წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) მარტი 2013

ნამდვილად იოსებ ფლავიუსმა დაწერა ეს?

ნამდვილად იოსებ ფლავიუსმა დაწერა ეს?

პირველი საუკუნის ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი თავის ერთ-ერთ წიგნში მოიხსენიებს იაკობის, ქრისტედ წოდებულ იესოს ძმის სიკვდილს („იუდეველთა სიძველენი“, XX [ინგლ.]). მრავალი სწავლული ამ განაცხადს სარწმუნოდ მიიჩნევს. თუმცა ზოგიერთები ეჭვის თვალით უყურებენ ამავე ნაშრომში მოყვანილ, იესოსთან დაკავშირებულ სხვა ინფორმაციას. ამ წიგნის ერთ ნაწილში (ცნობილია, როგორც „Testimonium Flavianum“) წერია:

„იმ დროს ცხოვრობდა იესო, ბრძენი ადამიანი, თუკი შეიძლება მას ადამიანი ეწოდოს, რომელიც ახდენდა საოცარ საქმეებს, ასწავლიდა ჭეშმარიტებას და მრავალს სიამოვნებდა მისი მოსმენა. მან თავის გარშემო შემოიკრიბა მრავალი იუდეველი და უცხოტომელი. ის იყო ქრისტე. და, როცა პილატემ, ჩვენ შორის მყოფი გავლენიანი პირების მითითებით, ჯვარს აცვა ის, მათ, რომლებმაც თავდაპირველად შეიყვარეს ის, არ მიუტოვებიათ; მესამე დღეს კი კვლავ ცოცხლად ეჩვენა მათ, როგორც ღვთის წინასწარმეტყველებმა იწინასწარმეტყველეს ეს ყველაფერი და მასთან დაკავშირებული ათი ათასი სხვა არაჩვეულებრივი მოვლენა. და ქრისტიანები, რომელთა სახელწოდებაც მისი სახელისგან მომდინარეობს, დღემდე არსებობენ“ („იუდეველთა სიძველენი“, XVIII, თავი 3, აბზ. 3 [ინგლ.]).

მე-16 საუკუნის ბოლოდან ცხარე დებატები მიდიოდა მათ შორის, ვინც დარწმუნებული იყო ამ ტექსტის სიზუსტეში და ვისაც ეჭვი ეპარებოდა, რომ ეს იოსებ ფლავიუსის დაწერილი იყო. ფრანგი ისტორიკოსი და კლასიკური ლიტერატურის სპეციალისტი სერჟ ბარდეი შეეცადა, ამოეცნო ეს „მრავალუცნობიანი ამოცანა“, რომლის ამოხსნას ოთხი საუკუნე ცდილობდნენ. თავისი კვლევის შედეგები მან გამოსცა წიგნის სახით („Le Testimonium Flavianum—Examen historique considérations historiographiques“ [ფრ.]).

იოსებ ფლავიუსი ქრისტიანი არ ყოფილა. ის იყო იუდეველი ისტორიკოსი, ამიტომ ფლავიუსის მიერ იესოს „ქრისტედ“ მოხსენიებამ და სახელის წინ განსაზღვრული არტიკლის გამოყენებამ დიდი დისკუსია გამოიწვია. კვლევის შედეგად ბარდეი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ „ქრისტეს“ წინ არტიკლის დაწერა სრულად შეესაბამება „ბერძნულ ენაში საკუთარი სახელების წინ [განსაზღვრული] არტიკლის გამოყენებას“. ბარდეიმ დასძინა, რომ იუდაური და ქრისტიანული შეხედულებების თანახმად, იოსებ ფლავიუსს თავისუფლად შეეძლო ტერმინი „ქრისტოსის“ გამოყენება; გარდა ამისა, ეს იყო კიდევ ერთი მინიშნება კრიტიკოსებისთვის, რაც მათ მხედველობიდან არ უნდა გამორჩენოდათ.

მაგრამ ხომ არ შეიძლებოდა, რომ ეს ტექსტი მოგვიანებით დაეწერა ვინმეს, ვინც მის სტილს მიჰბაძავდა? ისტორიული და წერილობითი წყაროების გამოკვლევის საფუძველზე ბარდეიმ დაასკვნა, რომ ასეთი მიბაძვა უბრალოდ წარმოუდგენელია. ძნელად დასაჯერებელია, რომ ვინმეს ჰქონოდა ნიჭი, მიებაძა ფლავიუსის წერის უნიკალური სტილისთვის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის მეორე ფლავიუსი უნდა ყოფილიყო.

მაშ რამ გამოიწვია ასეთი პოლემიკა? ბარდეიმ დაადგინა, რომ ამ პრობლემის მიზეზი, სხვა ძველი ხელნაწერებისგან განსხვავებით, იყო ამ წიგნის ერთი ნაწილი („Testimonium Flavianum“), ვინაიდან გაჩნდა კითხვები ამ ნაწილთან დაკავშირებით. ბარდეის აზრით, საუკუნეების განმავლობაში სწავლულები ხელმძღვანელობდნენ არა ტექსტების საფუძვლიანი გამოკვლევით, არამედ „შინაგანი აღძვრებით“, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ წიგნის ავტორი იოსებ ფლავიუსია.

იმოქმედებს თუ არა ბარდეის ნაშრომი სწავლულების შეხედულებაზე, ამას დრო გვიჩვენებს. ბარდეის შეხედულება გაიზიარა ერთმა გამოჩენილმა სპეციალისტმა პიერ ჟოლტრემ, რომელიც იკვლევდა ელინისტურ იუდაიზმსა და ადრინდელ ქრისტიანობას. დიდი ხნის მანძილზე ის თვლიდა, რომ ზემოხსენებული წიგნის ნაწილი („Testimonium Flavianum“) იყო ჩამატებული და დასცინოდა კიდეც მათ, ვისაც სჯეროდა მისი უტყუარობის. მაგრამ მან შეიცვალა შეხედულება და იმ დასკვნამდე მივიდა, რომ სწორედ ბარდეის ნაშრომი იყო ამის მიზეზი. ჟოლტრე აცხადებს, რომ „ამიერიდან არავინ არ უნდა გაბედოს იოსებ ფლავიუსის ავტორობაში ეჭვის შეტანა“.

რა თქმა უნდა, იეჰოვას მოწმეებს უფრო მეტი მტკიცება აქვთ, რომ იესო ქრისტედ მიიჩნიონ და ეს მტკიცებები ბიბლიაშია მოცემული (2 ტიმ. 3:16).