არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა)  |  აპრილი 2013

 ბიოგრაფია

ჩრდილოეთის პოლარულ წრესთან სრული დროით მსახურებაში გატარებული 50 წელი

ჩრდილოეთის პოლარულ წრესთან სრული დროით მსახურებაში გატარებული 50 წელი

„შენთვის ადვილია პიონერად მსახურება, ვინაიდან ორივე მშობელი ჭეშმარიტებაშია და ისინი გიჭერენ მხარს“, — ვუთხარით ერთ ჩვენს მეგობარს, რომელიც სრული დროით მსახურობდა. ამ დამ გვიპასუხა: „ჩვენ ყველას ერთი მამა გვყავს“. მისი პასუხიდან ერთი მნიშვნელოვანი რამ დავინახეთ: ჩვენი ზეციერი მამა ზრუნავს თავის მსახურებზე და აძლიერებს მათ. მართლაც, ცხოვრებაში არაერთხელ დავრწმუნებულვართ ამაში.

 დავიბადეთ ჩრდილოეთ ოსტრობოტნიაში (ფინეთი), ფერმერების ოჯახში და ვიყავით 10 დედმამიშვილი. მეორე მსოფლიო ომის დროს პატარები ვიყავით. მიუხედავად იმისა, რომ ფრონტს ასობით კილომეტრი გვაშორებდა, ომის საშინელებებმა ღრმა კვალი დატოვა ჩვენზე. როდესაც ახლომდებარე ქალაქები, ოულუ და კალაიოკი, იბომბებოდა, ვხედავდით წითლად მოელვარე ღამის ცას. მშობლები გვარიგებდნენ, რომ სამხედრო თვითმფრინავის დანახვისთანავე დავმალულიყავით. ამიტომ, როდესაც ჩვენმა უფროსმა ძმამ ტაუნომ გვითხრა დედამიწაზე სამოთხის შესახებ, სადაც არ იქნებოდა უსამართლობა, გულები სიხარულით აგვევსო.

ტაუნო 14 წლის იყო, როცა ბიბლიის მკვლევართა პუბლიკაციების დახმარებით ჭეშმარიტება გაიგო. მეორე მსოფლიო ომი რომ დაიწყო, მან ბიბლიით განსწავლული სინდისის გამო უარი თქვა სამხედრო სამსახურზე, რის გამოც ციხეში ჩასვეს. მას იქ სასტიკად ექცეოდნენ. მაგრამ ამან იეჰოვასადმი მსახურების სურვილი კიდევ უფრო განუმტკიცა და ციხიდან გათავისუფლების შემდეგ მეტი შემართებით შეუდგა ქადაგებას. ჩვენი ძმის ბრწყინვალე მაგალითი აღგვძრავდა, დავსწრებოდით შეხვედრებს, რომლებსაც მოწმეები მეზობელ სოფელში ატარებდნენ. ჩვენ აგრეთვე ვესწრებოდით კონგრესებს, თუმცა მგზავრობისთვის საჭირო თანხის შეგროვება ადვილი არ იყო. ჩვენ მეზობლებისთვის ტანსაცმელს ვკერავდით, მოგვყავდა ხახვი და ვაგროვებდით კენკრას. ვინაიდან ფერმაში ყოველთვის ბევრი საქმე იყო, კონგრესებს რიგრიგობით ვესწრებოდით ხოლმე.

მარცხნიდან მარჯვნივ: მატი (მამა), ტაუნო, საიმი, მარია ემილია (დედა), ვაინო (ჩვილი), აილი და ანიკი, 1935 წელი

იეჰოვას შესახებ ჭეშმარიტებისა და მისი განზრახვების შესწავლამ გაგვიღრმავა მისადმი სიყვარული და გადავწყვიტეთ, მისთვის მიგვეძღვნა თავი. მიძღვნის ნიშნად ორივე მოვინათლეთ 1947 წელს. მაშინ ანიკი 15 წლის იყო, აილი კი 17-ს. ჩვენი და საიმიც იმავე წელს მოინათლა. ჩვენ ბიბლიას ვასწავლიდით ჩვენს დას ლინეას, რომელიც იმ დროს უკვე გათხოვილი იყო. ის და მთელი მისი ოჯახი იეჰოვას მოწმეები გახდნენ. ნათლობის შემდეგ მიზნად დავისახეთ პიონერად მსახურება, ამიტომ დროდადრო დროებით ანუ დამხმარე პიონერებად ვმსახურობდით.

ვიწყებთ სრული დროით მსახურებას

მარცხნიდან მარჯვნივ: ევა კალიო, საიმი მატილა-სიურიალა, აილი, ანიკი და სარა ნოპონენი, 1949 წელი

1955 წელს ჩვენ გადავედით ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ კემიში. ორივეს სრულგანაკვეთიანი სამსახური გვქონდა. მიუხედავად ამისა, გვინდოდა პიონერად მსახურება, მაგრამ გვეშინოდა, რომ ვერ შევძლებდით საკუთარი თავის რჩენას. ვფიქრობდით, ჯერ გარკვეული თანხისთვის უნდა მოგვეყარა თავი. სწორედ ამ დროს ვესაუბრეთ იმ პიონერ დას, სტატიის დასაწყისში რომ მოვიხსენიეთ. მივხვდით, რომ იეჰოვასადმი სრული დროით მსახურება მხოლოდ საკუთარ შესაძლებლობებზე ან ოჯახის მხრიდან მხარდაჭერაზე არ არის დამოკიდებული. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენს ზეციერ მამაზე მინდობაა.

მივდივართ კონგრესზე კუოპიოში, 1952 წელი. მარცხნიდან მარჯვნივ: ანიკი, აილი და ევა კალიო

იმ დროს გვქონდა საკმარისი დანაზოგი, ორი თვე თავი რომ გაგვეტანა. ასე რომ, 1957 წლის მაისში, გადავწყვიტეთ ორი თვე პიონერად გვემსახურა დაბა პელოში (ლაპლანდია), ჩრდილოეთის პოლარული წრის ზემოთ, თუმცა ძალიან ვნერვიულობდით. მაგრამ  ორი თვე ისე გავიდა, რომ ჩვენი დანაზოგისთვის ხელი არ გვიხლია. ასე რომ, კიდევ ორი თვით განვაგრძეთ პიონერად მსახურება. მომდევნო ორი თვის შემდეგაც ჩვენი დანაზოგი კვლავ ხელუხლებელი იყო, რამაც დაგვარწმუნა, რომ იეჰოვა იზრუნებდა ჩვენზე. პიონერად მსახურებაში გატარებული 50 წლის განმავლობაში ის დანაზოგი ერთხელაც არ დაგვჭირვებია. წარსულს რომ ვიხსენებთ, ისეთი გრძნობა გვეუფლება, თითქოს იეჰოვას ეჭირა ჩვენი ხელი და გვეუბნებოდა: „ნუ გეშინიათ, მე დაგეხმარებით“ (ეს. 41:13).

პიონერად მსახურებაში გატარებული 50 წლის განმავლობაში ის დანაზოგი ერთხელაც არ დაგვჭირვებია

კაისუ რეიკო და აილი ქადაგებისას

1958 წელს ჩვენმა სარაიონო ზედამხედველმა გვირჩია, სპეციალურ პიონერებად გვემსახურა სოდანკიულაში (ლაპლანდია). იმ დროს იქ მხოლოდ ერთი იეჰოვას მოწმე ცხოვრობდა. ამ დამ ჭეშმარიტება ძალიან საინტერესო სახით გაიგო. მისი ბიჭუნა კლასთან ერთად ექსკურსიაზე იყო ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში. როცა ჯგუფი ქალაქში სეირნობდა, ერთმა ხანდაზმულმა დამ ამ ბიჭუნას, რომელიც ყველაზე ბოლო მიდიოდა, მისცა „საგუშაგო კოშკი“ და უთხრა, რომ ის დედამისისთვის მიეცა. როცა დედამ ეს ჟურნალი წაიკითხა, მიხვდა, რომ ჭეშმარიტება იპოვა.

ჩვენ ვიქირავეთ ოთახი სახერხი ქარხნის თავზე და კრების შეხვედრებს იქ ვატარებდით. თავდაპირველად შეხვედრებს ვესწრებოდით მხოლოდ ჩვენ და ადგილობრივი და თავის ქალიშვილთან ერთად. შეხვედრის დროს ერთად ვკითხულობდით შესასწავლ მასალას. მოგვიანებით ერთმა მამაკაცმა, რომელიც მოწმეებთან სწავლობდა ბიბლიას, ამ ქარხანაში დაიწყო მუშაობა. ის ოჯახთან ერთად ესწრებოდა ჩვენს შეხვედრებს. დროთა განმავლობაში ის და მისი მეუღლე მოინათლნენ. ამის შემდეგ შეხვედრებს ეს ძმა ატარებდა. გარდა ამისა, სამხერხაოში მომუშავე სხვა მამაკაცებმაც დაიწყეს შეხვედრებზე დასწრება და მიიღეს ჭეშმარიტება. რამდენიმე წელიწადში ჩვენი ჯგუფი ისე გაიზარდა, რომ კრება ჩამოყალიბდა.

მკაცრი პირობები

ქადაგებისას დიდი მანძილის გავლა გვიწევდა, რაც ნამდვილად არ იყო ადვილი. ზაფხულში ფეხით ან ველოსიპედით დავდიოდით და უბანზე მისასვლელად ნავსაც კი ვიყენებდით. ველოსიპედები განსაკუთრებულ სამსახურს გვიწევდა. მათი მეშვეობით კონგრესებზეც მივდიოდით და მშობლებსაც ვინახულებდით, რომლებიც ჩვენგან ასობით კილომეტრის დაშორებით ცხოვრობდნენ. ზამთარში, დილაუთენია ავტობუსს მივყვებოდით რომელიმე სოფლამდე და შემდეგ ფეხით მივდიოდით კარდაკარ. ერთ სოფელს რომ მოვივლიდით, ფეხით მივდიოდით მეორე სოფლამდე. დიდი თოვლი იდო და გზები ყოველთვის არ იყო გაწმენდილი. ხშირად ცხენშებმული მარხილის დატოვებულ კვალს მივყვებოდით ხოლმე, მაგრამ ზოგჯერ  თოვლი ფარავდა ამ ნაკვალევს. გაზაფხულის დადგომისას თოვლი დნობას იწყებდა და თოვლჭყაპში სიარული უფრო რთული ხდებოდა.

ერთად ვმსახურობთ ცივ ზამთარში

ყინვისა და თოვლის გამო კარგად ჩაფუთნულები ვიყავით. გვეცვა შალის გრძელი წინდები, ორი ან სამი თხელი წინდა და მაღალყელიანი ჩექმები. მიუხედავად ამისა, ჩექმები ხშირად გვევსებოდა თოვლით. როგორც კი რომელიმე სახლის ზღურბლს მივადგებოდით, ჩექმებს ვიხდიდით, თოვლი რომ გადმოგვეყარა. ამასთანავე, ჩვენი პალტოს კიდეები თოვლში სიარულისას სველდებოდა, შემდეგ კი იყინებოდა და ქვასავით მაგარი ხდებოდა. ერთმა დიასახლისმა გვითხრა: „თქვენ მართლა ძლიერი რწმენა უნდა გქონდეთ, ასეთ ამინდში ნებაყოფლობით რომ დადიხართ“. მის სახლამდე მისასვლელად ჩვენ 11 კილომეტრზე მეტი გავიარეთ ფეხით.

ასეთი დიდი მანძილის გამო ღამეს ხშირად ვათევდით ადგილობრივებთან. როცა ჩამობნელდებოდა, ვიწყებდით ღამის გასათევის ძებნას. ადამიანები უბრალოდ ცხოვრობდნენ, მაგრამ ძალიან მეგობრული და სტუმართმოყვარეები იყვნენ და მარტო საძინებელს კი არ გვთავაზობდნენ, საჭმლითაც გვიმასპინძლდებოდნენ. ხშირად ჩვენი ლოგინი ირმის, ლოსისა და დათვის ტყავიც კი ყოფილა. ზოგჯერ იეჰოვა გვანებივრებდა კიდეც. მაგალითად, ერთმა ქალმა, რომელსაც დიდი სახლი ჰქონდა, დაგვითმო სასტუმრო ოთახი, რომელშიც გაწკრიალებული თეთრეულით გაწყობილი ლამაზი საწოლი გველოდა. ვისთანაც ღამე ვრჩებოდით, ხშირად გვიანობამდე ვსაუბრობდით ბიბლიაზე. ერთგან წყვილს, რომელმაც ღამის გასათევი შემოგვთავაზა, ოთახის ერთ კუთხეში ეძინა, ჩვენ კი მეორეში. ბიბლიაზე საუბარი მათთან გვიან ღამით დავიწყეთ და თითქმის დილამდე ვილაპარაკეთ. ცოლ-ქმარი რიგრიგობით გვისვამდა კითხვებს.

ნაყოფიერი მსახურება

ლაპლანდიაში ნიადაგი უნაყოფოა, მაგრამ ის თვალწარმტაცი მხარეა და წლის ყველა დროს თავისებურად ლამაზია. მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც იეჰოვას ეცნობოდნენ, ჩვენთვის უფრო ლამაზები იყვნენ. იმ გულწრფელ ადამიანებს შორის, ვისაც ჩვენ ვუქადაგებდით, იყვნენ ხე-ტყის დამმუშავებელ დასახლებებში მცხოვრები ტყისმჭრელები. ხანდახან ჩვენ, ორი პატარა გოგო, შევდიოდით ქოხში, სადაც უამრავი მამაკაცი იყო. ეს მხარბეჭიანი ტყისმჭრელები დადებითად ეხმაურებოდნენ სასიხარულო ცნობას და სიხარულით იღებდნენ ბიბლიურ ლიტერატურას.

ჩვენ არაერთი საინტერესო შემთხვევა გვქონია. ერთ დღეს ავტობუსის გაჩერებაზე საათი ხუთი წუთით წინ იყო, ამიტომ ჩვენს ავტობუსს ვერ მივუსწარით. გადავწყვიტეთ, სხვა სოფელში მიმავალ ავტობუსს გავყოლოდით. მანამდე ამ სოფელში არასდროს გვიქადაგია. პირველივე სახლში დაგხვდა ახალგაზრდა ქალი, რომელმაც გვითხრა: „გოგოებო ვიცოდი, რომ მოხვიდოდით“. მას თავისი დისთვის, რომელსაც ჩვენ ბიბლიას ვასწავლიდით, უთხოვია, რომ სწორედ ამ დღეს მოგვენახულებინა ის. მაგრამ ჩვენ ამის შესახებ არაფერი ვიცოდით. დავიწყეთ ბიბლიის შესწავლა მასთან და მეზობლად მცხოვრებ მის ნათესავებთან. ცოტა ხანში გავაერთიანეთ ეს შესწავლები,  რომლებსაც ათზე მეტი ადამიანი ესწრებოდა. მალე ამ ოჯახიდან ბევრი იეჰოვას მოწმე გახდა.

1965 წელს დაგვნიშნეს ჩრდილოეთის პოლარული წრის ქვემოთ მდებარე კუუსამოს კრებაში, და ჩვენ დღემდე ამ კრების წევრები ვართ. იმ დროს ჩვენს კრებაში მხოლოდ რამდენიმე მაუწყებელი იყო. თავდაპირველად ამ ახალ ტერიტორიაზე მსახურება ცოტა რთული მოგვეჩვენა. ადამიანები ძალიან რელიგიურები იყვნენ და წინასწარშექმნილი აზრი ჰქონდათ ჩვენზე. თუმცა ბევრი აფასებდა ბიბლიას, რაც კარგი საფუძველი იყო საუბრის დასაწყებად. ასე რომ, ნელ-ნელა ვეცნობოდით ადგილობრივ მოსახლეობას და სადღაც ორ წელიწადში უკვე ადვილი იყო ბიბლიის შესწავლების დაწყება.

კვლავაც აქტიურად ვმსახურობთ

ზოგიერთი, ვისაც ბიბლია შევასწავლეთ

დღეს უკვე მუხლები იმდენად აღარ გვერჩის, რომ მთელი დღე მსახურებაში გავატაროთ, მაგრამ მაინც თითქმის ყოველდღე ვქადაგებთ. სასიხარულო ცნობის ქადაგება ჩვენს ვრცელ ტერიტორიაზე უფრო გაადვილდა მას მერე, რაც 1987 წელს ჩვენი ძმისშვილის წაქეზებით, 56 წლის ასაკში აილიმ მანქანის ტარება ისწავლა და მართვის მოწმობა აიღო. ჩვენთვის ნამდვილი დახმარება იყო, როცა ახლად აშენებულ სამეფო დარბაზში საცხოვრებელი ოთახი მოგვცეს.

ზრდა, რომლის მოწმენიც გავხდით, დიდ სიხარულს გვანიჭებს. როდესაც ფინეთის ჩრდილოეთით სრული დროით მსახურება დავიწყეთ, ამ უკიდეგანო ტერიტორიაზე ერთი-ორი მაუწყებელი თუ ცხოვრობდა. ახლა კი იქ ერთი რაიონია, რომელშიც რამდენიმე კრება შედის. ხშირად ყოფილა კონგრესებზე, რომ ჩვენთან მოსულა და ან ძმა და უკითხავს, გვახსოვდა თუ არა ის. ზოგჯერ ბიბლიის შესწავლები ჩაგვიტარებია მის სახლში, როცა ის ბავშვი იყო. წლების და ათწლეულების წინათაც კი დათესილმა თესლმა ნაყოფი გამოიღო (1 კორ. 3:6).

სიხარულით ვმსახურობთ წვიმიან ამინდშიც კი

2008 წელს შესრულდა 50 წელი, რაც სპეციალურ პიონერებად ვმსახურობთ. იეჰოვას მადლობას ვუხდით, რომ ერთმანეთის მხარდაჭერით არ შევწყვიტეთ ეს ძვირფასი საქმე. ჩვენ უბრალო ცხოვრება გვქონდა, მაგრამ არაფერი გვაკლდა (ფსალმ. 23:1). რა უმიზეზოდ ვნერვიულობდით თავიდან?! ბედნიერები ვართ, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში იეჰოვა გვაძლიერებდა თავისი დაპირებით, რომელიც ჩაწერილია ესაიას 41:10-ში: „მე გაგამაგრებ. მე დაგეხმარები. ჩემი სიმართლის მარჯვენას ჩაგჭიდებ“.