არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) აგვისტო 2013

ელისემ დაინახა ცეცხლოვანი ეტლები, თქვენც ხედავთ?

ელისემ დაინახა ცეცხლოვანი ეტლები, თქვენც ხედავთ?

სირიის მეფეს ღვთის წინასწარმეტყველის ელისეს ხელში ჩაგდება სურდა. მან შეიტყო, რომ ის მთაზე გაშენებულ გალავნიან ქალაქ დოთანში იყო. ღამით მეფემ ქალაქში ჯარი გაგზავნა ცხენებითა და ეტლებით. გამთენიისას შეიარაღებულმა ჯარმა ქალაქს ალყა შემოარტყა (2 მეფ. 6:13, 14).

ელისეს მსახურმა გაიღვიძა, გარეთ გავიდა და რას ხედავს?! წინასწარმეტყველის შესაპყრობად ირგვლივ მთელი ურდო დაბანაკებულა. „ვაიმე, ჩემო ბატონო! რა ვქნათ?!“, — შესძახა შეშინებულმა. „ნუ გეშინია, ჩვენთან უფრო მეტნი არიან, ვიდრე მათთან“, — დაამშვიდა ელისემ. ელისე ლოცულობს: „იეჰოვა, აუხილე თვალი, რომ დაინახოს!“. შემდეგ ბიბლიაში ვკითხულობთ: „აუხილა იეჰოვამ მსახურს თვალი და მანაც დაინახა: მთები ელისეს ირგვლივ ცეცხლოვანი ცხენებითა და საომარი ეტლებით იყო სავსე“ (2 მეფ. 6:15—17). რის სწავლა შეგვიძლია ელისეს თავსგადამხდარი ამ და სხვა მოვლენებიდან?

იმ რთულ წუთებში ელისეს სიმშვიდე არ დაუკარგავს, რადგან ენდობოდა იეჰოვას და ხედავდა მის მფარველ ძალას. მართალია, ჩვენ არ ველით, რომ ღმერთი დღეს სასწაულებს მოახდენს, მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით ვიცით: იეჰოვა თავის ხალხს, როგორც ჯგუფს მფარველობს; ეს ისეა, თითქოს „ცეცხლოვანი ეტლებითა და ცხენებით“ ჰყავდეს გარშემორტყმულნი. თუ მათ რწმენის თვალით შევხედავთ და ყოველთვის მივენდობით ღმერთს, ვიცხოვრებთ უსაფრთხოდ და საკუთარ თავზე გამოვცდით იეჰოვას კურთხევებს (ფსალმ. 4:8). მოდი, ახლა შევიხსენოთ ელისეს ცხოვრებაში მომხდარი სხვა შემთხვევებიც.

ელისე ხდება ელიას მსახური

ერთხელ ელისე მიწას ხნავდა; მივიდა მასთან წინასწარმეტყველი ელია და მოსასხამი გადაუგდო. ელისე მაშინვე მიხვდა, რაშიც იყო საქმე. ამის შემდეგ მან ნადიმი გამართა, დედ-მამას გამოემშვიდობა, დატოვა სახლ-კარი და ელიას გაჰყვა, რათა მომსახურებოდა (1 მეფ. 19:16, 19—21). რაკიღა ელისე მყისვე გამოეხმაურა ელიას მოწოდებას და ბოლომდე გადადო თავი ღვთის მსახურებისთვის, ის ღვთის ხელში საუკეთესო „იარაღად“ იქცა და საბოლოოდ, ელიას მემკვიდრედ მოგვევლინა.

 ელისე ელიას დაახლოებით ექვსი წელი ემსახურებოდა. ბიბლიაში წერია, რომ ის „ელიას უსხამდა წყალს ხელზე“ (2 მეფ. 3:11). იმ დროს ხალხი საჭმელს დანა-ჩანგლისა და სხვა სუფრის იარაღების გარეშე ხელით მიირთმევდა. მოსამსახურე ჭამის შემდეგ თავის ბატონს ხელებს აბანინებდა. ასე რომ, ელისეს ზოგიერთი დავალება უმნიშვნელო, მოსამსახურისთვის ჩვეული საქმე იყო. თუმცა ის ელიას მსახურად ყოფნას დიდ პატივად თვლიდა.

დღესაც ბევრი ქრისტიანი სრული დროით მსახურების სხვადასხვა სფეროშია ჩართული. ამის კეთებისკენ მათ აღძრავთ რწმენა და იმის დაუცხრომელი სურვილი, რომ მთელი ენერგია ღვთის მსახურებას შეალიონ. ზოგს ამისთვის სახლების დატოვებაც კი მოუწია; ზოგიერთი ბეთელში მსახურობს, ზოგი სამშენებლო პროექტებში მონაწილეობს; არის ასევე სრული დროით მსახურების სხვა სფეროებიც, რაც ბევრისთვის შეიძლება არაპრესტიჟული საქმე იყოს. არც ერთმა ქრისტიანმა არ უნდა ჩათვალოს ასეთი მსახურება უმნიშვნელოდ ან დამამცირებლად, რადგან ის იეჰოვასთვის ძალიან ძვირფასია (ებრ. 6:10).

ელისე ერთგულობს თავის დავალებას

ვიდრე იეჰოვა ქარიშხლით ზეცად აიყვანდა ელიას, ის გილგალიდან ბეთელში გაგზავნა. ელიამ ელისეს სთხოვა, არ გაჰყოლოდა, დარჩენილიყო, მაგრამ მან უპასუხა: „არ მიგატოვებ“. მგზავრობისას ელიამ კიდევ ორჯერ უთხრა ელისეს, არ გაჰყოლოდა, მაგრამ ის მაინც თავისაზე იდგა (2 მეფ. 2:1—6). როგორც ერთ დროს რუთს არ მიუტოვებია ნაომი, ისე ელისე არ მოშორებია გვერდიდან ელიას (რუთ. 1:8, 16, 17). ფაქტია, ელისე ძალიან აფასებდა ღვთისგან მიღებულ ძვირფას დავალებას, მომსახურებოდა ელიას.

ელისე მართლაც რომ ბრწყინვალე მაგალითია ჩვენთვის. ღვთის ორგანიზაციაში მიღებულ დავალებას იმ შემთხვევაში დავაფასებთ, თუ გვემახსოვრება, რომ ამით იეჰოვას ვემსახურებით. ნამდვილად არ არსებობს ღვთის მსახურებაზე დიდი პატივი ამქვეყნად! (ფსალმ. 65:4; 84:10).

„მთხოვე, რა გაგიკეთო“

მგზავრობის დროს ელიამ უთხრა ელისეს: „მთხოვე, რა გაგიკეთო, სანამ შენთან ვარ“. ელისემ მას ისეთი რამ სთხოვა, რაც წლების წინ სოლომონმა იეჰოვას — სულიერი განძი. ელისემ ელიას სთხოვა, რომ მისი სულის ორი წილი გადასულიყო მასზე (1 მეფ. 3:5, 9; 2 მეფ. 2:9). ისრაელში წესად იყო დადგენილი, რომ ოჯახში პირმშოს მემკვიდრეობის ორმაგი წილი უნდა მიეღო (კან. 21:15—17). რეალურად, ამით ელისემ წინასწარმეტყველს სთხოვა, რომ ის ეღიარებინა თავის სულიერ მემკვიდრედ. უფრო მეტიც, მას სურდა, რომ ელიას გაბედულების სული მასზეც გადმოსულიყო — ელიასი, რომელზეც ბიბლია ამბობს, რომ „იეჰოვას მოშურნე“ კაცი იყო (1 მეფ. 19:13, 14).

როგორ უპასუხა ელიამ თავის მსახურს? მან უთხრა: „ძნელ საქმეს ითხოვ. თუ წაყვანისას თვალს მომკრავ, აგისრულდება, და თუ ვერა, არ აგისრულდება“ (2 მეფ. 2:10). სავარაუდოდ, ელიას პასუხს ორი მნიშვნელობა ჰქონდა. პირველი ის, რომ მხოლოდ ღმერთს შეეძლო, გადაეწყვიტა, შეუსრულებდა თუ არა ელისეს სათხოვარს და მეორე, თუ მას თხოვნა შეუსრულდებოდა, რაც არ უნდა მომხდარიყო, ელიას გვერდით უნდა ყოფილიყო.

რა დაინახა ელისემ

რას ფიქრობდა ღმერთი ელისეს თხოვნაზე ორმაგი წილის შესახებ? ბიბლიაში ვკითხულობთ: „ერთად მიდიოდნენ და თან ლაპარაკობდნენ, როცა ცეცხლოვანი საომარი ეტლი და ცეცხლის ცხენები გამოჩნდნენ და დააშორეს ისინი ერთმანეთს; ქარიშხალმა ზეცაში აიყვანა ელია. ხედავდა ამას ელისე“. * ეს იყო იეჰოვას პასუხი ელისეს თხოვნაზე. ელისემ დაინახა, როგორ აიყვანა ქარიშხალმა ზეცაში ელია. ამგვარად მან მიიღო წინასწარმეტყველის ორი წილი და გახდა მისი სულიერი მემკვიდრე (2 მეფ. 2:11—14).

ელისემ მოისხა მოსასხამი, რომელიც ელიას დაუვარდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ის უკვე ღვთის წინასწარმეტყველი გახდა. ის, რომ ელისე ნამდვილად ღვთის წინასწარმეტყველი იყო, მოგვიანებით მისივე სასწაულით დადასტურდა, როცა მან მდინარე იორდანე ორად გაყო.

ცხადია, ელისეზე ძალიან დიდ შთაბეჭდილებას მოახდენდა ელიას ქარიშხლით ზეცად ატაცება. ის, რაც ელისემ იხილა, მისდამი იეჰოვას კეთილგანწყობის მაჩვენებელი იყო. დღეს, როდესაც ღმერთი გვპასუხობს ლოცვებზე, ჩვენ არ ვხედავთ „ცეცხლოვან საომარ ეტლსა და ცეცხლის ცხენებს“. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია იმის დანახვა, თუ როგორ იყენებს ღმერთი ჩვენსავე დასარწმუნებლად უზარმაზარ ძალას, რათა შეასრულოს თავისი ნება. როდესაც ვაკვირდებით, თუ როგორ აკურთხებს იეჰოვა თავისი ორგანიზაციის მიწიერ ნაწილს,  რეალურად, „ვხედავთ“, რომ მისი ზეციერი ეტლი მუდმივად მოძრაობს (ეზეკ. 10:9—13).

ელისეს არაერთი შემთხვევა გადახდა თავს, რითაც დარწმუნდა, რომ იეჰოვა უაღმატებულეს ძალას ფლობს. ღვთის სულის დახმარებით მან 16 სასწაული მოახდინა, ორჯერ მეტი, ვიდრე წინასწარმეტყველმა ელიამ. * მეორედ ელისემ ცეცხლოვანი ცხენები და საომარი ეტლები თავის მსახურთან ერთად დოთანში იხილა, რომლის შესახებაც სტატიის დასაწყისში ვისაუბრეთ.

ელისე ენდობოდა იეჰოვას

რატომ იყო ელისე მშვიდად მაშინ, როცა ქალაქ დოთანის მისადგომებთან მტერი იყო დაბანაკებული? იმიტომ, რომ მას დიდი რწმენა ჰქონდა და ენდობოდა იეჰოვას. ჩვენც გვესაჭიროება ასეთი რწმენა. ამიტომ მოდი, ვილოცოთ და ღმერთს წმინდა სული ვთხოვოთ, რომ გამოვავლინოთ რწმენა და სულის ნაყოფის სხვა თვისებები (ლუკ. 11:13; გალ. 5:22, 23).

დოთანში მომხდარმა შემთხვევამ კიდევ უფრო გაუძლიერა ელისეს იეჰოვასა და მისი უხილავი ლაშქრისადმი ნდობა, რომლითაც ღმერთი თავის ხალხს იცავს. წინასწარმეტყველი მიხვდა, რომ ღმერთმა ზეციერი ლაშქარი ქალაქისა და მის ირგვლივ დაბანაკებული მტრის გარშემო განალაგა. ღმერთმა დააბრმავა მტერი და ასე სასწაულებრივად გადაარჩინა ელისე და მისი მსახური (2 მეფ. 6:17—23). ამ ძნელბედობის ჟამს ელისემ გამოავლინა რწმენა და სრულად მიენდო იეჰოვას; თუმცა ეს არ ყოფილა ერთადერთი შემთხვევა, როცა ის მიენდო გამჩენს.

მოდი, ჩვენც მივენდოთ ჩვენს ღმერთს ისე, როგორც ელისე ენდობოდა (იგავ. 3:5, 6). ამგვარ ნდობას ღმერთი უყურადღებოდ არ დატოვებს, „წყალობას გამოავლენს ჩვენდამი და გვაკურთხებს“ (ფსალმ. 67:1). მართალია, ჩვენ პირდაპირი გაგებით ცეცხლოვანი ცხენებითა და ეტლებით არა ვართ გარშემორტყმულნი, მაგრამ მოსალოდნელი დიდი გასაჭირის დროს იეჰოვა დაგვიცავს როგორც მსოფლიო საძმოს (მათ. 24:21; გამოცხ. 7:9, 14). მანამდე კი ყოველთვის გვახსოვდეს ერთი რამ: „ღმერთია ჩვენი თავშესაფარი“ (ფსალმ. 62:8).

^ აბზ. 16 ელია არ ასულა ზეცაში, იმ სულიერ სამყოფელში, სადაც მკვიდრობენ იეჰოვა და მისი ანგელოზები (დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ 1997 წლის 15 სექტემბრის „საგუშაგო კოშკი“, გვერდი 15).

^ აბზ. 19 იხილეთ 2005 წლის 1 აგვისტოს „საგუშაგო კოშკი“, გვერდი 11.