წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) სექტემბერი 2013

დააპირისპირეთ ერთმანეთს და უკეთ დაინახავთ რეალურ სურათს

დააპირისპირეთ ერთმანეთს და უკეთ დაინახავთ რეალურ სურათს

უდავოა, რომ ჩვენს პლანეტაზე იესოზე დიდ მასწავლებელს არასოდეს უცხოვრია. შეიძლება თქვენც ცდილობთ, მიჰბაძოთ მას სწავლების ზოგიერთი მეთოდის გამოყენებაში და მასსავით კითხვებსა და მაგალითებს იყენებთ, როცა ასწავლით ხალხს. მიგიქცევიათ ყურადღება, რომ იესო ხშირად დაპირისპირების მეთოდს იყენებდა?

ჩვეულებრივ, საუბრის დროს ადამიანი ხშირად მიმართავს ამ მეთოდს, თანაც ისე ბუნებრივად, რომ არც კი აკვირდება. აბა გაიხსენეთ, ხომ არ გითქვამთ ასეთი რამ: „ეს ვაშლი კი არის მწიფე, მაგრამ ხელს რომ ვკიდებ, მაინც მაგარია“. ან დავუშვათ ასეთი რამ: „ბავშვობაში როგორი მორცხვი იყო ეს გოგონა, მაგრამ ახლა ძალიან ლაღი და თავისუფალია“.

დაპირისპირების მეთოდის გამოყენების დროს ჯერ ამბობ ფაქტს ან რაიმე აზრს და შემდეგ ისეთი კავშირებით, როგორებიცაა „მაგრამ, თუმცა, არამედ, ხოლო, ნაცვლად ამისა ან მეორე მხრივ“, გადადიხარ საპირისპირო აზრზე. ან ორ აზრს შორის სხვაობას დამატებითი ინფორმაციის მოშველიებით ან აზრის გაძლიერებით ამყარებ. საუბარში ამ მეთოდის გამოყენება ბუნებრივია და მოსაუბრე ადვილად ხვდება, თუ რის თქმა გვსურს.

შეიძლება ზოგიერთ ენასა თუ კულტურაში არ არის გავრცელებული საუბარში ამ მეთოდის გამოყენება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ურიგო არ იქნება, თუ გავეცნობით და ვნახავთ, რამდენად პრაქტიკულია ის. ღვთის სიტყვაში ამის უამრავი ნიმუშია შემონახული; იესო ხშირად იყენებდა დაპირისპირების მეთოდს. გავიხსენოთ ზოგიერთი მათგანი: „ლამპარს რომ ანთებენ, საწყაოს ქვეშ კი არ დგამენ, არამედ სალამპრეზე“; „[კანონის] გასაუქმებლად კი არ მოვედი, არამედ აღსასრულებლად“; „თქვენ გსმენიათ წინაპართა მიმართ თქმული: არა იმრუშო. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ყველამ, ვინც ნდომით შეხედა ქალს . . .“; „თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: თვალი თვალისა წილ და კბილი კბილისა წილ. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ნუ აღუდგებით წინ ბოროტს; არამედ ვინც შემოგკრავს მარჯვენა ყვრიმალში, მიუშვირე მას მეორეც“ (მათ. 5:15, 17, 27, 28, 38, 39 საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა, სსგ).

სახარებების გარდა, ბიბლიის სხვა წიგნებშიც ვხვდებით ამ მეთოდს. ეს მეტად დამხმარეა, რადგან ხელს უწყობს აზრის უკეთ გაგებას და ნათლად აჩვენებს, თუ რატომ ჯობია ერთი მოსაზრება მეორეს. მაგალითი მშობლებისთვის: „თქვენ კი, მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, არამედ იზრუნეთ მათზე — იეჰოვას მოსაწონად აღზარდეთ და დაარიგეთ“ (ეფეს. 6:4). პავლეს შეეძლო უბრალოდ ეთქვა, რომ კარგი იქნებოდა, თუ მამა (ან დედა) შვილს აღზრდიდა ღვთის მოსაწონად და, რა თქმა უნდა, მისი ეს რჩევა ნამდვილად არ იქნებოდა საღ აზრს მოკლებული. თუმცა აზრის უკეთ გადმოსაცემად მან მიმართა დაპირისპირების მეთოდს და თქვა: „ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, არამედ . . . იეჰოვას მოსაწონად აღზარდეთ“.

მოგვიანებით ამავე თავში პავლემ ასეთი რამ დაწერა: „სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ . . . ზეციერი ბოროტი სულების წინააღმდეგ“ (ეფეს. 6:12). ამ შემთხვევაში დაპირისპირების მეთოდი გვეხმარება, დავინახოთ, თუ რამდენად სერიოზულ ბრძოლაში ვართ ჩაბმულნი.  ჩვენ ადამიანების წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ ბოროტი სულების წინააღმდეგ.

რაში გვეხმარება

წიგნ „ეფესოელებში“ ვხვდებით არაერთ ბიბლიურ მუხლს, რომლებშიც პავლე იყენებს დაპირისპირების მეთოდს. მათზე დაფიქრება თითოეულ ჩვენგანს დაგვეხმარება პავლეს ნათქვამის გაგებაში და იმასაც დაგვანახვებს, თუ რა უნდა გავაკეთოთ.

თქვენთვის საინტერესო და სასარგებლო აღმოჩნდება სტატიაში მოცემული ჩარჩოს განხილვა, სადაც მოყვანილია რამდენიმე ბიბლიური მუხლი, რომლებშიც გამოყენებულია დაპირისპირების მეთოდი. ეს მუხლები აღებულია ეფესოელების მე-4 და მე-5 თავებიდან. თითოეული აზრის წაკითხვის შემდეგ დაფიქრდით თქვენს ცხოვრებაზე და ჰკითხეთ საკუთარ თავს: მე როგორ ვუყურებ ამ საკითხს? რა რეაქცია მაქვს, როცა ამდაგვარ სიტუაციაში ვვარდები? ამ საკითხში რა რეპუტაცია მაქვს სხვების თვალში? თუ აღმოაჩენთ, რომ გარკვეულ საკითხში გაუმჯობესება გჭირდებათ, ნუღარ დააყოვნებთ.

შეგიძლიათ თანდართული ჩარჩო ოჯახთან ერთად თაყვანისცემის დროსაც განიხილოთ. ასე მაგალითად: ოჯახის თითოეულმა წევრმა თვალი გადაავლოს ჩარჩოს. შემდეგ რომელიმე თქვენგანმა თქვას ერთ-ერთ მუხლში მაპირისპირებელ კავშირამდე მოცემული აზრი და დანარჩენებმა დაასრულონ წინადადება. ეს ნამდვილად სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნის ოჯახში და დაეხმარება თითოეულს, უფრო კარგად გამოიყენოს მოცემული რჩევები. ამგვარი ბიბლიური მუხლები ერთგვარი ბიძგი აღმოჩნდება ახალგაზრდებისთვისაც და ხანდაზმულებისთვისაც, ღვთის მოსაწონად მოიქცნენ ოჯახში თუ სხვაგან.

აბა გაიხსენეთ წინადადების მეორე ნაწილი

თუ კითხვისა და სწავლის დროს ცოტა მეტ ყურადღებას დავუთმობთ ამ მეთოდს, უფრო ადვილად დავაფიქსირებთ მათ ბიბლიაში და შესაბამისად, ქადაგების დროსაც უფრო ადვილად გამოვიყენებთ. მაგალითად, შესაძლოა მობინადრეს ასეთი რამ ვუთხრათ: „ბევრი ფიქრობს, რომ ადამიანს უკვდავი სული აქვს, მაგრამ ნახეთ, ღვთის სიტყვაში რა წერია“. ან შეიძლება ბიბლიის შემსწავლელს ჰკითხოთ: „ჩვენ ირგვლივ ხალხს სჯერა, რომ ღმერთი და იესო ერთი პიროვნებაა, მაგრამ რა წავიკითხეთ ბიბლიაში? შენ რას ფიქრობ?“.

ნამდვილად, წმინდა წერილებში არაერთგან არის წარმოდგენილი დაპირისპირების მეთოდი, რაც ესოდენ სასარგებლოა და ღვთის გზით სიარულში გვეხმარება. ჩვენ შეგვიძლია ამ მეთოდს მივმართოთ და სხვებს ბიბლიური ჭეშმარიტების გაგებაში დავეხმაროთ.