არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა)  |  აგვისტო 2013

არასოდეს განურისხდეთ იეჰოვას!

არასოდეს განურისხდეთ იეჰოვას!

„კაცს თავისივე უგუნურება უმრუდებს გზას, მისი გული კი იეჰოვას ურისხდება“ (იგავ. 19:3).

1, 2. რატომ არ უნდა დავადანაშაულოთ იეჰოვა კაცობრიობის პრობლემებში? მოიყვანეთ მაგალითი.

პირობითი სიტუაცია: გყავთ შესანიშნავი ოჯახი და წლიდან წლამდე ტკბებით ბედნიერი ოჯახური ცხოვრებით. ერთ დღესაც შინ დაბრუნებულს საშინელი სურათი გხვდებათ: ვიღაცას ჭურჭელი სულ დაუმსხვრევია, კარადები, სკამები და მაგიდები აუყირავებია და ხალიჩები დაუჭრია. თქვენი ძვირფასი სახლი ბრძოლის ველს დამსგავსებია. ნუთუ წამით მაინც გაგიელვებდათ თავში ის აზრი, რომ ეს საშინელება შეიძლება თქვენს ცოლს ჩაედინა?! რა თქმა უნდა, არა! თქვენ კარგად იცნობთ თქვენს საყვარელ მეუღლეს და იოტისოდენა ეჭვიც არ შეგეპარებოდათ იმაში, რომ ის ამას არ იზამდა.

2 ამჟამინდელი ქვეყნიერება სიბინძურეს, ძალადობასა და უზნეობას მოუცავს. ბიბლიის მკვლევრებმა კარგად ვიცით, რომ გამორიცხულია, ამ ყველაფრის მიღმა იეჰოვა იდგეს. მან ჩვენი მშობლიური დედამიწა იმისათვის გამოსახა, რომ ამ პლანეტაზე საუცხოო სამოთხეს ეარსება (დაბ. 2:8, 15). იეჰოვა ხომ სიყვარულის ღმერთია (1 იოან. 4:8). წმინდა წერილების წყალობით კარგად ვიცით, თუ ვინ არის მსოფლიოს „ამრევ-დამრევი“. ბიბლია ამბობს, რომ ამ „ქვეყნიერების მმართველი“ სხვა არავინაა, თუ არა სატანა ეშმაკი (იოან. 14:30; 2 კორ. 4:4).

3. როგორ შეიძლება ჩვენი გონება დამახინჯდეს?

3 თუმცა ვერც იმას ვიტყვით, რომ ჩვენი ყველა პრობლემის მიზეზი ეშმაკია. ზოგიერთი ჩვენი სადარდებელი ჩვენივე არასწორი საქციელის თანმდევი შედეგია (წაიკითხეთ კანონის 32:4—6 ). მართალია, ვაღიარებთ ამ ფაქტს, მაგრამ ერთი რამ აშკარაა ჩვენს არასრულყოფილ ბუნებას შეუძლია ისე დაგვიმახინჯოს აზროვნება, რომ განადგურების გზაზე დაგვაყენოს (იგავ. 14:12). ეს შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ განსაცდელის დროს იეჰოვას დავდებთ ბრალს და აზრადაც არ მოგვივა, რომ ამის მიღმა ეშმაკი ან თუნდაც შეიძლება ჩვენივე თავი იდგეს. ადამიანი ზოგჯერ შეიძლება იქამდეც კი მივიდეს, რომ იეჰოვას განურისხდეს (იგავ. 19:3).

4, 5. როგორ შეიძლება ქრისტიანი განურისხდეს იეჰოვას?

4 ნუთუ მართლა შესაძლებელია, რომ ქრისტიანი განურისხდეს იეჰოვას? დიახ, სამწუხაროდ შესაძლებელია.  თუმცა ერთი რამ ცხადზე ცხადია: ეს ქრისტიანს კარგს არაფერს მოუტანს (ეს. 41:11). ამით რას მიაღწევს ადამიანი? ერთმა პოეტმა თქვა: „შენი პატარა ხელებით ღმერთს ვერ შეებრძოლები“. შესაძლოა იმ დონეზე არასოდეს დავეცეთ, რომ ღვთის წინაშე ხმა ავიმაღლოთ, თუმცა იგავების 19:3-ში ნამდვილად გამაფრთხილებელი აზრია ყველა ჩვენგანისთვის: „კაცს თავისივე უგუნურება უმრუდებს გზას, მისი გული კი იეჰოვას ურისხდება“. დიახ, ადამიანი შესაძლოა თავის გულში განურისხდეს იეჰოვას. ეს შესაძლოა საკმაოდ შეუმჩნევლად გამოვლინდეს ადამიანში. მაგალითად, ვინმეს შეიძლება ღვთის მიმართ უკმაყოფილების გრძნობა გაუჩნდეს. შედეგად კი მოუკლოს კრების შეხვედრებზე დასწრებას და მეტად აღარ იყოს სრულად ჩაბმული ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის სხვადასხვა სფეროში.

5 რამ შეიძლება გვიბიძგოს იმისკენ, რომ იეჰოვას განვურისხდეთ? როგორ ავარიდოთ თავი ამ საშინელებას? ამ კითხვებზე პასუხების ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამაზეა დამოკიდებული იეჰოვასთან ჩვენი ურთიერთობა.

რამ შეიძლება გვიბიძგოს იმისკენ, რომ იეჰოვას განვურისხდეთ?

6, 7. რატომ დაიწყეს ისრაელებმა მოსეს დროს იეჰოვას წინააღმდეგ წუწუნი?

6 რამ შეიძლება განაპირობოს ის, რომ ერთგულმა ქრისტიანმა წუწუნი დაიწყოს? მოდი, განვიხილოთ ხუთი მხარე და მიმოვიხილოთ ბიბლიური მაგალითები, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ გაება წარსულში ზოგიერთი ამ მახეში (1 კორ. 10:11, 12).

უარყოფითი საუბრების მოსმენამ შესაძლოა, ცუდად იმოქმედოს თქვენზე (იხილეთ მე-7 აბზაცი)

7 შესაძლოა სხვების უარყოფითმა საუბარმა ცუდად იმოქმედოს ჩვენზე (წაიკითხეთ კანონის 1:26—28). დიდი ხანი არ იყო გასული მას შემდეგ, რაც ისრაელებმა თავი დააღწიეს ეგვიპტის მონობას. იეჰოვამ ათი სასჯელი დაატეხა თავს მჩაგვრელ ერს, ხოლო შემდეგ ფარაონსა და მის ამალას წითელი ზღვის ფსკერზე დაუდო სამუდამო ბინა (გამ. 12:29—32, 51; 14:29—31; ფსალმ. 136:15). ღვთის ხალხს, შეიძლება ითქვას, ერთი ნაბიჯი აშორებდა აღთქმულ მიწას. თუმცა იმ გადამწყვეტ მომენტში მათ იეჰოვას წუწუნი დაუწყეს. რატომ არ აღმოაჩნდათ მათ საკმარისი რწმენა? ხალხს გული გაუტყდა, როცა აღთქმული მიწის დასაზვერად გაგზავნილმა ზოგიერთმა მზვერავმა იმ მხარის შესახებ უარყოფითად ისაუბრა (რიცხ. 14:1—4). შედეგად, ებრაელი ერის ის თაობა ვეღარ შევიდა „მადლიან მიწაზე“ (კან. 1:34, 35). დროდადრო სხვების უარყოფითი საუბრები ხომ არ ხდება ჩვენი რწმენის მოსუსტებისა და იეჰოვას წინაშე დრტვინვის მიზეზი?

8. რატომ დაადანაშაულა ესაიას დროს ღვთის ხალხმა თავიანთი მდგომარეობის გამო იეჰოვა?

8 შესაძლოა გასაჭირმა და პრობლემებმა გული გაგვიტეხოს (წაიკითხეთ ესაიას 8:21, 22). ესაიას დროს იუდეველები სავალალო მდგომარეობაში იყვნენ ჩაცვენილნი; ქვეყანას გარს მტერი ეხვია; შიმშილი მძვინვარებდა; ყველაზე საშინელება კი ის იყო, რომ ამ ყველაფერთან ერთად ხალხი სულიერადაც დამშეული იყო (ამოს. 8:11). ნაცვლად იმისა, რომ ღვთის ერს ამ ურთულეს სიტუაციაში საშველი იეჰოვასთან ეძია, თავიანთი მეფისა და ღვთის წყევლას მოჰყვნენ. დიახ, ისრაელებმა ამ ყველაფერში იეჰოვა დაადანაშაულეს. ტრაგედიის ან გასაჭირის დროს ჩვენც ესაიას თანამედროვეებივით ხომ არ ვამბობთ ჩვენს გულში: „სად არის იეჰოვა იმ დროს, როცა მისი დახმარება მჭირდება?“.

9. რატომ განივითარეს არასწორი თვალსაზრისი ეზეკიელის დროს მცხოვრებმა ებრაელებმა?

9 ჩვენ ყველაფერი არ ვიცით. ეზეკიელის დღეებში მცხოვრებ ისრაელებს შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით არ ჰქონდათ სრული სურათი. ამიტომ ფიქრობდნენ, რომ სამართლიანი არ იყო იეჰოვას გზა (ეზეკ. 18:29). ხალხს თავი ისე მოჰქონდა, თითქოს მსაჯულები იყვნენ, თავიანთ ნორმებს იეჰოვას ნორმებზე მაღლა აყენებდნენ და განსჯიდნენ მას თავიანთი მწირი ცოდნის საფუძველზე. ჩვენზე რის თქმა შეიძლება? როცა რაიმე ბიბლიური საკითხი ბოლომდე არ გვესმის ან ვერ ვხვდებით ჩვენს ცხოვრებაში განვითარებული ამა თუ იმ მოვლენის მნიშვნელობას, ისრაელების მსგავსად ხომ არ ვფიქრობთ გულში, რომ „სამართლიანი არ არის . . . [იეჰოვას] გზა“ (იობ. 35:2).

10. როგორ შეიძლება მიჰბაძოს ზოგმა ადამის ცუდ მაგალითს?

 10 შეიძლება ზოგჯერ საკუთარი შეცდომები სხვებს გადავაბრალოთ. კაცობრიობის ისტორიის გარიჟრაჟზე ადამმა უდიდესი შეცდომა დაუშვა — მან თავისი ცოდვა იეჰოვას გადააბრალა (დაბ. 3:12). მიუხედავად იმისა, რომ ადამმა წინასწარ იცოდა, რა მოჰყვებოდა ღვთის კანონის დარღვევას, მან თავის ცოდვაში მაინც იეჰოვა დაადანაშაულა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მან იეჰოვას მისივე ქმნილება — ქალი — დაუწუნა. იმ დროიდან მოყოლებული სხვებიც ჰბაძავენ ადამის ცუდ მაგალითს და თავიანთ შეცდომებში ღმერთს ადანაშაულებენ. ამიტომ ნამდვილად ღირს შემდეგ კითხვაზე დაფიქრება: ჩემი შეცდომებით გამოწვეული გულგატეხილობისა და იმედგაცრუების გამო უკმაყოფილებას ხომ არ გამოვთქვამ ღვთის მოთხოვნების მიმართ?

11. რას ვსწავლობთ იონასგან?

11 შესაძლოა საკუთარ თავზე გადამეტებულად ვფიქრობთ. წინასწარმეტყველ იონას გულზე შემოეყარა, როცა იეჰოვამ შეუნდო ნინეველებს მათი ცოდვა და ბრალი (იონ. 4:1—3). იბადება კითხვა: რატომ ჰქონდა იონას ასეთი რეაქცია? როგორც ჩანს, ის ზედმეტად ფიქრობდა საკუთარ რეპუტაციაზე, რადგან ნინევეს განადგურებაზე მისი ნაწინასწარმეტყველები სიტყვები არ ახდა. საკუთარ თავზე ზედმეტმა ფიქრმა მასში დაჩრდილა ის გრძნობა, რასაც სიბრალული ჰქვია, რომელიც მომნანიე ნინეველების მიმართ უნდა ჰქონოდა. ამიტომ იბადება კიდევ ერთი შეკითხვა: შესაძლებელია, რომ ჩვენც გადამეტებულად ვიფიქროთ საკუთარ თავზე და განვურისხდეთ იეჰოვას იმის გამო, რომ ამ ქვეყნიერების აღსასრული ჯერ არ დამდგარა? თუ ათწლეულებია, რაც იეჰოვას დღის მოახლოებაზე ვქადაგებთ, ხომ არ „ვურისხდებით“ იეჰოვას, როცა სხვები ბიბლიური ცნობის გაცხადების გამო გვაკრიტიკებენ? (2 პეტ. 3:3, 4, 9).

როგორ მოვიქცეთ, ჩვენც რომ იგივე არ დაგვემართოს

12, 13. რა არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან, თუ გულში იეჰოვას საქმეებს ეჭვქვეშ ვაყენებთ?

12 რის გაკეთება შეგვიძლია, თუ ჩვენს გულში ეჭვქვეშ ვაყენებთ იეჰოვას საქმეებს? ერთი რამ გახსოვდეთ: ასეთი საქციელი უდიდესი უგუნურებაა და მეტი არაფერი! იგავების 19:3-ს საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა ასე თარგმნის: „ადამიანს გზას თავისივე სიბრიყვე უმრუდებს, მისი გული კი უფალს ემდურის“. ამის გათვალისწინებით,  განვიხილოთ ხუთი მხარე, რომელიც დაგვეხმარება, არასოდეს დავადანაშაულოთ იეჰოვა გასაჭირის დროს.

13 შეინარჩუნეთ იეჰოვასთან მჭიდრო, ახლო ურთიერთობა. თუ ღმერთთან ახლო ურთიერთობას შევინარჩუნებთ, თავს დავაღწევთ იმ არასრულყოფილ მიდრეკილებას, რასაც ბიბლიური ენით „ღმერთზე განრისხება“ ჰქვია (წაიკითხეთ იგავების 3:5, 6 ). ჩვენ ყველას ღმერთზე მინდობა გვესაჭიროება. ამავე დროს, არ უნდა გავხდეთ ბრძენები საკუთარ თვალში და ფიქრებით სულ მუდამ საკუთარ თავს არ უნდა დავტრიალებდეთ (იგავ. 3:7; ეკლ. 7:16). თუ ამგვარი დამოკიდებულება გვექნება, პრობლემების დროს ნაკლებად დავადანაშაულებთ იეჰოვას.

14, 15. რა დაგვეხმარება, რომ სხვების უარყოფითი საუბრების გავლენის ქვეშ არ მოვექცეთ?

14 არ მოექცეთ სხვების უარყოფითი საუბრების გავლენის ქვეშ. მოსეს ხანებში ისრაელებს იოტისოდენადაც კი არ უნდა შეჰპარვოდათ ეჭვი, რომ იეჰოვა შეიყვანდა მათ აღთქმულ მიწაზე; მათ ამაში დასარწმუნებლად უამრავი მიზეზი ჰქონდათ (ფსალმ. 78:43—53). მაგრამ ათი ორგული მზვერავის უარყოფითი ლაპარაკის შემდეგ მათ აღარ გაახსენდათ მისი ხელი (ფსალმ. 78:42). თუკი ყოველთვის ვიფიქრებთ იეჰოვას საქმეებზე და გვემახსოვრება ჩვენ მიმართ გამოვლენილი მისი სიკეთე, გავიღრმავებთ მასთან ურთიერთობას. შედეგად, სხვების უარყოფითი საუბრები ვეღარ იმოქმედებს ღმერთთან ჩვენს ურთიერთობაზე (ფსალმ. 77:11, 12).

15 თუ უარყოფითად ვართ განწყობილნი ჩვენი თანამორწმუნეების მიმართ, ეს იმოქმედებს იეჰოვასთან ჩვენს ურთიერთობაზე (1 იოან. 4:20). როდესაც ისრაელებმა ეჭვქვეშ დააყენეს მოსეს დანიშნულება და მისი მდგომარეობა, იეჰოვამ მათი საქციელი თავის წინააღმდეგ დრტვინვად ჩათვალა (რიცხ. 17:10). ჩვენი მხრიდანაც ღვთის წინააღმდეგ ჩივილი იქნება, თუ დავიწყებთ წუწუნს და დრტვინვას მათ მიმართ, ვისაც ის თავისი ორგანიზაციის მიწიერი ნაწილის ხელმძღვანელებად ირჩევს (ებრ. 13:7, 17).

16, 17. რა უნდა გვახსოვდეს პრობლემების დროს?

16 გახსოვდეთ, იეჰოვა არ იწვევს ჩვენს პრობლემებს. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელებს ესაიას დღეებში იეჰოვასთვის ზურგი ჰქონდათ შექცეული, ღმერთს კვლავაც უნდოდა მათი დახმარება (ეს. 1:16—19). რა პრობლემასაც არ უნდა შევხვდეთ, ვიცით, რომ იეჰოვა ზრუნავს ჩვენზე და სურს, დაგვეხმაროს; ეს უდიდესი ნუგეშია ჩვენთვის! (1 პეტ. 5:7). ის გვპირდება, რომ განსაცდელის ასატანად საჭირო ძალას მოგვცემს (1 კორ. 10:13).

17 თუ ჩვენც ერთგული იობის მსგავსად გარკვეულ საკითხებში უსამართლობას ვხვდებით, საკუთარ თავს უნდა შევახსენოთ, რომ იეჰოვა არ არის ამის მიზეზი. გჯეროდეთ, ღმერთი ვერ იტანს უსამართლობას! მას უყვარს სიმართლე (ფსალმ. 33:5). მოდი, ელიჰუს მსგავსად ყველამ ერთხმად ვაღიაროთ, რომ „შორს არის ღვთისგან ბოროტება და ყოვლისშემძლისგან — უსამართლობა“ (იობ. 34:10). იეჰოვა არ იწვევს ჩვენს პრობლემებს, პირიქით, ის გვაძლევს „ყოველ კარგ ძღვენს და ყოველ სრულყოფილ საბოძვარს“ (იაკ. 1:13, 17).

18, 19. რატომ არ უნდა შეგვეპაროს ეჭვი იეჰოვაში? მოიყვანეთ მაგალითი.

18 არასოდეს შეგეპაროთ ეჭვი იეჰოვაში. ღმერთი სრულყოფილია და მისი აზრები ჩვენსაზე გაცილებით მაღლა დგას (ეს. 55:8, 9). ამიტომ გვსურს ვაღიაროთ, რომ ჩვენ არ ვფლობთ სრულყოფილ ცოდნას. ამაში თავმდაბლობა და მოკრძალება დაგვეხმარება (რომ. 9:20). ხშირად ვერ ვხედავთ ამა თუ იმ სიტუაციის სრულ სურათს. ალბათ, არაერთხელ დარწმუნებულხართ შემდეგი სიტყვების ჭეშმარიტებაში: „სასამართლოში პირველი გამომსვლელი მართალია, სანამ არ მოვა მისი მოძმე და ამხილებს მას“ (იგავ. 18:17).

19 დავუშვათ, თქვენი ახლო მეგობარი ისეთ რამეს აკეთებს, რასაც ვერ ხვდებით ან არაბუნებრივად გეჩვენებათ. რას იზამთ, დაასკვნით, რომ ცდება და დასწამებთ მას არასწორ საქციელში ცილს? თუ პირიქით, გაიქარწყლებთ ყოველგვარ ეჭვს და არ იფიქრებთ მეგობარზე ცუდს, მით უმეტეს, თუ ბავშვობიდან ერთად ხართ. და თუ ჩვენს არასრულყოფილ მეგობრებს ასეთ ნდობას ვუცხადებთ და  სიყვარულით მოვექცევით, მეტადრე ჩვენს ზეციერ მამას, რომლის გზებიც და აზრებიც ჩვენსაზე გაცილებით მაღლა დგას.

20, 21. რატომ არის მნიშვნელოვანი ნამდვილი დამნაშავის ამოცნობა?

20 ამოიცანით ნამდვილი დამნაშავე. ზოგჯერ ადამიანი თვითონვე იფუჭებს საქმეს და თვითონვე იქმნის პრობლემებს. გვინდა თუ არა, ეს ყველამ უნდა ვაღიაროთ (გალ. 6:7). ნუ ეცდებით, რომ თქვენი პრობლემა ღმერთს გადააბრალოთ! ეს დიდი შეცდომა იქნებოდა! მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი: წარმოიდგინეთ, ზიხართ საჭესთან და მიდიხართ ტრასაზე. როგორც წესი, მანქანას შეუძლია საკმაოდ მაღალი სიჩქარის განვითარება. ხდება ისე, რომ მოსახვევში დადგენილ სიჩქარეზე მაღალი სიჩქარით შეხვედით და მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. რას ფიქრობთ, ამ შემთხვევაში დამნაშავე მანქანის მწარმოებელია? რა თქმა უნდა, არა! მსგავსადვე, იეჰოვამ ჩვენ არჩევნის თავისუფლება გვიბოძა. თუმცა მან ბრძნული გადაწყვეტილებების მისაღებად ამ ნების თავისუფლებას საჭირო მითითებებიც თან მოაყოლა. ამიტომ ლოგიკურია, დავსვათ კიდევ ერთი შეკითხვა: რატომ არ უნდა დავდოთ ბრალი ჩვენს გამჩენს ჩვენივე შეცდომებში?

21 რა თქმა უნდა, პრობლემების მიზეზი მხოლოდ ჩვენი შეცდომები და ცუდი საქციელი როდია. ზოგჯერ ამა თუ იმ მოვლენას „დრო და შემთხვევა“ განაპირობებს (ეკლ. 9:11). და რაც ყველაზე მთავარია, მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ერთი მნიშვნელოვანი გარემოება: ბოროტების უმთავრესი მიზეზი სატანა ეშმაკია (1 იოან. 5:19; გამოცხ. 12:9). მტერი იეჰოვა არ არის; მტერი ეშმაკია (1 პეტ. 5:8).

დაიცავით იეჰოვასთან თქვენი ძვირფასი ურთიერთობა!

იესო ნავეს ძისა და ქალებ იეფუნეს ძის იეჰოვასადმი ნდობა უდიდესი კურთხევით დაგვირგვინდა (იხილეთ 22-ე აბზაცი)

22 როცა გასაჭირი და პრობლემები „წამოგადგებათ თავს“, გაიხსენეთ იესო ნავეს ძე და ქალებ იეფუნეს ძე. ათი მზვერავისგან განსხვავებით, ამ ერთგულმა კაცებმა აღთქმული მიწის შესახებ დადებითად ისაუბრეს (რიცხ. 14:6—9). მათ იეჰოვასადმი რწმენა გამოავლინეს. თუმცა იესო ნავეს ძესაც და ქალებ იეფუნეს ძესაც სხვა ებრაელებთან ერთად 40 წელი მოუწიათ უდაბნოში უაზროდ წანწალი. დაიწყეს მათ წუწუნი ან განრისხდნენ ამის გამო? ფიქრობდნენ, რომ ეს უსამართლობა იყო? არა. ისინი მიენდნენ იეჰოვას. ამგვარი დამოკიდებულების გამო ღმერთმა ეს ორი ადამიანი დიდად აკურთხა; იმ დროს, როცა მთელი თაობა უდაბნოში დაიხოცა, ისინი იეჰოვამ აღთქმულ მიწაზე შეიყვანა (რიცხ. 14:30). დიახ ასეა, ჩვენც გვაკურთხებს იეჰოვა, „თუ არ დავიღლებით“ და შევასრულებთ მის ნებას (გალ. 6:9; ებრ. 6:10).

22, 23. რა არ უნდა დაგვავიწყდეს, თუ პრობლემების გამო გულგატეხილობა გვეუფლება?

23 მაშ ასე, როგორ უნდა მოიქცეთ, თუ დაგადარდიანათ პრობლემებმა, საკუთარმა თუ სხვისმა შეცდომებმა? ყურადღება იეჰოვას საუცხოო თვისებებზე უნდა გადაიტანოთ. გონებაში გააცოცხლეთ ყველაფერი კარგი, რასაც იეჰოვა სამომავლოდ აღგვითქვამს. ჰკითხეთ საკუთარ თავს: სად ვიქნებოდი, რომ არა ღმერთი? დარჩით ყოველთვის იეჰოვასთან ახლოს და არასოდეს განურისხდეთ გამჩენს!