წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) ოქტომბერი 2013

 ბიოგრაფია

იეჰოვაზე მინდობამ ბედნიერება მოგვიტანა

იეჰოვაზე მინდობამ ბედნიერება მოგვიტანა

ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე; დროდადრო იქმნება სირთულეები და მასთან ჭიდილი არ არის ადვილი. მაგრამ იეჰოვა აკურთხებს ადამიანებს, რომლებიც მას ენდობიან და არა საკუთარ გონებას. ეს სიტყვები მე და ჩემმა მეუღლემ მთელი ჩვენი ხანგრძლივი და კურთხეული ცხოვრების გზაზე არაერთხელ გამოვცადეთ საკუთარ თავზე. ახლა მოკლედ მოგითხრობთ ჩვენი ცხოვრების შესახებ.

ჩემი მშობლები 1919 წელს სიდარ-პოინტში (ოჰაიოს შტატი) გამართულ ბიბლიის მკვლევრების საერთაშორისო კონგრესზე შეხვდნენ ერთმანეთს. ისინი იმავე წელს შეუღლდნენ. მე 1922 წელს დავიბადე, ჩემი ძმა პავლე კი — ორი წლის შემდეგ. ჩემი მეუღლე გრეისი 1930 წელსაა დაბადებული. მისი მშობლები როი და რუთი ჰაუელები ბავშვობიდან ბიბლიის მკვლევრები იყვნენ. ბიბლიის მკვლევრები იყვნენ აგრეთვე გრეისის პაპა და ბებიაც; ისინი ჩარლზ ტეიზ რასელთან მეგობრობდნენ.

გრეისს პირველად 1947 წელს შევხვდი. ჩვენ 1949 წლის 16 ივლისს დავქორწინდით. დაქორწინებამდე გულახდილად ვმსჯელობდით იმაზე, თუ როგორ გვესახებოდა მომავალი. გადავწყვიტეთ, რომ გვემსახურა სრული დროით და არ გვყოლოდა შვილები. 1950 წლის 1 ოქტომბერს ერთად დავიწყეთ სრული დროით მსახურება. 1952 წელს სარაიონო ზედამხედველად მსახურება შემომთავაზეს.

მიმოსვლითი მსახურება და სკოლა „გალაადი“

მეც და ჩემმა მეუღლემაც ვიგრძენით, რომ ამ ახალ დავალებას დახმარების გარეშე ვერ შევასრულებდით. მე გამოცდილი ძმებისგან ვსწავლობდი; მივხვდი, რომ გრეისსაც ვიღაც უნდა დახმარებოდა. ერთხელაც გადავწყვიტე და მივედი ჩვენს დიდი ხნის მეგობართან, გამოცდილ სარაიონო ზედამხედველთან მარვინ ჰოლინთან და ვუთხარი: „გრეისი ჯერ ახალგაზრდაა და გამოცდილება აკლია. შესაძლებელია, რომ ცოტა ხნით ვინმე გამოცდილ დასთან ითანამშრომლოს? ხომ არ გეგულება ვინმე, ვინც დახმარებას გაუწევდა?“. მან მიპასუხა: „მართალი ხარ. ჩემი აზრით, გრეისს საუკეთესოდ დაეხმარება ედნა ვინკელი, ის გამოცდილი პიონერია“. გრეისი ედნასთან მსახურებაში გატარებულ დროს ასე იხსენებს: „მასთან ერთად კარდაკარ მსახურების დროს თავს თავისუფლად ვგრძნობდი. არ მიჭირდა მობინადრის მხრიდან წამოსული წინააღმდეგობის გადალახვა. ედნამ მასწავლა, ყურადღებით მომესმინა ხალხისთვის, რომ შემძლებოდა მათთვის შესაფერისი პასუხის გაცემა. სწორედ ედნა იყო ის ადამიანი, ვისი დახმარებაც მჭირდებოდა იმ დროს!“.

მარცხნიდან მარჯვნივ: ნეითან ნორი, მალკოლმ ალენი, ფრედ რასკი, ლაილ რუში, ენდრიუ ვაგნერი

ჩვენ აიოვას შტატის ორ რაიონში ვმსახურობდით. ჩვენს ტერიტორიას ეკუთვნოდა სამხრეთ დაკოტასა და მინესოტას შტატების ნაწილებიც. გარკვეული პერიოდის შემდეგ გადაგვიყვანეს ნიუ-იორკის პირველ  რაიონში, რომელშიც შედიოდა ბრუკლინისა და კუინზის ზოგიერთი უბანი. მახსოვს, როგორი გამოუცდელები ვიყავით და როგორ ვღელავდით. ამ რაიონში იყო ბრუკლინ-ჰაიტსის კრება, რომელიც ბეთელის სამეფო დარბაზში ტარდებოდა და იქ ბევრი გამოცდილი ბეთელელი მსახურობდა. როცა პირველად წავიკითხე სამსახურებრივი მოხსენება, ნეითან ნორმა მითხრა: „მალკოლმ, შენ შესაფერისი რჩევები მოგვეცი. თუ რჩევებს არ მოგვცემ, ფასი არ ექნება ამ შენს მსახურებას ორგანიზაციაში. ასე განაგრძე“. ძმა ნორის ნათქვამი სიტყვები იმავე დღეს გრეისს ვუთხარი. ჩვენ ამ კრების მონახულებისას ბეთელში ვრჩებოდით. როცა ბოლოს ჩვენს ოთახში შევედით, დაძაბულობისგან ისეთი ძალაგამოცლილები ვიყავით, რომ ტირილი აგვიტყდა.

„თუ რჩევებს არ მოგვცემ, ფასი არ ექნება შენს ამ მსახურებას ორგანიზაციაში. ასე განაგრძე“

რამდენიმე თვეში წერილი მივიღეთ, რომელშიც ეწერა, რომ მიწვეულები ვიყავით სკოლა „გალაადის“ 24-ე კლასში. სკოლის გამოშვება 1955 წლის თებერვლისთვის იყო დაგეგმილი. სკოლაში წასვლამდე წინასწარ გაგვაფრთხილეს, რომ იქ აქცენტი ჩვენ მისიონერებად მომზადებაზე არ გაკეთდებოდა; მიზანი იყო, რომ უფრო შედეგიანად გვემსახურა მიმოსვლით მსახურებაში. სკოლა მართლაც ჩინებული რამ იყო; ორივემ თავმდაბლობის შესანიშნავი გაკვეთილები გავიარეთ.

1954 წელს „გალაადის“ სკოლაში ფერნ და ჯორჯ ქაუჩებთან ერთად

სკოლის დამთავრების შემდეგ საოლქო ზედამხედველად მსახურება დამევალა. ჩვენს ოლქში შედიოდა ინდიანას, მიჩიგანისა და ოჰაიოს შტატები. ჩვენდა გასაკვირად, 1955 წლის დეკემბერში ძმა ნორისაგან ასეთი შინაარსის წერილი მივიღეთ: „გულახდილად მითხარით, რა გირჩევნიათ: ბეთელში მსახურება . . . ცოტა ხნით ბეთელში მსახურება და შემდეგ უცხო ქვეყანაში გადასვლა, თუ საოლქო ან სარაიონო მსახურება“. ჩვენ ვუპასუხეთ, რომ სიამოვნებით გავაკეთებდით იმ საქმეს, რასაც დაგვავალებდნენ. მალევე შეგვატყობინეს, რომ ბეთელში ვიყავით მიწვეულები.

ბეთელში მსახურების დაუვიწყარი წლები

ბეთელში გატარებული წლები მართლაც დაუვიწყარი იყო. იქ მსახურების განმავლობაში ჩემს დანიშნულებაში შედიოდა შეერთებული შტატების მასშტაბით კრებებსა და კონგრესებზე მოხსენებების წაკითხვა. ვასწავლიდი და ვეხმარებოდი არაერთ ახალგაზრდა ძმას, რომლებსაც მოგვიანებით იეჰოვას ორგანიზაციაში დიდი პასუხისმგებლობები მიენდოთ. ბოლოს, ძმა ნორის მდივნად ვმუშაობდი ოფისში, რომელიც ორგანიზებას უწევდა სამქადაგებლო საქმეს მთელ მსოფლიოში.

სამსახურებრივ განყოფილებაში მსახურების დროს, 1956 წელი

სამსახურებრივ განყოფილებაში გატარებული წლები განსაკუთრებულად სასიამოვნო იყო ჩემთვის. ამ პერიოდში მომიწია მსახურება ტომას (ბადი) სალივანის გვერდით. ის წლების განმავლობაში სამსახურებრივი განყოფილების ზედამხედველი იყო. ამ განყოფილებაში ბევრი სხვა გამოცდილი ძმაც მსახურობდა, რომელთაგანაც უამრავი რამ ვისწავლე. ერთ-ერთი  მათ შორის გახლდათ ფრედ რასკი. მე, ასე ვთქვათ, მისი შეგირდი ვიყავი. მახსოვს, ერთხელ თავაზიანად ვკითხე: „ფრედ, რატომ შეგაქვს ხოლმე ამდენი შესწორება ჩემ დაწერილ წერილებში?“. მან ჯერ გაიცინა და შემდეგ სერიოზული ტონით მითხრა: „მალკოლმ, როცა სათქმელს სიტყვებით ამბობ, შეგიძლია ის იქვე სხვა სიტყვებითაც განმარტო, მაგრამ როცა რაღაცას წერ, განსაკუთრებით ამ განყოფილების სახელით, ეს უნდა იყოს რაც შეიძლება გასაგები და ზუსტი“. შემდეგ მომიგო: „ნუ გეშინია, შენ კარგად გამოგდის და დროთა განმავლობაში კიდევ უფრო დაიხვეწები“.

გრეისი ბეთელში წლების განმავლობაში სხვადასხვა დავალებას ასრულებდა. გარკვეული პერიოდი ის დამლაგებელი იყო და ძალიან მოსწონდა თავისი საქმე. დღემდე, როცა ვხვდებით ხოლმე იმ ძმებს, რომლებსაც გრეისი ოთახებს ულაგებდა და რომლებიც იმ დროს ჯერ კიდევ ახალგაზრდები იყვნენ, ღიმილით ეუბნებიან: „იცი, დედაჩემი როგორ გემადლიერება, ლოგინის ალაგება რომ მასწავლე?“. გრეისი აგრეთვე დიდი სიხარულით მსახურობდა ჟურნალების, ასლების დამზადებისა და კორესპონდენციის განყოფილებებში. განსხვავებული დანიშნულებების შესრულებამ მას ასწავლა, რომ მთავარი ის კი არ არის, თუ სად იმსახურებს და რას გააკეთებს, არამედ მთავარი, იეჰოვას ორგანიზაციაში ყოფნაა, რაც თავისთავად, პატივი და კურთხევაა. ის დღემდე ასე ფიქრობს.

ცვლილებები

1970-იანი წლების შუა პერიოდში ჩვენს ასაკოვან მშობლებს ჩვენგან ყურადღება და მზრუნველობა დასჭირდათ. საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ რთული გადაწყვეტილების წინაშე აღმოვჩნდით. ძალიან გვიჭირდა ბეთელის დატოვება და არ გვეთმობოდა ჩვენი საყვარელი და ძვირფასი საძმო. მაგრამ კარგად გვესმოდა, რომ მშობლებს აუცილებლად სჭირდებოდათ ჩვენი ყურადღება. ცოტა ხანში ბეთელიდან წამოვედით, ოღონდ იმ იმედით, რომ თუ ჩვენი ოჯახური მდგომარეობა შეიცვლებოდა, კვლავ ბეთელში დავბრუნდებოდით.

ცოტა ხანში სადაზღვევო კომპანიაში კონსულტანტად დავიწყე მუშაობა. ამ სამსახურში ჯერ კიდევ ტრენინგს გავდიოდი, როცა ერთხელ მენეჯერმა ასეთი სიტყვები მითხრა: „ჩვენი ბიზნესის მთავარი ამოცანაა, რომ ხალხს საღამოობით მივაკითხოთ სახლებში. ეს სწორედ ის დროა, როცა ისინი შინ არიან. აუცილებლად უნდა მიხვიდე ხალხთან ყოველ საღამოს“. მე ვუპასუხე: „თქვენ გამოცდილი ადამიანი ბრძანდებით და პატივს გცემთ. მაგრამ მე სულიერი პასუხისმგებლობებიც მაქვს, რის შესრულებაზეც არასოდეს მითქვამს უარი და ვერც ახლა ვიტყვი. მე მივაკითხავ ხალხს საღამოობით, მაგრამ სამშაბათობით და ხუთშაბათობით ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრებს უნდა დავესწრო“. იეჰოვამ ნამდვილად მაკურთხა. სამსახურის გამო კრება არასოდეს გამიცდენია.

1987 წლის ივლისში, როცა დედა გარდაიცვალა, სამკურნალო დაწესებულებაში ჩვენ მის გვერდით ვიყავით. უფროსი მედდა გრეისთან მივიდა და უთხრა: „მისის ალენ, წაბრძანდით სახლში და ცოტა დაისვენეთ. თქვენ ისედაც ბევრი გააკეთეთ თქვენი დედამთილისთვის“.

 1987 წლის დეკემბერში შევავსეთ ბეთელის ბლანკი; ძალიან გვსურდა, კვლავ გვემსახურა ჩვენს საყვარელ ადგილას. მაგრამ რამდენიმე დღეში ექიმებმა გრეისს მსხვილი ნაწლავის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. დაიგეგმა ოპერაცია. ოპერაცია წარმატებით დასრულდა და გრეისი გამოჯანმრთელდა. ამასობაში მივიღეთ წერილი ბეთელიდან, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ჩვენს ადგილობრივ კრებაში გაგვეგრძელებინა მსახურება. გადავწყვიტეთ, რომ უფრო აქტიურად ჩავრთულიყავით სამეფოს საქმეში.

გავიდა დრო და სამსახური შემომთავაზეს ტეხასში. ვიფიქრეთ, რომ იქაური თბილი კლიმატი ორივეს მოგვიხდებოდა; და ეს მართლაც ასე იყო. უკვე 25 წელია, რაც ტეხასში ვცხოვრობთ. უამრავი მზრუნველი და-ძმა გვყავს გვერდით; ისინი ჩვენთვის ძალიან ძვირფასები არიან.

რა ვისწავლეთ

გრეისს კვლავ შეერყა ჯანმრთელობა. ადრე მას მსხვილ ნაწლავსა და ფარისებრ ჯირკვალზე ჰქონდა სიმსივნე, მაგრამ ახლახან მკერდის კიბოც აღმოაჩნდა. მიუხედავად ყველაფრისა, მას არასოდეს დაუჩივლია და არც არასოდეს გასჭირვებია მეთაურობის პრინციპის მორჩილება. გრეისს ხშირად ეუბნებიან: „აშკარად ვხედავთ, რომ თქვენს ოჯახში სითბო და სიყვარულია. რა არის თქვენი წარმატებისა და ბედნიერების საიდუმლო?“. მას ოთხი მიზეზი მოჰყავს: „ჩვენ საუკეთესო მეგობრები ვართ. ყოველდღე გამოვყოფთ დროს ერთმანეთთან სასაუბროთ, დასვენებითაც ერთად ვისვენებთ და არასოდეს მივდივართ დასაძინებლად მანამ, სანამ უთანხმოებას არ მოვაგვარებთ“. რა თქმა უნდა, არის ისეთი მომენტებიც, როცა ერთმანეთს გულს ვტკენთ, მაგრამ არ გვიჭირს პატიება და შეცდომებსაც ადვილად ვივიწყებთ. ეს მართლაც გამოსადეგი მეთოდია.

„ყოველთვის მივენდოთ იეჰოვას და მივიღოთ ის, რასაც ის უშვებს ჩვენზე“

რა გვასწავლა განსაცდელებმა:

  1. ყოველთვის მივენდოთ იეჰოვას და მივიღოთ ის, რასაც ის უშვებს ჩვენზე. არასოდეს დავენდოთ საკუთარ გონებას (იგავ. 3:5, 6; იერ. 17:7).

  2. ხელმძღვანელობისთვის, ნებისმიერ საკითხში, იეჰოვას სიტყვას მივმართოთ. ნეიტრალური პოზიცია არ არსებობს, ადამიანი ან ემორჩილება ღმერთს, ან — არა (რომ. 6:16; ებრ. 4:12).

  3. ცხოვრებაში არ არსებობს იმაზე უფრო მნიშვნელოვანი რამ, ვიდრე იეჰოვას წინაშე კარგი სახელის შეძენა. პირველ ადგილზე ღვთის საქმე უნდა იდგეს და არა მატერიალური კეთილდღეობა (იგავ. 28:20; ეკლ. 7:1; მათ. 6:33, 34).

  4. ნაყოფიერად რომ იმსახურო და აქტიური იყო მსახურებაში, ლოცვაა აუცილებელია. ყურადღება იმაზე უნდა გაამახვილო, რის გაკეთებაც შეგიძლია და არა იმაზე, რის გაკეთებაც არ შეგიძლია (მათ. 22:37; 2 ტიმ. 4:2).

  5. მივხვდით, რომ არ არსებობს დედამიწაზე სხვა ორგანიზაცია, რომელსაც იეჰოვა იწონებს და აკურთხებს (იოან. 6:68).

მე და გრეისი დაახლოებით 65 წელია იეჰოვას ვემსახურებით ერთად. თუმცა მთლიანობაში მეც და გრეისმაც ცალ-ცალკე 75 წელზე მეტი გავატარეთ იეჰოვას მსახურებაში. ერთად გატარებული ეს წლები ჩვენთვის ნამდვილად შეუფასებელია. ვლოცულობთ ყველა ჩვენი და-ძმისთვის, რომ მათაც იგრძნონ ის ბედნიერება, რაც იეჰოვაზე მინდობას მოაქვს.