წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) ოქტომბერი 2013

გაკვეთილი კარგად მომზადებული ლოცვიდან

გაკვეთილი კარგად მომზადებული ლოცვიდან

„აკურთხონ მათ შენი დიდებული სახელი“ (ნეემ. 9:5).

1. ღვთის ხალხის რომელ შეკრებაზე ვისაუბრებთ და რა კითხვებზე უნდა დავფიქრდეთ?

„ადექით, აკურთხეთ იეჰოვა, თქვენი ღმერთი, მარადიულად!“. ამ სიტყვებით მოუხმეს ლევიანებმა ერთად შეკრებილ ისრაელებს სალოცავად; ეს ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ლოცვაა ბიბლიაში (ნეემ. 9:4, 5). ეს საყოველთაო შეკრება გაიმართა ძვ. წ. 455 წელს, ებრაული კალენდრით მეშვიდე თვის (თიშრი) ოცდამეოთხე დღეს. სტატიაში ვისაუბრებთ იმ მოვლენებზე, რაც წინ უძღოდა ამ განსაკუთრებულ შეხვედრას. ამ მოვლენებზე საუბრისას კარგი იქნება, თუ დაფიქრდებით შემდეგ კითხვებზე: ლევიანების რომელმა მოქმედებამ შეუწყო ხელი ამ დღის ასე წარმატებულად წარმართვას? რის სწავლა შეიძლება ლევიანების კარგად მომზადებული ლოცვიდან? (ფსალმ. 141:2).

განსაკუთრებული თვე

2. რა მხრივ გვაძლევენ კარგ მაგალითს იერუსალიმის გალავნის აღდგენის შემდეგ ერთად შეკრებილი ისრაელები?

2 იუდეველებმა ამ შეკრებამდე ერთი თვით ადრე დაასრულეს იერუსალიმის გალავნის აღდგენა (ნეემ. 6:15). ღვთის ხალხმა ეს საქმე 52 დღეში შეასრულა. შემდეგ მათ ყურადღება თავიანთ სულიერ მოთხოვნილებებზე გადაიტანეს. ისინი თიშრის თვის პირველ დღეს შეიკრიბნენ მოედანზე, რომ მოესმინათ ეზრასა და სხვა ლევიანებისთვის, რომლებიც ღვთის კანონს ხმამაღლა წაიკითხავდნენ და განმარტავდნენ ოჯახები, „ყველა ვისაც მოსმენა შეეძლო“, იდგა და უსმენდა „გამთენიიდან შუადღემდე“. რა შესანიშნავი მაგალითია ეს ჩვენთვის. მათგან განსხვავებით, უმეტესი ჩვენგანი კომფორტულ სამეფო დარბაზებში ვესწრებით შეხვედრებს. თუმცა, ამის მიუხედავად, თუ დაგიჭერიათ თქვენი თავი იმაში, რომ კრებაზე ყოფნის დროს ფიქრებით სხვაგან ყოფილხართ და გონება ნაკლებად მნიშვნელოვანი აზრებით გქონიათ დაკავებული? თუ დიახ, კიდევ ერთხელ ღრმად ჩაუკვირდით ისრაელების შემთხვევას, რომელთაც არა მარტო მოისმინეს ღვთის კანონი, არამედ გულთან ახლოს მიიტანეს და ატირდნენ კიდეც ღვთის წინაშე ჩადენილი თავიანთი ცოდვების გამო (ნეემ. 8:1—9).

3. რა მითითებას დაემორჩილნენ ისრაელები?

 3 მართალია, ხალხი ღვთის კანონს ისმენდა და ტიროდა, მაგრამ ეს არ ყოფილა ცოდვების საჯაროდ აღიარების დღე; ეს იყო დღესასწაული, იეჰოვას თაყვანისმცემელთა მხიარულების დღე (რიცხ. 29:1). ამიტომ ნეემიამ ხალხს უთხრა: „წადით, ჭამეთ მსუყე კერძები და სვით ტკბილი სასმელები, ნაწილი კი იმას გაუგზავნეთ, ვისაც არაფერი მოუმზადებია! წმინდაა ეს დღე ჩვენი უფლისთვის, ნუ დამწუხრდებით, რადგან იეჰოვას სიხარული თქვენი სიმაგრეა!“. ნამდვილად შესაქებია ხალხის რეაქცია; ისინი დაემორჩილნენ ლევიანებს და ეს დღე მხიარულების დღედ აქციეს (ნეემ. 8:10—12).

4. ა) რა გააკეთეს ებრაელმა თავკაცებმა და რა აღმოაჩინეს? ბ) რა იყო მნიშვნელოვანი ამ კარვობის დღესასწაულზე?

4 მომდევნო დღეს ებრაელი თავკაცები შეიკრიბნენ, რათა ემსჯელათ, როგორ შეეძლო ერს, უფრო სრულად დამორჩილებოდა ღვთის კანონს წმინდა წერილების გამოკვლევის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ კარვობის დღესასწაული თავისი დასკვნითი საზეიმო შეკრებით უნდა ეზეიმათ თიშრის თვეში 15—22-ის ჩათვლით. სრულიად ისრაელში სამზადისი გამოცხადდა მანამდე ეს დღესასწაული ასე დიდებულად არასოდეს აღუნიშნავთ, თუ არ ჩავთვლით იესო ნავეს ძის დღეებს. მთელი ერი „დიდმა სიხარულმა“ მოიცვა. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ დღესასწაულზე ის იყო, რომ საჯაროდ იკითხებოდა ღვთის კანონი „ყოველდღიურად, პირველი დღიდან ბოლო დღემდე“ (ნეემ. 8:13—18).

ცოდვების აღიარების დღე

5 დღესასწაულიდან ორი დღის შემდეგ, დადგა შესაფერისი დრო, რომ ხალხს საჯაროდ ეღიარებინა ღვთის წინაშე ჩადენილი ცოდვები. ეს დღე არ ყოფილა ჭამა-სმისა და მხიარულების დღე. ღვთის ხალხი მარხულობდა და გლოვის ნიშნად ჯვალოთი იყო შემოსილი. ლევიანებმა კვლავ წაუკითხეს ხალხს ღვთის კანონი დილით დაახლოებით სამი საათის განმავლობაში; შუადღისთვის კი ხალხი „ცოდვებს აღიარებდა და მდაბლად თაყვანს სცემდა იეჰოვას, თავის ღმერთს“ შემდეგ ლევიანებმა ხალხის თანდასწრებით ღმერთს კარგად მომზადებული ლოცვით მიმართეს (ნეემ. 9:1—4).

6. რა დაეხმარა ლევიანებს ასეთი შინაარსიანი და გააზრებული ლოცვის წარმოთქმაში და აქედან რას ვსწავლობთ ჩვენ?

6 ცხადია, ასეთი გააზრებული ლოცვის წარმოთქმაში ლევიანებს ღვთის კანონის რეგულარულად კითხვა დაეხმარებოდა. ლოცვის პირველ ნაწილში მათ ყურადღება გაამახვილეს იეჰოვას თვისებებსა და მის საქმეებზე. ხოლო მეორე ნაწილში არაერთხელ გაუსვეს ხაზი იეჰოვას უხვ წყალობასა და სიკეთეს, იმას, რომ არ იყვნენ ღირსნი იეჰოვას ამგვარი უხვი სიკეთისა (ნეემ. 9:19, 27, 28, 31). ჩვენი ლოცვებიც ცოცხალი და აზრიანი იქნება, თუ ლევიანების მსგავსად ყოველდღე ვიფიქრებთ ღვთის სიტყვაზე და იეჰოვას საშუალებას მივცემთ, დაგველაპარაკოს მანამ, სანამ ლოცვას დავიწყებდეთ; ამგვარად, სათქმელიც უფრო მეტი გვექნება მისთვის (ფსალმ. 1:1, 2).

7. რა სთხოვეს ლევიანებმა იეჰოვას და რას ვსწავლობთ აქედან?

 7 ლევიანებმა ღმერთს ლოცვაში მხოლოდ ერთი რამ სთხოვეს, ისიც დიდი მოკრძალებითა და მოწიწებით. ეს სათხოვარი ლოცვის მეორე ნაწილში, 32-ე მუხლში ჩანს: „ახლა კი, ჩვენო ღმერთო, დიდებულო, ძლიერო, შიშის მომგვრელო, შეთანხმების დამცველო და სიკეთის შემნახველო ღმერთო, მცირედ ნუ ჩათვლი იმ გასაჭირს, რომელშიც ჩავცვივდით ჩვენ, ჩვენი მეფეები, ჩვენი მთავრები, ჩვენი მღვდლები, ჩვენი წინასწარმეტყველები, ჩვენი მამა-პაპა და მთელი შენი ხალხი ასურეთის მეფეთა დროიდან მოყოლებული დღემდე“. ლევიანების მაგალითიდან ვსწავლობთ, რომ სანამ რაიმეს ვთხოვთ იეჰოვას, კარგი იქნება, თუ ჯერ ხოტბას შევასხამთ მას და მადლიერებას გამოვხატავთ.

ხოტბა შეასხით ღვთის დიდებულ სახელს

8, 9. ა) როგორ დაიწყეს ლევიანებმა ლოცვა და რაში გამოჩნდა მათი თავმდაბლობა? ბ) როგორც ჩანს, რომელ ორ ზეციურ ლაშქარს გულისხმობდნენ ლევიანები ლოცვაში?

8 ლევიანებმა არა მარტო კარგად მომზადებული ლოცვა წარმოთქვეს, არამედ მათი ლოცვიდან უდიდესი თავმდაბლობაც გამოჩნდა — ისინი გრძნობდნენ, რომ სრულად ვერ აღწერდნენ და ვერ გადმოსცემდნენ იმ დიდებულებას, რასაც იეჰოვა იმსახურებდა სინამდვილეში. მათ ხალხი ღმერთს მოკრძალებული თხოვნით შეავედრეს: „აკურთხონ მათ შენი დიდებული სახელი, რომელიც ყველანაირ კურთხევასა და ქებას აღემატება!“ (ნეემ. 9:5).

9 ლოცვა ასეთი სიტყვებით გრძელდება: „მხოლოდ შენა ხარ იეჰოვა, შენ შექმენი ზეცა, ზეცათა ზეცა და მთელი მათი ლაშქარი, დედამიწა და ყველაფერი, რაც მასზეა, ზღვანი და ყველაფერი, რაც მათშია, შენა ხარ მათი მაცოცხლებელი, მდაბლად თაყვანს გცემს ზეციური ლაშქარი!“ (ნეემ. 9:6). დიახ, იეჰოვამ შექმნა მთელი სამყარო, სამყარო რომელიც ვარსკვლავებით სავსე უთვალავ გალაქტიკას იტევს. მსგავსი სიდიადითაა შექმნილი ჩვენი ულამაზესი პლანეტა, რომელიც ასულდგმულებს მასზე მოფუთფუთე ათასგვარ მშვენიერ სიცოცხლეს და თითოეული მათგანი დასაბამს აძლევს სხვა ახალ სიცოცხლეს თავის გვარისდა მიხედვით. ამ შემოქმედების მოწმენი და თვითმხილველნი იყვნენ ღვთის წმინდა ანგელოზები, რომელთაც ბიბლია ღვთის „ზეციურ ლაშქარს“ უწოდებს (1 მეფ. 22:19; იობ. 38:4, 7). ისინი თავმდაბლად ასრულებენ ღვთის ნებას და ემსახურებიან ადამიანებს, რომელთაც „ხსნა უნდა დაიმკვიდრონ“ (ებრ. 1:14). მართლაც, რა გამორჩეულად კარგი მაგალითი მოგვცეს ანგელოზებმა! მათ მსგავსად, ჩვენც გაერთიანებულად და კარგად გაწვრთნილი ლაშქარივით უნდა ვემსახუროთ ღმერთს (1 კორ. 14:33, 40).

10. რას ვსწავლობთ იქიდან, თუ როგორ მოექცა ღმერთი აბრაამს?

10 ლევიანებმა შემდეგ ლოცვაში ღვთისა და აბრამის ურთიერთობაზეც ისაუბრეს. მოიხსენიეს ის, თუ როგორ მოექცა ღმერთი 99 წლის აბრამს, რომელსაც არ ჰყავდა შვილი, რადგან მის ცოლს სარაის შვილი არ უჩნდებოდა. იეჰოვამ აბრამს სახელი შეუცვალა  და დაარქვა აბრაამი, რაც ნიშნავს „მრავალი ერის მამას“ (დაბ. 17:1—6, 15, 16). ღმერთი აგრეთვე დაჰპირდა მას, რომ მისი შთამომავლები დაიმკვიდრებდნენ ქანაანის მიწას. ადამიანებისგან განსხვავებით, იეჰოვას არასდროს ავიწყდება საკუთარი პირობის შესრულება. ლევიანებმა ლოცვაში ასეთი სიტყვები უთხრეს ღმერთს: „შენა ხარ იეჰოვა, ჭეშმარიტი ღმერთი, რომელმაც აბრამი ამოარჩიე, გამოიყვანე ის ქალდეველთა ურიდან და აბრაამი უწოდე. დაინახე, რომ ერთგული იყო მისი გული შენ წინაშე, და შეთანხმება დაუდე, რომ ქანაანელთა . . . მიწას მისცემდი მას და მის შთამომავლობას. და შენ შეასრულე კიდეც შენი სიტყვები, რადგან მართალი ხარ“ (ნეემ. 9:7, 8). მოდი, მივბაძოთ მართალ ღმერთს და ყოველთვის ვიყოთ ჩვენი სიტყვის შემსრულებლები! (მათ. 5:37).

ისაუბრეთ იეჰოვას საქმეებზე

11, 12. რას ნიშნავს ღვთის სახელი და როგორ მოიქცა ღმერთი თავისი სახელის მნიშვნელობის თანახმად აბრაამის შთამომავლებთან?

11 სახელი იეჰოვა ნიშნავს „აქცევინებს“, რაც ხაზს უსვამს იმას, რომ თავისი დაპირებების შესასრულებლად ღმერთი გამუდმებით მოქმედებს. ეს კარგად გამოჩნდა აბრაამის შთამომავლებთან მის დამოკიდებულებაში იმ დროს, როცა ისინი მონები იყვნენ ეგვიპტეში. რა თქმა უნდა, იმის გაფიქრებაც კი წარმოუდგენელი იყო, რომ მთელი ერი გათავისუფლდებოდა და დაიმკვიდრებდა აღთქმულ მიწას. მაგრამ ღმერთმა, ასე ვთქვათ, მთელი რიგი საქმეები მოიმოქმედა, რათა სისრულეში მოეყვანა თავისი დაპირება. ამით აჩვენა, რომ მხოლოდ ის არის ღირსი, ატაროს უნიკალური და დიადი სახელი — იეჰოვა.

12 ლევიანების ლოცვა, რომელიც ნეემიამ ჩაწერა თავის წიგნში, ასეთი სიტყვებით გრძელდება: „შენ დაინახე ჩვენი მამა-პაპის გაჭირვება ეგვიპტეში და შეისმინე მათი ღაღადი წითელ ზღვასთან. ნიშნები და სასწაულები მოახდინე ფარაონის, მისი მსახურებისა და მისი ქვეყნის ხალხის წინააღმდეგ, რადგან იცოდი, რომ კადნიერად ექცეოდნენ მათ; და სახელი გაითქვი, როგორც დღეს. ზღვა გაყავი მათ წინ და მშრალზე გაიარეს ზღვის შუაგულში; მათი მდევნელები კი ქვასავით მოისროლე სიღრმეში, ბობოქარ წყლებში“. შემდეგ ლოცვა გრძელდება იმის აღწერით, თუ კიდევ რა გააკეთა იეჰოვამ თავისი ხალხისთვის: „შენ დაუმორჩილე მათ იმ მიწის მკვიდრი ქანაანელები . . . დაიპყრეს გამაგრებული ქალაქები და მიისაკუთრეს ნოყიერი მიწები, დაეპატრონნენ ყოველგვარი დოვლათით სავსე სახლებს, ამოკვეთილ ჭებს, ვენახებს, ზეთისხილის კორომებსა და უამრავ ხეხილს; ჭამდნენ, ძღებოდნენ, სუქდებოდნენ და ნეტარებდნენ შენი უსაზღვრო სიკეთის გამო“ (ნეემ. 9:9—11, 24, 25).

13. როგორ იზრუნა იეჰოვამ ისრაელების სულიერ მოთხოვნილებებზე და როგორ გამოეხმაურა ხალხი მის მზრუნველობას?

13 იეჰოვამ თავისი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ბევრი სხვა საქმეც მოიმოქმედა. მაგალითად, მას შემდეგ, რაც ისრაელებმა ეგვიპტე დატოვეს, იეჰოვამ მალევე იზრუნა მათ სულიერ მოთხოვნილებებზე. ლევიანებმა ლოცვაში ეს მოვლენაც მოიხსენიეს: „სინას მთაზე ჩამოხვედი და ზეციდან ელაპარაკე მათ, მიეცი მათ სწორი სამართალი, ჭეშმარიტების კანონები, სასარგებლო წესები და მცნებები“ (ნეემ. 9:13). იეჰოვა ყველანაირად ცდილობდა, რომ ესწავლებინა თავისი ხალხისთვის, რათა მათ ღირსეულად ეტარებინათ მისი წმინდა სახელი, როგორც აღთქმული მიწის მომავალ მემკვიდრეთ; თუმცა სამწუხაროდ, ისრაელებმა დაივიწყეს იმ კარგი საქმეების კეთება, რაც ნასწავლი ჰქონდათ (წაიკითხეთ ნეემიას 9:16—18).

დასჯის აუცილებლობა

14, 15. ა) როგორ გამოავლინა იეჰოვამ გულმოწყალება თავისი ცოდვილი ერის მიმართ? ბ) რას ვსწავლობთ იქიდან, თუ როგორ ეპყრობოდა იეჰოვა თავის რჩეულ ერს?

14 ლევიანებმა ლოცვაში მოიხსენიეს ისრაელის მიერ დაშვებული ორი სერიოზული შეცდომა, რაც ამ ერმა სინას მთასთან დადებული შეთანხმებიდან მალევე დაუშვა. ამ ცოდვების გამო ისინი სამართლიანად იმსახურებდნენ იმას, რომ მიეტოვებინა ისინი ღმერთს და უდაბნოში დახოცილიყვნენ. მაგრამ იეჰოვამ გულმოწყალება გამოავლინა და ამის გამო ლევიანებმა ხოტბა შეასხეს მას:  „არ მიგიტოვებია ისინი უდაბნოში შენი დიდი წყალობის გამო . . . ორმოც წელიწადს კვებავდი მათ . . . და არაფერი მოჰკლებიათ, ტანსაცმელი არ გასცვეთიათ და ფეხები არ დასივებიათ“ (ნეემ. 9:19, 21). დღესაც იეჰოვა ყველაფერს გვაძლევს საიმისოდ, რომ ვემსახუროთ ერთგულად. მაშ, ნურაფრის დიდებით ნუ დაემსგავსებით იმ ათასობით ებრაელს, რომლებიც ურჩობისა და ურწმუნოების გამო უდაბნოში დაიხოცნენ. ფაქტობრივად, მათი ისტორია „ჩვენ გასაფრთხილებლად დაიწერა, რომლებზეც ქვეყნიერების აღსასრულმა მოაწია“ (1 კორ. 10:1—11).

15 საუბედუროდ, მას შემდეგ, რაც ისრაელები დაეპატრონნენ აღთქმულ მიწას, ხელაღებით ჩაებნენ ქანაანელთა ღვთაებების ავხორც და სისხლიან თაყვანისცემაში. ამის გამო იეჰოვამ დაუშვა, რომ მეზობელ ერებს ისინი შეევიწროებინათ და დაეჩაგრათ. თუმცა, როცა ინანიებდნენ, ის დიდსულოვნად პატიობდა და იხსნიდა მტერთაგან. და ასე ხდებოდა საუკუნეების განმავლობაში, არაერთხელ და მრავალჯერ (წაიკითხეთ ნეემიას 9:26—28, 31 ). ამ ლოცვაში ლევიანებმა გულწრფელად აღიარეს: „მრავალი წელი ლმობიერი იყავი მათდამი და შენს წინასწარმეტყველთა პირით შენი სულით შეაგონებდი მათ, ისინი კი ყურს არ გიგდებდნენ. ბოლოს სხვა ქვეყნების ხალხთა ხელში ჩაყარე ისინი“ (ნეემ. 9:30).

16, 17. ა) როგორ განსხვავდებოდა გადასახლებიდან დაბრუნებული ისრაელების მდგომარეობა მათი მამა-პაპის მდგომარეობისგან, რომლებმაც პირველად დაიმკვიდრეს აღთქმული მიწა? ბ) რა აღიარეს ისრაელებმა და რა პირობა დადეს?

16 გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ ისრაელები კვლავაც ურჩობის გზას დაადგნენ. წინაპრებისგან განსხვავებით, რა შედეგი მოიმკეს მათ? ამის შესახებ ლევიანებმა ლოცვაში აღნიშნეს: „აი, დღეს ჩვენ მონები ვართ იმ მიწაზე, რომელიც ჩვენს მამა-პაპას მიეცი, რომ ესაზრდოვა მისი ნაყოფითა და მისი დოვლათით, ჩვენ კი მონები ვართ აქ. უხვია მისი მოსავალი იმ მეფეთათვის, რომლებიც დაგვიყენე ჩვენი ცოდვების გამო . . . დიდია ჩვენი გასაჭირი“ (ნეემ. 9:36, 37).

17 ამით ლევიანებს იმის თქმა ხომ არ უნდოდათ, რომ ღმერთი უსამართლოდ მოიქცა, როცა მათზე გასაჭირი დაუშვა? არავითარ შემთხვევაში! და ეს კარგად გამოჩნდა მათი შემდგომი სიტყვებიდან: „შენ მართალი ხარ ყველაფერში, რაც კი დაგვემართა, რადგან შენ ერთგულად მოიქეცი, ჩვენ კი — ბოროტად“ (ნეემ. 9:33). ბოლოს, ამ მართლაც უანგარო ლოცვის დასასრულ, ლევიანებმა ხალხის სახელით პირობა დადეს, რომ იმ დღიდან მოყოლებული მთელი ერი დაემორჩილებოდა ღვთის კანონს (წაიკითხეთ ნეემიას 9:38; 10:29). მათ ეს აღთქმა წერილობით გააფორმეს და 84 იუდეველი მთავრის ბეჭდით დაადასტურეს (ნეემ. 10:1—27).

18, 19. ა) რა გვესაჭიროება იმისათვის, რომ ვიცხოვროთ ღვთის ახალ ქვეყნიერებაში? ბ) რაზე უნდა ვილოცოთ განუწყვეტლივ და რატომ?

18 თუ გვსურს, რომ გადავრჩეთ და ვიცხოვროთ ღვთის სამართლიან ახალ ქვეყნიერებაში, საშუალება უნდა მივცეთ ღმერთს, რომ აღგვზარდოს. „ის რა შვილია, რომლის აღზრდაზეც მამა არ ზრუნავს?“, — ასეთი კითხვა დასვა მოციქულმა პავლემ თავის დროზე (ებრ. 12:7). თუ ვეცდებით, მთელი გულით ვემსახუროთ იეჰოვას და მის სულს ჩვენი დახვეწის საშუალებას მივცემთ, ვაჩვენებთ, რომ ვემორჩილებით მის ხელმძღვანელობას. სერიოზული შეცდომაც რომ დავუშვათ, ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს, რომ თუ გულით მოვინანიებთ და უსიტყვოდ დავემორჩილებით მის აღმზრდელობით ზომებს, ზეციერი მშობელი აუცილებლად გვაპატიებს.

19 სულ მალე იეჰოვა თავის სახელს განადიდებს იმაზე ასჯერ და ათასჯერ მეტად, ვიდრე ეს გააკეთა მოსეს დროს ეგვიპტეში (ეზეკ. 38:23). ყველა ქრისტიანი, ვინც ერთგულად ემსახურება ღმერთს, ისევე დაიმკვიდრებს ღვთის ახალ ქვეყნიერებას, როგორც ძველად ღვთის ხალხმა დაიმკვიდრა აღთქმული მიწა (2 პეტ. 3:13). და რაკი ასეთი დიდებული მომავალი გველის, არ შევწყვიტოთ ლოცვა იეჰოვას დიდებული სახელის განწმენდაზე! შემდეგ სტატიაში ვისაუბრებთ სხვა ლოცვაზე, რომელიც აგრეთვე დაგვეხმარება, ვიცხოვროთ ისე, რომ მივიღოთ ღვთის კურთხევები როგორც ამჟამად, ისე მარადჟამს.