წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) მარტი 2013

იეჰოვაა ჩვენი თავშესაფარი

იეჰოვაა ჩვენი თავშესაფარი

იეჰოვა, შენა ხარ ჩვენი თავშესაფარი თაობიდან თაობაში“ (ფსალმ. 90:1).

1, 2. როგორ გრძნობენ ღვთის მსახურები თავს ამ ქვეყნიერებაში და რა გაგებით აქვთ მათ სახლი?

 კომფორტულად და უსაფრთხოდ გრძნობთ თავს ამ ქვეყნიერებაში? თუ არა, თქვენ გამონაკლისი არ ხართ. საუკუნეების განმავლობაში ყველა, ვისაც ნამდვილად უყვარდა იეჰოვა, ამ ქვეყნიერებაში თავს ხიზნად თვლიდა. მაგალითად, ქანაანში ღვთის ერთგულ მსახურებს არ ჰქონდათ მუდმივი საცხოვრებელი, კარვებში ცხოვრობდნენ და „სახალხოდ აღიარებდნენ“, რომ უცხოები და დროებით მცხოვრებლები იყვნენ (ებრ. 11:13).

2 მსგავსადვე, ქრისტეს ცხებული მიმდევრები, რომელთა „მოქალაქეობა . . . ზეცაშია“, ამ ქვეყნიერებაში თავს „ხიზნებად და დროებით მცხოვრებლებად“ მიიჩნევენ (ფილ. 3:20; 1 პეტ. 2:11). არც ქრისტეს „სხვა ცხვარი“ არის ქვეყნიერების ნაწილი, როგორც იესო არ იყო ქვეყნიერების ნაწილი (იოან. 10:16; 17:16). მიუხედავად ამისა, ღვთის ხალხი „უსახლკაროდ“ არ არის დარჩენილი. სინამდვილეში, ჩვენ გვაქვს სახლი, რომლის დანახვაც რწმენის თვალით შეიძლება, რომელშიც სიყვარული სუფევს და თავს ყველაზე უსაფრთხოდ ვგრძნობთ. მოსე წერდა: „იეჰოვა, შენა ხარ ჩვენი თავშესაფარი თაობიდან თაობაში“ (ფსალმ. 90:1). როგორ იყო იეჰოვა თავშესაფარი წარსულში თავისი მსახურებისთვის? როგორ არის ის თავშესაფარი დღეს ხალხისთვის, რომელიც მის სახელს ატარებს? და როგორ იქნება ღმერთი ერთადერთი უსაფრთხო თავშესაფარი მომავალში?

იეჰოვა იყო თავისი მსახურების „თავშესაფარი“ წარსულში

3. რასთან არის შედარებული იეჰოვა ფსალმუნის 90:1-ში და რატომ?

3 ბიბლიაში არაერთი მხატვრული შედარებაა გამოყენებული. ფსალმუნის 90:1-ში იეჰოვა შედარებულია თავშესაფართან. იეჰოვა მართლაც შეგვიძლია შევადაროთ თავშესაფარს ან სახლს, ვინაიდან ის იცავს თავის მსახურებს. და ეს სრულად შეესაბამება იმ ფაქტს, რომ ღმერთი სიყვარულია (1 იოან. 4:8). ის ასევე მშვიდობის ღმერთია,  რომელიც უსაფრთხოდ აცხოვრებს თავის ერთგულებს (ფსალმ. 4:8). მაგალითისთვის განვიხილოთ, თუ როგორ ეპყრობოდა იეჰოვა ერთგულ პატრიარქებს. ვნახოთ აბრაამის შემთხვევა.

4, 5. როგორ იყო იეჰოვა თავშესაფარი აბრაამისთვის?

4 უბრალოდ წარმოვიდგინოთ, როგორ იგრძნობდა აბრაამი თავს, როდესაც იეჰოვამ უთხრა: „დატოვე შენი ქვეყანა, სანათესავო . . . წადი იმ ქვეყანაში, რომელსაც გიჩვენებ“. რა საწუხარიც არ უნდა გასჩენოდა აბრაამს, მას ძალიან ანუგეშებდა იეჰოვას შემდეგი სიტყვები: „დიდ ხალხს წარმოვშობ შენგან, გაკურთხებ და სახელს გაგითქვამ . . . მე ვაკურთხებ მათ, ვინც შენ გაკურთხებს, და მე დავწყევლი მას, ვინც შენ დაგწყევლის“ (დაბ. 12:1—3).

5 ამ სიტყვებით იეჰოვა დაჰპირდა აბრაამს, რომ მისთვის და მისი შთამომავლებისთვის ის უსაფრთხო თავშესაფარი იქნებოდა (დაბ. 26:16). ღმერთმა შეასრულა თავისი დაპირება. მაგალითად, მან შეაჩერა ეგვიპტის ფარაონი და გერარის მეფე აბიმელექი, უღირსად არ მოქცეოდნენ სარას და არ მოეკლათ აბრაამი (დაბ. 12:14—20; 20:1—14; 26:6—11). ბიბლიაში ვკითხულობთ: «[იეჰოვამ] არავის დართო ნება, რამე გამოეძალათ მათთვის, მათი გულისთვის შეაგონებდა მეფეებს და ეუბნებოდა: „ჩემს ცხებულებს არ შეეხოთ და ცუდი არაფერი გაუკეთოთ ჩემს წინასწარმეტყველებს!“» (ფსალმ. 105:14, 15).

„არ მიგატოვებ“

6. რა დაავალა ისაკმა იაკობს და შესაძლოა, რაზე ფიქრობდა იაკობი?

6 ამ წინასწარმეტყველებს შორის აბრაამის შვილიშვილი იაკობიც იყო. როცა დადგა დრო, რომ იაკობს ცოლი მოეყვანა, ისაკმა უთხრა მას: „არ მოიყვანო ცოლად ქანაანელი ქალი! ადექი, წადი ფადან-არამში, ბეთუელის, დედაშენის მამის სახლში, და იქიდან მოიყვანე ცოლად . . . ლაბანის ასულთაგანი“ (დაბ. 28:1, 2). იაკობი უსიტყვოდ დაემორჩილა მამამისს. მან დატოვა თავისი მშობლიური კერა ქანაანში, სადაც თავს უსაფრთხოდ გრძნობდა და, როგორც ჩანს, მარტოდმარტო დაადგა ხარანისკენ მიმავალ გზას, რომელიც სახლიდან ასობით კილომეტრით იყო დაშორებული (დაბ. 28:10). შესაძლოა, ის ფიქრობდა: რამდენი ხნით ვშორდები სახლს? შემხვდება კი ბიძაჩემი თბილად და ვიპოვი ღვთისმოშიშ ცოლს? იაკობს ასეთი ფიქრებიც, რომ ჰქონოდა, ლუზში მისვლისას, რომელიც ბეერ-შებადან 100 კილომეტრით იყო დაშორებული, მისი საწუხარი ღრუბელივით გაიფანტებოდა. რა მოხდა ლუზში?

7. როგორ ანუგეშა ღმერთმა იაკობი?

7 ლუზში იეჰოვა სიზმარში გამოეცხადა იაკობს და უთხრა: „შენთანა ვარ; მე დაგიცავ მთელ შენს გზაზე და დაგაბრუნებ ამ მიწაზე, არ მიგატოვებ, სანამ არ გავაკეთებ იმას, რაც გითხარი“ (დაბ. 28:15). მართლაც, როგორ ანუგეშებდა და დაამშვიდებდა იაკობს ეს სიტყვები! შეგიძლიათ წარმოიდგინოთ  ამ სიტყვების შემდეგ, როგორ აგრძელებს იაკობი გზას და როგორ ელოდება იეჰოვას დაპირების შესრულებას? თუ თქვენც შორს ხართ სახლიდან და მსახურობთ უცხო ქვეყანაში, ალბათ გესმით, რას გრძნობდა იაკობი. უეჭველია, თქვენც გრძნობთ იეჰოვას მზრუნველობას.

8, 9. როგორ იყო იეჰოვა თავშესაფარი იაკობისთვის და რას ვსწავლობთ აქედან?

8 როდესაც იაკობი ხარანში მივიდა, ბიძამისი მას თბილად შეხვდა და გარკვეული დროის შემდეგ ლეა და რახელი ცოლად გააყოლა. თუმცა მოგვიანებით ლაბანმა მისი მოტყუება სცადა და არაერთხელ შეუცვალა გასამრჯელო (დაბ. 31:41, 42). მაგრამ იაკობმა აიტანა ეს უსამართლობა, ვინაიდან დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვა კვლავაც იზრუნებდა მასზე, და ის ზრუნავდა კიდეც. ნამდვილად, იმ დროისთვის, როცა ღმერთმა იაკობს უთხრა, ქანაანში დაბრუნებულიყო, პატრიარქს ჰყავდა „ბევრი დიდი ფარა, მოახლეები, მსახურები, აქლემები და ვირები“ (დაბ. 30:43). მადლიერების გრძნობით აღსავსე იაკობმა ილოცა: „არა ვარ ღირსი იმ სიკეთისა და ერთგულებისა, რომელიც შენი მსახურისადმი გამოავლინე; ჯოხის ამარამ გადავკვეთე იორდანე და ახლა ორ ბანაკად ვბრუნდები“ (დაბ. 32:10).

9 მართლაც, სრული სიმართლეა ის, რაც მოსემ იეჰოვას ლოცვაში უთხრა: „იეჰოვა, შენა ხარ ჩვენი თავშესაფარი თაობიდან თაობაში“ (ფსალმ. 90:1). იეჰოვას შესახებ დღესაც იმავეს თქმა შეიძლება, ვინაიდან ის „ცვალებად ჩრდილს არა ჰგავს“ და კვლავაც თბილ და უსაფრთხო თავშესაფარს წარმოადგენს თავისი ერთგული მსახურებისთვის (იაკ. 1:17). ვნახოთ, რა გაგებით არის იეჰოვა თავშესაფარი დღეს.

იეჰოვაა ჩვენი „თავშესაფარი“ დღეს

10. რატომ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული, რომ იეჰოვა კვლავაც უსაფრთხო თავშესაფარია თავისი ერთგული მსახურებისთვის?

10 წარმოიდგინეთ, რომ სასამართლოში მოწმედ გამოდიხართ მსოფლიო მასშტაბის კრიმინალური ორგანიზაციის წინააღმდეგ. ამ ორგანიზაციის მეთაური ძალიან ჭკვიანი და ძლევამოსილი, მაგრამ ამავდროულად, დაუნდობელი მკვლელი და მატყუარაა. როგორ იგრძნობდით თავს, დღის ბოლოს სასამართლოდან რომ გამოხვიდოდით? უსაფრთხოდ? ალბათ, არა. ნამდვილად, საფუძვლიანი მიზეზი გექნებოდათ, რომ მოგეთხოვათ დაცვა. ეს მაგალითი კარგად აღწერს იეჰოვას მსახურების მდგომარეობას, ვინაიდან ისინი გაბედულად ამოწმებენ იეჰოვას სასარგებლოდ და უშიშრად ამხელენ მის დაუძინებელ მტერს, სატანას! (წაიკითხეთ გამოცხადების 12:17). შეუძლია თუ არა სატანას გააჩუმოს ღვთის ხალხი? არავითარ შემთხვევაში! სატანის მცდელობის მიუხედავად, ჩვენ განვაგრძობთ ქადაგებას და ამას მხოლოდ ერთი ახსნა აქვს: იეჰოვა კვლავ არის ჩვენთვის უსაფრთხო ადგილი და თავშესაფარი, განსაკუთრებით ამ ბოლო დღეებში (წაიკითხეთ ესაიას 54:14, 17). მაგრამ იეჰოვა ვერ იქნება ჩვენთვის უსაფრთხო თავშესაფარი, თუ სატანას საშუალებას მივცემთ, გამოგვიტყუოს ამ თავშესაფრიდან.

ღვთის ანგელოზები მხარს უჭერენ და იცავენ იეჰოვას მსახურებს

11. რა შეგვიძლია ვისწავლოთ პატრიარქებისგან?

11 მოდი, კიდევ ერთხელ ვნახოთ, რა შეგვიძლია ვისწავლოთ პატრიარქებისგან. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ქანაანში ცხოვრობდნენ, არ ჰქონდათ ურთიერთობა იმ მიწის მკვიდრებთან, რომელთა ბოროტი და უზნეო საქმეები სძულდათ (დაბ. 27:46). მათ იცოდნენ ღვთის პრინციპები და არ სჭირდებოდათ წესების გრძელი ჩამონათვალი, რათა განესხვავებინათ ცუდი კარგისგან. მათთვის საკმარისი იყო ის, რაც იცოდნენ იეჰოვასა და მისი პიროვნების შესახებ. რადგან იეჰოვა იყო მათი თავშესაფარი, ისინი ცდილობდნენ, რაც შეიძლება შორს დაეჭირათ თავი ქვეყნიერებისგან და არ ყოფილიყვნენ მისი ნაწილი. მათ მართლაც შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვეს! ცდილობთ, მიჰბაძოთ ღვთის ამ ერთგულ მსახურებს სამეგობრო წრისა  და დასვენების არჩევისას? სამწუხაროდ, ქრისტიანული კრების ზოგიერთი წევრი თავისი ცხოვრებით ცხადყოფს, რომ გარკვეულწილად, კომფორტულად გრძნობს თავს სატანის ქვეყნიერებაში. თუ კი ოდნავ მაინც გრძნობთ თავს ასე, ილოცეთ ამის შესახებ. გახსოვდეთ, რომ ეს სატანის ქვეყნიერებაა, რომელიც გაჟღენთილია მისი ცივი და ეგოისტური სულით (2 კორ. 4:4; ეფეს. 2:1, 2).

12. ა) როგორ ზრუნავს იეჰოვა თავის მსახურებზე სულიერად? ბ) როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს იმ ყველაფერზე, რასაც იეჰოვა აკეთებს ჩვენთვის?

12 სატანის ხრიკებს წინააღმდეგობა რომ გავუწიოთ, სრულად უნდა ვისარგებლოთ იმ სულიერი დახმარებით, რომელსაც იეჰოვა სთავაზობს ყველას, ვინც მას აფარებს თავს. ამ სულიერ დახმარებაში შედის ქრისტიანული შეხვედრები, ოჯახთან ერთად თაყვანისცემა და „ძღვენი ადამიანთა სახით“, ანუ ღვთის მიერ დანიშნული მწყემსები, რომლებიც გვანუგეშებენ და მხარს გვიჭერენ განსაცდელების დროს (ეფეს. 4:812). ძმა ჯორჯ განგასი, რომელიც წლების განმავლობაში ხელმძღვანელ საბჭოს წევრად მსახურობდა, წერდა: „როდესაც [ღვთის ხალხს] შორის ვიმყოფები, თავს სულიერ სამოთხეში ვგრძნობ; ისეთი გრძნობა მეუფლება, თითქოს შინ ვარ ოჯახთან ერთად“. თქვენც იმავეს გრძნობთ?

13. რა მნიშვნელოვან გაკვეთილს ვსწავლობთ ებრაელების 11:13-დან?

13 პატრიარქებს სხვა მხრივაც შეგვიძლია მივბაძოთ. ღვთის ამ ერთგულ მსახურებს არ ეშინოდათ, რომ განსხვავებული ყოფილიყვნენ მათ ირგვლივ მცხოვრები ხალხებისგან. როგორც  პირველ აბზაცში აღვნიშნეთ, ისინი „სახალხოდ აღიარებდნენ, რომ უცხონი და დროებით მცხოვრებნი იყვნენ იმ ქვეყანაში“ (ებრ. 11:13). ხომ არ გეშინიათ, სხვებისგან განსხვავებული იყოთ? უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ყოველთვის არ არის ადვილი. მაგრამ ღვთის დახმარებითა და თანაქრისტიანების მხარდაჭერით თქვენ ამას შეძლებთ. გახსოვდეთ, თქვენ მარტონი არ ხართ. ყველას, ვისაც იეჰოვასადმი მსახურება სურს, მზად უნდა იყოს ბრძოლისთვის (ეფეს. 6:12). მაგრამ ამ ბრძოლაში გამარჯვებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოვიპოვებთ, თუ მივენდობით იეჰოვას და მას შევაფარებთ თავს.

14. რა „ქალაქს“ ელოდნენ იეჰოვას მსახურები?

14 აგრეთვე მნიშვნელოვანია მივბაძოთ აბრაამს და ჩვენი მზერა ჯილდოს მივაპყროთ (2 კორ. 4:18). მოციქული პავლე წერდა, რომ აბრაამი „ელოდა ჭეშმარიტი საძირკვლის მქონე ქალაქს, რომლის მშენებელი და შემოქმედიც ღმერთია“ (ებრ. 11:10). ეს „ქალაქი“ წარმოადგენს მესიანურ სამეფოს. ცხადია, აბრაამი უნდა დალოდებოდა  ამ „ქალაქს“. ამას კი ჩვენზე ვეღარ ვიტყვით, ვინაიდან ეს „ქალაქი“ უკვე მმართველობს ზეცაში. უფრო მეტიც, არსებობს უამრავი მტკიცება, რომ ის მალე მთელ დედამიწაზე იმმართველებს. არის ეს სამეფო თქვენთვის რეალური? ახდენს ის გავლენას თქვენს ცხოვრებაზე, ამ ქვეყნიერებისადმი თქვენს დამოკიდებულებასა და პრიორიტეტებზე? (წაიკითხეთ 2 პეტრეს 3:11, 12).

ჩვენი „თავშესაფარი“ აღსასრულის მოახლოებისას

15. რა მომავალი ელით მათ, ვინც ამ ქვეყნიერებაზე ამყარებს იმედს?

15 რაც უფრო უახლოვდება სატანის ქვეყნიერება აღსასრულს, მით უფრო მწვავე ხდება „მშობიარობის ტკივილები“ (მათ. 24:7, 8). დიდი გასაჭირის დროს მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება. მოხდება ინფრასტრუქტურის სრული პარალიზება და ხალხს პანიკა მოიცავს (აბაკ. 3:16, 17). სასოწარკვეთილებაში ჩაცვენილებმა შეიძლება, ასე ვთქვათ, „გამოქვაბულებსა და კლდოვან მთებში“ დაიწყონ თავშესაფრის ძებნა (გამოცხ. 6:15—17). თუმცა ვერც პირდაპირი გაგებით გამოქვაბულები და ვერც მთისმაგვარი პოლიტიკური თუ კომერციული ორგანიზაციები ვერ დაიცავენ მათ.

16. როგორ უნდა ვუყურებდეთ ქრისტიანულ კრებას და რატომ?

16 მაგრამ ღვთის მსახურებისთვის იეჰოვა კვლავ იქნება უსაფრთხო თავშესაფარი. აბაკუმის მსგავსად, ისინი გაიხარებენ იეჰოვათი და იმხიარულებენ თავიანთი ხსნის ღმერთით (აბაკ. 3:18). როგორ იქნება იეჰოვა თავშესაფარი იმ ძნელბედობის ჟამს? ამას დრო გვიჩვენებს. თუმცა ერთ რამეში შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული: ისრაელების მსგავსად, რომლებიც ეგვიპტიდან გამოდიოდნენ, „უამრავი ხალხიც“ იქნება ორგანიზებული და მიიღებს ღვთიურ ხელმძღვანელობას (გამოცხ. 7:9; წაიკითხეთ გამოსვლის 13:18). ამ ხელმძღვანელობას მივიღებთ თეოკრატიული გზით, შესაძლოა, კრების მეშვეობით. მთელ მსოფლიოში ათასობით კრება „შიდა ოთახებივით“ დამცავი იქნება, როგორც ეს ესაიას 26:20-შია ნაწინასწარმეტყველები (წაიკითხეთ). აფასებთ კრების შეხვედრებს? ითვალისწინებთ მაშინვე იეჰოვას მითითებებს, რომლებსაც კრების მეშვეობით იღებთ? (ებრ. 13:17).

17. რა გაგებით არის იეჰოვა თავშესაფარი იმ ერთგული მსახურებისთვისაც, რომლებიც უკვე აღარ არიან ცოცხლები?

17 იეჰოვა იმ ერთგული მსახურების თავშესაფარიც იქნება, ვინც შეიძლება დიდი გასაჭირის დაწყებამდე მოკვდეს. რა გაგებით? პატრიარქების სიკვდილიდან დიდი ხნის შემდეგ იეჰოვამ მოსეს უთხრა: „მე ვარ . . . აბრაამის, ისაკისა და იაკობის ღმერთი“ (გამ. 3:6). ამ სიტყვების ციტირების შემდეგ იესომ დასძინა: „ის მკვდრების ღმერთი კი არა, ცოცხლებისაა, რადგან მისთვის ისინი ცოცხლები არიან“ (ლუკ. 20:38). მართლაც, იეჰოვას თვალში ისინი, რომლებმაც სიკვდილამდე ღვთისადმი ერთგულება შეინარჩუნეს, ცოცხლები არიან; ისინი უეჭველად აღდგებიან მკვდრეთით (ეკლ. 7:1).

18. როგორ იქნება ახალ ქვეყნიერებაში იეჰოვა თავშესაფარი თავისი ხალხისთვის განსაკუთრებული სახით?

18 ახალ ქვეყნიერებაში იეჰოვა თავისი ხალხისთვის სულ სხვა სახით იქნება თავშესაფარი. გამოცხადების 21:3-ში წერია: „აი, ღვთის კარავი ადამიანებთანაა. იგი მათთან დამკვიდრდება“. თავდაპირველად, იეჰოვა თავის მიწიერ ქვეშევრდომებზე იესო ქრისტეს მეშვეობით იმმართველებს. ათასი წლის ბოლოს იესო, რომელიც ბოლომდე შეასრულებს ღვთის განზრახვას დედამიწაზე, სამეფოს გადასცემს თავის მამას (1 კორ. 15:28). ამის შემდეგ გასრულყოფილებულ კაცობრიობას მეტად აღარ დასჭირდება შუამავალი იესოს სახით; იეჰოვა იქნება მათთან. მართლაც, რა ბრწყინვალე მომავალი გველის წინ! მაგრამ ვიდრე ეს დრო დადგება, მოდი, მივბაძოთ წარსულში მცხოვრებ ღვთის ერთგულ მსახურებს და იეჰოვა გავიხადოთ თავშესაფრად.