წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) ივნისი 2013

დააფასეთ იეჰოვას ხელგაშლილობა და გონიერება

დააფასეთ იეჰოვას ხელგაშლილობა და გონიერება

„კარგია იეჰოვა ყველასთვის და მისი წყალობა ყველა მის საქმეში ვლინდება“ (ფსალმ. 145:9).

1, 2. რა შესაძლებლობა აქვთ იეჰოვას მეგობრებს?

„თითქმის 35 წელია, დაქორწინებულები ვართ. კარგად ვიცნობთ ერთმანეთს. თუმცა დღემდე ერთმანეთის შესახებ ისეთ რამეს ვიგებთ ხოლმე, რაც აქამდე არ ვიცოდით“, — ამბობს ერთი ქრისტიანი და. უდავოა, ამ სიტყვებს უამრავი დაქორწინებული წყვილი ეთანხმება. ფაქტობრივად, ასეა ჩვეულებრივ მეგობრობაშიც.

2 როცა ვინმე გვიყვარს, ძალიან გვსიამოვნებს მისი უკეთ გაცნობა და მასთან მეგობრობა. თუმცა ყველა მეგობრულ კავშირზე მაღლა ღმერთთან მეგობრობა დგას. უნდა ითქვას ისიც, რომ იეჰოვას ბოლომდე ვერასოდეს გავიცნობთ (რომ. 11:33). მთელი მარადიულობის განმავლობაში უფრო მეტად და მეტად გავეცნობით იეჰოვას თვისებებს და დავაფასებთ მათ (ეკლ. 3:11).

3. რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

3 წინა სტატიის განხილვის შემდეგ უფრო მეტად დავაფასეთ იეჰოვას ორი ძვირფასი თვისება — უშუალობა და მიუკერძოებლობა. ამ სტატიაში განვიხილავთ იეჰოვას სხვა ორ თვისებას: ხელგაშლილობას და გონიერებას. შედეგად, უფრო უკეთ გავიგებთ, რომ „კარგია იეჰოვა ყველასთვის და მისი წყალობა ყველა მის საქმეში ვლინდება“ (ფსალმ. 145:9).

იეჰოვა ხელგაშლილია

4. რას ნიშნავს ნამდვილი ხელგაშლილობა?

4 რას ნიშნავს ხელგაშლილობა? ამ კითხვაზე პასუხს გვცემს იესოს სიტყვები, რომელიც საქმეების 20:35-შია ჩაწერილი: „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“. ამ მარტივი განაცხადით იესომ ნათლად გვაჩვენა, თუ რას ნიშნავს ნამდვილი ხელგაშლილობა. ხელგაშლილი ადამიანი თავის დროს, ენერგიასა და მატერიალურ სახსრებს სხვებისთვის გასცემს და ამას სიხარულით აკეთებს. სინამდვილეში, ხელგაშლილობას საჩუქრის ღირებულება კი არ განსაზღვრავს, არამედ მოტივები (წაიკითხეთ 2 კორინთელების 9:7 ). ხელგაშლილობაში ბადალი არ მოეპოვება ჩვენს ბედნიერ ღმერთს, იეჰოვას (1 ტიმ. 1:11).

5. როგორ ავლენს იეჰოვა ხელგაშლილობას?

 5 როგორ ავლენს იეჰოვა ხელგაშლილობას? ის ზრუნავს ყველაზე, მათზეც კი, ვინც ჯერ არ არის მისი თაყვანისმცემელი. მართლაც, „კარგია იეჰოვა ყველასთვის“. ღმერთს „მზე ბოროტებისთვისაც ამოჰყავს და კეთილებისთვისაც და წვიმას მართლებსაც უგზავნის და უმართლოებსაც“ (მათ. 5:45). ამიტომ პავლეს, მათთან საუბრისას, ვინც ღვთის თაყვანისმცემელი არ იყო, შეეძლო ეთქვა: „[იეჰოვა] გაძლევდათ წვიმას ციდან და მოსავლიან დროებს, საზრდოთი და სიხარულით გივსებდათ გულებს“ (საქ. 14:17). ნამდვილად, იეჰოვა ხელგაშლილობას ავლენს ყველას მიმართ! (ლუკ. 6:35).

6, 7. ა) ვისზე ზრუნვა ჰგვრის იეჰოვას განსაკუთრებულ სიამოვნებას? ბ) მოიყვანეთ მაგალითი, როგორ ზრუნავს იეჰოვა თავის ერთგულ თაყვანისმცემლებზე.

6 იეჰოვას განსაკუთრებულ სიამოვნებას თავის ერთგულ თაყვანისმცემლებზე ზრუნვა ჰგვრის. მეფე დავითმა თქვა: „ახალგაზრდაც ვიყავი და მოვხუცდი კიდეც, მაგრამ არ მინახავს მართალი კაცი მიტოვებული, არც მისი შთამომავლობა — პურს მონატრებული“ (ფსალმ. 37:25). ბევრმა ერთგულმა ქრისტიანმა საკუთარ თავზე გამოსცადა იეჰოვას მზრუნველი ხელი. ვნახოთ ერთი შემთხვევა.

7 ერთხელ ერთი ჩვენი და ნენსი, რომელიც სრული დროით მსახურობს, გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ეს შემთხვევა წლების წინ მოხდა. ის გვიყვება: „მომდევნო დღეს ბინის ქირა მქონდა გადასახდელი და 66 დოლარი მჭირდებოდა. არ ვიცოდი, საიდან უნდა მომეტანა ეს ფული. ვილოცე და სამსახურში წავედი. რესტორანში მიმტანად ვმუშაობდი. იმ საღამოს იმედი არ მქონდა, რომ კლიენტებისგან რაიმე თანხას მივიღებდი, ვინაიდან კვირის ამ დღეს ძალიან ცოტა სტუმრობდა ჩვენს რესტორანს. მაგრამ ჩემდა გასაკვირად, იმ დღეს რესტორანში მოსალოდნელზე მეტი კლიენტი შემოვიდა. როცა ცვლა დავასრულე და კლიენტების დატოვებული თანხა დავითვალე, აღმოჩნდა, რომ ზუსტად 66 დოლარი მქონდა“. ნენსი დარწმუნებულია, რომ ხელგაშლილმა ღმერთმა მასზე იზრუნა და იმდენი მისცა, რამდენიც სჭირდებოდა (მათ. 6:33).

8. რა არის იეჰოვას ხელგაშლილობის ყველაზე დიდი მაჩვენებელი?

8 რა არის იეჰოვას ხელგაშლილობის ყველაზე დიდი მაჩვენებელი? ეს არის მისი ძის მიერ მთელი კაცობრიობისთვის გაღებული გამოსასყიდი. იესომ თქვა: „ღმერთმა ქვეყნიერება ისე შეიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა, რათა ვისაც ის სწამს, არ დაიღუპოს, არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“ (იოან. 3:16). ამ მუხლში მოხსენიებულ სიტყვაში „ქვეყნიერება“ კაცობრიობა იგულისხმება. დიახ, დღეს ყველა, ვინც იღებს იეჰოვას ხელგაშლილობის ამ ყველაზე დიდ საჩუქარს, სარგებლობს კიდეც მისით. ისინი, ვინც რწმენას ავლენენ იესოსადმი, უსასრულო, მარადიულ სიცოცხლეს მიიღებენ (იოან. 10:10). მართლაც, ეს ძღვენი ღვთის უდიდეს ხელგაშლილობაზე მეტყველებს!

 მიჰბაძეთ იეჰოვას ხელგაშლილობაში

ებრაელებს მოუწოდებდნენ, რომ მიებაძათ იეჰოვასთვის და ყოფილიყვნენ ხელგაშლილები (იხილეთ მე-9 აბზაცი)

9. როგორ მივბაძოთ იეჰოვას ხელგაშლილობაში?

 9 როგორ მივბაძოთ იეჰოვას ხელგაშლილობაში? ღმერთი „ჩვენ გასახარად ყველაფერს უხვად გვაძლევს“, ამიტომ ჩვენც უნდა ვიყოთ გამზიარებლები და ამგვარად ხელი შევუწყოთ სხვების სიხარულს (1 ტიმ. 6:17—19). სიხარულით ვჩუქნით საჩუქრებს ჩვენს საყვარელ ადამიანებს და ვეხმარებით გაჭირვებულებს (წაიკითხეთ კანონის 15:7 ). რა დაგვეხმარება, რომ ყოველთვის ხელგაშლილები ვიყოთ? ხელგაშლილი ადამიანისთვის სხვების მხრიდან მიღებული საჩუქარი ერთგვარი შეხსენებაა იმისა, რომ თავადაც გაუკეთოს სხვებს საჩუქრები. საბედნიეროდ, დღეს ქრისტიანულ კრებებში უამრავი გულუხვი და-ძმა მსახურობს.

10. როგორ უნდა აჩვენოს ადამიანმა, რომ ხელგაშლილია სხვების მიმართ?

10 თუ ვინმეს სურს, იყოს ხელგაშლილი, მან ეს არა მარტო სიტყვით, არამედ საქმითაც უნდა დაამტკიცოს. ამას მაშინ შევძლებთ, თუ ჩვენს დროსა და ენერგიას სხვების დასახმარებლად და გასამხნევებლად გამოვიყენებთ (გალ. 6:10). იმისათვის, რომ გავიგოთ, რამდენად კარგად ვართმევთ ამ საქმეს თავს, საკუთარ თავს უნდა დავუსვათ ასეთი კითხვები: ხედავენ სხვები, რომ ყოველთვის მზად ვარ მათ დასახმარებლად და მათი გულისტკივილის მოსასმენად? ყოველთვის უარით ხომ არ ვისტუმრებ მათ, ვინც რაიმეს გაკეთებას მთხოვს ან რაიმეს მოსატანად სადმე მგზავნის? ბოლოს როდის შევაქე გულწრფელად ჩემი ოჯახის წევრი ან თანაქრისტიანი? როცა გავცემთ, ვგრძნობთ, რომ უფრო მეტად ვუახლოვდებით, როგორც იეჰოვას, ისე ჩვენს მეგობრებს (ლუკ. 6:38; იგავ. 19:17).

11. როგორ შეგიძლიათ აჩვენოთ, რომ ხელგაშლილები ხართ იეჰოვას მიმართ?

 11 ჩვენ ასევე შეგვიძლია ხელგაშლილები ვიყოთ იეჰოვას მიმართ. წმინდა წერილები მოგვიწოდებს: „პატივი მიაგე იეჰოვას შენი ქონებიდან“ (იგავ. 3:9). სიტყვაში „ქონება“ იგულისხმება ჩვენი დრო, ენერგია და  სახსრები, რომელიც შეგვიძლია მსახურებისთვის გავიღოთ. იეჰოვას მიმართ ხელგაშლილობის გამოვლენა პატარა ბავშვებსაც შეუძლიათ. ერთი ქრისტიანი მამა ამბობს: „ჩვენ შესაწირავისთვის განკუთვნილ ფულს ბავშვებს ვაძლევთ სამეფო დარბაზში შესაწირავის ყუთში ჩასაგდებად. მათ ეს ძალიან უხარიათ, რადგან ფიქრობენ, რომ ასე იეჰოვას რაღაცას აძლევენ“. ბავშვები, რომლებიც პატარაობიდანვე სიხარულით გასცემენ იეჰოვასთვის, მთელი ცხოვრება ხელგაშლილები იქნებიან (იგავ. 22:6).

იეჰოვა გონიერია

12. რას ნიშნავს გონიერება?

12 იეჰოვას სხვა ფასდაუდებელ თვისებებს შორის ერთ-ერთია გონიერება ანუ კეთილგონიერება. რას ნიშნავს გონიერება? „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ დედნისეული ენიდან ნათარგმნი სიტყვები „გონიერება“ და კეთილგონიერება“ სიტყვასიტყვით „დათმობას“ ნიშნავს (ტიტ. 3:1, 2). გონიერი ადამიანი ფანატიკურად არ იცავს კანონებს, ის არ არის მკაცრი და უკმეხი. პირიქით, სხვებს რბილად და თავაზიანად ეპყრობა და ითვალისწინებს მათ მდგომარეობას. გონიერი ადამიანი ყოველთვის მზად არის სხვების მოსასმენად, არ უჭირს დათმობაზე წასვლა და სხვების ინტერესების საკუთარზე მაღლა დაყენება.

13, 14. ა) როგორ ავლენს იეჰოვა გონიერებას? ბ) რას ვიგებთ იეჰოვას შესახებ ლოტის შემთხვევიდან?

13 როგორ ავლენს იეჰოვა გონიერებას? ღმერთი მხედველობაში იღებს თავის მსახურთა გრძნობებს და ხშირად ითვალისწინებს მათ სურვილებს. მაგალითისთვის განვიხილოთ, როგორ მოექცა იეჰოვა მართალ კაცს ლოტს. როდესაც ღმერთმა სოდომისა და გომორას განადგურება გადაწყვიტა, ლოტს უთხრა, რომ მთებში გაქცეულიყო. მაგრამ ლოტმა, გარკვეული მიზეზების გამო, იეჰოვას სთხოვა, სხვაგან გაქცევის უფლება მიეცა. წარმოიდგინეთ, ლოტმა ღმერთს მითითების შეცვლა სთხოვა! (წაიკითხეთ დაბადების 19:17—20).

14 შეიძლება ვინმემ ადვილად განსაჯოს ლოტი და თქვას, რომ ის სუსტი და ურჩი ადამიანი იყო. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იეჰოვას შეეძლო ლოტის გადარჩენა და მას შიშის საფუძველი საერთოდ არ გააჩნდა. მიუხედავად ამისა, ლოტმა შიში მაინც ვერ დასძლია. ამიტომ იეჰოვამ გაითვალისწინა მისი გრძნობები და დათმობაზე წავიდა; ნება დართო, გაქცეულიყო იმ ქალაქში, რომლის განადგურებასაც აპირებდა (წაიკითხეთ დაბადების 19:21, 22). როგორც ამ შემთხვევიდან დავინახეთ, იეჰოვა არც სასტიკი და არც ზედმეტად მკაცრია; ის დამთმობი და გონიერია.

15, 16. როგორ ირეკლავს მოსეს კანონი იეჰოვას გონიერებას? (იხილეთ სურათი მე-12 გვერდზე)

15 იეჰოვას გონიერება შესანიშნავად გამოჩნდა მოსეს კანონიდანაც. თუ ისრაელში ვინმე იმდენად გაჭირვებული იყო, რომ ხელი არ მიუწვდებოდა ცხვარზე ან თხაზე, მას შეეძლო შეეწირა ორი გვრიტი ან მტრედის ორი ხუნდი. მაგრამ რა უნდა გაეკეთებინა მას, ვისაც ამის საშუალებაც არ ჰქონდა? ამ შემთხვევაში იეჰოვა გაჭირვებაში მყოფს ნებას რთავდა, ცოტაოდენი ფქვილი შეეწირა. თუმცა ყურადღება მიაქციეთ ერთ მნიშვნელოვან დეტალს: ღარიბს ნებისმიერი ფქვილი კი არ უნდა შეეწირა ღვთისთვის, არამედ „წმინდად დაფქული“, რომლითაც საპატიო სტუმარს უმასპინძლდებოდნენ (დაბ. 18:6). რატომ არის ეს დეტალი მნიშვნელოვანი? (წაიკითხეთ ლევიანების 5:7, 11 ).

16 წარმოიდგინეთ, რომ ცხოვრობთ ისრაელში და ძალიან გიჭირთ. მიდიხართ კარავში და შესაწირავად მიგაქვთ ცოტაოდენი ფქვილი. ამ დროს ხედავთ, რომ შეძლებული ებრაელები პირუტყვს სწირავენ. შეიძლება თავი უხერხულად იგრძნოთ იმის გამო, რომ მათ ფონზე თქვენი შესაწირავი უმნიშვნელოა. შემდეგ გახსენდებათ, რომ იეჰოვას თვალში თქვენი შესაწირავი ძალიან ძვირფასია. რატომ არის თქვენი შესაწირავი ღვთისთვის ასე ძვირფასი? ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ იეჰოვა საუკეთესო ხარისხის ფქვილის შეწირვას ითხოვს.  ფაქტობრივად, ამით იეჰოვა გაჭირვებულ ებრაელებს ეუბნება: „ვიცი, რომ იმდენის შეწირვა არ შეგიძლია, რამდენსაც სხვები მწირავენ, მაგრამ ისიც ვიცი, რომ საუკეთესოს მწირავ“. მართლაც, იეჰოვა ძალიან გონიერია; ის ყოველთვის ითვალისწინებს თავის მსახურთა მდგომარეობასა და მათ შეზღუდულ შესაძლებლობებს (ფსალმ. 103:14).

17. რაში შეგიძლიათ იყოთ დარწმუნებული?

 17 ნუგეშს გვგვრის იმის ცოდნა, რომ იეჰოვა გონიერი ღმერთია და სულითა და გულით შესრულებული ჩვენი მსახურება ყველანაირად მისაღებია მისთვის (კოლ. 3:23). ერთი ასაკოვანი იტალიელი და კონსტანცია ამბობს: „ყველაზე მეტად მიყვარს, როცა სხვებს ჩვენს შემოქმედზე ვესაუბრები. ამიტომ არ ვწყვეტ ქადაგებას და ბიბლიის შესწავლების ჩატარებას. თუმცა ზოგჯერ გული მწყდება, რომ ცუდი ჯანმრთელობის გამო მეტს ვეღარ ვაკეთებ. მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ იეჰოვა ხედავს ჩემს მდგომარეობას, ვუყვარვარ და აფასებს იმას, რასაც ვაკეთებ“.

მიჰბაძეთ იეჰოვას გონიერებაში

18. როგორ შეუძლიათ მშობლებს, მიჰბაძონ იეჰოვას?

18 როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იეჰოვას გონიერებაში? კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ, როგორ მოექცა იეჰოვა ლოტს. ღმერთს ყველაზე მაღალი მდგომარეობა უკავია. მიუხედავად იმისა, რომ ღმერთს ყველაზე მაღალი მდგომარეობა უკავია, მან თავაზიანად მოუსმინა ლოტს, როცა ის თავის გრძნობებზე ესაუბრებოდა. იეჰოვამ გაითვალისწინა მისი თხოვნა. მშობლებო, შეგიძლიათ მიჰბაძოთ იეჰოვას? შეგიძლიათ მოუსმინოთ თქვენს შვილებს და, თუ არაფერი შავდება, გაითვალისწინოთ მათი მოთხოვნები? ამასთან დაკავშირებით საუბარი იყო 2007 წლის 1 სექტემბრის „საგუშაგო კოშკში“. იქ წერია, რომ ზოგჯერ მშობლებმა შეიძლება შვილებთან ერთად იმსჯელონ იმაზე, თუ რა წესები იქნება ოჯახში დადგენილი ბავშვებისთვის. მაგალითად, მშობლებმა უნდა დაუდგინონ შვილებს კონკრეტული დრო, თუ როდის დაბრუნდნენ სახლში. თუმცა ქრისტიანმა მშობლებმა დადგენილ დროსთან დაკავშირებით შვილების აზრიც უნდა მოისმინონ. ზოგჯერ, თუ ბიბლიური პრინციპი არ ირღვევა, მშობლებმა შეიძლება დადგენილი დრო შეცვალონ. როცა ისინი წესების დადგენისას შვილების აზრს ითვალისწინებენ, ბავშვებს უფრო უადვილდებათ ამ წესების გათავისება და მშობლების მორჩილება.

19. როგორ შეუძლიათ უხუცესებს მიჰბაძონ იეჰოვას გონიერებაში?

19 კრების უხუცესები ცდილობენ, მიჰბაძონ იეჰოვას გონიერებაში და ითვალისწინებენ თანამორწმუნეების მდგომარეობას. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, იეჰოვასთვის გაჭირვებული ისრაელების შესაწირავებიც ძვირფასი იყო. დღესაც ზოგი და-ძმა სუსტი ჯანმრთელობისა თუ ხანდაზმულობის გამო ბევრს ვერ მსახურობს. ამის გამო მათ შეიძლება გული გაუტყდეთ. ამიტომ უხუცესებს შეუძლიათ გაამხნეონ ეს და-ძმები და აუხსნან, რომ იეჰოვასთვის ძალიან ძვირფასნი არიან, რადგან საუკეთესოს „სწირავენ“ (მარ. 12:41—44).

20. ნიშნავს გონიერება ღვთისადმი მსახურებისგან თავის შეკავებას?

20 რა თქმა უნდა, გონიერება იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანი თავს ზედმეტად გაუფრთხილდეს და ბოლომდე არ დაიხარჯოს ღვთისადმი მსახურებაში (მათ. 16:22). არ გვსურს, რომ „საქმე გავიიოლოთ“ და შემდეგ იმით ვიმართლოთ თავი, თითქოს გონივრულად ვიქცევით. პირიქით, სამეფო ინტერესების მხარდასაჭერად თავი არ უნდა დავზოგოთ! (ლუკ. 13:24). გაწონასწორებულად უნდა ვიცავდეთ ორ ბიბლიურ პრინციპს: ერთი მხრივ, ძალ-ღონეს არ უნდა ვიშურებდეთ ღვთისადმი მსახურებაში და მეორე მხრივ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იეჰოვა იმაზე მეტს არ გვთხოვს, ვიდრე შეგვიძლია. იეჰოვას სიამოვნებს, როცა მას საუკეთესოს ვაძლევთ. მართლაც, რა დიდებულია, რომ ვემსახურებით ასეთ მადლიერ და გონიერ ღმერთს! მომდევნო სტატიაში განვიხილავთ იეჰოვას სხვა ორ ბრწყინვალე თვისებას (ფსალმ. 73:28).

„პატივი მიაგე იეჰოვას შენი ქონებიდან“ (იგავ. 3:9) (იხილეთ მე-11 აბზაცი)

„რასაც არ უნდა აკეთებდეთ, სულითა და გულით აკეთეთ“ (კოლ. 3:23) (იხილეთ მე-17 აბზაცი)