არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა)  |  აპრილი 2013

ბიბლიის კითხვა სასარგებლოა

ბიბლიის კითხვა სასარგებლოა

„მართლაც მსიამოვნებს ღვთის კანონი“ (რომ. 7:22).

1—3. რა დადებითი მხარეები აქვს ბიბლიის კითხვას და ნასწავლის ცხოვრებაში გამოყენებას?

„იეჰოვას ყოველ დილით ვუხდი მადლობას, რომ მეხმარება ბიბლიის გაგებაში“. ასაკოვან დას, რომელმაც ეს სიტყვები თქვა, ბიბლია 40-ზე მეტჯერ აქვს წაკითხული და კვლავაც კითხულობს. ერთმა ახალგაზრდა დამ თქვა, რომ ბიბლიის კითხვა დაეხმარა მას, იეჰოვა მისთვის რეალური გამხდარიყო. შედეგად, ის უფრო დაუახლოვდა თავის ზეციერ მამას. მან დაწერა: „ცხოვრებაში არასდროს ვყოფილვარ ასეთი ბედნიერი“.

2 მოციქული პეტრე მოუწოდებდა ყველას: „განივითარეთ წმინდა სიტყვიდან მომდინარე სუფთა რძისადმი სწრაფვა“ (1 პეტ. 2:2). მათ, ვინც ბიბლიით იკმაყოფილებენ ამ წყურვილს და იყენებენ ბიბლიურ სწავლებებს, აქვთ სუფთა სინდისი და იციან, რა არის ცხოვრების აზრი. მათ ახლო მეგობრული ურთიერთობა აქვთ მათთან, ვისაც უყვართ ჭეშმარიტი ღმერთი და ემსახურებიან მას. ეს ყველაფერი არის საფუძვლიანი მიზეზი, რომ დავეთანხმოთ მოციქულ პავლეს, რომელმაც თქვა: „მსიამოვნებს ღვთის კანონი“ (რომ. 7:22). კიდევ რა დადებითი მხარეები აქვს ბიბლიის კითხვას?

3 რაც უფრო მეტს სწავლობთ იეჰოვასა და მისი ძის შესახებ, მით უფრო გიყვარდებათ ისინი და ადამიანები. ზუსტი ბიბლიური ცოდნა გეხმარებათ იმის დანახვაში, თუ როგორ იხსნის მალე ღმერთი მორჩილ კაცობრიობას ამ ბოროტი სისტემის განადგურებისას. როცა ქადაგებთ, სასიხარულო ცნობას ამცნობთ სხვებს. იეჰოვა გაკურთხებთ იმისთვის, რომ ღვთის სიტყვიდან ნასწავლს გადასცემთ ადამიანებს.

იკითხეთ და იფიქრეთ

4. რა ნიშნავს ბიბლიის „დაბალი ხმით“ კითხვა?

4 იეჰოვას არ უნდა, რომ მისმა მსახურებმა ბიბლია ზედაპირულად იკითხონ. ღმერთმა იესო ნავეს ძეს უთხრა: „არ მოშორდეს შენს ბაგეს კანონის ეს წიგნი, იკითხე ის [დაბალი ხმით] დღედაღამ“ (იეს. 1:8, სქოლიო; ფსალმ. 1:2). ნიშნავს ეს იმას, რომ დაბადებიდან  გამოცხადების ჩათვლით ყველა სიტყვა ხმადაბლა უნდა წარმოთქვათ? რა თქმა უნდა, არა. ეს ნიშნავს, იკითხოთ აუჩქარებლად, რაც ფიქრის საშუალებას მოგცემთ. ბიბლიის „დაბალი ხმით“ კითხვა დაგეხმარებათ, ყურადღება იმ მონაკვეთებზე გაამახვილოთ, რომლებიც განსაკუთრებით სასარგებლო და გამამხნევებელია თქვენთვის. როცა შეხვდებით ასეთ ფრაზებს, მუხლებსა თუ ისტორიებს, წაიკითხეთ ისინი აუჩქარებლად და სიტყვები ხმადაბლა წარმოთქვით. ბიბლიური მონაკვეთის ასე ღრმად და გააზრებულად კითხვა თქვენს გულს შეეხება. ეს მნიშვნელოვანია, რადგან როცა სწვდებით ღვთის რჩევას, სურვილი გიჩნდებათ, გამოიყენოთ ის ცხოვრებაში.

5—7. როგორ გვეხმარება ღვთის სიტყვის დაბალი ხმით კითხვა, ა) შევინარჩუნოთ ზნეობრივი სიწმინდე? ბ) მოვეპყროთ სხვებს მოთმინებით და კეთილად? გ) მივენდოთ იეჰოვას გაჭირვების დროსაც კი?

5 ღვთის სიტყვის დაბალი ხმით კითხვა დამხმარეა იმ შემთხვევაშიც, როცა ბიბლიის ისეთ წიგნებს ვკითხულობთ, რომლებიც იმდენად კარგად არ ვიცით. ვნახოთ სამი მაგალითი. პირველი: ახალგაზრდა ქრისტიანი ძმა კითხულობს ოსიას წინასწარმეტყველებას. მე-4 თავის 1113 მუხლებს დაბალი ხმით კითხულობს და ჩერდება (წაიკითხეთ ოსიას 4:1113 ). რატომ აკეთებს ის ამას? ამ მუხლებმა განსაკუთრებულად მიიქცია მისი ყურადღება, ვინაიდან სკოლაში გამუდმებით უწევს ბრძოლა ზნეობრივი სიწმინდის შესანარჩუნებლად. ეს ძმა უკვირდება ამ მუხლებს და ფიქრობს: „იეჰოვა ხედავს ყველა იმ ცუდ საქმეს, რასაც ადამიანები სჩადიან, თუნდაც მალულად. მე არ მინდა ღმერთს ვაწყენინო“. ამ ძმას გადაწყვეტილი აქვს, არ გაებას უზნეობის მახეში.

6 მეორე მაგალითი: ქრისტიანი და კითხულობს იოელის წინასწარმეტყველებას და ჩერდება მე-2 თავის მე-13 მუხლთან (წაიკითხეთ იოელის 2:13 ). ის ამ მუხლს ხმადაბლა კითხულობს და ფიქრობს, თუ როგორ შეუძლია მიჰბაძოს იეჰოვას, რომელიც „მწყალობელი და გულმოწყალეა, რისხვაში ნელი და სიკეთით სავსე“. მას გადაწყვეტილი აქვს, აღარ ელაპარაკოს მეუღლეს და სხვებს სარკაზმით და გაბრაზებული ტონით, რასაც აკეთებს ხოლმე.

7 მესამე მაგალითი: ქრისტიანმა ძმამ დაკარგა სამუშაო და განიცდის, შეძლებს თუ არა ცოლ-შვილზე იზრუნოს. ის დაბალი ხმით კითხულობს ნაუმის 1:7-ს, სადაც წერია, რომ იეჰოვა „ცნობს მასში თავშესაფრის მძებნელებს“ და რომ ის „ციხესიმაგრეა გაჭირვების დღეს“. ეს აზრი ძალიან ამხნევებს მას. ის ხედავს იეჰოვას მზრუნველობას და ისე ძალიან აღარ განიცდის თავის მდგომარეობას. შემდეგ ეს ძმა დაბალი ხმით კითხულობს მე-15 მუხლს (წაიკითხეთ ნაუმის 1:15 ). ძმას ესმის, თუკი ასეთი გაჭირვების დროს იქადაგებს, ამით ცხადყოფს, რომ იეჰოვა ნამდვილად მისი ციხესიმაგრეა. ის ეძებს სამუშაოს და ამავდროულად, იყენებს შესაძლებლობას, რომ იმსახუროს შუა კვირაში.

8. მოკლედ გაგვიზიარეთ ის სულიერი „ბრილიანტები“, რომლებიც აღმოაჩინეთ ბიბლიის კითხვისას.

8 ზემოხსენებული სასარგებლო აზრები მოცემულია იმ ბიბლიურ წიგნებში, რომლებიც, ზოგიერთების აზრით, რთულად გასაგებია. თუ თქვენთვისაც გამამხნევებელია ამ მონაკვეთების განხილვა ოსიას, იოელისა და ნაუმის წიგნებიდან, სურვილი გაგიჩნდებათ, ხმადაბლა წაიკითხოთ სხვა მუხლებიც. წარმოიდგინეთ, რამხელა სიბრძნესა და ნუგეშს იპოვით ამ წინასწარმეტყველურ წიგნებში. რაღას ვიტყოდით ბიბლიის სხვა წიგნებზე? ღვთის სიტყვა ბრილიანტებით სავსე საგანძურს ჰგავს. ამიტომ წაიკითხეთ მთლიანი ბიბლია იმ მიზნით, რომ იპოვოთ „ბრილიანტები“ ანუ ღვთიური ხელმძღვანელობა და ნუგეში.

ეცადეთ, ჩასწვდეთ წაკითხულს

9. როგორ შეგვიძლია გავიღრმავოთ ცოდნა ღვთის ნების შესახებ?

9 მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ბიბლიის ყოველდღიურად კითხვა, არამედ ის, რომ ჩავწვდეთ წაკითხულს. ამიტომ იეჰოვას ორგანიზაციის მიერ გამოშვებული პუბლიკაციების მეშვეობით გამოიკვლიეთ ბიბლიური პერსონაჟების წარსული, გეოგრაფიული  ადგილები და ის მოვლენები, რომელთა შესახებაც კითხულობთ. ან თუ არ ხართ დარწმუნებული, როგორ შეიძლება ამა თუ იმ ბიბლიური პრინციპის ცხოვრებაში გამოყენება, დახმარებისთვის შეგიძლიათ მიმართოთ კრების ერთ-ერთ უხუცესს ან სხვა მოწიფულ ქრისტიანს. იმის საჩვენებლად, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, გამუდმებით ვიღრმავებდეთ ბიბლიურ ცოდნას, განვიხილოთ პირველ საუკუნეში მცხოვრები ქრისტიანის, აპოლოსის მაგალითი, რომელიც ამისკენ ისწრაფოდა.

10, 11. ა) როგორ დაეხმარნენ აპოლოსს, სასიხარულო ცნობის უკეთესი მქადაგებელი გამხდარიყო? ბ) რას ვსწავლობთ აპოლოსის მაგალითიდან? (იხილეთ ჩარჩო „ასწავლით სხვებს ახალი გაგებით?“).

10 აპოლოსი იყო ებრაელი ქრისტიანი, რომელმაც „კარგად იცოდა წმინდა წერილები“ და „სულით იყო ანთებული“. წიგნ „საქმეებში“ მის შესახებ ვკითხულობთ: „სწორად ლაპარაკობდა და ასწავლიდა იესოს შესახებ, თუმცა მხოლოდ იოანეს ნათლობა იცოდა“. აპოლოსს არც კი ესმოდა, რომ რასაც ასწავლიდა ნათლობაზე, ახალი გაგება არ იყო. როდესაც ერთმა ქრისტიანმა წყვილმა, პრისკილამ და აკვილამ, მოისმინა, თუ როგორ ასწავლიდა ის ეფესოში, მათ აპოლოსს „უფრო ზუსტად აუხსნეს ღვთის გზა“ (საქ. 18:24—26). როგორ დაეხმარა ეს აპოლოსს?

11 ეფესოში ქადაგების შემდეგ აპოლოსი აქაიაში წავიდა. „ჩავიდა აპოლოსი და დიდად დაეხმარა მათ, ვინც ღვთის მიერ გამოვლენილი წყალობით ირწმუნა. ის ყველას წინაშე გულმოდგინებით და საფუძვლიანად უმტკიცებდა იუდეველებს, რომ მართლები არ იყვნენ, და წმინდა წერილებიდან უჩვენებდა, რომ იესო იყო ქრისტე“ (საქ. 18:27, 28). მას ახლა უკვე სწორად შეეძლო აეხსნა, თუ რას ნიშნავდა ქრისტიანული ნათლობა. ვინაიდან უფრო მეტი ცოდნა ჰქონდა, ის დიდად დაეხმარა ახლებს, რომ ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში გაზრდილიყვნენ. რას ვსწავლობთ ამ მაგალითიდან?  აპოლოსის მსგავსად, უნდა ვისწრაფოთ, რომ უკეთ ჩავწვდეთ ბიბლიაში წაკითხულს. როდესაც გამოცდილი თანამორწმუნე გვირჩევს, თუ როგორ ვასწავლოთ უფრო ეფექტურად, ჩვენ თავმდაბლობა და მადლიერება უნდა გამოვავლინოთ და მივიღოთ ეს რჩევა. თუ ასე მოვიქცევით, უფრო დავხელოვნდებით მსახურებაში.

ნასწავლი სხვების დასახმარებლად გამოიყენეთ

12, 13. როგორ შეგიძლიათ წმინდა წერილები გამოიყენოთ ტაქტიანად და დაეხმაროთ ბიბლიის შემსწავლელებს სულიერ წინსვლაში?

12 პრისკილას, აკვილასა და აპოლოსის მსგავსად, ჩვენც შეგვიძლია სხვების დახმარება. რას გრძნობთ, როდესაც თქვენი გამამხნევებელი სიტყვები ეხმარება ბიბლიის შემსწავლელს იმ პრობლემის გადალახვაში, რომელიც სულიერ წინსვლაში უშლის ხელს? ან თუ უხუცესი ხართ, რას გრძნობთ, როდესაც თანამორწმუნე, რომელსაც ბიბლიური რჩევით დაეხმარეთ გასაჭირის დროს, მადლობას გიხდით? უეჭველია, კმაყოფილებასა და სიხარულს ვგრძნობთ, როდესაც ღვთის სიტყვით ვეხმარებით სხვებს ცხოვრების გაუმჯობესებაში. * ვნახოთ, როგორ შეიძლება ამ მიზნის მიღწევა.

13 ელიას დროს ბევრ ისრაელს არ ჰქონდა გადაწყვეტილი, ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისთვის დაეჭირათ მხარი თუ ცრუ თაყვანისმცემლობისთვის. ისრაელებისთვის მიცემული ელიას რჩევა შეიძლება დაეხმაროს ბიბლიის შემსწავლელს, რომელიც მერყეობს და სულიერი წინსვლისგან თავს იკავებს (წაიკითხეთ 1 მეფეების 18:21 ). განვიხილოთ სხვა მაგალითი. დაინტერესებულს სურს, თაყვანი სცეს იეჰოვას, მაგრამ ეშინია მეგობრების ან ოჯახის წევრების რეაქციის. მის გასამხნევებლად შეგიძლიათ მასთან ერთად იმსჯელოთ ესაიას 51:12, 13-ში ჩაწერილ სიტყვებზე (წაიკითხეთ).

14. რა დაგეხმარებათ საჭირო დროს ბიბლიური მუხლების გახსენებაში?

14 ეჭვგარეშეა, ბიბლიაში მოცემულია არაერთი აზრი, რომელსაც შეუძლია ჩვენი გამხნევება, გამოსწორება და გაძლიერება. მაგრამ შეიძლება იკითხოთ: „როგორ გავიხსენო ბიბლიური მუხლები მაშინ, როცა დამჭირდება?“. ყოველდღე იკითხეთ ბიბლია და იფიქრეთ ღვთის აზრებზე. ასეთი სახით, თქვენ გეცოდინებათ ღვთიური აზრები და როდესაც დაგჭირდებათ, ღვთის სული დაგეხმარებათ მათ გახსენებაში (მარ. 13:11; წაიკითხეთ იოანეს 14:26 ). *

15. რა დაგეხმარებათ, უკეთ ჩასწვდეთ ღვთის სიტყვას?

15 სოლომონის მსგავსად, სთხოვეთ იეჰოვას სიბრძნე, რომ შეასრულოთ თეოკრატიული პასუხისმგებლობები (2 მატ. 1:7—10). ძველი დროის წინასწარმეტყველების მსგავსად, ჩაატარეთ ღვთის სიტყვის „გულმოდგინე კვლევა-ძიება“, რათა ზუსტი ცოდნა მიიღოთ იეჰოვას შესახებ და გაიგოთ მისი ნება (1 პეტ. 1:1012). მოციქული პავლე მოუწოდებდა ტიმოთეს, რომ ესაზრდოვა „რწმენის სიტყვებითა და . . . კარგი სწავლებით“ (1 ტიმ. 4:6). თუ ასე მოიქცევით, შეძლებთ სხვებს საუკეთესოდ დაეხმაროთ სულიერ წინსვლაში. ამავე დროს, თავადაც განიმტკიცებთ რწმენას.

ღვთის სიტყვა გვიცავს

16. ა) როგორ ეხმარებოდა ბერეელებს წმინდა წერილების გულდასმით გამოკვლევა? ბ) რატომ არის მნიშვნელოვანი, ყოველდღე ვიკითხოთ ბიბლია?

16 მაკედონიის ქალაქ ბერეაში იუდეველებს ჩვევად ჰქონდათ, რომ ყოველდღე გულდასმით გამოეკვლიათ წმინდა წერილები. როდესაც პავლე სასიხარულო ცნობას უქადაგებდა იუდეველებს, ისინი მის ნათქვამს წმინდა წერილებიდან მიღებულ ცოდნას ადარებდნენ. რა იყო შედეგი? ისინი დარწმუნდნენ, რომ რაც ისწავლეს ჭეშმარიტება იყო და „მათგან  მრავალმა ირწმუნა“ (საქ. 17:10—12). ეს ცხადყოფს, რომ ბიბლიის ყოველდღიური კითხვა გვიძლიერებს იეჰოვასადმი რწმენას. ასეთი რწმენა ანუ „იმის საფუძვლიანი მოლოდინი, რასაც ვიმედოვნებთ“, მნიშვნელოვანია, რომ გადავიდეთ ღვთის ახალ ქვეყნიერებაში (ებრ. 11:1).

17, 18. ა) როგორ იცავს ქრისტიანის სიმბოლურ გულს მტკიცე რწმენა და სიყვარული? ბ) რისგან გვიცავს იმედი?

17 სწორედ ამიტომ დაწერა პავლემ: „ჩვენ კი, ვინც დღეს ვეკუთვნით, ვიფხიზლოთ და შევიმოსოთ რწმენისა და სიყვარულის ჯავშნით, მუზარადად კი ხსნის იმედი გვქონდეს“ (1 თეს. 5:8). ჯარისკაცმა გული უნდა დაიცვას მტრისგან. მსგავსადვე, ქრისტიანმაც უნდა დაიცვას თავისი სიმბოლური გული ცოდვისგან. თუ იეჰოვას მსახურს მტკიცედ სწამს ღვთის დაპირებების, უყვარს ღმერთი და მოყვასი, ასეთ მსახურს აქვს სულიერი ჯავშანი, რომელიც იცავს მის სიმბოლურ გულს. ამ დროს ნაკლებად დასაშვებია, რომ მან ისეთი რამ გააკეთოს, რაც ღვთის კეთილგანწყობილებას დააკარგვინებდა.

18 პავლემ ასევე მოიხსენია მუზარადი ანუ „ხსნის იმედი“. ბიბლიურ დროში თუ ჯარისკაცი მუზარადს არ დაიხურავდა, შეიძლება ადვილად დაეკარგა სიცოცხლე ბრძოლაში. მაგრამ კარგი მუზარადი ჯარისკაცს იცავდა, სერიოზულად არ დაშავებულიყო. ღვთის სიტყვის სწავლა იმედს გვიმტკიცებს, რომ იეჰოვას ჩვენი ხსნა შეუძლია. მტკიცე იმედი გვეხმარება, წინააღმდეგობა გავუწიოთ განდგომილებს და მათ „უშინაარსო ლაპარაკს“, რომელიც განგრენასავით ვრცელდება (2 ტიმ. 2:16—19). იმედი ასევე გვაძლიერებს და გვეხმარება, არ ავყვეთ მათ, ვინც ჩაგვადენინებდა ისეთ საქციელს, რომელსაც ღმერთი განსჯის.

ის, რაც მნიშვნელოვანია გადარჩენისთვის

19, 20. რატომ ვაფასებთ ღვთის სიტყვას და როგორ ცხადვყოფთ, რომ მადლიერი ვართ მისთვის? (იხილეთ ჩარჩო „იეჰოვა მაძლევს ზუსტად იმას, რაც მჭირდება“).

19 აღსასრულის მოახლოებასთან ერთად უფრო მეტად გვჭირდება ღვთის სიტყვისადმი ნდობა. ბიბლიაში მოცემული რჩევები გვეხმარება ცუდი ჩვევებისა და ცოდვილი მიდრეკილებების დაძლევაში. ღვთის სიტყვიდან მიღებული გამხნევებისა და ნუგეშის წყალობით გადავლახავთ ნებისმიერ განსაცდელს, რომელსაც სატანა და მისი ქვეყნიერება გვატეხს თავს. თუ მივყვებით ღვთის სიტყვაში მოცემულ ხელმძღვანელობას, დავრჩებით სიცოცხლის გზაზე.

20 გახსოვდეთ, ღმერთს სურს, რომ „ყველანაირი ადამიანი გადარჩეს“. ამ „ყველანაირ ადამიანში“ შედიან, როგორც იეჰოვას მსახურები, ისე ისინი, ვისაც შეიძლება დავეხმაროთ ქადაგებითა და სწავლებით. მაგრამ ყველას, ვისაც სურს გადარჩენა, უნდა მიიღოს „ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნა“ (1 ტიმ. 2:4). ასე რომ, ამ ბოლო დღეებში ჩვენი გადარჩენა პირდაპირ არის დაკავშირებული ბიბლიის კითხვასა და მასში მოცემული ღვთივშთაგონებული მითითებების მიყოლაზე. მართლაც, თუ ყოველდღიურად ვკითხულობთ ბიბლიას, ამით ცხადვყოფთ, რამდენად ვაფასებთ იეჰოვას ძვირფას სიტყვას (იოან. 17:17).

^ აბზ. 12 რა თქმა უნდა, ჩვენ ბიბლიას არ ვიყენებთ იმისთვის, რომ ზეწოლა მოვახდინოთ სხვებზე ან განვსაჯოთ ისინი. როგორც იეჰოვაა ჩვენდამი მომთმენი და კეთილი, ჩვენც ასეთი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ბიბლიის შემსწავლელისადმი (ფსალმ. 103:8).

^ აბზ. 14 რა უნდა გააკეთოთ, თუ გახსოვთ მთავარი სიტყვები, მაგრამ არ გახსოვთ წიგნი, თავი ან მუხლი? თუ გინდათ იპოვოთ, რომელ მუხლშია გამოყენებული ესა თუ ის სიტყვა, შეგიძლიათ ნახოთ „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიოთეკა ან ბიბლიის ბოლოში მოცემული „ბიბლიური სიტყვების საძიებელი“.