წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) მარტი 2013

არასოდეს დაკარგოთ იმედი!

არასოდეს დაკარგოთ იმედი!

დიდი ხანია, რაც იეჰოვას მოწმე ხართ და გსურთ, თქვენი მეუღლე შემოგიერთდეთ ღვთის თაყვანისმცემლობაში?

გული ხომ არ გაგიტყდათ, როდესაც თქვენი ბიბლიის შემსწავლელი, რომელიც წარმატებით მიიწევდა წინ, ჩამოშორდა ჭეშმარიტებას?

 ბრიტანეთში მცხოვრები და-ძმების მაგალითებიდან დაინახავთ, რატომ არ უნდა დაკარგოთ იმედი. ასევე გაიგებთ, როგორ „გაატანოთ წყალს პური“ ანუ როგორ დაეხმაროთ მათ, ვინც ჯერ არ გამოხმაურებია ჭეშმარიტებას (ეკლ. 11:1).

შეუპოვრობა მნიშვნელოვანია

მნიშვნელოვანია თქვენი მხრიდან შეუპოვრობის გამოვლენა. უნდა ჩაეჭიდოთ ჭეშმარიტებას და მიეკრათ იეჰოვას (კან. 10:20). სწორედ ასე გააკეთა გეორგინამ. როდესაც მან 1970 წელს იეჰოვას მოწმეებთან დაიწყო ბიბლიის შესწავლა, მისი ქმარი, კირიაკოსი, ძალიან გაბრაზდა. ის ხელს უშლიდა გეორგინას შესწავლაში, არ უშვებდა მოწმეებს სახლში და მათ მიერ დატოვებულ პუბლიკაციებს ართმევდა მეუღლეს.

როდესაც გეორგინამ კრებებზე დაიწყო სიარული, ამან უფრო გააღიზიანა მისი მეუღლე. ერთ დღეს კირიაკოსი სამეფო დარბაზში საჩხუბრად წავიდა. ერთმა დამ შენიშნა, რომ ის ინგლისურზე უკეთესად ბერძნულად ლაპარაკობდა. ამიტომ სხვა კრებიდან ერთ ბერძენ ძმას დაურეკა და სთხოვა, რომ მოსულიყო. ძმა კირიაკოსს თბილად შეხვდა, რაც ძალიან მოეწონა მას და რამდენიმე თვის განმავლობაში ბიბლიასაც კი სწავლობდა ამ ძმასთან. მაგრამ მოგვიანებით კირიაკოსმა შეწყვიტა შესწავლა.

გეორგინას ქმარი კიდევ 3 წელი ეწინააღმდეგებოდა. კირიაკოსი დაემუქრა მეუღლეს, რომ მიატოვებდა მას, თუ მოინათლებოდა. ნათლობის დღეს გეორგინამ მხურვალედ ილოცა და სთხოვა ღმერთს, რომ ქმარს არ მიეტოვებინა. როდესაც მოწმეებმა კონგრესზე წასაყვანად მოაკითხეს, კირიაკოსმა უთხრა მათ: „თქვენ წინ წადით. ჩვენ გამოგყვებით“. ის დაესწრო დილის პროგრამას და უყურა ცოლის ნათლობას.

მოწმეებთან შეხვედრიდან დაახლოებით 40 წლის შემდეგ გეორგინას ქმარი მოინათლა

ამის შემდეგ კირიაკოსი იმდენად აღარ ეწინააღმდეგებოდა ცოლს და დროთა განმავლობაში ძალიან შეიცვალა. მოწმეებთან შეხვედრიდან დაახლოებით 40 წლის შემდეგ გეორგინას ქმარი მოინათლა. რა დაეხმარა კირიაკოსს? ის ამბობს: „ძალიან მომწონდა, რომ ჩემი ცოლი მტკიცედ იცავდა რწმენას და არაფერს რთავდა ნებას, შეეწყვიტა იეჰოვას თაყვანისცემა“. გეორგინა იხსენებს: „ქმრის წინააღმდეგობის მიუხედავად, აზრადაც არ მომსვლია ღვთისადმი მსახურების შეწყვეტა. მთელი ამ ხნის მანძილზე ვლოცულობდი და არასდროს დამიკარგავს იმედი“.

მნიშვნელოვანია ქრისტიანული თვისებების განვითარება

სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორი მეუღლის დასახმარებლად არის ქრისტიანული თვისებების განვითარება. მოციქულმა პეტრემ მოუწოდა ქრისტიან ცოლებს: „დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, რათა ისინი, ვინც სიტყვას არ ემორჩილებიან, უსიტყვოდ იქნენ მოპოვებულნი ცოლების საქციელით“ (1 პეტ. 3:1). ქრისტინა ამ რჩევის თანახმად ცხოვრობდა, თუმცა დიდი ხანი გავიდა, სანამ მისი მეუღლე მოინათლებოდა. როდესაც ის დაახლოებით 20 წლის წინ მოინათლა, მის ქმარს, ჯონს, არ სწამდა ღმერთის. მას არ უნდოდა, ყოფილიყო რომელიმე რელიგიის მიმდევარი, თუმცა ხედავდა, რომ ქრისტინასთვის ახალი რწმენა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. „ვხედავდი, რომ ის ძალიან ბედნიერი იყო, ამბობს ჯონი. ქრისტინა უფრო მტკიცე ადამიანი გახდა და ეს დამეხმარა არაერთ რთულ სიტუაციაში“.

ქრისტინა რელიგიას თავს არასდროს ახვევდა მეუღლეს. ჯონი ჰყვება: „ქრისტინა ფიქრობდა, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ არ დამელაპარაკებოდა თავის რელიგიაზე. ის მოთმინებით მელოდა, თავად როდის გადავდგამდი ნაბიჯს“. როდესაც ქრისტინა ჟურნალებში „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ ისეთ სტატიებს ნახავდა, რომლებიც ჯონს დააინტერესებდა, მაგალითად, მეცნიერებასა და ბუნებაზე, აჩვენებდა მას და ეუბნებოდა: „წაიკითხე. ვფიქრობ, მოგეწონება“.

დროთა განმავლობაში ჯონი პენსიაზე გავიდა და მებაღეობას მიჰყო ხელი. მას მეტი დრო ჰქონდა, ეფიქრა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: შემთხვევით გავჩნდით, თუ ჩვენს გაჩენას მიზანი ჰქონდა? ერთ დღეს ძმამ, რომელთანაც ჯონი საუბრობდა, ჰკითხა მას: „რას ფიქრობ შესწავლაზე?“. ჯონი ამბობს: „რადგან უკვე მჯეროდა, რომ ღმერთი არსებობდა, დავთანხმდი შესწავლაზე“.

 თესლს ნაყოფი წლების შემდეგ გამოაქვს

რას ვიტყოდით ბიბლიის შემსწავლელებზე, რომლებმაც ამა თუ იმ მიზეზის გამო შეიძლება დაკარგონ თავდაპირველი ინტერესი? მეფე სოლომონი წერდა: „დილით თესე თესლი და საღამომდე ნუ დაასვენებ ხელს, რადგან არ იცი, რაში მოგემართება ხელი, ერთსა თუ მეორეში, ან იქნებ ორივე კარგი გამოდგეს“ (ეკლ. 11:6). ზოგჯერ წლებია საჭირო, რომ ჭეშმარიტების თესლმა ნაყოფი გამოიღოს. შესაძლოა, ადამიანი ბოლოს მიხვდეს, რომ მნიშვნელოვანია ღმერთთან დაახლოება (იაკ. 4:8). მართლაც, ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება დიდი სიურპრიზი მიიღოთ.

ვნახოთ ალისის შემთხვევა, რომელიც საცხოვრებლად ინდოეთიდან ინგლისში გადავიდა. 1974 წელს მან ბიბლიის შესწავლა დაიწყო. ალისი ჰინდი ენაზე ლაპარაკობდა, მაგრამ სურდა ინგლისური ენის გაუმჯობესება. შესწავლა რამდენიმე წელი გაგრძელდა და ის რამდენიმეჯერ ინგლისურენოვან კრებასაც დაესწრო. ალისმა იცოდა, რომ რასაც სწავლობდა, ჭეშმარიტება იყო, მაგრამ ვერ ხვდებოდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ის. გარდა ამისა, ძალიან უყვარდა ფული და წვეულებებზე სიარული. საბოლოოდ, მან შეწყვიტა შესწავლა.

დაახლოებით 30 წლის შემდეგ სტელამ, რომელიც ალისს ბიბლიას ასწავლიდა, მისგან წერილი მიიღო. იქ ეწერა: „დარწმუნებული ვარ, ძალიან გაგახარებს იმის გაგება, რომ შენი დაინტერესებული, რომელმაც ბიბლიის შესწავლა 1974 წელს დაიწყო, გასულ საოლქო კონგრესზე მოინათლა. შენ ლომის წილი მიგიძღვის ჩემს ცხოვრებაში. ჩემში შენ ჩათესე ჭეშმარიტების თესლი. მართალია, მაშინ მზად არ ვიყავი, ღვთისთვის მიმეძღვნა თავი, მაგრამ ის გულსა და გონებაში შევინახე“.

რა მოხდა? ალისი ჰყვება, რომ 1997 წელს მეუღლის სიკვდილის შემდეგ ის სასოწარკვეთილებაში ჩავარდა. ერთხელ მან ილოცა და 10 წუთში ორმა პენჯაბურ ენაზე მოლაპარაკე მოწმემ მიაკითხა სახლში და დაუტოვა ტრაქტატი „რა იმედი არსებობს საყვარელი განსვენებულებისთვის?“. ალისი მიხვდა, რომ ეს იყო პასუხი მის ლოცვაზე და გადაწყვიტა, ურთიერთობა აღედგინა იეჰოვას მოწმეებთან. მაგრამ სად შეიძლებოდა მათი ნახვა? მან შემთხვევით იპოვა ძველი დღიური, რომელშიც ეწერა სტელას მიერ მიცემული პენჯაბური კრების მისამართი. ალისი წავიდა სამეფო დარბაზში, სადაც მას გულთბილად შეხვდნენ კრების წევრები. „და-ძმების მიერ გამოვლენილმა სიყვარულმა წარუშლელი კვალი დატოვა ჩემზე და შემიმსუბუქა ტკივილი“, ამბობს ალისი.

მან დაიწყო კრების შეხვედრებზე რეგულარულად დასწრება, განაახლა ბიბლიის შესწავლა და ისწავლა თავისუფლად ლაპარაკი და კითხვა პენჯაბურ ენაზე. ის 2003 წელს მოინათლა. სტელასადმი მიწერილი წერილი შემდეგი სიტყვებით დაამთავრა: „მადლობა, რომ 29 წლის წინ ჩემში ჭეშმარიტების თესლი ჩათესე და მისაბაძი მაგალითი მომეცი“.

„მადლობა, რომ 29 წლის წინ ჩემში ჭეშმარიტების თესლი ჩათესე და მისაბაძი მაგალითი მომეცი“ (ალისი)

რას ვსწავლობთ ამ შემთხვევებიდან? შესაძლოა, მეტი დრო იყოს საჭირო, სანამ თესლი ნაყოფს გამოიღებს, მაგრამ თუ ადამიანი სულიერს არის მოწყურებული, გულწრფელია და თავმდაბალი, იეჰოვა მისცემს საშუალებას, რომ ჭეშმარიტების თესლმა გამოიღოს ნაყოფი. გავიხსენოთ, რა თქვა იესომ: „თესლი აღმოცენდება და იზრდება, მან [მთესველმა] კი არ იცის, როგორ. მიწას თავისით გამოაქვს ნაყოფი თანდათანობით: ჯერ ჯეჯილი, მერე თავთავი, ბოლოს კი სავსე მარცვალი თავთავში“ (მარ. 4:27, 28). ასეთი ზრდა თანდათანობით და „თავისით“ ხდება. სინამდვილეში არც ერთმა მაუწყებელმა არ იცის, როგორ ხდება ეს. ასე რომ, განაგრძეთ უხვად თესვა და შესაძლოა, უხვადაც მოიმკათ.

არ დაგავიწყდეთ, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ლოცვას. გეორგინა და ქრისტინა გამუდმებით ლოცულობდნენ. თუ „გამუდმებით ილოცებთ“ და არასოდეს დაკარგავთ იმედს, „მრავალი დღის შემდეგ“ კვლავ იპოვით „პურს“, რომელიც წყალს გაატანეთ (რომ. 12:12; ეკლ. 11:1).

წერილში, რომელიც სტელამ ალისისგან მიიღო, ეწერა: „დარწმუნებული ვარ, ძალიან გაგახარებს იმის გაგება, რომ შენი დაინტერესებული, რომელმაც ბიბლიის შესწავლა 1974 წელს დაიწყო, გასულ საოლქო კონგრესზე მოინათლა“