არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა)  |  ივნისი 2013

დააფასეთ იეჰოვას თვისებები

დააფასეთ იეჰოვას თვისებები

„მიჰბაძეთ ღმერთს, როგორც საყვარელმა შვილებმა“ (ეფეს. 5:1).

1. ა) იეჰოვას რომელ თვისებებზე შეგვიძლია ვიფიქროთ? ბ) რაში დაგვეხმარება იეჰოვას თვისებების გამოკვლევა?

უპირველესად, რომელი თვისებები გახსენდებათ, როცა იეჰოვას პიროვნებაზე ფიქრობთ? ბევრ ჩვენგანს ამ დროს ძირითადად ოთხი თვისება გაუელვებს გონებაში: სიყვარული, სამართლიანობა, სიბრძნე და ძალა. თუმცა ვიცით, რომ იეჰოვა ამ თვისებებთან ერთად სხვა უძვირფასეს თვისებებსაც ფლობს. ჩვენ, სულ მცირე, 40 თვისების ჩამოთვლა შეგვიძლია. თითოეული მათგანი ჩვენს პუბლიკაციებშია განხილული. და რადგან ეს ასეა, უბრალოდ წარმოიდგინეთ, რაოდენ დიდებული განძი გვქონია, რის აღმოჩენაც პირადი თუ ოჯახური შესწავლის დროს შეუძლია თითოეულ ჩვენგანს! შესწავლა გვიათკეცებს პატივისცემას ჩვენი ზეციერი მამისადმი; და რაც უფრო მეტი პატივისცემა გვექნება ღვთისადმი, მით უფრო გაგვიძლიერდება სურვილი, დავუახლოვდეთ და მივბაძოთ მას (იეს. 23:8; ფსალმ. 73:28).

2. ა) მაგალითის მეშვეობით ახსენით, როგორ შეგვიძლია უფრო მეტად დავაფასოთ იეჰოვას თვისებები? ბ) რას განვიხილავთ?

2 რას ნიშნავს ცნება „დაფასება“? ამ სტატიაში მოხსენიებული ეს სიტყვა რაიმეს სწორად შეფასებას ნიშნავს. ის დროთა განმავლობაში შეიძლება თანდათან უფრო გაძლიერდეს. მოვიყვანოთ მარტივი მაგალითი: როგორ შეიძლება ადამიანს კერძი თანდათან შეუყვარდეს? ის ჯერ ამ კერძის სუნს შეიგრძნობს, მერე გემოს გაუსინჯავს, და ბოლოს თავადაც უჩნდება მისი მომზადების სურვილი. მსგავსად ამისა, უფრო მეტად დავაფასებთ იეჰოვას თვისებებს, თუ სიღრმისეულად გამოვიკვლევთ, ვიფიქრებთ მათზე და ვეცდებით მათ გამოვლენას ცხოვრებაში (ეფეს. 5:1). წინამდებარე და მომდევნო ორი სტატიის მიზანი გახლავთ ის, რომ გაგვიღრმაოს პატივისცემა იეჰოვას იმ თვისებების მიმართ, რომლებზედაც შედარებით ნაკლებად ვფიქრობთ. თითოეული თვისების განხილვის დროს ვისაუბრებთ შემდეგი კითხვების ირგვლივ: რას ნიშნავს ეს თვისება? როგორ ავლენს იეჰოვა ამ თვისებას და ჩვენ როგორ შეგვიძლია მივბაძოთ მას ამ თვისების გამოვლენაში?

 იეჰოვა უშუალოა

3, 4. ა) როგორ აღწერდით უშუალო ადამიანს? ბ) როგორ გვარწმუნებს იეჰოვა, რომ უშუალოა?

3 მოდი, უპირველესად შევეხოთ იეჰოვას ერთ-ერთ თვისებას, უშუალობას. როგორ ადამიანზე იტყვით, რომ უშუალოა? ალბათ ისეთზე, ვინც კეთილია, ყოველთვის მზად არის სხვების დასახმარებლად და ვისთანაც ადვილია საუბარი. უშუალობა ხშირად იმით განისაზღვრება, თუ რას და როგორ ვეუბნებით მოსაუბრეს. ამაში შედის ადამიანის სხეულის ენა: ჟესტები, სახის გამომეტყველება და ასე შემდეგ.

4 საიდან ჩანს, რომ იეჰოვა უშუალოა? მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვა უსასრულო სამყაროს ყოვლისშემძლე შემოქმედია, მას ძალიან სურს და ყოველთვის მზად არის, მოუსმინოს ჩვენს ლოცვებს და გვიპასუხოს (წაიკითხეთ ფსალმუნის 145:18; ესაიას 30:18, 19). ღმერთთან საუბარი შეგვიძლია ნებისმიერ დროს ნებისმიერი ადგილიდან და არ გვეშინია, რომ ამ სითამამისთვის გვისაყვედურებს უზენაესი (ფსალმ. 65:2; იაკ. 1:5). ღვთის სიტყვა იეჰოვას მოკვდავთა ენაზე აღგვიწერს, რათა გვაჩვენოს, თუ რა ძლიერ სურს ღმერთს ჩვენთან ურთიერთობა. არაერთი ფსალმუნის ავტორმა მეფე დავითმა დაწერა, რომ იეჰოვას ჩვენკენ აქვს მოპყრობილი თვალი და მარჯვენა ხელი ჩაჭიდებული აქვს ჩვენთვის (ფსალმ. 34:15; 63:8). ხოლო წინასწარმეტყველმა ესაიამ იეჰოვა მწყემსს შეადარა და თქვა: „თავისი მკლავით შეაგროვებს ბატკნებს და უბით ატარებს მათ“ (ეს. 40:11). ერთი წუთით წარმოიდგინეთ, იეჰოვას სურს, რომ მასთან ახლოს ვიყოთ; პატარა ბატკანივით გვიხუტებს გულში და მზრუნველი მწყემსივით უბით გვატარებს. ხვდებით, რა უშუალო ღმერთი გვყავს?! მაშ, იბადება კითხვა: როგორ მივბაძოთ მას?

უძვირფასესი თვისება

5. რატომ უნდა იყვნენ უხუცესები უშუალონი?

5 ცოტა ხნის წინ სხვადასხვა კონტინენტზე მცხოვრებ იეჰოვას მოწმეებს ასეთი კითხვა დაუსვეს: „ყველაზე მეტად რომელი თვისება მოგწონთ უხუცესებში?“. დიდმა უმრავლესობამ უპასუხა, რომ ყველაზე მეტად უხუცესებში აფასებენ უშუალობას. რა თქმა უნდა, ყველა ქრისტიანი საჭიროებს  ამ თვისების დახვეწას, მაგრამ ეს განსაკუთრებით უხუცესებისთვისაა აუცილებელი (ეს. 32:1, 2). ერთი და ამბობს: „უშუალობაა ის ერთადერთი თვისება, რომელიც გვეხმარება, უხუცესებში დავინახოთ სხვა დადებითი თვისებები და თავისუფლად მივმართოთ მათ“. თქვენც ასე ფიქრობთ? და მაინც, რა ხდის ადამიანს უშუალოს?

6. ყველაზე მეტად რა არის საჭირო იმისათვის, რომ ადამიანი უშუალო გახდეს?

6 უმთავრესი ფაქტორი, რაც ადამიანს უშუალოს ხდის, სხვების მიმართ გულწრფელი ინტერესია. უხუცესის მზრუნველობა, რომელიც ძალ-ღონეს არ იშურებს თანაქრისტიანების დასახმარებლად, კრების წევრებს, მათ შორის პატარებს, შეუმჩნეველი არ რჩებათ (მარ. 10:13—16). 12 წლის კარლოსი ამბობს: „ძალიან მომწონს, როცა უხუცესი მიღიმის“. რა თქმა უნდა, უხუცესის უშუალობა მხოლოდ მისი საუბრით არ განისაზღვრება, მან ეს საქმით უნდა დაამტკიცოს (1 იოან. 3:18).

7. რატომ იძლევა სამკერდე ნიშანი ხშირ შემთხვევაში საუბრის დაწყების საშუალებას და რას ვსწავლობთ აქედან?

7 არც ისე დიდი ხნის წინ, ერთი ჩვენი ძმა კონგრესიდან სახლში ბრუნდებოდა თვითმფრინავით. მას გულზე სამკერდე ნიშანი ეკეთა. ბორტგამცილებელმა შენიშნა სამკერდე ნიშანზე წარწერა „მოვიდეს ღვთის სამეფო!“ და ძმას უთხრა: „ნეტავ, მართლა მოვიდეს! გაქვთ ორი წუთი, ამ საკითხზე რომ ვილაპარაკოთ?“. მათ შორის სასიამოვნო საუბარი შედგა და ბორტგამცილებელმა ჟურნალები სიხარულით აიღო. ალბათ, ბევრ ჩვენგანს ჰქონია დაახლოებით ასეთი შემთხვევა. რატომ იძლევა სამკერდე ნიშანი ხშირ შემთხვევაში საუბრის დაწყების საშუალებას? იმიტომ, რომ ამით, ასე ვთქვათ, ხალხს ვეუბნებით: „არ მოგერიდოთ! შეგიძლიათ თამამად მკითხოთ, სად მივდივარ“. სამკერდე ნიშნით ხალხს მივანიშნებთ, რომ მზად ვართ, ჩვენი რწმენის შესახებ ვესაუბროთ მათ. მსგავსად ამისა, ქრისტიან უხუცესებს გარეგნულადაც უნდა ეტყობოდეთ ანუ გადატანითი მნიშვნელობით „სამკერდე ნიშნები“ უნდა ეკეთოთ წარწერით: „არ მოგერიდოთ, მე ყოველთვის მზად ვარ თქვენ დასახმარებლად“. მოდი, ვნახოთ, რით მიანიშნებენ უხუცესები, რომ უშუალონი არიან.

8. როგორ აჩვენებენ უხუცესები, რომ გულწრფელად არიან დაინტერესებულნი სხვებით და როგორ მოქმედებს ეს კრების წევრებზე?

8 მართალია, სხვადასხვა ქვეყანაში ურთიერთობის სხვადასხვა კულტურა არსებობს, მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, როცა და-ძმებს თბილად ვუღიმით, მეგობრულად ვართმევთ ხელს და ვესალმებით, ამით ვაჩვენებთ, რომ გულწრფელად ვინტერესდებით მათით. ამ მხრივ ვინ უნდა გამოავლინოს ინიციატივა? ვნახოთ, რა მაგალითი დაგვიტოვა იესომ. მათე ამბობს, რომ მოწაფეებთან შეხვედრისას „იესო მივიდა მათთან და უთხრა“ (მათ. 28:18). დღეს უხუცესებიც იესოს ჰბაძავენ: ინიციატივას იჩენენ, მიდიან თანამორწმუნეებთან და ესაუბრებიან მათ. როგორ მოქმედებს ეს კრების წევრებზე? ერთი 88 წლის პიონერი და ამბობს: „როცა სამეფო დარბაზში უხუცესები თბილად მიღიმიან და ტკბილად მესაუბრებიან, უფრო საყვარლები ხდებიან ჩემთვის“. სხვა და კი ამბობს: „შეიძლება, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო დეტალია, მაგრამ პირადად ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, როცა სამეფო დარბაზში შესვლის დროს უხუცესი თბილად მიღიმის და მესალმება“.

უშუალო და მუდამ და-ძმების სამსახურში

9, 10. ა) რა შესანიშნავ მაგალითს გვაძლევს იეჰოვა? ბ) როგორ შეუძლიათ უხუცესებს, მუდამ მზად იყვნენ, მოემსახურონ და-ძმებს?

 9 რა თქმა უნდა, არავინ მოვა ჩვენთან დახმარების სათხოვნელად, თუ არასდროს გვცალია სხვებისთვის. იეჰოვა ამ მხრივ შესანიშნავ მაგალითს გვაძლევს. წმინდა წერილებში წერია: „ის შორს არ არის თითოეული ჩვენგანისგან“ (საქ. 17:27). ერთ-ერთი მხარე, რითაც უხუცესი აჩვენებს, რომ სურს გამოადგეს სხვებს, არის ის, რომ დროს გამოყოფს კრების შეხვედრის დაწყებამდე და დამთავრების შემდეგ დებთან და ძმებთან —  ახალგაზრდებთან თუ ხანდაზმულებთან — სასაუბროდ. პიონერი ძმა ამბობს: „როცა უხუცესი მეკითხება, როგორა ვარ, შემდეგ დგას და ყურადღებით ისმენს ჩემს პასუხს, პატივისცემას ვგრძნობ მისი მხრიდან“. ერთი და, რომელიც თითქმის 50 წელია იეჰოვას ემსახურება, აღნიშნავს: „როცა კრების შემდეგ უხუცესები სასაუბროდ დროს მითმობენ, ვგრძნობ, რომ მათთვის ძვირფასი ვარ“.

10 გასაგებია, რომ ქრისტიან მწყემსებს სხვა მოვალეობებიც აკისრიათ, მაგრამ მათი უმთავრესი მიზანი კრების შეხვედრების დროს „ცხვრისთვის“ ყურადღების მიქცევაა.

იეჰოვა მიუკერძოებელია

11, 12. ა) რას ნიშნავს მიუკერძოებლობა? ბ) რა მაგალითს გვაძლევს იეჰოვა ამ მხრივ?

11 მიუკერძოებლობა იეჰოვას ძვირფას თვისებათა შორის ერთ-ერთია. რას ნიშნავს მიუკერძოებლობა? ეს ნიშნავს, იყო სამართლიანი, არ გქონდეს ვინმეს მიმართ წინასწარ შექმნილი აზრი და ერთი ადამიანი მეორეზე მაღლა არ დააყენო. ნამდვილი მიუკერძოებლობა ჩანს ორ მხარეში: განწყობასა და საქციელში. ორივე აუცილებელია, რადგან თუ ადამიანი განწყობილია, იყოს მიუკერძოებელი, ის ყველას მიუკერძოებლად მოექცევა. ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში სიტყვა „მიუკერძოებლობა“ სიტყვასიტყვით ასე ითარგმნება: „არ გაარჩიო სახეები“, ანუ ერთ სახეს მეორესთან შედარებით უპირატესობა არ მიანიჭო (საქ. 10:34; „სამეფოს სტრიქონობრივი თარგმანი“). მიუკერძოებელი ადამიანი ყველას სათანადო პატივს მიაგებს და არ ასხვავებს ადამიანს გარეგნობის ან შესაძლებლობების მიხედვით. ის ადამიანის შინაგან პიროვნებას აფასებს.

12 იეჰოვა მიუკერძოებლობის სწორუპოვარი მაგალითია. მისივე სიტყვაში წერია, რომ „ღმერთი მიკერძოებული არ არის“ და „არ იქცევა მიკერძოებით“ (წაიკითხეთ საქმეების 10:34, 35; კანონის 10:17 ). ძველად მოსეს დროს მომხდარი ერთი შემთხვევა ამის შესანიშნავი მაგალითია.

ცელოფხადის ასულები ღვთის მადლიერნი დარჩნენ (იხილეთ მე-13 და მე-14 აბზაცები)

13, 14. ა) რა ვითარებაში აღმოჩნდა ცელოფხადის ხუთი ასული? ბ) როგორ გამოავლინა იეჰოვამ მიუკერძოებლობა?

 13 ისრაელის აღთქმულ მიწაზე შესვლამდე ხუთი გასათხოვარი და ერთგვარი სირთულის წინაშე აღმოჩნდა. დებმა იცოდნენ, რომ სხვა ისრაელი ოჯახების მსგავსად, მათ ოჯახსაც უნდა მიეღო მიწა. მიწა წილისყრით მათ მამას ეკუთვნოდა, რომელიც მენაშეს ტომიდან იყო (რიცხ. 26:52—55). თუმცა მათი მამა, ცელოფხადი იმ დროს უკვე აღარ იყო ცოცხალი. კანონის თანახმად, ცელოფხადის მიწა მის ვაჟებს უნდა გადასცემოდა, მაგრამ მას მხოლოდ ქალიშვილები ჰყავდა (რიცხ. 26:33). საინტერესოა, როგორ გადაწყდებოდა ეს საკითხი; ცელოფხადის კუთვნილი მიწა მის ნათესავებს გადაეცემოდათ და ეს ხუთი და მემკვიდრეობის გარეშე დარჩებოდა?

14 დები მივიდნენ მოსესთან და ჰკითხეს: „რატომ უნდა დაიკარგოს მამაჩვენის სახელი თავისი საგვარეულოდან იმის გამო, რომ ვაჟი არ ჰყავდა?“. მათ მოსეს სთხოვეს: „მოგვეცით მამაჩვენის ძმებს შორის ის, რაც გვეკუთვნის“. როგორ მოიქცა მოსე? უთხრა  მან, რომ კანონში გამონაკლისს ვერ დაუშვებდა? ბიბლიაში ვკითხულობთ: „წარუდგინა მოსემ მათი საქმე იეჰოვას“ (რიცხ. 27:2—5). ღმერთმა უთხრა მოსეს: „მართალს ამბობენ ცელოფხადის ასულები. უნდა მისცე მათ კუთვნილი მემკვიდრეობა მათი მამის ძმებს შორის, გადაეცი მათი მამის მემკვიდრეობა“. შემდგომში იეჰოვამ კიდევ უფრო მეტი გააკეთა. მან კანონში ერთგვარი ცვლილება შეიტანა და გამონაკლისი დაუშვა. მოსე წერს: „თუ კაცი ისე მოკვდება, რომ ვაჟი არ ეყოლება, მისი მემკვიდრეობა მის ასულს გადაეცით“ (რიცხ. 27:6—8; იეს. 17:1—6). მას შემდეგ ისრაელში ყველა ქალი, ვინც მსგავს პრობლემას შეხვდებოდა, დაცული იქნებოდა.

15. ა) როგორ ექცევა იეჰოვა თავის ხალხს, მათ შორის გაჭირვებულებს? ბ) კიდევ რომელი შემთხვევებიდან ჩანს, რომ იეჰოვა მიუკერძოებელია?

15 რამხელა სიკეთე და რაოდენ დიდი მიუკერძოებლობა გამოსჭვიოდა იეჰოვას ამ გადაწყვეტილებიდან! იეჰოვა გაჭირვებაში მყოფ ამ დებს ისევე ღირსეულად მოექცა, როგორც სხვა ებრაელებს, რომლებიც შედარებით უკეთეს მდგომარეობაში იყვნენ (ფსალმ. 68:5). ეს ერთ-ერთია იმ უამრავი ბიბლიური შემთხვევიდან, რომელიც იმედის მომგვრელ და სულის მაამებელ ჭეშმარიტებას ამტკიცებს: იეჰოვა აბსოლუტურად მიუკერძოებელია ყველა თავისი მსახურის მიმართ (1 სამ. 16:1—13; საქ. 10:30—35, 44—48).

შეგვიძლია მივბაძოთ იეჰოვას

16. როგორ გავხდეთ მიუკერძოებლები და როგორ დავხვეწოთ ჩვენში ეს თვისება?

16 როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იეჰოვას მიუკერძოებლობაში? გახსოვდეთ, მიუკერძოებლად იმ შემთხვევაში მოვიქცევით, თუ შინაგანად ვიქნებით ასეთი პიროვნებები. ცხადია, ყველას გვინდა, რომ მიუკერძოებელ და ობიექტურ ადამიანად გვიცნობდნენ. თუმცა, ალბათ, ძნელია საკუთარი თავის ყოველთვის ობიექტურად შეფასება. მაგრამ დავუშვათ, დააკვირდით თქვენს თავს და აღმოაჩინეთ, რომ არა ხართ მიკერძოებული, რა შეგიძლიათ, მიუხედავად ამისა, გააკეთოთ? ერთხელ, როცა იესო დაინტერესდა, რას ფიქრობდა ხალხი მასზე, სანდო მეგობრებს ჰკითხა: „რას ამბობს ხალხი, ვინ არისო კაცის ძე?“ (მათ. 16:13, 14). შეიძლება აქედან რამის სწავლა? თქვენც შეგიძლიათ ჰკითხოთ მეგობარს, რას ფიქრობს, მიკერძოებული ადამიანის რეპუტაცია ხომ არ გაქვთ? როგორ უნდა მოიქცეთ, თუ გეტყვით, რომ თქვენში ჯერ კიდევ შემორჩენილია ეს თვისება და ზოგჯერ მიკერძოებას ავლენთ რომელიმე ეროვნების, სოციალური ფენის ან შეძლებული ადამიანების მიმართ? გულწრფელად ესაუბრეთ იეჰოვას თქვენს გრძნობებზე, ევედრეთ, რომ დაგეხმაროთ თვალსაზრისის შეცვლაში, რათა სრულად აირეკლოთ მისი ეს უნიკალური თვისება (მათ. 7:7; კოლ. 3:10, 11).

17. როგორ გამოვავლინოთ მიუკერძოებლობა?

 17 მთელი გულით გვსურს, მივბაძოთ იეჰოვას, გამოვავლინოთ ეს ძვირფასი თვისება და კრებაში და-ძმებს ღირსეულად და კეთილად მოვექცეთ. როცა საქმე სტუმართმოყვარეობის გამოვლენაზე მიდგება, არავის ვარჩევთ, სიამოვნებით ვეპატიჟებით იმ და-ძმებს, რომელთაც ჩვენგან განსხვავებული წარსული აქვთ; ამ დროს არც გაჭირვებულები, ობლები და ქვრივები გვრჩება მხედველობიდან (წაიკითხეთ გალატელების 2:10; იაკობის 1:27 ). გარდა ამისა, სასიხარულო ცნობას ყველასთან ვქადაგებთ, განურჩევლად ერისა და ფერისა. გვახარებს ისიც, რომ ბიბლიური ლიტერატურა დაახლოებით 600 ენაზე ითარგმნება. ნუთუ ეს არ ამტკიცებს იმას, რომ ჩვენ ნამდვილად მიუკერძოებლები ვართ?!

18. პირადად თქვენ როგორ შეგიძლიათ აჩვენოთ, რომ აფასებთ იეჰოვას ამ ორ უძვირფასეს თვისებას, უშუალობას და მიუკერძოებლობას?

18 მოდი, დრო დავუთმოთ იმაზე ფიქრს, თუ რამდენად უშუალო და მიუკერძოებელია იეჰოვა! ასე უფრო მეტად დავაფასებთ ჩვენს ღმერთს და უფრო გაგვიძლიერდება სურვილი, მივბაძოთ მას და გამოვავლინოთ ეს თვისებები, როგორც ჩვენს თანამორწმუნეებთან, ისე მათთან, ვისაც ვუქადაგებთ.

„იეჰოვა ახლოს არის ყველასთან, ვინც მას მოუხმობს“ (ფსალმ. 145:18) (იხილეთ მე-9 აბზაცი)

„იეჰოვა, თქვენი ღმერთი . . . არ იქცევა მიკერძოებით“ (კან. 10:17). (იხილეთ მე-17 აბზაცი)