წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგუშაგო კოშკი (სასწავლო გამოცემა) თებერვალი 2013

დაე, არაფერმა შეგიშალოთ ხელი დიდების მოხვეჭაში

დაე, არაფერმა შეგიშალოთ ხელი დიდების მოხვეჭაში

„თავმდაბალი კაცი . . . დიდებას მოიხვეჭს“ (იგავ. 29:23).

1, 2. ა) რას ნიშნავს სიტყვა „დიდება“ დედნისეულ ენაზე? ბ) რა კითხვებს განვიხილავთ ამ სტატიაში?

„დიდება“. რა წარმოგიდგებათ თვალწინ, როცა გესმით ეს სიტყვა? ღვთის ქმნილებათა საოცარი ბრწყინვალება? (ფსალმ. 19:1). თუ ის ქება და პატივი, რომლებსაც ადამიანებს მიაგებენ მათი სიმდიდრის, სიბრძნისა თუ მიღწევების გამო? ბიბლიაში სიტყვა „დიდება“ დედნისეულ ენაზე ატარებს „სიმძიმის“ მნიშვნელობას. ძველად, როცა ფულს ძვირფასი ლითონებისგან ამზადებდნენ, მის ღირებულებას მისი წონა განსაზღვრავდა. ამიტომ სიტყვა, რომელიც „დიდებად“ ითარგმნება, მიუთითებს რაღაც ძვირფასზე, საოცარსა და შთამბეჭდავზე.

2 შეიძლება ჩვენზე შთაბეჭდილებას ახდენდეს ადამიანის ძალა, მდგომარეობა ან რეპუტაცია. მაგრამ რას აფასებს ღმერთი ადამიანებში? სინამდვილეში ბიბლია საუბრობს დიდებაზე, რომელსაც ღმერთი ანიჭებს ადამიანებს. მაგალითად, იგავების 22:4-ში ვკითხულობთ: „თავმდაბლობასა და იეჰოვას შიშს სიმდიდრე, დიდება და სიცოცხლე მოაქვს“. მოწაფე იაკობი კი წერდა: „დაიმდაბლეთ თავი იეჰოვას წინაშე და ის აგამაღლებთ“ (იაკ. 4:10). რა არის ის დიდება, რომელსაც იეჰოვა აძლევს ადამიანებს? რამ შეიძლება შეგვიშალოს ხელი მის მიღებაში? და როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ სხვებს, მიიღონ ეს დიდება?

3—5. როგორი დიდებისკენ მიგვიძღვის იეჰოვა?

3 ფსალმუნმომღერალი დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვას ეჭირა მისი მარჯვენა ხელი და ნამდვილი დიდებისკენ მიუძღოდა (წაიკითხეთ ფსალმუნის 73:23, 24 ). როგორ აკეთებს იეჰოვა ამას? ღმერთი მიუძღვება დიდებისკენ თავმდაბალ მსახურებს იმით, რომ აფასებს მათ და უმჟღავნებს თავის ნებას (1 კორ. 2:7). ყველას, ვინც ისმენს მის სიტყვას და ემორჩილება მას, იეჰოვა აკურთხებს მასთან ახლო ურთიერთობით (იაკ. 4:8).

 4 იეჰოვა აგრეთვე ანდობს თავის თაყვანისმცემლებს ქრისტიანული მსახურების დიდებულ განძს (2 კორ. 4:1, 7). ამ მსახურებას კი ნამდვილი დიდებისკენ მივყავართ. ყველას, ვინც ასეთი სახით მიაგებს პატივს იეჰოვას და ეხმარება სხვებს, ღმერთი ჰპირდება: „ვინც პატივს მომაგებს, მეც იმას მივაგებ პატივს“ (1 სამ. 2:30). ასეთ ადამიანებს კარგი სახელი აქვთ იეჰოვას წინაშე და ღვთის მსახურებიც დადებითად საუბრობენ მათზე (იგავ. 11:16; 22:1).

5 როგორი მომავალი ელით მათ, ვისაც იეჰოვას იმედი აქვს და მის გზას იცავს? ბიბლიაში წერია: „[იეჰოვა] განგადიდებს და დაგამკვიდრებს დედამიწაზე; დაინახავ, როგორ მოისპობიან ბოროტები“ (ფსალმ. 37:34). ისინი მოუთმენლად ელიან მარადიული სიცოცხლის მიღებას, რაც შეუდარებელი პატივია (ფსალმ. 37:29).

„მე არ მინდა დიდება ადამიანებისგან“

6, 7. რატომ არ ირწმუნა იესო ბევრმა?

6 რამ შეიძლება შეგვიშალოს ხელი იმ დიდების მიღებაში, რომლის მოცემაც იეჰოვას სურს? ერთ-ერთი ფაქტორი არის ის, თუ ზედმეტ ყურადღებას ვაქცევთ მათ აზრს, ვინც არ არის ღვთის მსახური. მოციქულმა იოანემ იესოს დროს მცხოვრები ზოგიერთი მმართველის შესახებ თქვა: „ბევრმა მმართველმაც ირწმუნა . . . [იესო], მაგრამ ფარისევლების გამო ვერ აღიარებდნენ, სინაგოგიდან რომ არ მოეკვეთათ, რადგან ადამიანთაგან უფრო უყვარდათ დიდება, ვიდრე ღვთისგან“ (იოან. 12:42, 43). ბევრად უკეთესი იქნებოდა, თუ ეს მმართველები დიდ ყურადღებას არ მიაქცევდნენ ფარისევლების აზრს.

7 იესომ არაორაზროვნად თქვა, თუ რატომ არ მიიღებდა და არ ირწმუნებდა მას ბევრი (წაიკითხეთ იოანეს 5:39—44 ). ისრაელი ერი საუკუნეების განმავლობაში ელოდა მესიის მოსვლას. დანიელმა იწინასწარმეტყველა, თუ როდის გამოჩნდებოდა ქრისტე, და როდესაც იესომ ქადაგება დაიწყო, ზოგიერთი შეიძლება მიხვდა, რომ ეს დრო დადგა. თვეებით ადრე, როდესაც იოანე ნათლისმცემელმა ქადაგება დაიწყო, ბევრი ამბობდა: „იქნებ ეს არისო ქრისტე“ (ლუკ. 3:15). ახლა კი მესია, რომელსაც დიდხანს ელოდნენ, მათ ასწავლიდა. მაგრამ კანონის მცოდნეებმა ის არ მიიღეს. ამის ზუსტი მიზეზი კარგად ახსნა იესომ, როდესაც ფარისევლებს ჰკითხა: „როგორ ირწმუნებთ, როცა ერთმანეთისგან იღებთ დიდებას, ხოლო ერთადერთი ღვთისგან არ ეძებთ დიდებას?“.

8, 9. სინათლის მაგალითით აჩვენეთ, როგორ შეუძლია ადამიანურ დიდებას დაჩრდილოს ღვთიური დიდება?

8 თუ სინათლეს შევადარებთ დიდებას, გავიგებთ, როგორ შეიძლება ადამიანურმა დიდებამ დაჩრდილოს ღვთიური დიდება. ჩვენი ბრწყინვალე სამყარო საოცრად დიდებულია. გახსოვთ, ბოლოს როდის ნახეთ ვარსკვლავებით მოჭედილი ცა, თვალის მოწყვეტა რომ ვერ შეძელით? „ვარსკვლავების დიდება“ მართლაც შთამბეჭდავია (1 კორ. 15:40, 41). მაგრამ როდესაც კარგად განათებული ქალაქის ქუჩიდან ვათვალიერებთ ვარსკვლავებით მოჭედილ ცას, როგორ გამოიყურება ის? ქალაქის შუქი ხელს გვიშლის, დავინახოთ ვარსკვლავების საოცარი ნათება. ნუთუ ქუჩების, მოედნებისა თუ შენობების განათება უფრო ძლიერი და ლამაზია, ვიდრე ვარსკვლავების ნათება? რა თქმა უნდა, არა. ამის მიზეზი ის არის, რომ ქალაქის განათება უფრო ახლოს არის ჩვენთან და ხელს გვიშლის იეჰოვას ქმნილებების დანახვაში. ღამის ცის მთელი სილამაზის ნახვა თუ გვინდა, უნდა მოვერიდოთ ხელოვნურ განათებას, რომელიც ხელს გვიშლის, დავტკბეთ ამ სილამაზით.

9 მსგავსადვე, თუ ჩვენთვის ძვირფასია ადამიანური დიდება, ეს ხელს შეგვიშლიდა, დაგვეფასებინა და მიგვეღო დიდება, რომლის მოცემაც სურს იეჰოვას. იმის გამო, თუ რას იფიქრებენ ნაცნობები ან ოჯახის წევრები, ბევრი უარს ამბობს, მოისმინოს ცნობა სამეფოს შესახებ. მაგრამ  შეიძლება თუ არა, რომ ადამიანებისგან დიდების მიღების სურვილმა ღვთის მიძღვნილ მსახურებზეც იმოქმედოს? ვთქვათ, ახალგაზრდა ძმა ქადაგებს ისეთ უბანზე, სადაც მას ბევრი ნაცნობი ჰყავს, მაგრამ ჯერ არ იციან, რომ ის იეჰოვას მოწმეა. თავს ხომ არ შეიკავებდა ქადაგებისგან შიშის გამო? ან დავუშვათ ქრისტიანს დასცინიან იმის გამო, რომ მას სულიერი მიზნები აქვს დასახული? დართავს ის ნებას მათ, ვისაც სულიერი ხედვა არ აქვთ, გავლენა მოახდინონ მის მიზნებზე? ან შესაძლოა თანაქრისტიანმა სერიოზული ცოდვა ჩაიდინა. დამალავს ის თავის შეცდომას იმის შიშით, რომ კრებაში პასუხისმგებლობები არ დაკარგოს ან ახლობლებს გული არ ატკინოს? თუ მას სურს იეჰოვასთან ურთიერთობის აღდგენა, მან უნდა „მოუხმოს კრების უხუცესებს“ და სთხოვოს დახმარება (წაიკითხეთ იაკობის 5:14—16 ).

10. ა) როგორ დაჩრდილავს ჩვენს განსჯის უნარს იმაზე გადამეტებული წუხილი, თუ სხვები რას ფიქრობენ ჩვენზე? ბ) რაში შეიძლება ვიყოთ დარწმუნებული, თუ თავმდაბლურად ვიქცევით?

10 შეიძლება ისე მოხდეს, რომ მსახურებაში წარმატებებს ვაღწევთ, მაგრამ თანამორწმუნემ რჩევა მოგვცეს. სიამაყემ, ჩვენს რეპუტაციაზე გადამეტებულად ზრუნვამ და საკუთარი საქციელის გამართლებამ შეიძლება არ მიგვაღებინოს ჩვენთვის სასარგებლო რჩევა. ან ვთქვათ თანამორწმუნესთან ერთად მუშაობთ რაღაც პროექტზე. ხომ არ მოახდენს თქვენს თანამშრომლობაზე გავლენას იმაზე ფიქრი, თუ ვინ დაიმსახურებს ქებას კარგი იდეებისთვის და გულმოდგინე შრომისთვის? თუ თქვენ მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდებით, დარწმუნებული იყავით, რომ „თავმდაბალი კაცი . . . დიდებას მოიხვეჭს“ (იგავ. 29:23).

11. როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს შექებაზე და რატომ?

11 უხუცესები და ისინი, ვინც ზედამხედველად მსახურებისკენ ისწრაფვიან, არ უნდა ეძებდნენ ადამიანებისგან დიდების მიღებას (1 ტიმ. 3:1; 1 თეს. 2:6). როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს ძმას, როცა მას კარგად შესრულებული დავალებისთვის აქებენ? მან, ასე ვთქვათ, თავის თავს ძეგლი არ უნდა დაუდგას საულის მსგავსად, რომელმაც „თავისთვის სვეტი აღმართა“ (1 სამ. 15:12). მას უნდა ესმოდეს, რომ ეს მიღწევა იეჰოვას წყალობით გახდა შესაძლებელი და მისი მომავალი წარმატებებიც კვლავ იეჰოვას კურთხევასა და დახმარებაზეა დამოკიდებული (1 პეტ. 4:11). შექებაზე ჩვენი დამოკიდებულებიდან ჩანს, თუ რა სახის დიდებას ვეძებთ (იგავ. 27:21).

„მამათქვენის სურვილის შესრულება გინდათ“

12. რატომ არ მოუსმინა ზოგმა იუდეველმა იესოს?

12 ღვთისგან დიდების მიღებაში კიდევ ერთი ხელის შემშლელი ფაქტორი შეიძლება ჩვენი სურვილები იყოს. არასწორი სურვილების გამო შეიძლება საერთოდ ვთქვათ უარი ჭეშმარიტების მოსმენაზე (წაიკითხეთ იოანეს 8:43—47 ). იესომ ზოგიერთ იუდეველს უთხრა, რომ მათ არ მოისმინეს მისი ცნობა, ვინაიდან მათი მამის, ეშმაკის სურვილების შესრულება სურდათ.

13, 14. ა) მეცნიერების აზრით, როგორ რეაგირებს ტვინი ადამიანის მეტყველებაზე? ბ) რა განაპირობებს იმას, თუ ვის მოვუსმენთ?

13 ჩვენ ხშირად ვისმენთ მხოლოდ იმას, რის მოსმენაც გვინდა (2 პეტ. 3:5). იეჰოვამ შეგვქმნა საოცარი უნარით, ყურადღება არ მივაქციოთ არასასურველ ხმებს. ახლა შეჩერდით და ყური დაუგდეთ, რამდენ ხმას გაიგებთ. შესაძლოა, მანამდე ამ ხმების უმეტესობა საერთოდ არ გესმოდათ. რატომ? იმიტომ, რომ ტვინის ლიმბური სისტემა გეხმარებოდათ, მხოლოდ ერთზე მოგეხდინათ კონცენტრირება, მიუხედავად იმისა, რომ გაქვთ ყველა ამ ხმის მოსმენის უნარი. მაგრამ მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ერთდროულად რამდენიმე ხმისთვის ყურის დაგდება წარმოუდგენლად რთულია, განსაკუთრებით, როდესაც საქმე გვაქვს ადამიანის მეტყველებასთან. ეს ნიშნავს, რომ როცა ორი ადამიანი გველაპარაკება ერთდროულად, უნდა ავირჩიოთ,  თუ ვის მოვუსმენთ. ჩვენი არჩევანი კი იმაზეა დამოკიდებული თუ ვისი მოსმენა გვინდა. ის იუდეველები, რომელთაც სურდათ თავიანთი მამის, ეშმაკის სურვილების შესრულება, არ უსმენდნენ იესოს.

14 ჩვენ გვეპატიჟება „სიბრძნეც“ და „უგუნურებაც“ (იგავ. 9:1—5, 13—17). ვინაიდან ორივე გვიხმობს, ჩვენ არჩევნის საშუალება გვაქვს. ვის მოწვევას მივიღებთ? პასუხი დამოკიდებულია იმაზე, თუ ვისი ნების შესრულება გვსურს. იესოს ცხვარი უსმენს მის ხმას და მიჰყვება მას (იოან. 10:16, 27). ისინი „ჭეშმარიტების მხარეზე“ არიან (იოან. 18:37). იესოს ცხვარი „ვერ ცნობს უცხოთა ხმას“ (იოან. 10:5). ასეთი თავმდაბალი ადამიანები მიიღებენ ღვთისგან დიდებას (იგავ. 3:13, 16; 8:1, 18).

„ეს თქვენი დიდებაა“

15. რა გაგებით იყო პავლეს გასაჭირი სხვებისთვის „დიდება“?

15 როდესაც თავდაუზოგავად ვასრულებთ იეჰოვას ნებას, სხვებს ვეხმარებით ღვთისგან დიდების მიღებაში. ეფესოს კრებას პავლემ მისწერა: „გთხოვთ, გულს ნუ გაიტეხთ ჩემი გასაჭირის გამო, რომელშიც თქვენი გულისთვის აღმოვჩნდი, რადგან ეს თქვენი დიდებაა“ (ეფეს. 3:13). რა გაგებით იყო პავლეს გასაჭირი ეფესოელებისთვის „დიდება“? განსაცდელების მიუხედავად, პავლე მზად იყო, მომსახურებოდა ეფესოელებს და ამით აჩვენა, რომ ქრისტიანული მსახურება ყველაზე მნიშვნელოვანი და დასაფასებელი იყო. პავლეს რომ განსაცდელების გამო შეეწყვიტა მსახურება, ეფესოელ ქრისტიანებს შეიძლება ეფიქრათ, რომ მათი ურთიერთობა იეჰოვასთან, მსახურება და მათი იმედი ნაკლებად ღირებული იყო. პავლეს მოთმინებამ განადიდა ქრისტიანული მსახურება და ცხადყო, რომ ქრისტეს მოწაფედ ყოფნა ნებისმიერ მსხვერპლად ღირს.

16. რა განსაცდელი გადაიტანა პავლემ ლისტრაში?

16 დავფიქრდეთ, როგორ იმოქმედა პავლეს გულმოდგინებამ და მოთმინებამ სხვებზე. საქმეების 14:19, 20-ში ვკითხულობთ: „ანტიოქიიდან და იკონიონიდან კი იუდეველები ჩამოვიდნენ [ლისტრაში]. მათ მიერ გადაბირებულმა ხალხმა პავლე ჩაქოლა და ქალაქგარეთ გაათრია, რადგან მკვდარი ეგონათ, მაგრამ როცა მოწაფეები გარს შემოეხვივნენ, ის წამოდგა და ქალაქში შევიდა. მეორე დღეს ის და ბარნაბა დერბეში წავიდნენ“. წარმოიდგინეთ, რა რთული იქნებოდა პავლესთვის 100 კილომეტრის გავლა ფეხით, როცა წინა დღეს ჩაქოლეს და ლამის მოკლეს!

17, 18. ა) რა გაგებით იტანდა ტიმოთე პავლეს მსგავსად ტანჯვას ლისტრაში? ბ) რა გავლენა მოახდინა პავლეს მოთმინებამ ტიმოთეზე?

17 იყო ტიმოთე იმ მოწაფეებს შორის, ვინც მხარში ამოუდგა პავლეს? შესაძლოა. თუმცა „საქმეების“ წიგნი პირდაპირ არ სცემს ამაზე პასუხს. პავლემ თავის მეორე წერილში ტიმოთეს ასეთი რამ მისწერა:  „შენ კი ზედმიწევნით მბაძავ სწავლებაში, ცხოვრების წესში . . . ჩემნაირად იტან დევნასა და ტანჯვას, რაც ანტიოქიაში, იკონიონსა და ლისტრაში შემემთხვა, ისეთ დევნას, როგორიც მე გადავიტანე, მაგრამ ყველაფრისგან დამიხსნა უფალმა“ (2 ტიმ. 3:10, 11; საქ. 13:50; 14:5, 19). ანტიოქიაში პავლე ქალაქიდან გააძევეს, იკონიონში ჩაქოლვა დაუპირეს, ლისტრაში კი ჩაქოლეს.

18 ტიმოთემ ზედმიწევნით იცოდა ყველა ის განსაცდელი, რაც პავლემ გადაიტანა. მისმა მაგალითმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ტიმოთეზე. როდესაც პავლემ ლისტრა მოინახულა, ტიმოთე უკვე სამაგალითო ქრისტიანი იყო და „ლისტრელი და იკონიონელი ძმები მას დადებითად ახასიათებდნენ“ (საქ. 16:1, 2). გარკვეული დროის შემდეგ ტიმოთე მზად იყო უფრო მეტი პასუხისმგებლობის მისაღებად (ფილ. 2:19, 20; 1 ტიმ. 1:3).

19. რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ჩვენმა მოთმინებამ სხვებზე?

19 როდესაც ღვთის ნებას გულმოდგინებით ვასრულებთ, ეს დადებითად მოქმედებს სხვებზე, განსაკუთრებით ახალგაზრდებზე, რომელთა უმეტესობა ღვთის ძალიან ძვირფასი მსახური გახდება. ახალგაზრდები არა მხოლოდ გვაკვირდებიან, თუ როგორ ვესაუბრებით ხალხს მსახურების დროს, არამედ სწავლობენ ჩვენგან, თუ როგორ გაუმკლავდნენ ცხოვრებისეულ სირთულეებს. პავლემ ყველაფერი მოითმინა, ასე რომ, ყველა, ვინც ერთგულებას შეინარჩუნებს, მიაღწევს ხსნას „მარადიულ დიდებასთან ერთად“ (2 ტიმ. 2:10).

ახალგაზრდები აფასებენ ხანდაზმული ქრისტიანების გულმოდგინე მსახურებას

20. რატომ უნდა განვაგრძოთ ღვთისგან დიდების ძებნა?

20 მოდი, განვაგრძოთ დიდების ძებნა „ერთადერთი ღვთისგან“ (იოან. 5:44; 7:18). იეჰოვა აძლევს მარადიულ სიცოცხლეს მათ, ვინც ეძებს დიდებას ღვთისგან (წაიკითხეთ რომაელების 2:6, 7 ). უფრო მეტიც, ჩვენი მოთმინება ეხმარება სხვებს ერთგულების შენარჩუნებაში, რაც მათთვის მარადიული სიცოცხლის მომტანი იქნება. ასე რომ, არაფერმა შეგიშალოთ ხელი ღვთისგან დიდების მოხვეჭაში.