წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) აპრილი 2013

ნუ დაიღლებით

ნუ დაიღლებით

„ნუ მოვიშლით კარგის კეთებას“ (გალ. 6:9).

1, 2. როგორ გვიმტკიცდება ნდობა, როცა ვფიქრობთ იეჰოვას განუმეორებელ ორგანიზაციაზე?

ჩვენ იეჰოვას განუმეორებელი ორგანიზაციის ნაწილი ვართ და ეს ჩვენში დიდ მოწიწებას იწვევს. ეზეკიელის პირველ თავში და დანიელის მეშვიდე თავში ჩაწერილი ხილვები ნათლად გვიჩვენებს, თუ რას აკეთებს იეჰოვა თავისი განზრახვის შესასრულებლად. იესო ხელმძღვანელობს იეჰოვას ორგანიზაციის მიწიერ ნაწილს, რათა სასიხარულო ცნობა ეუწყოს ადამიანებს, სულიერი საზრდო არ მოაკლდეს მათ, ვინც ქადაგებს, და იეჰოვას ჭეშმარიტმა თაყვანისმცემლობამ წინ წაიწიოს. ეს მართლაც გვიმტკიცებს ნდობას იეჰოვას ორგანიზაციისადმი (მათ. 24:45).

2 მივყვებით პირადად ჩვენ ფეხდაფეხ იეჰოვას დიდებულ ორგანიზაციას? ვმსახურობთ კვლავაც პირვანდელი შემართებით, თუ ვკარგავთ ენთუზიაზმს? ასეთ კითხვებზე ფიქრისას შეიძლება შევამჩნიოთ, რომ მსახურებით დავიღალეთ ან გულმოდგინება დავკარგეთ. ასეთი რამ შეიძლება ყველას შეემთხვეს. პირველ საუკუნეში მოციქულმა პავლემ მოუწოდა თანაქრისტიანებს, ეფიქრათ იესოს გულმოდგინებაზე, რადგან ეს დაეხმარებოდა მათ, არ დაღლილიყვნენ და არ დაეკარგათ სულის სიმხნევე (ებრ. 12:3). მსგავსადვე, იმაზე ფიქრი, რაც წინა სტატიაში განვიხილეთ იეჰოვას ორგანიზაციის შესახებ, დაგვეხმარება ენთუზიაზმის შენარჩუნებასა და მოთმინების გამოვლენაში.

3. რა უნდა გავაკეთოთ, რომ არ დავიღალოთ და რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

3 მაგრამ პავლემ აღნიშნა, რომ მეტის გაკეთებაა საჭირო, რათა არ დავიღალოთ. მან თქვა, რომ არ უნდა მოვიშალოთ „კარგის კეთება“ (გალ. 6:9). ამგვარად, ჩვენი მხრიდან მოქმედებაა საჭირო. განვიხილოთ 5 მხარე, რომლებიც დაგვეხმარება, დავრჩეთ მტკიცედ და კვალდაკვალ მივყვეთ იეჰოვას ორგანიზაციას. შემდეგ პირადად შეგვიძლია გადავწყვიტოთ, რომელ მხარეს უნდა მივაქციოთ მეტი ყურადღება ჩვენ ან ჩვენმა ოჯახმა.

 შეხვედრები, რათა თაყვანი ვცეთ ღმერთს და გავამხნეოთ ერთმანეთი

4. რატომ შეიძლება ვთქვათ, რომ ერთად შეკრება ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის განუყოფელი ნაწილია?

4 ერთად შეკრებას ყოველთვის მთავარი ადგილი ეკავა იეჰოვას მსახურებისთვის. უხილავ სამყაროში იეჰოვა დროდადრო იწვევს სულიერ ქმნილებებს მის წინაშე წარსადგომად (1 მეფ. 22:19; იობ. 1:6; 2:1; დან. 7:10). ძველ ისრაელში მთელი ერი უნდა შეკრებილიყო, რათა მოესმინათ და ესწავლათ (კან. 31:1012). პირველ საუკუნეში იუდეველებს ჩვეულება ჰქონდათ, ევლოთ სინაგოგებში და ეკითხათ წმინდა წერილები (ლუკ. 4:16; საქ. 15:21). ქრისტიანული კრების ჩამოყალიბების შემდეგ ერთად შეკრება კვლავაც მნიშვნელოვანი იყო, და ეს დღესაც ჩვენი თაყვანისმცემლობის განუყოფელი ნაწილია. ჭეშმარიტი ქრისტიანები ყურადღებიანები არიან, რათა წაახალისონ „ერთმანეთი სიყვარულისა და კარგი საქმეებისთვის“. ჩვენ უნდა „გავამხნეოთ ერთმანეთი და მით უფრო მეტად, რაც უფრო ვხედავთ იმ დღის [იეჰოვას დღის] მოახლოებას“ (ებრ. 10:24, 25).

5. როგორ ვამხნევებთ ერთმანეთს კრების შეხვედრებზე?

5 ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარე კრების შეხვედრებზე მონაწილეობაა, რითაც ერთმანეთს ვამხნევებთ. შეგვიძლია ვუპასუხოთ დაბეჭდილ კითხვებს, კომენტარი გავუკეთოთ ბიბლიურ მუხლს ან მოვყვეთ პირადი მაგალითი, რომელიც აჩვენებს, თუ რაოდენ გონივრულია ბიბლიური პრინციპებით ცხოვრება. ასეთი სახით შეგვიძლია საჯაროდ გამოვხატოთ ჩვენი რწმენა (ფსალმ. 22:22; 40:9). და არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი წელია, რაც კრების შეხვედრებს ვესწრებით, კვლავაც გამამხნევებელია, როცა ვუსმენთ როგორც ხანდაზმულ, ისე ახალგაზრდა და-ძმების კომენტარებს.

6. როგორ გვეხმარება კრების შეხვედრები, ვიყოთ სულიერად აქტიური?

6 კიდევ რა მიზეზების გამო მიიჩნევს ღმერთი მნიშვნელოვნად ჩვენს რეგულარულ შეკრებებს? კრების შეხვედრები და კონგრესები გვეხმარება, გაბედულად ვილაპარაკოთ და გადავლახოთ წინააღმდეგობა თუ გულგრილობა (საქ. 4:23, 31). ასეთ შეხვედრებზე წარმოთქმული ბიბლიური მოხსენებები გვაძლიერებს და რწმენას გვიმტკიცებს (საქ. 15:32; რომ. 1:11, 12). სულიერი განათლება და ურთიერთგამხნევება, რომლებსაც კრების შეხვედრებზე ვიღებთ, გვეხმარება განვიცადოთ ნამდვილი ბედნიერება და საშუალებას გვაძლევს, „მოვისვენოთ უბედურების დღეებისგან“ (ფსალმ. 94:12, 13). ხელმძღვანელი საბჭოს სასწავლო კომიტეტი ზედამხედველობს ამ სულიერი პროგრამის მომზადებას, რათა მითითებები მისცეს იეჰოვას ხალხს მთელ მსოფლიოში. ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ ყველაფერს, რაც კეთდება იმისათვის, რომ გავიხაროთ იმ შესანიშნავი დასწავლებით, რომელსაც ყოველკვირეულად ვღებულობთ კრების შეხვედრებზე!

7, 8. ა) რა არის კრების შეხვედრების ძირითადი მიზანი? ბ) როგორ გვეხმარება შეხვედრები სულიერად?

7 თუმცა არის უფრო მნიშვნელოვანი რამ, ვიდრე ის, რომ პირადად ვიღებთ სარგებლობას კრების შეხვედრებზე. შეხვედრების ძირითადი მიზანი იეჰოვას თაყვანისცემაა (წაიკითხეთ ფსალმუნის 95:6 ). მართლაც, რა კარგი შესაძლებლობა გვაქვს, განვადიდოთ ჩვენი დიდებული ღმერთი (კოლ. 3:16). იეჰოვა იმსახურებს, რომ რეგულარულად ვცეთ მას თაყვანი დავესწროთ ქრისტიანულ შეხვედრებს და მონაწილეობა მივიღოთ მათში (გამოცხ. 4:11). ამიტომ გასაკვირი არ არის, რატომ მოგვიწოდებს ღვთის სიტყვა: „ნუ მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს, როგორც ზოგიერთებს სჩვევიათ“ (ებრ. 10:25).

8 გვჯერა, რომ ქრისტიანული შეკრებები გვეხმარება, მოვითმინოთ, ვიდრე იეჰოვა ბოლოს არ მოუღებს ამ ბოროტ ქვეყნიერებას? თუ ეს ასეა, გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ჩვენთვის შეხვედრები იმ საქმეებს შორის იქნება, რომლებიც „უფრო მნიშვნელოვანია“ (ფილ. 1:10). და მხოლოდ  უკიდურეს შემთხვევაში თუ გავუშვებთ ხელიდან შესაძლებლობას, რომ ჩვენს და-ძმებთან ერთად ვცეთ თაყვანი იეჰოვას.

ეძებეთ გულწრფელი ადამიანები

9. საიდან ვიცით, რომ ქადაგება მნიშვნელოვანია?

9 სამქადაგებლო საქმიანობაში აქტიური მონაწილეობა აგრეთვე გვეხმარება, ფეხი ავუწყოთ იეჰოვას ორგანიზაციას. ეს საქმე იესომ დედამიწაზე ყოფნისას დაიწყო (მათ. 28:19, 20). მას შემდეგ ქადაგება და მოწაფეების მომზადება ყველაზე მთავარი საქმეა იეჰოვას ორგანიზაციაში. არაერთი თანამედროვე შემთხვევა მოწმობს, რომ ანგელოზები მხარს უჭერენ ჩვენს საქმიანობას და ხელმძღვანელობენ მათ, ვინც „მარადიული სიცოცხლისთვის . . . [არის] განწყობილი“ (საქ. 13:48; გამოცხ. 14:6, 7). დღეს იეჰოვას ორგანიზაციის მიწიერი ნაწილი მოქმედებს და მხარს უჭერს ამ უმნიშვნელოვანეს საქმეს. უკავია სამქადაგებლო საქმეს მნიშვნელოვანი ადგილი ჩვენს ცხოვრებაშიც?

10. ა) მოიყვანეთ მაგალითი, თუ როგორ შევინარჩუნოთ ჭეშმარიტებისადმი სიყვარული. ბ) როგორ გეხმარებათ მსახურება, რომ არ დაიღალოთ?

10 გულმოდგინედ მსახურება გვეხმარება, რომ შევინარჩუნოთ ჭეშმარიტებისადმი სიყვარული. აი, რას ამბობს მიჩელი, რომელიც წლებია უხუცესად და პიონერად მსახურობს: „მიყვარს, როცა ხალხს ჭეშმარიტებაზე ველაპარაკები. ვფიქრობ ჟურნალებში „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ მოცემულ ახალ სტატიებზე და მაოცებს, თუ როგორ გონივრულად, გააზრებულად და მიუკერძოებლად არის ინფორმაცია გადმოცემული თითოეულ ნომერში. ერთი  სული მაქვს, გავიდე მსახურებაში და ვნახო, როგორ გამოეხმაურება ხალხი; აგრეთვე ვფიქრობ, როგორ გავუღვივო მათ ინტერესი. მსახურება სიმტკიცეს მმატებს, და არაფერს ვრთავ ნებას, რომ მსახურებისთვის გამოყოფილ დროს სხვა საქმით დავკავდე“. წმინდა მსახურებაში აქტიურად მონაწილეობა ჩვენც დაგვეხმარება, შევინარჩუნოთ სიმტკიცე ამ ბოლო დღეებში (წაიკითხეთ 1 კორინთელების 15:58).

მიიღეთ სულიერი საზრდო

11. რატომ უნდა ვისარგებლოთ სრულად იმ სულიერი საზრდოთი, რომელსაც იეჰოვა გვაძლევს?

11 იეჰოვა უხვად გვაძლევს სულიერ საზრდოს, რათა გავძლიერდეთ. ეჭვგარეშეა, ამა თუ იმ პუბლიკაციის წაკითხვის შემდეგ თქვენც არაერთხელ გიფიქრიათ: „ეს ზუსტად ის იყო, რაც მჭირდებოდა. თითქოსდა იეჰოვამ ეს მხოლოდ ჩემთვის დაწერა“. და ეს არ არის დამთხვევა. ამ სულიერი საზრდოს მეშვეობით ღმერთი მითითებებს გვაძლევს და გვხელმძღვანელობს. იეჰოვა ამბობს: „წვდომის უნარს მოგცემ და გასწავლი გზას, რომლითაც უნდა იარო“ (ფსალმ. 32:8). სრულად ვღებულობთ სულიერ საზრდოს, რომელსაც ღმერთი გვაწვდის და ვფიქრობთ მასზე? ეს დაგვეხმარება, კვლავაც გამოვიღოთ ნაყოფი და შევინარჩუნოთ სულიერი სიმტკიცე ამ მძიმე ბოლო დღეებში (წაიკითხეთ ფსალმუნების 1:1—3; 35:28; 119:97 ).

12. რა დაგვეხმარება სულიერი საზრდოს დაფასებაში?

12 კარგია, ვიფიქროთ, თუ რა შრომა იდება იმ სულიერი საზრდოს მომზადებაში, რომელსაც გამუდმებით ვღებულობთ. ხელმძღვანელი საბჭოს სამწერლო კომიტეტი ზედამხედველობას უწევს ამა თუ იმ მასალის გამოკვლევას, სტატიების წერას, კორექტირებას, ილუსტრაციების შერჩევასა და როგორც დაბეჭდილი, ისე ჩვენს ვებ-გვერდზე განთავსებული მასალის თარგმნას. იმ ფილიალებიდან, სადაც სტამბებია, ჩვენი ლიტერატურა ეგზავნება კრებებს მთელ მსოფლიოში. რატომ კეთდება ეს ყველაფერი? იმიტომ, რომ იეჰოვას ხალხი სულიერად კარგად დანაყრებული იყოს (ეს. 65:13). დაე, სრულად ვისარგებლოთ იმ სულიერი საზრდოთი, რომელსაც იეჰოვას ორგანიზაციის მეშვეობით ვღებულობთ (ფსალმ. 119:27).

მხარი დაუჭირეთ იეჰოვას ორგანიზაციას

13, 14. ვინ უჭერს მხარს იეჰოვას ორგანიზაციას ზეცაში და როგორ შეგვიძლია ჩვენც მსგავსად დავუჭიროთ მხარი დედამიწაზე?

13 იოანეს ხილვაში იესო ზის თეთრ ცხენზე, რათა დაამარცხოს ისინი, ვინც იეჰოვას წინააღმდეგ ილაშქრებს (გამოცხ. 19:11—15). რწმენას გვიმტკიცებს იმის ცოდნა, რომ იესოს უკან დგანან ერთგული ანგელოზები და მასთან ერთად არიან დედამიწიდან გამოსყიდული ცხებული „მძლეველები“, რომლებმაც უკვე მიიღეს ზეციური ჯილდო (გამოცხ. 2:26, 27). ეს მართლაც, უბადლო მაგალითია იმისა, რაც იეჰოვას ორგანიზაციის მხარდასაჭერად კეთდება.

14 მსგავსადვე, უამრავი ხალხი სრულად უჭერს მხარს დედამიწაზე მცხოვრებ ქრისტეს ცხებულ ძმებს, რომლებიც ხელმძღვანელობენ ორგანიზაციას (წაიკითხეთ ზაქარიას 8:23). ჩვენ როგორ შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ იეჰოვას ორგანიზაციას? ერთ-ერთი საშუალება მათდამი მორჩილებაა, ვისაც ხელმძღვანელობა აკისრია (ებრ. 13:7, 17). მორჩილება უპირველესად კრებებში უნდა გამოვავლინოთ. ჩანს უხუცესებისა და მათი საქმიანობისადმი პატივისცემა, როცა მათზე ვსაუბრობთ? ვასწავლით ჩვენს შვილებს, რომ პატივი სცენ ამ ერთგულ მამაკაცებს და რჩევებისთვის მათ მიმართონ? გარდა ამისა, ვსაუბრობთ ოჯახთან ერთად, თუ როგორ შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ მატერიალურად მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობას ჩვენი შესაწირავებით? (იგავ. 3:9; 1 კორ. 16:2; 2 კორ. 8:12). სიხარულით ვალაგებთ და ვუვლით სამეფო დარბაზს? იქ, სადაც ასეთი პატივისცემა და ერთიანობაა, იეჰოვას სული სუფევს. ამ სულის მეშვეობით ჩვენ განუწყვეტლივ ვიღებთ დახმარებას, რათა არ დავიღალოთ ამ ბოლო დღეებში (ეს. 40:2931).

იცხოვრეთ სასიხარულო ცნობის თანახმად

15. რატომ გვმართებს გამუდმებული ბრძოლა, რათა იეჰოვას დიდებული განზრახვის თანახმად ვიცხოვროთ?

15  და ბოლოს, თუ გვინდა, რომ მოვითმინოთ და იეჰოვას ორგანიზაციას ფეხდაფეხ მივყვეთ, უნდა ვიცხოვროთ იმ ცნობის თანახმად, რომელსაც გადავცემთ და შევამოწმოთ, „რა არის მოსაწონი უფლისთვის“ (ეფეს. 5:10, 11). არასრულყოფილებისა თუ სატანის და მისი ბოროტი ქვეყნიერების ზეწოლის გამო გამუდმებით გვიწევს ბრძოლა უარყოფით გავლენასთან. ზოგიერთ თქვენგანს, ძვირფასო და-ძმებო, ყოველდღიურად გიწევთ ბრძოლა, რათა იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა შეინარჩუნოთ. და ამის გამო ღმერთს ძალიან უყვარხართ. არასოდეს დაყაროთ ფარ-ხმალი! იეჰოვას განზრახვის თანახმად ცხოვრება დიდ კმაყოფილებას გვანიჭებს და გვარწმუნებს, რომ მისდამი თაყვანისცემა ფუჭი არ არის (1 კორ. 9:24—27).

16, 17. ა) რა უნდა გავაკეთოთ, თუ სერიოზულ ცოდვას ჩავიდენთ? ბ) რას ვსწავლობთ ანას მაგალითიდან?

16 რა უნდა გავაკეთოთ, თუ სერიოზულ ცოდვას ჩავიდენთ? დაუყოვნებლივ უნდა მივმართოთ დახმარებისთვის უხუცესებს. ცოდვის დამალვა საქმეს უფრო გაართულებს. დავითმა თქვა, რომ როცა დუმდა, გაუცვდა ძვლები იმ ტკივილის გამო, რომელიც მთელი დღე ტანჯავდა (ფსალმ. 32:3). მართლაც, ცოდვის დამალვა ემოციურად გაგვანადგურებს და სულიერ ძალებს გამოგვაცლის. ამის საპირისპიროდ, „ვინც მათ აღიარებს და მიატოვებს, შეწყალებული იქნება“ (იგავ. 28:13).

17 ვნახოთ, რა შეემთხვა ანას. * ის ოცი წლისაც არ იყო, როცა პიონერად მსახურება დაიწყო. მაგრამ, ამავდროულად, ანა გაორებულ ცხოვრებას ეწეოდა. ამან ძალიან უარყოფითი გავლენა მოახდინა მასზე. ანა გვიამბობს: „დანაშაულის გრძნობა მოსვენებას არ მაძლევდა. თავს უბედურად და დათრგუნულად ვგრძნობდი“. რა გააკეთა მან? ანა ჰყვება, რომ ერთხელ კრების დროს განიხილებოდა იაკობის 5:14, 15. ის მიხვდა, რომ დახმარება სჭირდებოდა და უხუცესებს მიმართა. ანა იხსენებს: „მე სულიერად ავად ვიყავი, ამიტომ ეს მუხლები იეჰოვას მიერ გამოწერილი რეცეპტივით იყო. წამლის მიღება სასიამოვნო არ არის, მაგრამ ის გამოჯანმრთელებას ემსახურება. მე გავითვალისწინე ბიბლიური რჩევები და ამან შედეგი გამოიღო“. მას შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა და ახლა ანა განახლებული ძალებითა და სუფთა სინდისით კვლავ გულმოდგინედ ემსახურება იეჰოვას.

18. რა უნდა გვქონდეს გადაწყვეტილი?

18 მართლაც დიდი პატივია, ვცხოვრობდეთ ამ ბოლო დღეებში და ვიყოთ იეჰოვას განუმეორებელი ორგანიზაციის ნაწილი. არასოდეს გავაუბრალოოთ ის, რაც გვაქვს. ნაცვლად ამისა, მოდი, როგორც ერთი დიდი ოჯახის წევრები, რეგულარულად შევიკრიბოთ იეჰოვას თაყვანსაცემად ჩვენს კრებებში, მთელი მონდომებით ვეძებოთ გულწრფელი ადამიანები და დავაფასოთ ის სულიერი საზრდო, რომელსაც უწყვეტად ვღებულობთ; აგრეთვე, მხარი დავუჭიროთ მათ, ვისაც ჩვენ შორის ხელმძღვანელობა აკისრია და ვიცხოვროთ იმ ცნობის თანახმად, რომელსაც ვქადაგებთ. თუ ასე მოვიქცევით, არა მხოლოდ ფეხს ავუწყობთ იეჰოვას ორგანიზაციას, არამედ არასოდეს დავიღლებით კარგის კეთებით!

^ აბზ. 17 სახელი შეცვლილია.