არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა)  |  მარტი 2013

იცნობს თქვენი გული იეჰოვას?

იცნობს თქვენი გული იეჰოვას?

„მივცემ მათ გულს, რომელიც მიცნობს, რომ იეჰოვა ვარ. ისინი იქნებიან ჩემი ხალხი“ (იერ. 24:7).

1, 2. რატომ თვლიან ზოგიერთები ლეღვს სასარგებლოდ?

გიყვართ ლეღვი ან ლეღვის ჩირი? ბევრს უყვარს ის. ლეღვი ბევრ ქვეყანაში ხარობს. ძველად იუდეველები მას სასარგებლო ხილად თვლიდნენ (ნაუმ. 3:12; ლუკ. 13:6—9). ლეღვი შეიცავს უჯრედისს, ანტიოქსიდანტებსა და მინერალებს; ამიტომ ზოგი ფიქრობს, რომ ის სასარგებლოა გულისთვის.

2 იეჰოვამ ერთხელ გული ლეღვს შეადარა. იეჰოვა არ საუბრობდა პირდაპირი გაგებით ლეღვის სარგებლობაზე; მის ნათქვამს სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა. ის, რაც ღმერთმა წინასწარმეტყველ იერემიას მეშვეობით თქვა, ეხება როგორც ჩვენს, ისე ჩვენთვის საყვარელი ადამიანების გულებს. მისი სიტყვების განხილვისას დაფიქრდით, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ქრისტიანებისთვის.

3. რას ნიშნავდა იერემიას 24-ე თავში მოხსენიებული კარგი და ცუდი ლეღვი?

3 თავიდან განვიხილოთ, რა თქვა ღმერთმა ლეღვზე იერემიას დროს. ძვ. წ. 617 წელს იუდა სულიერად ცუდ მდგომარეობაში იყო. ღმერთმა იერემიას ხილვაში აჩვენა „ძალიან კარგი“ და „ძალიან ცუდი“ ლეღვი, რითაც გაუმჟღავნა, თუ რა მოხდებოდა მომავალში (წაიკითხეთ იერემიას 24:13). ცუდი ლეღვი განასახიერებდა მეფე ციდკიას და მათ, რომლებსაც სასტიკად მოექცნენ მეფე ნაბუქოდონოსორი და მისი ჯარი. მაგრამ რა შეიძლება ითქვას ბაბილონში მყოფ ეზეკიელზე, დანიელსა და მის სამ მეგობარზე ან ზოგიერთ იუდეველზე, რომლებსაც მალე ბაბილონში წაიყვანდნენ? ისინი კარგ ლეღვს წარმოადგენდნენ. მათი დარჩენილი ნაწილი დაბრუნდებოდა იერუსალიმისა და მისი ტაძრის აღსადგენად, რაც ასეც მოხდა გარკვეული დროის შემდეგ (იერ. 24:8—10; 25:11, 12; 29:10).

4. რატომ შეიძლება იყოს ჩვენთვის გამამხნევებელი ის, რაც იეჰოვამ თქვა კარგ ლეღვზე?

4 მათზე, ვინც კარგ ლეღვს წარმოადგენს, იეჰოვამ თქვა: „მივცემ მათ გულს, რომელიც მიცნობს, რომ იეჰოვა  ვარ. ისინი იქნებიან ჩემი ხალხი“ (იერ. 24:7). ეს არის ამ სტატიის წამყვანი მუხლი, რომელიც მართლაც გამამხნევებელია. ღმერთს სურს, მისცეს თითოეულ ადამიანს „გული, რომელიც იცნობს“ მას. ამ შემთხვევაში „გული“ მიუთითებს ადამიანის განწყობაზე. რასაკვირველია, თქვენ გსურთ, გქონდეთ ასეთი გული და იყოთ მის ხალხს შორის. ამისათვის საჭიროა, შეისწავლოთ და გამოიყენოთ ღვთის სიტყვა, მოინანიოთ, მიუძღვნათ თავი ღმერთს და მოინათლოთ მამის, ძისა და წმინდა სულის სახელით (მათ. 28:19, 20; საქ. 3:19). შესაძლოა, თქვენ უკვე გადადგით ეს ნაბიჯები ან გაქვთ ურთიერთობა იეჰოვას მოწმეებთან და ახლა დგამთ ამ ნაბიჯებს.

5. ძირითადად, ვისი გულები მოიხსენია იერემიამ?

5 ზემოხსენებული ყველა ნაბიჯი გადავდგით თუ რამდენიმე, მაინც უნდა მივაქციოთ ყურადღება ჩვენი გულის მდგომარეობას და საქციელს. თუ რატომ არის ეს მნიშვნელოვანი, გავიგებთ, როცა განვიხილავთ, კიდევ რა დაწერა იერემიამ გულის შესახებ. ვის გულებზე წერდა იერემია? წიგნ „იერემიას“ ზოგიერთ თავში საუბარია გარშემო ერებზე, მაგრამ უმთავრესად, ყურადღება გამახვილებულია იუდაზე ხუთი მეფის მმართველობის დროს (იერ. 1:15, 16). ნამდვილად, ძირითადად, იერემიამ მოიხსენია ღვთისადმი მიძღვნილი კაცები, ქალები და ბავშვები. მათმა წინაპრებმა თვითონ აირჩიეს ღმერთთან ურთიერთობა (გამ. 19:38). იერემიას დროს მცხოვრებმა ხალხმაც დაადასტურა, რომ ღვთისადმი მიძღვნილები იყვნენ. მათ თქვეს: „შენთან მოვდივართ, რადგან, იეჰოვა, შენ ხარ ჩვენი ღმერთი“ (იერ. 3:22). მაგრამ, თქვენი აზრით, როგორი იყო მათი გულის მდგომარეობა?

მათ სჭირდებოდათ „გულის ოპერაცია“

6. განსაკუთრებით რატომ უნდა გვაინტერესებდეს, თუ რა თქვა ღმერთმა გულზე?

6 დღეს ექიმები თანამედროვე მეთოდების საშულებით ხედავენ, როგორია გულის მდგომარეობა და როგორ მუშაობს ის. თუმცა იეჰოვას უფრო მეტის გაკეთება შეუძლია, როგორც ეს იერემიას დროს გააკეთა. მისი სიტყვიდან ჩანს, რომ ღმერთი საუკეთესო „კარდიოლოგია“: „გული ყველაზე ვერაგი და უმართავია. ვინ შეიცნობს მას? მე, იეჰოვა, ვიკვლევ გულს . . . რათა თითოეულს თავისი გზისამებრ და თავის საქმეთა ნაყოფისამებრ მივუზღა“ (იერ. 17:9, 10). იეჰოვა აქ სიმბოლურ გულზე საუბრობს და არა ფიზიკური გულის სამედიცინო გამოკვლევაზე. ეს „გული“ ადამიანის შინაგან პიროვნებაზე მიუთითებს. მასში იგულისხმება ჩვენი სურვილები, ფიქრები, ხასიათი, განწყობა და მიზნები. ღმერთს შეუძლია შეამოწმოს თქვენი სიმბოლური გული. გარკვეულწილად, თქვენც შეგიძლიათ მისი შემოწმება.

7. როგორ აღწერა იერემიამ მის დროს მცხოვრები უმეტესი იუდეველის გული?

7 გული რომ შევამოწმოთ, შეგვიძლია დავფიქრდეთ, თუ რა მდგომარეობაში იყო იერემიას დროს მცხოვრები უმეტესი იუდეველის გული? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად განვიხილოთ ერთი უჩვეულო ფრაზა, რომელიც იერემიამ გამოიყენა: „ისრაელის სახლიც წინადაუცვეთელია გულით“. მას არ უგულისხმია იუდეველი მამაკაცების წინადაცვეთა, რადგან თქვა: „აი, დადგება დრო, — ამბობს იეჰოვა, — როცა პასუხს მოვთხოვ ყველა წინადაცვეთილს, მაგრამ მაინც წინადაუცვეთელს“ (იერ. 9:25, 26). რას გულისხმობდა ის?

8, 9. რა უნდა გაეკეთებინათ იუდეველთა უმეტესობას თავიანთ გულებთან დაკავშირებით?

8 ბიბლიიდან ჩანს, თუ რას ნიშნავს „წინადაუცვეთელი გული“; იეჰოვა იუდეველებს მოუწოდებდა: „მოიცილეთ გულის ჩუჩა, იუდას ხალხო და იერუსალიმის მკვიდრნო, რათა თქვენი ბოროტი საქმეების გამო . . . არ გამოვიდეს ჩემი რისხვა“. მაგრამ საიდან მოდიოდა მათი ბოროტება? მათი გულებიდან (წაიკითხეთ მარკოზის 7:2023). იერემიას მეშვეობით ღმერთმა გააგებინა იუდეველებს, თუ რა იყო  მათი ცუდი საქმეების მიზეზი. ისრაელ ერს ჯიუტი და ურჩი გული ჰქონდა. იეჰოვას არ მოსწონდა იუდეველების მოტივები და ფიქრები (წაიკითხეთ იერემიას 5:23, 24; 7:2426). ღმერთმა უთხრა მათ: „წინადაიცვითეთ იეჰოვასთვის, მოიცილეთ გულის ჩუჩა“ (იერ. 4:4; 18:11, 12).

9 ამგვარად, მოსეს დროს მცხოვრები ისრაელების მსგავსად, იერემიას დროს მცხოვრებ იუდეველებსაც სჭირდებოდათ სიმბოლური გულის „ოპერაცია“ ანუ „გულის წინადაცვეთა“ (კან. 10:16; 30:6). „გულის ჩუჩის“ მოცილება ნიშნავდა, მოეშორებინათ ყველაფერი, რაც მათ გულს უგრძნობს ხდიდა ანუ ღვთისთვის მიუღებელი ფიქრები, სურვილები და მოტივები (საქ. 7:51).

გული, რომელიც ღმერთს იცნობს

10. რის გაკეთება უნდა გვსურდეს ჩვენც დავითის მსგავსად?

10 მართლაც მადლიერი ვართ, რომ ღმერთი გვეხმარება ჩვენი სიმბოლური გულის გამოკვლევაში! მაგრამ ზოგი შეიძლება ფიქრობდეს: „ნუთუ დღეს მცხოვრებ იეჰოვას მოწმეებსაც სჭირდებათ გულის გამოკვლევა“? ძველად მცხოვრებ იუდეველთა უმეტესობისგან განსხვავებით, ქრისტიანული კრების წევრები არ სჩადიან ცუდ საქმეებს და არ წარმოადგენენ „ცუდ ლეღვს“. პირიქით, ღვთის მსახურები დღეს იეჰოვას ერთგულები არიან და სულიერ სიწმინდეს ინარჩუნებენ. მიუხედავად ამისა, მოდი, დავფიქრდეთ, თუ რა სთხოვა დავითმა იეჰოვას: „გამომიკვლიე, ღმერთო, და შეიცანი ჩემი გული. შემამოწმე და გაიგე ჩემი მშფოთვარე ფიქრები; ნახე, ისეთი რამ ხომ არ არის ჩემში, რაც სატკივარს გამოიწვევდა“ (ფსალმ. 17:3; 139:23, 24).

11, 12. ა) რატომ უნდა გამოიკვლიოს გული თითოეულმა ჩვენგანმა? ბ) რას არ გააკეთებს ღმერთი?

11 იეჰოვას სურს, რომ დავიმსახუროთ მისი კეთილგანწყობილება და არასდროს დავკარგოთ ის. მართალი ადამიანების შესახებ იერემია წერდა: „ლაშქართა ღმერთო იეჰოვა, ამოწმებ მართლებს; შენ ხედავ თირკმელებსა და გულს“ (იერ. 20:12). თუ ყოვლისშემძლე ღმერთი მართლების გულებს იკვლევს, განა ჩვენც არ უნდა გამოვიკვლიოთ საკუთარი გული? (წაიკითხეთ ფსალმუნის 11:5). ასეთი სახით გავიგებთ, გვაქვს თუ არა ისეთი მიზნები, გრძნობები და განწყობა, რასაც ყურადღების მიქცევა სჭირდება. აგრეთვე გავიგებთ, რა ხდის ჩვენს გულს უგრძნობს ანუ ვიპოვით „გულის ჩუჩას“, რომელიც უნდა მოვიცილოთ. სწორედ ეს არის სიმბოლური გულის „ოპერაცია“. თუ ვფიქრობთ, რომ სიმბოლური გულის გამოკვლევა ჩვენთვის სასარგებლო იქნება, როგორ უნდა გავაკეთოთ ეს? და როგორ შევძლებთ აუცილებელი ცვლილებების მოხდენას? (იერ. 4:4).

12 ერთი რამ ცალსახაა: არ უნდა ველოდოთ, რომ იეჰოვა გვაიძულებს, შევიცვალოთ. ღმერთმა „კარგი ლეღვის“ შესახებ თქვა: „მივცემ მათ გულს, რომელიც მიცნობს“. მას არ უთქვამს, რომ დააძალებდა მათ გულების შეცვლას. მათი სურვილი უნდა ყოფილიყო, ჰქონოდათ ისეთი გული, რომელიც იცნობდა ღმერთს. ჩვენც იგივე სურვილი უნდა გვქონდეს.

გულის გამოკვლევა და არასწორი სურვილების მოშორება კურთხევებს მოგვიტანს

13, 14. რა გაგებით შეიძლება ქრისტიანს ავნოს თავისმა გულმა?

13 იესომ თქვა: „გულიდან გამოდის ბოროტი აზრები, მკვლელობა, მრუშობა, სიძვა,  ქურდობა, ცრუმოწმეობა, მკრეხელობა“ (მათ. 15:19). მაგალითად, თუ ქრისტიანს გულში არასწორი სურვილები განუვითარდება, შეიძლება სიძვა ჩაიდინოს ან იმრუშოს; და თუ არ მოინანიებს, ერთხელ და სამუდამოდ დაკარგავს ღვთის კეთილგანწყობილებას. თუმცა შეიძლება ადამიანი არ სჩადიოდეს ასეთ მძიმე ცოდვებს, მაგრამ არასწორ სურვილებს გულში ფესვების გადგმის საშუალებას აძლევდეს (წაიკითხეთ მათეს 5:27, 28). სწორედ ამ დროს სჭირდება გულს გამოკვლევა, ვინაიდან ასეთი გამოკვლევის შედეგად შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ საპირისპირო სქესის მიმართ გვაქვს არასწორი სურვილები, რომლებსაც ღმერთი არ იწონებს და რომლებიც უნდა მოვიშოროთ.

14 ან, შესაძლოა, ქრისტიანმა არ ჩაიდინოს პირდაპირი გაგებით მკვლელობა, მაგრამ გულში ივითარებდეს სიძულვილს თანაქრისტიანის მიმართ (ლევ. 19:17). ამ დროს ქრისტიანმა უნდა მოიშოროს ასეთი გრძნობები, რათა ურჩი გული არ განუვითარდეს (მათ. 5:21, 22).

15, 16. ა) როგორ შეიძლება ქრისტიანი იყოს „გულით წინადაუცვეთელი“? ბ) რატომ ფიქრობთ, რომ იეჰოვასთვის მიუღებელია „წინადაუცვეთელი გული“?

15 საბედნიეროდ, ქრისტიანთა უმეტესობას არ აქვს გულის ასეთი პრობლემა. თუმცა იესომ მოიხსენია „ბოროტი აზრები“. ეს არის შეხედულება თუ დამოკიდებულება, რომლებმაც შეიძლება უარყოფად იმოქმედოს ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე. მაგალითად, ადამიანს შეიძლება არასწორად ესმოდეს, თუ რა არის ოჯახის წევრებისადმი ერთგულება. რა თქმა უნდა, ქრისტიანებს გვსურს, გვქონდეს „თბილი გრძნობები“ ოჯახის წევრების მიმართ და არ დავემსგავსოთ იმ მრავალ ადამიანს, რომლებიც ამ „ბოლო დღეებში“ ასეთ გრძნობებს მოკლებულები არიან (2 ტიმ. 3:1, 3). მაგრამ, შესაძლოა, ამ გრძნობების გამოვლენისას მეორე უკიდურესობაში გადავვარდეთ. ბევრი ოჯახის წევრებზე ფიქრობს: „მაინც ჩემი სისხლიაო“, ამიტომ რადაც არ უნდა დაუჯდეთ, იცავენ და მხარს უჭერენ ნათესავებს და მათ წყენას პირად წყენად მიიჩნევენ. დაფიქრდით, სადამდე მიიყვანა დინას ძმები უარყოფითმა გრძნობებმა (დაბ. 34:13, 25—30). გაიხსენეთ აბესალომი, რომელმაც „წინადაუცვეთელი გულის“ გამო მოკლა თავისი ნახევარძმა ამნონი (2 სამ. 13:1—30). განა „ბოროტი აზრები“ არ ამოძრავებდა მათ?

16 ცხადია, ჭეშმარიტი ქრისტიანების უმეტესობა დღეს მკვლელობას არ სჩადის. მაგრამ ხომ არ უჩნდებათ უარყოფითი გრძნობები იმ ძმის ან დის მიმართ, რომელმაც მათ ოჯახის წევრს აწყენინა ან ფიქრობენ, რომ აწყენინა? შესაძლოა, ისინი არასდროს მიდიან სტუმრად მათთან და  არც თავად ავლენენ მათდამი სტუმართმოყვარეობას (ებრ. 13:1, 2). თუ ქრისტიანს ასეთი ძლიერი უარყოფითი გრძნობები უჩნდება და სტუმართმოყვარეობას არ ავლენს, ეს სიყვარულის ნაკლებობაზე მეტყველებს და ამას გამართლება არ აქვს. გულების შემმოწმებელმა შეიძლება დიაგნოზად „გულის წინადაუცვეთელობა“ დაგვისვას (იერ. 9:25, 26). გავიხსენოთ ისინი, ვისაც იეჰოვამ მოუწოდა: „მოიცილეთ გულის ჩუჩა“ (იერ. 4:4).

განივითარეთ გული, რომელიც იცნობს ღმერთს და გაუფრთხილდით მას

17. როგორ დაგვეხმარება იეჰოვასადმი შიში, გვქონდეს უფრო მორჩილი გული?

17 როგორ უნდა მოიქცეთ, თუ სიმბოლური გულის შემოწმების შემდეგ აღმოაჩენთ, რომ გიჭირთ რჩევების მიღება და გარკვეულწილად, თქვენი გული წინადაუცვეთელია? შეიძლება აღმოაჩინეთ, რომ კაცთმოშიში ხართ, გსურთ, იყოთ გამოჩენილი და მდიდარი ან გახასიათებთ სიჯიუტე და ისწრაფვით დამოუკიდებლობისკენ. თქვენ არ ხართ პირველი, ვისაც მსგავსი მიდრეკილებები ჰქონია (იერ. 7:24; 11:8). იერემიამ დაწერა, რომ მის დროს მცხოვრებ ორგულ იუდეველებს „ჯიუტი და ურჩი გული“ ჰქონდათ. ის განაგრძობს: „გულშიც არ ამბობენ, ახლა გვეშინოდესო იეჰოვასი, ჩვენი ღვთისა, რომელიც გვაძლევს კოკისპირულ წვიმას, შემოდგომის წვიმას“ (იერ. 5:23, 24). „გულის ჩუჩის“ მოშორებაში დაგვეხმარება იეჰოვასადმი შიში და მადლიერების გრძნობა. ასეთი ჯანსაღი შიშის წყალობით შევიძენთ მორჩილ გულს, რომელსაც იეჰოვა იწონებს.

18. რას დაჰპირდა იეჰოვა მათ, ვისთანაც ახალი შეთანხმება დადო?

18 ჩვენზეა დამოკიდებული, მოგვცემს თუ არა იეჰოვა გულს, რომელიც იცნობს მას. ახალი შეთანხმების თანახმად, იეჰოვა დაჰპირდა ცხებულებს: „ჩავუდებ მათ ჩემს კანონს და გულებში ჩავუწერ. მათი ღმერთი ვიქნები და ისინი ჩემი ხალხი იქნებიან“. რა შეიძლება ითქვას იეჰოვას შეცნობაზე? ის განაგრძობს: „აღარავინ ასწავლის თავის მოძმეს ან თავის ძმას და არ ეტყვის: შეიცანიო იეჰოვა! რადგან ყოველ მათგანს, დიდიან-პატარიანად, შეცნობილი ვეყოლები . . . რადგან ვაპატიებ მათ დანაშაულს და აღარ გავიხსენებ მათ ცოდვას“ (იერ. 31:31—34). *

19. რა შესანიშნავი იმედი აქვთ ჭეშმარიტ ქრისტიანებს?

19 ზეცაში ცხოვრების იმედი გაქვთ თუ დედამიწაზე, უნდა იცნობდეთ იეჰოვას და იყოთ მის ხალხს შორის. ასეთი კურთხევების მიღება შესაძლებელია მხოლოდ ქრისტეს გამოსასყიდის საფუძველზე ცოდვების მიტევებით. ცოდვების მიტევებამ უნდა აღგძრათ, რომ თქვენც მიუტევოთ სხვებს, მათაც კი, ვინც ძალიან გაწყენინათ. უარყოფითი გრძნობების მოშორება თქვენივე გულისთვის იქნება კარგი. ამით აჩვენებთ, რომ როგორც ღვთისადმი მსახურების, ისე იეჰოვას უკეთ გაცნობის სურვილიც გაქვთ. თქვენ დაემსგავსებით მათ, ვის შესახებაც იეჰოვამ იერემიას მეშვეობით თქვა: „ძებნას დამიწყებთ და მიპოვით, რადგან მთელი გულით დამიწყებთ ძებნას. თავს გაპოვნინებთ“ (იერ. 29:13, 14).

^ აბზ. 18 ახალი შეთანხმების შესახებ საუბარია წიგნში „ღმერთი გველაპარაკება იერემიას მეშვეობით“, თავი 14.