არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა)  |  მარტი 2013

იეჰოვას მოყვარულთათვის „არ არსებობს . . . დაბრკოლება“

იეჰოვას მოყვარულთათვის „არ არსებობს . . . დაბრკოლება“

„დიდი მშვიდობა აქვთ შენი კანონის მოყვარულებს, არ არსებობს მათთვის დაბრკოლება“ (ფსალმ. 119:165).

1. როგორ არ ჩაიქნია ხელი რბოლაზე ერთმა მორბენალმა?

მოზარდობიდანვე მერი დეკერი ცნობილი იყო როგორც მსოფლიო კლასის მორბენალი. ყველას ეგონა, რომ 1984 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე ის მოიპოვებდა ოქროს მედალს 3 000-მეტრიან დისტანციაზე სირბილში. მაგრამ მერიმ ვერ გადაკვეთა ფინიშის ხაზი. მან ფეხი წამოჰკრა სხვა მორბენალს და დაეცა. ატირებული და დაშავებული მერი გაიყვანეს სარბენი ბილიკიდან. მიუხედავად ამისა, ის არ დანებებულა. ერთი წელიც არ დასჭირდა, სპორტს რომ დაბრუნებოდა, და 1985 წელს მერი დეკერმა ქალთა რბოლაში ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

2. რა გაგებით „გარბიან“ ჭეშმარიტი ქრისტიანები და რა უნდა იყოს ჩვენი მიზანი?

2 ჩვენ, ქრისტიანები, სიმბოლურ რბოლაში ვმონაწილეობთ და ჩვენი მიზანი გამარჯვება უნდა იყოს. ეს რბოლა არ ჰგავს მოკლე დისტანციაზე სირბილს, სადაც გადამწყვეტი მნიშვნელობა სიჩქარეს აქვს. ის არც ძუნძულს ჰგავს. ეს რბოლა შეგვიძლია შევადაროთ მარათონს, სადაც გამარჯვებისთვის აუცილებელია ამტანობა. კორინთი განთქმული იყო სპორტული შეჯიბრებებით, ამიტომ კორინთელების მიმართ მიწერილ წერილში მოციქულმა პავლემ გამოიყენა სიტყვა მორბენალი: „განა არ იცით, რომ რბოლის დროს ყველა მორბენალი გარბის, მაგრამ მხოლოდ ერთი იღებს ჯილდოს? ისე ირბინეთ, რომ მოიპოვოთ ის“ (1 კორ. 9:24).

3. როგორ შეიძლება ყველა „მორბენალმა“ მიიღოს მარადიული სიცოცხლე?

3 ბიბლია გვეუბნება, რომ მონაწილეობა მივიღოთ სიმბოლურ რბოლაში (წაიკითხეთ 1 კორინთელების 9:25—27). ჯილდო არის მარადიული სიცოცხლე, რომელსაც ცხებული ქრისტიანები მიიღებენ ზეცაში, ხოლო სხვა ერთგული ქრისტიანები დედამიწაზე. უმეტესი სპორტული შეჯიბრებისგან განსხვავებით,  ამ რბოლაში ყველა, ვინც ბოლომდე მოთმინებით გაირბენს დისტანციას, მიიღებს ჯილდოს (მათ. 24:13). შეჯიბრებაში მონაწილენი მხოლოდ იმ შემთხვევაში ვერ მიიღებენ ჯილდოს, თუ წესებს დაარღვევენ ან ფინიშის ხაზს ვერ გადაკვეთენ. უფრო მეტიც, ეს არის ერთადერთი რბოლა, რომელშიც გამარჯვებული ჯილდოდ მარადიულ სიცოცხლეს მიიღებს.

4. რატომ არ არის ადვილი მარადიული სიცოცხლის მისაღებად სირბილი?

4 ფინიშის ხაზის გადაკვეთა ადვილი არ არის. ამისთვის საჭიროა დისციპლინა და მიზანდასახულობა. ერთადერთი, ვინც ფინიშის ხაზი ისე გადაკვეთა, რომ ერთხელაც არ დაბრკოლებულა, იესო ქრისტე იყო. მაგრამ ქრისტეს მიმდევრები ხშირად ცდებოდნენ, როგორც ამას იესოს მოწაფე იაკობი წერდა (იაკ. 3:2). ეს მართლაც ასეა. თითოეულ ჩვენგანზე გავლენას ახდენს ჩვენი და სხვების არასრულყოფილება. ამიტომ დროდადრო შეიძლება ფეხი რაღაცას წამოვკრათ, წავბორძიკდეთ და გავჩერდეთ. შეიძლება დავეცეთ კიდეც, მაგრამ ვდგებით და ვაგრძელებთ სირბილს. ზოგი ისე მაგრად დაეცა, რომ დახმარება დასჭირდა, რათა რბოლა გაეგრძელებინა ფინიშის ხაზის გადასაკვეთად. ამგვარად, შესაძლოა, წუთიერად და არაერთხელაც კი დავბრკოლდეთ ან წავიქცეთ (1 მეფ. 8:46).

თუ დაეცით, მიიღეთ დახმარება და წამოდექით!

განაგრძეთ სირბილი დაბრკოლების მიუხედავად

5, 6. ა) რა გაგებით არ არსებობს ქრისტიანისთვის „დაბრკოლება“ და რა დაეხმარება მას წამოდგომაში? ბ) რატომ ვერ დგება ზოგიერთი დაბრკოლებისა და დაცემის შემდეგ?

5 შესაძლოა, სიტყვებს „დაბრკოლება“ და „დაცემა“ იყენებდეთ სულიერი მდგომარეობის აღსაწერად, თუმცა ეს სიტყვები ბიბლიაში ყოველთვის ამ გაგებით არ გამოიყენება. მაგალითად, ნახეთ, რა წერია იგავების 24:16-ში: „მართალი შვიდჯერაც რომ დაეცეს, უეჭველად წამოდგება, ბოროტი კი წაბორძიკდება უბედურების დროს“.

6 თუ ადამიანი სრულად ენდობა ღმერთს, მაშინ იეჰოვა არ დაუშვებს, რომ რაიმე პრობლემის ან სისუსტის გამო ისე „დაბრკოლდეს“ ან „დაეცეს“, რომ ვერ წამოდგეს. დარწმუნებული ვართ, რომ იეჰოვა დაგვეხმარება „წამოდგომაში“, რათა კვლავ საუკეთესო გავიღოთ მისთვის. რაოდენ გამამხნევებელია ეს  ყველასთვის, ვისაც მთელი გულით უყვარს იეჰოვა. ბოროტებს არ აქვთ „წამოდგომის“ სურვილი. ისინი არ ეძებენ წმინდა სულისა და ღვთის მსახურების დახმარებას ან როცა სთავაზობენ, უარს ამბობენ. ამის საპირისპიროდ კი, იეჰოვას „კანონის მოყვარულთათვის“ არ არსებობს დაბრკოლება, რომელიც მათ ერთხელ და სამუდამოდ ჩამოაშორებდა სიცოცხლისთვის რბოლას (წაიკითხეთ ფსალმუნის 119:165 ).

7, 8. როგორ შეიძლება ვინმე „დაეცეს“ და მაინც ჰქონდეს იეჰოვას წყალობა?

7 ზოგი გარკვეული სისუსტის გამო არაერთხელ სჩადის ისეთ ცოდვას, რომელიც მძიმე ცოდვად არ ითვლება. იეჰოვას თვალში ისინი ისევ მართლები იქნებიან, თუ განაგრძობენ წამოდგომას ანუ გულწრფელად ინანიებენ და კვლავაც ერთგულად ემსახურებიან ღმერთს. ამის დანახვა შეგვიძლია იქიდან, თუ როგორ ექცეოდა იეჰოვა ისრაელებს (ეს. 41:9, 10). ზემოხსენებული იგავების 24:16 უარყოფითზე ანუ ჩვენს „დაცემაზე“ კი არ ამახვილებს ყურადღებას, არამედ იმაზე, რომ არაერთი დაცემის მიუხედავად, შეგვიძლია წამოვდგეთ ჩვენი გულმოწყალე ღვთის დახმარებით (წაიკითხეთ ესაიას 55:7 ). იეჰოვა ღმერთი და იესო ქრისტე გვენდობიან და გვეხმარებიან „წამოდგომაში“ (ფსალმ. 86:5; იოან. 5:19).

8 მარათონში მონაწილე რომც დაბრკოლდეს ან დაეცეს, მას აქვს დრო, ადგეს და განაგრძოს ფინიშამდე სირბილი, თუ დაუყოვნებლივ იმოქმედებს. ჩვენ მარადიული სიცოცხლის მისაღებად გავრბივართ, მაგრამ არ ვიცით „დღე და საათი“, თუ როდის დასრულდება რბოლა (მათ. 24:36). თუმცა, რაც უფრო ნაკლებად დავბრკოლდებით, მით უფრო ადვილად შევძლებთ სირბილის გაგრძელებასა და ფინიშის ხაზის გადაკვეთას. როგორ ავირიდოთ დაბრკოლებები?

წინსვლაში ხელის შემშლელი დაბრკოლებები

9. რა დაბრკოლებებს განვიხილავთ?

9 განვიხილოთ ხუთი დაბრკოლება: პირადი სისუსტეები, ხორცის სურვილები, უსამართლობა თანამორწმუნეების მხრიდან, გასაჭირი ან დევნა და სხვების არასრულყოფილება. თუ დაბრკოლდებით, გახსოვდეთ, რომ იეჰოვა ძალიან მომთმენია. ის მაშინვე არ მოგაკრავთ „ორგულის“ იარლიყს.

10, 11. რა პირად სისუსტეებს ებრძოდა დავითი?

10 პირადი სისუსტეები შეიძლება შევადაროთ სარბენ ბილიკზე დაყრილ ქვებს. მეფე დავითისა და მოციქული პეტრეს ცხოვრებიდან შეგვიძლია შევნიშნოთ ორი სისუსტე თავშეუკავებლობა და კაცთმოშიშება.

11 დავითმა ბათ-შებასთან მრუშობით თავშეუკავებლობა გამოავლინა. როცა ნაბალმა შეურაცხყოფა მიაყენა, ის ლამის თავს დაესხა მის სახლეულობას. მართალია, დავითისთვის ზოგჯერ რთული იყო თავშეკავების გამოვლენა, მაგრამ ის ყოველთვის ცდილობდა, ესიამოვნებინა იეჰოვასთვის. სხვების დახმარებით მან შეძლო კვლავ აღედგინა სულიერი წონასწორობა (1 სამ. 25:5—13, 32, 33; 2 სამ. 12:1—13).

12. როგორ განაგრძობდა პეტრე სირბილს დაბრკოლებების მიუხედავად?

12 პეტრე კაცთმოშიშების გამო დროდადრო ბრკოლდებოდა, მაგრამ ის იესოსა და იეჰოვას ერთგული რჩებოდა. მაგალითად, მან სამჯერ უარყო თავისი ბატონი სახალხოდ (ლუკ. 22:5462). მოგვიანებით ის არ მოიქცა ქრისტიანისთვის შესაფერისად, როცა იუდეველი წინადაცვეთილი ქრისტიანები უცხოტომელ ქრისტიანებზე უკეთესებად მიიჩნია. მაგრამ პეტრესგან განსხვავებით, მოციქულ პავლეს სწორი თვალსაზრისი ჰქონდა ამასთან დაკავშირებით. ის ფიქრობდა, რომ კრებაში არ უნდა ყოფილიყო ასეთი დაყოფა. სანამ პეტრეს საქციელი განხეთქილებას გამოიწვევდა და-ძმებს შორის, პავლემ მას პირდაპირი რჩევა მისცა (გალ. 2:1114). შეუშალა სიამაყემ პეტრეს ხელი და შეწყვიტა სიცოცხლისთვის რბოლა? რა თქმა უნდა, არა. ის სერიოზულად მოეკიდა პავლეს რჩევას, გამოიყენა ის და გააგრძელა სირბილი.

13. როგორ შეიძლება პირადმა სისუსტემ დაგვაბრკოლოს?

13 ზოგჯერ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პირადი სისუსტე შეიძლება  გვექცეს დაბრკოლების ლოდად. შესაძლოა, ამან ჩვენს სულიერობას შეუქმნას საფრთხე, წაგვაბორძიკოს და ძალებიც კი გამოგვაცალოს. მაგალითად, ერთი იაპონელი და მონათვლიდან 17 წელიწადში მძიმედ დაავადდა. ის იმდენად იყო თავის მდგომარეობაზე გადართული, რომ სულიერად მოსუსტდა. დროთა განმავლობაში ეს და არააქტიური გახდა. ერთხელ ის ორმა უხუცესმა მოინახულა. უხუცესების სიტყვებმა ის ძალიან გაამხნევა და კვლავ დაიწყო კრებებზე სიარული. ეს და იხსენებს: „ცრემლები ვერ შევიკავე, როცა ძმები თბილად შემხვდნენ“. ახლა ის კვლავ განაგრძობს „სირბილს“.

14, 15. რა უნდა გავაკეთოთ, როცა არასწორი სურვილები გვიჩნდება? მოიყვანეთ მაგალითი.

14 ხორცის სურვილებმა მრავალი დააბრკოლა. თუ ჩვენც აღმოვჩნდით მსგავსი ცდუნების წინაშე, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შევინარჩუნოთ გონებრივი, ზნეობრივი და სულიერი სიწმინდე. გავიხსენოთ იესოს რჩევა, რომ „გადავაგდოთ“ ყველაფერი, რაც გვაბრკოლებს, იქნება ეს თვალი თუ ხელი. ამაში შედის უზნეო ფიქრები და მოქმედებები, რომლებმაც ბევრი „გამოთიშა მარათონს“ (წაიკითხეთ მათეს 5:29, 30).

15 ერთმა ძმამ, რომელიც ქრისტიანულ ოჯახში აღიზარდა, დაწერა, რომ რაც თავი ახსოვს, ჰომოსექსუალურ მიდრეკილებებს ებრძოდა. ის ამბობს: „თავს ყოველთვის უხერხულად ვგრძნობდი; თითქოს ადგილს ვერსად ვპოულობდი“. 20 წლის ასაკში მან სრული დროით მსახურება დაიწყო და კრებაში მომსახურედ დაინიშნა; შემდეგ სერიოზული შეცდომა დაუშვა, რის გამოც შეაგონეს. ამ ძმამ მიიღო უხუცესებისგან დახმარება. ის ლოცულობდა, ღვთის სიტყვას იკვლევდა და სხვებს ეხმარებოდა. ამ ყველაფრის წყალობით შეძლო წამოდგომა და სულიერი რბოლის გაგრძელება. წლების შემდეგ ის აღიარებს: „დროდადრო არასწორი სურვილები ისევ მახსენებს თავს, მაგრამ მათ არ ვაძლევ იმის საშუალებას, რომ მომერიონ. მივხვდი, რომ იეჰოვა იმაზე მეტად არ დაუშვებს ჩვენს ცდუნებას, ვიდრე შეგვიძლია ატანა. მე მჯერა, რომ იეჰოვას ხელი არ აქვს ჩემზე ჩაქნეული“. ბოლოს ის ასკვნის: „ჩემი მოთმინება ახალ ქვეყნიერებაში დაჯილდოვდება. ჯილდოს მიღება ძალიან მინდა. მანამდე კი ბრძოლას განვაგრძობ“. ამ ძმას გადაწყვეტილი აქვს, რბოლა არ შეწყვიტოს.

16, 17. ა) რა დაეხმარა „რბოლის“ გაგრძელებაში ერთ ძმას, რომელიც ფიქრობდა, რომ უსამართლოდ მოექცნენ? ბ) რაზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული დაბრკოლებები, რომ ავირიდოთ?

16 უსამართლობა თანამორწმუნეების მხრიდან შეიძლება დაბრკოლების ლოდი გახდეს. საფრანგეთში მცხოვრები ერთი ყოფილი უხუცესი ფიქრობდა, რომ უსამართლოდ მოექცნენ და ამის გამო ძმებზე ძალიან გაბრაზდა. შედეგად, კრებასთან ურთიერთობა გაწყვიტა და არააქტიური გახდა. მო­გვიანებით ორმა უხუცესმა მოინახულა ის. ისინი ყურადღებით უსმენდნენ მას და არ აწყვეტინებდნენ, როცა მომხდართან დაკავშირებით თავის მოსაზრებას გამოთქვამდა. მათ ეს ძმა აღძრეს, პრობლემა იეჰოვასთვის მიენდო და ყურადღება გაუმახვილეს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი იეჰოვას მოსაწონად მოქცევა იყო. მან მიიღო უხუცესების რჩევა, დაუბრუნდა „მარათონს“ და კვლავ აქტიური ღვთის მსახური გახდა.

17 ყველა ქრისტიანმა ყურადღება იეჰოვას მიერ დანიშნულ კრების თავზე, იესო ქრისტეზე, უნდა გაამახვილოს და არა არასრულყოფილ ადამიანებზე. იესო, რომლის თვალებიც არის „როგორც ცეცხლის ალი“, ყველაფერს სათანადოდ აფასებს და ხედავს ბევრად მეტს, ვიდრე ჩვენ (გამოცხ. 1:13—16). მაგალითად, შეიძლება რაღაც უსამართლობად მიგვაჩნია იმის გამო, რომ არ გვესმის, რა მოხდა ან რატომ მოხდა. იესო კრების საჭიროებებზე სრულყოფილად და საუკეთესო დროს იზრუნებს. ამიტომ არ უნდა დავუშვათ, რომ თანაქრისტიანების მოქმედებები და გადაწყვეტილებები ჩვენთვის დაბრკოლება გახდეს.

18. როგორ გავუძლოთ განსაცდელებსა და დევნას?

18 კიდევ ორი სხვა დაბრკოლება არის გასაჭირი ან დევნა და სხვების არასრულყოფილება.  იესომ მოიყვანა მთესველის მაგალითი და თქვა, რომ ზოგიერთ ღვთის მსახურს „გასაჭირი ან დევნა“ დააბრკოლებდა. ვისგანაც არ უნდა იყოს დევნა, იქნება ეს ოჯახი, მეზობლები თუ ხელისუფლების წარმომადგენლები, ეს განსაკუთრებით მათზე მოახდენს გავლენას, ვისაც „ფესვი არა აქვს“ ანუ ვინც სულიერად არ არის ძლიერი (მათ. 13:21). მაგრამ თუ იეჰოვასთან ახლო ურთიერთობას შევინარჩუნებთ, სამეფოს თესლი ჩვენში ღრმად და მყარად გაიდგამს ფესვებს. განსაცდელების დროს ილოცეთ და იფიქრეთ იმაზე, რაც საქებარია (წაიკითხეთ ფილიპელების 4:69). იეჰოვას დახმარებით გავუძლებთ ნებისმიერ განსაცდელს და რთული სიტუაციები დაბრკოლების ლოდად არ გვექცევა.

არაფერს დართოთ ნება, გამოეთიშოთ მარათონს!

19. რა უნდა გავაკეთოთ, დაბრკოლებად წყენა რომ არ გვექცეს?

19 სამწუხაროდ, წლების მანძილზე ზოგმა სხვების არასრულყოფილების გამო სირბილი შეწყვიტა. სინდისთან დაკავშირებით განსხვავებული თვალსაზრისი მათთვის დაბრკოლება გახდა (1 კორ. 8:12, 13). როცა ვინმე გვაწყენინებს, ხდება ეს ჩვენთვის დაბრკოლება? ბიბლია გვირჩევს, რომ არ გავასამართლოთ სხვები, ვაპატიოთ მწყენინებელს და დაჟინებით არ მოვითხოვოთ საკუთარი უფლებების დაცვა (ლუკ. 6:37). როცა დაბრკოლებას ხვდებით, დაფიქრდით შემდეგ კითხვებზე: განვსჯი სხვებს საკუთარი შეხედულებების საფუძველზე? ხომ არ ვწყვეტ სირბილს ჩემი და-ძმების არასრულყოფილების გამო? თუ იეჰოვა გვიყვარს, სხვების საქციელს არ დავრთავთ ნებას, ხელი შეგვიშალოს ფინიშის ხაზის გადაკვეთაში.

მოთმინებით ირბინეთ და თავი აარიდეთ დაბრკოლებებს

20, 21. რის გაკეთება გაქვთ გადაწყვეტილი მარადიული სიცოცხლის მისაღებად?

20 გაქვთ გადაწყვეტილი, „სარბიელი ბოლომდე“ გაირბინოთ? (2 ტიმ. 4:7, 8). ამისთვის აუცილებელია პირადი შესწავლა. ბიბლიის და ბიბლიური ლიტერატურის გამოკვლევა და წაკითხულზე ფიქრი დაგეხმარებათ დაბრკოლების ლოდების ამოცნობაში. სთხოვეთ ღმერთს წმინდა სული, რათა სულიერად გაგაძლიეროთ. გახსოვდეთ, რომ სიცოცხლის გზაზე მორბენალი რბოლიდან არ იხსნება იმის გამო, რომ ის ბრკოლდება ან ეცემა კიდეც; მას შეუძლია წამოდგეს და კვლავ განაგრძოს რბოლა. მორბენალს შეუძლია დაბრკოლების ლოდები საფეხურებად გამოიყენოს და ნებისმიერი რწმენის გამოცდიდან გაკვეთილი ისწავლოს.

21 ბიბლიაში წერია, რომ მარადიული სიცოცხლის მისაღებად ჩვენ არ უნდა შევწყვიტოთ რბოლა. არ არსებობს ისეთი ავტობუსი, რომელიც გამარჯვებამდე მიგვიყვანდა. სიცოცხლისთვის თავად უნდა ვირბინოთ. თუ ასე მოვიქცევით, იეჰოვასგან „დიდი მშვიდობა“ ჩვენთვის ზურგის ქარივით იქნება (ფსალმ. 119:165). ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ისინი, ვინც ბოლომდე გაირბენენ სარბიელს, მიიღებენ კურთხევებს დღესაც და მარადიულადაც (იაკ. 1:12).