წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) ივლისი 2013

 ბიოგრაფია

მთელი გულით მსახურება ყველგან და ყოველთვის

მთელი გულით მსახურება ყველგან და ყოველთვის

მარტო არასდროს მიქადაგია. ისე ვნერვიულობდი, რომ სახლიდან ყოველი გასვლის წინ მუხლები მიკანკალებდა. თანაც კაციშვილს არ აინტერესებდა ჩემი ქადაგება. ისიც მინდა გითხრათ, რომ ზოგიერთები იმდენად აგრესიულები იყვნენ, ცემითაც კი მემუქრებოდნენ. მთლიანობაში ისე გამოვიდა, რომ პიონერული მსახურების პირველ თვეში მხოლოდ და მხოლოდ ერთი ბროშურა გავავრცელე (მარკუსი).

ეს იყო 1949 წელი. მას მერე 60 წელზე მეტი ხანი გავიდა; თუმცა ჩემი ქრისტიანული ცხოვრება უფრო ადრიდან იწყება. მამაჩემი ჰენდრიკი მეწაღე და მებაღე იყო. ჩვენი ოჯახი ჰოლანდიის ერთ-ერთი პროვინციის, დრენთეს ჩრდილოეთით პატარა სოფელში, დონდერენში ცხოვრობდა. მე 1927 წელს დავიბადე. 6 და-ძმა მყავდა. ჩვენი სახლი სოფლის მტვრიან გზაზე იდგა. სოფელში თითქმის ყველა ფერმერობას მისდევდა. მეც მომწონდა ფერმაში მუშაობა. პირველად ჭეშმარიტება 1947 წელს 19 წლის ასაკში გავიგე ერთ-ერთი მეზობლისგან, თენას ბენისგან. თენასს მანამდეც ვიცნობდი და მის მიმართ მაინცდამაინც დიდი სიმპათიით არ ვიყავი განმსჭვალული, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ის იეჰოვას მოწმე გახდა და აშკარად შეიცვალა; რაღაცნაირად უფრო მეგობრული და თბილი ადამიანი გახდა. ძალიან მაინტერესებდა, რამ შეცვალა ეს ადამიანი და ამიტომ, როცა სამოთხის შესახებ ღვთის დანაპირებზე დამელაპარაკა, ყურადღებით მოვუსმინე. მოკლედ, არ გავიდა დიდი ხანი და მეც მოვინათლე. ჩვენ განუყრელი მეგობრები გავხდით *.

ქადაგება 1948 წლის მაისში დავიწყე და 20 ივნისს უტრეხტში მოვინათლე კონგრესზე. 1949 წლის 1 იანვარს პიონერი გავხდი და ჰოლანდიის აღმოსავლეთით ბორკულოს პატარა კრებაში გადამიყვანეს. ეს სოფელი ჩვენი სახლიდან 130 კმ-ში იყო, ამიტომ პირველად რომ დავაპირე წასვლა, ვიფიქრე ველოსიპედით წავალ-მეთქი. წესით ექვს საათში უნდა ჩავსულიყავი, მაგრამ კოკისპირული წვიმის და ძლიერი პირქარის გამო 12 საათი დამჭირდა, თანაც ისე, რომ  ბოლო 90 კმ მატარებლით ვიმგზავრე. ბოლოს, გვიან ღამით რის ვაივაგლახით ჩავედი სოფელში და მივედი ჩემს მასპინძელ ოჯახში; ამ ოჯახში ყველა იეჰოვას მოწმე იყო.

ომის შემდეგ ხალხს ძალიან უჭირდა. მთელი ჩემი „ავლადიდება“ მხოლოდ ერთი დიდი ზომის პიჯაკი და მოკლე შარვალი იყო. როგორც დასაწყისში გითხარით, ბორკულოში მსახურების პირველი თვე არ იყო ადვილი, თუმცა იეჰოვამ მაკურთხა და მალე რამდენიმე ბიბლიის შესწავლაც დავიწყე. ცხრა თვის შემდეგ ამსტერდამში დამნიშნეს.

სოფლიდან ქალაქად

სოფლად გაზრდილმა ბიჭმა ერთ დღესაც ჰოლანდიის ყველაზე დიდ ქალაქში, ამსტერდამში ამოვყავი თავი. ქადაგება ძალიან შედეგიანი იყო. პირველ თვეს იმდენი ლიტერატურა გავავრცელე, რომ ბოლო ცხრა თვის განმავლობაში არ მქონდა გავრცელებული ამდენი. მთელი ამ ხნის განმავლობაში რვა შესწავლაზე ნაკლები არ მქონია. როცა კრების მსახურად (უხუცესთა საბჭოს კოორდინატორი) დავინიშნე, პირველი საჯარო მოხსენების წაკითხვაც დამევალა. ძალიან ვღელავდი და დაძაბული ვიყავი, მაგრამ გულზე მომეშვა, როცა სხვა კრებაში გადამიყვანეს და ეს სანერვიულოც მომეხსნა. თუმცა იმ დროს რას წარმოვიდგენდი, რომ ცხოვრებაში 5000-ზე მეტი საჯარო მოხსენების წაკითხვა მომიწევდა.

მარკუსი (მარჯვნივ) ქადაგებს ქუჩაში ამსტერდამთან ახლოს, 1950

1950 წლის მაისში ჰარლემში დამნიშნეს. ამავე პერიოდში სარაიონო მსახურებაც შემომთავაზეს. სამი ღამე ნორმალურად არ მძინებია. ბოლოს ფილიალში ერთ ძმასთან, რობერტ ვინკლერთან მივედი და ვუთხარი, სარაიონო მსახურებისთვის ვერ გამოვდგები-მეთქი. რობერტმა ასეთი პასუხი გამცა: „მოდი, შენ შეავსე ბლანკი და დანარჩენს მერე ისწავლი“. ცოტა ხანში, სარაიონო მსახურთათვის (სარაიონო ზედამხედველი) განკუთვნილი ერთთვიანი კურსი გავიარე. ერთ-ერთი კრების მონახულების დროს გავიცანი იეჰოვაზე უზომოდ შეყვარებული ხალისიანი და ღვთის საქმეზე გადაგებული და იან ტატკანი. ჩვენ 1955 წელს ვიქორწინეთ. სანამ ჩემი ამბის მოყოლას გავაგრძელებ, იანს ვთხოვ, მოგიყვეთ, როგორ გახდა იეჰოვას მოწმე.

ერთად მსახურება

იანი: 11 წლისა ვიყავი, როცა 1945 წელს დედა იეჰოვას მოწმე გახდა. ოჯახში სამი და-ძმა ვიყავით. დედას ძალიან უნდოდა, ჩვენთვის ბიბლია ესწავლებინა, მაგრამ მამა ეწინააღმდეგებოდა. ამიტომ, როცა მამა სახლში არ იყო, მაშინ გვასწავლიდა ხოლმე.

იეჰოვას მოწმეების პირველი შეხვედრა, რომელსაც დავესწარი, იყო 1950 წელს ჰააგაში ჩატარებული კონგრესი. ერთ კვირაში ასენის (დრენთე) სამეფო დარბაზშიც მივედი კრებაზე. ეს რომ მამაჩემმა გაიგო, ისე გაბრაზდა, სახლიდან გამაგდო. სახლიდან გასვლის წინ დედამ მითხრა: „შენ იცი, ვისთანაც უნდა მიხვიდე“. მივხვდი, რომ ის ჩვენს სულიერ და-ძმებს გულისხმობდა. თავიდან ჩვენ მეზობლად მცხოვრებმა მოწმეების ოჯახმა შემიკედლა, მაგრამ მამა იქაც პრობლემებს მიქმნიდა. ამიტომ ოვერეისელში დევენტერის კრებაში გადავედი, რომელიც ჩვენი სახლიდან  95 კილომეტრით იყო მოშორებული. იმ დროს არასრულწლოვანი ვიყავი და ამის გამო მამას ადგილობრივ ხელისუფლებასთან პრობლემები შეექმნა. ამიტომ იძულებული გახდა, სახლში დავებრუნებინე. მიუხედავად იმისა, რომ მას არასოდეს მიუღია ჭეშმარიტება, ბოლოს აღარ მიკრძალავდა კრებებზე დასწრებასა და ქადაგებას.

იანი (მარჯვნივ) დროებით პიონერად მსახურების დროს, 1952

სახლში დაბრუნებიდან მალევე დედა სერიოზულად დაავადდა და სახლის საქმეები მე დამაწვა კისერზე. ამ ყველაფრის მიუხედავად, ვაგრძელებდი სულიერ წინსვლებს და 1951 წელს 17 წლის ასაკში მოვინათლე. 1952 წელს, როცა დედა გამოჯანმრთელდა, ორი თვით დროებით პიონერად (ასე ერქვათ იმ დროს დამხმარე პიონერებს) ვიმსახურე. ამ პერიოდში სამ პიონერ დასთან ერთად ნავზე დადგმულ პატარა სახლში ვცხოვრობდი. ჩვენ დრენთეს პროვინციის ორ ქალაქში ვქადაგებდით. 1953 წელს პიონერობა დავიწყე. ერთი წლის შემდეგ ჩვენს კრებას ახალგაზრდა სარაიონო ზედამხედველი ესტუმრა. ეს იყო მარკუსი ჰარტლიფი. 1955 წლის მაისში მე და მარკუსი დავქორწინდით, რადგან მივხვდით, რომ ერთად უფრო უკეთ ვემსახურებოდით იეჰოვას (ეკლ. 4:912).

დღე, როდესაც დავქორწინდით, 1955

მარკუსი: დაქორწინებიდან მალევე ვენდამში (გრონინგენი) დაგვნიშნეს პიონერებად. ოთახი, რომელშიც ვცხოვრობდით, ძალიან პატარა იყო, სულ რაღაც 6 კვადრატული მეტრი. მაგრამ, მიუხედავად ამისა, იანს ის კოხტად და ლამაზად ჰქონდა მოწყობილი. ღამე დასაძინებლად რომ ვწვებოდით, მაგიდას და სკამებს ვიღებდით და ისე ვშლიდით ლოგინს.

ექვს თვეში სარაიონო ზედამხედველად დამნიშნეს ბელგიაში. 1955 წელს ამ ქვეყანაში მხოლოდ 4000 მაუწყებელი იყო. დღეს იქ მაუწყებლების რიცხვი 24 000-ს აღწევს. ბელგიის ჩრდილოეთით ფლანდრიაში ხალხი ჰოლანდიურ ენაზე საუბრობს, თუმცა საკმაოდ განსხვავებული აქცენტით, ამიტომ თავიდან ენობრივი ბარიერი გვქონდა.

იანი: სარაიონო მსახურება უდიდეს მსხვერპლს მოითხოვს. კრებიდან კრებაში ველოსიპედებით დავდიოდით და და-ძმების სახლებში ვრჩებოდით. რაკიღა ჩვენი სახლი არ გვქონდა, სულ თანაქრისტიანებთან გვიწევდა ცხოვრება სამშაბათიდან სამშაბათამდე, მონახულებიდან მონახულებამდე. თუმცა ამ მსახურებას ჩვენ ყოველთვის იეჰოვას კურთხევად მივიჩნევდით.

მარკუსი: თავიდან კრებებში არავის ვიცნობდით, მაგრამ და-ძმები ძალიან თბილად გვეპყრობოდნენ და დიდ სტუმართმოყვარეობას იჩენდნენ ჩვენ მიმართ (ებრ. 13:2). წლების განმავლობაში ჰოლანდიურ ენაზე მოლაპარაკე კრებებს ვინახულებდით ბელგიაში. მოვინახულეთ ყველა ასეთი კრება და თანაც არაერთხელ. ეს ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა ჩვენთვის, რადგან უამრავი ძვირფასი და-ძმა გავიცანით. ასობით ახალგაზრდა გაიზარდა ჩვენ თვალწინ, როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად, თავი მიუძღვნეს იეჰოვას და სამეფოს ინტერესები ცხოვრებაში პირველ ადგილზე დააყენეს. უდიდესი სიხარულია იმის დანახვა, რომ მათგან უმრავლესობა დღეს სრული დროით მსახურობს (3 იოან. 4). ასეთი ურთიერთგამხნევება ძალას გვმატებდა და გვიადვილებდა ჩვენი დავალების შესრულებას (რომ. 1:12).

 სირთულეები და კურთხევები

მარკუსი: შეუღლების დღიდან ვოცნებობდით გალაადის სკოლაზე. ყოველდღე ინგლისურს, სულ ცოტა, ერთი საათი მაინც ვმეცადინეობდით. თუმცა სახელმძღვანელოებით უცხო ენის სწავლა იოლი საქმე არ იყო. ამიტომ გადავწყვიტეთ, შვებულება ინგლისში გაგვეტარებინა და ქადაგების დროს ერთგვარი პრაქტიკა გაგვევლო. 1963 წელს სათაო ოფისიდან კონვერტი მივიღეთ, რომელშიც ორი წერილი იდო, ერთი ჩემთვის, ერთი იანისთვის. ჩემს წერილში ეწერა, რომ მიწვევდნენ „გალაადის“ ათთვიანი კურსის გასავლელად. კურსი ითვალისწინებდა ორგანიზაციულ საკითხებში ძმების მომზადებას. ამიტომ 100 სტუდენტიდან 82 ძმა იყო.

იანი: მე არ მიმიწვიეს სკოლაში. ჩემს წერილში ეწერა, რომ მელოცა და თავად მიმეღო გადაწყვეტილება, გავაგრძელებდი თუ არა მარკუსის გარეშე ბელგიაში მსახურებას მთელი ამ ხნის განმავლობაში. ვაღიარებ, რომ თავიდან ძალიან დავითრგუნე. ისე გამოვიდა, თითქოს ჩემი მცდელობა არ აკურთხა იეჰოვამ. მაგრამ ჩემს თავს შემოვუძახე და შევახსენე ამ სკოლის მიზანი: იქ ხომ სტუდენტებს ქადაგებისთვის ამზადებდნენ?! ამიტომ გადავწყვიტე, დავრჩენილიყავი ბელგიაში. დავინიშნე სპეციალურ პიონერად ქალაქ გენტში ორ გამოცდილ სპეციალურ პიონერ დასთან, ანა და მარია კოლპარტებთან ერთად.

მარკუსი: ინგლისური რომ უფრო კარგად მესწავლა, სკოლის დაწყებამდე 5 თვით ადრე მიმიწვიეს ბრუკლინში. ვმუშაობდი გზავნილთა და სამსახურებრივ განყოფილებებში. გზავნილთა განყოფილებაში მსახურების დროს ლიტერატურას ვგზავნიდით აზიის, ევროპისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში. ამ საქმიანობამ უფრო ახლოდან დამანახვა ჩვენი საერთაშორისო საძმო. განსაკუთრებით დამამახსოვრდა ძმა ალექსანდრე მაკმილანი, რომელიც ძმა რასელის დროს პილიგრიმად (ადრე ასე ერქვათ მიმომსვლელ ზედამხედველებს) მსახურობდა. ის უკვე საკმაოდ ასაკოვანი იყო და ყურთასმენაც დაკარგული ჰქონდა, თუმცა მაინც კრების ყველა შეხვედრას ესწრებოდა. მისმა მაგალითმა ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა და ერთი რამ მასწავლა: არასოდეს მივიჩნიო ქრისტიანულ საძმოსთან ურთიერთობა უმნიშვნელო რამედ (ებრ. 10:24, 25).

იანი: მე და მარკუსი ხშირად ვწერდით ერთმანეთს წერილებს, კვირაში რამდენჯერმე. ოჰ, როგორ გვენატრებოდა ერთმანეთი! თუმცა მარკუსი სწავლაზე იყო გადართული, მე კი მსახურებაზე. როცა ის დაბრუნდა, მე იმ დროს 17 ბიბლიის შესწავლას ვატარებდი. მართალია, ადვილი არ ყოფილა ჩვენი ხანგრძლივი, 15 თვიანი განშორება, მაგრამ ამან საშუალება მომცა, დამენახა, როგორ აკურთხა იეჰოვამ ჩვენი მსხვერპლი. იმ დღეს, როცა მარკუსი შინ ბრუნდებოდა, მისმა თვითმფრინავმა რამდენიმე საათით დაიგვიანა. ბოლოს, როგორც იქნა, თვითმფრინავი დაეშვა და ამდენი ხნის განშორების შემდეგ მე და მარკუსი კვლავ შევხვდით ერთმანეთს. ნეტა გენახათ, როგორ ვტიროდით გულამოსკვნილნი. გადავეხვიეთ და ავტირდით. მას შემდეგ ერთმანეთს აღარასოდეს დავშორებივართ.

მადლობას ვუხდით იეჰოვას, რომ ამდენი მოგვანდო

მარკუსი: 1964 წლის დეკემბერში, როცა „გალაადის“ დამთავრების შემდეგ სახლში დავბრუნდი, მე და იანი ბეთელში მიგვიწვიეს. იმ დროს არ ვიცოდით, რომ ბეთელში მხოლოდ დროებით უნდა გვემსახურა. სამი თვის შემდეგ საოლქო ზედამხედველად დამნიშნეს ფლანდრიაში. თუმცა მას შემდეგ, რაც ალზენ და ელს ვიკარსმაები ბელგიაში მისიონერებად გაგზავნეს და ჩასვლისთანავე ძმა ალზენი საოლქო ზედამხედველად  დანიშნეს, ჩვენ კვლავ ბეთელში დაგვაბრუნეს. ბეთელში სამსახურებრივ განყოფილებაში ვმსახურობდი. 19681980 წლებში ხან ბეთელში ვმსახურობდით, ხან მიმოსვლით მსახურებაში ვიყავით ჩართულნი. 19802005 წლებში ბეთელშიც ვმსახურობდი და საოლქო ზედამხედველადაც.

მართალია, ჩვენი დანიშნულება ხშირად იცვლებოდა, მაგრამ არასოდეს გვავიწყდებოდა ერთი მნიშვნელოვანი რამ: ჩვენ ჩვენი ცხოვრება იეჰოვას მთელი სულითა და გულით მივუძღვენით. ამიტომ ყოველთვის სიხარულით ვხვდებოდით ღვთისგან მიღებულ ნებისმიერ დავალებას და ეჭვი არ გვეპარებოდა, რომ ეს ცვლილებები სამეფოს საქმის წინსვლას ემსახურებოდა.

იანი: დაუვიწყარი იყო ჩემთვის 1977 და 1997 წლები. 1977 წელს მე და მარკუსი ბრუკლინს ვეწვიეთ. 1997-ში კი პატერსონში გავემგზავრეთ, სადაც მარკუსმა ფილიალის კომიტეტის წევრებისთვის განკუთვნილი კურსი გაიარა.

იეჰოვამ იცის, რა გვჭირდება

მარკუსი: 1982 წელს იანმა ოპერაცია გაიკეთა და მალევე გამოჯანმრთელდა. სამი წლის შემდეგ ლევენის კრების წევრებმა თავიანთი სამეფო დარბაზის ზედა სართულზე ცხოვრება შემოგვთავაზეს. ბოლო 30 წლის განმავლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ჩვენ ჩვენი კუთხე გვქონდა. სამშაბათობით, როცა კრების მონახულებას ვიწყებდით, ბარგის ჩასატანად რამდენჯერმე გვიწევდა 54 საფეხურზე ჩასვლა-ამოსვლა. საბედნიეროდ, 2002 წლიდან აღარ გვიწევდა კიბეზე ზემოთ-ქვემოთ სიარული, რადგან პირველ სართულზე გადაგვიყვანეს. 78 წლისა ვიყავი, როცა მე და იანი სპეციალურ პიონერებად დაგვნიშნეს ქალაქ ლოკერენში. ძალიან გვიხარია, რომ ასეთ მსახურებაში ვართ ჩაბმულნი და ყოველ დღე შეგვიძლია მსახურებაში სიარული.

„ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არა ჰქონდა იმას, თუ სად და რამდენს ვიმსახურებდით; მთავარი იყო ის, რომ ვიცოდით, ვის ვემსახურებოდით“

იანი: სრული დროით მსახურებაში მე და მარკუსმა ერთად აღებული 120 წელზე მეტი გავატარეთ. საკუთარ თავზე გამოვცადეთ იეჰოვას დანაპირები, რომ ის თავის ერთგულს არ დატოვებს და არაფერს მოაკლებს (ებრ. 13:5; კან. 2:7).

მარკუსი: ახალგაზრდობაში ჩვენ იეჰოვას მივუძღვენით ჩვენი სიცოცხლე. არასოდეს გვიძებნია „დიდი რამე“ ჩვენთვის. ყველა დავალებას სიხარულით ვხვდებოდით, ვინაიდან ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არა ჰქონდა იმას, თუ სად და რამდენს ვიმსახურებდით; მთავარი იყო ის, რომ ვიცოდით, ვის ვემსახურებოდით.

^ აბზ. 5 წლების შემდეგ მშობლები, ჩემი უფროსი და და ორი უმცროსი ძმაც იეჰოვას მოწმეები გახდნენ.