წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) მარტი 2013

რა უნდა გააკეთოთ ახლა, როცა „შეიცანით ღმერთი“?

რა უნდა გააკეთოთ ახლა, როცა „შეიცანით ღმერთი“?

„შეიცანით ღმერთი“ (გალ. 4:9).

1. რატომ ამოწმებს პილოტი აფრენამდე თვითმფრინავს სიის მეშვეობით?

ყველაზე თანამედროვე თვითმფრინავების პილოტებიც კი აფრენამდე თვითმფრინავს 30-ზე მეტი პუნქტისგან შემდგარი სიის მეშვეობით ამოწმებენ. თუ პილოტები ყოველი აფრენის წინ ყურადღებით არ შეამოწმებენ თვითმფრინავს ამ სიის მეშვეობით, გაიზრდება ტრაგიკული შემთხვევის ალბათობა. იცით, როგორ პილოტებს მოეთხოვებათ განსაკუთრებით ამის გაკეთება? ძალიან გამოცდილებს. გამოცდილი პილოტი შეიძლება თვითდაჯერებული გახდეს და არ შეამოწმოს ყველა დეტალი აფრენის წინ.

2. რა „სია“ უნდა ჰქონდეთ ქრისტიანებს?

2 ფრთხილი პილოტის მსგავსად, თქვენც შეგიძლიათ გამოიყენოთ „სია“, რათა დარწმუნდეთ, რომ სირთულეების დროს მტკიცე რწმენას შეინარჩუნებთ. ახალი მონათლული ვართ, თუ წლებია, ღმერთს ვემსახურებით, ყოველთვის უნდა შევამოწმოთ, გვაქვს თუ არა ურყევი რწმენა და ვართ თუ არა ღვთის ერთგულები. თუ ამას არ გავაკეთებთ რეგულარულად და გულდასმით, შეიძლება ჩვენს სულიერობას შეექმნას საფრთხე. ბიბლია გვაფრთხილებს: „ვინც ფიქრობს, რომ დგას, გაფრთხილდეს, რომ არ დაეცეს“ (1 კორ. 10:12).

3. რა უნდა გაეკეთებინათ გალატელ ქრისტიანებს?

3 გალატელ ქრისტიანებს უნდა შეემოწმებინათ თავიანთი რწმენა და დაეფასებინათ სულიერი თავისუფლება. მათ, ვინც იესოსადმი რწმენა გამოავლინეს, ქრისტემ თავისი მსხვერპლით გზა გაუხსნა, რომ განსაკუთრებული სახით შეეცნოთ ღმერთი ანუ შეეძლოთ, გამხდარიყვნენ ღვთის შვილები (გალ. 4:9). ასეთი ფასდაუდებელი ურთიერთობის შესანარჩუნებლად გალატელებს უარი უნდა ეთქვათ იუდეველთა სწავლებებზე, რომლებიც მოსეს კანონის დაცვას მოითხოვდა. წინადაუცვეთელ უცხოტომელებს არასოდეს მოეთხოვებოდათ მოსეს კანონის თანახმად ცხოვრება. იუდეველებსა და უცხოტომელებს ერთნაირად სჭირდებოდათ  სულიერი წინსვლა. ისინი უნდა მიმხვდარიყვნენ, რომ ღმერთი აღარ მოითხოვდა მოსეს კანონის დაცვას.

პირველი ნაბიჯები ღვთის გასაცნობად

4, 5. რა რჩევა მისცა პავლემ გალატელებს და რა მხრივ არის ის ჩვენთვისაც დროული?

4 მოციქულმა პავლემ გალატელებს წერილი მისწერა და რჩევა მისცა, რომ ზურგი არ ექციათ ბიბლიური ჭეშმარიტებისთვის და არ დაბრუნებოდნენ თავიანთ ცხოვრების წესს. იეჰოვამ შთააგონა მოციქული, რომ სიმტკიცის შესანარჩუნებლად არა მარტო გალატელები გაემხნევებინა, არამედ ყველა ღვთის თაყვანისმცემელი.

5 კარგია, თუ გაიხსენებთ, როგორ გათავისუფლდით სულიერი მონობისგან და გახდით იეჰოვას მოწმეები. ამისათვის საკუთარ თავს დაუსვით შემდეგი კითხვები: რა ნაბიჯები გადავდგი მოსანათლად? მახსოვს, როგორ გავიცანი ღმერთი, როგორ გამიცნო მან და გავიხარე ნამდვილი სულიერი თავისუფლებით?

6. რა სიას განვიხილავთ ახლა?

6 ძირითადად, ყველამ გადავდგით 9 ნაბიჯი. ამ ნაბიჯებისგან შემდგარი სულიერი „სია“ მოცემულია ჩარჩოში  „ნაბიჯები, რომლებმაც მიგვიყვანა ნათლობამდე და რომლებიც გვეხმარება სულიერ ზრდაში“. თუ ამ ნაბიჯებს გამუდმებით შევახსენებთ საკუთარ თავს, ეს გაგვაძლიერებს, რომ ქვეყნიერებას გავუწიოთ წინააღმდეგობა. როგორც გამოცდილი და ფრთხილი პილოტი აფრენამდე ამოწმებს თვითმფრინავს სიის მეშვეობით, რათა უსაფრთხოდ იფრინოს, ასევე სულიერი „სიის“ დახმარებით თქვენც შეძლებთ, განაგრძოთ ერთგულად მსახურება.

ისინი, ვინც „ღმერთმა ცნო“, განაგრძობენ სულიერ ზრდას

7. რა ნიმუშს უნდა მივყვეთ და რატომ?

7 პილოტის მსგავსად, ჩვენც რეგულარულად უნდა შევამოწმოთ საკუთარი თავი და ის, თუ როგორ მივიწევთ სულიერად წინ ნათლობის შემდეგ. პავლე სწერდა ტიმოთეს: „ჩაეჭიდე იმ ჯანსაღი სიტყვების ნიმუშს, ჩემგან რომ მოისმინე რწმენითა და სიყვარულით, რომლებიც ქრისტე იესოშია“ (2 ტიმ. 1:13). ამ „ჯანსაღი სიტყვების“ ნახვა შეიძლება ღვთის სიტყვაში (1 ტიმ. 6:3). როგორც ესკიზი გვიქმნის წარმოდგენას მთლიან სურათზე, ასევე ჭეშმარიტების ნიმუში გვეხმარება, ჩავწვდეთ და მივყვეთ იეჰოვას მოთხოვნებს. მოდი, ახლა დავაკვირდეთ ნათლობამდე მიმყვან ნაბიჯებს, რათა დავინახოთ, რამდენად მივყვებით ჭეშმარიტების ნიმუშს.

8, 9. ა) რატომ უნდა გავიღრმავოთ ცოდნა და რწმენა? ბ) რატომ არის მნიშვნელოვანი სულიერი ზრდა და რატომ არ უნდა შევწყვიტოთ ის? მოიყვანეთ მაგალითი.

8 პირველი ჩვენს სიაში არის ცოდნის მიღება. შემდეგ ვივითარებთ რწმენას. ორივე უწყვეტი პროცესი უნდა იყოს (2 თეს. 1:3). ზრდაში იგულისხმება მთელი რიგი ცვლილებები. „ზრდა“ ნიშნავს მომატებას და გადიდებას. ამიტომ ნათლობის შემდეგ არ უნდა შევწყვიტოთ სულიერი ზრდა; პირიქით, განუწყვეტლივ უნდა ვიზრდებოდეთ.

9 სულიერი ზრდა შეგვიძლია ხის ზრდას შევადაროთ. ხე შეიძლება ძალიან დიდი გაიზარდოს, განსაკუთრებით თუ მისი ფესვები ღრმად და ფართოდ არის გადგმული. მაგალითად, ლიბანის საოცარი კედარი, შესაძლოა, სიმაღლით 12-სართულიან შენობას უტოლდებოდეს; ღრმად ფესვგადგმული კედრის გარშემოწერილობა ზოგჯერ 12 მეტრს აღწევს (ქებ. 5:15). თავიდან, ხე ტანს სწრაფად იყრის, შემდეგ კი მისი ზრდა თვალისთვის შეუმჩნეველია. წლიდან წლამდე მისი გარშემოწერილობა ფართოვდება, ფესვები უფრო და უფრო ღრმად ჩადის ნიადაგში და იტოტება, რაც ხეს სიმტკიცეს აძლევს. იმავეს თქმა შეგვიძლია ქრისტიანის სულიერ ზრდაზე. ჩვენ შეიძლება ბიბლიის სწავლის პერიოდში სწრაფად წავიწიოთ წინ სულიერად და მოვინათლოთ. კრების წევრებს ეს შეუმჩნეველი არ რჩებათ და ძალიან უხარიათ. შესაძლოა, პიონერად დავინიშნოთ  ან სხვა პასუხისმგებლობებიც მივიღოთ. შემდეგ კი ჩვენი სულიერი ზრდა შეიძლება აღარ იყოს იმდენად შესამჩნევი. მიუხედავად ამისა, ჩვენ კვლავაც უნდა გავიღრმავოთ ცოდნა და რწმენა, „სანამ არ გავხდებით ზრდადასრულებულნი და არ მივაღწევთ ქრისტეს სისავსისთვის დამახასიათებელ მოწიფულობას“ (ეფეს. 4:13). როცა სულიერად ვიზრდებით, ვხდებით მოწიფული ქრისტიანი ანუ ვემსგავსებით ფესვგადგმულ ხეს, რომელიც ერთ დროს ნორჩი მცენარე იყო.

10. რატომ არის ზრდა მნიშვნელოვანი მოწიფული ქრისტიანისთვისაც კი?

10 ჩვენ ზრდა არასდროს არ უნდა შევწყვიტოთ. პირიქით, ყოველთვის უნდა ვიღრმავებდეთ ცოდნასა და რწმენას. ამგვარად ღვთის სიტყვის ნიადაგში უფრო მეტად „გავიდგამთ ფესვებს“ (იგავ. 12:3). კრებაში ბევრი და-ძმა ასე მოიქცა. მაგალითად, ერთმა ძმამ, რომელიც 30 წელზე მეტია, რაც უხუცესია, აღიარა, რომ მისი სულიერი ზრდა არ შეწყვეტილა. ეს ძმა ამბობს: „რაც დრო გადის, უფრო და უფრო ვაფასებ ბიბლიას. ჯერ კიდევ ვსწავლობ, თუ როგორ შემიძლია ბიბლიური პრინციპებისა და კანონების გამოყენება სხვადასხვა სიტუაციაში. ამასთანავე, უფრო მიღრმავდება მადლიერების გრძნობა მსახურებისადმი“.

უფრო მეტად დაუმეგობრდით ღმერთს

11. როგორ შეგვიძლია იეჰოვას უკეთ გაცნობა?

11 ზრდაში ასევე იგულისხმება, დავუახლოვდეთ იეჰოვას როგორც მეგობარსა და მამას. ღმერთს სურს, გვაგრძნობინოს, რომ მოსაწონი ვართ მისთვის, ვუყვარვართ და გვიცავს. ეს შეიძლება შევადაროთ პატარა ბავშვს, რომელიც თავს ასე გრძნობს, როცა მზრუნველი და მოსიყვარულე მამა გულში იკრავს. იმავეს ვგრძნობთ, როცა ჩვენ გვერდით ნამდვილი და ერთგული მეგობარია. მაგრამ იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა ერთ დღე-ღამეში არ ვითარდება. ღმერთი რომ გაიცნოთ და შეიყვაროთ, დროა საჭირო. ასე რომ, იეჰოვას პიროვნების უკეთ გასაცნობად საჭიროა ყოველდღიურად დროის გამოყოფა მისი სიტყვის წასაკითხად. ასევე საჭიროა ჟურნალების, „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“, თითოეული ნომრისა და ბიბლიაზე დაფუძნებული სხვა პუბლიკაციების კითხვა.

12. რა არის საჭირო იმისათვის, რომ იეჰოვა გვიცნობდეს?

12 ღვთის მეგობრები სულიერად იზრდებიან ლოცვებისა და კარგ საზოგადოებასთან ურთიერთობის მეშვეობით (წაიკითხეთ მალაქიას 3:16 ). იეჰოვას ყური მათი ვედრებისკენ აქვს მიპყრობილი (1 პეტ. 3:12). მოსიყვარულე მშობლის მსგავსად, იეჰოვა ყურადღებით გვისმენს, როცა დახმარებას ვთხოვთ. ამიტომ უნდა მივყვეთ პავლეს რჩევას: „გამუდმებით ილოცეთ“  (რომ. 12:12). ღვთის დახმარების გარეშე იეჰოვასთან მეგობრობას ვერ შევინარჩუნებთ. ამ ქვეყნიერების ზეწოლა იმდენად დიდია, რომ საკუთარი ძალებით ვერ გავუმკლავდებით და ვერ გავუწევთ წინააღმდეგობას. თუ განუწყვეტლივ არ ვილოცებთ, ვერ მივიღებთ იმ ძალასა და დახმარებას, რასაც იეჰოვა გვთავაზობს. მიმართავთ იეჰოვას ლოცვით როგორც სანდო მეგობარს, თუ ამ საკითხში გაუმჯობესება გჭირდებათ? (იერ. 16:19).

13. რატომ არის თანაქრისტიანებთან ურთიერთობა მნიშვნელოვანი სულიერი ზრდისთვის?

13 იეჰოვა იწონებს „მასში თავშესაფრის მძებნელებს“. ამიტომ ღვთის გაცნობის შემდეგაც კი რეგულარულად უნდა გვქონდეს ურთიერთობა მათთან, ვინც იცნობს იეჰოვას (ნაუმ. 1:7). ქვეყნიერებაში ადამიანები ხშირად განიცდიან გულგატეხილობას. ამიტომ გონივრულია, თუ დაუახლოვდებით სულიერ და-ძმებს, რომლებიც ყოველთვის მზად არიან ერთმანეთის გასამხნევებლად. ასეთი სახით კრებაში ურთიერთობა გექნებათ თანაქრისტიანებთან, რომლებიც წაგახალისებენ „სიყვარულისა და კარგი საქმეებისთვის“ (ებრ. 10:24, 25). ურთიერთსიყვარულის გამოვლენა, რომლის შესახებ პავლე ებრაელებს სწერდა, შესაძლებელია „ერთი აზრის“ მქონე საძმოში ანუ კრებაში. ასეთი სიყვარულის გამოსავლენად საჭიროა თანაქრისტიანებთან ურთიერთობა. შეამოწმეთ თქვენს „სულიერ სიაში“, რეგულარულად ესწრებით თუ არა ქრისტიანულ შეხვედრებს და მონაწილეობთ თუ არა მათში.

14. რატომ არის მონანიება და ცვლილებების მოხდენა უწყვეტი პროცესი?

14 ქრისტიანი იმ შემთხვევაში გავხდებით, თუ მოვინანიებთ და მოვბრუნდებით ანუ მივატოვებთ ცოდვების ჩადენას. თუმცა მონანიება უწყვეტი პროცესია. ჩვენ არასრულყოფილი ადამიანები ვართ და ცოდვა ჩვენში ჯერ კიდევ დაბუდებულია გველის მსგავსად, რომელიც მზად არის, თავს დაგვესხას (რომ. 3:9, 10; 6:1214). მოდი, ვიყოთ ყურადღებიანი და არ უგულებელვყოთ ჩვენი შეცდომები. საბედნიეროდ, იეჰოვა მომთმენია ჩვენდამი, როცა მთელი მონდომებით წინააღმდეგობას ვუწევთ ჩვენს სისუსტეებს და ვახდენთ საჭირო ცვლილებებს (ფილ. 2:12; 2 პეტ. 3:9). დიდად დამხმარეა, თუ გავაკონტროლებთ ჩვენს დროსა და შესაძლებლობებს და უარს ვიტყვით ეგოისტურ მიზნებზე. ერთი და წერს: „ჭეშმარიტებაში გავიზარდე, თუმცა იეჰოვაზე სხვებისგან განსხვავებული თვალსაზრისი მქონდა. ვფიქრობდი, რომ ღვთისადმი ძლიერი შიში უნდა მქონოდა და რომ ვერასდროს შევძლებდი მისი მოწონების დამსახურებას“. რამდენიმე არასწორი ნაბიჯის გამო ის სულიერად მოსუსტდა. „ამის მიზეზი ის კი არ იყო, რომ იეჰოვა არ მიყვარდა, ამბობს ეს და, არამედ ის, რომ ღმერთს კარგად არ ვიცნობდი. თუმცა გამუდმებული ლოცვების შემდეგ დავიწყე ცვლილებების მოხდენა“. ის ამატებს: „მივხვდი, რომ იეჰოვა ისე მიმიძღოდა, როგორც პატარა ბავშვს, მეხმარებოდა თითოეული პრობლემის დაძლევაში და სიყვარულით მაჩვენებდა, თუ რა უნდა გამეკეთებინა“.

15. რას აკვირდებიან იესო და იეჰოვა?

15 „ყველაფერი მოუყევით ხალხს“ სასიხარულო ცნობის შესახებ. ეს სიტყვები ღვთის ანგელოზმა უთხრა პეტრეს და სხვა მოციქულებს ციხიდან სასწაულებრივად გათავისუფლების შემდეგ (საქ. 5:1921). ყოველკვირეულად სამქადაგებლო მსახურებაში მონაწილეობა არის კიდევ ერთი პუნქტი ჩვენს „სიაში“. იესო და იეჰოვა აკვირდებიან, თუ როგორი რწმენა გვაქვს და როგორ ვმსახურობთ (გამოცხ. 2:19). ზემოხსენებული უხუცესი ამბობს: „სამქადაგებლო მსახურება ჩვენს ცხოვრებაში უმთავრესი უნდა იყოს“.

16. რატომ არის კარგი, ვიფიქროთ იეჰოვასადმი ჩვენს მიძღვნაზე?

16 იფიქრეთ მიძღვნაზე. ყველაზე ძვირფასი, რაც გვაქვს, არის ჩვენი პირადი ურთიერთობა იეჰოვასთან. ის იცნობს მათ, ვინც მას ეკუთვნის (წაიკითხეთ ესაიას 44:5 ).  ილოცეთ და შეამოწმეთ, თუ როგორი ურთიერთობა გაქვთ იეჰოვასთან. ამასთანავე, გახსოვდეთ თქვენი ნათლობა და არ დაგავიწყდეთ ეს მნიშვნელოვანი თარიღი. ეს შეგახსენებთ, რომ ნათლობა თქვენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო.

მოითმინეთ და ახლო ურთიერთობა გქონდეთ იეჰოვასთან

17. რატომ არის საჭირო მოთმინება იეჰოვასთან ახლო ურთიერთობის შესანარჩუნებლად?

17 გალატელების მიმართ მიწერილ წერილში პავლემ ყურადღება მოთმინების საჭიროებაზე გაამახვილა (გალ. 6:9). მოთმინება დღესაც ძალიან მნიშვნელოვანია ქრისტიანისთვის. განსაცდელებს აუცილებლად შეხვდებით, მაგრამ იეჰოვა დაგეხმარებათ. გამუდმებით ითხოვეთ წმინდა სული ლოცვაში. შვებით ამოისუნთქებთ, როდესაც იეჰოვა წუხილს სიხარულით შეგიცვლით და შფოთვას მშვიდობით (მათ. 7:711). დაფიქრდით შემდეგზე: თუ იეჰოვა ჩიტებზე ზრუნავს, ნუთუ მეტად არ იზრუნებს თქვენზე, ვისაც გიყვართ ის და თავი მიუძღვენით მას?! (მათ. 10:2931). რა ზეწოლასაც არ უნდა განიცდიდეთ, წინ იყურეთ; არასდროს დანებდეთ. მართლაც ფასდაუდებელი სიმდიდრეა იმის ცოდნა, რომ იეჰოვა გვიცნობს.

18. რა უნდა გააკეთოთ ახლა, როცა „შეიცანით ღმერთი“??

18 მაშ, რა უნდა გააკეთოთ, თუ ახლახან „შეიცანით ღმერთი“ და მოინათლეთ? განაგრძეთ იეჰოვას გაცნობა და გაიზარდეთ სულიერად. მაგრამ რის თქმა შეიძლება თქვენზე, ვინც წლებია, მონათლული ხართ? თქვენც განაგრძეთ იეჰოვას შესახებ ცოდნის გაღრმავება. არასოდეს დასჯერდეთ იმ ურთიერთობას, რაც გაქვთ იეჰოვასთან. ნაცვლად ამისა, დროდადრო ყველამ უნდა შევამოწმოთ სულიერი „სია“, რათა დავრწმუნდეთ, რომ უფრო მტკიცდება ჩვენი ურთიერთობა ჩვენს მამასთან, მეგობართან და ღმერთთან — იეჰოვასთან (წაიკითხეთ 2 კორინთელების 13:5, 6).

ხის მსგავსად, ქრისტიანებმაც არ უნდა შეწყვიტონ ზრდა