არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) მარტი 2013

პატივი მიაგეთ იეჰოვას დიდებულ სახელს

პატივი მიაგეთ იეჰოვას დიდებულ სახელს

„მარადიულად განვადიდებ შენს სახელს“ (ფსალმ. 86:12).

1, 2. როგორი დამოკიდებულება აქვთ იეჰოვას მოწმეებს ღვთის სახელისადმი ქრისტიანული სამყაროსგან განსხვავებით?

ქრისტიანული სამყარო, როგორც წესი, თავს არიდებს ღვთის სახელის გამოყენებას. მაგალითად, „გადამუშავებული სტანდარტული თარგმანის“ წინასიტყვაობაში წერია: „ღმერთი ერთადერთია . . . [ამიტომ] ღვთის სახელის ნებისმიერი ფორმით გამოყენება სრულიად მიუღებელია ქრისტიანული ეკლესიის საყოველთაო მრწამსითაც“.

2 მათგან განსხვავებით, იეჰოვას მოწმეებს ეამაყებათ, რომ ატარებენ ღვთის სახელს და განადიდებენ მას (წაიკითხეთ ფსალმუნის 86:12; ესაიას 43:10). უფრო მეტიც, ჩვენთვის პატივია, რომ გვესმის იეჰოვას სახელის მნიშვნელობა და ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მისი სახელის განწმენდა (მათ. 6:9). მოდი, განვიხილოთ სამი მნიშვნელოვანი კითხვა: რას ნიშნავს ღვთის სახელის ცოდნა? როგორ მოქმედებდა და როგორ მოქმედებს დღეს იეჰოვა თავისი დიდებული სახელის თანახმად? და როგორ ვიაროთ იეჰოვას სახელით? ამ კითხვებზე პასუხი დაგვეხმარება, ყოველთვის გვახსოვდეს, რამხელა პატივია, ვიცნობდეთ იეჰოვას.

რას ნიშნავს ღვთის სახელის ცოდნა

3. რას ნიშნავს ღვთის სახელის ცოდნა?

3 ღვთის სახელის ცოდნაში უფრო მეტი იგულისხმება, ვიდრე მხოლოდ ვიცოდეთ, რომ მას იეჰოვა ჰქვია. ამაში იგულისხმება, ვიცნობდეთ მას, ვიცოდეთ მისი თვისებები, განზრახვა და ბიბლიაში ჩაწერილი საქმეები, მაგალითად ის, თუ როგორ ეპყრობოდა ღმერთი თავის მსახურებს. თავისი განზრახვის შესრულების დროს იეჰოვა თანდათანობით ამჟღავნებდა, თუ როგორი ღმერთი იყო (იგავ. 4:18). იეჰოვამ თავისი სახელი გაუმჟღავნა პირველ წყვილს; ევამ ღვთის სახელი გამოიყენა კაენის დაბადების შემდეგ (დაბ. 4:1). ერთგულმა პატრიარქებმაც, ნოემ, აბრაამმა, ისაკმა და იაკობმა, იცოდნენ ღვთის სახელი. გარდა ამისა, ისინი უფრო უკეთ ეცნობოდნენ  იეჰოვას, როცა ის აკურთხებდა მათ, ზრუნავდა მათზე და უმჟღავნებდა თავის განზრახვას. ღმერთმა მოსეს განსაკუთრებული რამ გაუცხადა თავისი სახელის შესახებ.

მოსეს ესმოდა ღვთის სახელის მნიშვნელობა, რაც მას რწმენას უმტკიცებდა

4. რატომ ჰკითხა მოსემ ღმერთს მისი სახელის შესახებ და რატომ არ იყო მისი განცდები გასაკვირი?

4 წაიკითხეთ გამოსვლის 3:10—15. იეჰოვამ 80 წლის მოსეს დაავალა, რომ გამოეყვანა თავისი ხალხი ეგვიპტიდან. ღვთის ამ ერთგულმა მსახურმა მას ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა დაუსვა. ფაქტობრივად, მოსემ ღმერთს ჰკითხა: „რა გქვია შენ?“. რატომ დასვა მან ეს კითხვა, როცა ღვთის სახელი დიდი ხნით ადრე იყო ცნობილი? როგორც ჩანს, მოსეს სურდა, უფრო მეტი გაეგო მის შესახებ, ვინც ამ სახელს ატარებდა, და ამით დაარწმუნებდა ღვთის ხალხს, რომ იეჰოვა ნამდვილად იხსნიდა მათ. მოსეს განცდები გასაგები იყო, ვინაიდან ისრაელები საუკუნეების მანძილზე მონები იყვნენ. ისრაელებს ალბათ დააინტერესებდათ, შეძლებდა თუ არა მათი მამა-პაპის ღმერთი მათ ხსნას. ზოგიერთი ისრაელი ეგვიპტურ ღმერთებსაც კი სცემდა თაყვანს (ეზეკ. 20:7, 8).

5. როგორ მოჰფინა მეტი ნათელი იეჰოვამ თავისი სახელის მნიშვნელობას მოსესთან საუბრის დროს?

5 როგორ უპასუხა იეჰოვამ მოსეს შეკითხვას? ღმერთმა უთხრა: «ასე უთხარი ისრაელის ძეებს: მან გამომგზავნა, ვინც თქვა: „მე ვიქცევი“ ». * შემდეგ დასძინა: „იეჰოვამ, თქვენი მამა-პაპის ღმერთმა . . . გამომგზავნა-თქო თქვენთან“. ღმერთმა გაუმჟღავნა მოსეს, რომ თავისი განზრახვის შესასრულებლად იქცევა იმად, რადაც სურს, და ის ყოველთვის ასრულებს თავის სიტყვას. ამიტომ გამოსვლის 3:15-ში იეჰოვა საკუთარ თავზე ამბობს: „ეს არის ჩემი სახელი მარადიულად და ჩემი სახსენებელი თაობიდან თაობაში“. წარმოიდგინეთ, როგორ იმოქმედებდა ეს სიტყვები მოსეზე და როგორ განუმტკიცებდა მას რწმენას.

იეჰოვა მოქმედებდა თავისი სახელის თანახმად

6, 7. როგორ მოქმედებდა იეჰოვა თავისი დიდებული სახელის თანახმად?

6 მოსესთვის დავალების მიცემიდან მალევე იეჰოვამ ნამდვილად იმოქმედა თავისი დიდებული სახელის თანახმად და ისრაელებისთვის მხსნელად იქცა. მან ეგვიპტეს ათი სასჯელი დაატეხა თავს და ამავდროულად, გამოააშკარავა ეგვიპტური ღმერთების, მათ შორის ფარაონის, უძლურება (გამ. 12:12). შემდეგ ღმერთმა გაყო წითელი ზღვა და ისრაელი გაატარა მის შუაგულში, ფარაონი და მისი ჯარი კი ზღვაში ჩაყარა (ფსალმ. 136:1315). „დიდ და შიშისმომგვრელ უდაბნოში“ იეჰოვა თავის ხალხს, რომელთა რიცხვი შესაძლოა, 2-3 მილიონზე მეტი იყო, სიცოცხლეს უნარჩუნებდა იმით რომ, საკვებითა  და წყლით უზრუნველყოფდა. იმაზეც ზრუნავდა, რომ ტანსაცმელი და ფეხსაცმელი არ გაცვეთოდათ (კან. 1:19; 29:5). ვერაფერი შეუშლის ხელს იეჰოვას, იმოქმედოს თავისი შეუდარებელი სახელის თანახმად. მოგვიანებით ღმერთმა უთხრა ესაიას: „მე, მე ვარ იეჰოვა და ჩემ გარდა არავინაა მხსნელი“ (ეს. 43:11).

7 ისრაელის მომდევნო წინამძღოლი იესო ნავეს ძეც იყო იეჰოვას შიშისმომგვრელი საქმეების თვითმხილველი ეგვიპტესა და უდაბნოში. ამიტომ სიკვდილის წინ იესო ნავეს ძეს დარწმუნებით შეეძლო ეთქვა ისრაელებისთვის: „კარგად იცით თქვენი გულითა და სულით, რომ არ გამტყუნებულა არც ერთი სასიკეთო სიტყვა, რომელიც იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა გითხრათ, ყველა შეგისრულდათ, არც ერთი არ გამტყუნებულა“ (იეს. 23:14). ნამდვილად, იეჰოვამ შეასრულა თავისი სიტყვა.

მისი სახელი დიდებულია

ფარაონმა არ აღიარა იეჰოვა ღმერთად

9, 10. როგორ ჰფენდა იეჰოვა ნათელს თავისი სახელის მნიშვნელობას ისრაელებთან ურთიერთობისას და რა შედეგები მოჰყვა ამას?

9 ეგვიპტიდან ისრაელების გათავისუფლებიდან მალევე, იეჰოვა თავისი ხალხისთვის სულ სხვა რამედ იქცა. კანონის შეთანხმების მეშვეობით ის მათი „ქმარი“ გახდა და საკუთარ თავზე აიღო ამასთან დაკავშირებული ყველა პასუხისმგებლობა (იერ. 3:14). თავის მხრივ, ისრაელი გახდა მისი სიმბოლური ცოლი და მისი სახელის მატარებელი ხალხი (ეს. 54:5, 6). თუ ისრაელები დაემორჩილებოდნენ ღმერთს და დაიცავდნენ მის მცნებებს, იეჰოვა, როგორც საუკეთესო ქმარი, აკურთხებდა მათ, იზრუნებდა მათზე და მშვიდობას არ მოაკლებდა (რიცხ. 6:2227). ამგვარად, იეჰოვას დიდებული სახელი სხვა ერებში განდიდდებოდა (წაიკითხეთ კანონის 4:5—8; ფსალმუნის 86:7—10). მართლაც, ისრაელის ისტორიაში არაერთი უცხოტომელი გახდა ჭეშმარიტი თაყვანისმცემელი. ფაქტობრივად, მათ ის თქვეს, რაც მოაბელმა რუთმა უთხრა ნაომის: „შენი ხალხი ჩემი ხალხი იქნება და შენი ღმერთი ჩემი ღმერთი“ (რუთ. 1:16).

10  დაახლოებით 1 500 წლის განმავლობაში ისრაელებთან ურთიერთობაში იეჰოვას პიროვნების არაერთი მხარე გამოვლინდა. ისრაელების ურჩობის მიუხედავად, იეჰოვა კვლავ და კვლავ იყო „გულმოწყალე“ და „რისხვაში ნელი“ ღმერთი. ის განსაკუთრებულ მოთმინებასა და სულგრძელობას ავლენდა მათდამი (გამ. 34:5—7). მაგრამ იეჰოვას მოთმინებას საზღვარი ჰქონდა და მისი მოთმინების ფიალა მაშინ აივსო, როცა იუდეველებმა უარყვეს და მოკლეს მისი ძე (მათ. 23:37, 38). ხორციელი ისრაელის შთამომავლები მეტად აღარ იწოდებოდნენ ღვთის სახელით. უფრო მეტიც, ისინი სულიერად მოკვდნენ და დაემსგავსნენ „ხმელ ხეს“ (ლუკ. 23:31). როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ მათ ამის შემდეგ ღვთის სახელისადმი?

11. რატომ შეწყვიტა ისრაელმა ერმა ღვთის სახელის გამოყენება?

11 ისტორია ცხადყოფს, რომ დროთა განმავლობაში იუდეველებს ღვთის სახელისადმი ცრურწმენა განუვითარდათ, თითქოსდა არ შეიძლებოდა ამ სახელის წარმოთქმა (გამ. 20:7). თანდათანობით იუდაიზმში საერთოდ შეწყვიტეს იეჰოვას სახელის გამოყენება. ცხადია, იეჰოვას გული ეტკინებოდა, მის სახელს ასე უპატივცემულოდ რომ მოექცნენ (ფსალმ. 78:40, 41). მაგრამ ნათელია, რომ ღმერთი, „რომლის სახელიცაა მოშურნე“, არ დართავდა ნებას, მარადიულად ეტარებინა მისი სახელი ხალხს, რომლებმაც უარყვეს ის და რომლებიც თავად იეჰოვამ უარყო (გამ. 34:14). ეს გვიჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, უდიდესი პატივისცემით მოვეკიდოთ ჩვენი შემოქმედის სახელს.

ღვთის სახელით წოდებული ახალი ერი

12. როგორ წარმოიშვა ღვთის სახელით წოდებული ახალი ერი?

12 იეჰოვამ იერემიას მეშვეობით გააცხადა თავისი განზრახვა, რომ „ახალ შეთანხმებას“ დაუდებდა ახალ ერს, სულიერ ისრაელს. იერემიამ იწინასწარმეტყველა, რომ ამ ახალი ერის ყველა წევრი, „დიდიან-პატარიანად“, შეიცნობდა იეჰოვას (იერ. 31:31, 33, 34). ამ წინასწარმეტყველების შესრულება ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე დაიწყო, როდესაც იეჰოვამ ახალი შეთანხმება დადო ახალ ერთან, „ღვთის ისრაელთან“. ამ ახალ ერში შედიოდნენ იუდეველებიც და არაიუდეველებიც. ეს ერი გახდა „ხალხი [ღვთის] სახელისთვის“. იეჰოვამ თავად თქვა, რომ ეს ხალხი მისი სახელით იწოდებოდა (გალ. 6:16; წაიკითხეთ საქმეების 15:14—17; მათ. 21:43).

13. ა) იყენებდნენ პირველი ქრისტიანები ღვთის სახელს? ახსენით. ბ) რატომ თვლით პატივად იეჰოვას სახელის მსახურებაში გამოყენებას?

13 ღვთის სახელით წოდებული ხალხი ანუ სულიერი ისრაელის წევრები უდავოდ იყენებდნენ ღვთის სახელს, როდესაც ციტირებდნენ ებრაული წერილებიდან. * როცა მოციქულმა პეტრემ მიმართა როგორც ადგილობრივ, ისე სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ იუდეველებსა და პროზელიტებს ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე, მან რამდენჯერმე ახსენა ღვთის სახელი (საქ. 2:14, 20, 21, 25, 34). პირველი ქრისტიანები პატივს მიაგებდნენ იეჰოვას, და ღმერთიც თავის მხრივ, აკურთხებდა მათ ძალისხმევას, რომელსაც ქადაგებას ახმარდნენ. იეჰოვა დღესაც აკურთხებს ჩვენს მსახურებას, როცა თავაწეული ვაცხადებთ მის სახელს და თუ შესაძლებელია, ხალხს თავიანთ ბიბლიაში ვაჩვენებთ მას. ამგვარად ვაცნობთ მათ ჭეშმარიტ ღმერთს, და ეს დიდი პატივია როგორც მათთვის, ისე ჩვენთვის. ზოგჯერ ასეთი გაცნობით შეიძლება საფუძველი ჩაეყაროს ღმერთსა და ადამიანს შორის საოცარ ურთიერთობას, რომელიც უფრო და უფრო განმტკიცდება და მარადიულად გაგრძელდება.

14, 15. როგორ შემოგვინახა იეჰოვამ თავისი სახელი განდგომილების გავრცელების მიუხედავად?

14  მოგვიანებით ქრისტიანულ კრებაში თავი იჩინა განდგომილებამ, განსაკუთრებით მოციქულების სიკვდილის შემდეგ (2 თეს. 2:37). სხვა ყველაფერთან ერთად, ცრუ მასწავლებლებმა გადმოიღეს იუდეველთა ტრადიცია და არ იყენებდნენ ღვთის სახელს. მაგრამ იეჰოვა არასდროს დაუშვებდა, რომ მისი სახელი დავიწყებას მისცემოდა. შეიძლება ზუსტად არ ვიცით, როგორ წარმოითქმებოდა ეს სახელი, მაგრამ საბედნიეროდ, მან ჩვენამდე მოაღწია. საუკუნეების განმავლობაში ღვთის სახელი როგორც ბიბლიის სხვადასხვა თარგმანში, ისე ბიბლეისტების ნაშრომებში ჩნდებოდა. მაგალითად, 1757 წელს ჩარლზ პიტერზი წერდა, რომ ღვთის უამრავი ტიტულისგან განსხვავებით სახელი „იეჰოვა“ საუკეთესოდ აღწერს ღვთის პიროვნებას. 1797 წელს ჰოპტონ ჰაინესმა გამოსცა წიგნი, რომელიც ღვთის თაყვანისცემას ეხებოდა. ამ წიგნის მე-7 თავში ეწერა: „იუდეველები თავიანთ ღმერთს იეჰოვას უწოდებდნენ და მხოლოდ მას სცემდნენ თაყვანს. მსგავსადვე იქცეოდნენ იესო და მისი მოციქულები“. ჰენრი გრუ (1781—1862) არა მარტო იყენებდა ღვთის სახელს, არამედ აღიარებდა, რომ ეს სახელი შეურაცხყვეს და უნდა გაწმენდილიყო. ჯორჯ სტორზიც (1796—1879), ისევე როგორც ჩარლზ რასელი, რომელთანაც მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა, იყენებდა ღვთის სახელს.

15 განსაკუთრებით აღსანიშნავია 1931 წელი, როდესაც ბიბლიის საერთაშორისო მკვლევრებს როგორც ღვთის ხალხს, ბიბლიური სახელი იეჰოვას მოწმეები ეწოდათ (ეს. 43:10—12). მათ მთელ მსოფლიოს ამცნეს, რომ ეამაყებოდათ ჭეშმარიტი ღვთის მსახურებად ყოფნა და როგორც მისი სახელის მატარებელი ხალხი განადიდებდა მის სახელს (საქ. 15:14). ყოველივე ეს შეგვახსენებს იმას, რასაც იეჰოვა გვეუბნება მალაქიას 1:11-ში: „მზის ამოსავლიდან მზის ჩასავლამდე დიდებული იქნება ჩემი სახელი ხალხებში“.

იარეთ იეჰოვას სახელით

16. რატომ არის განსაკუთრებული პატივი იეჰოვას სახელით სიარული?

16 წინასწარმეტყველი მიქა წერდა: „ყველა ხალხი თავისი ღვთის სახელით ივლის, ჩვენ კი იეჰოვას, ჩვენი ღვთის სახელით ვივლით მარადიულად, სამარადისოდ“ (მიქ. 4:5). ის, რომ ბიბლიის მკვლევრებს იეჰოვას მოწმეები ეწოდათ, უფრო მეტს ნიშნავდა, ვიდრე დიდ პატივს. ეს მათდამი ღვთის კეთილგანწყობილებაზე მეტყველებდა (წაიკითხეთ მალაქიას 3:16—18). პირადად თქვენ ყველაფერს აკეთებთ, რომ იაროთ იეჰოვას სახელით? იცით, რა შედის ღვთის სახელით სიარულში?

17. რა შედის ღვთის სახელით სიარულში?

17 ღვთის სახელით სიარულში შედის სულ მცირე სამი რამ: პირველი, ვამცნობთ სხვებს ღვთის სახელს, რადგან ვიცით, რომ მხოლოდ ისინი გადარჩებიან, „ვინც იეჰოვას სახელს უხმობს“ (რომ. 10:13). მეორე, ვირეკლავთ იეჰოვას თვისებებს, განსაკუთრებით სიყვარულს. და მესამე, სიხარულით ვემორჩილებით მის სამართლიან მოთხოვნებს, რათა ჩირქი არ მოვცხოთ ჩვენი ზეციერი მამის წმინდა სახელს (1 იოან. 4:8; 5:3). გადაწყვეტილი გაქვთ, მარადიულად იაროთ იეჰოვას, თქვენი ღვთის, სახელით?

18. რატომ უყურებს მომავალს იმედით ყველა, ვინც იეჰოვას დიდებულ სახელს პატივს მიაგებს?

18 მალე ყველა, ვინც არაფრად აგდებს და არ ემორჩილება იეჰოვას ნებას, იძულებული იქნება, აღიაროს ის (ეზეკ. 38:23). ეს ადამიანები ჰგვანან ფარაონს, რომელმაც თქვა: „ვინ არის იეჰოვა, რომ მოვუსმინო მის ხმას“. ფარაონმა ძალიან მალე გაიგო, თუ ვინ იყო იეჰოვა (გამ. 5:1, 2; 9:16; 12:29). მისგან განსხვავებით, ჩვენ საკუთარი სურვილით გავიცანით ღმერთი. გვეამაყება ღვთის სახელის ტარება და მის მორჩილ ხალხად ყოფნა. ამიტომ იმედის თვალით ვუყურებთ მომავალს და დარწმუნებული ვართ, რომ შესრულდება ფსალმუნის 9:10-ში ჩაწერილი იეჰოვას დაპირება: „შენ მოგენდობიან შენი სახელის მცოდნენი, რადგან შენ არ მიატოვებ შენს მაძიებლებს, იეჰოვა“.

^ აბზ. 5 ღვთის სახელი წარმოადგენს ებრაული ზმნის ერთ-ერთ ფორმას, რაც ნიშნავს „გახდომას“, „გადაქცევას“. ასე რომ, სახელი „იეჰოვა“ ნიშნავს „აქცევინებს“ (დაბ. 2:4, სქოლიო).

^ აბზ. 13  ებრაულ წერილებში, რომელსაც იყენებდნენ პირველი ქრისტიანები, ღვთის სახელი მოცემული იყო ტეტრაგრამატონის სახით. არსებობს მტკიცებები, რომ ტეტრაგრამატონი ასევე მოცემული იყო სეპტუაგინტის, ბერძნულ ენაზე ნათარგმნი ებრაული წერილების, უძველეს ასლებში.