წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) ოქტომბერი 2013

შეგიძლიათ სხვების გასაფრთხილებლად მეტი გააკეთოთ?

შეგიძლიათ სხვების გასაფრთხილებლად მეტი გააკეთოთ?

მეოცე საუკუნის დასაწყისში გადაიღეს უხმო ფილმი სახელწოდებით, „გასეირნება ბაზრის ქუჩაზე“, რომელშიც ასახული იყო სან-ფრანცისკოს ყოველდღიური ყოფა. კინოსურათის გადაღებისას კინოკამერა დაამაგრეს ტრამვაიზე და ობიექტივი სან-ფრანცისკოს ხალხით გადატვირთული ერთ-ერთი ქუჩისკენ მიმართეს. ფილმის კადრებზე ასახულია ცხენშებმული ეტლები, იმდროინდელი ავტომობილები, ვაჭრები და ფოსტალიონები.

ფილმი გადაღებულია 1906 წლის აპრილის თვეში. გადაღების დასრულებიდან რამდენიმე დღეში, 18 აპრილს, სან-ფრანცისკოში მოხდა დამანგრეველი მიწისძვრა და გაჩნდა ხანძარი, რამაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და მიწასთან გაასწორა ქალაქის ის ნაწილი, რომელიც ფილმში იყო გადაღებული. თავისთავად ამ ფაქტმა ფილმს ტრაგიკული ხასიათი შესძინა. ფაქტობრივად, გადაღების დროს კადრებზე აღბეჭდილ ზოგიერთ ადამიანს მხოლოდ რამდენიმე დღის სიცოცხლეღა ჰქონდა დარჩენილი. „საოცარია, უყურებ ადამიანებს, რომელთაც წარმოდგენა არა აქვთ, რა უბედურება უნდა დატრიალდეს მათ თავს და ვერაფრით ეხმარები, უბრალოდ გეცოდებიან“, — ამბობს სკოტ მაილზი, ამ ფილმის გადამღები ჯგუფიდან ერთ-ერთის შთამომავალი.

1906 წელს მომხდარმა მოულოდნელმა მიწისძვრამ და შედეგად გამოწვეულმა ხანძარმა მიწასთან გაასწორა სან-ფრანცისკოს ცენტრალური ნაწილი

იგივე პარალელი შეიძლება გავავლოთ ჩვენს დღეებთან დაკავშირებითაც. არც ჩვენ შეგვიძლია ადამიანების დახმარება, თუმცა ჩვენც გვეცოდებიან ისინი. ადამიანები თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებაში არიან ჩაფლულნი და წარმოდგენა არა აქვთ, რა ელის ამ ბოროტ ქვეყნიერებას და უშუალოდ მათ. მიწისძვრისგან განსხვავებით, რომელიც მოულოდნელად ხდება, ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს მცირედი დრო მოყვასის გასაფრთხილებლად და იმის სათქმელად, რომ იეჰოვას სასამართლო კარსაა მომდგარი. გინდათ, უფრო მეტი ადამიანი გააფრთხილოთ? მაშინ კარგი იქნება, თუ დაგეგმავთ და ყოველკვირა იმსახურებთ კარდაკარ.

იესო ყოველთვის სიამოვნებით ქადაგებდა

იესომ შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა; ის ყოველთვის მზად იყო ქადაგებისთვის და ყველას უქადაგებდა, გზად შემხვედრი გადასახადების ამკრეფით დაწყებული, შუადღის შესვენების დროს ჭასთან მისული სამარიელი ქალით დამთავრებული (ლუკ. 19:1—5; იოან. 4:5—10, 21—24). ერთხელ, მიუხედავად იმისა, რომ დასვენებას აპირებდა, თავისი გეგმები გვერდზე გადადო, რათა სხვებისთვის ესწავლებინა. ამ დროს მოყვასისადმი თანაგრძნობით გამსჭვალული მხოლოდ რამდენიმე სიტყვით არ შემოფარგლულა (მარ. 6:30—34). მოდი, ვნახოთ, როგორ ჰბაძავენ იესოს და როგორ ქადაგებენ ჩვენი თანაქრისტიანები თავდაუზოგავად.

ყველა შესაძლებლობას იყენებენ

მელიკა ცხოვრობს განსაკუთრებულად დაცულ საცხოვრებელ კორპუსში. მის მეზობლებს შორის ბევრი უცხოელი სტუდენტია, რომელთა მობილური  ტელეფონის ნომრებიც ტელეფონების წიგნში არ არის მითითებული და მათი სახელები მიმღებში არსებულ მაცხოვრებელთა სიაში არ არის შეტანილი. მელიკა ლიფტსა თუ მიმღებში ხელიდან არ უშვებს მდგმურებთან ქადაგების შესაძლებლობას. ის ამბობს: „ჩემი კორპუსი ჩემს სამქადაგებლო უბნად მიმაჩნია“. მელიკას ყოველთვის თან დააქვს ლიტერატურა რამდენიმე ენაზე. ბევრი სიამოვნებით იტოვებს ტრაქტატებსა და ჟურნალებს. ის აგრეთვე ხალხს ჩვენი ვებ-გვერდის მისამართსაც აძლევს. შედეგად მან რამდენიმე ახალი ბიბლიის შესწავლაც დაიწყო.

სონიაც ცდილობს, რომ ქადაგების ყველა შესაძლებლობა გამოიყენოს. ის სამედიცინო კლინიკაში მუშაობს. მან თავიდანვე მიზნად დაისახა, ექადაგა ყველა თანამშრომლისთვის. ამისათვის, ჯერ გაიგო, ვის რა უფრო მეტად აინტერესებდა და შემდეგ შესვენებებზე ესაუბრებოდა სათითაოდ ბიბლიის დახმარებით. ამ ყველაფრის შედეგი ის იყო, რომ სონიამ ორ თანამშრომელთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო. ის აგრეთვე გეგმავს, რომ შესვენების დროს მოსაცდელში მყოფ პაციენტებსაც ესაუბროს ხოლმე ბიბლიურ ჭეშმარიტებაზე.

გამოიყენეთ თქვენი შესაძლებლობები

ერთ-ერთი მამაკაცი, რომელიც 1906 წლის მიწისძვრას გადაურჩა, მოგვიანებით იხსენებდა: „ამაზე დიდი საშინელება არასოდეს დასტეხია ქალაქს თავს“. თუმცა ერთი რამის თქმა თამამად შეიძლება: ყოველგვარი სტიქიური უბედურება მოგონება იქნება იმ შურისძიების დღესთან შედარებით, რომელიც ეწევა მათ, „ვინც არ იცნობს ღმერთს“ (2 თეს. 1:8). იეჰოვას ძალიან სურს, რომ ხალხმა შეიცვალოს აზროვნება და გული და გამოეხმაურონ იმ გამაფრთხილებელ ცნობას, რასაც მისი მოწმეები ქადაგებენ (2 პეტ. 3:9; გამოცხ. 14:6, 7).

ყველა შესაძლებლობა გამოიყენეთ და უქადაგეთ მათ, ვისაც ყოველდღიური საქმეების დროს ხვდებით

ჩვენ გვხვდა წილად პატივი, თვალი ავუხილოთ ხალხს ამ რთულ დროს და დავეხმაროთ მათ, თავი დააღწიონ ეგოისტურ სურვილებს და მოძებნონ იეჰოვა (სოფ. 2:2, 3). ასე რომ, ყველა შესაძლებლობა გამოიყენეთ და უქადაგეთ თანამშრომლებს, მეზობლებსა და მათ, ვისაც ყოველდღიური საქმეების კეთების დროს ხვდებით.