წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) ნოემბერი 2013

„ლოცვაში სიფხიზლე შეინარჩუნეთ“

„ლოცვაში სიფხიზლე შეინარჩუნეთ“

„საღად იაზროვნეთ და ლოცვაში სიფხიზლე შეინარჩუნეთ“ (1 პეტ. 4:7).

1, 2. ა) რატომ არის მნიშვნელოვანი „ლოცვაში სიფხიზლის“ შენარჩუნება? ბ) რა კითხვები უნდა დავუსვათ საკუთარ თავს ლოცვასთან დაკავშირებით?

„ვისაც ღამის თევა უწევს, დამეთანხმება, რომ ძილი ადამიანს ყველაზე მეტად გამთენიისას ეკიდება“, — ამბობს ერთი მამაკაცი, რომელიც ღამის ცვლაში მუშაობდა. ალბათ, თქვენც ეთანხმებით ამ ადამიანს. უკუნით მოცულ სატანის ქვეყნიერებას მალე „დაათენდება“ თავს და ჩვენ დღეს, სწორედ ამ ქვეყნიერების „გამთენიის“ ჟამს ვცხოვრობთ. სიფხიზლის შენარჩუნება ჩვენ შემთხვევაშიც ძნელია (რომ. 13:12). ახლა ღრმა ძილი სიკვდილის ტოლფასია! უაღრესად მნიშვნელოვანია, „საღად ვიაზროვნოთ“ და მივსდიოთ ბიბლიურ მოწოდებას: „ლოცვაში სიფხიზლე შეინარჩუნეთ“ (1 პეტ. 4:7).

2 დრო მიჰქრის და სულ მალე „ინათებს“, ამიტომ დროული და გონივრულია, ჩვენს თავს ვკითხოთ: ვარ ფხიზელი ლოცვაში? ვლოცულობ ყველა საჭირო თემაზე და ვლოცულობ რეგულარულად? მაქვს ჩვევად სხვებისთვის ლოცვა, თუ ჩემი ლოცვები ყოველთვის პირადი საჭიროებებისა და მოთხოვნილებების ირგვლივ ტრიალებს? დაბოლოს, რამდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებს ლოცვა ჩემი გადარჩენის საკითხში?

აღავლინეთ „ყოველგვარი ლოცვა“

3. რა თემებზე შეგვიძლია ვილოცოთ?

3 ეფესოელების წერილში მოციქულმა პავლემ მოიხსენია ფრაზა „ყოველგვარი ლოცვა“ (ეფეს. 6:18). ჩვენ შეგვიძლია იეჰოვას პირად საკითხებზე ვესაუბროთ და ვიცით, რომ „ლოცვების მომსმენი“ მოისმენს ჩვენს ლოცვებს (ფსალმ. 65:2). თუმცა, გარდა ამისა, ყველას გვმართებს, აღვავლინოთ „ყოველგვარი ლოცვა“, რაშიც იგულისხმება ღვთის განმადიდებელი, სამადლობელი და მავედრებელი ლოცვები.

4. რატომ უნდა განვადიდოთ ხშირად იეჰოვა ჩვენს ლოცვებში?

4 აურაცხელი მიზეზი გვაქვს საიმისოდ, რომ იეჰოვასადმი აღვლენილ ლოცვებში ხშირად მივმართოთ მას განმადიდებელი სიტყვებით. მაგალითად, როცა მის  „ძლევამოსილ საქმეებსა“ და „განუზომელ სიდიადეზე“ ვფიქრობთ, ძალიან დიდი სურვილი გვიჩნდება, რომ ღმერთი განვადიდოთ (წაიკითხეთ ფსალმუნის 150:1—6 ). სწორედ ამ ძლიერი სურვილით აიხსნება ის, რომ 150-ე ფსალმუნში, რომელშიც სულ რაღაც 6 მუხლია, 13-ჯერ არის ჩაწერილი მოწოდება ადიდეთ იეჰოვა. მოწიწებითა და მოკრძალებითაა გაჯერებული ფსალმუნის კიდევ ერთი მომღერლის სიტყვებიც: „დღეში შვიდჯერ გადიდებ შენი სამართლის სამართლიანობის გამო“ (ფსალმ. 119:164). იეჰოვა უდავოდ იმსახურებს განდიდებას, თანაც ბიბლიური ენით თუ ვიტყვით, „დღეში შვიდჯერ“ ანუ ძალიან ხშირად.

5. როგორ გვიცავს ლოცვაში მადლიერების სულის გამოვლენა?

5 განმადიდებელ ლოცვებთან ერთად არანაკლებ მნიშვნელოვანია სამადლობელი ლოცვებიც. ქალაქ ფილიპეში მცხოვრებ ქრისტიანებს პავლე მოუწოდებდა: „ნურაფერზე დაიწყებთ წუხილს, არამედ ლოცვით, ვედრებითა და მადლიერებით აცნობეთ ყველა თქვენი სათხოვარი ღმერთს“ (ფილ. 4:6). ლოცვისას იეჰოვასადმი გულწრფელი მადლიერების გამოვლენა, შეიძლება ითქვას, ერთგვარი დაცვაა ჩვენთვის. ამ სულის გამოვლენა განსაკუთრებით აუცილებელია ჩვენს დროში, რადგან ერთობ უმადურ საზოგადოებაში გვიწევს ცხოვრება (2 ტიმ. 3:1, 2). დიახ, მსოფლიო უმადურობის საბურველშია გახვეული. თუ ფრთხილად არ ვიქნებით, ამ სულმა შეიძლება ჩვენშიაც იჩინოს თავი. ღვთისადმი მადლიერების გამოხატვა კმაყოფილების გრძნობას გვივითარებს; აგრეთვე გვეხმარება, არ ავყვეთ მათ, ვინც „დრტვინავენ და თავიანთ ხვედრს უჩივიან“ (იუდ. 16). როცა ოჯახისთავები თავიანთ საყვარელ ოჯახის წევრებთან ერთად ლოცულობენ და იეჰოვას მადლობას უხდიან, ეს მათ ოჯახის წევრებს იეჰოვასადმი მადლიერების სულს უღვივებს.

6, 7. რა არის ვედრება და რაზე შეგვიძლია ვევედროთ იეჰოვას?

6 ვედრება არის გულწრფელი ლოცვა, რომელსაც თან ახლავს ძლიერი გრძნობა. რაზე შეგვიძლია ვევედროთ იეჰოვას? იმაზე, რაც გვაწუხებს, მაგალითად, როცა ვიდევნებით ან როცა სიცოცხლისთვის საშიში დაავადება გვაქვს. ასეთ რთულ სიტუაციებში წარმოთქმული ლოცვები მართლაც რომ ვედრებაა! მაგრამ მხოლოდ ამგვარ სიტუაციებში უნდა ვევედროთ იეჰოვას?

7 მოდი, განვიხილოთ იესოს ლოცვის ნიმუში და ვნახოთ, რა თქვა მან ღვთის სახელზე, მის სამეფოსა და მის ნებაზე (წაიკითხეთ მათეს 6:9, 10). მსოფლიოს ბოროტება მართავს და ადამიანთა ხელისუფლებებს არ ძალუძთ, იზრუნონ საკუთარ მოქალაქეებზე, თუნდაც მათ ელემენტარულ მოთხოვნილებებზე. ამიტომ უნდა ვილოცოთ ჩვენი ზეციერი მამის სახელის განწმენდაზე და იმაზე, რომ მისმა სამეფომ დედამიწა სატანის მმართველობისგან გაათავისუფლოს. აგრეთვე იმაზეც უნდა ვევედროთ იეჰოვას, რომ იყოს მისი ნება დედამიწაზე ისევე, როგორც ზეცაშია. მაშასადამე, მოდი, მუდამ ვიფხიზლოთ და ყოველთვის წარმოვთქვათ „ყოველგვარი ლოცვა“!

„განუწყვეტლივ ილოცეთ“

8, 9. რატომ არ უნდა განვსაჯოთ პეტრე და სხვა მოციქულები, რომლებსაც ჩაეძინათ გეთსემანეს ბაღში?

8 მართალია, პეტრე მოციქულმა თანაქრისტიანებს მოუწოდა, ლოცვაში სიფხიზლე შეენარჩუნებინათ, მაგრამ ბიბლია გვატყობინებს, რომ თავად მან, სულ მცირე, ერთხელ მაინც ვერ შეძლო ამის გაკეთება. ის მოწაფეთა შორის ერთ-ერთი იყო, რომელსაც მაშინ ჩაეძინა, როცა იესო ლოცულობდა გეთსემანეს ბაღში. მოციქულებმა ვერ შეინარჩუნეს სიფხიზლე, მიუხედავად იმისა, რომ იესომ უთხრა: „იფხიზლეთ და განუწყვეტლივ ილოცეთ“ (წაიკითხეთ მათეს 26:40—45 ).

9 მკაცრად ნუ განსჯით პეტრესა და სხვა მოციქულებს ამგვარი საქციელის გამო. მოდი, მხედველობიდან არ გამოგვრჩეს ის ფაქტი, რომ რთულმა და დამქანცველმა დღემ ძალები გამოაცალა მოციქულებს.  მათ ხომ მთელი დღე საპასექო სამზადისი ჰქონდათ; იმავე საღამოს აღნიშნეს კიდეც ეს დღე, რის შემდეგაც იესომ დააფუძნა უფლის გახსენების საღამო, რაც ერთგვარი ნიმუში იყო იმისა, თუ როგორ უნდა აღენიშნათ მომავალში ეს დღე მის მიმდევრებს (1 კორ. 11:23—25). მოწაფეებმა „ბოლოს ღვთის სადიდებელი იმღერეს და ზეთისხილის მთისკენ გაემართნენ“, გაიარეს იერუსალიმის ვიწრო ქუჩები და ავიდნენ ქალაქის შემაღლებულ ადგილზე (მათ. 26:30, 36). ამ დროისათვის შუაღამე უკვე გადასული იყო. ჩვენც რომ მათ გვერდით ვყოფილიყავით გეთსემანეს ბაღში, ალბათ ჩვენც ჩაგვეძინებოდა. ამიტომ იესომ დაღლილი მოციქულები კი არ გააკრიტიკა, სიყვარულით განმსჭვალულმა უთხრა: „სული მონდომებულია, ხორცი კი — სუსტი“.

მართალია, პეტრემ უარყო იესო, მაგრამ ლოცვაში სიფხიზლის შენარჩუნება ისწავლა (იხილეთ მე-10 და მე-11 აბზაცები)

10, 11. ა) რა ისწავლა პეტრემ გეთსემანეს ბაღში მომხდარი შემთხვევიდან? ბ) როგორ მოქმედებს თქვენზე პეტრეს შემთხვევა?

10 გეთსემანეს ბაღში მომხდარს პეტრესთვის უკვალოდ არ ჩაუვლია. მან მწარე გაკვეთილი ისწავლა ამ შემთხვევიდან. ამ მოვლენებამდე რამდენიმე საათით ადრე იესომ მოციქულებს უთხრა: „ამაღამ ყველანი დაბრკოლდებით და მიმატოვებთ“. ამის გაგონებაზე პეტრემ მყისვე წამოიძახა: „ყველა რომ დაბრკოლდეს და მიგატოვოს, მე არასოდეს დავბრკოლდები!“. იესომ პასუხად მიუგო: „სამჯერ უარმყოფ“, რაზედაც მოციქულმა წარბშეუხრელად უთხრა: „მოვკვდები შენთან ერთად და არ უარგყოფ“ (მათ. 26:31—35). მიუხედავად მისი ასეთი განაცხადისა, იესოს სიტყვები ზედმიწევნით ახდა. როდესაც პეტრემ იესო ბოლოჯერ უარყო, გული დაუმძიმდა და როგორც ბიბლიაში წერია, „მწარედ ატირდა“ (ლუკ. 22:60—62).

11 პეტრემ ნამდვილად კარგი გაკვეთილი ისწავლა ამ შემთხვევიდან; მან დასძლია თავდაჯერებულობის გრძნობა. როგორც ჩანს, ამაში პეტრეს ლოცვა დაეხმარა. აღსანიშნავი ისაა, რომ სიტყვები „ლოცვაში სიფხიზლე შეინარჩუნეთ“, თავად ამ მოციქულმა წარმოთქვა მოგვიანებით. ჩვენზე რის თქმა შეიძლება, ვითვალისწინებთ ამ ღვთიურ რჩევას? ვლოცულობთ განუწყვეტლივ, რითაც ვამტკიცებთ, რომ ღმერთზე ვართ დამოკიდებულნი? (ფსალმ. 85:8). აგრეთვე მოდი, ყოველთვის გვახსოვდეს პავლე მოციქულის შეგონება: „ვინც ფიქრობს, რომ დგას, გაფრთხილდეს, რომ არ დაეცეს“ (1 კორ. 10:12).

ნეემიას ლოცვებს ღმერთმა უპასუხა

12. რატომ არის ნეემია ჩვენთვის სამაგალითო?

12 ახლა განვიხილოთ ნეემიას შემთხვევა, რომელიც ძვ. წ. V საუკუნეში სპარსეთში მეფე არტაქსერქსეს სამეფო კარზე მერიქიფედ მსახურობდა. ის შესანიშნავ მაგალითს გვაძლევს იმისას, თუ როგორ უნდა ვილოცოთ მხურვალედ. ეს ღვთისმოშიში მამაკაცი რამდენიმე დღის განმავლობაში მარხულობდა და ლოცულობდა გაჭირვებაში  მყოფი იუდეველებისთვის, რომლებიც იერუსალიმში ცხოვრობდნენ (ნეემ. 1:4). როდესაც მეფემ ნეემიას ჰკითხა, თუ რატომ ჰქონდა სახე დაღვრემილი, მან „მაშინვე ლოცვით მიმართა ცათა ღმერთს“ (ნეემ. 2:2—4). რა შედეგი გამოიღო ამ ყოველივემ? იეჰოვამ უპასუხა ნეემიას ლოცვებს და მოვლენები თავისი ხალხის სასიკეთოდ წარმართა (ნეემ. 2:5, 6). შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორ განუმტკიცებდა ნეემიას რწმენას ეს ყველაფერი?!

13, 14. რა უნდა გავაკეთოთ, რომ მტკიცე რწმენა შევინარჩუნოთ და წინ აღვუდგეთ ეშმაკს, რომელსაც ჩვენი გულების გატეხვა სურს?

13 ჩვენ ნეემიას მსგავსად განუწყვეტლივ უნდა ვილოცოთ, რათა მტკიცე რწმენა შევინარჩუნოთ. სატანა დაუნდობელი მტერია და ხშირად მაშინ გვესხმის თავს, როცა სუსტად ვგრძნობთ თავს. თუ ჯანმრთელობის პრობლემები გვაქვს ან დეპრესიას ვებრძვით, შეიძლება იმაზე ფიქრი დავიწყოთ, რომ იეჰოვა უმნიშვნელოდ თვლის ჩვენს მსახურებას. ზოგიერთ ჩვენგანს წარსულის გამო შეიძლება ხანდახან უარყოფითი ფიქრები გვეძალება ხოლმე. სატანას უნდა, დაგვაჯეროს, რომ არაფრის მაქნისები ვართ. მისი შემოტევები ხშირად იმაზეა გათვლილი, რომ ემოციური დარტყმა მოგვაყენოს და რწმენა შეგვისუსტოს. მაგრამ ერთი რამ გახსოვდეთ: თუ ლოცვაში სიფხიზლეს შეინარჩუნებთ, მტკიცე რწმენა გექნებათ! დიახ, სწორედ რომ რწმენის დიდი ფარი დაგეხმარებათ „ბოროტის ცეცხლმოკიდებული ისრების ჩაქრობაში!“ (ეფეს. 6:16).

ლოცვაში სიფხიზლის შენარჩუნება სხვადასხვა სირთულის ატანაში გვეხმარება (იხილეთ მე-13 და მე-14 აბზაცები)

14 თუ ქრისტიანი „ლოცვაში სიფხიზლეს“ არ კარგავს, ეს იმას ნიშნავს, რომ მოულოდნელად წარმოქმნილი რწმენის გამოცდების დროს ღვთის ერთგული დარჩება. განსაცდელისა და გამოცდის წინაშე ყოფნისას გაიხსენეთ ნეემიას მაგალითი და დაუყოვნებლივ მიმართეთ ღმერთს ლოცვით. გახსოვდეთ, მხოლოდ და მხოლოდ იეჰოვას დახმარებით გავუმკლავდებით რწმენის გამოცდებს  და მხოლოდ და მხოლოდ მისი შეწევნით დავძლევთ ცდუნებებს!

ილოცეთ სხვებისთვის

15. რა კითხვები უნდა დავუსვათ საკუთარ თავს?

15 იესომ ილოცა პეტრესთვის, რომ მოციქულს „რწმენა არ გამოლეოდა“ (ლუკ. 22:32). პირველ საუკუნეში მცხოვრები ერთგული ქრისტიანი ეპაფრა ჰბაძავდა ქრისტეს და კოლოსელი ძმებისთვის ლოცულობდა. პავლემ მის შესახებ დაწერა: „დაუღალავად ლოცულობს თქვენთვის, რათა ბოლომდე დარჩეთ სრულყოფილნი და მტკიცედ დარწმუნებულნი ყველაფერში, რაც ღმერთს ნებავს“ (კოლ. 4:12). მაშ ასე, დაფიქრდით შემდეგ კითხვებზე: ვლოცულობ დაუღალავად მთელი საძმოსთვის? რამდენად ხშირად ვლოცულობ სტიქიური უბედურებით დაზარალებული და-ძმებისთვის? ბოლოს როდის ვილოცე იმ ძმებისთვის, რომელთაც იეჰოვას ორგანიზაციაში დიდი პასუხისმგებლობა აკისრია? ვლოცულობ ჩემი კრების წევრებისთვის, რომელთაც სერიოზული პრობლემები აქვთ?

16. აქვს სხვებისთვის წარმოთქმულ ლოცვებს აზრი? თუ დიახ, რატომ?

16 აქვს სხვებისთვის წარმოთქმულ ჩვენს ლოცვებს აზრი? რა თქმა უნდა; ამას უდიდესი შედეგი მოაქვს (წაიკითხეთ 2 კორინთელების 1:11 ). იეჰოვა იმის გამო კი არ პასუხობს თავის მსახურთა ლოცვებს, რომ ბევრნი ლოცულობენ ერთსა და იმავე საკითხზე, თანაც გამუდმებით, უბრალოდ ის ამჩნევს მათ საერთო ინტერესს და მხედველობაში იღებს მთელი გულით წარმოთქმულ მათ ლოცვებს და მათ საწუხარს. ამიტომ კარგი იქნება, თუ ვილოცებთ სხვებისთვის და სერიოზულად მოვეკიდებით ამ უდიდეს პასუხისმგებლობას. ეპაფრას მსგავსად, ჩვენც უნდა ვილოცოთ ჩვენი და-ძმებისთვის და ასეთი სახით გამოვავლინოთ გულწრფელი სიყვარული და მზრუნველობა მათ მიმართ. ეს კიდევ უფრო მეტ ბედნიერებას განგვაცდევინებს, რადგან ვიცით, რომ „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (საქ. 20:35).

ჩვენი ხსნა ახლოსაა

17, 18. რაში გვეხმარება ლოცვაში სიფხიზლის შენარჩუნება?

17 ვიდრე პავლე იტყოდა სიტყვებს „ღამე იწურება და დღე ახლოვდებაო“, მან ასეთი რამ თქვა: „იცით, რა დროა: დადგა თქვენი გამოღვიძების საათი, ვინაიდან ხსნა ახლა უფრო ახლოა, ვიდრე მაშინ, როცა ვირწმუნეთ“ (რომ. 13:11, 12). ღვთის დაპირებული ახალი ქვეყნიერება ახლა უფრო ახლოა, ვიდრე ოდესმე და ჩვენი ხსნაც იმაზე ახლოსაა, ვიდრე წარმოგვიდგენია. ნუ დავიძინებთ სულიერად! არ მოგვაცდინოს ქვეყნიერებამ ისე, რომ იეჰოვასთან განმარტოების დრო აღარ დაგვრჩეს! პირიქით, „ლოცვაში სიფხიზლე შევინარჩუნოთ“! ეს დაგვეხმარება, ჩავებათ „წმინდა საქციელსა და ღვთისადმი ერთგულებაში“, რაკიღა ველით იეჰოვას დღეს (2 პეტ. 3:11, 12). ამრიგად ცხადი გახდება ჩვენი სულიერი სიფხიზლე და გამოჩნდება რწმენა იმისა, რომ ბოროტი ქვეყნიერების დღეები დათვლილია. მაშასადამე, მოდი, „განუწყვეტლივ ვილოცოთ“! (1 თეს. 5:17). მივბაძოთ ქრისტეს და ვეძებოთ შესაძლებლობები იმისათვის, რომ განვმარტოვდეთ ლოცვისთვის. თუ გამუდმებით ვილოცებთ, იეჰოვას უფრო დავუახლოვდებით (იაკ. 4:7, 8). ეს კი თავისთავად შეუდარებელი კურთხევაა ადამიანისთვის!

18 წმინდა წერილებში ვკითხულობთ: „ხორცში ყოფნისას ქრისტემ ძლიერი ღაღადითა და ცრემლებით შესწირა ვედრება და თხოვნა მას, ვისაც სიკვდილისგან მისი ხსნა შეეძლო, და შესმენილ იქნა ღვთის შიშის გამო“ (ებრ. 5:7). იესო ლოცულობდა და ევედრებოდა მამას, რომ დახმარებოდა, რათა სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე მისი ერთგული დარჩენილიყო. იეჰოვამ უპასუხა თავისი საყვარელი ძის ლოცვას — მკვდრეთით აღადგინა ის და უკვდავება უბოძა ზეცაში. დიახ ასეა, რა ცდუნებებსაც არ უნდა შევხვდეთ და რა განსაცდელებსაც არ უნდა გადავეყაროთ ცხოვრებაში, ჩვენც შეგვიძლია ზეციერი გამჩენის ერთგულები დავრჩეთ. ჭეშმარიტად, თუ „ლოცვაში სიფხიზლეს შევინარჩუნებთ“, ჩვენ მივიღებთ უდიდეს საჩუქარს, მარადიულ სიცოცხლეს!