წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) ივლისი 2013

„ვინ არის ერთგული და გონიერი მონა?“

„ვინ არის ერთგული და გონიერი მონა?“

„ვინ არის ერთგული და გონიერი მონა, რომელიც ბატონმა დანიშნა, რომ დროულად მიეცა საზრდო მისი შინაურებისთვის?“ (მათ. 24:45).

1, 2. რომელი არხის მეშვეობით გვაწვდის იესო დღეს სულიერ საზრდოს და რატომ არის მნიშვნელოვანი ამ არხის ამოცნობა?

„ძმებო, ვერ წარმოიდგენთ რამდენჯერ ყოფილა ისეთი შემთხვევა, როცა მიმიღია ჟურნალი და მასში სწორედ ის სტატია წამიკითხავს, რომელიც იმ დროს ჰაერივით მჭირდებოდა“, ასე გამოხატა ერთმა დამ მადლიერება მსოფლიო მთავარი სამმართველოს მიმართ მიწერილ წერილში. თქვენც გითქვამთ ასეთი სიტყვები? ალბათ, დიახ, და ეს სავსებით ბუნებრივია.

2 ჩვენ დროულად ვიღებთ სულიერ საზრდოს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ იესო, ქრისტიანული კრების თავი, უნაკლოდ ასრულებს თავის დანაპირებს. ვისი მეშვეობით აკეთებს ის ამას? როცა იესო თავის მოსვლის ნიშანზე საუბრობდა, თქვა, რომ ის გამოიყენებდა ერთგულ და გონიერ მონას, რათა „დროულად მიეცა საზრდო“ თავისი შინაურებისთვის. * (წაიკითხეთ მათეს 24:45—47). ერთგული მონა არის არხი, რომლის მეშვეობითაც იესო ამ ბოლო დღეებში აპურებს თავის ჭეშმარიტ მიმდევრებს. იმის გაგებას, თუ ვინ არის ეს „მონა“, უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, ვინაიდან ამ არხზეა დამოკიდებული ჩვენი სულიერი ჯანმრთელობა და ღმერთთან ჩვენი ურთიერთობა (მათ. 4:4; იოან. 17:3).

3. როგორ იხსნებოდა ჩვენს პუბლიკაციებში იესოს სიტყვები ერთგულ მონასთან დაკავშირებით?

3 როგორ უნდა გავიგოთ იესოს სიტყვები ერთგულ მონასთან დაკავშირებით? ადრე ჩვენს პუბლიკაციებში იხსნებოდა, რომ იესომ ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე დანიშნა ერთგული მონა, რათა მას ყურადღება მიექცია მისი შინაურებისთვის. ვფიქრობდით, რომ გონიერ მონას წარმოადგენდა იმ დროიდან მოყოლებული დედამიწაზე მცხოვრები ყველა ცხებული ქრისტიანი, როგორც ჯგუფი, და რომ „შინაურები“ იყვნენ იგივე ცხებულები, ოღონდ როგორც ცალკეული ქრისტიანები. მიგვაჩნდა, რომ 1919 წელს იესომ ერთგულ მონას ჩააბარა მთელი თავისი ქონება ყველაფერი, ვინც და რაც დედამიწაზე სამეფო საქმის წინსვლას უწყობდა ხელს. თუმცა ერთგულ და გონიერ მონასთან დაკავშირებით იესოს სიტყვების სიღრმისეულმა გამოკვლევამ და ლოცვამ დაგვანახვა, რომ საჭირო იყო ამ საკითხისთვის უფრო მეტი ნათლის მოფენა (იგავ. 4:18). მოდი, დავიწყოთ და განვიხილოთ იესოს სიტყვები. ვნახოთ, როგორ გვეხება ის ჩვენ, როგორც ცხებულებს, ისე „სხვა ცხვარს“.

როდის უნდა შესრულებულიყო იესოს სიტყვები?

4—6. რატომ ვასკვნით, რომ ერთგულ მონასთან დაკავშირებით იესოს სიტყვები მხოლოდ 1914 წლის შემდეგ უნდა შესრულებულიყო?

4 ერთგულ და გონიერ მონასთან დაკავშირებით იესოს სიტყვების კონტექსტიდან ჩანს, რომ ეს სიტყვები არ შესრულებულა ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე. ის ამ ბოლო დღეებში სრულდება. მოდი, ვნახოთ, როგორ მივყავართ ბიბლიურ მუხლებს ამ დასკვნამდე.

5 იესოს სიტყვები ერთგულ მონასთან დაკავშირებით არის მისივე წინასწარმეტყველების ნაწილი, წინასწარმეტყველებისა, რომელიც ეხება მისი „მოსვლისა და ქვეყნიერების აღსასრულის ნიშანს“ (მათ. 24:3). იესოს წინასწარმეტყველების პირველი ნაწილი, რომელიც ჩაწერილია მათეს 24:422-ში, ორჯერ უნდა შესრულებულიყო: პირველად ახ. წ. 3370 წლებში, მეორედ უფრო ფართო მასშტაბით ჩვენს დღეებში. ნიშნავს ეს იმას, რომ იესოს იმ სიტყვებსაც ორი შესრულება აქვს, რომელიც ერთგულ მონას უკავშირდება? არა.

6 იესო თავის სიტყვებში, რომელიც მათეს 24:29-დან იწყება, ყურადღებას ამახვილებს ჩვენს დღეებში მოსალოდნელ მოვლენებზე (წაიკითხეთ მათეს 24:30, 42, 44). იმ მოვლენებზე საუბრისას, რომლებიც დიდ გასაჭირში უნდა მოხდეს, იესომ თქვა, რომ ხალხი იხილავდა „ცის ღრუბლებზე მომავალ კაცის ძეს“. შემდეგ მან გამაფრთხილებელი სიტყვები თქვა, რომელიც ბოლო დღეებში მცხოვრებ ხალხს ეხებოდა: „არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი“ და „რომელ საათზეც არ ფიქრობთ, სწორედ მაშინ მოვა კაცის ძე“. * იესომ ერთგული მონა ზუსტად ამ სიტყვების კონტექსტში მოიხსენია. მაშასადამე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ერთგულ მონასთან დაკავშირებული იესოს სიტყვების შესრულება 1914 წელს ბოლო დღეების დაწყების შემდეგ დაიწყო. რატომ არის ეს დასკვნა საფუძვლიანი?

7. რა მნიშვნელოვანი კითხვა წამოიჭრა მკის პერიოდის დაწყებისთანავე და რატომ?

7 ერთი წუთით დაფიქრდით ამ კითხვაზე: „ვინ არის ერთგული და გონიერი მონა?“. პირველ საუკუნეში არ იყო სადავო ეს საკითხი, რადგან, როგორც წინა სტატიიდან დავინახეთ, მოციქულები სასწაულებს ახდენდნენ და სხვებსაც კი გადასცემდნენ ღვთის სასწაულებრივ ძღვენს, როგორც ზეციური მხარდაჭერის ნიშანს (საქ. 5:12). ასე რომ, მათ არანაირი საფუძველი არ ჰქონდათ, ეკითხათ, თუ ვინ აირჩია ქრისტემ ხელმძღვანელად. თუმცა 1914 წელს სხვაგვარი მდგომარეობა იყო. როგორც ვიცით, მკა ამ წელს დაიწყო და საბოლოოდ, ხორბლისაგან სარეველას გამოცალკევების დროც დადგა (მათ. 13:3643). მკის დაწყებისთანავე წამოიჭრა მეტად მნიშვნელოვანი კითხვა: როგორ შეიძლებოდა ხორბლის ანუ ცხებული ქრისტიანების ამოცნობა იმ უამრავ ქრისტიანს შორის, რომლებიც თავს ქრისტეს მიმდევრად თვლიდნენ? ამ კითხვაზე პასუხი იესოს სიტყვებშია მოცემული, რომელიც მან ერთგულ მონასთან დაკავშირებით თქვა. ქრისტეს ცხებული მიმდევრები უნდა ყოფილიყვნენ სულიერად კარგად დაპურებულები.

ვინ არის ერთგული და გონიერი მონა?

8. რატომ უნდა იყვნენ ერთგულ მონაში შემავალი ქრისტიანები ცხებულები?

8 ერთგულ მონას უნდა შეადგენდნენ დედამიწაზე მცხოვრები ცხებული ქრისტიანები. ამ „მონას“ ბიბლიაში „სამეფო სამღვდელოება“ ეწოდება. მათ დავალებული აქვთ, „აუწყონ მისი აღმატებულობის შესახებ, ვინც სიბნელიდან თავის საოცარ სინათლეში გამოიხმო [ისინი]“ (1 პეტ. 2:9). აქედან გამომდინარე, მართებულია, რომ მხოლოდ „სამეფო სამღვდელოების“ წევრებმა ასწავლონ ჭეშმარიტება თავიანთ თანამორწმუნეებს (მალ. 2:7; გამოცხ. 12:17).

9. ყველა ცხებული ქრისტიანი შედის ერთგულ მონაში?

9 ყველა ცხებული ქრისტიანი შედის ერთგულ მონაში? არა, რადგან რეალურად, ყველა ცხებული ქრისტიანი არ არის ჩაბმული თანამორწმუნეებისთვის სულიერი საზრდოს  განაწილების საქმეში. ხორბალთან შედარებულ ცხებულ ქრისტიანებს შორის არიან ცხებული ძმები, რომლებიც შესაძლოა, მომსახურეებად ან უხუცესებად მსახურობენ კრებებში. ისინი ქადაგებენ კარდაკარ, ასწავლიან კრებებში და ერთგულად მიჰყვებიან მსოფლიო მთავარი სამმართველოდან მიღებულ მითითებებს. თუმცა ისინი არ მონაწილეობენ მსოფლიო საძმოსთვის სულიერი საზრდოს განაწილების საქმეში. ამ ცხებულ ქრისტიანებს შორის ასევე არიან თავმდაბალი დები, რომლებიც არ ცდილობენ კრების დამოძღვრას და დასწავლებას (1 კორ. 11:3; 14:34).

10. ვინ არის ერთგული და გონიერი მონა?

10 მაშ, ვინ არის ერთგული და გონიერი მონა? როგორც წინა სტატიაში ვნახეთ, პირველ საუკუნეში იესომ მრავალი ერთეულთა ხელით დააპურა. დღესაც ასეა; ის იყენებს „მონას“, რომელიც წარმოადგენს პატარა ჯგუფს; ამ ჯგუფში შედიან ცხებული ქრისტიანი ძმები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ სულიერი საზრდოს მომზადებასა და განაწილებაში. ისინი ამ დავალებას ასრულებენ ქრისტეს მოსვლის შემდეგ. ბოლო დღეების განმავლობაში ცხებული ძმები, რომლებიც შეადგენენ ერთგულ მონას, ერთად მსახურობენ მთავარ სამმართველოში. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ვფიქრობდით, რომ იეჰოვას მოწმეების ხელმძღვანელი საბჭო ამ „მონის“ წარმომადგენელი იყო. მართალია, იესოს მიერ მოხსენიებული სიტყვა „მონა“ მხოლობით რიცხვში დგას, მაგრამ მასში ერთზე მეტი ადამიანი იგულისხმება. ასე რომ, ხელმძღვანელი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ერთობლივი გადაწყვეტილებებია.

ვინ არიან „შინაურები“?

11, 12. ა) რა ორ დანიშნულებას იღებს ერთგული და გონიერი მონა? ბ) როდის დანიშნა იესომ ერთგული მონა თავისი შინაურებისთვის მეთვალყურეობის გასაწევად და ვინ აირჩია ამ საქმისთვის?

11 აღსანიშნავია, რომ იესოს მიერ მოხსენიებული ერთგული და გონიერი მონა იღებს ორ განსხვავებულ დავალებას. პირველ დავალებაში შედის მისი „შინაურებისთვის“ მეთვალყურეობის გაწევა; მეორეში კი ბატონის მთელი ქონების განკარგვა. ვინაიდან ეს სიტყვები ბოლო დღეებში უნდა შესრულებულიყო, აქედან გამომდინარე, „მონას“ ეს ორივე დავალება 1914 წელს იესო ქრისტეს გამეფების შემდეგ უნდა მიეღო.

12 როდის დანიშნა იესომ ერთგული მონა თავისი შინაურებისთვის მეთვალყურეობის გასაწევად? პასუხი რომ გავიგოთ, უნდა გადავინაცვლოთ 1914 წელს მკის პერიოდის დასაწყისში. როგორც ვნახეთ, იმ პერიოდში უამრავი ჯგუფი თვლიდა თავს ქრისტეს მიმდევრად. რომელი ჯგუფიდან აირჩევდა იესო ერთგულ მონას? ამ კითხვას პასუხი  მას შემდეგ გაეცა, რაც იეჰოვა და იესო მოვიდნენ სულიერი ტაძრის შესამოწმებლად. ეს შემოწმება გაგრძელდა 1914 წლიდან 1919 წლის ადრეულ პერიოდამდე. * (მალ. 3:1). შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ მათ მოიწონეს ერთგულ ბიბლიის მკვლევართა პატარა ჯგუფი, რადგან ისინი მთელი გულით იყვნენ იეჰოვასა და მის სიტყვაზე მინდობილნი. რა თქმა უნდა, ეს ჯგუფი საჭიროებდა ერთგვარ განწმენდას; მოკლე პერიოდში მიმდინარე შემოწმებისა და განწმენდის პროცესზე ამ თავმდაბალ მკვლევრებს სათანადო რეაქცია ჰქონდათ (მალ. 3:24). ეს ერთგული ბიბლიის მკვლევრები იყვნენ ჭეშმარიტი ქრისტიანები ანუ ხორბლის კლასის წარმომადგენლები. 1919 წელს სულიერი განახლების პერიოდში იესომ მათგან აირჩია ცხებული ძმები ერთგულ და გონიერ მონად და დანიშნა ისინი თავისი შინაურებისთვის მეთვალყურეობის გასაწევად.

13. ვინ შედიან „შინაურებში“ და რატომ?

13 ახლა უკვე ჩნდება სხვა კითხვა: ვინ არიან „შინაურები“? მარტივად თუ ვიტყვით, ეს ის ხალხია, ვისაც ერთგული და გონიერი მონა კვებავს. ბოლო დღეების საწყის ეტაპზე „შინაურები“ მხოლოდ ცხებული ქრისტიანები იყვნენ. დღეს უკვე ცხადი გახდა, რომ „შინაურებში“ შედის უამრავი ხალხიც ანუ „სხვა ცხვარიც“. ეს „სხვა ცხვარი“ ერთიანდება „ერთ სამწყსოში“, რომელსაც ქრისტე ხელმძღვანელობს და ამ სამწყსოს უმრავლესობას წარმოადგენს (იოან. 10:16). ორივე ჯგუფი საზრდოობს ერთგული მონის მიერ დროულად მოწოდებული სულიერი საკვებით. თუმცა საინტერესოა, ხელმძღვანელი საბჭოს წევრებიც ამ სულიერი საკვებით საზრდოობენ? ისინი ხომ თავად არიან ერთგული და გონიერი მონის წევრები? პასუხი ცალსახაა: ეს ძმებიც საჭიროებენ სულიერ საზრდოს. აქედან გამომდინარე, ისინი თავმდაბლად აღიარებენ, რომ ცალ-ცალკე თითოეული მათგანი შედის „შინაურთა“ რიცხვში, ისევე როგორც იესოს სხვა დანარჩენი ერთგული მიმდევრები.

ზეცაში ცხოვრების იმედი გვაქვს თუ დედამიწაზე, ყველანი „შინაურები“ ვართ და ყველას გვჭირდება დროული სულიერი საზრდო

14. ა) რა პასუხისმგებლობა აკისრია ერთგულ მონას? ბ) რა გაფრთხილება მისცა იესომ ერთგულ და გონიერ მონას? (იხილეთ ჩარჩო „თუ ის მონა ბოროტია ...“)

14 იესომ დიდი პასუხისმგებლობა დააკისრა ერთგულ და გონიერ მონას. ბიბლიურ დროში სანდო მონას სახლის მართვას ანდობდნენ და ის იყო სახლის გამგებელი (ლუკ. 12:42). ამგვარად, ერთგულ და გონიერ მონას ბატონის სახლეულობის ერთგულად მეთვალყურეობის პასუხისმგებლობა აკისრია. მის პასუხისმგებლობაში შედის: მატერიალური ქონების განკარგვა, სამქადაგებლო საქმიანობის ხელმძღვანელობა, საკონგრესო პროგრამების მომზადება და ლიტერატურის გამოცემა, რომელსაც ვიყენებთ კრების შეხვედრებზე, პირადი შესწავლისა  და ქადაგების დროს. შინაურები სწორედ ამ სულიერ საზრდოზე არიან დამოკიდებულნი.

როდის აბარებს ბატონი მთელ თავის ქონებას „მონას“?

15, 16. როდის აბარებს იესო მთელ თავის ქონებას „მონას“?

15 როდის აძლევს იესო „მონას“ მეორე დავალებას ანუ როდის აბარებს „მთელ თავის ქონებას“? იესომ თქვა: „ბედნიერია ის მონა, რომელსაც ბატონი თავისი მოსვლისას ასე მოქმედს პოვებს! ჭეშმარიტებას გეუბნებით: მთელ თავის ქონებას მას ჩააბარებს“ (მათ. 24:46, 47). ყურადღება მიაქციეთ: იესო მეორე დავალებას „მონას“ მაშინ აძლევს, როცა თავისი მოსვლისას „ასე მოქმედს“ ხედავს, ანუ ხედავს, რომ ის ერთგულად უნაწილებს სულიერ საზრდოს „შინაურებს“. ასე რომ, „მონისთვის“ პირველი დავალების მიცემიდან გარკვეული პერიოდი უნდა გასულიყო, სანამ ბატონი მას მეორე დავალებას მისცემდა. იმისათვის, რომ გავიგოთ, თუ როგორ და როდის აბარებს იესო მთელ თავის ქონებას „მონას“, უნდა ვიცოდეთ ორი რამ: როდის მოდის ბატონი და რა შედის მის ქონებაში, რომელსაც „მონას“ აბარებს?

16 როდის მოდის იესო? პასუხი კონტექსტიდან ჩანს. წინა მუხლებში ნახსენებ მოსვლაში იგულისხმება იესოს მოსვლა განაჩენის საუწყებლად და აღსასრულებლად ქვეყნიერების აღსასრულის ჟამს. * (მათ. 24:30, 42, 44). ამდენად, „მოსვლა“, რომელიც იესომ ერთგულ მონაზე საუბრისას ახსენა, მოხდება დიდი გასაჭირის პერიოდში.

17. რა შედის იესოს ქონებაში?

17 რა შედის იესოს „მთელ ქონებაში“? ქონებაზე საუბრისას, როცა იესომ ახსენა სიტყვა „მთელი“, აჩვენა, რომ მხოლოდ დედამიწაზე არსებულ „ქონებას“ არ გულისხმობდა. რეალურად, მას უდიდესი ზეციური ძალაუფლება გააჩნია. იესომ თქვა, რომ მთელი ძალაუფლება, ზეცაში თუ დედამიწაზე, მას აქვს მიცემული (მათ. 28:18; ეფეს. 1:2023). მის, როგორც მესიის, ქონებაში შედის ზეციური სამეფო, რომელიც მას 1914 წლიდან გადაეცა.  ის ამ სამეფოს ანუ ქონებას გაუზიარებს თავის ცხებულ მიმდევრებს (გამოცხ. 11:15).

18. რატომ აბარებს იესო სიამოვნებით მთელ თავის ქონებას „მონას“?

18 რა დასკვნის გაკეთება შეგვიძლია ზემოთ განხილულიდან? როცა იესო განაჩენის აღსასრულებლად მოვა დიდი გასაჭირის დროს, ის ჰპოვებს ერთგულ მონას, რომელიც ერთგულად აწვდის დროულ სულიერ საზრდოს ბატონის „შინაურებს“. ამიტომ ის სიამოვნებით მისცემს მათ მეორე დავალებას: ჩააბარებს მთელ თავის ქონებას. ერთგულ მონაში შემავალ ცხებულებს ეს დავალება მაშინ გადაეცემათ, როცა ზეციურ ჯილდოს მიიღებენ და გახდებიან ქრისტეს თანამმართველები.

19. მხოლოდ ერთგულ მონაში შემავალი ცხებულები იღებენ დიდებულ ჯილდოს? ახსენით.

19 მხოლოდ ერთგულ მონაში შემავალი ცხებულები იღებენ დიდებულ ჯილდოს? არა. ის დაპირება, რომელიც ერთ დროს პატარა ჯგუფს მიეცა, საბოლოოდ, სხვებზეც ვრცელდება. მაგალითად, განვიხილოთ, რა უთხრა სიკვდილის წინა ღამეს იესომ თავის 11 ერთგულ მოციქულს (წაიკითხეთ ლუკას 22:28—30). იესო მამაკაცებისგან შემდგარ ამ მცირერიცხოვან ჯგუფს ერთგულების სანაცვლოდ დიდებულ ჯილდოს დაჰპირდა. ისინი იესოსთან ერთად დასხდებოდნენ სამეფო ტახტზე. მაგრამ წლების შემდეგ იესომ ერთგვარი მინიშნება გააკეთა, რომ „მცირე სამწყსოში“ (144000) შემავალი ყველა ცხებული ქრისტიანი დაჯდებოდა სამეფო ტახტზე და იმეფებდა ქრისტესთან ერთად (გამოცხ. 1:1; 3:21). მათეს 24:47-ში ჩაწერილია იესოს კიდევ ერთი დაპირება, რომელიც ეხება მამაკაცებისგან შემდგარ მცირე ჯგუფს ანუ ცხებული ძმებისგან შემდგარ ერთგულ მონას და ნათქვამია, რომ იესო მთელ თავის ქონებას მათ ჩააბარებს. 144000 ცხებული ქრისტიანიდან ყველა მიიღებს უდიდეს ზეციურ ძალაუფლებას (გამოცხ. 20:4, 6).

144000 ცხებულ ქრისტიანთაგან ყველა მიიღებს უდიდეს ზეციურ ძალაუფლებას (იხილეთ მე-19 აბზაცი)

20. რატომ აირჩია იესომ ერთგული მონა და რა გაქვთ გადაწყვეტილი?

20 იესო კვლავაც იმავე მეთოდით აპურებს თავის შინაურებს უამრავს ერთეულთა ხელით. მან აირჩია ერთგული მონა იმისათვის, რომ თავის ერთგულ მიმდევრებს „სხვა ცხვრის“ წარმომადგენლები იქნებიან ისინი თუ ცხებულები ჰქონოდათ მუდმივი და დროული სულიერი საზრდო მთელი ბოლო დღეების განმავლობაში. მოდი, ერთგულად დავემორჩილოთ ცხებული ძმებისგან შემდგარ ერთგულ და გონიერ მონას და ამით გამოვხატოთ მათდამი მადლიერება! (ებრ. 13:7, 17).

 

^ აბზ. 2 მე-2 აბზაცი. ამ თემაზე იესომ ადრეც ისაუბრა, თუმცა მან იმ შემთხვევაში „მონის“ ნაცვლად გამოიყენა სიტყვა „მმართველი“ და „შინაურების“ ნაცვლად „მსახურები“ (ლუკ. 12:4244).

^ აბზ. 6 მე-6 აბზაცი. ქრისტეს მოსვლა (ბერძნულად „ერქომაი“) განსხვავდება ქრისტეს მოსვლისგან („პარუსია“). (ქართულ ენაში ორივე შემთხვევაში გვხვდება სიტყვა „მოსვლა“). იესოს უხილავი მოსვლა („პარუსია“) წინ უსწრებს განაჩენის აღსასრულებლად მის მოსვლას („ერქომაი“).

^ აბზ. 12 მე-12 აბზაცი. იხილეთ ამავე ჟურნალში დაბეჭდილი სტატია „აი, მე ყოველდღე თქვენთან ვარ“. გვერდები 10—12, აბზაცები 58.

^ აბზ. 16 მე-16 აბზაცი. იხილეთ ამავე ჟურნალში დაბეჭდილი სტატია „გვითხარი, როდის მოხდება ეს“. გვერდები 7, 8, აბზაცები 1418.