წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) თებერვალი 2013

პავლე უმოწმებს პრეტორიულ გვარდიას

პავლე უმოწმებს პრეტორიულ გვარდიას

დგას ახ. წ. 59 წელი. მგზავრობით დაქანცული ჯარისკაცები პატიმართა ჯგუფთან ერთად შედიან რომში პორტა კაპენას კარიბჭით. პალატინის ბორცვზე მდებარე იმპერატორ ნერონის სასახლეს იცავენ პრეტორიელი ჯარისკაცები, რომლებსაც მოსასხამის, ტოგის, ქვეშ ხმლები აქვთ დამალული. * ასისთავი იულიუსი პატიმრებს რომის ფორუმის გავლით ვიმინალის ბორცვისკენ მიუძღვის. ისინი გვერდს უვლიან ბაღს, რომელშიც რომაელთა ღმერთების მრავალი სამსხვერპლოა და კვეთენ მოედანს, რომელზეც სამხედრო აღლუმები იმართება.

პრეტორიელი ჯარისკაცების რელიეფი, რომელიც გამოსახულია სავარაუდოდ ახ. წ. 51 წელს აგებულ კლავდიუსის თაღზე

პატიმრებს შორის მოციქული პავლეცაა. რამდენიმე თვის წინ პავლე იმყოფებოდა გემზე, რომელსაც ქარიშხალი აზვირთებულ ზღვაში მიაქანებდა. სწორედ ამ დროს უთხრა ღვთის ანგელოზმა მას: „შენ კეისრის წინაშე უნდა წარდგე“ (საქ. 27:24). ნუთუ დადგა ის დრო, როცა მოციქული კეისრის წინაშე უნდა წარდგეს? პავლე თვალს ავლებს რომის იმპერიის დედაქალაქს და ახსენდება უფალ იესოს სიტყვები, რომლებიც იერუსალიმში, ანტონიუსის კოშკში ყოფნისას უთხრა მას: „გამაგრდი! როგორც იერუსალიმში ამოწმებდი საფუძვლიანად ჩემ შესახებ, რომშიც ისევე უნდა დაამოწმო“ (საქ. 23:10, 11).

პავლე ალბათ ჩერდება, რომ შეხედოს კასტრა პრეტორიას, უზარმაზარ ციხესიმაგრეს, რომელსაც ამშვენებს წითელი აგურის მაღალი კედელი, კოშკები და ქონგურები. ამ ციხესიმაგრეში განთავსებულია პრეტორიული გვარდია, რომელიც იმპერატორის პირადი დაცვის როლსაც ასრულებს და  ქალაქის პოლიციისაც. მასში დაბანაკებულია 12 პრეტორიული და რამდენიმე ქალაქის კოჰორტა *. ასე რომ, ეს ციხესიმაგრე იტევს რამდენიმე ათას ჯარისკაცსა და ცხენოსანთა ჯარს. კასტრა პრეტორია მართლაც რომის იმპერიის სიძლიერის მაჩვენებელია. ვინაიდან პრეტორიული გვარდია პასუხისმგებელია პროვინციებიდან ჩამოყვანილ პატიმრებზე, იულიუსი მიუძღვის თავის ჯგუფს ქალაქის ოთხი მთავარი შესასვლელიდან ერთ-ერთის გავლით. რამდენიმეთვიანი სახიფათო მგზავრობის შემდეგ მას, როგორც იქნა, ჩაჰყავს პატიმრები დანიშნულების ადგილამდე (საქ. 27:1—3, 43, 44).

მოციქული შეუფერხებლად ქადაგებს

მგზავრობის დროს პავლეს ღმერთმა ხილვაში აცნობა, რომ გემის მსხვრევას ყველა მგზავრი გადაურჩებოდა. შხამიანი გველის კბენამ მას ზიანი ვერ მიაყენა. პავლემ კუნძულ მალტაზე განკურნა ავადმყოფები, რის გამოც ადგილობრივებმა ის ღმერთად შერაცხეს. შესაძლოა, ამ ამბებმა ცრუმორწმუნე პრეტორიელი ჯარისკაცების ყურამდეც მიაღწია.

პავლე უკვე შეხვდა რომიდან ჩამოსულ ძმებს «აპიუსის მოედანსა და „სამ ფუნდუკთან“» (საქ. 28:15). მაგრამ როგორ შეძლებდა პატიმრობაში მყოფი პავლე სასიხარულო ცნობის ქადაგებას რომში? (რომ. 1:14, 15). ზოგიერთების აზრით, პატიმრები ყოველთვის მიჰყავდათ გვარდიის მეთაურთან. თუ ეს მართლაც ასე იყო, პავლეს მიიყვანდნენ პრეტორიული გვარდიის მეთაურთან, აფრანიუს ბურუსთან, რომელიც შესაძლოა, იმპერატორის შემდეგ პირველი კაცი იყო. * ნებისმიერ შემთხვევაში, ახლა პავლეს ასისთავები კი არ იცავენ, არამედ რიგითი პრეტორიელი ჯარისკაცები. მოციქულს ნებას რთავენ, რომ თავად იზრუნოს საცხოვრებელზე, მიიღოს მნახველები და შეუფერხებლად უქადაგოს მათ (საქ. 28:16, 30, 31).

პავლე უმოწმებს დიდსა თუ პატარას

ასე გამოიყურება დღეს კასტრა პრეტორიას კედლები

რომაული კანონმდებლობის თანახმად, როგორც ჩანს, ბურუსი დაკითხვას უწყობს მოციქულ პავლეს სასახლეში ან პრეტორიულ ბანაკში, ვიდრე მის საქმეს ნერონს წარუდგენს. პავლე ხელიდან არ უშვებს ამ განსაკუთრებულ შესაძლებლობას და უმოწმებს „დიდსა თუ პატარას“ (საქ. 26:19—23). ჩვენ არ ვიცით, ჩათვალა თუ არა ბურუსმა პავლე დამნაშავედ, მაგრამ ფაქტია, რომ მან მოციქული არ ჩასვა პრეტორიულ ციხეში. *

პავლეს მიერ ნაქირავები ბინა საკმაოდ დიდია, რომ სტუმრად მიიღოს „გავლენიანი იუდეველები“ და უქადაგოს როგორც მათ, ისე მასთან მისულ უამრავ ხალხს. პავლეს მსმენელებს  შორის არიან პრეტორიელი მცველებიც, რომელთაც ესმით, როგორ უმოწმებს საფუძვლიანად პავლე იუდეველებს ღვთის სამეფოსა და იესოზე „დილიდან საღამომდე“ (საქ. 28:17, 23).

პავლეს პატიმრობისას ჯარისკაცებს ესმოდათ, თუ როგორ კარნახობდა მოციქული მათ, ვინც წერილებს წერდა

სასახლეში ყოველ 8 საათში ერთხელ იცვლებოდა პრეტორიული კოჰორტა. პავლეს მცველებიც რეგულარულად იცვლებოდნენ. მოციქულის ორწლიანი პატიმრობის განმავლობაში ჯარისკაცებს ესმოდათ, თუ როგორ კარნახობდა პავლე მათ, ვინც წერდა ეფესოელებისთვის, ფილიპელებისთვის, კოლოსელებისა და ებრაელებისთვის განკუთვნილ წერილებს. მათ ასევე ნახეს, თუ როგორ მისწერა პავლემ საკუთარი ხელით წერილი ერთ ქრისტიანს, სახელად ფილიმონს. პატიმრობაში მყოფი პავლე ყურადღებას აქცევდა გაქცეულ მონას, ონისიმეს, რომელიც მოიხსენია როგორც ბორკილებში შეძენილი შვილი. პავლემ ის მის ბატონს დაუბრუნა (ფლმ. 10). უეჭველია, მოციქული პირად ინტერესს ავლენდა თავისი მცველებისადმიც (1 კორ. 9:22). შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორ ეკითხება პავლე ჯარისკაცს, თუ რა დანიშნულება აქვს მისი აღჭურვილობის თითოეულ ნაწილს. მოგვიანებით ამ ინფორმაციას ის ბრწყინვალე თვალსაჩინო მაგალითად იყენებს (ეფეს. 6:13—17).

 „უშიშრად ლაპარაკობენ ღვთის სიტყვას“

პავლეს პატიმრობა „სასიხარულო ცნობის წინსვლას მოემსახურა“ და ის ცნობილი გახდა პრეტორიული გვარდიისა და სხვებისთვის (ფილ. 1:12, 13). კასტრა პრეტორიას მკვიდრებს კავშირები ჰქონდათ მთელ რომის იმპერიაში, აგრეთვე თავად იმპერატორთან და მის დიდ სახლეულობასთან. ამ სახლეულობას შეადგენდნენ იმპერატორის ოჯახის წევრები, მსახურები და მონები, რომელთაგანაც ზოგი ქრისტიანი გახდა (ფილ. 4:22). პავლეს ასეთი გაბედული ქადაგება აღძრავდა რომში მცხოვრებ ძმებს, „უშიშრად ელაპარაკათ ღვთის სიტყვა“ (ფილ. 1:14).

რა მდგომარეობაშიც არ უნდა ვიყოთ, ყოველთვის შეგვიძლია ვუქადაგოთ მათ, ვინც ჩვენ სანახავად მოდის

პავლეს რომში მსახურება ჩვენც გვამხნევებს, რომ ვიქადაგოთ „კარგ დროშიც და ცუდ დროშიც“ (2 ტიმ. 4:2). ზოგი ჩვენი და-ძმა ავადმყოფობის გამო სახლიდან ვერ გადის, სხვებს მოხუცებულთა სახლებსა თუ საავადმყოფოებში უწევთ ყოფნა ან რწმენის გამო ციხეშიც კი არიან. რა მდგომარეობაშიც არ უნდა ვიყოთ, ყოველთვის შეგვიძლია ვესაუბროთ მათ, ვინც ჩვენ სანახავად მოდის, იქნება ეს სამედიცინო თუ სოციალური სფეროს მუშაკები. როდესაც ყველა შესაძლებლობას ვიყენებთ, რომ გაბედულად დავამოწმოთ, საკუთარი თვალით ვხედავთ, რომ „ღვთის სიტყვა . . . შებორკილი არ არის“ (2 ტიმ. 2:8, 9).

^ აბზ. 2 იხილეთ ჩარჩო „პრეტორიული გვარდია ნერონის დროს“.

^ აბზ. 4 რომაელთა კოჰორტა შედგებოდა 1 000-მდე ჯარისკაცისგან.

^ აბზ. 7 იხილეთ ჩარჩო „სექსტუს აფრანიუს ბურუსი“.

^ აბზ. 9 ამ ციხეში ტიბერიუს კეისარმა ახ. წ. 36-37 წლებში ჩასვა ჰეროდე აგრიპა, ვინაიდან მან გამოთქვა სურვილი, რომ კალიგულა გამხდარიყო იმპერატორი. როგორც კი იმპერატორი გახდა, კალიგულამ ჰეროდეს მეფობა უბოძა (საქ. 12:1).