არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) აპრილი 2013

მათ მზადყოფნა გამოავლინეს — მექსიკა

მათ მზადყოფნა გამოავლინეს — მექსიკა

სასიხარულოა იმის დანახვა, რომ სულ უფრო მეტი ახალგაზრდა მოწმე იმარტივებს ცხოვრებას, რათა გააფართოვოს ქრისტიანული მსახურება (მათ. 6:22). რა ცვლილებების მოხდენა უწევთ მათ? და რა სირთულეებს ხვდებიან ისინი? ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად გავეცნოთ ზოგიერთ მაუწყებელს, რომლებიც ახლა მექსიკაში მსახურობენ.

„რაღაც უნდა შეგვეცვალა“

დასტინი და ჯეისა, რომლებიც შეერთებული შტატებიდან არიან, 2007 წლის იანვარში დაქორწინდნენ. მალევე ამის შემდეგ მათ აიხდინეს დიდი ხნის ოცნება — ჰქონოდათ იახტა და ეცხოვრათ იქ მთელი წლის განმავლობაში. მათ იახტას ღუზა ჩაშვებული ჰქონდა წყნარი ოკეანედან არც ისე შორს, ულამაზეს ქალაქ ასტორიას (ორეგონი, აშშ) მახლობლად, რომელიც გარშემორტყმულია ტყით დაბურული გორებითა და თოვლის საბურველში გახვეული მთებით. „საითაც არ უნდა გაგეხედათ, — იხსენებს დასტინი, — ყველგან მომაჯადოებელი ხედები იშლებოდა“. ისინი თვლიდნენ, რომ ეს იყო ცხოვრების გამარტივება და იეჰოვაზე მინდობა. დასტინი და ჯეისა ფიქრობდნენ: „ჩვენ ვცხოვრობთ სულ რაღაც რვამეტრიან იახტაზე, ვმუშაობთ არასრულ განაკვეთზე, ვესწრებით უცხოენოვან კრებას და დროდადრო ვმსახურობთ დამხმარე პიონერებად“. მაგრამ მალევე მიხვდნენ, რომ უბრალოდ თავს იტყუებდნენ. „კრებისთვის მხარდაჭერის ნაცვლად, დროის უმეტეს ნაწილს იახტის შეკეთებას ვანდომებდით, — ამბობს დასტინი. — საბოლოოდ იმ  დასკვნამდე მივედით, რომ თუ გვინდოდა, იეჰოვა ცხოვრებაში პირველ ადგილზე დაგვეყენებინა, რაღაც უნდა შეგვეცვალა“.

ჯეისა დასძენს: „გათხოვებამდე მექსიკაში, ინგლისურენოვან კრებაში ვმსახურობდი. ძალიან მომწონდა იქ მსახურება და ყოველთვის ვნატრობდი უკან დაბრუნებას“. მათ სურდათ მსახურების გაფართოება, ამიტომ ოჯახთან ერთად თაყვანისცემის დროს დაიწყეს იმ და-ძმების ისტორიების კითხვა, რომლებიც მსახურებისთვის იქ გადავიდნენ, სადაც ყანები გადათეთრებული იყო მოსამკელად (იოან. 4:35). „ჩვენც გვინდოდა მსგავსი სიხარულის განცდა“, — ამბობს დასტინი. როდესაც მექსიკაში მცხოვრები მეგობრებისგან გაიგეს, რომ ახლადჩამოყალიბებულ ჯგუფს დახმარება სჭირდებოდა, დასტინმა და ჯეისამ იქ გამგზავრება გადაწყვიტეს. მათ მიატოვეს სამუშაო, გაყიდეს იახტა და გადავიდნენ მექსიკაში.

„ყველაზე საუკეთესო, რაც კი მომხდარა ჩვენს ცხოვრებაში“

დასტინი და ჯეისა დასახლდნენ ქალაქ ტეკომანში. ეს ქალაქიც წყნარ ოკეანესთან ახლოს იყო გაშენებული, მაგრამ ასტორიის სამხრეთით დაახლოებით 4 300 კილომეტრში მდებარეობდა. „გრილი სიოსა და მთიანი ლანდშაფტის ნაცვლად, გაუსაძლისი სიცხე გვტანჯავდა და საითაც არ უნდა გაგვეხედა, ყველგან ლიმონის ხეები იყო“, — ამბობს დასტინი. თავიდან მათ გაუჭირდათ სამსახურის შოვნა. როცა დანაზოგი შემოაკლდათ, კვირიდან კვირამდე დღეში ორჯერ ბრინჯსა და ლობიოს ჭამდნენ. «მაგრამ, როგორც კი ასეთმა „მრავალფეროვნებამ“ თავი მოგვაბეზრა, ჩვენმა ბიბლიის შემსწავლელებმა მოგვიტანეს მანგო, ბანანი, პაპაია და, რა თქმა უნდა, ლიმონით სავსე ჩანთები», — იხსენებს ჯეისა. დროთა განმავლობაში მათ იშოვეს სამუშაო უცხო ენის ონლაინ-სკოლაში, რომელიც ტაივანში იყო დაარსებული. ამ სამსახურიდან მიღებული ანაზღაურება სავსებით ფარავს მათ ყოველდღიურ ხარჯებს.

რას ფიქრობენ დასტინი და ჯეისა თავიანთ ცხოვრებაში მომხდარ ასეთ ცვლილებაზე? „მექსიკაში გადასვლა იყო ყველაზე საუკეთესო, რაც კი მომხდარა ჩვენს ცხოვრებაში, — ამბობენ ისინი. — ვერც კი წარმოვიდგენდით, თუ იეჰოვასთან და ერთმანეთთან ასეთი მტკიცე ურთიერთობა გვექნებოდა. ყოველდღე ბევრ რამეს ვაკეთებდით ერთად — ვქადაგებდით, ვმსჯელობდით, თუ როგორ დავხმარებოდით ბიბლიის შემსწავლელებს და ვემზადებოდით კრების შეხვედრებისთვის. ამავდროულად, გავთავისუფლდით ყოველგვარი ზეწოლისგან, რომელსაც ადრე განვიცდიდით“. ისინი დასძენენ: «ადრე ეს ბოლომდე არ გვესმოდა, მაგრამ ახლა სრულად ვართ დარწმუნებული იმ დაპირების ჭეშმარიტებაში, რომელიც ფსალმუნის 34:8-შია ჩაწერილი: „იგემეთ და ნახავთ, რომ კარგია იეჰოვა!“».

რა აღძრავს ათასობით გულმოდგინე მქადაგებელს?

2 900-ზე მეტი დაქორწინებული თუ დაუქორწინებელი, 20-დან 40 წლამდე ასაკის და-ძმა, გადავიდა მექსიკის  სხვადასხვა მხარეში, სადაც მეტი მაუწყებელი იყო საჭირო. რატომ შეეჭიდნენ ეს მოწმეები ასეთ რთულ საქმეს? როდესაც ეს კითხვა ზოგიერთ მათგანს დაუსვეს, მათი პასუხებიდან სამი ძირითადი მიზეზი გამოიკვეთა. რა მიზეზებია ეს?

ლეტიცია და ერმილო

იეჰოვასა და მოყვასის სიყვარული. ლეტიცია 18 წლის იყო, როცა მოინათლა. ის ამბობს: „იეჰოვას თავი რომ მივუძღვენი, ვიცოდი, რომ მისთვის მთელი სულითა და გულით უნდა მემსახურა. ამგვარად, იეჰოვასადმი მთელი გულით სიყვარული რომ მეჩვენებინა, მინდოდა მსახურებისთვის მეტი დრო და ენერგია დამეთმო“ (მარ. 12:30). ერმილო, რომელიც ახლა ლეტიციას მეუღლეა, ოცს გადაცილებული იყო, როცა მსახურებისთვის გადავიდა იქ, სადაც მეტი მქადაგებელი იყო საჭირო. ის გვიზიარებს: „მივხვდი, რომ თუ ადამიანებს სულიერად დავეხმარებოდი, ამით საუკეთესოდ გამოვავლენდი მოყვასისადმი სიყვარულს“ (მარ. 12:31). ასე რომ, მან მიატოვა ბანკში მუშაობა, კომფორტული ცხოვრება და მდიდრულ ქალაქ მონტერეიდან ერთ პატარა ქალაქში გადავიდა.

ესლი

ნამდვილი და უწყვეტი სიხარული. ნათლობიდან მალევე, ლეტიცია ერთ გამოცდილ პიონერ დასთან ერთად საქადაგებლად ერთი თვით გადავიდა დაშორებულ ქალაქში. ლეტიცია იხსენებს: „ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა! გული სიხარულით მევსებოდა, როცა ვხედავდი, როგორ ეხმაურებოდნენ ადგილობრივები სასიხარულო ცნობას. თვის ბოლოს საკუთარ თავს ვუთხარი, რომ ეს სწორედ ის იყო, რის კეთებაც მინდოდა ცხოვრებაში“. მსგავსადვე, ესლიმაც, რომელიც ახლა 20 წელს გადაცილებული გაუთხოვარი დაა, გადაწყვიტა, დაეწყო ასეთი სახის მსახურება. ჯერ კიდევ სკოლაში სწავლისას ის შეხვდა რამდენიმე გულმოდგინე მაუწყებელს, რომლებიც მსახურობდნენ იქ, სადაც მეტი მქადაგებელი იყო საჭირო. ესლი გვიზიარებს: „ამ და-ძმების ბედნიერი სახეების დანახვამ მეც მომანდომა, მათსავით მეცხოვრა“. ესლის მსგავსად მრავალი და ფიქრობს. ახლა მექსიკაში 680-ზე მეტი გაუთხოვარი და მსახურობს იქ, სადაც მეტი მაუწყებელია საჭირო. რა ბრწყინვალე მაგალითია ეს როგორც ახალგაზრდებისთვის, ისე ასაკოვნებისთვის.

აზრით აღსავსე და კმაყოფილების მომგვრელი ცხოვრება. სკოლის დამთავრებისას ესლის უნივერსიტეტში უფასოდ სწავლის გაგრძელება შესთავაზეს. თანატოლები მას ურჩევდნენ, მიეღო ეს შემოთავაზება და ეცხოვრა „ნორმალური ცხოვრებით“ ანუ ესწავლა უნივერსიტეტში, შეექმნა კარიერა, ჰყოლოდა მანქანა და ემოგზაურა. მაგრამ ესლიმ სხვა არჩევანი გააკეთა. ის ამბობს: „ჩემმა ზოგიერთმა ქრისტიანმა მეგობარმა სწორედ ასეთი მიზნები დაისახა და შევამჩნიე, რომ მათთვის სულიერი მიზნები უკვე აღარ იყო უმთავრესი. ასევე ვხედავდი, რომ რაც უფრო ებმებოდნენ ქვეყნიურ საქმეებში, მით უფრო მეტი პრობლემა უჩნდებოდათ და სასოწარკვეთილება ეუფლებოდათ. მე კი მინდოდა,  ჩემი ახალგაზრდობა იეჰოვას მსახურებისთვის გამომეყენებინა“.

რაკელი და ფილიპი

სკოლის დასრულების შემდეგ ესლიმ გარკვეული კურსები გაიარა, რათა პიონერადაც ემსახურა და საკუთარ თავზეც ეზრუნა მატერიალურად. ამის შემდეგ ის გადავიდა იქ, სადაც მეტი მაუწყებელი იყო საჭირო. მან ადგილობრივი მოსახლეობის ურთულესი ენების, ოტომისა და ტლაპენკოს, შესწავლაც კი დაიწყო. ახლა, როცა იხსენებს დაშორებულ ტერიტორიაზე მსახურების სამ წელს, ესლი ამბობს: „იქ ქადაგება, სადაც მეტი მაუწყებელია საჭირო, კმაყოფილების მომგვრელია და ცხოვრებას აზრს სძენს. და რაც ყველაზე მთავარია, ასეთმა მსახურებამ უფრო დამაახლოვა იეჰოვასთან“. 30-ს გადაცილებული წყვილი ფილიპი და რაკელი, რომლებიც მექსიკაში შეერთებული შტატებიდან გადავიდნენ, იზიარებენ ესლის ნათქვამს. მათ თქვეს: „ქვეყნიერება ისე სწრაფად იცვლება, რომ სტაბილურად თავს ცოტა თუ გრძნობს. მაგრამ იქ მსახურება, სადაც ბიბლიურ ცნობას ბევრი ისმენს, ცხოვრებას აზრს ჰმატებს და კმაყოფილება მოაქვს“.

სირთულეებთან გამკლავება

ვერონიკა

რა თქმა უნდა, ასეთ ტერიტორიებზე ქადაგება დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ერთ-ერთია საკუთარი თავის რჩენა. ამ სირთულეს თავი რომ გაართვათ, მზად უნდა იყოთ, მოერგოთ ადგილობრივ პირობებს. აი, რას გვიყვება გამოცდილი პიონერი და, ვერონიკა: „ერთ ტერიტორიაზე, სადაც ვმსახურობდი, ვამზადებდი და იაფად ვყიდდი სწრაფი კვების პროდუქტებს. სხვა ტერიტორიაზე ტანსაცმელს ვყიდდი და თმებს ვჭრიდი. ამჟამად ერთ სახლს ვალაგებ და ვატარებ კურსებს, სადაც ახალბედა მშობლებს ვასწავლი შვილებთან ურთიერთობას“.

სხვა კულტურასთან და წეს-ჩვეულებებთან შეგუება შეიძლება განსაკუთრებით რთული იყოს, როდესაც დაშორებულ ტერიტორიაზე ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ცხოვრობთ. სწორედ ასეთ სირთულეს შეხვდნენ ფილიპი და რაკელი ნაუტლიენოვან ტერიტორიაზე მსახურებისას. ფილიპი ამბობს: „კულტურული სხვაობა ძალიან დიდი იყო“. რა დაეხმარა მათ? ისინი იხსენებენ: „ჩვენ ნაუტლი ენაზე მოლაპარაკე ადამიანების დადებით მხარეებზე ვამახვილებდით ყურადღებას. მაგალითად, მათ ძლიერი ოჯახური კვანძები აქვთ, ძალიან გულახდილები და ხელგაშლილები არიან“. რაკელი დასძენს: „ბევრი რამ ვისწავლეთ მათთან ერთად ცხოვრებით და და-ძმებთან მსახურებით ამ ტერიტორიაზე“.

როგორ მოვემზადოთ

როგორ მოვემზადოთ, თუ გვსურს, ვიმსახუროთ დაშორებულ ტერიტორიაზე? ასეთ მსახურებაში გამოცდილი და-ძმები გვირჩევენ: გადასვლამდე გაიმარტივეთ ცხოვრება და ისწავლეთ, იყოთ კმაყოფილი იმით, რაც გაქვთ (ფილ. 4:11, 12). კიდევ რა შეგიძლიათ გააკეთოთ? ლეტიცია გვიყვება: „უარს ვამბობდი ისეთ სამუშაოზე, რომლის გამოც დიდხანს მომიწევდა ერთ ადგილას გაჩერება. მინდოდა, შემძლებოდა ნებისმიერ დროს ნებისმიერ ადგილას გადასვლა, სადაც კი საჭირო იქნებოდა“. ერმილო ამბობს: „ვისწავლე საჭმლის მომზადება, ტანსაცმლის რეცხვა და დაუთოება“. ვერონიკა გვიზიარებს: „მშობლებთან და დედმამიშვილებთან რომ ვცხოვრობდი, მათ სახლის დალაგებაში ვეხმარებოდი. აგრეთვე ვისწავლე იაფი პროდუქტებით ნოყიერი კერძების მომზადება და თანხის დაზოგვა“.

ამელია და ლევი

ლევი და ამელია, რომლებიც რვა წელია დაოჯახებულები არიან და მექსიკაში შეერთებული შტატებიდან გადავიდნენ, გვიზიარებენ, თუ როგორ დაეხმარა მათ კონკრეტული ლოცვები. ლევი ამბობს: „დავითვალეთ, რა თანხა დაგვჭირდებოდა, საზღვარგარეთ ერთი წელი რომ გვემსახურა. შემდეგ იეჰოვას ვთხოვეთ, დაგვხმარებოდა ზუსტად ამ ოდენობის თანხის შოვნაში“. რამდენიმე თვეში ზუსტად იმ თანხას მოუყარეს თავი, რაც ღმერთს ლოცვაში სთხოვეს და დაუყოვნებლივ გადავიდნენ. ლევი გვიზიარებს: „იეჰოვამ უპასუხა ჩვენს კონკრეტულ თხოვნას და ახლა უკვე ჩვენ უნდა გვემოქმედა“. ამელია დასძენს: „ვფიქრობდით, ერთი წლით შევძლებდით დარჩენას, მაგრამ აგერ უკვე შვიდი წელია, რაც აქ ვმსახურობთ და არც კი ვფიქრობთ უკან დაბრუნებაზე. აქ პირადად ვგრძნობთ იეჰოვას დახმარებას და ყოველდღიურად ვრწმუნდებით მის სიკეთეში“.

ადამი და ჯენიფერი

ლოცვა რომ მნიშვნელოვანია, ამაში კიდევ ერთი ამერიკელი წყვილი, ადამი და ჯენიფერი, დარწმუნდა. ისინი მექსიკაში ინგლისურენოვან ტერიტორიაზე მსახურობენ. ეს ცოლ-ქმარი გვირჩევს: „ნუ დაელოდებით იმ დროს, როცა ყველაფერი იდეალურად მოგვარდება. განუწყვეტლივ ილოცეთ, რომ გსურთ სხვა ქვეყანაში მსახურება და იმოქმედეთ ლოცვების თანახმად. გაიმარტივეთ ცხოვრება. მისწერეთ იმ ქვეყნის ფილიალს, სადაც გსურთ მსახურება, გამოთვალეთ ხარჯები და გადადით“. * ყველას, ვინც ამ ნაბიჯს გადადგამს, საინტერესო და სულიერად მდიდარი ცხოვრება ელის.

^ აბზ. 21 დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატია «შეგიძლია გადახვიდე „მაკედონიაში“?», რომელიც მოცემულია 2011 წლის აგვისტოს „ჩვენს სამეფო მსახურებაში“.

გაიგეთ მეტი

ვინ ასრულებს იეჰოვას ნებას დღეს?

სკოლები პიონერებისთვის

რა სპეციალურ დასწავლებას გადიან ისინი, რომლებიც სრულ დროით ქადაგებენ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას?