წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) აგვისტო 2013

განიწმინდეთ!

განიწმინდეთ!

„განიბანეთ, განიწმინდეთ“ (1 კორ. 6:11).

1. რა სავალალო მდგომარეობა დახვდა ნეემიას, როცა იერუსალიმში დაბრუნდა? (იხილეთ ამავე გვერდზე მოცემული სურათი)

ქალაქში შექმნილი ვითარების გამო იერუსალიმის მკვიდრნი აფორიაქებულნი ერთმანეთში ბჭობენ. უცხო ღმერთის თაყვანისმცემელი იეჰოვას ტაძრის ოთახში დგას. ლევიანებს საერთოდ მიტოვებული აქვთ თავიანთი საქმე ტაძარში. უხუცესებმა სულ დაივიწყეს ღვთის კანონები და შაბათობით ვაჭრობაც კი გაუმართავთ. ბევრი არაიუდეველებს დამოყვრებია. ასეთი სავალალო მდგომარეობა დახვდა ძვ. წ. 443 წლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებულ ნეემიას (ნეემ. 13:6).

2. როგორ გახდა ისრაელი წმინდა ერი?

2 ისრაელი ღვთისადმი მიძღვნილი ერი იყო. ძვ. წ. 1513 წელს ებრაელებმა მთელი გულით გამოთქვეს სურვილი, რომ შეასრულებდნენ ღვთის ნებას და ერთხმად განაცხადეს: „იეჰოვას ყველა სიტყვას შევასრულებთ“ (გამ. 24:3). ამიტომ იეჰოვამ განწმინდა ისინი ანუ გამოყო თავის რჩეულ ერად. ეს მათთვის მართლაც დიდი პატივი იყო! ორმოცი წლის შემდეგ მოსემ ებრაელებს შეახსენა: „წმინდა ხალხი ხართ იეჰოვასთვის, თქვენი ღვთისთვის. თქვენ ამოგირჩიათ იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა, რომ მისი ხალხი ყოფილიყავით, გამორჩეული საკუთრება დედამიწის ზურგზე მცხოვრებ ხალხებს შორის“ (კან. 7:6).

3. როგორ მდგომარეობაში იყვნენ ებრაელები სულიერად, როცა ნეემია მეორედ ჩავიდა იერუსალიმში?

3 ებრაელების თავდაპირველი ენთუზიაზმი სამწუხაროდ ხანმოკლე აღმოჩნდა. მართალია, ისრაელში ყოველთვის იყვნენ ღვთის ერთგული ადამიანები, მაგრამ ებრაელებს, როგორც ერს, ზოგადად, ის უფრო მეტად აღელვებდათ, რომ სხვების თვალში გამოჩენილიყვნენ წმინდები და ერთგულები, ვიდრე ის, რომ ღვთის ნება შეესრულებინათ. დაახლოებით ასი წელი იყო გასული მას შემდეგ, რაც ბაბილონიდან დაბრუნებულმა ერთგულმა ებრაელებმა წმინდა თაყვანისმცემლობა აღადგინეს; ამ დროს ნეემია მეორედ დაბრუნდა იერუსალიმში. ერის გულმოდგინება ყოველივე ღვთიურისადმი მბჟუტავი პატრუქივით მიმკრთალიყო სულიერ სიბნელეში.

4. რომელი მხარეები დაგვეხმარება ჩვენ, როგორც ღვთის ხალხს, დავრჩეთ წმინდები?

4 ებრაელების მსგავსად, დღეს იეჰოვას მოწმეებიც, როგორც ჯგუფი, ღვთის მიერ განწმენდილი ხალხია. ცხებული ქრისტიანებიც და „უამრავი ხალხიც“ წმინდები არიან, წმინდა მსახურებისთვის გამოყოფილნი (გამოცხ. 7:9, 14, 15; 1 კორ. 6:11). რა თქმა უნდა, არც ერთ ჩვენგანს არ გვსურს,  ღვთის თვალში სიწმინდე დავკარგოთ, როგორც ეს საბოლოოდ ებრაელებს დაემართათ. ამიტომ მოდი დავსვათ კითხვა: რა დაგვეხმარება, შევინარჩუნოთ სიწმინდე და იეჰოვას მსახურებისთვის გამოსადეგნი ვიყოთ? „ნეემიას“ მე-13 თავში მოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით განვიხილავთ ოთხ მხარეს: 1) როგორ მოვერიდოთ ცუდ საზოგადოებას? 2) როგორ დავუჭიროთ მხარი თეოკრატიულ სტრუქტურას? 3) როგორ დავაყენოთ პირველ ადგილზე სულიერი საქმეები და 4) როგორ შევინარჩუნოთ ქრისტიანული სახე?

მოერიდეთ ცუდ საზოგადოებას

როგორ აჩვენა ნეემიამ, რომ იეჰოვას ერთგული იყო? (იხილეთ მე-5 და მე-6 აბზაცები)

5 წაიკითხეთ ნეემიას 13:4—9. დღევანდელ საზოგადოებაში ადვილი არ არის სიწმინდის შენარჩუნება. ვნახოთ, ელიაშიბისა და ტობიას შემთხვევა; რა საერთო ჰქონდათ მათ? ელიაშიბი მღვდელმთავარი იყო, ტობიას კი სპარსეთის მმართველობის დროს გარკვეული თანამდებობა ეკავა იუდაში, თუმცა არც ისე მაღალი. ეს უკანასკნელი და მისი ახლობლები ეწინააღმდეგებოდნენ ნეემიას, როცა ის იერუსალიმის კედლებს აშენებდა (ნეემ. 2:10). ღვთის კანონის თანახმად, ამონელებს ეკრძალებოდათ ტაძრის ტერიტორიაზე შესვლა (კან. 23:3). ამიტომ საინტერესოა, რატომ გამოუყო ადგილი მღვდელმთავარმა უცხოტომელ ტობიას ტაძრის სასადილო ოთახში?

5, 6. ვინ იყვნენ ელიაშიბი და ტობია და სავარაუდოდ, რა საერთო ჰქონდათ მათ?

6 ტობიასა და ელიაშიბს გარკვეული საერთო ჰქონდათ ერთმანეთთან. ამ უცხოტომელს და მის შვილს იეჰოხანანს ებრაელი ცოლები ჰყავდათ; ტობიას კარგი რეპუტაცია ჰქონდა ისრაელში (ნეემ. 6:17—19). ელიაშიბის შვილიშვილს ცოლად ჰყავდა სამარიის მთავრის სანბალატის ქალიშვილი, სანბალატისა, რომელიც ტობიას უახლოესი მეგობარი იყო (ნეემ. 13:28). ალბათ, ასეთ მეგობრულ კავშირებს უნდა მივაწეროთ ის, თუ რატომ მოექცა მღვდელმთავარი ელიაშიბი ცრუ ღმერთების მსახურის, ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მოწინააღმდეგის გავლენის ქვეშ. თუმცა ნეემიამ იეჰოვასადმი ერთგულება გამოავლინა, როცა ტაძრის სასადილო ოთახიდან ტობიას ყველა ნივთი გარეთ გამოუყარა.

7. როგორ ინარჩუნებენ იეჰოვას წინაშე სიწმინდეს კრების წევრები, მათ შორის უხუცესები?

7 როგორც იეჰოვასადმი მიძღვნილ ხალხს, ჩვენ უპირველესად, მისადმი ერთგულება გვმართებს. თუ არ დავემორჩილებით მის სამართლიან მოთხოვნებს, ვერ დავრჩებით წმინდები მის თვალში. არ უნდა დავუშვათ, რომ ოჯახურმა კავშირებმა დაჩრდილოს ბიბლიური პრინციპები. ქრისტიანი უხუცესები ღვთიური თვალსაზრისით ხელმძღვანელობენ და არა საკუთარი შეხედულებებით და გრძნობებით (1 ტიმ. 5:21). უხუცესები ერიდებიან ყველაფერს, რაც მათ იეჰოვას წინაშე სიწმინდეს დააკარგვინებდა; არავითარ შემთხვევაში არ მიდიან კომპრომისზე (1 ტიმ. 2:8).

8. რა უნდა გვახსოვდეს იეჰოვას ყველა მიძღვნილ მსახურს სხვებთან ურთიერთობებისას?

8 არასოდეს დაგვავიწყდეს შემდეგი ბიბლიური პრინციპი: „ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კარგ ჩვევებს“ (1 კორ. 15:33). ჩვენი ნათესავებიდან ზოგი შეიძლება ცუდ გავლენას ახდენს ჩვენზე. თავიდან ელიაშიბი კარგ მაგალითს აძლევდა ხალხს, რადგან ნეემიას იერუსალიმის კედლების აშენებაში უჭერდა მხარს (ნეემ. 3:1). თუმცა დროთა განმავლობაში ტობიასა და სხვების ცუდმა გავლენამ, როგორც ჩანს, ელიაშიბს ისეთი საქმეები ჩაადენინა, რამაც მას იეჰოვას თვალში სიწმინდე დააკარგვინა. ასეა, კარგი საზოგადოება ყოველთვის კარგის კეთებისკენ გვიბიძგებს, ცუდი კი — ცუდისკენ. კარგ საზოგადოებასთან ურთიერთობისას უფრო მეტად ვართ აღძრულნი, ვიკითხოთ ბიბლია, დავესწროთ კრების შეხვედრებს და ვიქადაგოთ. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის უაღრესად ძვირფასნი არიან ოჯახის ის წევრები, რომლებიც ყოველთვის ღვთიური საქმეებისკენ გვიბიძგებენ.

მხარი დაუჭირეთ თეოკრატიულ სტრუქტურას

9. რატომ არ სრულდებოდა ტაძარში მსახურება და ვინ დაადანაშაულა ამაში ნეემიამ?

9 წაიკითხეთ ნეემიას 13:10—13. იერუსალიმში დაბრუნებულმა ნეემიამ აღმოაჩინა, რომ იუდეველები ტაძარში შესაწირავებს  აღარ სწირავდნენ. ლევიანებს კუთვნილ წილს არ აძლევდნენ, ამიტომ ლევიანები აღარ ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობებს და მინდორში მუშაობდნენ. ნეემიამ ამ ყველაფერში მმართველები დაადანაშაულა. როგორც ჩანს, ისინი არ ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ საქმეს; შესაძლოა, ხალხისგან არ კრებდნენ მეათედს ან კრებდნენ და ტაძარში არ მიჰქონდათ (ნეემ. 12:44). ამიტომ ნეემიამ გადაწყვიტა, მოეგვარებინა შესაწირავებთან დაკავშირებული საკითხი. მან ამისთვის დანიშნა სანდო მამაკაცები, რომლებიც ამავე დროს ტაძრის საწყობებსაც გაუწევდნენ ზედამხედველობას.

10, 11. რა პატივი ხვდა წილად ღვთის ხალხს?

10 ვსწავლობთ აქედან რამეს? ნამდვილად! ეს შემთხვევა შეგვახსენებს, რომ თითოეულ ჩვენგანს უდიდესი პატივი გვხვდა წილად — შეგვიძლია პატივი მივაგოთ იეჰოვას ჩვენი ქონებიდან (იგავ. 3:9). როცა მისი საქმის მხარდასაჭერად შესაწირავებს ვიღებთ, იეჰოვას ვაძლევთ იმას, რაც ისედაც მისია (1 მატ. 29:14—16). შესაძლოა ვფიქრობთ, რომ არ გვაქვს იმდენი, შესაწირავად რომ გავიღოთ, მაგრამ მთავარი სურვილია, ვინაიდან რაღაცის გაღება ყველას შეგვიძლია (2 კორ. 8:12).

11 წლების განმავლობაში ერთი მრავალშვილიანი ოჯახი ყოველკვირა თავისთან ეპატიჟებოდა ხანდაზმულ ცოლ-ქმარს, რომლებიც სპეციალურ პიონერებად მსახურობდნენ. ამ ოჯახში 8 ბავშვი იყო. თუმცა დედა ყოველთვის ამბობდა ხოლმე: „სადაც ათი ადამიანისთვის ვამზადებ საჭმელს, იქ ორით მეტისთვისაც მოვამზადებ“. უბრალოდ დაფიქრდით, რაოდენ მადლიერნი იქნებოდნენ ეს სპეციალური პიონერები ასეთი გულუხვობისთვის! თავის მხრივ, ეს ხანდაზმული სტუმრებიც, ერთგვარი კურთხევა აღმოჩნდნენ მასპინძლებისთვის. მათი თბილი სიტყვები და ის შემთხვევები, რომლებიც ამ წყვილს გადახდა თავს, ბავშვებისთვის სულიერი წინსვლის საწინდარი აღმოჩნდა. გავიდა დრო და რვავემ სრული დროით მსახურება დაიწყო.

12. რა მხრივ იძლევიან კარგ მაგალითს პასუხისმგებელი ძმები?

12 ნეემიას შემთხვევა კარგი მაგალითია პასუხისმგებელი ძმებისთვის: ისინი მის მსგავსად მხარს უჭერენ თეოკრატიულ სტრუქტურას. მათი მაგალითი სხვების კეთილდღეობას ემსახურება. ამ მხრივ უხუცესები მოციქულ პავლესაც ჰბაძავენ. ის მხარს უჭერდა ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას და თანაქრისტიანებს სასარგებლო მითითებებს აძლევდა. მაგალითად, შესაწირავების გაღებასთან დაკავშირებით მან არაერთი პრაქტიკული რჩევა მისცა თანამორწმუნეებს (1 კორ. 16:1—3; 2 კორ. 9:5—7).

პირველ ადგილზე დააყენეთ სულიერი საქმეები

13. როგორ არღვევდა ზოგი ებრაელი შაბათის კანონს?

13 წაიკითხეთ ნეემიას 13:15—21. თუ გადამეტებულად ვიფიქრებთ სამუშაოზე, სულიერი  ხედვა შეიძლება თანდათან დაგვეკარგოს. გამოსვლის 31:13-ის თანახმად, ყოველკვირეული შაბათის კანონს ებრაელებისთვის უნდა შეეხსენებინა, რომ ისინი განწმენდილი ხალხი იყვნენ. შაბათი დღე მათ ოჯახური თაყვანისცემისთვის, ლოცვისა და ღვთის კანონზე ფიქრისთვის უნდა გამოეყოთ. თუმცა ნეემიას ზოგი თანამედროვისთვის შაბათი ერთი ჩვეულებრივი საქმიანი დღე იყო და მეტი არაფერი. თაყვანისცემას მათ ცხოვრებაში მთავარი ადგილი აღარ ეკავა. ამის გამო, მეექვსე დღეს მწუხრის ჟამს ნეემიამ ქალაქის კარიბჭეების დაკეტვა ბრძანა, რათა შაბათის დადგომამდე უცხოელი ვაჭრები არ შემოსულიყვნენ.

14, 15. ა) რა შეიძლება მოხდეს, თუ სათანადო ადგილს არ მივუჩენთ სამუშაოს? ბ) როგორ შეგვიძლია ღვთის დასვენებაში შესვლა?

14 რას ვსწავლობთ ნეემიას მაგალითიდან? ჩვენს ცხოვრებაში სამუშაოს სათანადო ადგილი უნდა ეკავოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადვილად შეიძლება მთლიანად მასზე გადავერთოთ ან გაორებული ცხოვრება დავიწყოთ; ეს განსაკუთრებით მაშინ შეიძლება მოხდეს, როცა გვიყვარს ჩვენი სამუშაო. არასოდეს დაგვავიწყდეს იესოს გაფრთხილება: „ვერავინ იქნება ორი ბატონის მონა“ (წაიკითხეთ მათეს 6:24 ). ნეემიას ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ უფრო მეტი ქონება დაეგროვებინა, მაგრამ საინტერესოა, როგორ იყენებდა ის თავის დროს იერუსალიმში? (ნეემ. 5:14—18). მას საქმიანი კავშირები არ დაუმყარებია ტვიროსელებთან ან სხვებთან; ის თავისი თანამემამულეების გვერდით იდგა და თავი იეჰოვას სახელის განწმენდისთვის ჰქონდა გადადებული. დღესაც ქრისტიანი უხუცესები და მომსახურეები კრების საკეთილდღეოდ თავს არ ზოგავენ. ამგვარი სულისკვეთების გამო ისინი თანამორწმუნეებს ძალიან უყვართ. ამ ყოველივეს შედეგი კი ის არის, რომ ღვთის ხალხი უსაფრთხოდ ცხოვრობს; მათ შორის სიყვარული და მშვიდობა სუფევს (ეზეკ. 34:25, 28).

15 მართალია, დღეს ქრისტიანებს ყოველკვირეული შაბათის კანონის დაცვა არ მოგვეთხოვება, მაგრამ თანაქრისტიანებისთვის ნათქვამი პავლე მოციქულის სიტყვები ყველას გვეხება: „ღვთის ხალხისთვის რჩება დასვენება შაბათს“. ის დასძენს: „ვინც ღვთის დასვენებაში შევიდა, მან თვითონაც დაისვენა თავისი საქმეებისგან, როგორც ღმერთმა თავისისგან“ (ებრ. 4:9, 10). თუ დავემორჩილებით ღმერთს და ვიმოქმედებთ მის განზრახვასთან შეთანხმებულად, შევძლებთ ღვთის დასვენებაში შესვლას. გაქვთ ოჯახური თაყვანისცემა, ესწრებით კრებებს, აყენებთ თქვენს ცხოვრებაში ქადაგებას პირველ ადგილზე? ზოგჯერ შეიძლება მეტი სიმტკიცის გამოვლენა დაგვჭირდეს დამსაქმებელთან ან მათთან, ვისთანაც საქმიანი ურთიერთობები გვაკავშირებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ისინი არ აფასებენ ჩვენთვის მნიშვნელოვან სულიერ საქმეებს. ფაქტობრივად, „ჩვენ უნდა დავკეტოთ ჩვენი ქალაქის კარიბჭეები და არ შემოვუშვათ ტვიროსელები“, რათა პირველ ადგილზე დავაყენოთ ის, რაც წმინდაა. ვინაიდან ჩვენ უკვე განვიწმინდეთ, საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ: აჩვენებს ჩემი ცხოვრება იმას, რომ იეჰოვას მსახურებისთვის ვარ გამოყოფილი? (მათ. 6:33).

შეინარჩუნეთ ქრისტიანული სახე

16. როგორ დაემუქრა საფრთხე ისრაელი ერის სიწმინდეს ნეემიას დროს?

16 წაიკითხეთ ნეემიას 13:23—27. ნეემიას დროს ისრაელ მამაკაცებს უცხოელი ქალები მოჰყავდათ ცოლებად. როცა ნეემია პირველად ჩავიდა იერუსალიმში, მან უხუცესებთან წერილობითი შეთანხმება გააფორმა, პირობა დაადებინა, რომ უცხოელებს აღარ დაემოყვრებოდნენ (ნეემ. 9:38; 10:30). თუმცა წლების შემდეგ მან დაინახა, რომ ებრაელებს არა მარტო მოჰყავდათ უცხოელები ცოლებად, არამედ ისინი ნელ-ნელა კარგავდნენ ღვთის მსახურის სახეს. შვილებს, რომლებიც მათ უცხოელი ცოლებისგან ჰყავდათ, არ შეეძლოთ ებრაულად კითხვა და ლაპარაკი. ამიტომ საინტერესოა, როცა ისინი გაიზრდებოდნენ, საკუთარ თავს ებრაელებად ჩათვლიდნენ, თუ აშდოდელებად, ამონელებად ან მოაბელებად? შეძლებდნენ კი ებრაულ ენაზე დაწერილი ღვთის კანონის გაგებას? როგორ გაიცნობდნენ იეჰოვას და როგორ აირჩევდნენ ჭეშმარიტ თაყვანისცემას? ან ისე ხომ არ მოხდებოდა, რომ თავიანთი  დედების ცრუ ღმერთების სამსხვერპლოებზე დაიჩოქებდნენ? ამ სიტუაციაში დაუყოვნებელი და გადამწყვეტი მოქმედება იყო საჭირო; ნეემიაც სწორედ ასე მოიქცა (ნეემ. 13:28).

დაეხმარეთ შვილებს იეჰოვასთან დაახლოებაში (იხილეთ მე-17 და მე-18 აბზაცები)

17. როგორ შეუძლიათ მშობლებს, დაეხმარონ შვილებს, ჰქონდეთ პირადი ურთიერთობა იეჰოვასთან?

17 მშობლებმა დადებითი გავლენა უნდა მოახდინონ თავიანთ შვილებზე, რათა ისინი ნამდვილ ქრისტიანებად აღიზარდონ. მშობლებო, ჰკითხეთ საკუთარ თავს: კარგად ლაპარაკობენ ჩემი შვილები ჭეშმარიტების „სუფთა ენაზე“? (სოფ. 3:9). ჩემი შვილების საუბრები ღვთის სულს ირეკლავს თუ ქვეყნიერებისას? გულს ნუ გაიტეხთ, თუ აღმოაჩენთ, რომ მათ ამ მხრივ გაუმჯობესება ესაჭიროებათ. საერთოდ, ენის სწავლას დრო სჭირდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ხელის შემშლელი ფაქტორები არსებობს. ქვეყნიერება თქვენს შვილებზე უდიდეს ზეწოლას ახდენს, რათა მათ ღვთისადმი ერთგულება დააკარგვინოს. ამიტომ იყავით მომთმენნი და ოჯახური თაყვანისცემა თუ ყველა შესაძლებლობა იმისათვის გამოიყენეთ, რომ ისინი იეჰოვასთან დააახლოოთ (კან. 6:6—9). დაანახვეთ ის დადებითი შედეგები, რაც ქვეყნიერებისგან განსხვავებულად ცხოვრებას მოჰყვება (იოან. 17:15—17). რაც მთავარია, ყველანაირად ეცადეთ, შეეხოთ მათ გულებს.

18. რატომ შეუძლიათ შვილების დახმარება ყველაზე უკეთ მშობლებს?

18 საბოლოოდ, ყველა ბავშვი თავად წყვეტს, ემსახურება თუ არა ღმერთს. თუმცა მშობლებზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული. მშობლებმა მათ კარგი მაგალითი უნდა მისცენ, აუხსნან, რა არის კარგი და რა — ცუდი; ამასთანავე, მათთან ერთად უნდა იმსჯელონ შედეგებზე, რომლებიც ამა თუ იმ გადაწყვეტილებებს მოჰყვება. მშობლებო, თქვენზე უკეთ ვერავინ დაეხმარება თქვენს შვილებს, ემსახურონ იეჰოვას. მათ თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ იმაში, რომ ნამდვილ ქრისტიანებად აღიზარდონ და ბოლომდე შეინარჩუნონ ქრისტიანული სახე. თუმცა ამ საკითხში სიფრთხილე ყველას გვჭირდება, არა მარტო ბავშვებს, რათა არ დავკარგოთ ჩვენი სიმბოლური ტანსაცმელი ანუ ის ქრისტიანული თვისებები, რომლითაც გამოვირჩევით (გამოცხ. 3:4, 5; 16:15).

იეჰოვა არ დაგვივიწყებს კარგ საქმეებს

19, 20. როგორ დაიმახსოვრებს იეჰოვა ჩვენს კარგ საქმეებს?

19 ნეემიას დროს მცხოვრებმა ერთ-ერთმა წინასწარმეტყველმა მალაქიამ დაწერა: „სამახსოვრო წიგნი იწერება . . . იეჰოვას მოშიშთათვის და მათთვის, ვინც მის სახელზე ფიქრობს“ (მალ. 3:16, 17). იეჰოვა არასოდეს დაივიწყებს მათ, ვისაც მისი შიში აქვს და პატივს სცემს მის სახელს (ებრ. 6:10).

20 ნეემია ლოცულობდა: „სასიკეთოდ გამიხსენე, ჩემო ღმერთო!“ (ნეემ. 13:31). ნეემიას მსგავსად, ჩვენი სახელებიც ჩაიწერება ღვთის სამახსოვრო წიგნში, თუ მოვერიდებით ცუდ საზოგადოებას, მხარს დავუჭერთ თეოკრატიულ სტრუქტურას, პირველ ადგილზე დავაყენებთ სულიერ საქმეებს და შევინარჩუნებთ ქრისტიანულ სახეს. მაშ, „ყოველთვის შეამოწმეთ საკუთარი თავი, რწმენაში ხართ თუ არა“ (2 კორ. 13:5). თუ სიწმინდეს შევინარჩუნებთ იეჰოვას თვალში, ის არასოდეს დაივიწყებს ჩვენს კარგ საქმეებს.