდნენ და სახლში ასმენინებდნენ ონესმესს. ბიბლიის შესწავლის დაწყებიდან ხუთ თვეში ონესმესმა, მოსალოდნელი საფრთხის მიუხედავად, გადაწყვიტა კრების შეხვედრებზე დასწრება.

რა მოხდა მას შემდეგ, რაც ონესმესმა კრების შეხვედრებზე დასწრება დაიწყო? გაურთულდა მას ჯანმრთელობის მდგომარეობა? გაგიკვირდებათ და სრულიად საპირისპირო რამ მოხდა. ონესმესი იხსენებს: „მუდმივი ტკივილი, რასაც ვგრძნობდი, კრების შეხვედრებზე თითქოს მიმსუბუქდებოდა“. ის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას ახლად შეძენილ იმედს უკავშირებდა. შვილის შინაგანი განწყობის გაუმჯობესება დედას შეუმჩნეველი არ დარჩენია; ის იმდენად ბედნიერი იყო, რომ თავადაც გადაწყვიტა ბიბლიის შესწავლის დაწყება. „ღვთის მსახურება ჩემი ბიჭისთვის წამალია“, — ამბობდა ის.

ონესმესი ცოტა ხანში მოუნათლავი მაუწყებელი გახდა. გავიდა დრო და მოინათლა. ამჟამად ონესმესი მომსახურედ მსახურობს. თავისი მდგომარეობის მიუხედავად, მას ღვთის მსახურების დაუცხრომელი სურვილი აქვს. ონესმესს პატარა ფეხები და ცალი ხელი პარალიზებული აქვს. მას დამხმარე პიონერად მსახურება კი უნდოდა, მაგრამ თავს იკავებდა. ალბათ გაინტერესებთ, რა იყო ამის მიზეზი? მიზეზი ის იყო, რომ არ სურდა, თანაქრისტიანებს ტვირთად დასწოლოდა, რადგან მსახურებაში მათ მოუწევდათ მისი ტარება ინვალიდის ეტლით. როდესაც თავისი სურვილი თანაქრისტიანებთან გამოთქვა, ისინი დაჰპირდნენ, რომ ყველანაირად გვერდში დაუდგებოდნენ. მათ თავიანთი სიტყვა შეასრულეს და ონესმესმა დამხმარე პიონერად მსახურება შეძლო.

ონესმესს დამხმარე პიონერად მსახურების შემდეგ სრული დროით მსახურების სურვილიც გაუჩნდა; ის ამჯერადაც თავს იკავებდა, რადგან სხვებზე იყო დამოკიდებული. ერთხელ ყოველდღიური მუხლის კითხვის დროს ძალიან გაამხნევა ერთმა აზრმა, რომელიც ფსალმუნის 34:8-დან იყო აღებული; მასში ნათქვამია: „იგემეთ და ნახავთ, რომ კარგია იეჰოვა!“. ამ ბიბლიურ მუხლზე ფიქრის შემდეგ ონესმესმა სრული დროით მსახურების დაწყება გადაწყვიტა. ის ახლა პიონერია და კვირაში 4 დღე დადის საქადაგოდ; რამდენიმე ბიბლიის შემსწავლელიც ჰყავს, რომლებიც სულიერად წინ მიიწევენ. ონესმესმა 2010 წელს პიონერული მსახურების სკოლაც გაიარა. ის ძალიან ბედნიერი იყო, რადგან სკოლის მასწავლებელი იმ ორი ძმიდან ერთ-ერთი იყო, რომელმაც თავდაპირველად სახლში მიაკითხა.

ონესმესი ამჟამად 40 წლისაა და სამწუხაროდ, მშობლები უკვე აღარ ჰყავს ცოცხალი. სამაგიეროდ, და-ძმები არ აკლებენ ყურადღებასა და მზრუნველობას. მას გული მადლიერებით აქვს სავსე ყველა იმ კურთხევისთვის, რითაც დღეს ხარობს და სულმოუთქმელად ელის იმ დროს, როცა „არც ერთი მცხოვრები არ იტყვის, ავად ვარო“ (ეს. 33:24).