არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) აგვისტო 2013

ყურადღებიანები ვიყოთ და გავამხნეოთ ერთმანეთი

ყურადღებიანები ვიყოთ და გავამხნეოთ ერთმანეთი

„ყურადღებიანები ვიყოთ, რათა წავახალისოთ ერთმანეთი სიყვარულისა და კარგი საქმეებისთვის“ (ებრ. 10:24).

1, 2. როგორ გადარჩა მეორე მსოფლიო ომის ბოლოს სასიკვდილო მარშის დროს 230 იეჰოვას მოწმე?

მეორე მსოფლიო ომი დამთავრდა; ნაცისტური რეჟიმი დაემხო. საკონცენტრაციო ბანაკებში მყოფი ათასობით ადამიანის განადგურების ბრძანება გაიცა. ბრძანების თანახმად, ზაქსენჰაუზენის პატიმრები პორტამდე უნდა მიეყვანათ, დაესვათ გემზე, რომელიც ზღვაში უნდა ჩაძირულიყო. ასე შემორჩა ისტორიას ცნობები არაერთი „სასიკვდილო მარშის“ შესახებ, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს განხორციელდა.

2 ზაქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკიდან 33 000 პატიმარი გერმანიის საპორტო ქალაქ ლიუბეკისკენ 250-კილომეტრიან გზას გაუყენეს. პატიმრებს შორის 230 იეჰოვას მოწმეც იყო. ისინი ექვსი სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ. შიმშილისა და ავადმყოფობის გამო პატიმრები ღონემიხდილნი მიუყვებოდნენ სასიკვდილო მარშს. როგორ გადაურჩნენ ჩვენი და-ძმები ამ საშინელებას? მოგვიანებით ერთ-ერთმა მათგანმა გაიხსენა: „ჩვენ არ ვწყვეტდით ერთმანეთის გამხნევებას და ასე ვაგრძელებდით გზას“. იეჰოვას მოწმეებმა ურთიერთსიყვარულით და ღვთის ძალის დახმარებით, ძალისა, „რომელიც ჩვეულებრივს აღემატება“, გადაიტანეს ეს ენით აუწერელი განსაცდელი (2 კორ. 4:7).

3. რატომ უნდა გავამხნეოთ ერთმანეთი?

3 დღეს ჩვენ პირდაპირი გაგებით სასიკვდილო მარშს არ მივუყვებით. თუმცა ცხოვრებაში უამრავ სხვა სირთულეს ვაწყდებით. 1914 წელს ღვთის სამეფოს დამყარების შემდეგ სატანა ზეციდან გადმოაგდეს. ის „დიდად განრისხებულია, რადგან იცის, რომ დრო ცოტაღა დარჩა“ (გამოცხ. 12:7—9, 12). რადგან ქვეყნიერების აღსასრული კარსაა მომდგარი და არმაგედონი დღითი დღე გვიახლოვდება, სატანა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ „არ მოგვაკლდეს“ განსაცდელები და წნეხი. ამგვარად ის ცდილობს, დაგვაკნინოს სულიერად. ამას თან ყოველდღიური საწუხარი და სადარდებელიც ემატება (იობ. 14:1; ეკლ. 2:23). ზოგჯერ ცხოვრებაში შექმნილი სირთულეები ძალებს გვაცლის და ვეღარ ვუმკლავდებით გულგატეხილობას. ასე დაემართა ერთ ძმას, რომელიც ათწლეულების მანძილზე არაერთი  მოსუსტებული და დათრგუნული ღვთის მსახურის გაჭირვების ტალკვესი იყო. მოხუცებულობისას მას და მის მეუღლეს ჯანმრთელობა სერიოზულად შეერყათ და ეს ძმა დიდ დარდსა და სევდას მიეცა. ერთი რამ უდავოა, ყველას გვჭირდება ურთიერთგამხნევება და იეჰოვას ძალა, „რომელიც ჩვეულებრივს აღემატება“.

4. თუ სხვების გამხნევება გვსურს, პავლე მოციქულის რომელი რჩევა უნდა მივიტანოთ გულთან ახლოს?

4 თუ გვსურს, რომ სხვების გამხნევების წყარო ვიყოთ, გულთან ახლოს უნდა მივიტანოთ პავლე მოციქულის მოწოდება, რომელიც ებრაელ ქრისტიანებს მისწერა: „ყურადღებიანები ვიყოთ, რათა წავახალისოთ ერთმანეთი სიყვარულისა და კარგი საქმეებისთვის. ნუ მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს, როგორც ზოგიერთებს სჩვევიათ, არამედ გავამხნეოთ ერთმანეთი და მით უფრო მეტად, რაც უფრო ვხედავთ იმ დღის მოახლოებას“ (ებრ. 10:24, 25). როგორ შეგვიძლია ამ მართლაც აზრიანი რჩევის გათვალისწინება?

ყურადღებიანები ვიყოთ ერთმანეთის მიმართ

5. რას ნიშნავს „ყურადღებიანები ვიყოთ ერთმანეთის მიმართ“ და როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს რჩევა?

5 სიტყვები „ყურადღებიანები ვიყოთ ერთმანეთის მიმართ“ ნიშნავს, „გავითვალისწინოთ სხვების საჭიროებები და ვიფიქროთ სხვებზე“. შეუძლებელია იფიქრო ადამიანის საჭიროებებზე, თუ სამეფო დარბაზში ყოფნისას მას უბრალოდ ესალმები ან უმნიშვნელო საკითხებზე საუბრებით შემოიფარგლები. რა თქმა უნდა, ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ სხვის საქმეში არ ჩავერიოთ და როგორც პავლეს ერთ-ერთ წერილში წერია, მივხედოთ ჩვენს საქმეს (1 თეს. 4:11; 1 ტიმ. 5:13). და მაინც, თუ გვინდა ჩვენი და-ძმების გამხნევება, გულწრფელად უნდა გვსურდეს მათი ახლოს გაცნობა; უნდა გავეცნოთ მათ ცხოვრებისეულ მდგომარეობას, უნდა ვიცოდეთ მათი თვისებები, ძლიერი და სუსტი მხარეები და მათი სულიერი მდგომარეობა. მათ თავიანთ მეგობრებად უნდა გვიგულონ და უნდა დაინახონ, თუ რაოდენ დიდი სიყვარული გაგვაჩნია ერთმანეთის მიმართ. ამისათვის საჭიროა, რომ მათთან ვიყოთ არა მხოლოდ ჭირში, არამედ ლხინშიც (რომ. 12:13).

6. რა დაეხმარება უხუცესს, ყურადღებიანი იყოს მისთვის მიბარებული სამწყსოს მიმართ?

6 უხუცესებს მოუწოდებენ, რომ მწყემსონ მათთვის მიბარებული ღვთის სამწყსო ხალისითა და გულმოდგინებით (1 პეტ. 5:1—3). როგორ შეძლებენ უხუცესები ამ საქმის პირნათლად შესრულებას, თუ კარგად არ იცნობენ მიბარებულ „ფარას“ (წაიკითხეთ იგავების 27:23). თუ კრების წევრები ხედავენ, რომ უხუცესები ნებისმიერ დროს არიან მზად მათ დასახმარებლად და თანაც აშკარად ჩანს, რომ „მწყემსს“ სიამოვნებს „ცხვართან“ ყოფნა, უფრო თამამად მივლენ მათთან დახმარების სათხოვნელად. ეს კი ხელს შეუწყობს იმას, რომ და-ძმები უფრო ღია და გახსნილები იქნებიან უხუცესებთან და უხუცესებიც, თავის მხრივ, შესაფერის დახმარებას აღმოუჩენენ თანამორწმუნეებს.

7. რა რეაქცია უნდა გვქონდეს დათრგუნული ადამიანის სიტყვებზე, როცა ის საუბრის დროს ვეღარ საზღვრავს, რას ამბობს?

7 პავლემ თესალონიკელების მიმართ მიწერილ წერილში თქვა: „მხარი დაუჭირეთ სუსტებს“ (წაიკითხეთ 1 თესალონიკელების 5:14 ). „დამწუხრებულ სულებზე“ ანუ გულგატეხილ ადამიანებზე ნამდვილად შეიძლება იმის თქმა, რომ ისინი სუსტები არიან. იგავების 24:10-ში ვკითხულობთ: „თუ გაჭირვების დროს გული გაგიტყდა, ძალა გამოგეცლება“. როცა ადამიანი ძლიერ დათრგუნულია, შეიძლება ვეღარ განსაზღვროს, რას ამბობს (იობ. 6:2, 3). როდესაც ვითვალისწინებთ ბიბლიურ პრინციპს, „ყურადღებიანები ვიყოთ“ ასეთი ადამიანების მიმართ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან ერთი მნიშვნელოვანი რამ: ამ დროს ადამიანმა შეიძლება თქვას ისეთი რამ, რასაც საერთოდ არ ფიქრობდა. ამის კარგი მაგალითია ერთი ჩვენი დის, რეიჩელის დედა, რომელიც ღრმა დეპრესიაში იყო. რეიჩელი გვიამბობს: „დედა ხშირად მიკლავდა გულს მწარე სიტყვებით. მაგრამ ასეთ მომენტებში მე ვცდილობდი, ყურადღება იმაზე გადამეტანა, თუ როგორი საყვარელი და კეთილი დედიკო  მყავს. ერთ რამეს მივხვდი: როცა ადამიანი დეპრესიაშია, ხშირად ისეთ რამეს ამბობს, რასაც არ ფიქრობს. ამ დროს ყველაზე საშინელება ის იქნებოდა, რომ ვინმეს სამაგიეროს გადახდაზე ეფიქრა, იქნება ეს სიტყვით თუ საქმით“. იგავების 19:11-ში ნათქვამია: „წვდომის უნარი ადამიანში რისხვას ანელებს, სხვისი დანაშაულისთვის გვერდის ავლა მშვენებაა კაცისთვის“.

8. განსაკუთრებით ვინ უნდა დავარწმუნოთ ჩვენს სიყვარულში და რატომ?

8 როგორ შეგვიძლია ყურადღებიანები ვიყოთ დათრგუნული ადამიანის მიმართ, რომელსაც წარსულში ჩადენილი ცოდვის გამო ჯერ კიდევ სირცხვილის გრძნობა სტანჯავს და გულდამძიმებულია, მიუხედავად იმისა, რომ ახლა უკვე ღვთის მოსაწონად იქცევა? კორინთში მცხოვრებ ერთ მომნანიე შემცოდველზე პავლე წერდა: „მთელი გულით უნდა აპატიოთ ასეთ კაცს და ანუგეშოთ იგი, რათა მეტისმეტმა ნაღველმა არ შთანთქოს. ამიტომ შეგაგონებთ, რომ თქვენს სიყვარულში დაარწმუნოთ იგი“ (2 კორ. 2:7, 8). ერთ-ერთი ლექსიკონის თანახმად, სიტყვა „დარწმუნება“ ნიშნავს რაღაცის დადასტურებას და დაკანონებას. არ უნდა ვიფიქროთ, რომ ადამიანი ისედაც მიხვდება, რომ გვიყვარს და ვწუხვართ მასზე; მან ეს ჩვენს სიტყვებსა და საქციელში უნდა დაინახოს.

„წავახალისოთ . . . სიყვარულისა და კარგი საქმეებისთვის“

9. როგორ შეგვიძლია „წავახალისოთ ერთმანეთი სიყვარულისა და კარგი საქმეებისთვის“?

9 „ყურადღებიანები ვიყოთ, რათა წავახალისოთ ერთმანეთი სიყვარულისა და კარგი საქმეებისთვის“, — წერდა პავლე. ჩვენ უნდა ვუბიძგოთ თანაქრისტიანებს, გამოავლინონ სიყვარული და აკეთონ კარგი საქმეები. როცა ცეცხლი ქრება, ნაკვერჩხლის გამოჩხრეკა და სულის შებერვაა საჭირო, ცეცხლი კვლავ რომ გაჩაღდეს (2 ტიმ. 1:6). შეგვიძლია გულითადად წავახალისოთ ჩვენი ძმები და დები, რათა გაუღვივდეთ ღვთისა და მოყვასის სიყვარული. რაც შეეხება გულწრფელ და დროულ შექებას, მას მართლაც შეუძლია ადამიანის კარგი საქმეებისკენ აღძვრა.

იმსახურეთ ერთად

10, 11. ა) ვის სჭირდება გამხნევება? ბ) მაგალითის მეშვეობით ახსენით, თუ როგორ შეიძლება შექება დაეხმაროს ადამიანს, რომელმაც მცდარი ნაბიჯი გადადგა.

10 შექება ყველას გვჭირდება, მნიშვნელობა არ აქვს, გულგატეხილები ვართ თუ არა. ერთი უხუცესი ამბობს: „ცხოვრებაში მამაჩემს ერთხელაც არ შევუქივარ. ამიტომ ბავშვობიდან  საკუთარი თავის რწმენა მაკლდა . . . მართალია, უკვე 50 წლისა ვარ, მაგრამ ძალიან მსიამოვნებს, როცა მეგობრები მაქებენ და მეუბნებიან, რომ როგორც უხუცესი კარგ საქმეს ვაკეთებ . . . საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, რამხელა მნიშვნელობა აქვს თბილ და ლაზათიან სიტყვებს, ამიტომ შესაძლებლობას არ ვუშვებ ხელიდან, რომ სხვები შევაქო“. შექება ძალებს მატებს ხანდაზმულებს და გულგატეხილებს; ის სტიმულს აძლევს პიონერებს (რომ. 12:10).

11 როდესაც პასუხისმგებელი ძმები ცდილობენ იმ ადამიანის გამოსწორებას, რომელმაც მცდარი ნაბიჯი გადადგა, სიყვარულით მიცემულ რჩევას და შესაფერის შექებას შეუძლია ეს ადამიანი, ასე ვთქვათ, შემოაბრუნოს კარგი საქმეებისკენ (გალ. 6:1). ამ სიტყვების ჭეშმარიტებას ადასტურებს და მირიამის შემთხვევა. ის ჰყვება: „საშინელ მდგომარეობაში ჩავვარდი, როდესაც ჩემმა ახლო მეგობრებმა შეხვედრებზე სიარული შეწყვიტეს, თანაც იმ დროს, როცა მამაჩემს ტვინში სისხლის ჩაქცევა დაემართა. დეპრესიიდან რომ გამოვსულიყავი, დავუმეგობრდი ახალგაზრდა ბიჭს, რომელიც ჩემს რწმენას არ იზიარებდა“. ამ ყველაფრის გამო მირიამი იეჰოვას სიყვარულის ღირსად არ თვლიდა თავს და ღვთის ორგანიზაციიდან წასვლაზე ფიქრობდა. როდესაც უხუცესმა შეახსენა მას, თუ როგორ მსახურობდა ის ადრე გულმოდგინედ, ამან მის გრძნობებზე ძალიან იმოქმედა. ფაქტობრივად, მან უხუცესებს საშუალება მისცა, დაერწმუნებინათ იმაში, რომ იეჰოვას ის ძალიან, ძალიან უყვარდა. საბედნიეროდ, მას ხელახლა ჩაეღვარა გულში იეჰოვას სიყვარული. ცოტა ხანში ის მეგობარ ბიჭსაც დაშორდა და კვლავ ერთგულად შეუდგა ღვთის მსახურებას.

წაახალისეთ სიყვარულისა და კარგი საქმეებისკენ

12. რა მოხდება, თუ შემცოდველს გავაკრიტიკებთ, დავადანაშაულებთ ან შევარცხვენთ?

12 უტაქტო შედარებებით ადამიანის შერცხვენამ, კრიტიკამ და იმაში დადანაშაულებამ, რომ სულიერ საკითხებში ზარმაცობს, შეიძლება მოიტანოს გარკვეული შედეგი, ოღონდ ეს იქნება ხანმოკლე. აი თანაქრისტიანების შექებას და მათში ღვთის სიყვარულის გაღვივებას კი ხანგრძლივი და ძალიან კარგი შედეგი მოაქვს (წაიკითხეთ ფილიპელების 2:1—4 ).

გაამხნევეთ ერთმანეთი

13. რა იგულისხმება სხვების გამხნევებაში? (იხილეთ სურათი მე-18 გვერდზე)

13 ჩვენ უნდა „გავამხნეოთ ერთმანეთი . . . მით უფრო მეტად, რაც უფრო ვხედავთ იმ დღის მოახლოებას“. სხვების გამხნევებაში იგულისხმება მათთვის სტიმულის მიცემა, რომ არ ჩაუქრეთ ღვთის მსახურების სურვილი. სიყვარულისა და კარგი საქმეებისკენ წახალისება შეიძლება შევადაროთ ნაკვერჩხლის გამოჩხრეკას, ხოლო გამხნევება — ცეცხლზე შეშის დამატებას. გამხნევება ნიშნავს გულგატეხილების გაძლიერებას და ნუგეშისცემას. როცა ასეთი ადამიანის გამხნევების შესაძლებლობა მოგვეცემა, მას თბილად და თავაზიანად უნდა ვესაუბროთ (იგავ. 12:18). უფრო მეტიც, ჩვენ სწრაფი უნდა ვიყოთ მოსმენაში და ნელი — სიტყვაში (იაკ. 1:19). თუ თანაგრძნობით მოვუსმენთ ჩვენს თანამორწმუნეს, უფრო უკეთ გავიგებთ, რა სიტუაციები უტეხს მას გულს და შესაბამისად ისეთ რამეს ვეტყვით, რაც მას ამ გარემოებებთან გამკლავებაში დაეხმარება.

ისიამოვნეთ კარგ საზოგადოებასთან ურთიერთობით

14. როგორ დაეხმარა უხუცესი ერთ გულგატეხილ ძმას?

14 ვნახოთ, როგორ დაეხმარა უხუცესი  ერთ ძმას, რომელიც წლების განმავლობაში სულიერად მოსუსტებული იყო. როდესაც უხუცესმა გულისყურით მოუსმინა ძმას, მიხვდა, რომ მას ჯერ კიდევ არ ჰქონდა ღვთის სიყვარული განელებული. ეს ძმა ადრე გულმოდგინედ იკვლევდა „საგუშაგო კოშკის“ თითოეულ ნომერს და რეგულარულად ესწრებოდა კრების შეხვედრებს. მაგრამ კრებაში ზოგიერთი თანამორწმუნის საქციელმა გააწბილა და უფრო მეტიც გაამწარა კიდეც. უხუცესმა თანაგრძნობით მოუსმინა, არ გააკრიტიკა და საუბარში მისი და მისი ოჯახის მიმართ სიყვარული და მზრუნველობა გამოხატა. დროთა განმავლობაში ეს ძმა მიხვდა, რომ წარსულში მომხდარმა არასასიამოვნო შემთხვევებმა მას დაუკარგეს ღვთის მსახურების სურვილი, ღვთისა, რომელიც ასე ძალიან უყვარდა. უხუცესი ამით არ დაკმაყოფილებულა; მან ძმას მსახურებაც დაუგეგმა. მისი დახმარებით, ეს დაკარგული ცხვარი ძველებური შემართებით შეუდგა ღვთის მსახურებას და კვლავ უხუცესად დაინიშნა.

მოთმინებით მოუსმინეთ მათ, ვისაც გამხნევება სჭირდება (იხილეთ მე-14 და მე-15 აბზაცები)

15. რის სწავლა შეგვიძლია იეჰოვასგან, როცა საქმე გულგატეხილების გამხნევებას ეხება?

15 ჩვენს მცდელობას, გავამხნეოთ გულგატეხილი ადამიანები, შეიძლება მალევე არ მოჰყვეს შედეგი. ამიტომ მოთმინება გვმართებს, რომ უკან არ დავიხიოთ. პავლემ თქვა: „მხარი დაუჭირეთ სუსტებს, სულგრძელნი იყავით ყველას მიმართ“ (1 თეს. 5:14). სწრაფადვე არ უნდა ჩამოვუშვათ ხელები და ერთი-ორი მცდელობით არ უნდა შემოვიფარგლოთ. იეჰოვა მოთმინებით ეპყრობოდა თავის მსახურებს, როცა ისინი დროდადრო გულგატეხილები იყვნენ. მაგალითად, ღმერთი ელიას ძალიან თბილად და კეთილად ექცეოდა და ითვალისწინებდა მის გრძნობებს. იეჰოვამ წინასწარმეტყველი სასწაულებრივად დააპურა, რამაც მას მსახურების გაგრძელების შესაძლებლობა მისცა (1 მეფ. 19:1—18). სხვა დროს, როცა დავითმა გულწრფელად მოინანია, იეჰოვამ აპატია (ფსალმ. 51:7, 17). ღმერთი ასევე დაეხმარა 73-ე ფსალმუნის დამწერს, რომელმაც კინაღამ გადაუხვია ჭეშმარიტების გზიდან (ფსალმ. 73:13, 16, 17). იეჰოვა ჩვენც თბილად და კეთილად გვეპყრობა, განსაკუთრებით მაშინ, როცა დადარდიანებულნი და ღონემიხდილნი ვართ (გამ. 34:6). მისი სიკეთე „ყოველ დილით ახლდება“ და „უსასრულოა მისი წყალობა“ (გოდ. 3:22, 23). იეჰოვა მოელის ჩვენგან, რომ მივყვეთ მის მაგალითს და ფაქიზად მოვექცეთ დათრგუნულთ და დეპრესიაში მყოფთ.

გავამხნეოთ ერთმანეთი, რათა დავრჩეთ სიცოცხლის გზაზე

16, 17. რას უნდა ვესწრაფოთ, რაც უფრო ახლოვდება ის დღე და რატომ?

16 ზაქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკიდან „გათავისუფლებული“ 33 000 პატიმრიდან ათასებმა დაასრულეს სიცოცხლე ამ ავადსახსენებელი „სასიკვდილო მარშის“ დროს. თუმცა მათ შორის მყოფი 230 იეჰოვას მოწმიდან არც ერთი არ დაღუპულა. ურთიერთგამხნევებისა და მხარდაჭერის წყალობით სასიკვდილო მარში ამ პატარა ჯგუფისთვის გადარჩენის მარშად იქცა.

17 დღეს ჩვენ ვადგავართ გზას, რომელსაც „სიცოცხლემდე მიჰყავს“ მასზედ მავალნი (მათ. 7:14). მალე, ყველა იეჰოვას თაყვანისმცემელი სამართლიან ახალ ქვეყნიერებაში შეაბიჯებს (2 პეტ. 3:13). მოდი, შევეხიდოთ ერთმანეთს და ასე ხელიხელჩაკიდებულებმა ვიაროთ ბილიკზე, რომლის ბოლოც მარადიული სიცოცხლეა!