წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) სექტემბერი 2013

იეჰოვას შეხსენებები სანდოა

იეჰოვას შეხსენებები სანდოა

„იეჰოვას შეხსენება სანდოა, დააბრძენებს გამოუცდელებს“ (ფსალმ. 19:7).

1. რა საკითხებს განიხილავს ღვთის ხალხი სისტემატურად და რა სარგებლობა მოაქვს ამას მათთვის?

თუ გითქვამთ როდისმე ასეთი რამ „საგუშაგო კოშკის“ სასწავლო სტატიის მომზადებისას: „ეს საკითხი ადრეც ხომ განვიხილეთ“. თუ უკვე რამდენიმე წელია, რაც ქრისტიანულ კრებებს ესწრებით, ალბათ, შენიშნავდით, რომ ზოგიერთი საკითხი შედარებით ხშირად განიხილება. ჩვენი სულიერი კვების „რაციონში“ რეგულარულად შედის შემდეგი საკითხები: ღვთის სამეფო, გამოსასყიდი, მოწაფეების მომზადების საქმე და ისეთი თვისებების შესწავლა, როგორებიცაა: სიყვარული და რწმენა. ამ საკითხების განხილვა გვეხმარება მტკიცე რწმენის შენარჩუნებაში და იმაში, რომ ვიყოთ „სიტყვის შემსრულებელნი და არა მხოლოდ მომსმენნი“ (იაკ. 1:22).

2. ა) რა იგულისხმება ხშირად ღვთის შეხსენებებში? ბ) როგორ განსხვავდება ღვთის შეხსენებები ადამიანთა შეხსენებებისგან?

2 ებრაული ენიდან „შეხსენებად“ ნათარგმნ არსებით სახელში ხშირად იგულისხმება კანონები, მოთხოვნები და წესები, რომლებსაც ღმერთი აძლევს თავის ხალხს. ადამიანთა კანონებისგან განსხვავებით, რომლებიც ხშირად შესწორებასა და განახლებას საჭიროებს, იეჰოვას კანონები და წესები ყოველთვის სანდოა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი კანონი ღმერთმა ხალხს კონკრეტულ დროსა და სიტუაციაში მისცა, მათ ძალა არ დაუკარგავს და ყოველთვის გამოსადეგია. ფსალმუნმომღერალმა დაწერა: „შენი შეხსენებების სიმართლე მარადიულია“ (ფსალმ. 119:144).

3, 4. ა) რა შეიძლება შედიოდეს იეჰოვას შეხსენებებში? ბ) როგორ დაეხმარებოდა ისრაელებს ამ შეხსენებების გათვალისწინება?

3 იეჰოვას შეხსენებები დროდადრო გამაფრთხილებელ ცნობასაც მოიცავს. ღმერთი წინასწარმეტყველთა მეშვეობით ისრაელ ერს გამუდმებით აძლევდა გაფრთხილებებს. მაგალითად, აღთქმულ მიწაზე შესვლამდე ცოტა ხნით ადრე მოსემ გააფრთხილა ისინი: „ფრთხილად იყავით, რათა არ ცდუნდეს თქვენი გული, გზიდან არ გადაუხვიოთ, არ სცეთ თაყვანი სხვა ღმერთებს და არ დაემხოთ მათ წინაშე, რომ არ აენთოს თქვენზე იეჰოვას რისხვა“ (კან. 11:16, 17). ბიბლიიდან ჩანს, რომ ღმერთი თავის ხალხს უამრავ სასარგებლო შეხსენებას აძლევდა.

 4 სხვა შემთხვევებში იეჰოვა მოუწოდებდა ისრაელებს, რომ ჰქონოდათ მისი შიში, მოესმინათ მისთვის და განეწმინდათ მისი სახელი (კან. 4:29—31; 5:28, 29). თუ ისინი ყურად იღებდნენ ამ შეხსენებებს, კურთხევები არ მოაკლდებოდათ (ლევ. 26:3—6; კან. 28:1—4).

როგორ გამოეხმაურა ისრაელი ღვთის შეხსენებებს

5. რატომ იბრძოლა იეჰოვამ მეფე ხიზკიასთვის?

5 ისრაელის მთელი მშფოთვარე ისტორიის განმავლობაში, ღმერთი ყოველთვის ასრულებდა თავის დანაპირებს. მაგალითად, როცა ასურეთის მეფე სინახერიბი იუდაში შეიჭრა და მეფე ხიზკიას ტახტიდან ჩამოგდებით დაემუქრა, ისრაელს იეჰოვა მოევლინა მხსნელად და დასახმარებლად ანგელოზი გაუგზავნა. მხოლოდ ერთ ღამეში იეჰოვას ანგელოზმა ასურეთის ლაშქარში „ყველა ძლიერი და მამაცი ვაჟკაცი“ ამოწყვიტა, შერცხვენილი სინახერიბი კი იძულებული გახდა, თავის სამშობლოში დაბრუნებულიყო (2 მატ. 32:21; 2 მეფ. 19:35). რატომ იბრძოლა ღმერთმა მეფე ხიზკიასთვის? იმიტომ, რომ „მიეკრა . . . [ხიზკია] იეჰოვას და არ განდგომია მას, არამედ იცავდა მის მცნებებს“ (2 მეფ. 18:1, 5, 6).

იეჰოვას შეხსენებებმა აღძრა იოშია, დაეცვა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა (იხილეთ მე-6 აბზაცი)

6. როგორ მიენდო მეფე იოშია იეჰოვას?

6 იეჰოვას შეხსენებებს მეფე იოშიაც ემორჩილებოდა. ჯერ კიდევ რვა წლისა იყო, როცა „სწორად იქცეოდა ის იეჰოვას თვალში . . . არ გადაუხვევია არც მარჯვნივ და არც მარცხნივ“ (2 მატ. 34:1, 2). იოშიამ იეჰოვასადმი ნდობა მაშინ გამოავლინა, როცა ცრუ ღმერთებისგან განწმინდა ისრაელის მიწა და ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა აღადგინა. ამით იოშიამ მხოლოდ საკუთარ თავს კი არ მოუტანა კურთხევები, არამედ მთელ ერს (წაიკითხეთ 2  მატიანეს 34:31—33).

7. რა შედეგი მოჰქონდა ისრაელებისთვის იეჰოვას შეხსენებების უგულებელყოფას?

7 სამწუხაროდ, ღვთის ხალხი ყოველთვის ბოლომდე არ ენდობოდა იეჰოვას შეხსენებებს. საუკუნეების განმავლობაში ისინი ხან ემორჩილებოდნენ ღმერთს, ხან უარს ამბობდნენ მისი მცნებების დაცვაზე. ხშირად, როდესაც მათ რწმენა უსუსტდებოდათ, პავლეს სიტყვების თანახმად, ემსგავსებოდნენ მათ, რომელთაც „არყევს . . . და აქანავებს სწავლების ყოველი ქარი“ (ეფეს. 4:13, 14). და როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, ღვთის შეხსენებების უგულებელყოფას სავალალო შედეგები მოჰქონდა (ლევ. 26:23—25; იერ. 5:23—25).

8. რას ვსწავლობთ ისრაელების მაგალითიდან?

8 რა მხრივ არის ჩვენთვის სასარგებლო ისრაელების მაგალითზე ფიქრი? მათ მსგავსად, ჩვენც ვიღებთ ღვთისგან დღეს რჩევა-დარიგებებს (2 პეტ. 1:12). ეს ხდება მაშინ, როცა ღვთივშთაგონებულ სიტყვას ვკითხულობთ. ვინაიდან ნების თავისუფლება გვაქვს, ჩვენი გადასაწყვეტია, დავემორჩილებით ღვთის მითითებებს, თუ ისე მოვიქცევით,  როგორც თავად მიგვაჩნია სწორად (იგავ. 14:12). ახლა შევეხებით რამდენიმე მიზეზს, თუ რატომ შეგვიძლია ვენდოთ ღვთის შეხსენებებს და რაში დაგვეხმარება მათი გათვალისწინება.

დაემორჩილეთ ღმერთს და იცოცხლეთ

9. როგორ უჭერდა იეჰოვა მხარს ისრაელებს უდაბნოში?

9 როდესაც ისრაელები 40-წლიან გზას დაადგნენ „შიშისმომგვრელ უდაბნოში“, ღმერთს წინასწარ კონკრეტულად არ უთქვამს, თუ როგორ იზრუნებდა მათზე, როგორ უხელმძღვანელებდა და როგორ დაიცავდა მათ. თუმცა ის განუწყვეტლივ უდასტურებდა, რომ მათ თავისუფლად შეეძლოთ მისი და მისი მითითებების ნდობა. დღისით ღრუბლის სვეტის, ღამით კი ცეცხლის სვეტის მეშვეობით იეჰოვა შეახსენებდა ისრაელებს, რომ მათთან იყო იმ დროს, როცა ასეთ ხრიოკ მიწაზე უწევდათ სიარული (კან. 1:19; გამ. 40:36—38). ღმერთი მათ აუცილებელ საჭიროებებზეც ზრუნავდა. ისრაელებს „ტანსაცმელი არ გასცვეთიათ და ფეხები არ დასივებიათ“. ნამდვილად, მათ „არაფერი მოჰკლებიათ“ (ნეემ. 9:19—21).

10. როგორ ხელმძღვანელობს იეჰოვა თავის ხალხს დღეს?

10 დღეს ღვთის მსახურები ახალი ქვეყნიერების ზღურბლზე ვდგავართ, ახალი ქვეყნიერებისა, სადაც სამართლიანობა იზეიმებს. ვენდობით იეჰოვას და გვჯერა, რომ ის გადაგვარჩენს „დიდ გასაჭირში“? (მათ. 24:21, 22; ფსალმ. 119:40, 41). დღეს იეჰოვა ღრუბლისა და ცეცხლის სვეტებს აღარ იყენებს იმისათვის, რომ ახალ ქვეყნიერებამდე მიგვიყვანოს. სამაგიეროდ, ის თავისი ორგანიზაციის მეშვეობით გვეხმარება სიფხიზლის შენარჩუნებაში. მაგალითად, ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა ჩვენს სულიერ ზრდასა და განვითარებას, რაშიც გვეხმარება: ბიბლიის კითხვა, ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამო, კრებებზე რეგულარული დასწრება და მსახურებაში სისტემატური მონაწილეობა. ვახდენთ ცვლილებებს იმისათვის, რომ ზედმიწევნით მივყვეთ ამ მითითებებს? თუ ასე ვიქცევით, ეს განგვივითარებს ისეთ რწმენას, რომელიც დაგვეხმარება, ვიცხოვროთ ახალ ქვეყნიერებაში.

როცა იეჰოვას შეხსენებებს ვითვალისწინებთ, ჩვენს სამეფო დარბაზებში უფრო უსაფრთხო და სასიამოვნო გარემოა (იხილეთ მე-11 აბზაცი)

11. საიდან ჩანს, რომ ღმერთი ზრუნავს ჩვენზე?

11 იმისათვის, რომ სულიერად ვიფხიზლოთ, ღვთის ორგანიზაცია ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირებითაც გვაძლევს მითითებებს. ამაში შედის გაწონასწორებული თვალსაზრისის ქონა მატერიალურ საგნებზე და თვალის სუფთად დაცვა, რათა თავიდან ავირიდოთ ზედმეტი საფიქრალი. ასევე კარგი სახელმძღვანელო პრინციპები გვეძლევა ჩაცმულობასთან, გარეგნობასთან, სასარგებლო გართობასა და ზომიერების ფარგლებში განათლების მიღებასთან დაკავშირებით. თუნდაც დავფიქრდეთ იმ შეხსენებებზე, რომლებიც ეხება სახლში, ავტომობილსა თუ სამეფო დარბაზში ჩვენს უსაფრთხოებას; ჩვენ ასევე ვიღებთ რჩევა-დარიგებებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოვემზადოთ იმ საგანგებო მდგომარეობებისთვის, რომელიც შესაძლოა მომავალში შეიქმნას ამა თუ იმ მხარეში. ასეთი რჩევებიდან ჩანს, რომ ღმერთი ზრუნავს ჩვენს კეთილდღეობაზე.

შეხსენებები ეხმარებოდა ადრინდელ ქრისტიანებს ერთგულების შენარჩუნებაში

12. ა) რის შესახებ ესაუბრებოდა იესო გამუდმებით თავის მოწაფეებს? ბ) რამ მოახდინა პეტრეზე დიდი შთაბეჭდილება? გ) როგორ უნდა იმოქმედოს იესოს საქციელმა ჩვენზე?

12 პირველ საუკუნეში ღვთის ხალხი განუწყვეტლივ იღებდა შეხსენებებს. იესო გამუდმებით ესაუბრებოდა მოწაფეებს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო თავმდაბლობის განვითარება. თუმცა ის არა მარტო სიტყვებით უხსნიდა მათ თავმდაბლობის მნიშვნელობას, არამედ ამას საქმითაც უჩვენებდა. დედამიწაზე ყოფნის ბოლო დღეს იესომ მოციქულები პასექის აღსანიშნავად შეკრიბა. როდესაც ისინი სუფრასთან ისხდნენ და მიირთმევდნენ, იესო წამოდგა და მათ ფეხები დაბანა; მან შეასრულა საქმე, რომელსაც იმ დროს მოსამსახურე აკეთებდა (იოან. 13:1—17). ასეთმა თავმდაბლურმა საქციელმა მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ამ შემთხვევიდან დაახლოებით  30 წლის შემდეგ მოციქულმა პეტრემ, რომელიც იმ ვახშამს ესწრებოდა, თანაქრისტიანებს თავმდაბლობასთან დაკავშირებით რჩევა მისცა (1 პეტ. 5:5). იესოს მაგალითმა უნდა აღგვძრას, რომ თავმდაბლად მოვექცეთ ერთმანეთს (ფილ. 2:5—8).

13. რომელი მნიშვნელოვანი თვისების განვითარებაზე ესაუბრებოდა იესო მოწაფეებს?

13 იესო ასევე ხშირად ესაუბრებოდა მოწაფეებს, რომ აუცილებელი იყო მტკიცე რწმენის განვითარება. მას შემდეგ, რაც მოწაფეებმა არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვერ შეძლეს დემონებით შეპყრობილი ყმაწვილის განკურნება, მათ იესოს ჰკითხეს: „ჩვენ რატომ ვერ განვდევნეთ?“. მან მიუგო: „მცირე რწმენის გამო. ჭეშმარიტებას გეუბნებით: მდოგვის მარცვლისოდენა რწმენა რომ გქონდეთ . . . არაფერი იქნება თქვენთვის შეუძლებელი“ (მათ. 17:14—20). იესო მთელი თავისი მსახურების განმავლობაში ასწავლიდა მოწაფეებს, რომ აუცილებელი იყო მტკიცე რწმენა (წაიკითხეთ მათეს 21:18—22). ვიყენებთ რწმენის განსამტკიცებლად იმ მითითებებს, რომლებსაც ვიღებთ კონგრესებსა და ქრისტიანულ შეხვედრებზე? გვესმის, რომ ასეთი შეკრებები მხოლოდ კარგი და სასიამოვნო შეხვედრები არ არის? ვხვდებით, რომ მათზე დასწრებით იეჰოვას ნდობას ვუმტკიცებთ?

14. რატომ არის მნიშვნელოვანი ისეთივე სიყვარულის განვითარება, როგორიც ქრისტეს ჰქონდა?

14 ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში უამრავი შეხსენებაა იმასთან დაკავშირებით, რომ ღვთის მსახურები სიყვარულს უნდა ვავლენდეთ ერთმანეთის მიმართ. იესომ მოიხსენია მეორე უდიდესი მცნება: „მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“ (მათ. 22:39). იესოს ნახევარძმამ იაკობმაც ამაზე გაამახვილა ყურადღება და სიყვარულს „დიდებული კანონი“ უწოდა (იაკ. 2:8). მოციქული იოანე წერდა: „საყვარელნო, ახალ მცნებას კი არა გწერთ, არამედ ძველს, რომელიც დასაწყისიდანვე გაქვთ“ (1 იოან. 2:7, 8). რას გულისხმობდა იოანე „ძველ მცნებაში“? ის მათში სიყვარულის მცნებას გულისხმობდა. მცნება „ძველი“ იმ გაგებით იყო, რომ იესომ ის „დასაწყისიდანვე“ მისცა თავის მოწაფეებს, ათწლეულებით ადრე, სანამ იოანე ამ სიტყვებს დაწერდა. „ახალი“ კი იმ გაგებით იყო, რომ მოგვიანებით ახალი სირთულეებისა და პრობლემების პირისპირ ყოფნის დროს მათ თავგანწირული სიყვარული უნდა გამოევლინათ. ჩვენ, როგორც ქრისტეს მოწაფეები, ნამდვილად ვაფასებთ გაფრთხილებებს, რომლებიც გვეხმარება, არ განგვივითარდეს ამ ქვეყნიერებისთვის დამახასიათებელი სული, რომელიც ახშობს ადამიანში მოყვასის სიყვარულს.

15. რა იყო იესოს უმთავრესი მისია დედამიწაზე?

15 იესო ყურადღებას ავლენდა ხალხის მიმართ. ის კურნავდა ავადმყოფებსა და უძლურებს, აცოცხლებდა მკვდრებს; ამ ყველაფრიდან ნამდვილად ჩანს მისი სიყვარული და მზრუნველობა. თუმცა იესოს უმთავრესი მისია ხალხის ფიზიკური განკურნება არ ყოფილა. მისმა ქადაგებამ და სწავლებამ  გაცილებით დიდი გავლენა მოახდინა ადამიანთა ცხოვრებაზე. რატომ შეგვიძლია ამის თქმა? ისინი, ვინც იესომ პირველ საუკუნეში განკურნა და მკვდრეთით აღადგინა, საბოლოოდ, მაინც დაბერდნენ და მოკვდნენ, ხოლო მათ, ვინც მის ქადაგებას გამოეხმაურნენ, მარადიული სიცოცხლის უტყუარი იმედი გაუჩნდათ (იოან. 11:25, 26).

16. რა მასშტაბებს აღწევს სამეფოს შესახებ ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების საქმე დღეს?

16 სამქადაგებლო საქმიანობა, რომელიც იესომ პირველ საუკუნეში წამოიწყო, დღეს გრანდიოზულ მასშტაბებს აღწევს. მან თავის მოწაფეებს დაავალა: „ამიტომ წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან“ (მათ. 28:19). მათ ნამდვილად გაართვეს თავი ამ დავალებას იმ დროს. ჩვენზეც იმავეს თქმა შეიძლება! დღეს 7 მილიონზე მეტი იეჰოვას მოწმე გულმოდგინედ აუწყებს ღვთის სამეფოს შესახებ ცნობას 230-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზე და მილიონები სწავლობენ ბიბლიას. ქადაგების საქმე კი ნამდვილად ამტკიცებს იმას, რომ ბოლო დღეებში ვცხოვრობთ.

მიენდეთ იეჰოვას

17. რას ურჩევდნენ პავლე და პეტრე მოციქულები თანაქრისტიანებს?

17 შეხსენებები ადრინდელ ქრისტიანებს დიდად დაეხმარა რწმენის განმტკიცებაში. წარმოიდგინეთ, როგორ გამხნევდებოდა ტიმოთე, როცა მოციქულ პავლესგან, რომელიც იმ დროს რომში დაპატიმრებული იყო, ასეთ შეხსენებას მიიღებდა: „ჩაეჭიდე იმ ჯანსაღი სიტყვების ნიმუშს, ჩემგან რომ მოისმინე“ (2 ტიმ. 1:13). მოციქულმა პეტრემ თანაქრისტიანებს ჯერ მოუწოდა, განევითარებინათ მოთმინება, ძმათმოყვარეობა, თავშეკავება და შემდეგ უთხრა: „ყოველთვის შეგახსენებთ ამის შესახებ, თუმცა იცით ეს და მტკიცედ დგახართ კიდეც ჭეშმარიტებაში, რომელიც არის თქვენში“ (2 პეტ. 1:5—8, 12).

18. როგორ უყურებდნენ ქრისტიანები პირველ საუკუნეში შეხსენებებს?

18 პავლესა და პეტრეს წერილებში გადმოცემული იყო „წმინდა წინასწარმეტყველთა მიერ ადრე ნათქვამი სიტყვები“ (2 პეტ. 3:2). ხომ არ სწყინდათ პირველ საუკუნეში მცხოვრებ ჩვენს და-ძმებს, როცა მათ მითითებებს აძლევდნენ? არა, რადგან მათ ესმოდათ, რომ ეს ღვთის სიყვარულის მაჩვენებელი იყო, რომელიც ეხმარებოდა, კვლავაც გაზრდილიყვნენ „ჩვენი უფლისა და მხსნელის იესო ქრისტეს წყალობასა და ცოდნაში“ (2 პეტ. 3:18).

19, 20. რატომ უნდა ვენდოთ იეჰოვას შეხსენებებს და რა მხრივ არის ეს ჩვენთვის კარგი?

19 დღეს უამრავი მიზეზი გვაქვს, ვენდოთ იეჰოვას შეხსენებებს, რომლებიც მის სიტყვაში, ბიბლიაშია ჩაწერილი (წაიკითხეთ იესო ნავეს ძის 23:14 ). ეს ღვთიური სახელმძღვანელო გვატყობინებს, თუ როგორ ექცეოდა ღმერთი ათასწლეულების განმავლობაში არასრულყოფილ ადამიანებს. ბიბლიაში მოთხრობილი ისტორიები ჩვენს სასწავლებლად დაიწერა (რომ. 15:4; 1 კორ. 10:11). ჩვენი თვალით ვხედავთ, როგორ სრულდება ბიბლიური წინასწარმეტყველებები დღეს. დავაკვირდეთ, ერთ რამეს: წინასწარმეტყველებებსა და შეხსენებებს შორის დიდი მსგავსებაა. წინასწარმეტყველებები, ისევე როგორც შეხსენებები, წინასწარ მოგვეცა. მაგალითად, მილიონები გაერთიანებულნი არიან წმინდა თაყვანისმცემლობაში, რაც წინასწარმეტყველების თანახმად, „უკანასკნელ დღეებში“ უნდა შესრულებულიყო (ეს. 2:2, 3). დღევანდელი მსოფლიო მდგომარეობის გაუარესებაც იმაზე მიუთითებს, რომ სრულდება ბიბლიური წინასწარმეტყველება. და, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გრანდიოზული სამქადაგებლო საქმის შესრულებით უშუალოდ მართლდება იესოს წინასწარმეტყველება (მათ. 24:14).

20 ჩვენმა შემოქმედმა ბიბლიის ფურცლებზე შემოგვინახა სანდო ინფორმაცია, რასაც შეგვიძლია უყოყმანოდ ვენდოთ. დიახ, ჩვენ სარწმუნოდ უნდა მივიჩნიოთ ეს შეხსენებები. ასე უყურებს ამ საკითხს ერთი ჩვენი და როზელენიც. ის ამბობს: „რაც უფრო მეტად მივენდე იეჰოვას, მით უფრო მეტად ვიგრძენი მისი მოსიყვარულე ხელი ჩემს ცხოვრებაში, რომელიც სულ მუდამ ზრუნავს და მაძლიერებს“. დაე, ჩვენც როზელენის მსგავსად სასიკეთოდ წაგვადგეს ღვთის შეხსენებები.