წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) მარტი 2013

თქვენც გამხნევდით და სხვებიც გაამხნევეთ

თქვენც გამხნევდით და სხვებიც გაამხნევეთ

არასრულყოფილების გამო ყველანი ვხდებით ავად, ზოგჯერ სერიოზულადაც კი. როგორ ვუმკლავდებით ასეთ სირთულეებს?

ერთ-ერთი ფასდაუდებელი საშუალება არის ოჯახის წევრების, მეგობრებისა და თანამორწმუნეების მხრიდან ნუგეშისცემა.

მეგობრის თბილი და მანუგეშებელი სიტყვები მალამოს მსგავსია, რომელიც გვკურნავს და ძალებს გვმატებს (იგავ. 16:24; 18:24; 25:11). მაგრამ ჭეშმარიტი ქრისტიანები ნუგეშის მხოლოდ მიღებაზე არ ფიქრობენ. ისინი ცდილობენ „ყოველგვარ გასაჭირში მყოფთა ნუგეშისცემას იმავე ნუგეშით, რომლითაც ღმერთი გვანუგეშებს“ (2 კორ. 1:4; ლუკ. 6:31). ანტონიომ, რომელიც მექსიკაში საოლქო ზედამხედველად მსახურობს, საკუთარ თავზე გამოსცადა ეს.

ანტონიოს ლიმფომის დიაგნოზი დაუსვეს (სისხლის კიბოს ერთ-ერთი ფორმა), რის გამოც დათრგუნულად გრძნობდა თავს. როგორ ახერხებდა ის თავის ხელში აყვანას სასოწარკვეთილების მიუხედავად? ანტონიო ცდილობდა, დაემახსოვრებინა სამეფო სიმღერები და მღერის დროს ეფიქრა სიტყვებზე. ხმამაღლა ლოცვა და ბიბლიის კითხვა ასევე დიდი ნუგეშის წყარო იყო მისთვის.

მაგრამ ანტონიო აღიარებს, რომ ყველაზე დიდი მხარდაჭერა თანამორწმუნეებმა აღმოუჩინეს. ის იხსენებს: „როდესაც მე და ჩემი ცოლი გულდამძიმებული ვიყავით, ვთხოვდით ჩვენს ნათესავს, რომელიც კრების უხუცესია, მოსულიყო ჩვენთან და ერთად გველოცა. ეს გვამხნევებდა და გვამშვიდებდა. ფაქტობრივად, ჩვენი ოჯახის წევრებისა და სულიერი და-ძმების მხარდაჭერით შედარებით მოკლე დროში დავძლიეთ უარყოფითი გრძნობები“. რაოდენ მადლიერი იყო ანტონიო, რომ ჰყავდა ასეთი მოსიყვარულე და მზრუნველი მეგობრები.

სხვა დამხმარე საშუალება გაჭირვების დროს არის წმინდა სული. მოციქულმა პეტრემ თქვა, რომ ღვთის წმინდა სული არის „უსასყიდლო ძღვენი“ (საქ. 2:38). ეს დამტკიცდა ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე, როდესაც იესოს 120 მიმდევარი გახდა ცხებული. მაგრამ წმინდა სულის ძღვენი მარტო ცხებულებისთვის არ არის. ის თითოეულ ჩვენგანსაც შეუძლია მიიღოს. ეს ძღვენი არასდროს არ დაილევა, ამიტომ გამუდმებით უნდა ვთხოვოთ ღმერთს, რომ მოგვცეს წმინდა სული (ეს. 40:28—31).

გულისხმიერი იყავით მათ მიმართ, ვინც დათრგუნულია

მოციქულმა პავლემ ბევრი ტანჯვა გადაიტანა და არაერთხელ ყოფილა სიკვდილის პირას (2 კორ. 1:8—10). თუმცა მას სიკვდილის ავადმყოფური შიში არ ჰქონია. მისთვის ნუგეში იყო იმის ცოდნა, რომ იეჰოვა ჰყავდა მფარველად. ის წერდა: „კურთხეული იყოს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთი და მამა, თანაგრძნობისა და ყოველგვარი ნუგეშის მამა, რომელიც ყოველგვარ გასაჭირში გვანუგეშებს“ (2 კორ. 1:3, 4). პავლე სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდნილა. განსაცდელები დაეხმარა მას, თანაეგრძნო თანამორწმუნეებისთვის. ასე რომ, პავლეს შეეძლო განსაცდელების დროს და-ძმების ნუგეშისცემა.

გამოჯანმრთელების შემდეგ ანტონიო დაუბრუნდა მიმოსვლით მსახურებას. ის ყოველთვის ავლენდა ყურადღებას თანამორწმუნეების მიმართ, მაგრამ გამოჯანმრთელების შემდეგ ანტონიო მეუღლესთან ერთად განსაკუთრებულ ძალისხმევას ახმარდა, რომ მოენახულებინა და გაემხნევებინა ავადმყოფები. მაგალითად, ერთი ქრისტიანის მონახულებისას, რომელიც სერიოზულად იყო ავად, ანტონიომ გაიგო, რომ ამ ძმას კრების შეხვედრებისკენ გული არ მიუწევდა. „ამის მიზეზი ის არ იყო, რომ მას არ უყვარდა იეჰოვა ან ძმები, — ამბობს ანტონიო, — ავადმყოფობამ იმდენად იმოქმედა მის ემოციურ მდგომარეობაზე, რომ ეს ძმა თავს გამოუსადეგრად თვლიდა“.

ერთ-ერთი, რითაც ანტონიომ გაამხნევა ეს ძმა, იყო ის, რომ სთხოვა, მეგობრულ შეხვედრაზე ელოცა. მიუხედავად იმისა, რომ თავს უღირსად გრძნობდა, მან ილოცა. ანტონიო ამბობს: „მან ძალიან კარგად ილოცა და ლოცვის შემდეგ თითქოსდა სულ სხვა ადამიანი გახდა. ამ ძმას ღირსების გრძნობა კვლავ დაუბრუნდა“.

მეტ-ნაკლებად საწუხარი ყველას გვქონია. მაგრამ როგორც პავლემ თქვა, ეს გვეხმარება, ვანუგეშოთ სხვები გაჭირვების დროს. ამიტომ მოდი, გულთან ახლოს მივიტანოთ თანაქრისტიანების გასაჭირი, მივბაძოთ ჩვენს ღმერთ იეჰოვას და ვანუგეშოთ სხვები.