წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) ოქტომბერი 2013

„ემსახურეთ იეჰოვას, როგორც მისმა მონებმა“

„ემსახურეთ იეჰოვას, როგორც მისმა მონებმა“

„საქმეში ნუ იზოზინებთ . . . ემსახურეთ იეჰოვას, როგორც მისმა მონებმა“ (რომ. 12:11).

1. დაუპირისპირეთ ერთმანეთს მონობასთან დაკავშირებით საყოველთაო შეხედულება რომაელების 12:11-ში ჩაწერილ მოწოდებას.

ცა და დედამიწასავით განსხვავდება ქრისტიანული მონობა იმ მონობისგან, რომელიც ხალხის აზროვნებასა და გონებაშია გამჯდარი. მათთვის მონობა გაიგივებულია სასტიკი მბრძანებლის ქვეშევრდომობასთან, ჩაგვრასა და უსამართლო ყოფასთან. მაგრამ რადიკალურად განსხვავებულ შეხედულებას ვხვდებით ღვთის სიტყვაში, სადაც მონა თავისი ნებით, სიამოვნებით ემსახურება თავის საყვარელ ბატონს. როცა პავლე მოციქული პირველი საუკუნის ქრისტიანებს მოუწოდებდა, რომ ემსახურათ იეჰოვასთვის, როგორც მონებს, ის ურჩევდა მათ, რომ ეს იეჰოვას სიყვარულით ანთებული გულით ეკეთებინათ (რომ. 12:11). რას ნიშნავს ამგვარი მონობა? როგორ შეგვიძლია თავი დავაღწიოთ სატანისა და ქვეყნიერების მონობას? დაბოლოს, რა სიკეთე მოაქვს იეჰოვას ერთგულებით განმსჭვალულ მონად მსახურებას?

„ძალიან მიყვარს ჩემი ბატონი“

2. ა) რატომ ამბობდა ზოგი ისრაელი მონა უარს გათავისუფლებაზე? ბ) რა იყო აღსანიშნავი იმაში, რომ მონას ყურს უხვრეტდნენ?

2 ისრაელისთვის მიცემული ღვთის კანონიდან ვიგებთ, თუ როგორ მონებად სურს იეჰოვას, რომ გვიხილოს. კანონის მიხედვით, ებრაელი მონა მეშვიდე წელს თავისუფლდებოდა მონობისგან (გამ. 21:2). თუმცა იმ მონათათვის, რომელთაც ძალიან უყვარდათ თავიანთი ბატონები და სურდათ, გაეგრძელებინათ მათთან მსახურება, კანონშივე იყო გათვალისწინებული ერთგვარი საინტერესო პროცედურა, კერძოდ: ბატონს მონა უნდა მიეყენებინა კართან ან კარის წირთხლთან და სადგისით ყური გაეხვრიტა (გამ. 21:5, 6). საინტერესო და აღსანიშნავია ის, რომ ამ პროცედურაში ფიგურირებს ყური და ეს გასაგებიცაა, რადგან ებრაულ ენაში სიტყვა „მორჩილება“ მჭიდროდაა დაკავშირებული სიტყვასთან „მოსმენა“. ამგვარ შემთხვევაში მონა გამოხატავდა თავის სურვილს, რომ კვლავაც მორჩილად მოემსახურებოდა ბატონს. ამის ცოდნა გვეხმარება, ბოლომდე ჩავწვდეთ იმას, თუ რას ნიშნავს იეჰოვასადმი თავის მიძღვნა ანუ სიყვარულით ნაკარნახევი ნებაყოფლობითი მორჩილება.

3. რატომ ვუძღვნით იეჰოვას თავს?

3 ნათლობამდე თითოეულმა ჩვენგანმა გადავწყვიტეთ, გვემსახურა იეჰოვასთვის და გავმხდარიყავით მისი მონები. ღვთისადმი მიძღვნის სურვილი კი მას შემდეგ ჩაგვესახა გულებში,  რაც მისადმი მორჩილებისა და მისი ნების შესრულების დაუცხრომელი წადილი გაგვიჩნდა. ნამდვილად არავის დაუძალებია ჩვენთვის ამის გაკეთება. იმ მოზარდებმაც კი, რომელთაც ეს ნაბიჯი გადადგეს, თავიანთი სურვილით მიიღეს ეს გადაწყვეტილება; მათ იმიტომ არ მიუძღვნიათ იეჰოვასთვის თავი, რომ მშობლებისთვის ესიამოვნებინათ. ქრისტიანული მიძღვნის საფუძველი ჩვენი ზეციერი ბატონის, იეჰოვას სიყვარულია და სხვა არაფერი. ამაზე მოციქულმა იოანემ დაწერა: „ღვთის სიყვარული ის არის, რომ ვიცავდეთ მის მცნებებს, მისი მცნებები კი დამამძიმებელი არ არის“ (1 იოან. 5:3).

თავისუფლები, თუმცა მონები

4. რა არის საჭირო იმისათვის, რომ გავხდეთ „სიმართლის მონები“?

4 ცხოვრებაში არ არსებობს იმაზე დიდი პატივი, ვიდრე ის, რომ ადამიანს იეჰოვა ღმერთის მონა ეწოდებოდეს! რწმენა გამოსასყიდისადმი გვათავისუფლებს ცოდვის უღლისგან და მიუხედავად იმისა, რომ არასრულყოფილი სხეულის ტყვეობაში ვართ, გვაქვს არჩევნის საშუალება — შეგვიძლია დავემორჩილოთ იეჰოვასა და იესოს ხელმძღვანელობას. პავლემ ეს ერთ-ერთ თავის წერილში გარკვევით და ლამაზად ჩამოაყალიბა: „ჩათვალეთ, რომ ცოდვისთვის დაიხოცეთ და ღვთისთვის ცოცხლობთ ქრისტე იესოს მეშვეობით“. შემდეგ გააფრთხილა თანაქრისტიანები: „ნუთუ არ იცით, რომ ვისაც ემონებით და ემორჩილებით, მისი მონები ხართ, რადგან მას ემორჩილებით: ან ცოდვისა სასიკვდილოდ, ან მორჩილებისა სიმართლისთვის? მადლობა ღმერთს, რომ ცოდვის მონები კი იყავით, მაგრამ გულით დაემორჩილეთ იმ სწავლებას, რომელსაც თავი გადაეცით. ამიტომ, რადგან ცოდვისგან გათავისუფლდით, სიმართლის მონები გახდით“ (რომ. 6:11, 16—18). ყურადღება მიაქციეთ პავლეს ერთ ფრაზას: „გულით დაემორჩილეთ“. დიახ ასეა, იეჰოვასადმი თავის მიძღვნა „სიმართლის მონებად“ გვაქცევს.

5. რა შინაგან ბრძოლას ვეწევით თითოეული ჩვენგანი და რატომ?

5 მიძღვნისას დადებული პირობის თანახმად რომ ვიცხოვროთ, უნდა გადავლახოთ დაბრკოლებები, რომლებიც წინ გვეღობება. რეალურად, ჩვენ ორ ფრონტზე ვიბრძვით. პირველზე პავლე საუბრობდა, როცა თავის თავზე თქვა: „შინაგანად მართლაც მსიამოვნებს ღვთის კანონი, მაგრამ ჩემი სხეულის ნაწილებში სხვა კანონს ვხედავ, რომელიც ებრძვის ჩემი გონების კანონს და ჩემი სხეულის ნაწილებში მყოფი ცოდვის კანონის ტყვედ მაქცევს“ (რომ. 7:22, 23). ჩვენც მემკვიდრეობით მიღებული არასრულყოფილებით ვართ დაავადებულნი. ამიტომ გამუდმებული ბრძოლა გვაქვს ხორციელ სურვილებთან. ყურადღება მიაქციეთ პეტრე მოციქულის სიტყვებს; ის მოგვიწოდებს: „იყავით თავისუფლები, ოღონდ ეს თავისუფლება ბოროტების საფრად კი არ აქციოთ, არამედ გამოიყენეთ როგორც ღვთის მონებმა“ (1 პეტ. 2:16).

6, 7. როგორ ახერხებს სატანა იმას, რომ ეს ქვეყნიერება მიმზიდველად მოგვაჩვენოს?

6 მეორე ფრონტი, სადაც ბრძოლა გვაქვს გაჩაღებული, დემონთა გავლენაში მოქცეული ქვეყნიერებაა. სატანას, ამ ქვეყნიერების მმართველს, მიზანში ვყავართ ამოღებული და სურს, რომ გათელოს იეჰოვასა და იესოსადმი ჩვენი ერთგულება. ის ათასგვარ ცდუნებას იყენებს, რათა დაგვიმონოს და თავისი გამხრწნელი უღელი დაგვადგას კისერზე (წაიკითხეთ ეფესოელების 6:11, 12). მისი ერთ-ერთი ხრიკი ისაა, რომ საკუთარი ქვეყნიერება ლამაზად და მიმზიდველად მოგვაჩვენოს. მოციქული იოანე გვაფრთხილებს: „ვისაც ქვეყნიერება უყვარს, მას მამა არ უყვარს; ყველაფერი, რაც ქვეყნიერებაშია — ხორცის სურვილი, თვალთა სურვილი და ქონებით ტრაბახი — მამისგან კი არა, ქვეყნიერებისგანაა“ (1 იოან. 2:15, 16).

7 ქვეყნიერებაში ხალხი კომფორტისა და კარგი ცხოვრების ძიებაში ათენ-აღამებს. სატანის პროპაგანდაა: ფული უდრის ბედნიერებას. ვაჭრობამ და კომერციამ მოიცვა მთელი მსოფლიო. შეიძლება ითქვას, რომ მაღაზიებსა და სუპერმარკეტებს მიაქვს ქალაქები. რეკლამები ხალხს გამდიდრებისა და თავისუფალი ცხოვრებისკენ უბიძგებს. მაგალითად, ტურისტული სააგენტოები ეგზოტიკური ადგილების დათვალიერებას სთავაზობს ხალხს. თუმცა ხშირ შემთხვევაში ამგვარი ტურისტული ჯგუფები ღვთის მოსაწონი ადამიანებით ნამდვილად არ არის დაკომპლექტებული. დიახ, ჩვენ გარშემო ყველა და ყველაფერი იმას გვკარნახობს, რომ გავხდეთ „უკეთესები“, ოღონდ ქვეყნიერების გადასახედიდან.

8, 9. რა საფრთხე არსებობს და რატომ არის ეს საკითხი მეტად საყურადღებო?

 8 იმ ქრისტიანებზე საუბრისას, რომელთაც ქვეყნიური აზროვნება განუვითარდათ, პეტრე მოციქულმა თქვა შემდეგი სიტყვები, რაც ერთგვარი გაფრთხილება იყო დანარჩენებისთვის: „დღისით ფუფუნებაში ცხოვრებას განცხრომად მიიჩნევენ. ლაქასავით და მანკივით არიან და უსაზღვრო სიამოვნებას ანიჭებთ თქვენთან ერთად ნადიმობისას საკუთარი მაცდუნებელი სწავლებების გავრცელება . . . ისინი უსარგებლო მაღალფარდოვანი სიტყვებით ლაპარაკობენ და ხორცის სურვილებითა და თავაშვებულობით აცდუნებენ მათ, ვინც ეს-ეს არის ჩამოშორდა მცდარი გზით მავალთ. მათ თავისუფლებას ჰპირდებიან, როცა თვითონ გახრწნილების მონები არიან, რადგან ვინც ვისგან არის ძლეული, იმისივე მონაა“ (2 პეტ. 2:13, 18, 19).

9 „თვალთა სურვილის“ დაკმაყოფილება ადამიანს თავისუფლებას ვერ მოუტანს. პირიქით, ამ დროს ის ემონება ამ ქვეყნიერების უხილავ ბატონს, სატანა ეშმაკს (1 იოან. 5:19). მატერიალიზმი არის სერიოზული საფრთხე და მისი მონობისგან თავის დაღწევა არ არის ადვილი.

კმაყოფილების მომგვრელი კარიერა

10, 11. ვინ არიან სატანის სამიზნეები დღეს და როგორ შეიძლება ქვეყნიურმა განათლებამ მათ პრობლემები შეუქმნას?

10 ედემის ბაღიდან მოყოლებული სატანა გამოუცდელ ადამიანებს იღებს მიზანში. დღეს მისთვის ყველაზე სასურველი სამიზნეები ახალგაზრდები არიან. სატანა „უბედურია“ მაშინ, როცა ახალგაზრდა, და არა მარტო ახალგაზრდა, ნებაყოფლობით ირჩევს იეჰოვას მონობას. ღვთის მტერს სურს, რომ ყველამ უორგულოს და უღალატოს ღმერთს, რომელსაც თავისი სიცოცხლე მიუძღვნეს.

11 მოდი, დავუბრუნდეთ მონის შემთხვევას, რომელიც თანხმდებოდა ყურის გახვრეტაზე იმის ნიშნად, რომ მუდამ ბატონის მსახური იქნებოდა. ცხადია, მონას მოუწევდა ტკივილის ატანა, მაგრამ დროსთან ერთად ტკივილიც გაივლიდა და ყურზე სიცოცხლის ბოლომდე დარჩებოდა მონობის ნიშანი. მსგავსადვეა ახალგაზრდა ქრისტიანების შემთხვევაშიც. მათთვის შეიძლება რთული, ზოგჯერ მტკივნეულიც კი იყოს თანატოლებისგან განსხვავებულად ცხოვრება. სატანა ავრცელებს მოსაზრებას, რომ თუ ადამიანი ქვეყნიერებაში კარიერას შეიქმნის, კმაყოფილებას იგრძნობს; მაგრამ ქრისტიანს მხედველობიდან არ უნდა გამორჩეს, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი — ყველაზე მნიშვნელოვანი ხომ სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაა. გახსოვდეთ იესოს სიტყვები: „ბედნიერნი არიან სულიერს მოწყურებულნი“ (მათ. 5:3). ღმერთზე მიძღვნილი ქრისტიანები ღვთის ნებას ასრულებენ და არა სატანისას. მათ იეჰოვას კანონი ანიჭებს სიამოვნებას და ფიქრობენ მასზე დღედაღამ (წაიკითხეთ ფსალმუნის 1:1—3). დღეს ბევრი სასწავლებელი ძალიან ბევრ დროს ართმევს იეჰოვას მსახურებს და მათ საკმარისი დრო აღარ რჩებათ სულიერი  მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად და საფიქრელად.

12. რა არჩევნის წინაშე დგას ბევრი ახალგაზრდა დღეს?

12 ქვეყნიერების ბატონი რა თქმა უნდა, სირთულეებსა და პრობლემებს „არ მოაკლებს“ ქრისტიან მონებს. კორინთელების მიმართ მიწერილ პირველ წერილში პავლემ, ასე ვთქვათ, თითოეულ ქრისტიანს შემდეგი კითხვა დაუსვა: „მონობაში იყავი მოწოდებული?“. შემდეგ ურჩია: „ნუ წუხხარ, მაგრამ თუ თავისუფლების მოპოვება შეგიძლია, ისარგებლე შემთხვევით“ (1 კორ. 7:21). იმ დროს მონას შეეძლო გათავისუფლებულიყო ბატონისგან. დღეს ბევრ ქვეყანაში სკოლაში სწავლა გარკვეულ კლასამდე სავალდებულოდ ითვლება. სკოლის დამთავრების შემდეგ მოსწავლე არჩევნის წინაშე დგება. თუ ახალგაზრდა სწავლის გაგრძელებას გადაწყვეტს, რათა კარიერა შეიქმნას, შეიძლება საკუთარ თავს წაართვას ის თავისუფალი დრო, რაც შეეძლო, რომ სრული დროით მსახურებისთვის დაეთმო (წაიკითხეთ 1 კორინთელების 7:23).

რომელ ბატონს ემსახურებით?

განათლება — უმაღლესი თუ ღვთიური

13. ყველაზე მეტად რომელი განათლება წაადგება იეჰოვას მსახურს?

13 პავლემ კოლოსელი ქრისტიანები გააფრთხილა: „ფრთხილად იყავით: შეიძლება ვინმემ გაგიტაცოთ ფილოსოფიითა და ფუჭი ცდუნებით, რომლებიც ეთანხმება ადამიანთა ადათ-წესებსა და ქვეყნიერების პრინციპებს და არა ქრისტეს“ (კოლ. 2:8). ქვეყნიური აზროვნება გაჟღენთილია „ფილოსოფიითა და ფუჭი ცდუნებით, რომლებიც ეთანხმება ადამიანთა ადათ-წესებს“; ბევრი განათლებული ადამიანი გვევლინება ამგვარი ქვეყნიური სულით გაჟღენთილი მოძღვრების ქომაგად. საუნივერსიტეტო განათლების სისტემაში ძირითადი აქცენტი კეთდება სამეცნიერო ხარისხების დაცვაზე და რეალურად სტუდენტს, რომელიც ამა თუ იმ უმაღლეს სასწავლებელს ამთავრებს, ხელში მხოლოდ თეორიული ცოდნა უჭირავს და უსუსურია ცხოვრების რეალობის წინაშე. ამის საპირისპიროდ, იეჰოვას მსახურები ამჯობინებენ ისეთი განათლების მიღებას, რომელიც მათ აუცილებელ უნარ-ჩვევებს შესძენს და დაეხმარება, იცხოვრონ უბრალოდ და ემსახურონ ღმერთს. მათ გულთან ახლოს მიაქვთ პავლეს მიერ ტიმოთესთვის მიცემული რჩევა: „სინამდვილეში კი დიდი მონახვეჭი ის არის, რომ იყო ღვთისადმი ერთგული და იმით კმაყოფილი, რაც გაქვს . . . ასე რომ, თუ გვაქვს საჭმელი, ტანსაცმელი და თავშესაფარი, ამით დავკმაყოფილდეთ“ (1 ტიმ. 6:6, 8). იმის მაგივრად, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანები სამეცნიერო ხარისხებისა და წოდებების მიღებაზე ფიქრობდნენ, მთლიანად გადართულნი არიან, ბიბლიური ენით რომ ვთქვათ, „საშუამდგომლო წერილების“ მიღებაზე, რაც სამქადაგებლო მსახურებაში მაქსიმალური მონაწილეობის შედეგია (წაიკითხეთ 2 კორინთელების 3:1—3).

14. ფილიპელების 3:8-დან გამომდინარე, რას ფიქრობდა პავლე ღვთისა და ქრისტეს მსახურების პატივზე?

 14 ახლა მოციქულ პავლეს შემთხვევა ვნახოთ. მან განათლება იუდეველი კანონის მასწავლებლისგან, გამალიელისგან მიიღო. პავლეს განათლება შეიძლება დღევანდელ საუნივერსიტეტო განათლებას შევადაროთ. რას ფიქრობდა პავლე თავის წარსულზე, როცა მიღებულ განათლებას იმ უდიდეს პატივს ადარებდა, რასაც ღვთისა და ქრისტეს მონობა ჰქვია? აი, რას წერდა ის: „ყველაფერს წაგებად მივიჩნევ ჩემი უფლის ქრისტე იესოს შესახებ უძვირფასესი ცოდნის გულისთვის“. შემდეგ დასძინა: „მისთვის დავკარგე ყველაფერი და ამ ყველაფერს დიდ ნაგვად მივიჩნევ, რათა შევიძინო ქრისტე“ (ფილ. 3:8). პავლეს ამგვარი დასკვნა ახალგაზრდა ქრისტიანებს და მათ ღვთისმოშიშ მშობლებს დაეხმარება, ბრძნული არჩევანი გააკეთონ, როცა საქმე განათლების მიღებაზე მიდგება (იხილეთ სურათი მე-14, მე-15 გვერდებზე).

რა მოაქვს ღვთიურ განათლებას

15, 16. რა განათლებას ვიღებთ იეჰოვას ორგანიზაციაში და რა არის ამ განათლების მიზანი?

15 წამით დაფიქრდით, როგორი ატმოსფერო სუფევს ქვეყნიერებაში არსებულ ბევრ უმაღლეს სასწავლებელში? ეს არის გარემო, სადაც გასაქანი ეძლევა თავისუფლების სულს, ეს არის ერთგვარი ბუდე პოლიტიკური თუ სოციალური მოძრაობის საწყისებისა (ეფეს. 2:2). მათგან განსხვავებით, იეჰოვას ორგანიზაცია ღვთიურ განათლებას გვაძლევს ქრისტიანულ კრებებში, სადაც მშვიდობაა გამეფებული. თითოეული ჩვენგანი ყოველკვირეულად თეოკრატიული მსახურების სკოლიდან ბევრ რამეს ვსწავლობთ. გარდა ამისა, არსებობს სპეციალური კურსები დაუქორწინებელი პიონერი ძმებისთვის (ბიბლიური სკოლა დაუქორწინებელი ძმებისთვის) და პიონერი წყვილებისთვის (ბიბლიური სკოლა ქრისტიანი წყვილებისთვის). ამგვარი თეოკრატიული განათლება გვეხმარება, დავემორჩილოთ იეჰოვას, ჩვენს ზეციერ ბატონს.

16 ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ უფრო ღრმად გამოვიკვლიოთ ჩვენი სულიერი საგანძური, რაშიც გვეხმარება „საგუშაგო კოშკის პუბლიკაციების საძიებელი“ და „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიოთეკა კომპაქტ-დისკზე. ამ განათლების მიზანი ის არის, რომ ადამიანმა ისწავლოს, როგორ სცეს ღმერთს თაყვანი. აგრეთვე ვსწავლობთ, როგორ შევარიგოთ ადამიანები ღმერთთან (2 კორ. 5:20). თავის მხრივ, ეს ადამიანები კი შემდგომში დაეხმარებიან სხვებს (2 ტიმ. 2:2).

მონობის საზღაური

17. რა მოაქვს ღვთიურ განათლებას?

17 იესოს იგავში, რომელიც მან ტალანტების შესახებ მოიყვანა, ორმა ერთგულმა მონამ შექება დაიმსახურა, გაიზიარა ბატონის სიხარული, როცა ბატონმა მათ უფრო მეტი საქმე მიანდო (წაიკითხეთ მათეს 25:21, 23). ღვთიური განათლების მიღებას დღესაც უამრავი სიკეთე და სიხარული სდევს თან. მოდი, ვნახოთ მაიკლის შემთხვევა. სკოლაში ის ბრწყინვალედ სწავლობდა. ერთხელ მასწავლებლებმა მაიკლთან ერთად იმსჯელეს, თუ სად ჯობდა მისთვის სწავლის გაგრძელება. მათდა გასაკვირად, მაიკლმა პროფესიულ სასწავლებელში ხელობის სწავლა არჩია. ცოტა ხანში, მას უკვე შეეძლო საკუთარი თავიც ერჩინა და პიონერადაც ემსახურა. საინტერესოა, რას ფიქრობს ის დღეს, ხომ არ ნანობს რამეს? მოდი, მოვუსმინოთ: „მე, როგორც პიონერი და უხუცესი, ისეთ თეოკრატიულ განათლებას ვიღებ, რომ ნამდვილად ვერ შევადარებ მას ვერც ერთ უმაღლეს სასწავლებელს. კურთხევები და ის ხალისი, რასაც ახლა ვგრძნობ, ათასჯერ მირჩევნია ნებისმიერი რაოდენობის თანხას, რაც შეიძლებოდა მეშოვა. ერთი წუთითაც არ ვნანობ; უფრო მეტიც, უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ არ გამოვედევნე უმაღლეს განათლებას“.

18. რატომ ირჩევთ ღვთიურ განათლებას?

18 ღვთიური განათლება გვასწავლის ღვთის ნებას და გვეხმარება, ვიყოთ იეჰოვას მონები; იმედს გვისახავს გულებში, რომ ერთ მშვენიერ დღესაც გავთავისუფლდებით „ხრწნის მონობისგან“ და საბოლოოდ მივიღებთ „ღვთის შვილთა დიდებულ თავისუფლებას“ (რომ. 8:21). დაბოლოს, ვსწავლობთ, როგორ გამოვავლინოთ უფრო კარგად და სრულყოფილად ის სიყვარული, რაც გაგვაჩნია ჩვენი ზეციერი ბატონის, იეჰოვას მიმართ (გამ. 21:5).