წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) ივნისი 2013

დააფასეთ იეჰოვას თვისებები ერთგულება და მიმტევებლობა

დააფასეთ იეჰოვას თვისებები ერთგულება და მიმტევებლობა

„კარგი ხარ, იეჰოვა, და მზად ხარ პატიებისთვის; დიდია შენი სიკეთე მათ მიმართ, ვინც შენ გიხმობს“ (ფსალმ. 86:5).

1, 2. ა) რატომ ვაფასებთ ერთგულ და მიმტევებელ მეგობრებს? ბ) რას განვიხილავთ?

როგორ დაახასიათებდით ნამდვილ მეგობარს? „პირადად ჩემთვის, ნამდვილი მეგობარი ის არის, ვინც ყოველთვის მხარში მიდგას და ყოველთვის მპატიობს შეცდომებს“, — ამბობს ერთი იეჰოვას მოწმე, სახელად ეშლი. ყველას გვსიამოვნებს იმ ადამიანთან მეგობრობა, ვინც ერთგულია და ვისაც არ უჭირს პატიება. მასთან თავს დაცულად ვგრძნობთ და აშკარად ვხედავთ, რომ ეს ადამიანი უდიდესი სიყვარულითაა განმსჭვალული ჩვენ მიმართ (იგავ. 17:17).

2 არ არსებობს ქვეყნად იეჰოვაზე ერთგული და მიმტევებელი მეგობარი. სწორედ ეს აზრი აღნიშნა ფსალმუნების დამწერმა, როცა თქვა: „კარგი ხარ, იეჰოვა, და მზად ხარ პატიებისთვის; დიდია შენი სიკეთე [ანუ ერთგული სიყვარული] მათ მიმართ, ვინც შენ გიხმობს“ (ფსალმ. 86:5). რას ნიშნავს ერთგულება და მიმტევებლობა? როგორ ავლენს იეჰოვა ამ უძვირფასეს თვისებებს და როგორ შეგვიძლია მივბაძოთ მას ამაში? ამ საკითხების განხილვა დაგვეხმარება, უფრო მეტად შევიყვაროთ ჩვენი საუკეთესო მეგობარი, იეჰოვა და გავიძლიეროთ მეგობრული კვანძები თანაქრისტიანებთან (1 იოან. 4:7, 8).

იეჰოვა ერთგულია

3. რას ნიშნავს ერთგულება?

3 ერთგულება არის თბილი გრძნობა, რომელიც მოიცავს თავგანწირვას და ნდობას და გამორიცხავს ღალატს. ერთგული ადამიანი არ არის მერყევი. მას უყვარს ყოველთვის და ეს გრძნობა არ უნელდება არც ჭირში და არც ლხინში. აქედან გამომდინარე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ იეჰოვა ყველაზე ერთგული პიროვნებაა სამყაროში (გამოცხ. 16:5).

4, 5. ა) როგორ ავლენს იეჰოვა ერთგულებას? ბ) როგორ გვაძლიერებს იეჰოვას ერთგულების მაჩვენებელ საქმეებზე ფიქრი?

4 როგორ ავლენს იეჰოვა ერთგულებას? ის არასდროს ტოვებს, არასდროს ივიწყებს თავის ერთგულ თაყვანისმცემელს.  მისმა ერთ-ერთმა მსახურმა მეფე დავითმა ღვთის ერთგულება საკუთარ თავზე გამოსცადა (წაიკითხეთ 2 სამუელის 22:26 ). გასაჭირში დავითს იეჰოვა ერთგულად ხელმძღვანელობდა, იცავდა და იხსნიდა (2 სამ. 22:1). მან იცოდა, რომ ღმერთი ერთგულებას თავის თაყვანისმცემელთა მიმართ საქმეებით ავლენდა. რატომ ერთგულობდა იეჰოვა მას? იმიტომ, რომ თავად დავითი იყო ერთგული მის მიმართ. დიახ ასეა, იეჰოვა თავს ევლება თავის ერთგულთ და ერთგულებითვე პასუხობს (იგავ. 2:6—8).

5 ვძლიერდებით, როცა იეჰოვას ერთგულების მაჩვენებელ საქმეებზე ვფიქრობთ. „ძალა მემატება და ვმხნევდები, როცა ბიბლიაში დავითის შემთხვევებს ვკითხულობ, თუ როგორ ექცეოდა იეჰოვა მას განსაცდელების დროს, — ამბობს ერთი ძმა, სახელად რიდი. — ღმერთი მაშინაც კი არ ტოვებდა დავითს, როცა ის მტრებს გაურბოდა, ღია ცის ქვეშ და ზოგჯერ გამოქვაბულში ათევდა ღამეებს. ასეთი შემთხვევები კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ არა აქვს მნიშვნელობა, რა სიტუაციაშიც არ უნდა ვიყო და როგორ გამოუვალ მდგომარეობაშიც არ უნდა აღმოვჩნდე, იეჰოვა ყოველთვის ჩემ გვერდით იქნება, თუ ვუერთგულებ მას“. ეჭვი არ გვეპარება, რომ თქვენც იმავეს ფიქრობთ! (რომ. 8:38, 39).

6. კიდევ როგორ ავლენს იეჰოვა ერთგულებას და რა სიკეთე მოაქვს ამას მისი თაყვანისმცემლებისთვის?

6 კიდევ როგორ ავლენს იეჰოვა ერთგულებას? ის ყოველთვის ერთგულობს თავის პრინციპებს. „მე იგივე ვარ კაცის სიბერემდე“, — გვარწმუნებს თავად ღმერთი (ეს. 46:4). იეჰოვას გადაწყვეტილებები ყოველთვის ეყრდნობა სწორსა და არასწორთან დაკავშირებით მის ურყევ პრინციპებს (მალ. 3:6). გარდა ამისა, ის მუდამ თავისი დაპირებების ერთგულია (ეს. 55:11). როგორ მოაქვს იეჰოვას ერთგულებას სიკეთე მისი თაყვანისმცემლებისთვის? როდესაც ყველანაირად ვიცავთ მის მოთხოვნებს, შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ ღმერთი თავის დაპირებას უერთგულებს და გვაკურთხებს (ეს. 48:17, 18).

მიჰბაძეთ იეჰოვას ერთგულების გამოვლენაში

7. რომელია ის ერთ-ერთი მხარე, რაშიც შეგვიძლია ღმერთს მივბაძოთ ერთგულების გამოვლენაში?

 7 როგორ შეგვიძლია მივბაძოთ ღმერთს ერთგულების გამოვლენაში? ერთ-ერთი მხარე რთულ მდგომარეობაში მყოფთა მხარდაჭერა და გამხნევებაა (იგავ. 3:27). იცნობთ პირადად ისეთ თანაქრისტიანს, ვისაც ხალისი აქვს დაკარგული იმის გამო, რომ ცუდი ჯანმრთელობა აქვს, ოჯახის წევრები ეწინააღმდეგებიან ან რაიმე პირად სისუსტეს ებრძვის? მისწრება იქნებოდა მათთვის თქვენი „კარგი და მანუგეშებელი სიტყვები“ (ზაქ. 1:13). * ასეთი სახით თქვენზეც შესრულდება იგავებში ჩაწერილი სიტყვები, სადაც წერია, რომ ჭეშმარიტი „მეგობარი ძმაზე ახლობელია“ (იგავ. 18:24).

8. როგორ შეუძლიათ დაქორწინებულ წყვილებს, მიჰბაძონ იეჰოვას ერთგულების გამოვლენაში?

8 კიდევ ერთი, რითაც იეჰოვას ერთგულების გამოვლენაში მივბაძავთ, არის ის, რომ ვუერთგულებთ ჩვენს საყვარელ ადამიანებს. მაგალითად, დაქორწინებულებმა იციან, რომ ერთგულება მათ შემთხვევაში ძალზე აუცილებელი თვისებაა (იგავ. 5:15—18). ამიტომ ვერიდებით ყველაფერს, იმ მცირედსაც კი, რაც მრუშობამდე მიგვიყვანდა (მათ. 5:28). გარდა ამისა, ერთგულებას ვუმტკიცებთ ჩვენს თანაქრისტიანებს, როცა არ ვჭორავთ და ცილს არ ვწამებთ მათ, უარყოფითად არ ვსაუბრობთ სხვებზე და უფრო მეტიც, არ ვუსმენთ ასეთ საუბრებს (იგავ. 12:18).

9, 10. ა) განსაკუთრებით ვის უნდა ვუერთგულოთ? ბ) რატომ არ არის ყოველთვის იოლი იეჰოვას მითითებების დაცვა?

9 ყველაზე მეტად გვსურს, რომ იეჰოვას ვუერთგულოთ. თუ მაქსიმალურად ვეცდებით, საგნებსა და მოვლენებს მისი თვალით ვუყუროთ — შევიყვაროთ ის, რაც მას უყვარს და შევიძულოთ ის, რაც მას სძულს —  იეჰოვას ნამდვილად დავუმტკიცებთ ერთგულებას (წაიკითხეთ ფსალმუნის 97:10). რაც უფრო მეტად შევუსაბამებთ ჩვენს ფიქრებსა და გრძნობებს ღვთის ფიქრებსა და გრძნობებს, მით უფრო გაგვიძლიერდება სურვილი, დავემორჩილოთ მის მცნებებს (ფსალმ. 119:104).

10 და მაინც, ყოველთვის იოლი არ არის ღვთის მითითებების დაცვა. ზოგჯერ შეიძლება დიდი ბრძოლის ფასად დაგვიჯდეს ერთგულების შენარჩუნება. მაგალითად, ასეთ სიტუაციაში შეიძლება აღმოჩნდეს და ან ძმა, რომელსაც დაქორწინება სურს და ვერ პოულობს თავისთვის შესაფერის მეუღლეს იეჰოვას თაყვანისმცემელთა შორის (1 კორ. 7:39). პირობითი სიტუაცია: გასათხოვარი და ხედავს, რომ მისი თანამშრომლები გამუდმებით ცდილობენ მისთვის ვიღაცის გარიგებას; და შესაძლოა მარტოობის გრძნობას ებრძვის, მაგრამ არაფრის დიდებით არ მიდის დათმობაზე და ყველანაირად ცდილობს, უერთგულოს იეჰოვას. ნამდვილად დასაფასებლები არიან ის და-ძმები, რომლებიც უმწიკვლობისა და ერთგულების ასეთ ბრწყინვალე მაგალითს გვაძლევენ! ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ იეჰოვა დააჯილდოებს ყველას, ვინც სიძნელეების მიუხედავად, ერთგულებას უმტკიცებს მას (ებრ. 11:6).

„ზოგი მეგობარი . . . ძმაზე ახლობელია“ (იგავ. 18:24) (იხილეთ მე-7 აბზაცი)

„მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს“ (ეფეს. 4:32) (იხილეთ მე-16 აბზაცი)

იეჰოვა მიმტევებელია

11. რას ნიშნავს მიმტევებლობა?

11 იეჰოვას უძვირფასეს თვისებათა შორის ერთ-ერთი მიმტევებლობაა. რას ნიშნავს მიმტევებლობა? ეს ნიშნავს, აპატიო მწყენინებელს, როცა ამის საფუძვლიანი მიზეზი არსებობს. თუმცა ამ დროს მპატიებელი არც დანაშაულს იწყნარებს და არც მომხდარს უარყოფს. ის უბრალოდ ივიწყებს წყენას. წმინდა წერილები გვასწავლის, რომ იეჰოვა მზად არის აპატიოს მათ, ვინც სულითა და გულით ინანიებს (ფსალმ. 86:5).

12. ა) როგორ ავლენს იეჰოვა მიმტევებლობას? ბ) რას ნიშნავს „ცოდვების წაშლა“?

12 როგორ ავლენს იეჰოვა მიმტევებლობას? იეჰოვა „მრავლის მიმტევებელი“ ღმერთია და როცა პატიობს, პატიობს სრულად და სამუდამოდ (ეს. 55:7). რატომ ვართ დარწმუნებულნი, რომ იეჰოვა სრულად გვპატიობს? ამაში საქმეების 3:19 გვარწმუნებს (წაიკითხეთ). მოციქულმა პეტრემ მსმენელებს მოუწოდა: „მოინანიეთ და მობრუნდით“. როცა შემცოდველი გულწრფელად  ინანიებს, ის მთელი არსებით ნანობს ჩადენილს. მას ამასთანავე გადაწყვეტილი აქვს, მეტად აღარ დაუშვას იგივე შეცდომა (2 კორ. 7:10, 11). უფრო მეტიც, ჭეშმარიტი მონანიება შემცოდველს აღძრავს, მობრუნდეს ანუ მიატოვოს არასწორი გზა და ღვთისმოსაწონად იცხოვროს. რა მოჰყვებოდა შედეგად პეტრეს მსმენელთა გულწრფელ მონანიებას? მოციქულმა თქვა, რომ მათი „ცოდვები წაიშლებოდა“. სიტყვა „წაშლა“ ბერძნული სიტყვიდან მოდის და პირდაპირი გაგებით სრულ განადგურებას და გაქრობას ნიშნავს. როდესაც იეჰოვა გვპატიობს, ის, ასე ვთქვათ, ჩვენთან ურთიერთობას სუფთა ფურცლიდან იწყებს; ის გვპატიობს სრულად (ებრ. 10:22; 1 იოან. 1:7).

13. რაში გვარწმუნებს სიტყვები: „აღარ გავიხსენებ მათ ცოდვას“?

13 ის საიდანღა ვიცით, რომ იეჰოვა სამუდამოდ გვპატიობს? განვიხილოთ იერემიას წინასწარმეტყველება, რომელიც ცხებულ ქრისტიანებთან დადებულ ახალ შეთანხმებას ეხება და რომლის საფუძველზეც ეპატიება მათ, ვინც ირწმუნებს გამოსასყიდს (წაიკითხეთ იერემიას 31:34 ). იეჰოვა ამბობს: „ვაპატიებ მათ დანაშაულს და აღარ გავიხსენებ მათ ცოდვას“. ამგვარად, იეჰოვას სურს, ვიცოდეთ, რომ, როცა გვპატიობს შეცდომებს, ის მომავალში აღარ გაგვიხსენებს მათ. იეჰოვა არ იმახსოვრებს ჩვენს ცოდვებს იმისათვის, რომ დაგვადანაშაულოს და კვლავ და კვლავ დაგვსაჯოს. პირიქით, ღმერთი გვპატიობს ცოდვებს და მათ სამუდამოდ ივიწყებს (რომ. 4:7, 8).

14. მაგალითის მეშვეობით ახსენით, როგორ გვანუგეშებს იეჰოვას მიმტევებლობაზე ფიქრი.

14 იეჰოვას მიმტევებლობაზე ფიქრი ნუგეშის მომგვრელია. განვიხილოთ ერთი მაგალითი. წლების წინ ერთი ჩვენი და კრებიდან გაირიცხა. მოდი, პირობითად მას ელინი დავარქვათ. რამდენიმე წლის წინ ის კვლავ იეჰოვას მოწმე გახდა. ელინი იხსენებს: „მჯეროდა და სხვებსაც ვესაუბრებოდი, რომ იეჰოვამ მაპატია ჩემი დანაშაული, მაგრამ რაღაცნაირად ვგრძნობდი, რომ ღმერთი შორს იყო ჩემგან. ვფიქრობდი, რომ სხვები უფრო ახლოს იყვნენ მასთან და მათთვის ის უფრო რეალური პიროვნება იყო“. ელინს შინაგანი სიმშვიდე მოჰგვარა იმ ბიბლიური მონაკვეთების კითხვამ და მათზე ფიქრმა, რომლებშიც იეჰოვა მიმტევებელ ღმერთად არის აღწერილი. „ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი იეჰოვას სიყვარული და მისი სათუთი ხელი“, — ამბობს ის. ელინზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენს ერთ-ერთ პუბლიკაციაში მოცემულმა აზრმა: „მას შემდეგ, რაც იეჰოვა გვაპატიებს, არ უნდა ვიფიქროთ, რომ მთელი დარჩენილი სიცოცხლის განმავლობაში მოგვიწევს ცოდვის ლაქის ტარება“. * ელინი ამბობს: „ერთ რამეს მივხვდი: თურმე არ მჯეროდა, რომ იეჰოვას შეეძლო სრულად ეპატიებინა ჩემთვის და მეგონა, მთელი დარჩენილი ცხოვრება უნდა მეტარებინა ეს ტვირთი. ვიცი, დროა საჭირო, მაგრამ მე უკვე ვგრძნობ, რომ შემიძლია ღმერთთან დაახლოება და ის საშინელი ტვირთიც მომეხსნა“. ნუთუ არ გახარებთ ის ფაქტი, რომ ასეთ მოსიყვარულე და მრავლისმიმტევებელ ღმერთს ვემსახურებით?! (ფსალმ. 103:9).

მიჰბაძეთ მიმტევებელ ღმერთს

15. როგორ მივბაძოთ იეჰოვას მიმტევებლობაში?

15 იეჰოვას ვბაძავთ მიმტევებლობაში, თუ ვპატიობთ ერთმანეთს, როცა ამის საფუძველი გვაქვს (წაიკითხეთ ლუკას 17:3, 4 ). როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, როცა იეჰოვა გვპატიობს შეცდომებს, ის აღარ გვიხსენებს მათ. ჩვენც, როცა სხვებს ვპატიობთ, უნდა დავივიწყოთ ანუ, სხვანაირად რომ ვთქვათ, უკან უნდა მოვიტოვოთ მათი შეცდომები და აღარასოდეს გავიხსენოთ მომავალში.

16. ა) ნიშნავს პატიება იმას, რომ მსუბუქად ვუყურებთ ჩადენილ არასწორ საქციელს და უფლებას ვაძლევთ შემცოდველს, ბოროტად ისარგებლოს ჩვენი გულმოწყალებით? ბ) რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ღმერთმა გვაპატიოს?

 16 პატიება არ ნიშნავს იმას, რომ ჩადენილ არასწორ საქციელს მსუბუქად ვუყურებთ და უფლებას ვაძლევთ შემცოდველს, ბოროტად ისარგებლოს ჩვენი გულმოწყალებით. რეალურად, ეს წყენის დავიწყებას ნიშნავს. ერთი რამ არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან:  თუ გვინდა, რომ ღმერთმა გვაპატიოს, უნდა მივბაძოთ მას და ჩვენც უნდა ვაპატიოთ სხვებს (მათ. 6:14, 15). კიდევ ერთი: იეჰოვა თანამგრძნობი ღმერთია და ახსოვს, თუ ვინა ვართ ჩვენ; ჩვენ ხომ სინამდვილეში „მტვერი ვართ“?! (ფსალმ. 103:14). ნამდვილად, თანაგრძნობამ ჩვენც უნდა აღგვძრას, რომ ყურადღება არ გავამახვილოთ სხვების შეცდომებზე და ვაპატიოთ მათ მთელი გულით (ეფეს. 4:32; კოლ. 3:13).

როცა მწყენინებელზე ლოცულობთ, მთელი გულით ილოცეთ (იხილეთ მე-17 აბზაცი)

17. როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ თანაქრისტიანმა გული გვატკინა?

 17 პატიება ყოველთვის ადვილი არ არის. როგორც ჩანს, პირველ საუკუნეში ზოგ ცხებულ ქრისტიანსაც უჭირდა უთანხმოებების მოგვარება (ფილ. 4:2). როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ თანაქრისტიანმა გული გვატკინა? მოდი, ვნახოთ იობის შემთხვევა. მას უდიდესი ემოციური ჭრილობა მიაყენეს ვითომ მეგობრებმა: ელიფაზმა, ბილდადმა და ცოფარმა; უსაფუძვლოდ დასდეს ბრალი (იობ. 10:1; 19:2). იეჰოვამ შეაგონა ეს ცრუ ბრალმდებლები. ღმერთმა უთხრა მათ, რომ მისულიყვნენ იობთან და შეეწირათ მსხვერპლი ჩადენილი ცოდვებისთვის (იობ. 42:7—9). მაგრამ იეჰოვამ იობისგანაც მოითხოვა რაღაც. მან დაავალა იობს, ელოცა თავისი ცილისმწამებლებისთვის. იობი ზუსტად ისე მოიქცა, როგორც ღმერთმა უთხრა და აპატია თავის ბრალმდებლებს დანაშაული; იეჰოვამაც აკურთხა ის ამის გამო (წაიკითხეთ იობის 42:10, 12, 16, 17 ). გაკვეთილი ჩვენთვის: როცა ვინმე გვაწყენინებს, გულწრფელად უნდა ვილოცოთ მათთვის, რათა წყენა გულში არ ჩავიტოვოთ.

დაე, მუდამ დააფასეთ იეჰოვას თვისებები!

18, 19. როგორ უნდა გავიღრმაოთ დღითი დღე იეჰოვას უნიკალური პიროვნებისადმი პატივისცემა?

18 იეჰოვას სხვადასხვა თვისებაზე ღრმად დაფიქრებამ ნამდვილად შეგვმატა ძალა და გაგვამხნევა. ვისაუბრეთ მის ისეთ თვისებებზე, როგორებიცაა: უშუალობა, მიუკერძოებლობა, ხელგაშლილობა, გონიერება, ერთგულება და მიმტევებლობა. თუმცა ეს მხოლოდ ზღვაში წვეთია. იეჰოვას შესახებ ცოდნის მიღება სიხარულს მოგვგვრის მთელი მარადიულობის განმავლობაში (ეკლ. 3:11). როცა ვფიქრობთ ამ ჟურნალში განხილულ ექვს თვისებაზე და იეჰოვას სიყვარულზე, ძნელია, არ დავეთანხმოთ მოციქულ პავლეს სიტყვებს: „ო, ღვთის სიმდიდრის, სიბრძნისა და ცოდნის სიღრმე!“ (რომ. 11:33).

19 დაე, თითოეული ჩვენგანი დღითი დღე იღრმავებდეს იეჰოვას ძვირფასი პიროვნებისადმი პატივისცემას. ამას იმით მივაღწევთ, თუ გავიგებთ, რა თვისებები აქვს მას, ვიფიქრებთ მათზე და თავადაც ვეცდებით მათ შეძენას და გამოვლენას (ეფეს. 5:1). ამგვარად ჩვენც ფსალმუნმომღერალივით ვიტყვით: „ჩემთვის . . . კარგია ღმერთთან დაახლოება“ (ფსალმ. 73:28).

^ აბზ. 7 დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ 1995 წლის 1 ივლისის „საგუშაგო კოშკში“ დაბეჭდილი სტატია სათაურით „გაგიმხნევებიათ თუ არა ვინმე ამ ბოლო დროს?“ და 1995 წლის 1  ოქტომბრის „საგუშაგო კოშკში“ დაბეჭდილი სტატია სახელწოდებით „წავახალისოთ სიყვარულისა და კეთილი საქმეებისკენ — როგორ?“.

^ აბზ. 14 იხილეთ წიგნი „დაუახლოვდი იეჰოვას“, თავი 26, აბზაცი 10.