არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) ივლისი 2013

„აი, მე ყოველდღე თქვენთან ვარ“

„აი, მე ყოველდღე თქვენთან ვარ“

„აი, მე ყოველდღე თქვენთან ვარ ქვეყნიერების აღსასრულამდე“ (მათ. 28:20).

1. ა) მოკლედ გადმოეცით ხორბლისა და სარეველას იგავი. ბ) როგორ ახსნა იესომ ამ იგავის მნიშვნელობა?

იესომ არაერთი მაგალითი მოიყვანა სამეფოს შესახებ, მათ შორის იგავი ხორბალსა და სარეველაზე. ამ იგავში მთესველი მინდორში თესავს კარგ თესლს, ხორბალს, მაგრამ მისი მტერი იმავე მინდორში თესავს სარეველას. გადის დრო და სარეველა ჩრდილავს ხორბალს. მთესველი თავის მონებს აფრთხილებს, რომ სარეველას ხელი არ ახლონ და ეუბნება: „მკამდე ერთად იზარდონ“. მკის პერიოდში სარეველას ანადგურებენ, ხორბალს კი აგროვებენ. იესომ თავადვე ახსნა ეს იგავი (წაიკითხეთ მათეს 13:24—30, 37—43). მოდი, განვიხილოთ ეს იგავი. (იხილეთ დიაგრამა „ხორბალი და სარეველა“)

2. ა) რას განასახიერებს მთესველის მინდორში განვითარებული მოვლენები? ბ) იგავის რომელ ნაწილს განვიხილავთ?

2 მთესველის მინდორში განვითარებული მოვლენები წარმოდგენას გვიქმნის იმაზე, თუ როგორ და როდის მოაგროვებს იესო დედამიწაზე სრულად ხორბლის კლასს ანუ ცხებულ ქრისტიანებს, რომლებიც მასთან ერთად იმეფებენ მის სამეფოში. თესვა დაიწყო ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე. მოგროვების პროცესი დასრულდება მაშინ, როდესაც ქვეყნიერების მიწურულს მცხოვრებ ცხებულ ქრისტიანებს საბოლოოდ დაესმებათ ბეჭედი და ზეცად ამაღლდებიან (მათ. 24:31; გამოცხ. 7:14). მოგეხსენებათ, რომ მთის მწვერვალიდან ხელის გულივით ჩანს არე-მარე და თვალთახედვაც უფრო ფართოა. ეს იგავიც უფრო გვიფართოებს თვალსაწიერს და ნათლად გვიხსნის დაახლოებით 2000 წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენების მნიშვნელობას. მაშ ასე, სამეფოსთან დაკავშირებულ რომელ მოვლენებს ეფინება ნათელი? ეს იგავი აღწერს თესვის, ზრდისა და მკის პერიოდებს, მაგრამ ამ სტატიაში ჩვენ ძირითადად ვისაუბრებთ მკის პერიოდზე. *

იესოს მეთვალყურეობის ქვეშ

3. ა) როგორ განვითარდა მოვლენები პირველი საუკუნის შემდგომ? ბ) რა კითხვა წამოიჭრა მათეს 13:28-თან დაკავშირებით და ვინ წამოჭრა ეს კითხვა? (იხილეთ შენიშვნა)

3 ახ. წ. მე-2 საუკუნის დასაწყისში „სარეველამ იჩინა თავი“, როცა მსოფლიო არენაზე გამოჩნდნენ ცრუ ქრისტიანები (მათ. 13:26). მე-4 საუკუნისთვის სარეველას  მსგავსი ქრისტიანები რიცხობრივად უკვე ბევრად აღემატებოდნენ ცხებულ ქრისტიანებს. გახსოვთ ზემოხსენებულ იგავში, რა სთხოვეს მონებმა ბატონს? მათ სთხოვეს, გამარგვლის უფლება მიეცა მათთვის * (მათ. 13:28). როგორ მოიქცა ბატონი?

4. ა) რა ჩანს ბატონის ანუ იესოს პასუხიდან? ბ) როდის გამოჩნდნენ აშკარად ხორბალთან შედარებული ქრისტიანები?

4 ხორბალსა და სარეველაზე საუბრისას იესომ თქვა: „მკამდე ერთად იზარდონ“. იესოს განაცხადიდან ჩანს, რომ პირველი საუკუნიდან მოყოლებული დღემდე ყოველთვის არსებობდნენ დედამიწაზე ხორბალთან შედარებული ცხებული ქრისტიანები. ეს მოგვიანებით მოწაფეებისთვის ნათქვამი მისი სიტყვებიდანაც დასტურდება: „მე ყოველდღე თქვენთან ვარ ქვეყნიერების აღსასრულამდე“ (მათ. 28:20). აქედან გამომდინარე, აღსასრულის დადგომამდე იესო ყოველთვის დაიცავდა ცხებულ ქრისტიანებს. როგორც იგავიდან გამოჩნდა, ხორბალთან შედარებული ცხებული ქრისტიანები დაჩრდილეს სარეველასმაგვარმა ქრისტიანებმა. მართალია, ჩვენ არ ვიცით ზუსტად, ვინ შედიოდა ხორბლის კლასში მთელი ამ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, მაგრამ მკის დაწყებამდე დაახლოებით 30 წლით ადრე ხორბლის კლასი აშკარად გამოიკვეთა. როგორ მოხდა ეს?

მაცნე გზას ამზადებს

5. როგორ შესრულდა მალაქიას წინასწარმეტყველება პირველ საუკუნეში?

 5 იესოს დაბადებამდე საუკუნეებით ადრე იეჰოვამ წინასწარმეტყველ მალაქიას მეშვეობით იწინასწარმეტყველა მოვლენები, რომლებიც ასახულია იესოს ზემოხსენებულ იგავში (წაიკითხეთ მალაქიას 3:1—4). იოანე ნათლისმცემელი იყო მაცნე, რომელმაც გზა მოამზადა (მათ. 11:10, 11). როდესაც იოანე ახ. წ. 29 წელს მოვიდა, ისრაელი ერის გასამართლების დრო მოახლოებული იყო.  მეორე მაცნედ იესო ქრისტე მოგვევლინა. მან იერუსალიმის ტაძარი ორჯერ განწმინდა პირველად თავისი მსახურების დასაწყისში, მეორედ მსახურების დასასრულს (მათ. 21:12, 13; იოან. 2:1417). ასე რომ, იესოს მიერ შესრულებული განწმენდის საქმე მოიცავდა გარკვეულ პერიოდს.

6. ა) როგორ შესრულდა მალაქიას წინასწარმეტყველება ფართო მასშტაბით? ბ) დროის რომელ მონაკვეთში შეამოწმა იესომ სულიერი ტაძარი? (იხილეთ ასევე შენიშვნა)

 6 როგორ შესრულდა მალაქიას წინასწარმეტყველება ფართო მასშტაბით? 1914 წლამდე ათწლეულების განმავლობაში ჩარლზ ტეიზ რასელმა და მისმა თანამოაზრეებმა იგივე საქმე შეასრულეს, რაც იოანე ნათლისმცემელმა. ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საქმეში იგულისხმებოდა ბიბლიური ჭეშმარიტების აღდგენა. ბიბლიის მკვლევრები ასწავლიდნენ ჭეშმარიტებას ქრისტეს გამოსასყიდზე, ამხელდნენ ცრუ სწავლებას ჯოჯოხეთის ცეცხლზე და აცხადებდნენ, რომ უცხოტომელთათვის დანიშნული დროები იწურებოდა. თუმცა იმ პერიოდში არაერთი რელიგიური ჯგუფი არსებობდა, რომლებიც თავს ქრისტეს მიმდევრებად თვლიდნენ. ამიტომ წამოიჭრა ძალზედ მნიშვნელოვანი კითხვა: ვინ იყო მათ შორის ხორბლის კლასი? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად იესომ 1914 წელს სულიერი ტაძრის შემოწმება დაიწყო. შემოწმებისა და განწმენდის საქმე მოიცავდა დროის მონაკვეთს 1914 წლიდან 1919 წლის ადრეულ პერიოდამდე. *

შემოწმებისა და განწმენდის წლები

7. რა აღმოაჩინა იესომ, როცა 1914 წელს შემოწმება დაიწყო?

7 რა აღმოაჩინა იესომ, როცა შემოწმება დაიწყო? მან ნახა, რომ არსებობდა გულმოდგინე ბიბლიის მკვლევრების პატარა ჯგუფი, რომელიც 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში სამქადაგებლო საქმის შესასრულებლად არ იშურებდა ძალებსა და  შესაძლებლობებს. * წარმოიდგინეთ, როგორ გაიხარებდნენ იესო და ანგელოზები, როცა აღმოაჩენდნენ, რომ არსებობდა მცირერიცხოვანი, მაგრამ ხორბლის მტკიცე „ღეროებისგან“ შემდგარი ჯგუფი, რომელიც ვერ მოეშთო სატანის სარეველას! ამგვარად, საჭირო გახდა ცხებულ ქრისტიანთა ანუ „ლევის ძეთა განწმენდა“ (მალ. 3:2, 3; 1 პეტ. 4:17). ვნახოთ, რატომ.

8. როგორ განვითარდა მოვლენები 1914 წლის შემდეგ?

8 ზოგიერთ ბიბლიის მკვლევარს 1914 წლის მიწურულს გული გაუტეხა იმ ფაქტმა, რომ არ მოხდა მათი ზეცად ამაღლება. 1915-1916 წლებში ორგანიზაციის გარედან მომდინარე წინააღმდეგობამ შეანელა სამქადაგებლო საქმიანობა. უფრო უარესი: 1916 წლის ოქტომბერში ძმა რასელის სიკვდილის შემდეგ გარკვეულმა წინააღმდეგობამ ორგანიზაციის შიგნითაც იჩინა თავი. ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ 7 ხელმძღვანელი პირიდან 4 რუტერფორდის ხელმძღვანელად არჩევის წინააღმდეგ წავიდა. ისინი ძმებს შორის განხეთქილების ჩამოგდებას ცდილობდნენ. თუმცა 1917 წლის აგვისტოში მათ დატოვეს ბეთელი. ეს მართლაც რომ განწმენდა იყო! ამავე დროს, ზოგიერთი ბიბლიის მკვლევარი კაცთმოშიშების მახეშიც გაება. თუმცა მთლიანობაში ბიბლიის მკვლევრები, როგორც ჯგუფი, მზადყოფნით გამოეხმაურნენ განწმენდის პროცესს და მოახდინეს საჭირო ცვლილებები. აქედან გამომდინარე, იესომ ეს ქრისტიანები ჭეშმარიტ ხორბლის კლასად მიიჩნია და უარყო ყველა ცრუ ქრისტიანი, მათ შორის ქრისტიანული სამყაროს ეკლესიების მრევლი (მალ. 3:5; 2 ტიმ. 2:19). რა მოხდა შემდეგ? ამის გასაგებად, მოდი დავუბრუნდეთ ხორბლისა და სარეველას იგავს.

რა ხდება მკის დაწყების შემდეგ?

9, 10. ა) რას განვიხილავთ მკასთან დაკავშირებით? ბ) რა მოხდა პირველად მკის განმავლობაში?

9 იესომ თქვა: „მკა ქვეყნიერების წყობის აღსასრულია“ (მათ. 13:39). მკა დაიწყო 1914 წელს. ჩვენ განვიხილავთ ხუთ მოვლენას, რომლებიც იესომ ამ დროსთან დაკავშირებით იწინასწარმეტყველა.

10 პირველი: სარეველას მოგროვება. იესომ თქვა: „მკის დროს ... მომკელებს ვეტყვი, ჯერ სარეველა მოაგროვონ და ძნებად შეკრან“. 1914 წლის შემდეგ ანგელოზებმა დაიწყეს სარეველას მსგავსი ქრისტიანების მოგროვება იმით, რომ დაიწყეს სამეფოს ცხებული ძეებისგან მათი გამოცალკევება (მათ. 13:30, 38, 41).

11. რით განსხვავდებიან ჭეშმარიტი ქრისტიანები ცრუ ქრისტიანებისგან?

11 ვინაიდან მოგროვების საქმე წინ მიიწევს, ამ ორ ჯგუფს შორის სხვაობა ახლა უფრო აშკარაა, ვიდრე ოდესმე (გამოცხ. 18:1, 4). 1919 წლისთვის ცხადი გახდა, რომ დიდი ბაბილონი დაცემული იყო. განსაკუთრებით რით განსხვავდებიან ჭეშმარიტი ქრისტიანები ცრუ ქრისტიანებისგან? სამქადაგებლო საქმით. მათ, ვისაც ბიბლიის მკვლევრებს შორის ხელმძღვანელობა ეკისრათ, უმთავრესი ყურადღება იმაზე გადაიტანეს, რომ თავად მიეღოთ მონაწილეობა სამეფოს შესახებ ქადაგების საქმეში. მაგალითად, 1919 წელს გამოცემული ბროშურა სახელწოდებით „ვის მიენდო უფლის საქმე?“ ყველა ცხებულ ქრისტიანს კარდაკარ მსახურებისკენ მოუწოდებდა. მასში ეწერა: „საქმე, რომელიც უნდა შესრულდეს, მართლაც ბევრია; მაგრამ ეს არის უფლის საქმე და მას მისი დახმარებით შევასრულებთ. თქვენ გხვდათ წილად პატივი, მონაწილეობა მიიღოთ ამ საქმეში“. რა გამოხმაურება მოჰყვა ამას? 1922 წლის „საგუშაგო კოშკში“ ეწერა, რომ მას შემდეგ ბიბლიის მკვლევრები უფრო აქტიურად ჩაებნენ სამქადაგებლო საქმეში. მალე კარდაკარ ქადაგება ერთგული ქრისტიანების განმასხვავებელი ნიშანი გახდა და ეს ასეა დღესაც.

12. როდის დაიწყო ხორბლის კლასის მოგროვება?

12 მეორე: ხორბლის მოგროვება. იესო ავალებს თავის ანგელოზებს, მოაგროვონ ხორბალი მის ბეღელში (მათ. 13:30). 1919 წლიდან ცხებული ქრისტიანები გროვდებიან აღდგენილ ქრისტიანულ კრებაში. ის ცხებული ქრისტიანები, რომლებიც  ამ ქვეყნიერების მიწურულისას ცოცხლები იქნებიან, საბოლოოდ, მაშინ მოგროვდებიან, როცა ზეციურ ჯილდოს მიიღებენ (დან. 7:18, 22, 27).

13. რას გვიმჟღავნებს გამოცხადების 18:7 მეძავის ანუ დიდი ბაბილონის შესახებ, რომელშიც შედის ქრისტიანული სამყარო?

13 მესამე: ტირილი და კბილთა ღრჭენა. რა ხდება მას შემდეგ, რაც ანგელოზები ძნებად კრავენ სარეველას? სარეველას კლასზე საუბრისას იესომ თქვა: „იქ იქნება მათი ტირილი და კბილთა ღრჭენა“ (მათ. 13:42). ეს სიტყვები დღეს არ სრულდება. დღეს ქრისტიანული სამყარო ანუ მეძავის ნაწილი, ჯერ კიდევ ამბობს თავის თავზე, „დედოფლად ვზივარ, ქვრივი არა ვარ და გლოვას არასოდეს ვიხილავო“ (გამოცხ. 18:7). მართლაც, დღეს ქრისტიანულ სამყაროს წამყვანი მდგომარეობა უკავია; მას თავი დედოფლადაც კი მიაჩნია და თვლის, რომ პოლიტიკურ ლიდერებზე მაღლა დგას. ამჟამად სარეველას კლასის წარმომადგენლები კი არ ტირიან, ამაყობენ. მაგრამ ეს სურათი ძალიან მალე შეიცვლება!

ქრისტიანული სამყაროს პოლიტიკასთან მჭიდრო კავშირს მალე მოეღება ბოლო (იხილეთ მე-13 აბზაცი)

14. ა) როდის და რატომ დაიწყებენ ცრუ ქრისტიანები „კბილთა ღრჭენას“? ბ) როგორ ეთანხმება მათეს 13:42-ის ახლებური გაგება ფსალმუნების 112:10-ში ჩაწერილ სიტყვებს? (იხილეთ შენიშვნა)

14 დიდი გასაჭირის დროს, მას შემდეგ, რაც ყველა ცრუ რელიგიური მიმდინარეობა განადგურდება, მათი მიმდევრები თავშესაფარს დაუწყებენ ძებნას, მაგრამ ვერსად იპოვიან უსაფრთხო ადგილს (ლუკ. 23:30; გამოცხ. 6:1517). შემდეგ, როცა გააცნობიერებენ, რომ თავს ვერ დააღწევენ განადგურებას, სასოწარკვეთილებისგან და ბრაზისგან დაიწყებენ „ტირილს და კბილთა ღრჭენას“. როგორც იესომ იწინასწარმეტყველა დიდ გასაჭირთან დაკავშირებით, ამ შავბნელ პერიოდში ისინი „მწუხარებისგან მკერდში დაიწყებენ ცემას“ * (მათ. 24:30; გამოცხ. 1:7).

15. რა დაემართება სარეველას და როდის მოხდება ეს?

15 მეოთხე: ღუმელში ჩაყრა. რა დაემართება ძნებად შეკრულ სარეველას? ანგელოზები „გავარვარებულ ღუმელში ჩაყრიან“ მათ (მათ. 13:42). ეს სრულ განადგურებას ნიშნავს. აქედან გამომდინარე, ცრუ რელიგიის ყოფილი მიმდევრები განადგურდებიან დიდი გასაჭირის საბოლოო ეტაპზე, არმაგედონში (მალ. 4:1).

16, 17. ა) რა მოვლენას მოიხსენიებს იესო თავისი იგავის დასასრულს? ბ) საიდან ვიცით, რომ ეს მოვლენა მომავალში შესრულდება?

16 მეხუთე: გაანათებენ. იესო თავის წინასწარმეტყველებას ასე ამთავრებს: „იმ დროს მართალნი თავიანთი მამის სამეფოში მზესავით  გაანათებენ“ (მათ. 13:43). როდის და სად მოხდება ეს? ეს სიტყვები მომავალს ეხება. იესოს ეს წინასწარმეტყველება დღეს არ სრულდება დედამიწაზე, ის მომავალში ზეცაში შესრულდება. * რატომ ვფიქრობთ ასე? განვიხილოთ ორი მიზეზი.

17 თავდაპირველად, გავიგოთ, როდის მოხდება ეს. იესომ თქვა: „იმ დროს მართალნი ... გაანათებენ“. სიტყვები „იმ დროს“ იესომ მოაყოლა იმ აზრს, რომელიც ეხებოდა სარეველას გავარვარებულ ღუმელში ჩაყრას. აქედან აშკარად ჩანს, რომ ეს ორი მოვლენა ერთმანეთს უკავშირდება. „ღუმელში ჩაყრა“ დიდი გასაჭირის ბოლო ეტაპის განმავლობაში მოხდება. შესაბამისად, ცხებულებიც ამ დროს „გაანათებენ“. ახლა ვნახოთ, სად შესრულდება ეს წინასწარმეტყველება? იესომ თქვა, რომ მართლები სამეფოში გაანათებენ. რას ნიშნავს ეს? დიდი გასაჭირის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ დედამიწაზე მცხოვრებ ყველა ერთგულ ცხებულ ქრისტიანს საბოლოოდ დაესმება ბეჭედი. შემდეგ, დიდ გასაჭირთან დაკავშირებული იესოს წინასწარმეტყველების თანახმად, მათ ზეცაში შეკრებენ (მათ. 24:31). იქ, „თავიანთი მამის სამეფოში“, ცხებული ქრისტიანები „გაანათებენ“ და არმაგედონის შემდეგ მალევე შეასრულებენ პატარძლის ღირსეულ როლს „კრავის ქორწილში“ (გამოცხ. 19:69).

რაში გვეხმარება

18, 19. რაში გვეხმარება პირადად ჩვენ ხორბლისა და სარეველას იგავის მნიშვნელობის გაგება?

18 რა მოგვცა ამ იგავის უფრო ღრმად გამოკვლევამ? პირველი ის, რომ უფრო გაგვიფართოვდა თვალსაწიერი. ეს იგავი კარგად გვიხსნის იმის უმთავრეს მიზეზს, თუ რატომ უშვებს ღმერთი ბოროტებას. იეჰოვა „უთმენდა ... რისხვის ჭურჭელს“, რათა მოემზადებინა „წყალობის ჭურჭელი“, ხორბლის კლასი * (რომ. 9:2224). მეორე, გვიმტკიცებს ნდობას. ჩვენი მტრების მხრიდან წინააღმდეგობა ქვეყნიერების აღსასრულის მოახლოებასთან ერთად დღითი დღე უფრო და უფრო გაიზრდება; თუმცა, როგორც ბიბლიაში წერია, ისინი ვერ გვძლევენ (წაიკითხეთ იერემიას 1:19). საუკუნეების განმავლობაში იეჰოვა იცავდა ხორბლის კლასს, ამიტომ ის იესოსა და ანგელოზების მეშვეობით „ყოველდღე“ ჩვენთან იქნება (მათ. 28:20).

19 მესამე, იგავი ხორბლის კლასის ამოცნობაში გვეხმარება. რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი? იმის ცოდნა, თუ ვინ არიან ხორბალთან შედარებული ქრისტიანები, გვეხმარება, პასუხი გავცეთ იმ კითხვას, რომელიც იესომ ბოლო დღეებთან დაკავშირებით თავის მრავლისმომცველ წინასწარმეტყველებაში წამოჭრა. მან ასეთი კითხვა დასვა: „ვინ არის ერთგული და გონიერი მონა?“ (მათ. 24:45). ამ კითხვაზე პასუხს მომდევნო ორი სტატიიდან შევიტყობთ.

 

^ აბზ. 2 მე-2 აბზაცი. ამ იგავში მოცემული სხვა მოვლენების მნიშვნელობის გასაგებად იხილეთ 2010 წლის 15 მარტის „საგუშაგო კოშკში“ მოცემული სტატია „მართალნი მზესავით გაანათებენ“.

^ აბზ. 3 მე-3 აბზაცი. ვინაიდან იესოს მოციქულები ცოცხლები აღარ იყვნენ, ხოლო დედამიწაზე დარჩენილი ცხებულები იგავში მოცემულ ხორბალს განასახიერებდნენ და არა მონებს, ამ მაგალითში მოხსენიებული მონები ანგელოზები არიან. ამავე იგავში მოხსენიებული სარეველას მომკელებიც ანგელოზები არიან (მათ. 13:39).

^ აბზ. 6 მე-6 აბზაცი. ეს არის ახალი გაგება. ადრე ვფიქრობდით, რომ იესომ 1918 წელს შეამოწმა სულიერი ტაძარი.

^ აბზ. 7 მე-7 აბზაცი. 1910 წლიდან 1914 წლამდე ბიბლიის მკვლევრებმა გაავრცელეს დაახლოებით 4000000 წიგნი და 200000000 ტრაქტატი და ბროშურა.

^ აბზ. 14 მე-14 აბზაცი. ეს არის მათეს 13:42-ის ახალი გაგება. ადრე ჩვენს პუბლიკაციებში ეწერა, რომ ცრუ ქრისტიანების „ტირილი და კბილთა ღრჭენა“ ათწლეულების განმავლობაში გრძელდებოდა; ვფიქრობდით, რომ ისინი მოთქვამდნენ, რადგან „სამეფოს ძეები“ ამხელდნენ მათ, როგორც „ბოროტის ძეებს“ (მათ. 13:38). თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ „კბილთა ღრჭენა“ განადგურებასთან არის დაკავშირებული (ფსალმ. 112:10).

^ აბზ. 16 მე-16 აბზაცი. დანიელის 12:3-ში წერია, რომ „სივრცეში მოფენილი სინათლესავით გაანათებენ წვდომის უნარიანნი [ცხებული ქრისტიანები]“. დედამიწაზე ყოფნის დროს ისინი ამას ქადაგების საქმეში მონაწილეობით აკეთებენ. თუმცა მათეს 13:43 ყურადღებას ამახვილებს იმ დროზე, როცა ისინი ზეციერ სამეფოში გაანათებენ. ადრე გვეგონა, რომ ორივე მუხლი დაკავშირებული იყო ერთსა და იმავე საქმიანობასთან, ქადაგებასთან.

^ აბზ. 18 მე-18 აბზაცი. იხილეთ წიგნი „დაუახლოვდი იეჰოვას“, გვერდები 288, 289.