არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) თებერვალი 2013

აფასებთ თქვენს სულიერ მემკვიდრეობას?

აფასებთ თქვენს სულიერ მემკვიდრეობას?

„მოხედა ღმერთმა . . . უცხოტომელებს, რათა მათგან გამოეყო ხალხი თავისი სახელისთვის“ (საქ. 15:14).

1, 2. ა) რა იყო „დავითის კარავი“ და როგორ უნდა აღდგენილიყო ის? ბ) ვინ ემსახურება დღეს იეჰოვას?

იერუსალიმში ახ. წ. 49 წელს ხელმძღვანელი საბჭოს ისტორიულ შეხვედრაზე მოციქულმა იაკობმა თქვა: «სიმონმა ყველაფერი გვიამბო, თუ როგორ მოხედა ღმერთმა პირველად უცხოტომელებს, რათა მათგან გამოეყო ხალხი თავისი სახელისთვის. ამას ადასტურებს წინასწარმეტყველთა სიტყვები, როგორც დაწერილია: „ამის შემდეგ დავბრუნდები და აღვადგენ დავითის დაცემულ კარავს, აღვადგენ მის ნანგრევებს და ხელახლა ავაგებ, რათა დარჩენილებმა და ჩემი სახელით წოდებულმა უცხოტომელებმა გულმოდგინედ ეძებონ იეჰოვა, — ამბობს იეჰოვა, ყოველივე იმის მოქმედი, რაც ძველი დროიდან არის ცნობილი“» (საქ. 15:13—18).

2 „დავითის კარავი [ანუ სამეფო სახლი]“ დაეცა, როდესაც მეფე ციდკია ტახტიდან ჩამოაგდეს (ამოს. 9:11). მაგრამ „კარავი“ აღდგებოდა დავითის შთამომავლის იესოს მეშვეობით, რომელიც მარადიული მეფეა (ეზეკ. 21:27; საქ. 2:29—36). როგორც იაკობმა აღნიშნა ამ ისტორიულ შეხვედრაზე, ამოსის წინასწარმეტყველება სრულდებოდა სამეფოს მემკვიდრეების — იუდეველებისა და უცხოტომელების — შეკრებით. დღეს ცხებული ქრისტიანების დარჩენილი ნაწილი ემსახურება იეჰოვას. იესოს მილიონობით „სხვა ცხვარიც“ ემსახურება ღმერთს და აცხადებს ბიბლიურ ჭეშმარიტებას (იოან. 10:16).

იეჰოვას ხალხი სირთულეების პირისპირ

3, 4. როგორ შეინარჩუნა იეჰოვას ხალხმა რწმენა ბაბილონში?

3 როდესაც იუდეველები ტყვედ წაასხეს ბაბილონში, ცხადი გახდა, რომ „დავითის კარავი“ დაცემული იყო. როგორ შეინარჩუნა იეჰოვას ხალხმა რწმენა ბაბილონში, სადაც ცრუ რელიგია ყვაოდა 70 წლიანი ტყვეობის დროს ძვ. წ. 607—537 წლებში? ისევე, როგორც ჩვენ, იეჰოვას ხალხი, ვინარჩუნებთ რწმენას სატანის ქვეყნიერებაში  (1 იოან. 5:19). ეს შესაძლებელია მდიდარი სულიერი მემკვიდრეობის წყალობით.

4 ღვთის სიტყვა ჩვენი სულიერი მემკვიდრეობის ნაწილია. ბაბილონში გადასახლებულ იუდეველებს სრულად არ ჰქონდათ წმინდა წერილები, მაგრამ მათ იცოდნენ მოსეს კანონი, რომელშიც მოცემული იყო 10 მცნება. მათ იცოდნენ „სიონის სიმღერები“ და შეეძლოთ გაეხსენებინათ არაერთი იგავი; მათთვის უცხო არ იყო იეჰოვას მსახურების ისტორიები. გადასახლებულები ტიროდნენ, როცა იხსენებდნენ სიონს და მათ არ ავიწყდებოდათ იეჰოვა (წაიკითხეთ ფსალმუნის 137:1—6). ეს მათ დაეხმარა, ბაბილონში გავრცელებული ცრუ სწავლებების მიუხედავად, ერთგულება შეენარჩუნებინათ.

სამება არ არის ახალი სწავლება

5. რომელ ტრიადებს სცემდნენ თაყვანს ბაბილონსა და ეგვიპტეში?

5 ბაბილონში საკმაოდ გავრცელებული იყო ტრიადის ანუ სამების თაყვანისცემა. ერთი ბაბილონური ტრიადა შედგებოდა სინის (მთვარის ღმერთი), შამაშისა (მზის ღმერთი) და იშთარისგან (ნაყოფიერებისა და ომის ქალღმერთი). ძველი ეგვიპტური ტრიადა ანუ სამება შედგებოდა ღმერთისგან, მისი მეუღლე ქალღმერთისგან და მათი ვაჟისგან. „ამ ტრიადაში მამა ყოველთვის არ იყო მთავარი. ის სჯერდებოდა თავის როლს, ყოფილიყო ქალღმერთის მეუღლე, რომელიც მთავარ ღვთაებად რჩებოდა“ (New Larousse Encyclopedia of Mythology). სხვა ეგვიპტური ტრიადა შედგებოდა ღმერთ ოსირისისგან, ქალღმერთ ისისისგან და მათი ვაჟი ჰოროსისგან.

6. რა არის სამება და ჩვენ როგორ ვართ დაცული, არ ვირწმუნოთ ასეთი მცდარი სწავლება?

6 ქრისტიანული სამყარო ასწავლის მოძღვრებას სამების შესახებ. მღვდლები ამბობენ, რომ მამა, ძე და წმინდა სული ერთი ღმერთია. ასეთი სწავლება იეჰოვას უზენაესობის წინააღმდეგ წასვლას ნიშნავს, ვინაიდან გამოდის, რომ ის არის სამების ნაწილი ანუ ღვთის მესამედი. იეჰოვას ხალხი დაცულია, არ ირწმუნოს ასეთი მცდარი სწავლება, რადგან ისინი ეთანხმებიან ღვთივშთაგონებულ სიტყვებს: „მოისმინე, ისრაელო: ერთია იეჰოვა, ჩვენი ღმერთი იეჰოვა“ (კან. 6:4). იესომაც გაიმეორა ეს სიტყვები და განა რომელიმე ჭეშმარიტი ქრისტიანი არ დაეთანხმება მას? (მარ. 12:29).

7. რატომ ვერ მოინათლება ღვთისადმი თავის მიძღვნის ნიშნად ვერავინ, ვისაც სამება სწამს?

7 სამების მოძღვრება ეწინააღმდეგება იმას, რაც იესომ თავის მიმდევრებს დაავალა: „მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან, მონათლეთ ისინი მამის, ძისა და წმინდა სულის სახელით“ (მათ. 28:19). ნამდვილ ქრისტიანად რომ მოინათლოთ და გახდეთ იეჰოვას მოწმე, უნდა აღიაროთ მამის, იეჰოვას, უზენაესობა და ღვთის ძის, იესოს, მდგომარეობა და ძალაუფლება. მას, ვისაც მონათვლა სურს, ასევე უნდა სწამდეს, რომ წმინდა სული არის ღვთის მოქმედი ძალა და არა სამების ნაწილი (დაბ. 1:2). ის, ვისაც სამება სწამს, ვერ მოინათლება იეჰოვა ღმერთისადმი მიძღვნის ნიშნად. მადლიერნი ვართ, რომ ჩვენი სულიერი მემკვიდრეობა გვიცავს, არ ვირწმუნოთ ღვთის შეურაცხმყოფელი სწავლებები.

სპირიტიზმი სარეველასავით ვრცელდება

8. როგორი შეხედულება ჰქონდათ ბაბილონელებს ღმერთებსა და დემონებზე?

8 ბაბილონის სამეფოში უამრავი ცრუ სწავლება იყო გავრცელებული, სწამდათ ღმერთების, დემონების და მისდევდნენ სპირიტიზმს. ერთ ენციკლოპედიაში ნათქვამია: „ბაბილონის რელიგიაში ღმერთებთან ერთად მნიშვნელოვანი ადგილი ეკავათ დემონებს, რომლებსაც ჰქონდათ ძალა, სხვადასხვაგვარი გონებრივი თუ ფიზიკური ზიანი მიეყენებინათ ადამიანებისთვის. როგორც ჩანს, უმთავრესი ადგილი ამ რელიგიაში დემონებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ეკავა და ღმერთებს ყველგან ლოცვებით მიმართავდნენ, რომ ისინი  დახმარებოდნენ ადამიანებს დემონებთან ბრძოლაში“ (The International Standard Bible Encyclopaedia).

9. ა) როგორ გახდა ბევრი იუდეველი ცრუ სწავლებების მსხვერპლი ბაბილონის ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ? ბ) როგორ ვართ დაცული საფრთხეებისგან, რომლებიც დემონებთან ურთიერთობას მოჰყვება?

9 ბაბილონის ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ ბევრი იუდეველი ცრუ სწავლებების მსხვერპლი გახდა. ბერძნებს სწამდათ, რომ დემონები იყვნენ ბოროტებიც და კეთილებიც. ბევრმა იუდეველმა გაიზიარა საყოველთაოდ გავრცელებული ეს შეხედულება და ამიტომ მოექცა დემონების გავლენის ქვეშ. ჩვენი სულიერი მემკვიდრეობა გვიცავს იმ საფრთხეებისგან, რომლებიც დემონებთან ურთიერთობას მოჰყვება, რადგან ვიცით, რომ ღმერთი გმობდა სპირიტიზმს, რომელსაც მისდევდნენ ბაბილონელები (ეს. 47:1, 12—15). გარდა ამისა, იეჰოვა გვაძლევს მითითებებს, თუ როგორ დავიცვათ თავი სპირიტიზმისგან (წაიკითხეთ კანონის 18:10—12; გამოცხადების 21:8).

10. რა შეიძლება ითქვას დიდი ბაბილონის საქმეებსა და სწავლებებზე?

10 სპირიტიზმს არა მხოლოდ ბაბილონში მისდევდნენ, არამედ მას დღესაც მიმართავენ დიდი ბაბილონის, ცრუ რელიგიის მსოფლიო მპყრობლის, მხარდამჭერები (გამოცხ. 18:21—24). ერთ ლექსიკონში წერია: „[დიდი] ბაბილონი მოიცავს ერთზე მეტ იმპერიას ან კულტურას. ის განისაზღვრება გაბატონებული კერპთაყვანისმცემლობით და არა დროებითი თუ გეოგრაფიული საზღვრებით“ (The Interpreter’s Dictionary of the Bible). დიდი ბაბილონი თავისი სპირიტიზმით, კერპთაყვანისმცემლობითა და სხვა ცოდვებით ჯერ კიდევ არსებობს, მაგრამ მას დიდი დღე არ უწერია (წაიკითხეთ გამოცხადების 18:1—5 ).

11. რა გაფრთხილებებია მოცემული სპირიტიზმთან დაკავშირებით ჩვენს პუბლიკაციებში?

11 იეჰოვამ თქვა: „ვერ ვიტან თქვენს ჯადოქრობას“ (ეს. 1:13). მე-19 საუკუნეში ადამიანების აზროვნებაზე სპირიტიზმმა დიდი გავლენა იქონია. 1885 წლის მაისის „სიონის საგუშაგო კოშკში“ ეწერა: „სწავლება იმის შესახებ, რომ მკვდრები სხვა სამყაროში განაგრძობენ ცხოვრებას ან სხვა მდგომარეობაში არიან, არ არის ახალი. ეს იყო უძველესი რელიგიების ნაწილი და ყველა მითოლოგიის საფუძველი“. სტატიაში აგრეთვე ეწერა, რომ არაბიბლიური სწავლება მკვდრების ცოცხლებთან ურთიერთობის შესახებ „დამაჯერებლობას მატებდა ტყუილებს, რასაც დემონები მიმართავდნენ, როცა თავს გარდაცვლილი ადამიანის სულებად წარმოაჩენდნენ. ამგვარად ისინი საკუთარ ვინაობას მალავდნენ და გავლენას ახდენდნენ უმრავლესობის გონებასა და ცხოვრებაზე“. ბროშურაში „რას ამბობს წმინდა წერილები სპირიტიზმზე“ მოცემული იყო ის გაფრთხილებები, რომლებიც ჩვენს უახლეს პუბლიკაციებში იბეჭდება.

იტანჯებიან სულები ქვესკნელში?

12. რა თქვა სოლომონმა ღვთის შთაგონებით მკვდრების მდგომარეობის შესახებ?

12 „ვინც კი ჭეშმარიტება შეიცნო“, ყველას შეუძლია ამ კითხვას უპასუხოს (2 იოან. 1). ჩვენ რასაკვირველია, ვეთანხმებით სოლომონის სიტყვებს: „ცოცხალი ძაღლი მკვდარ ლომს სჯობია. ცოცხლებმა იციან, რომ მოკვდებიან, მკვდრებმა კი არაფერი იციან . . . ყველაფერი, რასაც ხელს მოჰკიდებ, აკეთე მთელი შენი ძალით, რადგან არც საქმე, არც ჩანაფიქრი, არც ცოდნა და არც სიბრძნე არ არის სამარეში, სადაც მიდიხარ“ (ეკლ. 9:4, 5, 10).

13. რა გავლენა მოახდინა იუდეველებზე ელინისტურმა კულტურამ და რელიგიამ?

13 იუდეველებმა იცოდნენ ჭეშმარიტება მკვდრების მდგომარეობის შესახებ. როდესაც საბერძნეთი დაინაწილეს ალექსანდრე მაკედონელის მხედართმთავრებმა, მათ სცადეს ბერძნული რელიგიისა და ელინისტური კულტურის მეშვეობით იუდასა და სირიის გაერთიანება. შედეგად, იუდეველებმა გაითავისეს ცრუ სწავლებები,  რომ ადამიანის სული უკვდავია და არსებობს ქვესკნელი, სადაც იტანჯებიან სულები. სწავლება ქვესკნელში სულების ტანჯვის შესახებ საბერძნეთიდან არ იღებს სათავეს, ვინაიდან მანამდე ბაბილონელებს სწამდათ, რომ „ქვესკნელი . . . იყო საშინელი ადგილი, რომელსაც განაგებდნენ ძლიერი და მრისხანე ღმერთები და დემონები“ (The Religion of Babylonia and Assyria). ნამდვილად, ბაბილონელებს სწამდათ სულის უკვდავება.

14. რა იცოდნენ იობმა და აბრაამმა სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის შესახებ?

14 მიუხედავად იმისა, რომ მართალ იობს არ ჰქონდა წმინდა წერილები, მან იცოდა ჭეშმარიტება სიკვდილის შესახებ. იობს აგრეთვე ესმოდა, რომ იეჰოვა იყო მოსიყვარულე ღმერთი, რომელსაც მისი მკვდრეთით აღდგომის სურვილი ექნებოდა (იობ. 14:13—15). აბრაამსაც სწამდა მკვდრეთით აღდგომა (წაიკითხეთ ებრაელების 11:17—19). შეუძლებელია მკვდრეთით აღდგეს ის, ვინც არ მომკვდარა. სწორედ ამიტომ არ სჯეროდათ ღვთისმოშიშ ადამიანებს, რომ სული უკვდავია. უდავოდ, ღვთის სული დაეხმარა იობსა და აბრაამს, სცოდნოდათ, რა მდგომარეობაში არიან მკვდრები და ჰქონოდათ მკვდრეთით აღდგომის იმედი. ჭეშმარიტება ამ სწავლებების შესახებ არის აგრეთვე ჩვენი მემკვიდრეობის ნაწილი.

გამოსასყიდი მნიშვნელოვანია ჩვენთვის

15, 16. როგორ გავთავისუფლდით ცოდვისა და სიკვდილისგან?

15 მადლიერნი ვართ, რომ ღმერთმა გაგვიმჟღავნა ჭეშმარიტება, თუ როგორ გვიხსნა ადამისგან მემკვიდრეობით მიღებული ცოდვისა და სიკვდილის მონობისგან (რომ. 5:12). ჩვენ გვესმის, რომ იესო „არ მოსულა იმისთვის, რომ მას ემსახურონ, არამედ თვითონ მოემსახუროს და მისცეს თავისი სული მრავალთა გამოსასყიდად“ (მარ. 10:45). ბედნიერები ვართ, რომ იეჰოვამ გაგვათავისუფლა გამოსასყიდით, რომელიც იესო ქრისტემ გადაიხადა (რომ. 3:22—24).

 16 პირველ საუკუნეში იუდეველებსა და უცხოტომელებს სჭირდებოდათ ცოდვების მონანიება და რწმენის გამოვლენა იესოს გამოსასყიდისადმი. სხვა შემთხვევაში, ისინი ვერ მიიღებდნენ პატიებას. დღესაც იგივე შეიძლება ითქვას (იოან. 3:16, 36). თუ ადამიანს სწამს ისეთი ცრუ სწავლებები, როგორებიცაა სამება და სულის უკვდავება, გამოსასყიდს მისთვის სარგებლობა არ მოაქვს. მაგრამ ჩვენთვის მოაქვს, რადგან ვიცით ჭეშმარიტება ღვთის საყვარელი ძის შესახებ, „ვისი მეშვეობითაც გავთავისუფლდით გამოსასყიდით“ და „მოგვეტევა ჩვენი ცოდვები“ (კოლ. 1:13, 14).

განაგრძეთ მსახურება როგორც იეჰოვას ხალხმა

17, 18. სად შეგვიძლია ვნახოთ ინფორმაცია ჩვენი ისტორიის შესახებ და ჩვენთვის რა სარგებლობა მოაქვს მის სწავლას?

17 ბევრად მეტის თქმა შეიძლება ჭეშმარიტ სწავლებებზე, ღვთისადმი ჩვენს მსახურებასა და სულიერ თუ მატერიალურ კურთხევებზე. ათწლეულებია, რაც წელიწდეულებში იბეჭდება გასაოცარი შემთხვევები მთელ მსოფლიოში ჩვენი საქმიანობის შესახებ. ჩვენი ისტორია ნაჩვენებია ორ ნაწილად გამოცემულ ვიდეოფილმში „იეჰოვას მოწმეები — ცოცხალი რწმენა“ და ისეთ პუბლიკაციებში, როგორიცაა „იეჰოვას მოწმეები — ღვთის სამეფოს მაუწყებლები“. ჩვენს ჟურნალებში ხშირად იბეჭდება საყვარელი და-ძმების გამამხნევებელი შემთხვევები.

18 ჩვენთვის სასარგებლოა, ვფიქრობდეთ იეჰოვას ორგანიზაციის ისტორიაზე, ისევე როგორც ისრაელებისთვის იყო სასარგებლო, როცა ფიქრობდნენ, თუ როგორ გაათავისუფლა ღმერთმა თავისი ხალხი ეგვიპტის მონობიდან (გამ. 12:26, 27). ხანში შესული მოსე, რომელიც ღვთის საოცარი საქმეების თვითმხილველი იყო, მოუწოდებდა ისრაელებს: „გახსოვდეს ძველი დრო, იფიქრეთ წარსულ თაობათა განვლილ წლებზე. ჰკითხე მამაშენს და ის გეტყვის, მოხუცებს, და ისინი გიპასუხებენ“ (კან. 32:7). როგორც იეჰოვას ხალხი და მისი „საძოვრის ფარა“ სიხარულით ვუძღვნით მას ქებას და სხვებს ღვთის დიდებული საქმეების შესახებ ვუყვებით (ფსალმ. 79:13). გარდა ამისა, ისტორიის შესწავლა მსახურების გაგრძელებაში გვეხმარება.

19. რისკენ აღგვძრავს ჭეშმარიტების ცოდნა?

19 ჩვენ მადლიერი ვართ, რომ არ ვიმყოფებით „წყვდიადში“, არამედ ღვთის სულიერი სინათლე გვინათებს გზას (იგავ. 4:18, 19). მოდი, გულმოდგინედ შევისწავლოთ ღვთის სიტყვა, მთელი შემართებით  გავუზიაროთ ჭეშმარიტება სხვებს და მივბაძოთ ფსალმუნმომღერალს, რომელიც განადიდებდა უზენაეს უფალ იეჰოვას: „მხოლოდ შენს სიმართლეზე ვილაპარაკებ. ღმერთო, სიჭაბუკიდანვე მასწავლი და დღემდე შენს საოცარ საქმეებზე ვლაპარაკობ. ნუ მიმატოვებ თვით სიბერემდე და გაჭაღარავებამდე, ღმერთო, სანამ არ ვუამბობ შენი მკლავის შესახებ მომავალ თაობას და შენი ძლიერების შესახებ ყველას, ვინც მოვა“ (ფსალმ. 71:16—18).

20. რა ორი საკითხია ერთმანეთთან დაკავშირებული და როგორია თქვენი დამოკიდებულება ამ საკითხებისადმი?

20 ჩვენ, იეჰოვას მოწმეებს, გვესმის, რომ ღვთის უზენაესობა და მისადმი ერთგულება ერთმანეთთან არის დაკავშირებული. მართლაც, ვაცხადებთ უტყუარ ჭეშმარიტებას, რომ იეჰოვაა სამყაროს უზენაესი უფალი და ის იმსახურებს ჩვენგან ერთგულებას (გამოცხ. 4:11). ღვთის წმინდა სულის დახმარებით აგრეთვე ვუცხადებთ სასიხარულო ცნობას თვინიერებს, „ჭრილობებს ვუხვევთ“ გულგატეხილებს და ვანუგეშებთ მგლოვიარეებს (ეს. 61:1, 2). ძალიან ვაფასებთ ჩვენს სულიერ მემკვიდრეობას. ამიტომ სატანის ფუჭი მცდელობების მიუხედავად, იბატონოს როგორც ჩვენზე, ისე მთელ კაცობრიობაზე, გადაწყვეტილი გვაქვს, დავრჩეთ ღვთის ერთგულები და განვადიდოთ უზენაესი უფალი იეჰოვა ახლაც და მარადიულადაც (წაიკითხეთ ფსალმუნის 26:11; 86:12).

 

გაიგეთ მეტი

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა)

მტკიცედ გწამდეთ, რომ ღვთის სამეფო შეასრულებს იეჰოვას განზრახვას!

იეჰოვა ექვსი შეთანხმების საფუძველზე გვარწმუნებს, რომ ღვთის სამეფო აღასრულებს მის განზრახვას. როგორ გვიმტკიცებს ეს შეთანხმებები რწმენას?