წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) ივნისი 2013

უხუცესებო, გამოაცოცხლეთ „დაღლილი სულები“!

უხუცესებო, გამოაცოცხლეთ „დაღლილი სულები“!

ანჟელა * ცოტა დაძაბულია. ის უხუცესებს ელოდება. ნეტავ, რას ეტყვიან? მას რამდენჯერმე მოუწია კრების გაცდენა, რადგან მთელი დღის განმავლობაში მოხუცებს უვლის და ძალაგამოცლილია. ყოველდღიური საზრუნავის გარდა ის დედის ჯანმრთელობაზეც წუხს. ანჟელა 30 წელს გადაცილებული გასათხოვარი დაა.

თქვენ რომ აპირებდეთ ანჟელას მონახულებას, როგორ გამოაცოცხლებდით ასეთ „დაღლილ სულს“? (იერ. 31:25). როგორ მოემზადებოდით გამამხნევებელი სამწყემსო მონახულებისთვის?

იფიქრეთ და-ძმების მდგომარეობაზე

სამსახურისა და თეოკრატიული პასუხისმგებლობების გამო დროდადრო ყველანი ვიღლებით. მაგალითად, წინასწარმეტყველ დანიელს ძალა გამოეცალა, როცა ხილვა ნახა, რომლის მნიშვნელობასაც ვერ ჩასწვდა (დან. 8:27). დანიელს ანგელოზი გაბრიელი დაეხმარა. ღვთის მაცნემ მას ხილვის მნიშვნელობა გააგებინა და დაარწმუნა, რომ მისი ლოცვები იეჰოვამ შეისმინა; აგრეთვე უთხრა, რომ ის ძვირფასი ადამიანი იყო ღვთისთვის (დან. 9:21—23). სხვა შემთხვევაში სხვა ანგელოზის მიერ კარგად შერჩეულმა სიტყვებმა ძალაგამოცლილი წინასწარმეტყველი განამტკიცა (დან. 10:19).

სამწყემსო მონახულების გაკეთებამდე იფიქრეთ და-ძმების მდგომარეობაზე

ძალაგამოცლილი და გულგატეხილი თანაქრისტიანის მონახულებამდე იფიქრეთ მის მდგომარეობაზე. რა პრობლემა აქვს? რამდენად დათრგუნულია? იფიქრეთ მის დადებით თვისებებზე. ძმა რიჩარდი, რომელიც 20 წელზე მეტია, უხუცესად მსახურობს, ამბობს:  „ჩემი უმთავრესი მიზანი თანაქრისტიანების განმტკიცებაა. სანამ ვინმეს მოვინახულებ, ვფიქრობ მის მდგომარეობაზე, რაც მეხმარება, რომ დას ან ძმას ისე მივუდგე, როგორც მას სჭირდება“. თუ სხვა უხუცესთან ერთად უნდა მოინახულოთ თანაქრისტიანი, კარგი იქნება, თუ წინასწარ ერთად იმსჯელებთ მის მდგომარეობაზე.

თავისუფლად აგრძნობინეთ თავი

ბუნებრივია, საკუთარ გრძნობებზე საუბარი ადვილი არ არის. მაგალითად, თანაქრისტიანმა შეიძლება თავიდანვე ვერ გადაუშალოს გული უხუცესებს. როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს უხუცესი? ძალიან კარგი შედეგი მოაქვს თბილ ღიმილს და გამამხნევებელ სიტყვებს. მაიკლი, რომელიც 40 წელია უხუცესია, სამწყემსო მონახულების დროს საუბარს ასეთი სიტყვებით იწყებს: „იცი, უხუცესისთვის ერთ-ერთი სასიამოვნო საქმე და-ძმებთან სახლში მისვლა და მათი უკეთ გაცნობაა. ამიტომ მთელი გულით ველოდებოდი ჩვენ შეხვედრას“.

შეგიძლიათ სამწყემსო მონახულება ლოცვით დაიწყოთ. თავის ლოცვებში მოციქულმა პავლემ მოიხსენია ძმების რწმენა, სიყვარული და მოთმინება (1 თეს. 1:2, 3). ლოცვაში მოიხსენიეთ, რომ აფასებთ მის კარგ თვისებებს; ასე თქვენც და ისიც განეწყობით სასიამოვნო და შედეგიანი საუბრისთვის. ამასთანავე, თქვენი სიტყვები მას გულზე მალამოსავით დაედება. ერთი გამოცდილი უხუცესი რეი ამბობს: „ყოველთვის არ გახსოვს ის სიკეთე, რასაც სხვებს უკეთებ და როცა ვინმე მოდის და ამას გახსენებს, საოცარი სიამოვნების გრძნობა გეუფლება“.

უწილადეთ სულიერი ძღვენი

პავლეს მსგავსად, თქვენც შეგიძლიათ უწილადოთ თანაქრისტიანებს „სულიერი ძღვენი“ და გაუზიაროთ მათ თუნდაც ერთი ბიბლიური აზრი (რომ. 1:11). მაგალითად, დათრგუნულმა ძმამ შეიძლება თავი უღირსად იგრძნოს და დაემსგავსოს ფსალმუნმომღერალს, რომელმაც თავი დამჭკნარ, „კვამლში დაკიდებულ ტიკს“ შეადარა (ფსალმ.  119:83, 176). მოკლედ აუხსენით ძმას ამ მუხლის მნიშვნელობა და შეაქეთ იმისათვის, რომ ფსალმუნმომღერალივით არ ივიწყებს ღვთის მცნებებს.

როგორ ფიქრობთ, ხომ არ დაეხმარება ბიბლიაში ჩაწერილი დაკარგული დრაქმის მაგალითი იმ დას, რომელიც კრებას ჩამოშორდა ან სულიერად მოსუსტდა? (ლუკ. 15:8—10). შესაძლოა, ეს დაკარგული დრაქმა ანუ მონეტა ვერცხლის მონეტებისგან აკინძული ძვირფასი ყელსაბამის ნაწილი იყო. ამ თვალსაჩინო მაგალითის განხილვა შეიძლება დას დაეხმაროს, თავი ქრისტიანული კრების ძვირფას წევრად იგრძნოს. განხილვის შემდეგ შეგიძლიათ აღნიშნოთ, თუ რა სათუთად ზრუნავს იეჰოვა მასზე, როგორც თავის პატარა ცხვარზე.

როგორც წესი, თანაქრისტიანებს სიამოვნებთ ბიბლიასთან დაკავშირებით საკუთარი აზრების გამოთქმა. ამიტომ სულ თქვენ ნუ ისაუბრებთ! როცა მათი მდგომარეობის შესაფერის ბიბლიურ მუხლს წაიკითხავთ, შეგიძლიათ გამოყოთ მთავარი სიტყვა ან ფრაზა და სთხოვოთ მათ, აღნიშნონ, თავად რას ფიქრობენ. მაგალითად, 2 კორინთელების 4:16-ის წაკითხვის შემდეგ შეგიძლიათ ჰკითხოთ: «პირადად შენ თუ გრძნობ, როგორ „ახლდები“ იეჰოვას დახმარებით?». ასეთი სახით უკეთ გავამხნევებთ ერთმანეთს (რომ. 1:12).

ოგორც წესი, თანაქრისტიანებს სიამოვნებთ ბიბლიასთან დაკავშირებით საკუთარი აზრების გამოთქმა

ამასთანავე, თანაქრისტიანს გამოაცოცხლებთ, თუ იმ ბიბლიურ პერსონაჟზე ისაუბრებთ, რომელსაც მასთან ერთგვარი საერთო აქვს. იმ შემთხვევაში, როცა თანაქრისტიანი გულგატეხილია, შესაძლოა მან ზოგჯერ თავი ხანასა და ეპაფროდიტეს მსგავსად განადგურებულად იგრძნოს; თუმცა ხანაცა და ეპაფროდიტეც იეჰოვას თვალში ძალიან ძვირფასები იყვნენ (1 სამ. 1:9—11, 20; ფილ. 2:25—30). ასე რომ, თუ სიტუაცია ხელს გაძლევთ, კარგი იქნება, თუ მოიყვანთ ბიბლიურ მაგალითებს.

მონახულების შემდეგ

და-ძმების მონახულების შემდეგ კვლავაც გამოავლინეთ გულწრფელი ინტერესი მათ მიმართ (საქ. 15:36). სამწყემსო მონახულების დასრულების შემდეგ შეგიძლიათ დაგეგმოთ ერთად მსახურება. გამოცდილი უხუცესი ძმა ბერნარდი, როცა სამწყემსო მონახულების შემდეგ და-ძმებს ხვდება, მიცემულ რჩევასთან დაკავშირებით ტაქტიანად ეკითხება: „წაგადგა რამეში ჩვენი საუბარი?“. თუ დაინტერესდებით და-ძმების მდგომარეობით, უკეთ განსაზღვრავთ, სჭირდებათ თუ არა მათ უფრო მეტი დახმარება.

დღეს, ისე როგორც არასდროს, და-ძმებს განსაკუთრებით სჭირდებათ ზრუნვა და სიყვარული (1 თეს. 5:11). ამიტომ სამწყემსო მონახულებამდე გამოყავით დრო, რათა იფიქროთ თქვენი დის ან ძმის მდგომარეობაზე. არ დაგავიწყდეთ ლოცვა. შეარჩიეთ შესაფერისი ბიბლიური მუხლები. ამრიგად შეძლებთ საჭირო სიტყვების შერჩევას, რომ გამოაცოცხლოთ „დაღლილი სულები“.

^ აბზ. 2 სახელი შეცვლილია.