არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა)  |  ნოემბერი 2013

როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ სხვებს?

როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ სხვებს?

„არჩევნებში ერთ-ერთი მხარის დამარცხებას ძალადობა მოჰყვა; ათასობით იეჰოვას მოწმეს იძულებით დაატოვებინეს თავიანთი სახლები, — იხსენებს განვითარებად ქვეყანაში მცხოვრები ერთი უხუცესი, სახელად ფრანსუა. — სურსათის მარაგი ნელ-ნელა ილეოდა და მედიკამენტების დეფიციტი გაჩნდა; შეიძლებოდა გეშოვა საჭმელი და წამალი, მაგრამ ყველაფერს ცეცხლის ფასი ედო. დაიხურა ბანკები; ბანკომატები დაცარიელდა, ბევრიც საერთოდ გამოვიდა მწყობრიდან“.

ფილიალმა დაუყოვნებლივ იზრუნა დაზარალებული და-ძმების დახმარებაზე, როგორც ფინანსური სახით, ისე პირველადი მოხმარების ნივთებით. მათ ეს დახმარება მთელი ქვეყნის მასშტაბით სამეფო დარბაზებში შეკრებილ იეჰოვას მოწმეებს გაუგზავნეს. მიუხედავად იმისა, რომ დაპირისპირებულ მხარეებს გზები გადაკეტილი ჰქონდათ, ფილიალის მანქანებს მაინც უპრობლემოდ ატარებდნენ, რადგან იცოდნენ, რომ იეჰოვას მოწმეები მტკიცედ იცავენ ნეიტრალიტეტს.

ფრანსუა იხსენებს: „ერთხელ, როცა მანქანით სამეფო დარბაზისკენ მივდიოდით, სნაიპერებმა ცეცხლი გაგვიხსნეს. საბედნიეროდ, ყველა ტყვია აგვცდა. გავიხედეთ და რას ვხედავთ, ერთი კბილებამდე შეიარაღებული ჯარისკაცი ჩვენკენ მორბოდა. სასწრაფოდ მანქანა მოვატრიალეთ და უკან, ფილიალისკენ გავბრუნდით. იეჰოვას ათას მადლობას ვუხდიდით იმისთვის, რომ ცოცხლები გადავრჩით. მომდევნო დღეს, იმ სამეფო დარბაზს, სადაც ჩვენ მივდიოდით, 130-მა ძმამ შეაფარა თავი. თანაქრისტიანებიდან ზოგი ფილიალში მოვიდა. ჩვენ მათ სულიერი და ფიზიკური დახმარება აღმოვუჩინეთ; ამასობაში კრიზისმაც გადაიარა“.

„მოგვიანებით ფილიალმა უამრავი წერილი მიიღო დაზარალებული და-ძმებისგან, რომლებიც ღრმა მადლიერებას გამოხატავდნენ, — ამბობს ფრანსუა. — წერილებში ისინი აღნიშნავდნენ, რომ სხვა ქვეყნებში მცხოვრები და-ძმების შესაწირავებმა იეჰოვასადმი ნდობა გაუძლიერა“.

იმ და-ძმებს, რომლებიც სტიქიური უბედურებებისა თუ სხვა გასაჭირის მსხვერპლნი არიან, თანაგრძნობის კარს არ ვუკეტავთ და არ ვეუბნებით: „თავი არ მოიმშიოთ და არ შეიციოთ“ (იაკ. 2:15, 16). პირიქით, ჩვენ ვცდილობთ, რომ ვიზრუნოთ მათზე ფიზიკურად. პირველ საუკუნეშიც, როცა მოსალოდნელი შიმშილობის შესახებ გაფრთხილება მიიღეს, „მოწაფეებმა გადაწყვიტეს, იუდეაში ძმებისთვის დახმარება გაეგზავნათ, ვინც რამდენს შეძლებდა“ (საქ. 11:28—30).

ჩვენ, როგორც იეჰოვას მოწმეებს, გვსურს, ვიზრუნოთ გაჭირვებაში ჩავარდნილი თითოეული ადამიანის ფიზიკურ მოთხოვნილებებზე. თუმცა არ გვავიწყდება, რომ ხალხს სულიერი მოთხოვნილებებიც გააჩნია (მათ. 5:3). იესომ თავის მიმდევრებს მოწაფეების მომზადება დაავალა, რათა ხალხს გაეაზრებინა, რომ მათ აქვთ სულიერი მოთხოვნილებები და რომ საჭიროა ამ სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება (მათ. 28:19, 20). პირადად ჩვენ, თითოეული იეჰოვას მოწმე, ქრისტეს დავალების შესასრულებლად არ ვიშურებთ დროს, ენერგიასა და ფინანსებს. იეჰოვას მოწმეების ორგანიზაცია შემოწირულობებიდან გარკვეულ თანხას დაზარალებულთა დასახმარებლად იყენებს. თუმცა ეს შესაწირავები უმთავრესად გათვალისწინებულია სამეფოს ინტერესების წინსვლისა და სასიხარულო ცნობის გავრცელებისთვის. ამ ყველაფრით ჩვენ ვაჩვენებთ, რომ გვიყვარს ღმერთი და მოყვასი (მათ. 22:37—39).

ვინც იეჰოვას მოწმეების მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობას უჭერს მხარს, შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ მის მიერ გაღებულ შესაწირავებს მართებულად და საუკეთესოდ იყენებენ. შეგიძლიათ დახმარება აღმოუჩინოთ დაზარალებულ და-ძმებს? გსურთ, მხარი დაუჭიროთ მოწაფეების მომზადების საქმეს? თუ დიახ, „ნუ დაუკავებთ სიკეთეს მას, ვინც ამას იმსახურებს, როცა თქვენს ხელს ამის ძალა შესწევს“ (იგავ. 3:27).