არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) ოქტომბერი 2013

იცხოვრეთ იესოს სიყვარულით წარმოთქმული ლოცვის თანახმად

იცხოვრეთ იესოს სიყვარულით წარმოთქმული ლოცვის თანახმად

„მამა . . . განადიდე შენი ძე, რათა ძემ განგადიდოს შენ“ (იოან. 17:1).

1, 2. რა გააკეთა იესომ მას შემდეგ, რაც ახ. წ. 33 წელს მოწაფეებთან ერთად აღნიშნა პასექი?

იდგა ახ. წ. 33 წელი, 14 ნისანი. გვიან საღამოს იესო და მისი უახლოესი მეგობრები პასექის აღსანიშნავად იყვნენ შეკრებილნი. პასექი მოციქულებს შეახსენებდა იმას, თუ რა საოცრად ჩამოხსნა ღმერთმა მათ წინაპრებს ეგვიპტის მონობის უღელი. თუმცა მის ერთგულ მოწაფეებს უფრო დიდებული, „მარადიული ხსნა“ ელოდათ წინ. მომდევნო დღეს მათი უცოდველი წინამძღოლი სასიკვდილოდ უნდა გაეწირათ მის მოძულეებს. მაგრამ რეალურად ეს შემზარავი მოვლენა კურთხევად იქცეოდა; იესოს დაღვრილი სისხლი კაცობრიობას ცოდვისა და სიკვდილისგან დაიხსნიდა (ებრ. 9:12—14).

2 ამ შეკრებაზე იესომ დააფუძნა ახალი, ყოველწლიურად აღსანიშნავი დღე, თავისი სიკვდილის გახსენების საღამო, რომელმაც შეცვალა პასექის დღესასწაული და რომელიც ყოველთვის უნდა გვხსომებოდა. მართლაც დაუვიწყარია იესოს სიყვარულით გაღებული მსხვერპლი! მან გატეხა უფუარი პური, გადააწოდა თავის 11 ერთგულ მოციქულს და უთხრა: „ეს ჩემს სხეულს ნიშნავს, რომელიც თქვენთვის უნდა იქნეს გაღებული. ეს აკეთეთ ჩემ გასახსენებლად“. იესომ მოწაფეებს ღვინოც გადააწოდა და უთხრა: „ეს სასმისი ნიშნავს ახალ შეთანხმებას ჩემი სისხლის საფუძველზე, რომელიც თქვენთვის უნდა დაიღვაროს“ (ლუკ. 22:19, 20).

3. ა) რა დიდი ცვლილება მოჰყვა იესოს სიკვდილს? ბ) რა კითხვებზე უნდა დავფიქრდეთ იოანეს მე-17 თავში ჩაწერილ იესოს ლოცვასთან დაკავშირებით?

3 ისრაელ ერთან დადებული კანონის შეთანხმება მალე გაუქმდებოდა და აღარ იარსებებდა. ამ შეთანხმებას შეცვლიდა იესოს ცხებულ მიმდევრებსა და იეჰოვას შორის დადებული ახალი შეთანხმება. იესოს ძალიან უნდოდა, რომ მისი ახალი სულიერი ერი ბედნიერი და სულიერად დაპურებული ყოფილიყო. ძველი ისრაელი რელიგიურად და სოციალურად დაყოფილი იყო, რაც ღვთის წმინდა სახელს დიდად შეურაცხყოფდა (იოან. 7:45—49; საქ.  23:6—9). იესოს კი სურდა, რომ მისი მიმდევრები ჰარმონიულად ყოფილიყვნენ გაერთიანებულნი, რათა შეხმატკბილებულად ეთანამშრომლათ ერთმანეთთან და დიდება მოეტანათ ღვთის სახელისთვის. რა გააკეთა საამისოდ იესომ? მან წარმოთქვა უნიკალური ლოცვა და ეს ლოცვა დღეს ყველა ადამიანს შეუძლია წაიკითხოს და ნახოს (იოან. 17:1—26; იხილეთ სურათი 26-ე გვერდზე). ჩვენ შეგვიძლია თვალი გადავავლოთ წარსულს და დავსვათ კითხვა: უპასუხა ღმერთმა თავისი ძის ლოცვას? აგრეთვე კარგი იქნება, თუ დავფიქრდებით შემდეგ კითხვაზე: ვცხოვრობ თუ არა მე პირადად ამ ლოცვის თანახმად?

რა იყო იესოს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი?

4, 5. ა) რას ვსწავლობთ იესოს ლოცვის შესავალი სიტყვებიდან? ბ) რა სთხოვა იესომ იეჰოვას თავის მომავალთან დაკავშირებით და როგორ უპასუხა ღმერთმა მის თხოვნას?

4 საუბარი გვიან ღამემდე გაგრძელდა. იესო თავის მოწაფეებს უყვებოდა იმას, რაც მამისგან ჰქონდა ნასწავლი. საუბრის დროს მან თვალები ცას მიაპყრო და ასე ილოცა: „მამა, მოვიდა საათი, განადიდე შენი ძე, რათა ძემ განგადიდოს შენ, რადგან ძალაუფლება მიეცი მას ყოველ ხორციელზე, რათა ყველას, ვინც მას მიეცი, მარადიული სიცოცხლე მისცეს . . .. მე განგადიდე დედამიწაზე, დავასრულე საქმე, რომლის გაკეთებაც დამავალე. ახლა კი, მამა, განმადიდე იმ დიდებით, რომელიც შენთან მქონდა ქვეყნიერების შექმნამდე“ (იოან. 17:1—5).

5 ყურადღება მიაქციეთ, რას მოიხსენიებს იესო უპირველესად ლოცვის დასაწყისში. მისი მთავარი საფიქრალი ზეციერი მამის განდიდებაა. ეს ჰარმონიულად ეთანხმება მთაზე ქადაგებისას მისივე ლოცვის ნიმუშში ნათქვამ შესავალ სიტყვებს: „მამა, განიწმინდოს შენი სახელი“ (ლუკ. 11:2). იესოს კიდევ ერთი საფიქრალი ის იყო, რომ მის მოწაფეებს „მარადიული სიცოცხლე“ მიეღოთ. შემდეგ მან პირადი სათხოვრით მიმართა ღმერთს: „მამა, განმადიდე იმ დიდებით, რომელიც შენთან მქონდა ქვეყნიერების შექმნამდე“. იეჰოვამ თავისი ძე იმაზე მეტად განადიდა, ვიდრე ეს თავად ძემ სთხოვა — მისცა ანგელოზებზე „აღმატებული სახელი“ (ებრ. 1:4).

ეცნობოდეთ ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს

6. რა უნდა გაეკეთებინათ მოციქულებს მარადიული სიცოცხლის მისაღებად და საიდან ვიცით, რომ მათ წარმატებით განვლეს ეს გზა?

6 იესომ ლოცვაში ისაუბრა იმაზე, თუ რა უნდა გაგვეკეთებინა ჩვენ, ცოდვილ ადამიანებს, რომ მიგვეღო მარადიული სიცოცხლე, ძღვენი, რომელიც არც ერთ ჩვენგანს არ დაგვიმსახურებია (წაიკითხეთ იოანეს 17:3). მან თქვა, რომ უნდა ვეცნობოდეთ ღმერთსა და თავად მას. ამის ერთ-ერთი საშუალება მათ შესახებ რაც შეიძლება მეტი ცოდნის მიღებაა. სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი საშუალება იმისა, რომ გავიცნოთ ღმერთი, ის გახლავთ, რომ ცხოვრებაში გამოვიყენოთ ღვთიური რჩევები და ამგვარად შევიგრძნოთ სიხარული. მოციქულები ასეც იქცეოდნენ, როგორც იესომ ეს ლოცვაშიც აღნიშნა: „სიტყვები, რომლებიც შენ მომეცი, მათ გადავეცი. მიიღეს ისინი“ (იოან. 17:8). მაგრამ მარადიული სიცოცხლის მისაღებად მათ მუდამ უნდა ეფიქრათ ღვთის სიტყვებზე და ეს სიტყვები თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებაში უნდა გამოეყენებინათ. შეინარჩუნეს ერთგულმა მოციქულებმა აღებული კურსი დედამიწაზე ცხოვრების უკანასკნელ წუთამდე? ის, რომ ამ კითხვაზე პასუხი დადებითია, მოგვიანებით გამოცხადების წიგნში ჩაწერილი ერთ-ერთი მუხლიდან ჩანს, სადაც ნათქვამია, რომ ზეციერი ახალი იერუსალიმის საძირკვლად დადებულ 12 ქვაზე 12 მოციქულის სახელი ეწერა (გამოცხ. 21:14).

7. რას ნიშნავს ღვთის გაცნობა და რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი?

7 ბერძნული ენის სწავლულები ბერძნულ გამოთქმას „გეცნობოდნენ“ ზოგჯერ „ცოდნის მიღების უწყვეტ პროცესად“ თარგმნიან. ეს ორივე მნიშვნელობა განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ ორივე მნიშვნელოვანია. ამგვარად, სიტყვა „გეცნობოდნენ“ მიუთითებს უწყვეტ პროცესზე, რასაც შედეგად ღვთის უკეთ გაცნობა მოჰყვება. თუმცა  სამყაროში ყველაზე დიდებული პიროვნების გაცნობა მისი თვისებებისა და განზრახვების ცოდნაზე გაცილებით მეტს მოიცავს. თუ გვსურს, რომ გავიცნოთ ის, უნდა შევიყვაროთ და დავუახლოვდეთ მას. აგრეთვე უნდა გვიყვარდეს ჩვენი თანამორწმუნეები. „ვისაც არ უყვარს, — ამბობს ბიბლია — ის არ იცნობს ღმერთს“ (1 იოან. 4:8). აქედან გამომდინარე, ღვთის გაცნობა მის მორჩილებას მოიაზრებს (წაიკითხეთ 1 იოანეს 2:3—5 ). და თუ ეს ასეა, რაოდენ დიდი პატივია, განეკუთვნებოდე იმ ადამიანთა რიცხვს, რომლებიც იცნობენ იეჰოვას და რაოდენ საშიშია დავემსგავსოთ იუდა ისკარიოტელს, რომელმაც თავისი საქციელით ხაზი გადაუსვა უზენაესთან თავის ძვირფას ურთიერთობას. მოდი, ყოველთვის ფაქიზად მოვექცეთ ამ უძვირფასეს საჩუქარს. შედეგი კი ამ ყოველივესი ის იქნება, რომ ვიცხოვრებთ მარადიულად, რაც დამსახურებით ნამდვილად არავის დაგვიმსახურებია (მათ. 24:13).

„შენი სახელის გულისთვის“

8, 9. რა იყო იესოს დედამიწაზე მსახურების უმთავრესი საზრუნავი და რომელი რელიგიური ტრადიცია დაგმო მან?

8 იოანეს მე-17 თავში ჩაწერილი ლოცვის წაკითხვის შემდეგ, რომელ ჩვენგანს შეეპარება იმაში ეჭვი, რომ იესოს ძალიან უყვარდა თავისი მოციქულები და რომ ის მათაც შეიყვარებდა, ვინც მომავალში მისი მოწაფეები გახდებოდნენ?! (იოან. 17:20). ამავდროულად, მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ის ფაქტი, რომ იესოს უმთავრესი საზრუნავი ჩვენი ხსნა არ ყოფილა. დედამიწაზე მსახურების ბოლომდე მისი უმთავრესი მიზანი თავისი მამის სახელის განწმენდა და განდიდება იყო. მაგალითად, როდესაც ნაზარეთის სინაგოგაში მან ხალხს განუცხადა დედამიწაზე მოსვლის მიზანი, ესაიას გრაგნილიდან ამოიკითხა შემდეგი სიტყვები: „იეჰოვას სულია ჩემზე, რადგან მან მცხო, რომ ღარიბებს სასიხარულო ცნობა ვაუწყო“. უეჭველია, ბიბლიის ამ მონაკვეთის წაკითხვისას იესო პირდაპირ და გარკვევით წარმოთქვამდა ღვთის სახელს (ლუკ. 4:16—21).

9 იესოს დედამიწაზე მოსვლამდე საუკუნეების განმავლობაში რელიგიური წინამძღოლები ხალხს ღვთის სახელის ხსენებას უკრძალავდნენ და ამას იუდაური ტრადიციით ამართლებდნენ. გადაჭრით შეგვიძლია იმის თქმა, რომ იესომ მკაცრად დაგმო ეს არაბიბლიური ტრადიცია. მან ასეთი რამ უთხრა თავის მოწინააღმდეგეებს: „მე მამაჩემის სახელით მოვედი, მაგრამ არ მღებულობთ.  ვინმე თავისი სახელით რომ მოსულიყო, მას მიიღებდით“ (იოან. 5:43). სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე იესომ ლოცვაში კიდევ ერთხელ ახსენა ის, თუ რა აღელვებდა მას ყველაზე მეტად ცხოვრებაში: „მამა, განადიდე შენი სახელი“ (იოან. 12:28). ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ იესოს ლოცვას, რომელსაც განვიხილავთ, მთავარ თემად მამის სახელის განდიდება გასდევს.

10, 11. ა) როგორ გააცნო იესომ ხალხს მამის სახელი? ბ) რა მიზნისკენ უნდა ისწრაფონ იესოს მოწაფეებმა?

10 იესო ასე ლოცულობდა: „შენი სახელი გამოვუცხადე ადამიანებს, რომლებიც შენ მომეცი ქვეყნიერებიდან. შენები იყვნენ ისინი და მე მომეცი, და შენი სიტყვა დაიცვეს მათ . . . მე აღარა ვარ ქვეყნიერებაში, ისინი კი არიან. მე შენთან მოვდივარ. წმინდა მამა, დაიცავი ისინი შენი სახელის გულისთვის, რომელიც მე მომეცი, რათა ისინიც ჩვენსავით ერთნი იყვნენ“ (იოან. 17:6, 11).

11 იესო მოწაფეებს მამას მხოლოდ იმით კი არ აცნობდა, რომ წარმოთქვამდა მის სახელს, არამედ ეხმარებოდა მათ იმის გაგებაში, თუ რას ნიშნავდა ღვთის სახელი და რა შესანიშნავი თვისებები ჰქონდა ამ სახელის მატარებელ პიროვნებას; აგრეთვე უხსნიდა, თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდა მას ადამიანებთან (გამ. 34:5—7). უფრო მეტიც, დღეს ზეცაში განდიდებული იესო კვლავ ეხმარება თავის მოწაფეებს, რომ მთელ დედამიწაზე გააცხადონ ღვთის სახელი. რა მიზანი აქვს ამ საქმიანობას? რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაადგეს სამართლიან გზას ამ ბოროტი ქვეყნიერების დასასრულის ჟამს. უბრალოდ წარმოიდგინეთ, რა საოცრად განდიდდება იეჰოვას სახელი მაშინ, როცა ხსნას მოუვლენს თავის ერთგულთ! (ეზეკ. 36:23).

„ქვეყნიერებამ ირწმუნოს“

12. რა არის ის სამი რამ, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ წარმატებულნი ვიყოთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საქმეში?

12 დედამიწაზე ყოფნის დროს იესო ყველაფერს აკეთებდა, რომ დახმარებოდა მოწაფეებს სისუსტეების დაძლევაში. ეს მათთვის მნიშვნელოვანი იყო, რათა დაესრულებინათ უფლის წამოწყებული საქმე. იესო ლოცულობდა: „როგორც შენ გამომგზავნე ქვეყნიერებაში, ისე მე გავგზავნე ისინი ქვეყნიერებაში“. იმისათვის რომ მოწაფეები წარმატებულნი ყოფილიყვნენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საქმეში, იესომ ლოცვაში ყურადღება გაამახვილა სამ აუცილებელ მხარეზე: პირველი, რომ მოწაფეები არ ყოფილიყვნენ სატანის ქვეყნიერების ნაწილი; მეორე, რომ ეხელმძღვანელათ ღვთის სიტყვით და ყოფილიყვნენ წმინდები; და მესამე, იესო არაერთხელ სთხოვს ღმერთს, რომ მოწაფეები ისეთივე სიყვარულით ყოფილიყვნენ გაერთიანებულნი, როგორი სიყვარულითაც ის და მამა. ამიტომ კარგი იქნება, თუ თითოეული ჩვენგანი გამუდმებით შევამოწმებთ საკუთარ თავს და ხშირად დავუსვამთ შეკითხვას: რა ჩანს ჩემი ცხოვრებიდან, ვაკმაყოფილებ ამ სამივე მოთხოვნას? თუ მისი მოწაფეები გაითვალისწინებდნენ ამ სამ მხარეს და გააგრძელებდნენ იესოს დაწყებულ საქმეს, ქვეყნიერება ირწმუნებდა, რომ ის იეჰოვასგან გამოგზავნილი იყო (წაიკითხეთ იოანეს 17:15—21 ).

პირველი საუკუნის ქრისტიანები წმინდა სულის დახმარებით ინარჩუნებდნენ ერთიანობას (იხილეთ მე-13 აბზაცი)

13. როგორ უპასუხა იეჰოვამ იესოს ლოცვას ახ. წ. პირველ საუკუნეში?

13 ის, თუ როგორ უპასუხა იეჰოვამ იესოს ლოცვას, კარგად ჩანს წიგნ „მოციქულთა საქმეებიდან“, რომელიც ბიბლიაში ოთხი სახარების შემდეგაა მოცემული. პირველ ქრისტიანულ კრებაში იყვნენ იუდეველები და უცხოტომელები, მდიდრები და ღარიბები, მონები და ბატონები. ამგვარ სხვადასხვაობას თავისუფლად შეეძლო გამოეწვია კრებაში დაყოფა. მაგრამ მათ შორის ისეთი ერთობა სუფევდა, რომ პავლემ ისინი სხეულის ნაწილებს შეადარა, რომლის თავიც ქრისტეა (ეფეს. 4:15, 16). მართლაც საოცარია, რომ ასეთი ერთობა არსებობდა და არსებობს სატანის დაყოფილ და დაქსაქსულ ქვეყნიერებაში! ამ ყოველივესთვის კი უნდა ვუმადლოდეთ იეჰოვას, რომელმაც თავისი წმინდა სულის მეშვეობით გახადა ეს შესაძლებელი (1 კორ. 3:5—7).

იეჰოვას ხალხი გაერთიანებულია მთელ მსოფლიოში (იხილეთ მე-14 აბზაცი)

14. როგორ პასუხობს დღეს ღმერთი იესოს მაშინდელ ლოცვას?

14 სამწუხაროდ, მოციქულების სიკვდილის  შემდეგ ამ ერთიანობას დროებით წერტილი დაესვა. როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, დიდი განდგომილების ტალღა აგორდა და შედეგად ქრისტიანულ სამყაროში არაერთი სექტა ჩამოყალიბდა (საქ. 20:29, 30). მაგრამ 1919 წელს იესომ ცრუ რელიგიის ტყვეობიდან გაათავისუფლა თავისი ცხებული მიმდევრები და „გამაერთიანებელი სრულყოფილი კავშირით“ გააერთიანა (კოლ. 3:14). რა გავლენა მოახდინა მათმა ქადაგებამ ხალხებზე? შვიდ მილიონზე მეტი „სხვა ცხვარი“ „ყველა ერიდან და ტომიდან, ხალხიდან და ენიდან“ გაერთიანებულნი არიან ღვთის ცხებულებთან ერთად (იოან. 10:16; გამოცხ. 7:9). მართლაც რა საუკეთესოდ პასუხობს დღეს იეჰოვა იესოს ლოცვას: „ქვეყნიერებამ იცოდეს, რომ [იეჰოვა] შენ გამომგზავნე და ისე შეიყვარე ისინი, როგორც მე შემიყვარე“ (იოან. 17:23).

ლამაზი დასასრული

15. რა განსაკუთრებული რამ სთხოვა იესომ იეჰოვას თავისი ცხებული მოწაფეებისთვის?

15 თოთხმეტ ნისანს, საღამოს, იესომ მოციქულებთან შეთანხმება დადო. ამით მან განადიდა ისინი ანუ წილად არგუნა მომავალში ზეციერ სამეფოში მმართველობის პატივი (ლუკ. 22:28—30; იოან. 17:22). შემდეგ იესომ ილოცა მათზე, ვინც მომავალში ცხებული ქრისტიანები გახდებოდნენ: „მამა, მსურს, რომ ისინიც ჩემთან იყვნენ, ვინც შენ მომეცი, რათა დაინახონ ჩემი დიდება, შენგან მოცემული, რადგან ქვეყნიერების შექმნამდე შემიყვარე“ (იოან. 17:24). ეს ფაქტი ძალიან დიდ სიხარულს ჰგვრის იესოს „სხვა ცხვარს“; მათ ოდნავადაც არ შურთ ცხებულების. ეს კი უდიდესი მტკიცებულებაა იმ ერთობისა, რაც დედამიწაზე ყველა ჭეშმარიტ ქრისტიანს შორის სუფევს.

16, 17. ა) რა აღუთქვა იესომ ლოცვის დასასრულს ღმერთს? ბ) რა უნდა იყოს ჩვენი მიზანი?

16 რელიგიური წინამძღოლების გავლენის ქვეშ მოქცეული ხალხის უმრავლესობა მთელ მსოფლიოში უგულებელყოფს იმ აშკარა მტკიცებას, რომ იეჰოვას ხალხი გაერთიანებულია და ნამდვილად იცნობს ჭეშმარიტ ღმერთს. ზუსტად ასეთი მდგომარეობა იყო იესოს დროსაც. ამიტომ იესო ლოცვას ასეთი სიტყვებით ამთავრებს: „მართალო მამა, ქვეყნიერებას არ შეუცნიხარ, მაგრამ მე შეგიცანი და ამათაც შეიცნეს, რომ შენ გამომგზავნე. ვამცნე მათ შენი სახელი და კვლავაც ვამცნობ, რათა სიყვარული, რომლითაც შემიყვარე, მათში იყოს და მე მათთან ვიყო ერთობაში“ (იოან. 17:25, 26).

17 ვერავინ უარყოფს იმ ფაქტს, რომ იესო ცხოვრობდა თავისი ლოცვის თანახმად. როგორც კრების თავი, ის კვლავაც გვეხმარება, ყველას განვუცხადოთ მისი მამის სახელი და გადავცეთ მათ ღვთის განზრახვა. მოდი, ყოველთვის დავემორჩილოთ მას, როგორც მეთაურს და მთელი შემართებით შევასრულოთ მისი დავალება — ვიქადაგოთ და მოვამზადოთ მოწაფეები! (მათ. 28:19, 20; საქ. 10:42). არ დაუშვათ, რომ ჩვენს ძვირფას ერთობას რაიმემ ბზარი გაუჩინოს. და თუ ამ ყველაფერს პირნათლად შევასრულებთ, ჩვენ ნამდვილად ვიცხოვრებთ იესოს ლოცვის თანახმად, რითაც დიდებას მოვუტანთ იეჰოვას სახელს და ვიცხოვრებთ უსასრულო სიამტკბილობით!