წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) ნოემბერი 2013

როგორ შეგვიძლია მოთმინებით დაველოდოთ?

როგორ შეგვიძლია მოთმინებით დაველოდოთ?

„მოთმინებით დაველოდები“ (მიქ. 7:7).

1. რატომ შეიძლება გავხდეთ მოუთმენლები?

სატანის ქვეყნიერების ბოლო დღეების ათვლა 1914 წლიდან დაიწყო, როცა ღვთის სამეფო დამყარდა. ომი, რომელიც ზეცაში გაიმართა, იმით დასრულდა, რომ იესომ ეშმაკი და დემონები დედამიწაზე გადმოყარა (წაიკითხეთ გამოცხადების 12:7—9). სატანამ იცის, რომ „დრო ცოტაღა დარჩა“ (გამოცხ. 12:12). თუმცა რაკიღა ეს დრო უკვე ათწლეულები გრძელდება, ზოგი ფიქრობს, რომ ბოლო დღეებმა ძალიან დიდხანს გასტანა. ამიტომ, ალბათ, დროულია დავსვათ კითხვა: მოუთმენლები ხომ არ გავხდით და ხომ არ გვიჭირს ლოდინი?

2. რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

2 მოუთმენლობა შეიძლება სახიფათო იყოს, რადგან ამ დროს ადამიანი, როგორც წესი, დაუფიქრებლად და სპონტანურად მოქმედებს. როგორ შეგვიძლია ბოლომდე მოთმინებით დაველოდოთ იეჰოვას დღეს? დიდ დახმარებას გაგვიწევს შემდეგ კითხვებზე პასუხების მიღება: 1) რას ვსწავლობთ წინასწარმეტყველ მიქას მოთმინების მაგალითიდან? 2) რომელი მოვლენები იქნება იმის მიმანიშნებელი, რომ ლოდინის დრო დასრულდა? და 3) როგორ შეგვიძლია მადლიერება გამოვხატოთ იმისათვის, რომ იეჰოვა მომთმენია?

რას ვსწავლობთ მიქასგან?

3. რა მდგომარეობა იყო ისრაელში მიქას დროს?

3 წაიკითხეთ მიქას 7:2—6. იეჰოვას წინასწარმეტყველი მიქა ხედავდა, რომ ისრაელები სულიერად დაცემულები იყვნენ; მათი მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა ბოროტი მეფე ახაზის მმართველობის პერიოდში. წინასწარმეტყველმა ორგული ისრაელები შეადარა „ასკილის ბუჩქს“ და „ეკლის ღობეს“; როგორც ასკილის ბუჩქებში გავლა ან ეკლის ღობეზე გადასვლაა შეუძლებელი დაუზიანებლად, ასევე იყო ზნედაცემულ ისრაელებთან საქმის დაჭერა საზიანო ნებისმიერი ღვთის მსახურისთვის. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ისრაელში მყარი ოჯახები სანთლით საძებარი გახდა. წინასწარმეტყველმა გაიაზრა, რომ თავად არაფრის შეცვლა  არ შეეძლო და თავისი გულისტკივილი იეჰოვას გაანდო. ამის შემდეგ ის მოთმინებით უცდიდა ღმერთს. წინასწარმეტყველს იოტისოდენა ეჭვიც არ ეპარებოდა იმაში, რომ ღმერთი თავის დროზე გამოასწორებდა სიტუაციას.

4. რა სირთულეებს ვხვდებით დღეს?

4 ჩვენც მიქას მსგავსად ეგოისტი ადამიანების გარემოცვაში ვცხოვრობთ. ადამიანები „უმადურები, ორგულები, თბილ გრძნობებს მოკლებულები“ არიან (2 ტიმ. 3:2, 3). ნამდვილად არასასიამოვნოა იმის დანახვა, რომ ჩვენს თანამშრომლებს, კლასელებსა და მეზობლებს საკუთარი თავის გარდა არავინ და არაფერი აღელვებთ. თუმცა ამგვარ საზოგადოებასთან ურთიერთობა არაფერია იმ სირთულეებთან შედარებით, რასაც ღვთის ზოგი მსახური ხვდება ცხოვრებაში. იესომ იწინასწარმეტყველა, რომ მის მიმდევრებს ოჯახის წევრები დაუწყებდნენ დევნას და შევიწროებას. იმის ასახსნელად, თუ როგორ იმოქმედებდა სასიხარულო ცნობა ადამიანებზე, იესომ გამოიყენა მიქას 7:6-ში მოხსენიებული სიტყვების მსგავსი სიტყვები და თქვა: „მოვედი, რომ განხეთქილება ჩამოვაგდო მამასა და შვილს შორის, დედასა და ასულს შორის, რძალსა და დედამთილს შორის. კაცს თავისი ოჯახის წევრები ექცევიან მტრებად“ (მათ. 10:35, 36). ცხადია, ძალიან რთულია, როცა ქრისტიანს დაცინვისა და წინააღმდეგობის ატანა უწევს ოჯახის წევრებისგან. თუ თქვენც ამდაგვარ სიტუაციაში ხართ, ხელებს ნუ ჩამოუშვებთ. უერთგულეთ იეჰოვას და მოთმინებით დაელოდეთ, ვიდრე ის არ მოაგვარებს ყველა პრობლემას. ასე რომ, თუ ყოველთვის იეჰოვას ვთხოვთ დახმარებას, ის მოგვცემს ძალას და სიბრძნეს ყოველივეს ასატანად.

5, 6. როგორ აკურთხა იეჰოვამ მიქა, მაგრამ რისი მოწმე არ გამხდარა ის?

5 იეჰოვამ მიქა მოთმინებისთვის დიდად აკურთხა. წინასწარმეტყველმა საკუთარი თვალით იხილა მეფე ახაზისა და მისი ბოროტი მმართველობის აღსასრული. ის მოესწრო ახაზის ვაჟის, კარგი მეფის, ხიზკიას სამეფო ტახტზე ასვლას, რომელმაც წმინდა თაყვანისმცემლობა აღადგინა. მიქა აგრეთვე სამარიისთვის გამოტანილი მისივე პირით ნათქვამი იეჰოვას განაჩენის აღსრულების მოწმეც გახდა, როდესაც ასურელები ისრაელის ათტომიან სამეფოს შეესივნენ (მიქ. 1:6).

6 თუმცა მიქას თავისი წარმოთქმული ყველა წინასწარმეტყველების შესრულება არ უნახავს. მაგალითად, მისი ერთ-ერთი წინასწარმეტყველება ჩაწერილია მე-4 თავში: «უკანასკნელ დღეებში იეჰოვას სახლის მთა განმტკიცდება მთების მწვერვალებს ზემოთ, გორებზე მაღლა აღიმართება და მისკენ დაიწყებენ დენას ხალხები. წავა მრავალი ერი და იტყვის: „მოდით, ავიდეთ იეჰოვას მთაზე“» (მიქ. 4:1, 2). ეს წინასწარმეტყველება მიქას სიკვდილიდან დიდი ხნის შემდეგ შესრულდა. მიუხედავად ამისა, მას გადაწყვეტილი ჰქონდა, სიკვდილამდე იეჰოვას ერთგული დარჩენილიყო და ყურადღება არ მიექცია იმისთვის, თუ როგორ იქცეოდნენ მის გარშემო სხვები. სწორედ ეს ჰქონდა მას მხედველობაში, როცა წერდა: „ყველა ხალხი თავისი ღვთის სახელით ივლის, ჩვენ კი იეჰოვას, ჩვენი ღვთის სახელით ვივლით მარადიულად, სამარადისოდ“ (მიქ. 4:5). მიქას მშფოთვარე დროშიც კი შეეძლო მოთმინებით დალოდებოდა იეჰოვას, რადგან ბოლომდე დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვა შეასრულებდა ყველა თავის დანაპირებს. ეს ერთგული წინასწარმეტყველი ენდობოდა ღმერთს.

7, 8. ა) რა გვაძლევს ნდობის საფუძველს? ბ) რა შემთხვევაში გავა დრო უფრო სწრაფად?

7 ვენდობით ჩვენც მიქას მსგავსად იეჰოვას? საამისოდ ნამდვილად გვაქვს მიზეზი. ჩვენი თვალით ვხედავთ, თუ როგორ სრულდება მიქას წინასწარმეტყველება დღეს. „უკანასკნელ დღეებში“ მილიონები ყველა ერიდან, ტომიდან და ენიდან მიედინებიან „იეჰოვას სახლის მთისკენ“. მიუხედავად იმისა, რომ მათგან ბევრნი ერთმანეთის მიმართ მტრულად განწყობილი ერის შვილები არიან, ისინი „მახვილებისგან სახნისებს“ ჭედავენ და „აღარ სწავლობენ ომს“ (მიქ. 4:3). მართლაც უდიდესი პატივია, იყო იეჰოვას მშვიდობიან ხალხს შორის!

8 რა თქმა უნდა, ძალიან გვინდა, რომ იეჰოვამ ამ ბოროტ ქვეყნიერებას რაც შეიძლება მალე მოუღოს ბოლო. თუმცა, თუ გვსურს, რომ მოთმინებით დაველოდოთ ღმერთს, საკითხებს მისი თვალით უნდა ვუყუროთ. იეჰოვას დათქმული აქვს დღე, როცა  კაცობრიობას იესო ქრისტეს, „თავის მიერ დანიშნული კაცის მეშვეობით“ გაასამართლებს (საქ. 17:31). მაგრამ მანამდე ღმერთი „ყველანაირ ადამიანს“ აძლევს შესაძლებლობას, „საფუძვლიანი ცოდნა მიიღოს“, იმოქმედოს ამ ცოდნის თანახმად და გადარჩეს. არ დაგვავიწყდეს, ადამიანების სიცოცხლე საფრთხეშია! (წაიკითხეთ 1 ტიმოთეს 2:3, 4 ). თუ სამქადაგებლო საქმეში ვიქნებით ჩაბმულნი, იეჰოვას სასამართლოს დღემდე დარჩენილი დრო, ასე ვთქვათ, უფრო სწრაფად გავა. მალე შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ დრო აღარ დაგვრჩა და ამგვარი რეალობის წინაშე შეიძლება მოულოდნელად აღმოვჩნდეთ. და როცა ეს მოხდება, უბედნიერესი ხალხი ვიქნებით, რადგან ჩვენ ხომ ქადაგების საქმით ვიყავით დაკავებულნი!

ლოდინის დასასრულის ნიშნები

9—11. შესრულდა 1 თესალონიკელების 5:3-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება? ახსენით.

9 წაიკითხეთ 1 თესალონიკელების 5:1—3. უახლოეს მომავალში ერები დაიწყებენ საუბარს „მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“. ამგვარმა საუბრებმა ჩვენც რომ არ შეგვიყვანოს შეცდომაში, უნდა „გვეღვიძოს და ვიფხიზლოთ“ (1 თეს. 5:6). მოდი, მოკლედ მიმოვიხილოთ ის მოვლენები, რომლებიც წინ წაუძღვება ამ საყურადღებო წინასწარმეტყველების შესრულებას. ამ მოვლენების განხილვა დაგვეხმარება, რომ სულიერად გვეღვიძოს.

10 ორივე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდებში, ერები იღვწოდნენ მშვიდობისთვის. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა „ერთა ლიგა“ იმ იმედით, რომ ის მშვიდობას დაამყარებდა მსოფლიოში. მოგვიანებით, დასრულდა თუ არა მეორე მსოფლიო ომი, ამავე მიზნით შეიქმნა „გაერთიანებული ერების ორგანიზაცია“, რომელსაც ხალხი დიდი იმედის თვალით შეჰყურებდა. მთავრობები და რელიგიური წინამძღოლები კაცობრიობის ერთადერთ იმედად სწორედ ამ ორგანიზაციებს მიიჩნევდნენ. მაგალითად, გაერომ 1986 წელი საერთაშორისო მშვიდობის წლად გამოაცხადა. ამავე წელს უამრავი სახელმწიფოს მეთაური და რელიგიური პირი შეიკრიბა კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლთან იტალიაში, ქალაქ ასიზიში, რათა მშვიდობისთვის ელოცათ.

11 თუმცა მშვიდობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გაკეთებულ არც ამ და არც სხვა მსგავსი განაცხადებით არ შესრულებულა 1 თესალონიკელების 5:3-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება. რატომ ვამბობთ  ამას? იმიტომ, რომ „მოულოდნელი განადგურება“ ჯერ არ დასტეხია კაცობრიობას თავს.

12. როგორი რეაქცია უნდა გვქონდეს, როცა ერები დაიწყებენ „მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ საუბარს?

12 ვინ გააკეთებს ამ მნიშვნელოვან განაცხადს „მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“? რა როლს შეასრულებენ ქრისტიანული სამყაროს წინამძღოლები და სხვა რელიგიები ამ დროს? როგორ ჩაებმებიან სხვადასხვა მთავრობის ლიდერები ამ საქმეში? ამ კითხვებზე პასუხები ბიბლიაში არ არის მოცემული. თუმცა ერთი რაც ვიცით, ის არის, რომ რა ფორმითაც და რაოდენ დამაჯერებლადაც არ უნდა გაკეთდეს ეს განაცხადი, ეს ყველაფერი იქნება მხოლოდ მოჩვენებითი. ქვეყნიერება კვლავინდებურად სატანის ხელში იქნება და როგორი გაფუჭებულიც არის ეს სისტემა, ისეთად დარჩება ბოლომდე. და რა სამწუხარო იქნებოდა, თუ დავიჯერებდით სატანის პროპაგანდას და დავარღვევდით ქრისტიანულ ნეიტრალიტეტს!

13. რას ელოდებიან ანგელოზები, რომელთაც განადგურების „ქარები“ უჭირავთ?

13 წაიკითხეთ გამოცხადების 7:1—4. მაშინ, როცა 1 თესალონიკელების 5:3-ში ჩაწერილი სიტყვების შესრულებას ველით, ძლევამოსილ ანგელოზებს უჭირავთ დიდი გასაჭირის განადგურების ქარები. საინტერესოა, რას ელოდებიან ისინი? ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომლის შესრულებასაც ანგელოზები ელიან, არის იოანეს მიერ აღწერილი ცხებულებისთვის ანუ „ჩვენი ღვთის მონებისთვის“ საბოლოო ბეჭდის დასმა. * როგორც კი დასრულდება საბოლოო ბეჭდის დასმა, ანგელოზები ხელს გაუშვებენ განადგურების ქარებს. რა მოხდება შემდეგ?

14. რა ცხადყოფს იმას, რომ „დიდი ბაბილონის“ დაცემა ახლოსაა?

14 „დიდი ბაბილონი“, ცრუ რელიგიის მსოფლიო მპყრობელი, საკადრის სასჯელს მიიღებს და განადგურდება. ჩვენ უკვე ვხედავთ ნიშნებს იმისას, რომ ახლოსაა „დიდი ბაბილონის“ განადგურება. მალე „ხალხები, ჯგუფები, ერები და ენები“ ვეღარ შეძლებენ მის მხარდაჭერას (გამოცხ. 16:12; 17:15—18; 18:7, 8, 21). ფაქტობრივად, ის, რომ დღეს „დიდ ბაბილონს“ ბოლომდე აღარ უჭერენ მხარს, კარგად ჩანს საინფორმაციო საშუალებებში გადმოცემული ცნობებიდანაც, სადაც რელიგია და რელიგიური წინამძღოლები უფრო მეტად ხდებიან თავდასხმის ობიექტები. მიუხედავად ამისა, „დიდი ბაბილონის“ წინამძღოლები ფიქრობენ, რომ მათ რეალური საფრთხე არ ემუქრებათ. ვაი, რომ მწარედ ცდებიან! მას შემდეგ, რაც სატანის ქვეყნიერების პოლიტიკური სტრუქტურები ალაპარაკდებიან „მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“, ისინი მოულოდნელად დაესხმებიან თავს ცრუ რელიგიას და გაანადგურებენ. „დიდი ბაბილონის“ ხსოვნა წარსულს ჩაჰბარდება და მას აღარასოდეს ვიხილავთ! ნამდვილად ღირს, მოთმინებით დაველოდოთ ამ მნიშვნელოვან მოვლენებს! (გამოცხ. 18:8, 10).

როგორ შეგვიძლია მადლიერება გამოვხატოთ იმისთვის, რომ იეჰოვა მომთმენია?

15. რატომ არ მოქმედებს იეჰოვა ნაჩქარევად?

15 მართალია, ხალხი დიდად შეურაცხყოფს იეჰოვას სახელს, მაგრამ ის მოთმინებით ელოდება დათქმულ დროს. ღმერთს სურს, რომ არ დაიღუპოს არც ერთი სუფთა გულის ადამიანი (2 პეტ. 3:9, 10). ჩვენც გაგვაჩნია იგივე სურვილი? ქვემოთ შევეხებით საკითხებს, რომელთა გათვალისწინებაც დაგვეხმარება, იეჰოვას დღის დადგომამდე მადლიერება გამოვხატოთ მისი მოთმინებისთვის.

16, 17. ა) რატომ უნდა დავეხმაროთ არააქტიურებს? ბ) რატომაა აუცილებელი, რომ არააქტიურები დაუყოვნებლივ დაუბრუნდნენ იეჰოვას?

16 დაეხმარეთ არააქტიურებს. იესომ თქვა, რომ ზეცაში ძალიან დიდი სიხარული მოაქვს თუნდაც ერთი დაკარგული ცხვრის პოვნას (მათ. 18:14; ლუკ. 15:3—7). დღესავით ნათელია, რომ იეჰოვა ზრუნავს და სათუთად ეპყრობა ყველას, ვინც ერთ დროს მისი სახელისადმი სიყვარულს ავლენდა, მაგრამ ამჟამად არააქტიურია. როდესაც ასეთ ადამიანებს ვეხმარებით კრებაში დაბრუნებაში, ამით უდიდეს სიხარულს ვგვრით იეჰოვასა და ანგელოზებს.

17 თქვენც ხომ არა ხართ ერთ-ერთი მათ  შორის, ვინც ერთ დროს ღმერთს ერთგულად ემსახურებოდა, მაგრამ ახლა არააქტიურია? შეიძლება ვინმემ კრებაში გული გატკინათ და ამის გამო შეწყვიტეთ იეჰოვას ორგანიზაციასთან ურთიერთობა. მაგრამ ახლა, როცა იმ შემთხვევიდან გარკვეული პერიოდი გავიდა, დაფიქრდით, დღეს უფრო აზრიანია თქვენი ცხოვრება და უფრო ბედნიერად გრძნობთ თავს? ვინ გაწყენინათ, იეჰოვამ თუ არასრულყოფილმა ადამიანმა? მოუყენებია ოდესმე ღმერთს თქვენთვის ზიანი? სინამდვილეში, იეჰოვა ყოველთვის სიკეთეს გვიკეთებს. ღმერთი მაშინაც კი არ გვიკავებს ყოველივე კარგს, როცა აღარ ვცხოვრობთ მიძღვნისას დადებული პირობის თანახმად (იაკ. 1:16, 17). მალე იეჰოვას დღე მოგვადგება კარს! დროა, კვლავინდებურად ჩავეკრათ გულში იეჰოვას და დავუბრუნდეთ კრებას — ერთადერთ უსაფრთხო ნავსაყუდელს ამ ბოლო დღეებში (კან. 33:27; ებრ. 10:24, 25).

იეჰოვას ხალხი ყველაფერს აკეთებს არააქტიურების დასახმარებლად, რათა ისინი დაუბრუნდნენ კრებას (იხილეთ მე-16 და მე-17 აბზაცები)

18. რატომ უნდა დავუჭიროთ მხარი მათ, ვისაც კრებაში ხელმძღვანელობა აკისრიათ?

18 ერთგულად დაუჭირეთ მხარი მათ, ვისაც კრებაში ხელმძღვანელობა აკისრია. იეჰოვა მოსიყვარულე მწყემსის მსგავსად გვხელმძღვანელობს და გვიცავს. მან თავის ძეს ჩააბარა სამწყსო, როგორც „უფროს მწყემსს“ (1 პეტ. 5:4). 100 000-ზე მეტი კრების უხუცესები მწყემსავენ ღვთის თითოეულ ცხვარს (საქ. 20:28). გახსოვდეთ, როდესაც ერთგულად ვუჭერთ მხარს მათ, ვისაც კრებაში ხელმძღვანელობა აკისრია, მადლიერებას გამოვხატავთ იეჰოვასა და იესოსადმი იმ ყოველივესთვის, რასაც ისინი ჩვენთვის აკეთებენ.

19. როგორ დავდგეთ ერთმანეთის გვერდიგვერდ?

19 დაუახლოვდით ერთმანეთს. რას ნიშნავს ეს? როცა კარგად გაწვრთნილ ჯარს მტერი ესხმის თავს, ჯარისკაცები ერთმანეთის გვერდიგვერდ დგებიან ანუ პირდაპირი გაგებით უახლოვდებიან ერთმანეთს და მტერს სიღრმეში შეღწევის საშუალებას არ აძლევენ. სატანა თანდათან აძლიერებს თავდასხმებს ღვთის ხალხზე. ახლა იმის დრო არ არის, რომ „შიდა ომები ვაწარმოოთ“. ახლა იმის დროა, რომ დავუახლოვდეთ ერთმანეთს, თვალი დავხუჭოთ ერთმანეთის არასრულყოფილებაზე და სრული ნდობა გამოვუცხადოთ იეჰოვას!

ახლა იმის დროა, რომ ერთმანეთის გვერდიგვერდ დავდგეთ და ასე შევეწინააღმდეგოთ სატანასა და დემონებს (იხილეთ მე-19 აბზაცი)

20. რა უნდა გავაკეთოთ ახლა?

20 მოდი, ყველამ სულიერად ვიფხიზლოთ და ბოლომდე მოთმინებით დაველოდოთ იეჰოვას! მომთმენნი ვიყოთ და დაველოდოთ, სანამ ლაპარაკს არ დაიწყებენ „მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ და სანამ რჩეულებს საბოლოო ბეჭედს არ დაასვამენ. შემდეგ კი დადგება იმის დრო, როცა ოთხი ანგელოზი ხელს გაუშვებს განადგურების ქარებს და „დიდი ბაბილონი“ დაეცემა. მაშ, ვიდრე ველით ამ მნიშვნელოვანი მოვლენების ახდენას, მივყვეთ ხელმძღვანელი ძმების მითითებებს! დადექით ერთმანეთის გვერდიგვერდ და შეეწინააღმდეგეთ ეშმაკსა და დემონებს! სწორედ ახლა გვმართებს, გავითვალისწინოთ ფსალმუნმომღერლის მოწოდება: „გამბედაობა მოიკრიბეთ და გული გაიმაგრეთ ყველამ, ვინც იეჰოვას ელით!“ (ფსალმ. 31:24).

^ აბზ. 13 იმასთან დაკავშირებით, თუ რა განსხვავებაა ცხებულთათვის პირველ და საბოლოო ბეჭდის დასმას შორის, იხილეთ 2007 წლის 1 იანვრის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 30, 31.