წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) სექტემბერი 2013

გარდაიქმენით?

გარდაიქმენით?

„განიახლეთ გონება და გარდაიქმენით“ (რომ. 12:2).

1, 2. რა გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე აღზრდა და გარემო?

დედამიწაზე მცხოვრებ ნებისმიერ ადამიანზე მოქმედებს ის გარემო და პირობები, რომელშიც ის დაიბადა და აღიზარდა; შესაბამისად, ყველას განსხვავებული გემოვნება გვაქვს. ეს აისახება ჩაცმის სტილზე, ქცევის ნორმებსა და თუნდაც იმაზე, ვის რა საჭმელი უყვარს. ნაწილობრივ, მიზეზი ამისა ის გახლავთ, რომ ის საზოგადოება და ის ვითარება, რომელშიც ადამიანი ცხოვრობს და მოღვაწეობს, გავლენას ახდენს მისი ცნობიერების ჩამოყალიბებაზე.

2 თუმცა ცხოვრებაში გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხებიც არსებობს, ვიდრე ის, თუ რას ჩავიცვამთ და რით დავიკმაყოფილებთ შიმშილის გრძნობას. მაგალითად, ჩვენ ბავშვობიდან გვასწავლიან, რა არის სწორი და მისაღები და რა — არასწორი და მიუღებელი. ბევრი ასეთი საკითხი საკმაოდ პირადულია და შესაბამისად, ადამიანთა მოსაზრებებიც ხშირად არ ემთხვევა ერთმანეთს. გადაწყვეტილებებზე შესაძლოა ადამიანის სინდისმაც იქონიოს გავლენა. ბიბლიაში წერია, რომ ხშირად „უცხოტომელები, რომლებსაც კანონი არა აქვთ, თავიანთი ბუნებით ასრულებენ იმას, რაც კანონშია“ (რომ. 2:14). მაგრამ ნიშნავს ეს იმას, რომ თუ ღვთისგან პირდაპირი მითითება არა გვაქვს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, იმ სტანდარტებითა და ნორმებით ვიხელმძღვანელოთ, რომლებიც ჩვენ ირგვლივ არსებულ საზოგადოებაშია მიღებული ან რომლითაც აღვიზარდეთ?

3. რომელი ორი მიზეზის გამო არ ვიცავთ ქრისტიანები ბრმად საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს?

3 არსებობს ორი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ ვიცავთ ქრისტიანები ბრმად საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს. პირველი მიზეზი ბიბლიაში ჩაწერილი შემდეგი გაფრთხილებაა: „არის გზა, რომელიც კაცს სწორი ჰგონია, მისი ბოლო კი სიკვდილია“ (იგავ. 16:25). ის ფაქტი, რომ ყველანი არასრულყოფილები ვართ, იმას ნიშნავს, რომ არ გაგვაჩნია უნარი, ასი პროცენტით განვსაზღვროთ, თუ რა არის ჩვენთვის ჭეშმარიტად სასიკეთო; აქედან გამომდინარე, არც ის შეგვიძლია, რომ სრულყოფილად წარვმართოთ ჩვენი ნაბიჯები (იგავ. 28:26; იერ. 10:23). მეორე მიზეზსაც ბიბლიაში ვპოულობთ. ღვთის სიტყვაში წერია, რომ ამ ქვეყნიერების სისტემას მართავს  და აკონტროლებს სატანა, „ამ ქვეყნიერების ღმერთი“ (2 კორ. 4:4; 1 იოან. 5:19). ამგვარად, თუ გვსურს, რომ იეჰოვას ვაამოთ და მისი უხვი კურთხევები საკუთარ თავზეც გამოვცადოთ, რომაელების 12:2-ში ჩაწერილი რჩევა ჩვენი ცხოვრების კრედოდ უნდა ვაქციოთ (წაიკითხეთ).

4. რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

4 რომაელების 12:2-ში ჩაწერილია რამდენიმე მნიშვნელოვანი აზრი, რომელიც ჩვენს ყურადღებას იმსახურებს. ამ მუხლზე დაყრდნობით განვიხილავთ შემდეგ საკითხებს: 1) რატომ გვჭირდება გარდაქმნა, 2) რა შედის ამაში და 3) როგორაა ეს შესაძლებელი.

რატომ გვჭირდება

5. ვისთვის იყო რომაელების 12:2-ში ჩაწერილი სიტყვები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი?

5 რომაელების მიმართ მიწერილ წერილში პავლეს ეს სიტყვები უღვთო ხალხის მისამართით ან ზოგადად ყველას მიმართ კი არ იყო ნათქვამი, არამედ ცხებულ ქრისტიანებს ეხებოდა (რომ. 1:7). პავლემ მოუწოდა მათ, გარდაქმნილიყვნენ და ასეთი გამაფრთხილებელი სიტყვები ჩაუწერა წერილში: „ნუღარ იცხოვრებთ ქვეყნიერების ყაიდაზე“. ახ. წ. 56 წლისთვის, როცა პავლემ ეს წერილი მისწერა რომაელ და-ძმებს, მათთვის „ქვეყნიერების ყაიდა“ გულისხმობდა რომაული სამყაროსთვის დამახასიათებელ წეს-ჩვეულებებს, ქცევის წესებსა და ცხოვრების სტილს. ის, რომ მოციქული იყენებს სიტყვას „ნუღარ“, იმაზე მიუთითებს, რომ ზოგიერთი ცხებული ქრისტიანი კვლავაც ქვეყნიერების გავლენის ქვეშ იყო. მოდი, ცოტა ხნით პირველ საუკუნეში გადავინაცვლოთ და ვნახოთ, რა ჰქონდა პავლეს მხედველობაში.

6, 7. რა სირთულეებს უქმნიდა ქრისტიანებს რომში არსებული რელიგიური და სოციალური ფონი?

6 დღეს რომში ჩასული ტურისტების ყურადღებას იპყრობს ძველი ტაძრების, სამარხების, ძეგლების, არენების, თეატრებისა და სხვა ნაგებობათა ნანგრევები, რომელთაგანაც ზოგიერთი პირველი საუკუნით თარიღდება. წარსულის ეს ნაკვალევი ერთგვარ წარმოდგენას გვიქმნის ძველ რომში არსებულ სოციალურ და რელიგიურ ყოფაზე. ამის შესახებ ისტორიული წიგნებიც მოგვითხრობს. მათში ხშირადაა აღწერილი იმდროინდელი გლადიატორთა ბრძოლები, ეტლთა რბოლები, თეატრალური და სხვადასხვა მუსიკალური წარმოდგენები, რომლებიც ხშირად ერთობ სამარცხვინო თემატიკაზე იყო აგებული. რომი ასევე უდიდეს სავაჭრო და კომერციულ ცენტრს წარმოადგენდა, რაც, თავის მხრივ, ჩინებულ პირობებს ქმნიდა ფინანსური საქმიანობის წარმოებისთვის (რომ. 6:21; 1 პეტ. 4:3, 4).

7 მიუხედავად იმისა, რომ რომში უამრავი ტაძარი იდგა და უამრავ ღმერთს სცემდნენ თაყვანს, ხალხი მაინცდამაინც არ იყო დაინტერესებული ღვთაებებთან პირადი, ახლო ურთიერთობების განვითარებით. მათთვის რელიგია უმთავრესად რიტუალების ერთობლიობა იყო და სხვა არაფერი. მაგალითად, მათ ჰქონდათ ადამიანის დაბადებასთან, ქორწინებასთან და დაკრძალვასთან დაკავშირებული რიტუალები. ეს რიტუალები მათი საზოგადოებრივი ცხოვრების ნაწილი იყო. ალბათ, ადვილი წარმოსადგენია, რამხელა სირთულეებს უქმნიდა ამგვარი ვითარება რომში მცხოვრებ ქრისტიანებს. ბევრი ქრისტიანობის მიღებამდე სწორედ ასეთ გარემოში იზრდებოდა და ცხადია, ესაჭიროებოდათ გარდაქმნა; რაც ყველაზე მთავარია,  ეს გარდაქმნა არ უნდა დასრულებულიყო ნათლობით.

8. რა საფრთხეს გვიქმნის დღეს ქრისტიანებს ქვეყნიერება?

8 დღევანდელი ქვეყნიერება, ისევე როგორც ძველად რომაული სამყარო, საფრთხეს უქმნის ღვთის მიძღვნილ მსახურებს. მიზეზი ამისა ის გახლავთ, რომ ქვეყნიერების სული მრავალ სფეროში ვლინდება (წაიკითხეთ ეფესოელების 2:2, 3; 1 იოანეს 2:16 ). ქვეყნიერება გამუდმებით ცდილობს, თავის ფერხულში ჩაგვაბას და ამისთვის საზოგადოებაში გავრცელებულ სურვილებს, აზროვნებას, ფასეულობებსა და მორალურ პრინციპებს იყენებს. ამიტომ უზარმაზარი მიზეზი გვაქვს საიმისოდ, რომ მივყვეთ ღვთის შემდეგ მითითებას: „ნუღარ იცხოვრებთ ქვეყნიერების ყაიდაზე“ და „გარდაიქმენით“. იბადება კითხვა, როგორ?

რა არის საჭირო

9. რა შეცვალა ბევრმა ნათლობამდე?

9 ადამიანი როცა ბიბლიას სწავლობს და ჭეშმარიტების თანახმად მოქმედებს, სულიერად იზრდება და ბევრ რამეს ცვლის ცხოვრებაში. ის ტოვებს ცრუ რელიგიურ წეს-ჩვეულებებს, ივიწყებს წარსულიდან შემორჩენილ არასასურველ თვისებებსა და ჩვევებს და ქრისტეს მსგავს პიროვნებად იმოსება (ეფეს. 4:22—24). უდიდესი ბედნიერებაა ის, რომ ასიათასობით ადამიანი ყოველ წელს თავს უძღვნის იეჰოვას და ინათლება. ორი აზრი არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს საოცრად უხარებს იეჰოვას გულს (იგავ. 27:11). თუმცა იბადება ერთობ მნიშვნელოვანი კითხვა: საკმარისია ეს ცვლილებები, თუ კიდევ მეტია საჭირო?

უამრავ ადამიანს სჭირდება სატანის ქვეყნიერებიდან გამოსვლა და გარდაქმნა (იხილეთ მე-9 აბზაცი)

10. რა განსხვავებაა გარდაქმნასა და გაუმჯობესებას შორის?

10 გარდაქმნაში გაცილებით მეტი იგულისხმება, ვიდრე მხოლოდ წინსვლა ან გაუმჯობესება. გასაყიდად გამზადებულ ნივთს შეფუთვაზე შეიძლება ეწეროს „გაუმჯობესებული“, მაგრამ არსებითად ეს იგივე ნივთია, შეიძლება უბრალოდ, რაიმე დეტალი ჰქონდეს დამატებული ან ახლებურად იყოს შეფუთული. ვაინის განმარტებითი ლექსიკონი სიტყვა „გარდაქმნას“ შემდეგნაირად ხსნის: „რომაელების 12:2-ში მოხსენიებული გარდაქმნა გულისხმობს გარეგნულ გარდაქმნაზე მეტს, შინაგან გარდაქმნას, აზროვნების შეცვლას, რომელიც მიიღწევა წმინდა სულის ძალით“. აქედან გამომდინარე, ქრისტიანი უბრალოდ იმით არ უნდა შემოიფარგლოს, რომ მიატოვოს მავნე ჩვევები, ბილწი და უგვანი საუბრები და უზნეო საქციელი. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ბიბლიური ცოდნა არა აქვთ, მაგრამ ყოველივე ამისგან მეტ-ნაკლებად მაინც თავს იკავებენ. მაშ, აბა გარდაქმნა რაღას ნიშნავს?

11. პავლეს სიტყვების თანახმად, როგორ უნდა მოხდეს გარდაქმნა?

11 პავლემ დაწერა: „განიახლეთ გონება და გარდაიქმენით“. სიტყვა „გონებაში“ იგულისხმება ადამიანის აზროვნების უნარი. ბიბლიაში მოხსენიებულ სიტყვა „გონებაში“ კი იგულისხმება მისწრაფებები, დამოკიდებულებები და მსჯელობის უნარი. რომაელებისადმი მიწერილი წერილის დასაწყისში პავლემ აღწერა ხალხი, რომელსაც ჰქონდა „უკუღმართი გონება“, ვინაიდან „სავსენი იყვნენ ყოველგვარი უმართლობით, ბოროტებით, სიხარბით, უკეთურებით, შურით, მკვლელობით, დავით, ცბიერებით“ და სხვა ბოროტი საქმეებით (რომ. 1:28—31). ამიტომ გასაგებია, თუ რატომ მოუწოდა პავლემ ამგვარ გარემოში  აღზრდილ ადამიანებს, რომლებიც შემდეგ ღვთის მსახურები გახდნენ, გარდაქმნილიყვნენ და განეახლებინათ გონება.

„მოიშორეთ . . . ბრაზი, რისხვა, ყვირილი და ლანძღვა ყოველგვარ ბოროტებასთან ერთად“ (ეფეს. 4:31)

12. როგორი აზროვნებაა დღეს მიღებული საზოგადოებაში და როგორ შეიძლება ეს სახიფათო აღმოჩნდეს ქრისტიანებისთვის?

12 დღევანდელი საზოგადოება ძალიან ჰგავს იმ საზოგადოებას, რომელზეც პავლე საუბრობდა. დღეს არაპოპულარულია გარკვეული ნორმებისა და პრინციპების მორჩილება და მიიჩნევა, რომ არავის აქვს უფლება, აიძულოს სხვა, დაემორჩილოს ამ წესებს. ბევრი მასწავლებელი და მშობელი თავისუფალ აზროვნებას უნერგავს მომავალ თაობას და ყველაფრის ნებას რთავს. მათი აზრით, შეუძლებელია იმის აბსოლუტური განსაზღვრა, რა არის სწორი და რა — არა. ბევრი, ვინც თავს მორწმუნედ მიიჩნევს, ფიქრობს, რომ უფლება აქვს ისე იცხოვროს, როგორც თავად თვლის სწორად და არაფრით არ ივალდებულებს თავს ღვთის წინაშე (ფსალმ. 14:1). ამგვარი აზროვნება ერთგვარ საშიშროებას წარმოადგენს ჭეშმარიტი ქრისტიანებისთვის. თუ სიფრთხილეს არ გამოვიჩენთ, ასეთმა დამოკიდებულებამ შესაძლოა თეოკრატიული სტრუქტურის დაუმორჩილებლობისკენ გვიბიძგოს. შესაძლოა, ასეთ ადამიანებს გაუქრეთ კრებასთან თანამშრომლობის სურვილი და ჩივილიც კი დაიწყონ იმაზე, რაც არ მოსწონთ. უფრო მეტიც, მათ შეიძლება პრეტენზიებიც კი გაუჩნდეთ ბიბლიაზე დაფუძნებული იმ რჩევების მიმართ, რომლებიც გართობას, ინტერნეტით სარგებლობასა და უმაღლესი განათლების მიღებას ეხება.

13. რატომ უნდა შევაფასოთ საკუთარი თავი გულწრფელად?

13 თუ არ გვსურს, რომ ქვეყნიერებამ თავის ყაიდაზე გადაგვიყვანოს და თავის ყალიბში მოგვაქციოს, ყველამ ჩვენ ჩვენს გულში უნდა ჩავიხედოთ და ალალად შევაფასოთ ჩვენი აზრები, გრძნობები, მიზნები და ფასეულობები. სხვები შეიძლება ვერ ამჩნევდნენ, როგორ ადამიანებს წარმოვადგენთ შინაგანად და გამუდმებით გვაქებდნენ, რომ კარგები ვართ. მაგრამ სინამდვილეში, მხოლოდ ჩვენ ვიცით, რამდენად ვაძლევთ ბიბლიურ რჩევებს იმის საშუალებას, რომ გარდაგვქმნას იმ საკითხებში, რაშიც გვჭირდება გარდაქმნა (წაიკითხეთ იაკობის 1:23—25 ).

როგორაა შესაძლებელი

14. რა დაგვეხმარება ცვლილებების მოხდენაში?

14 გარდაქმნა შინაგანი ადამიანის ცვლილებას ნიშნავს. ამისათვის უფრო მეტია საჭირო, ვიდრე საკუთარი თავის ზედაპირული შემოწმება. რა დაგვეხმარება ამაში? თუ გსურთ, გაიგოთ, რა გაქვთ გულში, დააკვირდით, რა რეაქცია გაქვთ, როცა იეჰოვას რჩევას და მითითებას ისმენთ. ამ დროს ასევე გაიგებთ, რაში გჭირდებათ გამოსწორება, რათა იცხოვროთ ღვთის სრულყოფილი ნების თანახმად (რომ. 12:2; ებრ. 4:12).

15. რა იქნება შედეგი, თუ იეჰოვას ჩვენი გამოძერწვის საშუალებას მივცემთ?

15 წაიკითხეთ ესაიას 64:8. წინასწარმეტყველი ესაია მხატვრულად აღგვიწერს იმ მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებზედაც ღირს დაფიქრება. როგორ გვძერწავს ჩვენ, თიხას იეჰოვა, ჩვენი მეთუნე? რა თქმა უნდა, ამ გამოძერწვაში არ იგულისხმება ის, რომ იეჰოვა ადამიანებს ფიზიკურ სხეულს უცვლის და უფრო ალამაზებს. ღმერთი ჩვენს სულიერ წვრთნაზე ზრუნავს და არა ფიზიკურზე. თუ დავყვებით მეთუნის ხელს, გარდავიქმნებით შინაგანად ანუ სულიერად; ეს კი სწორედ ის არის, რაც ქვეყნიერების გავლენის წინააღმდეგ ბრძოლაში გვჭირდება. მოდი, უფრო კარგად გავერკვეთ, როგორ იძერწება თიხა.

16, 17. ა) როგორ ამუშავებს მეთუნე თიხას? ბ) როგორ გვეხმარება ღვთის სიტყვა, რომ იეჰოვასთვის სასურველნი გავხდეთ?

16 საუკეთესო ჭურჭლის გამოსაძერწად მეთუნე მაღალი ხარისხის თიხას იყენებს. ძერწვის პროცესს ის თიხის გარეცხვით იწყებს და მასას ზედმეტ მინარევებს აშორებს. შემდეგ ასხამს მას საჭირო რაოდენობის წყალს და იმ დონემდე ამუშავებს, რომ გამოძერწვის შემდეგ თიხამ ფორმა არ დაკარგოს.

17 ყურადღება მიაქციეთ ერთ რამეს: მეთუნე წყალს თიხის გასარეცხადაც იყენებს და ჭურჭლის გამოსაძერწადაც. დაახლოებით იმავე როლს ასრულებს ღვთის სიტყვა ჩვენს ცხოვრებაში. ის გვეხმარება, მოვიშოროთ  ძველი ცხოვრებიდან შემორჩენილი აზროვნება და გარდავიქმნათ ღვთისთვის სასურველ პიროვნებებად (ეფეს. 5:26). აბა დავფიქრდეთ, რამდენჯერ მოგვისმენია რჩევა იმასთან დაკავშირებით, რომ ვიკითხოთ ბიბლია ყოველდღე და სისტემატურად ვიაროთ კრების შეხვედრებზე, სადაც ღვთის სიტყვა ისწავლება. როგორ ფიქრობთ, რატომ გვეძლევა ეს რჩევები? იმიტომ, რომ ადამიანი, რომელიც ამ რჩევებს ითვალისწინებს, იეჰოვას გამოძერწვის საშუალებას აძლევს (ფსალმ. 1:2; საქ. 17:11; ებრ. 10:24, 25).

გარდაქმნა დაგეხმარებათ უწინდელთან შედარებით პრობლემების უკეთ მოგვარებაში (იხილეთ მე-18 აბზაცი)

18. ა) რატომ არის ფიქრი აუცილებელი? ბ) რომელ კითხვებზე უნდა დავფიქრდეთ?

18 ღვთის სიტყვამ რომ გარდაგვქმნას, გაცილებით მეტია საჭირო, ვიდრე მისი რეგულარულად კითხვა და სწავლა; ეს უბრალოდ დასაწყისია. ბევრი დროდადრო კითხულობს ბიბლიას და კარგადაც იცის, რა წერია მასში. ალბათ, შეხვედრიხართ ასეთ ადამიანებს ქადაგების დროს. ზოგმა ბიბლიური მონაკვეთები ზეპირადაც კი იცის. * შეიძლება ეს მათ აზროვნებასა და ცხოვრებაზე მცირე გავლენასაც კი ახდენს; მაგრამ საკმარისია ეს? ღვთის სიტყვამ რომ იმოქმედოს და პიროვნულად გარდაგვქმნას, მას ჩვენს გულში ღრმად შეღწევის საშუალება უნდა მივცეთ (გალ. 6:6). ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადამიანმა დრო გამოყოს იმაზე დასაფიქრებლად, რაც ისწავლა. ამაში შედის შემდეგ კითხვებზე დაფიქრება: მჯერა, რომ ის, რაც ახლა წავიკითხე, გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ რელიგიური სწავლება? ჩემს ცხოვრებას რომ ვაკვირდები, ვხედავ, რომ ეს ნამდვილად ჭეშმარიტებაა? მესმის, რომ ის, რასაც ვსწავლობ, პირველ რიგში, მე მჭირდება, თუ მას ისე ვუყურებ, როგორც სასწავლო პროგრამას, რომელიც უბრალოდ სხვებს უნდა ვასწავლო? ვგრძნობ, რომ იეჰოვა პირადად მე მესაუბრება? ამგვარ კითხვებზე ფიქრი უფრო გააძლიერებს ჩვენს გულში არსებულ თბილ გრძნობებს იეჰოვასადმი და გაგვიღრმავებს სიყვარულს ჩვენი გამჩენის მიმართ. როცა ნასწავლი ასე შეეხება ჩვენს გულს, ადვილად მოვახდენთ ცხოვრებაში ცვლილებებს (იგავ. 4:23; ლუკ. 6:45).

19, 20. რომელი ბიბლიური რჩევის გამოყენება წაგვადგება ცხოვრებაში?

19 ბიბლიის რეგულარული კითხვა და მასზე ფიქრი ერთგვარი ბიძგია საიმისოდ, რომ განვაგრძოთ იმის კეთება, რასაც ვაკეთებთ. ამისკენ თავად წმინდა წერილები მოგვიწოდებს: „გაიხადეთ ძველი პიროვნება მისი საქმეებითურთ და შეიმოსეთ ახალი პიროვნებით, რომელიც საფუძვლიანი ცოდნის საშუალებით ახლდება“ (კოლ. 3:9, 10). თუ უკეთ ჩავწვდებით ღვთის სიტყვის ძალას, ცხოვრებაში წარმატებები არ მოგვაკლდება. ახალ ქრისტიანულ პიროვნებად შემოსვა დაგვეხმარება, წინ აღვუდგეთ სატანის ეშმაკურ ხრიკებს.

20 პეტრე მოციქული შეგვახსენებს: „როგორც გამგონი შვილები, ნუ აჰყვებით ისეთ სურვილებს, რომლებიც წინათ . . . გქონდათ, არამედ ნებისმიერ საქციელში წმინდები იყავით“ (1 პეტ. 1:14, 15). ამგვარად უკან მოვიტოვებთ ძველ აზროვნებას და გარდავიქმნებით. შემდეგ სტატიაში ვისაუბრებთ, თუ როგორ ხდება ეს და რა კურთხევები სდევს თან ამ პროცესს.

^ აბზ. 18 იხილეთ 1994 წლის 1 აგვისტოს „საგუშაგო კოშკი“, გვერდი 9, აბზაცი 7.