არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა)  |  ოქტომბერი 2013

მათ მზადყოფნა გამოავლინეს — ფილიპინები

მათ მზადყოფნა გამოავლინეს — ფილიპინები

დაახლოებით 10 წლის წინ ერთი წყვილი გრეგორიო და მარილუ ცხოვრობდნენ ქალაქ მანილაში. მიუხედავად იმისა, რომ ისინი სრულ განაკვეთზე მუშაობდნენ, ორივენი პიონერებად მსახურობდნენ. მარილუ ერთ-ერთ ბანკში მუშაობდა; გავიდა დრო და ის ბანკის მენეჯერად დანიშნეს. „ძალიან კარგი სამსახური გვქონდა, არაფერი გვაკლდა“, — ამბობს მარილუ. მართლაც, მათ იმდენად კარგი შემოსავალი ჰქონდათ, რომ ქალაქის აღმოსავლეთით 19 კილომეტრში საუკეთესო ადგილას სახლის აშენება გადაწყვიტეს; გააფორმეს ხელშეკრულება სამშენებლო კომპანიასთან და ათწლიან გარიგებას მოაწერეს ხელი.

„ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ღმერთს რაღაცას ვპარავდი“

მარილუ იხსენებს: „ჩემს ახალ სამსახურს იმდენი დრო და ენერგია მიჰქონდა, რომ სულიერ საქმეებში მონაწილეობის სურვილი ნელ-ნელა გამინელდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ღმერთს რაღაცას ვპარავდი. იეჰოვას ვეღარ ვუძღვნიდი იმდენ დროს, რამდენიც აღვუთქვი“. ერთ დღესაც გრეგორიო და მარილუ დასხდნენ და ისაუბრეს იმაზე, თუ რაში ხარჯავდნენ ძირითადად თავიანთ დროს. გრეგორიო ამბობს: „გვინდოდა რაღაცის შეცვლა, მაგრამ კონკრეტულად არ ვიცოდით, რის. ვიმსჯელეთ, როგორ შეგვეძლო უფრო მეტი მონაწილეობა მიგვეღო იეჰოვას მსახურებაში;  თანაც იმაზეც დავფიქრდით, რომ ჩვენ ნამდვილად შეგვეძლო მეტის კეთება, რადგან შვილები არ გვყავდა. ვილოცეთ და იეჰოვას ვთხოვეთ, რომ ეხელმძღვანელა ჩვენთვის“.

სწორედ იმ დროს ამ წყვილმა რამდენიმე მოხსენება მოისმინა იმასთან დაკავშირებით, თუ რა დიდი მოთხოვნილება იყო მაუწყებლებზე. „ვიგრძენით, რომ ეს აშკარად პასუხი იყო ჩვენს ლოცვებზე“, — ამბობს გრეგორიო. მათ ილოცეს და ღმერთს სთხოვეს, რომ სწორი გადაწყვეტილების მისაღებად მათთვის რწმენა და გამბედაობა მიეცა. თუმცა სახლის მშენებლობის ათწლიანი ვალდებულება მათთვის უდიდეს ხელის შემშლელ ფაქტორად რჩებოდა. არადა ხელშეკრულების ამოწურვამდე ჯერ კიდევ შვიდი წელი იყო დარჩენილი. გაინტერესებთ, როგორ მოიქცნენ? მარილუ ამბობს: „კონტრაქტის გაუქმება იმას ნიშნავდა, რომ სამი წლის განმავლობაში გადახდილი თანხა წყალში გვეყრებოდა. თანაც პატარა თანხაზე არ იყო საუბარი. მაგრამ საკუთარი თავი არჩევნის წინაშე დავაყენეთ: ან ღვთის საქმე ან საკუთარი სურვილები“. მარილუსა და გრეგორიოზე ძალიან იმოქმედა პავლეს სიტყვებმა: „[ღვთისთვის] დავკარგე ყველაფერი“. ბევრი ფიქრის შემდეგ მათ გააუქმეს ხელშეკრულება, ორივემ თავი დაანება სამსახურს, გაყიდეს ქონების დიდი ნაწილი და გადავიდნენ კუნძულ პალავანის ერთ-ერთ სოფელში, რომელიც მანილას სამხრეთით 480 კილომეტრშია (ფილ. 3:8).

ისწავლეს, რა არის კმაყოფილება

სოფელში გადასვლამდე გრეგორიო და მარილუ ცდილობდნენ, საკუთარი თავი შეემზადებინათ უბრალო ცხოვრებისთვის, თუმცა იქ ჩასვლამდე მაინც ბოლომდე ვერ აცნობიერებდნენ, რა პირობებში მოუწევდათ ცხოვრება. მარილუ იხსენებს: „არ ვიცი, ეს რა იყო; არც შუქი, არც არანაირი პირობები. საჭმელს ცეცხლზე ვამზადებდით. ელექტროღუმელზე ლაპარაკიც ხომ ზედმეტი იყო. მენატრებოდა საყიდლებზე სავაჭრო ცენტრებში სიარული, კაფეებში სადილობა და ქალაქური ცხოვრება“. თუმცა ეს წყვილი საკუთარ თავს გამუდმებით შეახსენებდა იმას, თუ რა იყო მათი სოფელში გადასვლის მიზანი. ამის წყალობით ისინი მალევე შეეგუვნენ ახალ გარემოს. მარილუ აგრძელებს: „ახლა უკვე სხვანაირად ვფიქრობ. ვტკბები აქაური ულამაზესი ბუნებითა და ღამ-ღამობით მოწმენდილ ცაზე მოციმციმე ვარსკვლავების ცქერით. ყველაზე მეტად გული მაშინ მევსება სიხარულით, როცა ვხედავ იმ ადამიანების გაცისკროვნებულ სახეებს, რომელთაც ჭეშმარიტებას ვუქადაგებთ. ვაღიარებ, რომ აქ მსახურებამ გვასწავლა, რა არის ცხოვრებაში კმაყოფილების საიდუმლო“ (ფილ. 4:12).

„იმაზე მეტი სიხარული რა გინდა, როცა საკუთარი თვალით ხედავ, როგორ იზრდებიან ადამიანები სულიერად. აი, ნამდვილად ეს არის ცხოვრების აზრი“ (გრეგორიო და მარილუ)

მოდი, გრეგორიოს მოვუსმინოთ: „როცა სოფელში ჩავედით, იქ მხოლოდ ოთხი მოწმე დაგვხვდა. ძალიან ბედნიერები იყვნენ, რადგან ყოველკვირა ვკითხულობდი საჯარო მოხსენებას ჯგუფში. გიტარაზე ვუკრავდი ხოლმე სამეფო მელოდიებს და სამეფო სიმღერებსაც ასე ვმღეროდით“. სულ რაღაც ერთ წელიწადში ეს პატარა ჯგუფი 24-კაციან კრებად გადაიქცა. ისევ გრეგორიო აგრძელებს: „ის სიყვარული, რაც ამ კრებამ გვაგრძნობინა, ძალიან შეეხო ჩვენს გულებს“. დღეს, განვლილი ექვსი წლის გახსენებისას ეს წყვილი აღნიშნავს: „ეს სულ სხვა სიხარულია. იმაზე მეტი სიხარული რა გინდა, როცა საკუთარი თვალით ხედავ, როგორ იზრდებიან ადამიანები სულიერად. აი, ნამდვილად ეს არის ცხოვრების აზრი“.

 ვნახე, რომ კარგია იეჰოვა

ფილიპინებში დაახლოებით 3 000 და-ძმა გადავიდა იმ ტერიტორიებზე, სადაც მქადაგებლები იყვნენ საჭირო. ამ და-ძმებს შორის დაახლოებით 500 დაუქორწინებელი და იყო, მათ შორის ერთ-ერთი კარენი.

კარენი

კარენი 20 წელს გადაცილებული ახალგაზრდა გოგონაა. ის დაიბადა და გაიზარდა ქალაქ ბაგიოში (კაგაიანი). მოზარდობის წლებში კარენი ხშირად ფიქრობდა მსახურების გაფართოებაზე. ის იხსენებს: „იცით, რატომ მინდოდა დაშორებულ ტერიტორიაზე გადასვლა? იმიტომ, რომ ბოლომდე მესმოდა ერთი რამ — მესმოდა, რომ დრო იწურებოდა და ყველანაირი ადამიანის ყურამდე უნდა მისულიყო სამეფოს ცნობა“. ოჯახის ზოგიერთი წევრი დღედაღამ ჩასჩიჩინებდა კარენს, რომ უმაღლესი განათლება მიეღო. მათთვის კარენის სურვილი, დაშორებულ ტერიტორიაზე ექადაგა, აბსოლუტურად მიუღებელი იყო. თუმცა ის ძალიან ანთებული იყო და იეჰოვას ევედრებოდა, ეხელმძღვანელა მისთვის. ის აგრეთვე ესაუბრა იმ და-ძმებს, რომლებიც უკვე მსახურობდნენ ამ სფეროში. 18 წლის ასაკში კარენი მართლაც გადავიდა დაშორებულ ტერიტორიაზე, რომელიც მისი სახლიდან დაახლოებით 60 კილომეტრში იყო.

პატარა კრება, რომელშიც კარენი გადავიდა, ქადაგებდა წყნარი ოკეანის სანაპიროს მთიან რეგიონში. კარენი იხსენებს: „ახალ კრებამდე რომ მივსულიყავით, სამი დღე ვიარეთ მთებში. მთლიანობაში 30-ჯერ გადავლახეთ მდინარე“. შემდეგ ის ამბობს: „ზოგიერთი ბიბლიის შემსწავლელი ისეთ ადგილას ცხოვრობს, რომ მათთან მისასვლელად ექვსი საათი გვჭირდება და რადგან იმავე დღეს ვერ ვბრუნდებით უკან, ღამით მათთან ვრჩებით ხოლმე და მეორე დღეს ვბრუნდებით შინ“. ღირს ეს ყველაფერი ამად? კარენმა ჩვენთან საუბარი ასე დაამთავრა: „ზოგჯერ ფეხები ისე მტკივა ხოლმე, რომ ძლივს დავდივარ“. ამ სიტყვების თქმის შემდეგ სახეზე ბედნიერმა ღიმილმა გადაურბინა და ბოლოს გვითხრა: „სამაგიეროდ 18 ადამიანს ვასწავლი ბიბლიას, პირადად ჩემს თავზე გამოვცადე, რომ კარგია იეჰოვა!“ (ფსალმ. 34:8).

„ამ ყველაფერმა ღმერთზე მინდობა მასწავლა“

სუხი

მოდი, ახლა ვისაუბროთ და სუხიზე, და გავიგოთ, რამ აღძრა ეს 40 წელს გადაცილებული გასათხოვარი ქალბატონი, გადასულიყო შეერთებული შტატებიდან ფილიპინებში. 2011 წელს მან სარაიონო კონგრესზე მოისმინა ერთი ცოლ-ქმრის ინტერვიუ, რომელთაც ბევრი რამ გაყიდეს იმისათვის, რომ გადასულიყვნენ მექსიკაში საქადაგოდ. „ამ ინტერვიუს შემდეგ, — ამბობს სუხი, — დავიწყე ფიქრი იმაზე, რაზეც მანამდე არასოდეს მიფიქრია“. სუხი წარმოშობით ინდოელია და როგორც კი გაიგო, რომ ფილიპინებში პენჯაბურ ენაზე მოლაპარაკე ხალხი ცხოვრობდა, გადაწყვიტა, წასულიყო იქ და ექადაგა მათთვის. საინტერესოა, შეექმნა მას იქ რაიმე პრობლემა?

„არ ველოდი, თუ ასეთი რთული იქნებოდა იმის განსაზღვრა, რა გამეყიდა და რა დამეტოვებინა ჩემი ნივთებიდან. ბოლო 13 წელი კეთილმოწყობილ ბინაში კომფორტულად ვცხოვრობდი ჩემს ნებაზე, ფილიპინებში კი ერთ ოჯახთან ერთად უნდა მეცხოვრა, რასაც არ ვიყავი მიჩვეული. ეს არ იყო ადვილი, მაგრამ ამ ყველაფერმა გამაგებინა უბრალო ცხოვრების გემო. ბავშვობიდან ენტომოფობია მაქვს — საშინლად მეშინია მცოცავების და მწერების; ხშირად თავიდან ნოსტალგიაც მომეძალებოდა ხოლმე და  ეს ყველაფერი ერთად აღებული რთული ასატანი ხდებოდა. თუმცა ამ ყველაფერმა ღმერთზე მინდობა მასწავლა; ახლა მე ღმერთს ისე ვენდობი, როგორც არასდროს“. მოდი სუხისაც დავუსვათ იგივე შეკითხვა: ღირს ეს ყველაფერი ამად? სახეგაბრწყინებული სუხი ამბობს: „იეჰოვა გვეუბნება, გამომცადეთ და ნახავთ, თუ არ გადმოვცალო თქვენზე უხვი კურთხევა. ამ სიტყვების ძალას მაშინ ვგრძნობ, როცა მობინადრე მეკითხება, როდის დავბრუნდები მასთან მეორედ და მეუბნება, რომ კითხვები აქვს და პასუხების მიღება უნდა. ენით აუწერელი სიხარულია, როცა სულიერად მშიერ ხალხს ეხმარები“ (მალ. 3:10). სუხი ბოლოს ასეთ რამეს ამბობს: „რომ ვაკვირდები, ყველაზე რთული ჩემთვის გადაწყვეტილების მიღება აღმოჩნდა. მაგრამ როგორც კი გადავწყვიტე, საოცარი იცით რა იყო? იეჰოვამ ყველაფერი თავის ადგილას დაალაგა“.

„შიში დავძლიე“

ფილიპინებში ცხოვრობს ერთი 40 წლამდე ასაკის ძმა სახელად სიმეი. სიმეი ოჯახის სარჩენად ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთ ქვეყანაში წავიდა სამუშაოდ. იქ მოისმინა სარაიონო ზედამხედველისა და ხელმძღვანელი საბჭოს წევრის მოხსენებები და ამ თემების მოსმენის შემდეგ სურვილი გაუჩნდა, რომ სულიერი საქმეები ცხოვრებაში პირველ ადგილზე დაეყენებინა. „ელემენტარულად, იმის გაფიქრებაც კი, რომ სამსახურისთვის თავი უნდა დამენებებინა, რაღაცნაირად შიშს იწვევდა ჩემში“, — ამბობს სიმეი. მიუხედავად ასეთი განწყობისა, მან დატოვა სამსახური და დაბრუნდა ფილიპინებში. ამჟამად, ის და ჰაიდი, მისი მეუღლე, მსახურობენ დავაო დელ სურის კრებაში, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, სადაც მქადაგებლებზე ძალიან დიდი მოთხოვნილებაა. „ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ღმერთს, რადგან მისი დახმარებით შიში დავძლიე და მისი საქმე პირველ ადგილზე დავაყენე. იმაზე დიდი კმაყოფილების განცდა ცხოვრებაში არ არსებობს, როცა ადამიანი იეჰოვასთვის საუკეთესოს იღებს“.

სიმეი და ჰაიდი

„დიდ კმაყოფილებას გვანიჭებს“

ერთხელ, როცა 30 წელს გადაცილებულმა წყვილმა რამილომ და ჯულიეტამ, პიონერმა ცოლ-ქმარმა, გაიგეს, რომ მეზობელ კრებას დახმარება სჭირდებოდა, გადაწყვიტეს, დაუყოვნებლივ ემოქმედათ. ეს კრება მათი სახლიდან 30 კილომეტრით იყო დაშორებული. მას შემდეგ ყოველკვირა, დარსა თუ ავდარში რამილო და ჯულიეტა თავიანთი მოტოციკლეტით დადიან კრების შეხვედრებზე და მსახურებაში. ოღროჩოღრო გზებსა და კიდულ ხიდებზე არც თუ ისე იოლია მგზავრობა, მაგრამ ისინი ძალიან კმაყოფილები არიან თავიანთი მსახურებით. რამილო ასეთ რამეს ამბობს: „11 ბიბლიის შესწავლას ვატარებთ. გასაგებია, რომ დაშორებულ ტერიტორიაზე ქადაგება გარკვეულწილად მსხვერპლია, მაგრამ ეს ჩვენ ძალიან დიდ კმაყოფილებას გვანიჭებს“ (1 კორ. 15:58).

რამილო და ჯულიეტა

თქვენც გაინტერესებთ, მეტი გაიგოთ იმის შესახებ, თუ სად არის დიდი მოთხოვნილება სამეფოს მაუწყებლებზე, იქნება ეს თქვენს ქვეყანაში თუ სხვაგან? დაელაპარაკეთ თქვენს სარაიონო ზედამხედველს; აგრეთვე უფრო მეტს გაიგებთ ამ საკითხზე, თუ წაიკითხავთ 2011 წლის „ჩვენი სამეფო მსახურების“ აგვისტოს ნომერში დაბეჭდილ სტატიას: «შეგიძლია გადახვიდე „მაკედონიაში“?».