წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) აგვისტო 2013

მშობლებო, ჩვილობიდანვე აღზარდეთ შვილები

მშობლებო, ჩვილობიდანვე აღზარდეთ შვილები

ბიბლიაში ვკითხულობთ: „შვილები — მემკვიდრეობა იეჰოვასგან, ჯილდოა მუცლის ნაყოფი“ (ფსალმ. 127:3). რა თქმა უნდა, ენით გამოუთქმელია ის სიხარული, რასაც მშობელი შვილის დაბადებისას გრძნობს და განიცდის.

ბავშვის დაბადებისას მშობლები სიხარულთან ერთად დიდ პასუხისმგებლობასაც გრძნობენ. იმისათვის, რომ ბავშვი ჯანმრთელი გაიზარდოს, აუცილებელია კარგი კვება და ნოყიერი საზრდო. მსგავსადვე, ბავშვი ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში მყარად რომ იდგეს, ესაჭიროება სულიერი საზრდო და ხელმძღვანელობა მშობლებისგან, რომლებიც მას ღვთის პრინციპებს ჩაუნერგავენ (იგავ. 1:8). როდის უნდა დაიწყონ მშობლებმა ბავშვების სულიერი აღზრდა და რა შედის ამაში?

 ღვთის დახმარების გარეშე რთულია

ვნახოთ ძველ ისრაელში ქალაქ ცორაში მცხოვრები მანოახის შემთხვევა, რომელიც დანის საგვარეულოდან იყო. იეჰოვას ანგელოზმა მანოახის უშვილო ცოლს შეატყობინა, რომ ბავშვი ეყოლებოდა (მსაჯ. 13:2, 3). რა თქმა უნდა, ეს ამბავი ძალიან დიდ სიხარულს მოჰგვრიდა ღვთის ერთგულ მანოახსა და მის მეუღლეს. თუმცა ისინი ერთ რამეზე წუხდნენ; მათი წუხილი მანოახის ლოცვაში ჩანს: „მაპატიე, იეჰოვა, მაგრამ იქნებ ის ჭეშმარიტი ღვთის კაცი, შენ რომ გამოგზავნე, კიდევ მოვიდეს და გვასწავლოს, რა ვუყოთ ბავშვს, რომელიც დაიბადება“ (მსაჯ. 13:8). მანოახი და მისი მეუღლე იმაზე ფიქრობდნენ, თუ როგორ აღეზარდათ ბავშვი. ისინი თავიანთ ვაჟს, სამსონს, ასწავლიდნენ ღვთის კანონს. მათ ძალისხმევას უკვალოდ არ ჩაუვლია. ბიბლიაში წერია: „დაიწყო იეჰოვას სულმა . . . [სამსონზე] მოქმედება“. შედეგი ის იყო, რომ სამსონმა, რომელიც ისრაელის ერთ-ერთი მსაჯული გახდა, მრავალი ძლევამოსილი საქმე მოიმოქმედა (მსაჯ. 13:25; 14:5, 6; 15:14, 15).

მანოახი ღმერთს სთხოვდა დახმარებას შვილის აღზრდაში

როდიდან უნდა დაიწყონ მშობლებმა შვილების აღზრდა? ტიმოთეს წმინდა წერილებს „ჩვილობიდანვე“ ასწავლიდნენ დედა და ბებია (2 ტიმ. 1:5; 3:15). დიახ, ტიმოთეს ღვთის მსახურად პატარაობიდანვე ზრდიდნენ.

ნამდვილად ბრძნული იქნება, თუ ქრისტიანი მშობლები გამუდმებით ილოცებენ და ღმერთს ხელმძღვანელობას სთხოვენ, რათა წარმატებით აღზარდონ ბავშვი ჩვილობიდანვე; ამასთანავე, კარგი იქნება, თუ მშობლები წინასწარ დაგეგმავენ ბევრ რამეს. „მუყაითის გეგმები წარმატებულია“, — წერია იგავების 21:5-ში. ბავშვის დაბადებამდე ცხადია, მშობლები საგულდაგულოდ ემზადებიან. მათ შესაძლოა, ბავშვისთვის საჭირო ნივთების სიაც კი შეადგინონ. ასევე მნიშვნელოვანია, იფიქრონ იმაზეც, თუ როგორ იზრუნებენ შვილის სულიერობაზე ჩვილობიდანვე. მათ ამ მიზნის განხორციელება ბავშვის დაბადებიდანვე უნდა დაიწყონ.

ერთ-ერთ წიგნში, რომელიც ბავშვის აღზრდასა და განვითარებას ეხება, წერია: „ბავშვის გონებრივად ჩამოყალიბება ინტენსიურად მიმდინარეობს დაბადებიდან თვეების განმავლობაში. ამ დროს სინაფსების ანუ კავშირების რაოდენობა, რომლებიც სწავლის პროცესს უწყობს ხელს, 20-ჯერ იზრდება“ (Early Childhood Counts — A Programming Guide on Early Childhood Care for Development). ნამდვილად შედეგიანი იქნება, თუ მშობლები ამ ხანმოკლე პერიოდში ბავშვებს გონებაში სულიერ სწავლებებსა და ფასეულობებს ჩაუნერგავენ.

ერთი დედა, რომელიც სრული დროით მსახურობს, თავის პატარა გოგონაზე ასეთ რამეს ამბობს: „ჩემი პატარა ერთი თვისაც არ იყო, როცა უკვე მსახურებაში დამყავდა. მართალია, ვერაფერს ხვდებოდა, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ ამ ყველაფერს უკვალოდ არ ჩაუვლია. ცოტა ხანში, როცა ორი წლის გახდა, უკვე თამამად სთავაზობდა ტრაქტატებს მსახურებაში ხალხს“.

ბავშვის ადრიდანვე აღზრდას კარგი შედეგი მოაქვს. თუმცა მშობლებმა იციან, რომ შვილის სულიერი განსწავლა არ არის იოლი საქმე.

„გამოისყიდეთ . . . ხელსაყრელი დრო“

ერთ-ერთი სირთულე, რასაც მშობლები აწყდებიან არის ის, რომ ბავშვები მოუსვენრები არიან და ყურადღება ადვილად ეფანტებათ. გარდა ამისა, ბავშვი ცნობისმოყვარეა და ცდილობს, გაიგოს ყველაფერი, რაც მის ირგვლივ ხდება. რა უნდა გააკეთონ მშობლებმა, რომ შვილებმა ყურადღებით მოუსმინონ მათ, როცა რაღაცას ასწავლიან?

დავფიქრდეთ, რა თქვა მოსემ. ეს სიტყვები ჩაწერილია კანონის 6:6, 7-ში: „გულში ჩაიბეჭდე სიტყვები, რომლებსაც დღეს გიბრძანებ; ჩააგონე შენს ვაჟს და ელაპარაკე მათზე სახლში ჯდომისას, გზაზე სიარულისას, დაწოლისას და ადგომისას“. სიტყვა „ჩააგონე“ ერთი და იმავე აზრის ხშირად გამეორებას ნიშნავს. ბავშვი ნორჩ ხეს ჰგავს, რომელსაც გამუდმებით ესაჭიროება მორწყვა. დიახ, გამეორება ცოდნის დედაა და ეს ასეა პირველ რიგში ბავშვის შემთხვევაში.

მშობლებმა ბავშვებს ღვთის სიტყვა რომ ასწავლონ, საჭიროა, მათთან ერთად გაატარონ დრო. დღეს ისეთი ჩქარი ტემპით მიდის ცხოვრება, რომ დროის გამოყოფა მართლაც ძნელია. მაგრამ მოციქულმა პავლემ გვირჩია, გამოგვესყიდა დრო ქრისტიანული საქმეებისთვის (ეფეს. 5:15, 16). ერთი უხუცესი, რომლის ცოლიც სრული დროით მსახურობს, ამბობს, რომ ადვილი არ არის, ერთი მხრივ ბავშვის აღზრდისა და მეორე მხრივ თეოკრატიული საქმეებისა და სამსახურის გაწონასწორება. როგორ ახერხებენ ისინი დროის გამოყოფას თავიანთი ქალიშვილისთვის? ოჯახისთავი ამბობს: «დილაობით სამსახურში  წასვლამდე ჩვენს გოგონას ვუკითხავთ ხოლმე ყოველდღიურ მუხლს ან პატარა მონაკვეთს „ბიბლიური მოთხრობებიდან“. საღამოს ისე არ ვიძინებთ, რომ კიდევ რაღაც არ წავუკითხოთ და არც მსახურებაში დავდივართ მის გარეშე. მე და ჩემი მეუღლე ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ბავშვის ეს ადრეული წლები».

შვილები, როგორც ისრები

რა თქმა უნდა, ძალიან გვსურს, რომ ჩვენი შვილები პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ადამიანებად აღიზარდონ. თუმცა ჩვენი უმთავრესი მიზანი მათ გულებში ღვთის სიყვარულის ჩანერგვაა (მარ. 12:28—30).

ფსალმუნის 127:4 ამბობს: „როგორც ისრები ძლიერი კაცის ხელში, ისე არიან სიყრმის შვილები“. მართლაც, დიდი ყურადღებაა საჭირო იმისათვის, რომ შვილები, როგორც ისრები, სწორი მიმართულებით „გავტყორცნოთ“. მშვილდოსანი უკან ვერასოდეს დაიბრუნებს ნატყორცნ ისარს. მშობლებს „ისრები“ ანუ თავიანთი შვილები მხოლოდ მცირე ხნით უჭირავთ ხელში. მათ ეს ხანმოკლე პერიოდი იმისათვის უნდა გამოიყენონ, რომ შვილებს ღვთის სიტყვა ჩაუნერგონ გულსა და გონებაში.

სულიერ შვილებზე საუბრისას იოანე მოციქული წერდა: „არა მაქვს მადლიერების უფრო დიდი მიზეზი, ვიდრე იმის მოსმენა, რომ ჩემი შვილები ჭეშმარიტებაში დადიან“ (3 იოან. 4). ქრისტიან მშობლებსაც აღმოხდებათ მსგავსი მადლიერების სიტყვები, როცა დაინახავენ, რომ მათი „შვილები ჭეშმარიტებაში დადიან“.